ხელისუფლების და მისი ოპონენტების მოლოდინი განსხვავებულია
გასული წლის ნოემბერში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში სავარაუდო მრავალმილიარდდოლარიანი არაბული ინვესტიციის შესახებ. გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია აპირებს თბილისში, ბათუმში და გონიოში „მულტიფუნქციური განვითარების პროექტების“ განხორციელებას.
ეკონომიკური მიმართულების ჩინოვნიკები და სხვადასხვა სახელისუფლებო მედია-საშუალებებში თუ „ოცნების“ მომხრეები ხშირად აცხადებენ, რომ ეს იქნება ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ისტორიაში, რომელიც შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.
როგორც „ოცნებაში“ ამბობენ, პროექტი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ განვითარებას მოიტანს, არამედ გლობალურ საინვესტიციო რუკაზე საქართველოს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.
ზეპირი განცხადებები საკმარისზე მეტი გაკეთდა, თუმცა, ხელისუფლების ოპონენტებს თუ ეკონომიკის ექსპერტების დიდ ნაწილს ზეპირი განცხადებები არასაკმარისად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ სავარაუდო საინვესტიციო პროექტის მიმართ საკმაოზე მეტი ბუნდოვანებაა და ჯერაც ბევრი რამე გაურკვეველია. შესაბამისად, მათი თქმით, საეჭვოა მაგ მასშტაბის საინვესტიციო პროექტის განხორციელება. უნდობლობას ზრდის ისიც, რომ საინვესტიციო პროექტი არ გასაჯაროებულა. ამიტომ, დღეის მდგომარეობით რაც ზეპირი განცხადებებით არის ცნობილი, იმის მიხედვით ვცადოთ გარკვევა – რამდენად დამაჯერებელი ჩანს გამოცხადებული პროექტის განხორციელება.
როგორ იწყებოდა არაბულ ინვესტიციაზე ლაპარაკი
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2025-ს იანვარში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის – 6-მილიარდდოლარიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. ორიოდე დღეში ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში გაემგზავრა და როგორც “ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან. ითქვა, რომ მშენებლობა 2026 წელს დაიწყებოდა და, სავარაუდოდ, 5 წელიწადში დასრულდებოდა. მოგვიანებით კი, ითქვა რომ საქართველში პროექტს არა EMAAR-ი, არამედ Eagle Hills-ი შეასრულებს.
როგორც ცნობილია, ჯერ მხოლოდ მემორანდუმია გაფორმებული და კონკრეტული გეგმა არავის გაუსაჯაროვებია, მაგრამ თავიდანვე გავრცელდა ინფორმაცია, სავარაუდოდ რას მოიცავს საინვესტიციო პროექტი. როგორც თქვეს, პროექტი მოიცავს ორ მთავარ მიმართულებას: თბილისში, „კრწანისის პარკის“ მასშტაბურ საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს და აჭარაში, „გონიო მარინას“ პროექტი, რაც ტურისტულ-სასტუმრო ინფრასტრუქტურას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პროექტები შეთანხმდა საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ კომპანიებს (Emaar Group და Eagle Hills) შორის.
თბილისის პროექტი უნდა განხორციელდეს 600 ჰა ფართობზე, დაგეგმილია რომ აშენდება საცხოვრებელი კვარტლები, სავაჭრო ზონები, პრემიუმ სპა ცენტრი და რეკრეაციული სივრცეები. ამ პროექტის მიზანია თანამედროვე ურბანული უბნის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს უპასუხებს.
რაც შეეხება აჭარაში განსახორციელებელ პროექტს, დაგეგმილია სანაპირო ზოლზე „მარინა“ – იახტების პორტი, სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, გასართობი და ტურისტული ინფრასტრუქტურა. საინვესტიციო კომპანიისთვის ტერიტორია 250 ჰექტარს მოიცავს. პროექტი განიხილება როგორც ფლაგმანი, რომელიც აჭარას საერთაშორისო ტურიზმის ახალ ცენტრად აქცევს.
სხვათა შორის, როდესაც ცნობილი გახდა, რომ არაბული ინვესტიციით დასახლებები უნდა აშენდეს, სადაც ათასობით ბინა გაიყიდება, თითქმის მაშინვე გამოჩნდნენ როგორც კონკრეტული პროექტის, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსები. მათი თქმით, „ქართული ოცნება“ აპირებს არაბული ქალაქების მშენებლობას, რასაც „არაბიზაცია“ მოჰყვება და საბოლოოდ ეს ყველაფერი ქვეყანაში დემოგრაფიულ პრობლემებს გამოიწვევს.
