Homeააფ-მედიარა მოცულობისაა „ფართო ფული“ საქართველოში

რა მოცულობისაა „ფართო ფული“ საქართველოში

Published on

spot_img

ინსტრუმენტები, რომლებითაც ეროვნული ბანკი ფულის მასას არეგულირებს და ინფლაციას აკონტროლებს

მაისში საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25 პროცენტამდე გაზარდა. 2024 წლის მაისის შემდეგ განაკვეთი პირველად შეიცვალა, ისიც ზრდის მიმართულებით. ამ გადაწყვეტილების მიზეზად სებ-მა მიზნობრივზე (3 პროცენტზე) მაღალი ინფლაცია დაასახელა. ეროვნული ბანკის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში გამწვავებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდებითი შოკი წარმოქმნა. ნავთობის ფასების გაძვირება საქართველოს ბაზარზეც უკვე აისახა საწვავის ფასებში. შესაბამისად, აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ 3-პროცენტიან დონეს ასცდა და 5.9 პროცენტი შეადგინა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეროვნული ბანკი ბაზარზე ფულის მასის შემცირებას ცდილობს, რის შემდეგაც ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება, ხოლო დაბალი მოთხოვნა საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა ფულის მასის რეგულირება ისე უნდა წარმართოს, რომ ბაზარზე მაღალი ინფლაციის მოთოკვასთან ერთად, ფულის მასის შემცირებით ეკონომიკის განვითარება არ შეაფერხოს.

ეკონომისტების ნაწილის შეფასებით კი, თანამედროვე ეკონომიკის პირობებში მონეტარული პოლიტიკის ეს ინსტრუმენტები ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ ახდენს. მაინც, როგორ არეგულირებს ეროვნული ბანკი ფულის მოძრაობას და ამ დროისთვის რა მოცულობის ფულის მასაა საქართველოში?

ეროვნული ბანკის აპრილის მონაცემებით, საქართველოში ფულის მასა („ფართო ფული” M3) 57,6 მილიარდი ლარია. ეს არ არის მხოლოდ ნაღდი ფული – აქედან ნაღდი ფული 7-8 მილიარდი ლარის ფარგლებშია, ხოლო დანარჩენი 49-50 მილიარდი ლარი ელექტრონული ფულია, რომელიც კომერციული ბანკების ანგარიშებზეა განთავსებული.

უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, არსებული 57,6 მილიარდი ლარი შედგება მიმდინარე საბარათე ანგარიშებზე არსებული ფულისგან (როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში), ბიზნესების ანგარიშებისგან, რომლებითაც ისინი ხელფასებსა და გადასახადებს იხდიან, ასევე ანაბრებისგან. ასე რომ, 57,6 მილიარდი ლარი არის ქვეყნის ეკონომიკის სრული ფულადი მოცულობა, რომელიც მოცემულ მომენტში საქართველოს ბაზარს ემსახურება. სწორედ ამ მასის ზრდა-კლებასა და მის ტემპებს აკვირდება ეროვნული ბანკი, როდესაც ინფლაციის პროგნოზირებას აკეთებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ფულის მასას (მიმოქცევაში არსებული ნაღდი და უნაღდო ფულის მოცულობას) მონეტარული (ფულად-საკრედიტო) პოლიტიკის მეშვეობით არეგულირებს. მისი მთავარი მიზანია ინფლაციის კონტროლი და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ამისათვის ეროვნული ბანკი იყენებს რამდენიმე ძირითად ინსტრუმენტს, რომელთა შორისაა: რეფინანსირების განაკვეთი (საპროცენტო პოლიტიკა), სავალდებულო რეზერვების მოთხოვნები, ღია ბაზრის ოპერაციები და უცხოური ვალუტის ინტერვენციები.

მონეტარული პოლიტიკა , ანუ რეფინანსირების განაკვეთი – ეს არის სებ-ის უმთავრესი ინსტრუმენტი. რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომლითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სესხებს აძლევს. როდესაც ეროვნულ ბანკს ბაზარზე ფულის მასის შემცირება (ინფლაციის მოთოკვა) სურს, ის ზრდის რეფინანსირების განაკვეთს. კომერციული ბანკებისთვის ფული ძვირდება, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მატებასა და დეპოზიტებზე სარგებლის გაზრდას იწვევს. შედეგად, მოსახლეობა და ბიზნესი ნაკლებ სესხს იღებს და მეტს ზოგავს, რაც მიმოქცევაში ფულის მასას ამცირებს. ან, პირიქით, როცა ფულის მასის გაზრდა (ეკონომიკის სტიმულირება) სურთ, სებ-ი ამცირებს განაკვეთს. სესხები იაფდება, მათი ხელმისაწვდომობა იზრდება, ბაზარზე მეტი ფული გადის და ეკონომიკური აქტივობაც იზრდება.

