იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა საწვავის ექსპორტიორად იქცა და ევროკავშირის მკაცრ დაკვირვებაშია
უკვე მეხუთე წელია, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება. ცივილიზებული ქვეყნები ცდილობენ აგრესორ პუტინს მაქსიმალურად შეუზღუდონ ომის საწარმოებელი რესურსები და ხელი შეუშალონ გაზისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვაში. სწორედ ამიტომ დაუწესეს სანქციები რუსეთის ენერგეტიკის სექტორს. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ბოლო ოთხ წელიწადში ნავთობპროდუქტებისა და გაზის ექსპორტიდან დაახლოებით 520 მლრდ დოლარი მიიღო, ანუ საშუალოდ 130 მლრდ დოლარი წელიწადში. აქედან დასკვნა, მოსკოვი მაინც ახერხებს სანქციების გვერდის ავლით რესურსების რეალიზაციას. ევროკავშირში და აშშ-ში არსებობს ეჭვი, რომ საქართველო შესაძლოა ჩართული იყოს რუსეთისთვის სანქციების არიდების სქემებში.
რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების დასაწყისი და შემოვლითი გზების ძიება
რუსეთის ნავთობის სექტორზე საერთაშორისო სანქციები ეტაპობრივად ამოქმედდა, რამაც მოსკოვი აიძუ¬ლა ალტერნატიული მარშრუტების და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის” შექმნა. 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო იმპორტი. იმავე დღეს G7-ის ქვეყნებმა დააწესეს ფასის ზედა ზღვარი – 60 აშშ დოლარი ბარელზე, რაც კრძალავდა დასავლური სადაზღვევო და სატრანსპორტო მომსახურების გამოყენებას უფრო ძვირად გაყიდული ნავთობისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, საზღვაო გზით ნედლი ნავთობის იმპორტი აიკრძალა.
2023 წლის თებერვალში ძალაში შევიდა ემბარგო რუსულ ნავთობპროდუქტებზე (დიზელი, ბენზინი) და მათზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება. ასევე აიკრძალა გადამუშავებული ნავთობპროდუქტების საზღვაო იმპორტი.
2025-2026 წლებში აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კიდევ უფრო გაამკაცრეს კონტროლი, დაასანქცირეს კონკრეტული ტანკერები და კომპანიები. აშშ ის ხაზინამ (OFAC) Rosneft-ი და Lukoil-ი ე.წ. „შავ სიაში” შეიყვანა, რაც მათ სრულ ბლოკირებას ნიშნავს აშშ-ის ფინანსური სისტემიდან. ამ სანქციებს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც და ნაწილობრივ ევროკავშირიც, გარკვეული გამონაკლისების დაშვებით, თუმცა მაინც უდიდესი დარტყმის მომტანი რუსეთის შემოსავლებისთვის. ევროკავშირმა Rosneft-ს და Gazprom Neft-ს დაუწესა ე.წ. „ფინანსური ბლოკადა”, რაც ევროკავშირის ოპერატორებს უკრძალავს ნებისმიერი სახის ბიზნეს-გარიგებას ამ კომპანიებთან. ასევე დასანქცირდა Lukoil-ის ძირითადი სავაჭრო დანაყოფები, მაგალითად Litasco Middle East DMCC (არაბთა გაერთიანებულ საამიროებში), რომელიც რუსული ნავთობის „ჩრდილოვანი ფლოტით” გადაზიდვაში მონაწილეობდა.
აშშ-დან დაწყებული სანქციების გამო Lukoil-ი იძულებული გახდა გაეყიდა თავისი საერთაშორისო აქტივები (დაახლოებით 22 მილიარდის ღირებულების), მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ბენზინგასამართი სადგურები ევროპიდან ერაყამდე. გაყიდვიდან მიღებული თანხები გაიყინა აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ არსებულ ანგარიშებზე. ორივე კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა (Lukoil-ი -9,4%, Rosneft-ი -7%). Rosneft-ი და Lukoil-ი ერთად რუსეთის ნავთობის მოპოვების დაახლოებით 50% ს წარმოადგენენ. სანქციების შედეგად, რუსეთი იძულებულია ნავთობი Brent-ის ფასთან შედარებით 20-25%-ით დაბალ ფასად გაყიდოს. პროგნოზით, რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლები შეიძლება 25-30%-ით შემცირდეს, რაც პირდაპირ აზარალებს პუტინის სამხედრო ბიუჯეტს.
ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ უნგრეთი და სლოვაკეთი აგრძელებენ რუსული ნავთობის მიღებას მილსადენით, თუმცა უკრაინაში “დრუჟბას” დაზიანების გამო მიწოდება შეფერხებულია. არსებული გეგმის მიხედვით, ევროკავშირის მიზანია 2027 წლის ბოლომდე სრულად ჩაანაცვლოს რუსული ენერგორესურსები, მათ შორის მილსადენით მიმავალი ნავთობიც.
“ჩრდილოვანი ფლოტი” სანქციებისგან თავის დასაღწევად
რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი” (Shadow Fleet) არის ძველი, გაუმართავი და ხშირად დაუზღვეველი ტანკერების ქსელი, რომელიც შეიქმნა დასავლური სანქციების, განსაკუთრებით კი G7-ის მიერ დაწესებული 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის გვერდის ავლის მიზნით. ფლოტის ფორმირება აქტიურად დაიწყო 2022 წლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და აშშ-მა ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ფასის ლიმიტი დააწესეს. რუსეთთან დაკავშირებულმა კომპანიებმა და შუამავლებმა (ძირითადად არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა) დაიწყეს 15 წელზე უფროსი ასაკის ტანკერების მასობრივი შესყიდვა. ამ გემებს ხშირად უცვლიდნენ სახელს და არეგისტრირებდნენ ისეთი ქვეყნების დროშების ქვეშ, როგორებიცაა გაბონი, პანამა ან კუკის კუნძულები. 2025 წლის დასაწყისისთვის ფლოტის ზომა 600-დან 1000 გემამდე გაიზარდა. რუსეთი ამ გზით ახორციელებდა როგორც ნედლი ნავთობის, ისე გადამუშავებული ნავთობპროდუქტების ექსპორტს.
სანქციების შემდეგ რუსული ნავთობის მთავარი მიმართულებები გახდა ინდოეთი და ჩინეთი. ძირითადად გაჰქონდათ Urals-ის მარკის ნედლი ნავთობი, ასევე მაზუთი და დიზელი. ხშირად გამოიყენებოდა „გემიდან გემზე” გადატვირთვის მეთოდი ღია ზღვაში, რათა დაიმალოს ნავთობის წარმოშობის ქვეყანა.
„ჩრდილოვანი ფლოტის” გემების სისტემური „შავ სიაში” შეყვანა 2024 წლის ბოლოდან და განსაკუთრებით 2025 წლის დასაწყისიდან გამკაცრდა. აშშ-მა 2025 წლის იანვრიდან ასობით ტანკერი პირდაპირ დაასანქცირა, რაც მათ საერთაშორისო პორტებში შესვლას და მომსახურების მიღებას უკრძალავდა. 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის დასაწყისში აშშ-ის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბა. აშშ აღარ შემოიფარგლა მხოლოდ ფინანსური სანქციებით და გადავიდა ფიზიკური ბლოკირების ტაქტიკაზე. მოკავშირეებთან კოორდინაციით დაიწყო „ჩრდილოვანი ფლოტის” გემების იზოლაცია. აშშ-ის ზეწოლით, რეგიონის ქვეყნებმა უარი თქვეს სანქცირებულ ტანკერებზე ტექნიკურ მომსახურებასა და საწვავის მიწოდებაზე, რამაც ათეულობით რუსული გემი ღია ზღვაში „გაჭედა”. ინდოეთმა, რომელიც რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო, 2026 წლის დასაწყისში უარი თქვა სანქცირებული ტანკერების მიღებაზე, რათა თავად არ მოხვედრილიყო აშშ-ის მეორადი სანქციების ქვეშ.
ეჭვი საქართველოს მიმართ რუსეთისთვის სანქციების არიდებაში
რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს საწვავის მთავარ მომწოდებლად: 2025 წელს შემოტანილი 1,8 მლნ ტონა ნავთობპროდუქტიდან დიზელის 70% და ბენზინის დაახლოებით 30% რუსეთიდან იყო, ხოლო 133 600 ტონა ნედლი ნავთობის 97% – ასევე რუსული. 21 ოქტომბერს „როიტერსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რუსნეფტმა” ნოვოროსიისკიდან 105 000 ტონა ნავთობი ტანკერ „კაისერით” ყულევის ქარხანას მიაწოდა. საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ იმ დროს სანქციები არც გემზე, არც კომპანიებზე ვრცელდებოდა, თუმცა მალევე გემი დასანქცირდა.