ხელისუფლების და ინვესტრის პოზიცია
სანამ გამოცხადებული პროექტის შესახებ ხელისუფლების და ინვესტორის კომენტარებს შევეხებით, ვნახოთ ვინ არის არაბული საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელი მოჰამედ ალაბარი, რომელიც თბილისში, დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის ოფისის გახსნას დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა.
მოჰამედ ალაბარი არის Emaar Properties-ის დამფუძნებელი, ასევე Eagle Hills-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. Emaar Properties-ი დაფუძნდა დუბაიში 1997 წელს. ალაბარის ხელმძღვანელობით განხორციელდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის (Burj Khalifa) და უდიდესი სავაჭრო ცენტრის (Dubai Mall) მშენებლობა.
რაც შეეხება Eagle Hills-ს, კომპანია დაფუძნდა 2014 წელს აბუ-დაბიში. კომპანია არის კერძო დეველოპერული და საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ფოკუსირებულია მასშტაბურ ურბანულ და ტურისტულ პროექტებზე აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. შესაბამისად, Eagle Hills-ი არის საერთაშორისო ინვესტიციებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ახორციელებს პროექტებს განვითარებად ბაზრებზე, მათ შორის საქართველოში.
2025 წლის ოქტომბერში, თბილისში, კინო „რუსთაველის“ შენობაში კომპანია Eagle Hills-ის ოფისის გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოჰამედ ალაბარი დაესწრნენ.
„დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით პროექტს, რომელიც თავისი შინაარსითა და მოცულობით ახალ, ისტორიულ თავს წერს ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიაში. საქართველოში 6 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციით შემოდის კომპანია Eagle Hills-ი, მსოფლიო დონის დეველოპერი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა. უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პროექტის სულისჩამდგმელს, ბატონ მოჰამედ ალაბარს და ჩვენს პარტნიორებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ასეთი მოცულობის კაპიტალდაბანდება არის უდიდესი ნდობის გამოცხადება ჩვენი ქვეყნისადმი და, ამავე დროს, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობის ნათელი დადასტურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ გრანდიოზულ პროექტებს ახორციელებს Eagle Hills-ი, დეველოპერი, რომლის სახელიც საერთაშორისო ასპარეზზე უმაღლეს ხარისხსა და ინოვაციებთან ასოცირდება. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ იზიდავს ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილი სტაბილური, პროგნოზირებადი და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო ბიზნესის საერთაშორისო ლიდერებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოვიდა აგრეთვე Eagle Hills-ის დამფუძნებელი.
„ჩვენ, ინვესტორებს გასათვლელი გვაქვს, ფულს გავაკეთებთ თუ არა, წარმატება გვექნება თუ არა რომელიმე კონკრეტულ საქმეში, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში. მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. დიდი მოცულობის სამუშაო გაკეთდა წელიწადნახევრის განმავლობაში. შეთანხმებაზე ხელმოწერამდე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთს ვაგულიანებთ. ურთიერთობას ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ვუფრთხილდებით. მთელი ჩვენი გუნდი არის თქვენდამი ძალიან ერთგული და მადლიერი იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება გვანდეთ. არა მარტო გვენდეთ, არამედ გაგვიღეთ თქვენი ქვეყნის კარი“, – განაცხადა მოჰამედ ალაბარმა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ალაბარი განსაკუთრებულ აღფრთოვანებას გამოხატავს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს მიმართ და ქება-დიდებას არ იშურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მსოფლიოშიც გამორჩეულია და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც კომპანიამ ქვეყანაში მასშტაბური პროექტების განხორციელება გადაწყვიტა.
„როდესაც საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს ეცნობი, ხვდები, რომ ასეთი ზრდის ტემპი 7, 8-9% იშვიათია მთელ მსოფლიოში. აშკარად რაღაცას ძალიან კარგად აკეთებთ. ეს ადვილად მიღწევადი არ არის. ამას სჭირდება შრომა, სტაბილურობა და გონივრული პოლიტიკა. მე 40-წლიანი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ ასეთი შედეგები ყოველდღიური ბრძოლის შედეგია“, – განაცხადა ალაბარმა.
მისივე თქმით, საქართველო ინვესტორებისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი ქვეყანაა, ხოლო ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი რეგიონში.