მეორე ინსტრუმენტია სავალდებულო რეზერვების მოთხოვნები. კომერციული ბანკები ვალდებული არიან , მოზიდული დეპოზიტების გარკვეული პროცენტი (როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში) განათავსონ ეროვნულ ბანკში რეზერვის სახით. ამ ფულის გასესხება ბანკებს არ შეუძლიათ.

ნორმის გაზრდის შემთხვევაში, თუ სებ-ი გაზრდის სავალდებულო რეზერვის ნორმას, კომერციულ ბანკებს ნაკლები თავისუფალი ფული რჩებათ სესხების გასაცემად. ეს ავტომატურად ამცირებს ფულის მასას ბაზარზე (მულტიპლიკატორის ეფექტის შეზღუდვით). ხოლო ნორმის შემცირებისას, პირიქით, ბანკებს უჩნდებათ მეტი თავისუფალი რესურსი, რაც ეკონომიკაში ფულის მიწოდებას ზრდის.

შემდეგი ინსტრუმენტია ღია ბაზრის ოპერაციები. ეს გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (სახაზინო ვალდებულებები/ ობლიგაციები) და საკუთარი სადეპოზიტო სერტიფიკატების ყიდვა-გაყიდვას კომერციულ ბანკებთან. ფულის მასის შესამცირებლად სებ-ი ყიდის ფასიან ქაღალდებს. კომერციული ბანკები მათ ყიდულობენ, რის შედეგადაც მათი ნაღდი ფული ეროვნულ ბანკში გადადის და ეკონომიკისთვის განკუთვნილი ლიკვიდობა მცირდება. ფულის მასის გასაზრდელად კი სებ-ი უკან ყიდულობს ამ ფასიან ქაღალდებს, რითაც კომერციულ ბანკებს ნაღდ ფულს უბრუნებს მიმოქცევაში გასაშვებად.

სავალუტო ინტერვენციები – საქართველოსთვის , როგორც მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, ეს ინსტრუმენტი ძალიან აქტიურია. სავალუტო აუქციონებზე აშშ დოლარის ან ევროს ყიდვა-გაყიდვა პირდაპირ აისახება ლარის მასაზე. ლარის მასის შემცირებისას, როცა სებ-ი ყიდის უცხოურ ვალუტას, ის ბაზრიდან იღებს ეროვნულ ვალუტას, რაც მიმოქცევაში ლარის მასას ამცირებს. ლარის მასის გაზრდისას კი, როცა სებ-ი რეზერვების შესავსებად უცხოურ ვალუტას ყიდულობს, ის ბაზარზე დამატებით ლარს უშვებს.

რაც შეეხება ახალი ფულის დაბეჭდვას, ეროვნული ბანკი ახალი ფიზიკური კუპიურებისა და მონეტების შეკვეთას ორ მთავარ ფაქტორზე დაყრდნობით ახორციელებს. პირველი არის ძველი, გაცვეთილი ფულის ჩანაცვლება (რაც ყველაზე დიდ წილს შეადგენს). კერძოდ, ქაღალდის ფულს სიცოცხლის გარკვეული ვადა აქვს. მაგალითად, 5-ლარიანი და 10-ლარიანი კუპიურები ხელიდან ხელში უფრო სწრაფად გადადის და 1-2 წელიწადში ცვდება. კომერციული ბანკებიდან სებ-ში დაბრუნებული ფული სპეციალური აპარატებით მოწმდება. გაცვეთილი, დახეული ან დასვრილი კუპიურები ნადგურდება – სპეციალურ მანქანებში იჭრება, ხოლო მათ სანაცვლოდ სებ-ი მიმოქცევაში ზუსტად იმავე ნომინალის სრულიად ახალ კუპიურებს უშვებს. ამ დროს ფულის საერთო მასა ეკონომიკაში არ იზრდება.

