საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
ფინანსთა მინისტრის ახალი საჯარო გადაწყვეტილებები
14.05.2026-ში ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებულ იქნა ორი ახალი საჯარო გადაწყვეტილება.
ესენია: #142 „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების შესახებ~ და #143 „ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე”.
მიმოვიხილოთ თითოეული:
– საჯარო გადაწყვეტილება #142 მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ან მხარდაჭერილი ცალკეული ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრის საკითხების დაზუსტებას. ეს გადაწყვეტილება ეყრდნობა საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლს და განმარტავს როგორც საჯარო სუბიექტების სტატუსს, ისე სუბსიდიების დაბეგვრის მექანიზმებს.
როდის არ განიხილება სახელმწიფო ორგანოს საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობად?
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად მიიჩნევა საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მისაღებად. თუმცა, კანონმდებლობა ადგენს გამონაკლისს: სახელმწიფო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) საქმიანობა არ მიიჩნევა ეკონომიკურ საქმიანობად, თუ ისინი მოქმედებენ, როგორც სახელმწიფო ორგანოები.
ეს ნიშნავს, რომ თუ საჯარო სუბიექტი ახორციელებს მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, რომელიც რეგულირდება სპეციალური საჯარო სამართლით, იგი არ განიხილება დასაბეგრ პირად. ეს წესი ძალაში რჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ საქმიანობისთვის დადგენილია გარკვეული საფასური, მოსაკრებელი ან სხვა გადასახდელი.
კონკურენციის დაცვა და დასაბეგრი ოპერაციები
იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კონკურენციის შეზღუდვა, კანონი განსაზღვრავს საქმიანობათა ჩამონათვალს, რომელთა განხორციელებისას საჯარო სუბიექტი მაინც დაიბეგრება დღგ-ით, როგორც ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი. ასეთ საქმიანობებს მიეკუთვნება:
- – ტელესაკომუნიკაციო მომსახურება;
- – ენერგორესურსებისა და წყლის მიწოდება;
- – საქონლისა და მგზავრთა ტრანსპორტირება;
- – სარეკლამო, ტურისტული და საზოგადოებრივი კვების საქმიანობა;
- – რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდება და სხვა.
- საქართველოს მთავრობას აქვს უფლებამოსილება, კონკურენციის დაცვის მიზნით, ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გააფართოოს.
სუბსიდიების დაბეგვრის წესი
სუბსიდიების დღგ-ით დაბეგვრის საკითხში გადამწყვეტია იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა სუბსიდია ანაზღაურებას კონკრეტული საქონლის ან მომსახურებისთვის. - სუბსიდია შეიტანება დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი პირდაპირ არის დაკავშირებული საქონლის/მომსახურების ფასთან. ასეთი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც:
სუბსიდიის მიზანია საბოლოო მომხმარებლისთვის ფასის შემცირება;
სუბსიდიის ოდენობა დამოკიდებულია მიწოდების მოცულობაზე;
სუბსიდიის გარეშე ფასი უფრო მაღალი იქნებოდა.
მაგალითად, თუ სახელმწიფო 1200-ლარიან საქონელს (დღგ-ის გარეშე) 200 ლარით ასუბსიდირებს, მიმწოდებლისთვის დასაბეგრი თანხა მაინც სრული 1200 ლარი იქნება, რადგან სუბსიდია ანაზღაურების ნაწილად ითვლება. ასეთ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მომხმარებელზე სრულ თანხაზე გამოიწერება.
თუ სუბსიდია გაიცემა საქმიანობის ზოგადი მხარდაჭერისთვის (მაგალითად, საოპერაციო ხარჯების დაფარვა, სამეცნიერო კვლევები, გარემოსდაცვითი პროექტები ან დასაქმების ხელშეწყობა) და იგი არ ახდენს პირდაპირ გავლენას კონკრეტული პროდუქტის ფასზე, ასეთი თანხა დღგ-ით დასაბეგრ ბაზაში არ შეიტანება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაბეგვრის შეფასებისას გადამწყვეტია ოპერაციის ეკონომიკური შინაარსი და არა სუბიექტის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ან მასში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა.
გადაწყვეტილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 14 მაისს.
– #143 საჯარო გადაწყვეტილება განმარტავს ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის წესებსა და პრაქტიკას. დოკუმენტი მიზნად ისახავს საგადასახადო კანონმდებლობის ერთგვაროვან გამოყენებას და ნათელს ჰფენს ისეთ საკითხებს, როგორიცაა აქტივის ტიპის განსაზღვრა, ფლობის ვადების ათვლა და საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის პირობები.
საცხოვრებელი ბინის/სახლის დეფინიცია და კრიტერიუმები
გადაწყვეტილების თანახმად, უძრავი ქონების საცხოვრებელ ბინად ან სახლად მიჩნევისთვის აუცილებელია ოთხი ძირითადი კრიტერიუმის ერთობლივი დაკმაყოფილება:
ა) წარმოადგენს დამოუკიდებელ ერთეულს – შესაძლებელია მისი ინდივიდუალურად იდენტიფიცირება და რეგისტრირებულია უძრავი ქონების რეესტრში. უძრავი ქონება დამოუკიდებელ ერთეულად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი რეგისტრირებულია ერთ საკადასტრო კოდად და იმყოფება თანასაკუთრებაში, თუ საკუთრების ობიექტი თავისი დანიშნულებით წარმოადგენს ერთიან საცხოვრებელ ერთეულს;
ბ) განკუთვნილია საცხოვრებლად გამოყენებისთვის – უძრავი ქონება თავისი სტატუსითა და დანიშნულებით წარმოადგენს საცხოვრებელ ერთეულს. აღნიშნული კრიტერიუმი ვრცელდება როგორც დასრულებულ, ისე მშენებარე ობიექტებზე, თუ ობიექტი თავისი პროექტითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული დანიშნულებით წარმოადგენს საცხოვრებელ ბინას/სახლს. ქონების ფაქტიური ტექნიკური მდგომარეობა (მათ შორის, კარკასის მდგომარეობა, დაუმთავრებლობა, დროებითი გამოუსადეგრობა ან ავარიული მდგომარეობა) თავისთავად არ გამორიცხავს მის საცხოვრებელ ბინად/ სახლად დაკვალიფიცირებას.
საცხოვრებელი ბინის/სახლის შემადგენელ ნაწილად, ასევე ჩაითვლება, მასთან ფუნქციურად დაკავშირებული დამხმარე ფართობი (მათ შორის, სხვენი, სარდაფი ან სხვა), თუ იგი უზრუნველყოფს ან აუმჯობესებს ბინის/ სახლის საცხოვრებლად გამოყენების პირობებს და არ გამოიყენება დამოუკიდებელი არასაცხოვრებელი ან ეკონომიკური დანიშნულებით;
გ) უზრუნველყოფილია ან შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს საბაზისო საინჟინრო კომუნიკაციებით – უძრავ ქონებას აქვს ან შეიძლება ჰქონდეს წვდომა აუცილებელ საინჟინრო კომუნიკაციებთან (ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და სხვა). აღნიშნული კრიტერიუმი ფასდება ქონების ადგილმდებარეობისა და ტიპის გათვალისწინებით და არ მოითხოვს ყველა კომუნიკაციის ერთდროულად არსებობას;
დ) არ წარმოადგენს სხვა საქმიანობის ფუნქციურ ნაწილს – უძრავი ქონება არ არის ისეთი ობიექტის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც თავისი არსით არ აქვს საცხოვრებელი დანიშნულება.
ამასთან, საცხოვრებელი ბინის/სახლის ფლობა, მისი გაქირავება ან შემდგომი გასხვისება, არ მიიჩნევა სამეწარმეო საქმიანობად, თუ ასეთი ოპერაციები არ ატარებს სისტემატურ და ორგანიზებულ ხასიათს. სასტუმროს ნომრები და ინფრასტრუქტურა არ განიხილება საცხოვრებელ ბინად/სახლად და იბეგრება სხვა აქტივებისთვის დადგენილი წესით.
