ახალი ინიციატივით ყოველთვიურად შეძლებენ სხვადასხვა სახის დანამატის მიღებას
საჯარო მოხელეების სახელფასო დანამატებისა და პრემიების მიღების მავნე პრაქტიკა ისევ ბრუნდება. „ქართული ოცნების” მთავრობამ ამ მექანიზმის გამოყენებაზე 2017 წელს თქვა უარი, თუმცა ახლა კვლავ ცვლის დამოკიდებულებას. შემოდის ახალი ინიციატივა, რომ მინისტრების მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და მსგავსი მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს სახელფასო დანამატები და ჯილდოები დაუწესდებათ, რითაც მათი შემოსავალი საგრძნობლად მოიმატებს.
ეს ხდება იმ ფონზე, როცა მაღალ თანამდებობებზე მომუშავე საჯარო პირების ანაზღაურება 2025 წელს ისედაც მკვეთრად გაიზარდა. არჩევნების შემდეგ, პირველივე ეტაპზე, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, დეპუტატებს, პარლამენტარებს და სხვა თანამდებობის პირებს მოემატა შრომის ანაზღაურება. ახლა ჯერი დანამატებზეა. ამ დროს კი, ქვეყანაში დასაქმებულთა ხელფასი კვლავ დაბალია და პენსიების დონითაც რეგიონში საქართველო ბოლო ადგილზეა.
ცნობილია, რომ მაღალჩინოსნების მოადგილეებისთვის დამატებითი ფინანსური ანაზღაურების დაწესებას „ოცნების” ხელისუფლება „მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნების აუცილებლობით” ხსნის. ახალი პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომელიც საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა. მისი შეფასებით, მინისტრებისა და მერების მოადგილეებისთვის პრემია-დანამატების დაშვების მიზანი ზეგანაკვეთური და განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაოს წახალისებაა.
ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ განსხვავებით მინისტრებისგან, მოადგილეების შემთხვევაში „საკუთარი თავის წახალისების” რისკი არ არსებობს, ხოლო საჯარო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრების შენარჩუნება დაბალი ანაზღაურების პირობებში რთულია.
„პრემია-დანამატზე უარი იყო ნათქვამი იმიტომ, რომ არ მომხდარიყო საკუთარი თავის წახალისების პრეცედენტის დაშვება. მინისტრის ან მერის მოადგილის შემთხვევაში ეს რისკი გამორიცხულია. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების მოტივი არის ის, რომ წახალისდეს შრომა იმ შემთხვევაში, თუ ამ შრომას ისეთი შედეგი აქვს, როგორიც კანონით არის გათვალისწინებული. თუ, მაგალითად, შესრულდა განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალება, არის ზეგანაკვეთური სამუშაო, ღამის საათებში მუშაობა, გამოყენებული იქნას შესაბამისი თანამდებობის პირების წახალისება. ხელფასი, ამ შემთხვევაში, არ არის ისეთი მაღალი, რომ მაგალითად, საჯარო სამსახურმა შეინარჩუნოს მაღალკვალიფიციური კადრი, როდესაც კერძო სექტორი გაცილებით უფრო მაღალ ხელფასს სთავაზობს”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრების, მერების და რწმუნებულების მოადგილეებისთვის სახელფასო დანამატისა და ჯილდოს დანიშვნა 2017 წლიდან გაუქმდა. კანონპროექტის ავტორების მთავარი არგუმენტი ამ თანამდებობის პირების დაბალი ანაზღაურებაა, თუმცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” მთავრობის ინიციატივით შექმნილი კანონპროექტი მიმოიხილა და საპირისპირო დაამტკიცა.
როგორც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ანაზღაურება ბოლო 4 წლის განმავლობაში 45% ით მოიმატა, მაგალითად თბილისის მერის მოადგილის სარგო 6 765 ლარიდან 9 840 ლარამდე გაიზარდა. ამავე პერიოდში 70 წლამდე მოქალაქეების პენსია უფრო ნელი ტემპით, მხოლოდ 42%-ით გაიზარდა (260 ლარიდან 370 ლარამდე). ჯილდო-დანამატის სრულად ათვისების შემთხვევაში კანონპროექტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს წელიწადში 3.5 თვის ხელფასის შესაბამისი თანხა დაემატებათ, რაც თბილისის მერის მოადგილის შემთხვევაში ანაზღაურების 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე ზრდას ნიშნავს.
ჯილდო-დანამატის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალო უფროსი იღებს ერთპიროვნულად, რაიმე სახის კრიტერიუმების, ფორმალური შეფასების და წესების გარეშე, საკუთარი სუბიექტური შეხედულებით. ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად, საჯარო სექტორში გასაშუალოებული თვიური ხელფასი 1 680 ლარს შეადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, კანონპროექტით შეიქმნება ანაზღაურების ალტერნატიული მატების გზები, რომელიც არის გაუმჭვირვალე, უკონტროლო და აჩენს კორუფციის ახალ არხებს.