ლარის ბანკნოტები და მონეტები იბეჭდება და იჭრება ევროპის წამყვან მაღალტექნოლოგიურ სტამბებში (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში ან გერმანიაში), მკაცრი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ახალი ფულის ბეჭდვა და მისი მოცულობის განსაზღვრა მათემატიკურად გათვლილი პროცესია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და მიმოქცევაში არსებული კუპიურების ცვეთას.

გარდა ამისა, უნდა მოხდეს ფულის მასის ზრდის ეკონომიკურ ზრდასთან ადაპტაცია. თუ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, იზრდება ბიზნეს-ტრანზაქციების, ხელფასებისა და ვაჭრობის მოცულობაც. შესაბამისად, ბაზარს მეტი ლიკვიდობა, მათ შორის ნაღდი ფულიც, სჭირდება. როგორც წესი, ეროვნული ბანკი წინასწარ პროგნოზირებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რომელიც 3 პროცენტს შეადგენს. სებ-ი, გარკვეულწილად, სწორედ ამ მონაცემების მიხედვით განსაზღვრავს, რა მოცულობის დამატებითი ნაღდი ფული დასჭირდება ქვეყანას წლის განმავლობაში.

სპეციალისტების შეფასებით, თანამედროვე ეკონომიკაში ეროვნული ბანკი ფულს ფიზიკურად კი არ ბეჭდავს (ეს მხოლოდ ნაღდი ფულის მასის ჩანაცვლების ან მისი მცირე ნაწილის დამატების დროს ხდება), არამედ ამ პროცესს, ძირითადად, საკრედიტო აქტივობის მართვით არეგულირებს. ფულის მასის უდიდეს ნაწილს (უნაღდო ფულს) კომერციული ბანკები ქმნიან სესხების გაცემის დროს, ხოლო სებ-ი ამ პროცესს ზემოხსენებული ინსტრუმენტებით აკონტროლებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, ვახტან ჭარაია აღნიშნავს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, ფულის მასა გაზომოს – როგორც ნაღდი ფული, ასევე მასზე დამატებული ლიკვიდური აქტივები. ამასთანავე, სებ-ი მუდმივად აქვეყნებს შესაბამის სტატისტიკას (M1, M2, M3), თუმცა, თუკი ბაზარზე რომელიმე მხარეს გადახრა მოხდა (მეტად შემცირდა ან მეტად გაიზარდა), სებ-ი ამ პროცესებზე პასუხისმგებელი არ არის.

„ეს საკითხი საკმაოდ ბუნდოვანია. ერთი პერიოდი მახსოვს, რომ პროცესი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი. რაღაც პერიოდი გადახრილი იყო სიჭარბისკენ ან ნაკლებობისკენ. თუმცა ეს არ იყო ისეთი ინსტრუმენტი, რომლის გამოც ეროვნულ ბანკს პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა. შესაბამისად, ამ პროცესზე დაყრდნობით ვერ იტყვი, ეროვნული ბანკი კარგად მართავს თუ არა ფულის მასას. შეიძლება, ერთ შემთხვევაში ფულის მასის სიჭარბე პრობლემას არ ქმნიდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში – ქმნიდეს”, – ამბობს ვახტან ჭარაია.

ამასთანავე, მისი შეფასებით, გადაჭარბებულია იმის მტკიცება, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაციაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

„თითზე ჩამოსათვლელია ის ქვეყნები, სადაც ეროვნულ ბანკებს ინფლაციაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ, დანარჩენები კი ცდილობენ, ინფლაციას მიმართულება მისცენ. საქართველოში ეროვნულმა ბანკმა ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა რომ მოახდინოს, არარეალურია. ეროვნული ბანკი გავლენას ახდენს ლარის კურსსა და ლარით განხორციელებულ ოპერაციებზე. ის, რომ ამერიკა-ირანის კონფლიქტის გამო მსოფლიოში ნავთობი გაძვირდა, ეროვნული ბანკი ნავთობის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. ეროვნული ბანკი აკვირდება ეკონომიკას, მისი ზრდის დინამიკას და, შესაბამისად, ფულის მასის საჭიროებას. დღეს, მაგალითად, 30 წლის წინანდელი პერიოდისგან განსხვავებით, ფულის მასა რთული ფენომენია. შემოვიდა კრიპტოგადახდები, მსხვილი ოპერაციებისას გარიგებები უცხოური ვალუტით ხდება და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ბანკის გავლითაც არ განხორციელდეს. ქვეყანაში ბევრი უცხოელი ჩამოდის და ისინი თავიანთ საანგარიშო სისტემებს იყენებენ. გარკვეულ სიტუაციებში ეკონომიკა ფულის ბრუნვას ვერც კი ხედავს. შემოდის ციფრული ვალუტებიც, საუბარია ციფრულ ლარზეც, რომლის გავლენაც ცალკე დასაფიქრებელია. დღეს საკმაოდ რთულია იმის თქმა, რა მოცულობის ფულია ქვეყანაში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მხოლოდ ფულის მასაზე დაყრდნობით ვერ ვიტყვით, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს თუ ხელს უშლის ინფლაციას, ანუ თოკავს, თუ პირიქით”, – ამბობს ვახტან ჭარაია.