ალაბარის თქმით, Eagle Hills-ის 6,5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიციის პარალელურად, პროექტის არაპირდაპირი ეკონომიკური ეფექტი 15 მილიარდ დოლარსაც გადააჭარბებს.
„ჩვენ არ მოვდივართ მხოლოდ ფულით. მოვდივართ გამოცდილებით, ტექნოლოგიებით და სურვილით, შევქმნათ ეკოლოგიურად მდგრადი, თანამედროვე ურბანული სივრცეები. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას ნდობისთვის. არასოდეს გავამტყუნებთ ამ ნდობას“, – განაცხადა Eagle Hills-ის დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მათ ექცევიან არა როგორც ინვესტორებს, არამედ, როგორც ოჯახის წევრებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღემდე არ არის პროექტის ზუსტი შინაარსი გასაჯაროებული. როგორ და რა სახით მიიღებს თანამონაწილეობას ქართული მხარე ამ პროექტში, კვლავ ბუნდოვანია, ამიტომ, ვარაუდებისთვის ზეპირი განცხადებები დაგვრჩენია.
ირაკლი კობახიძემ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც არაბული ინვესტიციის შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით, ეს პროექტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა, რომელიც ქართულ ეკონომიკას განვითარების ახალ სტიმულს მისცემს. მისი თქმით, პროექტი მოიცავს დაახლოებით 16000 საცხოვრებელი ბინის, 1400-ზე მეტი სასტუმრო ნომრისა და აპარტამენტების, ასევე საოფისე, სავაჭრო, გასართობი, სპორტული და სხვა კომერციული სივრცეების მშენებლობას.
„მშენებლობის ეტაპზე 24000-ზე მეტ, ხოლო დასრულების შემდეგ 8000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანიის პოლიტიკის თანახმად, პროექტის უშუალო განხორციელებას უზრუნველყოფენ ქართული სამშენებლო კომპანიები, რაც ქვეყანაში ბიზნეს სექტორის განვითარებასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პროექტის პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე იქნება დაახლოებით 11 მილიარდი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, გადასახადების სახით, შევა საშუალოდ 500 მილიონი ლარი.
„ხელშეკრულების თანახმად, სახელმწიფოს პროექტის მოგებიდან დარჩება 33%, რაც საქართველოს ბიუჯეტს 10 წლის განმავლობაში დამატებით სულ მცირე 2 მილიარდ ლარს მოუტანს – წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი ლარი“, – აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრები და აჭარის რეგიონი ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდება.
ოპონენტების მიერ გავრცელებულ „არაბიზაციის“ ბრალდებებს კობახიძემ ასე უპასუხა:
„საქართველოში აშენდება არა ორი არაბული ქალაქი, არამედ შეიქმნება ორი ულამაზესი ქართული, ევროპული ტიპის განაშენების სივრცე თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ. სულ გათვალისწინებულია 16000 საცხოვრებელი სახლისა და ბინის მშენებლობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აქედან 60%-იც რომ იყიდონ, ეს ნიშნავს, რომ მათზე სულ 9600 ბინა გაიყიდება, მაშინ როცა გასული ოთხი წლის განმავლობაში უცხოელებმა საქართველოში 60000-ზე მეტი ბინა შეიძინეს. ამას საქართველოსთვის არავითარი დემოგრაფიული პრობლემა არ შეუქმნია და არც შექმნის“.
მისივე თქმით, უცხოელ მყიდველებს არ მიენიჭებათ არავითარი შეღავათები ბინადრობის ნებართვის მიღების თვალსაზრისით. ხელისუფლება მიწას არ გაასხვისებს და კრწანისისა და გონიოს 850 ჰექტარი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება.
6,6 მილიარდი დოლარის საჭიროება კობახიძემ ასე განმარტა: პროექტი მოიცავს 2,4 მილიონი კვადრატული მეტრის მშენებლობას. საცხოვრებელი ბინები უმაღლესი სტანდარტის რემონტით გაიყიდება, ხოლო მეორე ნახევარი კომერციულ სივრცეებს დაეთმობა. დაგეგმილია გონიოს „იახტ მარინას“ და ასევე კომერციული და რეკრეაციული სივრცეების მშენებლობა და განვითარება. მოხდება კრწანისის ტყეპარკის რეაბილიტაცია, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია.