კანონის მიხედვით, ერთჯერადი დანამატი არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში დანამატი არ უნდა აღემატებოდეს სარგოს 20%-ს, ჯილდო – 10%-ს.
ცვლილების ამოქმედების შემდეგ მინისტრის ან თბილისის მერის მოადგილემ ხელფასის გარდა შესაძლოა, ერთბაშად მიიღოს დანამატად მთლიანი თვის სარგოს ოდენობის თანხა, ხოლო წლის განმავლობაში ჯილდო-დანამატის ჯამური ოდენობა მის 3.5 თვის სარგოს გაუტოლდეს.
ეს თანამდებობის პირები არიან: მინისტრების მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრების მოადგილეები, რწმუნებულების მოადგილეები და მერების მოადგილეები. აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანალიტიკოსის გიგი ჩიხლაძის თქმით, მინისტრის მოადგილის შემთხვევაში დანამატი და ჯილდო შესაძლოა, 4000 ლარამდე იყოს. „ერთგულების ნიშნით, ბიუჯეტიდან, ხალხის ფული უნდა დავუმატოთ ყოველ თვეში”, – განაცხადა ანალიტიკოსმა გადაცემაში „საქმე” და დასძინა, რომ მინისტრს აქვს დანამატისა და ჯილდოს დანიშვნის სრული დისკრეცია, ამასთან, კრიტერიუმები იმდენად ფართოა, ნებისმიერ თვეში შეიძლება აიღოს ის თანამდებობის პირმა.
„საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში, უფროსი და მოადგილე სხვანაირ დამოკიდებულებაში არიან კანონით. ისინი არიან კონკურსით დანიშნულები, ისინი შესაძლოა, არც იცნობდნენ ერთმანეთს, სანამ დაინიშნებოდნენ. მათი დანამატი გაიცემა შეფასების საფუძველზე, პერიოდული და სისტემური ატესტაციის საფუძველზე.
რა ხდება მინისტრის მოადგილის შემთხვევაში – მინისტრის მოადგილე არ არის კონკურსით დანიშნული, ის არის პოლიტიკური ნიშნით დანიშნული. ანუ, მერმა რომ მოიგო არჩევნები, მოიყვანა გუნდი და შესაძლოა, ის მისი მეგობარი იყოს, მისი ძალიან ახლო პოლიტიკური თანამებრძოლი იყოს. რა უნდა შეაფასოს მინისტრმა? რის საფუძველზე უნდა მისცეს ნამატი? ერთადერთი რჩება სუბიექტური, პოლიტიკური, ერთგულების ნიშანი და ამ ერთგულების ნიშნით, ბიუჯეტიდან ხალხის ფული უნდა დავუმატოთ ყოველ თვეში.
მინისტრს აქვს სრული დისკრეცია, იქ ისეთი ფართო კრიტერიუმებია, რომ ყველაფერში ჩასვამს. მაგ: ამ თვეში ბევრი იმუშავა ჩემმა მოადგილემ და ეკუთვნის დანამატი 20%, პლუს ჯილდო 10%. 30% მინისტრის მოადგილის შემთხვევაში, შეიძლება იყოს 4000 ლარამდე, ანუ ნებისმიერ თვეში დაემატოს, ყოველთვიურად შეუძლიათ ეს გააკეთონ.
ერთადერთი არგუმენტი იყო ის, რომ ცოტაა და არ აქვთ საკმარისი ანაზღაურება. ბოლო 4 წელიწადში 45%-ით არის გაზრდილი მათ ანაზღაურება. ყოველ წელს იზრდება. 4 წლის წინ დაახლოებით 7000 ლარამდე ჰქონდათ, ახლა აქვთ 10 000 ლარამდე, მინისტრის და მერის მოადგილეებს.
ამ კანონპროექტის ლოგიკაა, რომ ეს ზრდა საკმარისი არ არის და უნდა იყოს კიდევ რაღაც ალტერნატიული გზა, რომელიც სრულიად არასაჯაროა”, _ განაცხადა გადაცემაში „საქმე” გიგი ჩიხლაძემ.
ქართული კანონმდებლობის ფონზე საყურადღებოა უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის მიდგომა, რომელიც პოლიტიკური ელიტის ანაზღაურების მასშტაბური შემცირებას გულისხმობს. მადიარმა საკუთარი ყოველთვიური სახელფასო შემოსავალი მკვეთრად შეამცირა. მისი განცხადებით, პოლიტიკურმა ლიდერებმა რთული ეკონომიკური პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას თავშეკავების მაგალითი უნდა მისცენ. დაანონსებული რეფორმა კი დეპუტატებისთვის განკუთვნილი საპარლამენტო ხარჯების ლიმიტის შემცირებასაც ითვალისწინებს.