საქართველოს მიმართ ეჭვები სანქციების გვერდის ავლაში ჯერ კიდევ 2022 წლიდან გაჩნდა, როცა სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი „Suvorov Avenue” ცდილობდა ბათუმის შესვლას. მაშინ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემს პორტში შესვლის უფლება არ მისცეს, თუმცა, ეს შემთხვევა საერთაშორისო მედიაში საქართველოს, როგორც შესაძლო „შავი ხვრელის” განხილვის საფუძველი გახდა. შემდგომ წლებში ბრალდებებმა სისტემური სახე მიიღო – მინიშნება იყო რეექსპორტზე, მესამე ქვეყნების დროშებით მოძრავ გემებზე და რუსული ნავთობის „გასათეთრებელ” სქემებზე.
2025 წლის ოქტომბერში აშშ-მა Lukoil-ი და Rosneft-ი სრულად დაასანქცირა, რის შემდეგაც ყურადღება გამახვილდა საქართველოში მოქმედ კომპანიებზე. Transparency International-მა და სხვა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საქართველო აგრძელებს რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას, ასევე გამოითქვა ეჭვი, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა Black Sea Petroleum-ი (BSP) შესაძლოა რუსულ ნედლეულს ქართულ პროდუქტად გარდაქმნიდეს და ისე გაჰქონდეს გასაყიდად. რუსულმა გამოცემა „პროექტმა” ქარხნის მფლობელ მაკა ასათიანის ოჯახსა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობის – ГРУ-ს უფროსის პირველი მოადგილე ვლადიმერ ალექსეევის ოჯახს შორის კავშირებზე მიუთითა. სერგეი ალექსეევი (შვილი) ფლობს წილებს რამდენიმე კომპანიაში, რომლებიც დაკავშირებულია ყულევის ქარხნის მმართველებთან. BSP-ის გენერალური დირექტორი დავით ფოცხვერია წლების განმავლობაში იყო სერგეი ალექსეევის ბიზნესპარტნიორი. გამოძიების თანახმად, მაკა ასათიანის ვაჟი კახა ჟორდანია და სერგეი ალექსეევი ერთობლივად ფლობენ წილებს ლოგისტიკურ კომპანიებში, რომლებიც ნავთობის გადაზიდვებს ემსახურება.
სხვადასხვა მკვლევარების მტკიცებით, პორტს იყენებდნენ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერები. ევროკავშირმა ყულევის ტერმინალის სანქცირება მე-20 პაკეტში შეიტანა, თუმცა, გადაწყვეტილება უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. არსებობს მოსაზრება, რომ რადგან ყულევის ნავთობტერმინალის ერთ-ერთი მესაკუთრე SOCAR-ია, აზერბაიჯანი კი ევროკავშირის სტრატეგიული ენერგოპარტნიორი, შესაძლოა პორტი ასევე ამის გამოც არ დაასანქცირეს. საქართველოს ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ საერთაშორისო მონიტორინგმა სანქციების დარღვევა არ დაადასტურა.
2026 წლის მარტის მდგომარეობით, ყულევის ტერმინალი და ქარხანა სანქციებს ოფიციალურად გადაურჩა, თუმცა, ევროკავშირისა და აშშ-ის მკაცრი მონიტორინგის ქვეშ რჩება.
პარადოქსი – საქართველო ნავთობის იმპორტიორად გადაიქცა
საქსტატის ბოლო მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი დაუჯერებლად გაიზარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლებში სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ქვეყანაში, სადაც ნავთობის მოპოვება მინიმალურია, ექსპორტის ასეთი მკვეთრი ზრდა ხშირად განიხილება როგორც რუსული ნავთობისთვის „წარმოშობის ქვეყნის” შეცვლის მცდელობა.
2025 წელს საქართველომ 148,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა ექსპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს. ამ ექსპორტის დაახლოებით 54% (დაახლოებით 80 მლნ დოლარი) გაფორმდა როგორც „ადგილობრივი ექსპორტი” და არა რეექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტმა ქვეყანაში „არსებითი გადამუშავება” გაიარა. მხოლოდ 2026 წლის იანვარში ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 58,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება 2025 წლის იანვრის მაჩვენებელს (11,7 მლნ დოლარი).
2022 წლამდე საქართველოდან ნავთობპროდუქტები მცირე მოცულობით გადიოდა, ძირითადად რეექსპორტის სახით. 2022 წლიდან კი მაჩვენებლები მკვეთრად და „არაბუნებრივად” გაიზარდა, განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის ხარჯზე.
წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მხოლოდ იანვარში ნავთობპროდუქტების მთლიანმა ექსპორტმა 58,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2025 წლის იანვართან შედარებით 401%-იანი ზრდა), საიდანაც 56,2 მლნ დოლარი (95,6%) “ადგილობრივად” გაფორმდა. სწორედ ეს იწვევს ეჭვს, რომ საქართველოში ნავთობის ადგილობრივი მოპოვება წლიურად მხოლოდ 150-200 ათას ტონას შეადგენს, რაც ვერ ხსნის ექსპორტის ასეთ მასშტაბურ ზრდას გარედან მიღებული რუსული ნედლეულის გარეშე.