საგადასახადო განაკვეთები და შეღავათები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი, როგორც წესი, 20 პროცენტით იბეგრება. თუმცა, საცხოვრებელი ბინისა (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მიწოდებისას, ნამეტი შემოსავალი იბეგრება შეღავათიანი, 5-პროცენტიანი განაკვეთით.
კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს სრულ გათავისუფლებას საშემოსავლო გადასახადისგან, თუ:
საცხოვრებელი ბინა/სახლი პირის საკუთრებაში 2 წელზე მეტი ვადით იმყოფებოდა.
სხვა აქტივი (რომელიც არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში) ფლობის 2-წლიანი ვადიდან გამომდინარე გასხვისდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საცხოვრებელი ქონების შემთხვევაში, შეღავათი ვრცელდება იმის მიუხედავად, გამოიყენებოდა თუ არა იგი ეკონომიკურ საქმიანობაში (მაგ. გაქირავებისთვის), რაც არ ეხება სხვა ტიპის აქტივებს.
ნამეტი შემოსავლისა და ფლობის ვადის განსაზღვრა
ნამეტი შემოსავალი წარმოადგენს სხვაობას აქტივის მიწოდების ფასსა და მისი შეძენის ფასს შორის. შეძენის ფასში გაითვალისწინება ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აქტივის შექმნასთან, დასრულებასთან ან გაუმჯობესებასთან.საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან. სპეციფიკურ შემთხვევებში მოქმედებს შემდეგი წესები:
მემკვიდრეობა: I რიგის მემკვიდრეს უფლება აქვს თავის ფლობის ვადას დაუმატოს მამკვიდრებლის ფლობის პერიოდი.
აქტივის გაყოფა: ფლობის ვადა აითვლება თავდაპირველი (გაყოფამდე არსებული) აქტივის შეძენის თარიღიდან.
აქტივების გაერთიანება: თითოეული კომპონენტის ფლობის ვადა ფასდება დამოუკიდებლად.
მიწის სანაცვლოდ მიღებული ბინა: ითვლება ახალ აქტივად და ფლობის ვადა იწყება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
საჯარო გადაწყვეტილება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ აქტივის მიწოდება ხორციელდება სისტემატური და ორგანიზებული სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში (მაგ. დეველოპერული საქმიანობა ან უძრავი ქონებით ვაჭრობა), ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს 5%-იანი განაკვეთით ან 2-წლიანი ფლობის ვადით გათვალისწინებული გათავისუფლებით. ასეთ შემთხვევაში ოპერაცია განიხილება ჩვეულებრივ ეკონომიკურ საქმიანობად.
ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994
– ფინანსთა მინისტრის მიერ 21.05.2026-ში მიღებული #154 ბრძანებით ცვლილება შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში“. ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ცვლილებები შეეხო წესის 81-ე მუხლს, კერძოდ კი მის მე-4 და 51 პუნქტებს.
საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილება ოქმების შედგენაზე
ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 81-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების (გარდა საბაჟო დეპარტამენტისა) მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილებას. საგადასახადო ორგანოები ოქმებს ადგენენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მრავალი მუხლით გათვალისწინებულ დარღვევებზე, რომელთა შორის არის: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4210, 4211, 444, 912, 1352 (მე-2 ნაწილი), 153- ე, 1531, 1535, 1537, 1538, 15310–15312, 1541, 1542, 1551–1553, 1555, 1556, 1557 (პირველი და მე-3 ნაწილები), 1558-15510, 15512, 157-ე, 1571–1574, 158-ე, 1581, 1594, 163-ე, 164-ე, 1644, 165-ე–1653 და 16510 მუხლები;
- კოდექსის 1714 (მე-2 ნაწილი), 1715, 174(17), 1764–1766, 17714, 17715, 178-ე, 1793 და 195-ე მუხლები;
- „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-2 პუნქტი.
- (მუხლი 102. პასუხისმგებლობა სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის.
- პუნქტი-2. სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.).