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ხიშტოვანის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმში მუშაობს და მისი მთავარი ინსტრუმენტი ფულის რაოდენობის პირდაპირი კონტროლი კი არ არის, არამედ მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი – ანუ ფულის „ფასი”. როდესაც პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება, ბანკი ამკაცრებს პოლიტიკას, რაც აძვირებს სესხებს, ამცირებს ერთობლივ მოთხოვნას და ანელებს ფასების ზრდას.

„ეკონომიკის შეფერხების თავიდან აცილება მიიღწევა იმით, რომ ბანკი მოქმედებს წინმსწრებად და საშუალოვადიან ჰორიზონტზე – მონეტარული პოლიტიკის ეფექტი ეკონომიკაზე 4-6 კვარტლის შემდეგ ვლინდება – და არა ყოველ მოკლევადიან რყევაზე მკვეთრი რეაგირებით. თუმცა, ამ მექანიზმის ძალა საქართველოში შეზღუდულია. მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის განაკვეთი ფაქტობრივად მხოლოდ ფულადი მასის ლარის ნაწილზე მოქმედებს, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები გლობალურ განაკვეთებსა და კაპიტალის ნაკადებზეა დამოკიდებული.

სწორედ კონტროლის გასაძლიერებლად ბანკი წლებია ლარიზაციის პოლიტიკას უწყობს ხელს, რამაც ლარის წილი გაზარდა, თუმცა დოლარიზაცია კვლავ მაღალი რჩება და ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. ფულადი მასის ბოლოდროინდელი ზრდა უფრო მეტად რეზერვების მასშტაბურ შევსებას უკავშირდება: 2024 წელს რეზერვები რეკორდულად, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით შემცირდა და IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ ჩავიდა, რის შემდეგაც ბანკმა 2025 წელს დაახლოებით 2.4 მილიარდი დოლარის წმინდა შესყიდვა განახორციელა და რეზერვები რეკორდულ 6.65 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ვინაიდან უცხოური ვალუტის შესყიდვა ეკონომიკაში ლარის გამოშვებას ნიშნავს, ეს დამატებითი ფულადი ინექცია, თუ ბანკმა აღნიშნული ლარი სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით უკან არ ამოიღო მიმოქცევიდან, ინფლაციის დამაჩქარებელ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს. ამდენად, ეროვნულ ბანკს ქვეყნის მთლიან ფულად მასაზე სრული კონტროლი არ აქვს: ის აკონტროლებს ლარის ნაწილს (ფულის ფასს), ხოლო დიდი, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ნაწილი მისი პირდაპირი გავლენის მიღმა რჩება. ამასთან, თვით კონტროლის გაზრდის მცდელობაც კი (ლარიზაცია პლუს რეზერვების აღდგენა) ახალ წნეხს ქმნის, მათ შორის ფულადი მასისა და ინფლაციური რისკების ზრდის მიმართულებით”, – აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

ასე რომ, საქართველოს ეროვნული ბანკი ფულის მასას მონეტარული პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტის საშუალებით არეგულირებს და ამ გზით ინფლაციის კონტროლსა და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობს. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ თანამედროვე ეკონომიკაში, გლობალური ფაქტორების, მაღალი დოლარიზაციისა და ახალი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში, ამ პროცესების მართვა სულ უფრო რთულდება. შესაბამისად, ფულის მასისა და ინფლაციის ეფექტიანი კონტროლი მოითხოვს როგორც ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკის გატარებას, ისე ეკონომიკურ გარემოზე მოქმედი გარე ფაქტორების მუდმივ შეფასებას.

ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.