2025-2026 წლებში ზრდა მოდის ე.წ. „ადგილობრივ ექსპორტზე”. აქვე, 2025 წლის იანვარში თუ 1,69 მლნ აშშ დოლარი იყო „ადგილობრივი ექსპორტი”, 2026 წლის იანვარში 56,2 მლნ დოლარამდე ავარდა. ზრდა 3 224%-ია! ასეთი ზრდა წესით, ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავებას უკავშირდება. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში გადამუშავებული ნავთობის მოცულობა ბევრად აღემატება ქვეყნის რეალურ ტექნიკურ შესაძლებლობებს, რაც აძლიერებს ეჭვს რუსული სანქცირებული ნავთობის „გაქართულებაზე”.
საერთაშორისო საგამოძიებო პროექტები (IFact) და ორგანიზაციები მიუთითებენ რამდენიმე ფაქტორზე, რაც სანქციების გვერდის ავლის ეჭვს აძლიერებს. არსებობს ვარაუდი, რომ ყულევის ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა (BSP) გამოიყენება რუსული ნედლეულის მინიმალური დამუშავებისთვის, რათა მასზე გაიცეს ქართული წარმოშობის სერტიფიკატი და პროდუქტი ევროპულ ბაზარზე (მაგალითად, ნიდერლანდებში, საბერძნეთში) გავიდეს. გამოძიების თანახმად, არსებობს დიდი სხვაობა საქართველოს მიერ დეკლარირებულ ექსპორტსა და მიმღები ქვეყნების მიერ აღრიცხულ იმპორტს შორის, რაც „ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერების გამოყენებაზე მიუთითებს. ქარხნის მფლობელებისა და მმართველების კავშირები რუსეთის სპეცსამსახურებთან აძლიერებს ვარაუდს, რომ პროექტი მოსკოვის ენერგოიზოლაციის დასაძლევად შეიქმნა.
სწორედ ეს მდგომარეობა, როცა ქვეყანა, რომელსაც ნავთობი თითქმის არ აქვს, მის ექსპორტს იწყებს, გახდა საფუძველი იმისა, რომ ევროკომისიამ ყულევის ტერმინალის საქმიანობის დეტალური აუდიტი მოითხოვა.
რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში”?
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების არიდებაში დახმარებას „ქართულ ოცნებაში” ბოლო დრომდე უარყოფენ. ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ საქართველო არ აწესებს საკუთარ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილოს ეკონომიკური ზიანი და უსაფრთხოების რისკები, თუმცა საერთაშორისო შეზღუდვების მონიტორინგი მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2025 წელს საქართველოს საბაჟოზე სანქციების გვერდის ავლის 2 658 შესაძლო შემთხვევა აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ქვეყანა სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა 2025 წლის ოქტომბერში წერილობით მადლობაც გადაუხადა საქართველოს მთავრობას უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, თუმცა დამატებითი ზომებისკენაც მოუწოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მე-20 პაკეტში საქართველო, უფრო კონკრეტულად კი ყულევის პორტი, არ მოხვდება.
„ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი”, – განაცხადა კობახიძემ 23 თებერვალს. მისი თქმით, ნავთობპროდუქტები შემოდის და გადამუშავების შემდეგ გადის ექსპორტზე.
როდესაც 2024 წლის ბოლოს ყულევში რუსული ნავთობის პირველი პარტია შევიდა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ პროცესი კანონიერია, რადგან კონკრეტული ტვირთი და კომპანია („რუსნეფტი”) საერთაშორისო სანქციების სიაში არ იმყოფებოდა. ამით ირიბად აღიარეს რუსული ნავთობის მიღება, თუმცა ხაზი გაუსვეს მის „ლეგალურობას”.
„ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ქარხანა მომავალში ყაზახურ და თურქმენულ ნავთობსაც დაამუშავებს, რითაც ცდილობენ გააქარწყლონ ბრალდება, რომ პროექტი ექსკლუზიურად რუსულ ენერგორესურსებზეა გათვლილი. ხელისუფლება აღიარებს რუსული ნედლეულის შემოსვლის ფაქტს, მაგრამ უარყოფს, რომ ეს სანქციების გვერდის ავლის სქემაა და ამტკიცებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს-პროცესი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგოუსაფრთხოებას ემსახურება.
ოპონენტების კომენტარები
სანქციების შესაძლო არიდებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე. მისი თქმით, ყულევში მშენებარე ქარხანა ჯერაც არ ამოქმედებულა, თუმცა იანვარში 56 მლნ დოლარის ღირებულების მზა ნავთობპროდუქტი გაიტანეს.