კობახიძემ ხელშეკრულების გასაიდუმლოებაზეც ილაპარაკა:
„ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკას. ნებისმიერი კომერციული კომპანიის ინტერესებშია, რომ ხელშეკრულების დეტალები გარკვეული დროით საიდუმლოდ დარჩეს, რათა მომავალში ჰქონდეს მეტი თავისუფლება სხვა პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისას. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა“, – თქვა პრემიერმა და დაამატა, რომ მთავრობა მზად არის უპასუხოს ყველა პრინციპულ შეკითხვას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება განაშენიანების გენერალურ გეგმას, ის დამტკიცდება ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ გამჭვირვალედ, კანონით გათვალისწინებული ყველა სტანდარტული პროცედურის დაცვით“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა კახი კალაძემაც.
„ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ ოდენობის – 6.5-მილიარდდოლარიანი პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში არასდროს შემოსულა. ეს ყველაფერი არამხოლოდ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას წაადგება, ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებს უფრო გააძლიერებს. აღნიშნულ პროექტში საქართველოს მთავრობის წილი 33%-ია. მიღებული შემოსავლები პირდაპირ ბიუჯეტში წავა – მოხმარდება ჯანდაცვის პროგრამებს, სოციალურ საკითხებს, მათ შორის პენსიების გაზრდას და ა.შ.“, – თქვა კალაძემ.
როდის დაიწყება მშენებლობა – ეს ერთ-ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, რომელზე პასუხიც „ქართული ოცნების“ ოპონენტებს თუ ეკონომიკური ექსპერტების ნაწილს აინტერესებს. უკვე თბილისის ოფისის გახსნის შემდეგაც კი, არაბული მხარე არ ასახელებს მშენებლობის არათუ დასრულების, არამედ დაწყების თარიღსაც კი. რადიო “თავისუფლების“ მიერ დასმული შეკითხვები, Eagle Hills-ის თბილისის ოფისმა აბუ-დაბის ცენტრალურ ოფისში გადააგზავნა. დაბრუნებული პასუხები „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა, თუმცა, ინვესტორი კომპანიის მხრიდან ზოგადი განცხადებაა გაკეთებული, რომელიც უფრო სტრატეგიულ ხედვასა და გარემოსდაცვით პრინციპებზეა ორიენტირებული, ვიდრე კონკრეტულ სამუშაო გრაფიკზე.
Eagle Hills-ი საქართველოში აცხადებს, რომ თბილისი Waterfront და Gonio Yachts & Marina პროექტებით მხარს უჭერს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. კომპანია ხაზს უსვამს ადგილობრივი რეგულაციების დაცვას, ენერგოეფექტურ და გარემოსდაცვით სტანდარტებს, ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.
რაც შეეხება ვადებს, წერილობით პასუხში აღნიშნულია: „ორივე პროექტის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია თანდათან გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ არხებსა და სოციალურ მედიაში უახლოეს მომავალში“.
სკეპტიციზმი პროექტის მიმართ
მშენებლობის დაწყება-დასრულების კონკრეტული ვადების გარდა, პროექტის მიმართ სხვა პასუხგაუცემელი კითხვებიც არის დაგროვებული. „ოცნების“ თუ Eაagle Hills-ის მიმართ უნდობლობას გამოხატავენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.
„არადამაჯერებელია, რომ იმ გარემოში, საიდანაც ინვესტორები გარბიან, ვინმე აპირებდეს 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას“, – პოტენციურ სარგებელს ეჭვის თვალით უყურებს ადვოკატი, ყოფილი პარლამენტარი ირაკლი აბესაძე.
„უზურპირებული მთავრობის, პოლიტიზებული სასამართლოს და ზოგადად უსამართლო გარემოში“, მისი აზრით, ქვეყანა ვერ იქნება საინვესტიციოდ მიმზიდველი.
„მთავრობის მიერ მოწოდებულ ცნობებს თუ დავეყრდნობით, გამოვა, რომ საქართველო 33%-იანი მონაწილეობის სანაცვლოდ, ვალდებულია, პროექტში უსასყიდლოდ 9 მილიონამდე კვადრატული მეტრი – რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების მიწა ჩართოს“, – ამბობს ექსპერტი და ამატებს: „არავის უმსჯელია, არ გვინახავს სპეციალისტების დოკუმენტაცია, ამ ტერიტორიების განვითარება რამდენად მიზანშეწონილი და რამდენად სწორია იმ ტიპის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რაზეც მთავრობა საუბრობს“.