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ~ საქართველოს კანონის 3711 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
(მუხლი 3711. ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის დაუცველობა - – ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა −გამოიწვევს გაფრთხილებას.
- – ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.).
- ცვლილებები შევიდა ასევე 81-ე მუხლის 51 პუნქტის „ბ~ ქვეპუნქტში, რომელიც ადგენს იმ სამართალდარღვევათა ნუსხას, რომლებზეც შედგენილი ოქმები, თანდართულ მასალებთან ერთად, განსახილველად ეგზავნება რაიონის (ქალაქის) სასამართლოს.
- სასამართლოში გადასაგზავნ საქმეთა ჩამონათვალი მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ მუხლებს: 444, 794 (მე-2–მე-5 ნაწილები), 912, 913 (პირველი ნაწილი), 99-ე, 1551, 1552, 1553 (მე-11–მე-20 ნაწილები), 1556 (მე 3−მე-5 ნაწილები), 1557 (პირველი და მე-3 ნაწილები), 1558-15510, 1571–1573, 158-ე, 1594, 163-ე, 164-ე, და 1715 მუხლის სხვადასხვა ნაწილებს.
- ბრძანება გამოცემულია „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
- ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
- – 27.05.2026-ში მიღებული #1578-Vმს XIმპ კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ~ კანონში, რომელიც ამოქმედდება 16.06.2026 დან.
- კერძოდ, დაკორექტირდა 371 მუხლი, რომლის საფუძველზეც გაიზარდა ჯარიმები, გათვალისწინებული სანებართვო პირობების შეუსრულებლობისათვის, ნებართვის სახეობების მიხედვით:
- – სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 20 000 ლარი.
- – სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარი.
- – აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარი.
- – აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიმართ – 10 000 ლარი.
- – სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიმართ – 20 000 ლარი.
საბაჟო რეგულაციების სიახლეები: სპირტიანი სასმელების ხარისხის კონტროლი და ავტომობილების დაბეგვრის ახალი წესი
- _ ფინანსთა მინისტრის მიერ 29.05.2026-ში მიღებული #168 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციებში.
- ბრძანება მიზნად ისახავს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების პროცესის დახვეწასა და ტექნიკურ რეგლამენტებთან შესაბამისობის გამკაცრებას.
- ერთ-ერთი მთავარი სიახლე სპირტიანი სასმელების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურას ეხება. ამიერიდან, იმპორტიორებს მოეთხოვებათ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, რაც პროდუქციის ხარისხისა და ეტიკეტირების წესების დაცვას უზრუნველყოფს.
- კერძოდ, საბაჟო გაფორმებისას წარსადგენი დოკუმენტების ნუსხას დაემატა:
- მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია;
- ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი.
ეს დოკუმენტები უნდა ადასტურებდეს, რომ იმპორტირებული სასმელი სრულად შეესაბამება მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის #523 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ეს რეგლამენტი დეტალურად განსაზღვრავს სპირტიანი სასმელების განმარტებას, აღწერას, წარდგენას, ეტიკეტირებასა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის წესებს. - ცვლილებები ავტოიმპორტიორებისთვის
სიახლეები შეეხო დეკლარირების კლასიფიკატორსაც, რაც ავტოიმპორტიორებისთვის გადასახდელების გაანგარიშების პროცესს ცვლის. კერძოდ, დანართ #19-ს დაემატა ახალი დამხმარე კოდი – „661″. - ეს კოდი შეიქმნა იმ მსუბუქი ავტომობილების დაბეგვრისთვის, რომლებზეც ვრცელდება 2026 წლის 2 აპრილამდე მოქმედი აქციზის განაკვეთები. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს გარდამავალ პერიოდში ავტომობილების სწორად დაბეგვრას ძველი განაკვეთების გათვალისწინებით.
- მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, ბიზნეს სუბიექტებმა და იმპორტიორებმა საქონლის საბაჟო გაფორმებისას უკვე უნდა იხელმძღვანელონ ამ ახალი რეგულაციებით, რათა თავიდან აიცილონ შეფერხებები საზღვარზე.
- საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
- ცვლილებები სარეზოლუციო ფონდის მართვისა და ადმინისტრირების წესში
- – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 07.05.2026 ში მიღებული #103/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა სარეზოლუციო ფონდის შექმნის, ადმინისტრირებისა და ინვესტირების წესში.
- სარეზოლუციო ფონდის დაფინანსების წყაროები
განახლებული რედაქციის თანახმად, განისაზღვრა იმ ფინანსური სახსრების ჩამონათვალი, რომლებიც სარეზოლუციო ფონდში ირიცხება. ესენია: - ბანკების წინასწარი შენატანები;
- დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრები და მათი შემდგომი ანაზღაურების მიზნით განხორციელებული შენატანები;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი სესხები, გარანტიები და გრანტები;
- ფონდის საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
- სხვა წყაროებიდან მიღებული ფინანსური სახსრები, რომლებიც მოქცეულია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ ლიმიტებში;
ფონდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული გარანტია.
ადმინისტრირებისა და სესხების გაცემის პროცედურები
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლე ეხება იმ სესხებს, რომლებსაც ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებს გარეთ. ასეთი სესხების მიღების, გამოყენებისა და ადმინისტრირების საკითხები, მათ შორის კონკრეტული პირობები და პროცედურები, განისაზღვრება შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან/და ხელშეკრულებით.
ეს ცვლილებები მიზნად ისახავს სარეზოლუციო ფონდის ფუნქციონირების მეტ გამჭვირვალობასა და ფინანსური სტაბილურობის მექანიზმების დახვეწას.
– 11.05.2026-ში მიღებული #108/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესში~, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესში ცვლილებები შეიტანა.
ბრძანება აკორექტირებს უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმებს და მათ პირდაპირ აკავშირებს ბანკების დოლარიზაციის კოეფიციენტთან.
ძირითადი ცვლილებები უცხოური ვალუტის რეზერვებისთვის
ახალი რედაქციის თანახმად, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის (გარდა 365-დან 730 დღემდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისა) მინიმალური სარეზერვო ნორმა შემდეგნაირად განისაზღვრება: - 20%, თუ ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი შეადგენს 70%-ს ან მეტს.
- 10%, თუ დოლარიზაციის კოეფიციენტი არის 40% ან ნაკლები.
იმ შემთხვევაში, თუ დოლარიზაციის კოეფიციენტი 40%-სა და 70%-ს შორისაა, სარეზერვო ნორმა მცირდება წრფივად სპეციალური ფორმულით:
RR=10%+[(DR−40%)∗(20%−10%)/(70%−40%)].
ნორმები 365-დან 730 დღემდე ვადიანობის სახსრებისთვის
ცალკეული რეგულაცია დაწესდა უცხოური ვალუტით ნასესხები იმ სახსრებისთვის, რომელთა ნარჩენი ვადიანობა 1-დან 2 წლამდეა: - 15% სარეზერვო ნორმა იმ ბანკებისთვის, რომელთა დოლარიზაციის კოეფიციენტი 70% ან მეტია.
- 10% სარეზერვო ნორმა, თუ დოლარიზაციის კოეფიციენტი 40% ან ნაკლებია.
- 40%-დან 70%-მდე დოლარიზაციის პირობებში აქაც მოქმედებს წრფივი შემცირების პრინციპი ფორმულით: RR=10%+[(DR−40%)∗(15%−10%)/ (70%−40%)]
ვადები და იმპლემენტაცია
ბანკებმა ახალი წესების შესაბამისად მინიმალური რეზერვების გაანგარიშება უნდა დაიწყონ 2026 წლის 19 მაისიდან. რაც შეეხება უშუალოდ ამ მოთხოვნების დაცვის ვალდებულებას, იგი ძალაში შედის 2026 წლის 18 ივნისიდან.
აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს ეროვნული ბანკის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საბანკო სექტორში დოლარიზაციის დონის მართვას და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას. - ახალი რეგულაციები ბაზარზე ზედამხედველობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სფეროში: რა უნდა იცოდნენ ეკონომიკურმა ოპერატორებმა
- – 22.05.2026-ში მიღებული მთავრობის #222 დადგენილებით, ცვლილება განხორციელდა „ბაზარზე ზედამხედველობის წესისა და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვისა და განადგურების წესში“, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 1 ივნისიდან.
- ცვლილებების თანახმად, სსიპ − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საფუძველზე. ერთ-ერთი მთავარი სიახლე პროპორციულობის პრინციპის მკაფიო განსაზღვრაა: ნებისმიერი შემზღუდველი ღონისძიება (პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა) უნდა იყოს გამოვლენილი შეუსაბამობის ტიპის, შესაძლო ზიანისა და საფრთხის სიმძიმის თანაზომიერი.
- სააგენტოს უფლება აქვს:
- – შეამოწმოს პროდუქტის შესაბამისობა ტექნიკურ რეგლამენტებთან.
- – გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის რაოდენობის, ბაზარზე განთავსების თარიღისა და მიწოდების ჯაჭვში ჩართული სხვა ოპერატორების შესახებ.
- მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დამატებული 21−23 პუნქტების მიხედვით:
- „21. სააგენტო უფლებამოსილია, პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილებით ეკონომიკურ ოპერატორს ასევე დაავალოს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/ და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.
ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დადგენილებით უნდა განისაზღვროს შესაბამისი პირობები და ვადები.
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში“.
მე-15 მუხლის მე-4 პუნქტს დამატებული 41−43 პუნქტების მიხედვით კი:
„41. სააგენტო უფლებამოსილია, პროდუქტის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ დადგენილებით ეკონომიკურ ოპერატორს ასევე დაავალოს ამ პროდუქტის განადგურება, მისი სხვაგვარად გამოუსადეგრად ქცევა, ექსპორტი ან იმგვარად გადამუშავება, რომ პროდუქტი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/ და გარემოს საფრთხეს აღარ უქმნიდეს.
ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დადგენილებით უნდა განისაზღვროს შესაბამისი პირობები და ვადები.
ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის 41 და 42 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები განახორციელოს საკუთარი ხარჯით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრულ ვადაში.”
სანქციები და ადმინისტრაციული წარმოება
სამართალდარღვევის ოქმი შესაძლოა არ შედგეს უშუალოდ შემოწმების ადგილზე, თუ შეუსაბამობა ლაბორატორიული დასკვნით დგინდება, ან თუ წარდგენილი დოკუმენტაცია დამატებით მოკვლევას საჭიროებს.
ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისთვის განსაზღვრულია კონკრეტული ვადები:
– სახდელი პირს შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩადენიდან (ან მიმდინარე დარღვევის გამოვლენიდან) არაუგვიანეს 3 თვისა.
– თუ ეკონომიკური ოპერატორი განმეორებით არ შეასრულებს დადგენილებას პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ, ჯარიმის დაკისრების შემდეგ საქმე დაუყოვნებლივ გადაეცემა აღსასრულებლად.
დადგენილებები და სამართალდარღვევის ოქმები ოპერატორს ეგზავნება ფოსტით ან ბარდება ხელზე. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის ჩაბარება ვერ ხერხდება, სააგენტო მას ვებგვერდზე გამოაქვეყნებს. საჯაროდ გამოქვეყნებისას, დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებისთანავე ან მე-7 დღეს, დოკუმენტის ტიპიდან გამომდინარე.
იხილეთ ასევე:
– 21.05.2026-ის მთავრობის #216 დადგენილება, „აწარმოე საქართველოში~ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
– 21.05.2026-ის მთავრობის #218 დადგენილება, „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის~ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ ამავე პირის 2021 წლის 2 აგვისტოს #388 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 27.05.2026-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #119/04 ბრძანება, „ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების, ემისიის დამტკიცებული პროსპექტის და საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ~ ამავე პირის 2011 წლის 7 სექტემბრის #73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 29.05.2026-ის მთავრობის #231 დადგენილება, „პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ~ 2021 წლის 31 დეკემბრის #646 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მარიამ აფრასიძე