„შარშან საქართველომ ექსპორტით (და არა რეექსპორტით) გაიტანა 79,5 მილიონი დოლარის ღირებულების 151,7 ათასი ტონა მზა საწვავი. ოპერაცია განხორციელდა ძირითადად ნოემბერ-დეკემბრის თვეში. ეს ემთხვევა ოქტომბერში ყულევის მშენებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 105 000 ტონა რუსული ნედლი ნავთობის (ასეა კლასიფიცირებული საბაჟოს მიხედვით) შემოტანას.
პრობლემა იმაშია, რომ ეს ქარხანა ჯერაც არაა შესული ექსპლუატაციაში. მაშინ რა შეიძლება მომხდარიყო:
– საბუთებში მითითებული ნედლი ნავთობის ნაცვლად შემოიტანეს რუსული წარმოების დიზელის საწვავი ან ბენზინი და ექსპორტზე გაიტანეს როგორც ქართული პროდუქტი. ეს საბაჟო საბუთების გაყალბება და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამავე დროს, ეს სანქციების გვერდის ავლაცაა, ვინაიდან რუსული ნავთობპროდუქტი ევროკავშირის ქვეყანაში (მალტა) გაიყიდა.
– შესაძლოა შემოტანილი იყო დიზელის საწვავის ნახევარფაბრიკატი (თუმცა საბაჟოზე ნედლი ნავთობია დაფიქსირებული), მოხდა მასში მცირე მოცულობით სხვა ნივთიერებების შერევა, ანუ ხარისხის „გასწორება“ დანამატებით. ეს არ არის ნავთობის გადამუშავება, ეს ლოგისტიკური კოსმეტიკაა. მისი გატანა თუნდაც ამ მანიპულაციით არის სანქციების დარღვევა“, – მიაჩნია გოცირიძეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ქმედებით ქვეყანას არაფერი მოუგია, რადგან შემოსული საწვავი გადაიტვირთა გემზე და გაიტანეს; ამ ყველაფრიდან, მხოლოდ ქვეყანა დადგა სერიოზული რისკის ქვეშ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციების თავის არიდების „შავ ხვრელად”.
„კობახიძე ცდილობს, გადაირჩინოს საკუთარი თავი. სამწუხარო იქნება თუ ყულევის ნავთობტერმინალი მოხვდება სანქცირებულთა სიაში. თუ ეს მოხდება, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, კალაძეს და თითოეული იმ ადამიანს, მათ შორის იმ ტელევიზიებს, რომლებიც იძახდნენ, რომ ეს იყო ტყუილი, თითქოს არ მიდიოდა სანქცირებული ნავთობის გადაყიდვა ყულევის ნავთობტერმინალის მეშვეობით.
საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, სახელისუფლებო სტატისტიკის მიხედვით, იქცა ნავთობის ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორად. ნავთობს არ ვაწარმოებთ და ნავთობის ექსპორტიორად ვიქეცით, როგორ? როგორ და ძალიან მარტივად. რუსეთიდან შემოდის სანქცირებული ტვირთი და აქ რომ ფული გათეთრდეს, დაზიანდეს საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამის პარალელურად, „ქართული ოცნება” ამ საქმეს აკეთებს და აზიანებს საქართველოს, რის გამოც შეიძლება, ყულევის ნავთობტერმინალი დასანქცირდეს”, – თქვა კუპრაძემ.
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ რუსული ნავთობის შემოტანა და მისი ექსპორტი „ლეგალური ბიზნეს-პროცესია”, თუმცა ფაქტები და სტატისტიკა საპირისპიროს მიუთითებს. ქვეყანაში, სადაც ნავთობის მოპოვება მინიმალურია, ექსპორტის „ადგილობრივი” მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა აშკარად ეჭვებს ბადებს სანქცირებული რუსული ნავთობის „გაქართულებაზე”. ხელისუფლების განცხადებები და განმარტებები ხშირად წინააღმდეგობრივია და რეალურ პასუხებს არ იძლევა. ამით საქართველო არა მხოლოდ საერთაშორისო რეპუტაციის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, არამედ შესაძლოა პირდაპირი სანქციების სამიზნედაც იქცეს. ხელისუფლების მცდელობა, პრობლემის მასშტაბი შეამციროს და პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს, უფრო მეტად აძლიერებს კრიტიკას, რომ „ქართული ოცნება” რუსული ინტერესების მომსახურებას ეკონომიკური სარგებლის ფასად ახორციელებს.
თემურ იობაშვილი