აბესაძე გამჭვირვალობის ნაკლებობის, კონტრაქტების დარღვევებისა და შეწყვეტის ცუდ გამოცდილებს იხსენებს და თურქული კომპანია ENKA-ს მაგალითი მოჰყავს. საინვესტიციო პირობების დარღვევის ბრალდებით, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა (ICC) საქართველოს 383 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა, თუმცა, დარიცხული პროცენტებისა და საურავების გათვალისწინებით, 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, ეს ციფრი უკვე 450 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.
„ბევრი, ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა, როგორც სამშენებლო კუთხით, ისე ფინანსურ ნაწილში ვადებთან მიმართებით, და რაც მთავარია – თუ, აი, ამ ყველა ფაზლის ნაწილებს ჩავსვამთ იმ საერთო სურათში, რასაც ფაქტიურად განულებული საინვესტიციო გარემო ჰქვია საქართველოში, მივხვდებით, რომ ეს პროექტი ბლეფი აღმოჩნდება და მიახლოებულიც კი არ იქნება საბოლოო ინვესტიციების მოცულობა ექვს მილიარდთან კი არა, შეიძლება ერთ მილიარდთანაც კი“, – თქვა აბესაძემ.
„რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა იმ პროექტების ჩამონათვალი, რომელიც Eagle Hills-მა სხვადასხვა ქვეყნებში განახორციელა და გაუგებრობები მოჰყვა.
სერბეთი – „ბელგრადის სანაპირო“: პროექტს თავიდანვე თან ახლდა გამჭვირვალობის პრობლემები: ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი გამოქვეყნდა, დანართები და ფინანსური ვალდებულებები დღემდე უცნობია. Eაagle Hills-ს ეკუთვნის 68%, სახელმწიფოს – 32%. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მიწას და ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, მთავარი სარგებელი კერძო კომპანიას რჩება.
შემოსავლები იზრდებოდა (2021წ. – 140 მლნ €, 2022წ. – 270 მლნ €), მაგრამ დივიდენდებში სახელმწიფოს წილი მინიმალური იყო. კრიტიკოსები ამას საჯარო აქტივების პრივატიზაციად მიიჩნევენ.
2016 წელს ნიღბიანებმა მძიმე ტექნიკით დაანგრიეს რამდენიმე შენობა სამშენებლო ტერიტორიაზე, რასაც პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა.
ურბანისტები მიუთითებენ, რომ პროექტი ანადგურებს ქალაქის ავთენტურ იდენტობას, ხოლო ხელისუფლება მას პოლიტიკურ ბრენდად იყენებს.
ალბანეთი – დურუსის პორტი: პროექტმა მწვავე დებატები გამოიწვია. გამოცემა Politico-ს მიხედვით, კომპანია საეჭვოდ ითვლება სერბ ბიზნესმენებთან კავშირების გამო. ხორვატიაში, ზაგრებში, იგივე კომპანიას სურდა „ადგილობრივი მანჰეტენის“ აშენება, სადაც მერი მზად იყო ძვირადღირებული მიწის გადაცემაზე.
ინდოეთი: 1997 წლიდან კომპანიას ჰქონდა საეჭვო გარიგებები. 2010 წელს სპორტსმენთა სოფლის პროექტი ვერ დასრულდა, ხოლო 2011 წელს სასამართლომ საქმე აღძრა Emaar MGF-ის წინააღმდეგ ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით. მოსახლეობამ ბინების საფასური გადაიხადა, მაგრამ საკუთრებაში შესვლა ვერ მოახერხა, რადგან მიწის უფლებები მესამე პირებს ეკუთვნოდათ.
საქართველოში როგორ განვითარდება პროექტის მშენებლობა, ჯერ არ ვიცით. როგორც Eagle Hills-ის წერილობით პასუხშია ნათქვამი, მშენებლობის დაწყების და სავარაუდო დასრულების თარიღის შესახებ, ინფორმაცია ახლო მომავალში გახდება ცნობილი. საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაც ჩამოყალიბებულია. როცა „ოცნების“ წარმომადგენლები დასავლეთის ქვეყნებს თითქმის ერთ ხმაში აკრიტიკებენ, იმავდროულად ჩინეთის და არაბული ქვეყნების მიმართულებით ცდილობენ ურთიერთობის განვითარებას. შედეგად კი, ქვეყანა სულ უფრო შორდება დასავლურ ვექტორს და მის ადგილს არაბულ- ჩინურ-რუსული მიმართულება იკავებს.
თემურ იობაშვილი