საქართველოს შემთხვევაში, გადაწყვეტილებები საპირისპიროა და გარკვეულ რისკებს უკავშირდება. იურისტები და ფინანსისტები მთავრობის ინიციატივას აფასებენ და აცხადებენ, რომ ეკონომიკურად მას შეიძლება გარკვეული არგუმენტი აქვს, თუმცა რამდენიმე ნიუანსია გასათვალისწინებელი. კერძოდ, იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, კორუფციული რისკების მართვისა და შემცირებისთვის მნიშვნელოვანია დეპუტატების ადეკვატური მატერიალური სოციალური უზრუნველყოფა, თუმცა სწორი იქნება, ხელისუფლების სხვადასხვა რანგის მოხელეების ხელფასი და დანამატები ეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად განისაზღვროს და არ იწვევდეს უსამართლობის განცდას ქვეყანაში.
დეპუტატების ანაზღაურების ზრდა მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩნდეს ცდუნება თავიანთი ფინანსური მდგომარეობა თანამდებობის გამოყენებით გაიუმჯობესონ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ასეთი რისკი მუდმივად უნდა იყოს ზრუნვის საგანი. რაც შეეხება რაოდენობას, ამაზე მეტი დასაბუთებაა საჭირო. იდეა კორუფციული რისკების შემცირებისკენ მისაღებია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს არგუმენტირებული და ქვეყნის ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის ადეკვატური.
ამ ადამიანების პრემია-დანამატები პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული, როგორ მუშაობს სისტემა, იქნება ეს ხელისუფლების ზედა შტოები თუ საშუალო რგოლის პერსონალი. კრიტერიუმი შეიძლება იყოს სხვადასხვა მაკროპარამეტრი, იმის მიხედვით, როგორ მუშაობს ხელისუფლება. მთავარი კითხვებია _ რამდენად გამართლებულია მორალურად დღესდღეობით ამხელა ანაზღაურების დაწესება? რამდენად გაუმჯობესდა მათი საქმიანობით მოსახლეობის მდგომარეობა? ანაზღაურების გაზრდის შედეგად შემცირდა კი კორუფციული რისკები?
საქმე ისაა, რომ ძალიან დიდია განსხვავება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოსა და მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული პირველი რგოლის თანამშრომლის სახელფასო განაკვეთს შორის, რაც საზოგადოებაში უკმაყოფილებას იწვევს. ახლა პრემია-დანამატების სახით მოხდება ანაზღაურების ფაქტობრივი მატება, რომელიც საჯარო სექტორში რიგი თანამდებობის მქონე პირთათვის ისედაც გაზრდილია. გარდა ამისა, მთელი რიგი გამონაკლისებია, სადაც გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანო.
„პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ვიცოდეთ, კონკრეტულად რა დამსახურებისთვის იქნა გაცემული ეს პრემია-დანამატი თუ სხვა სახის წახალისება. დადებით ეფექტს ნაკლებად ვხედავ, ინიციატივა თავისი არსით, უსამართლობის განცდას იწვევს როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული ქვედა რგოლის თანამშრომლებში, ასევე ქვეყნის მოსახლეობაშიც”, – განაცხადა იურისტმა ჩვენთან საუბრისას.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეგულაცია იმ სახით, რა სახითაც წარმოდგენილია, სახელმწიფოს უყაირათო ხარჯვებისაგან ვერ დაიცავს. ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ეს წესი გარკვეულ რისკებს შეიცავს, ვინაიდან არ არსებობს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლითაც გადამოწმდება, გაიცა თუ არა ფულადი ჯილდო ნამდვილად აღნიშნული კრიტერიუმების დაცვის საფუძველზე. გამორიცხული არ არის, რომ პრემია-დანამატები გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა პირადი სიმპათიების მიხედვითაც გასცეს.
„კანონის საფუძველზე უნდა მომზადდეს რაღაც ნორმატიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება, როგორ შემოწმდება ეს ყველაფერი. თუკი ამ კანონის მიხედვით უნდა გაიცეს დანამატები, მაშინ იგივე აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, რამდენად შესრულებადია ის.
პირობითად, ვინ და როგორ შეიძლება შეამოწმოს, ღამის საათებში მუშაობს კონკრეტული პირი თუ არა?! ვთქვათ, თანამდებობის პირმა დაწერა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გასცა დანამატი, რადგან იქ ვიღაც ღამის საათებში მუშაობდა. ვინ და როგორ ამოწმებს ამას? თბილისიდან იქ ჩასული აუდიტის სამსახური შეამოწმებს? – გამორიცხულია.
აქ უფრო ვხედავთ იმას, რომ ყველაფერი პიროვნულ ფაქტორზეა დამოკიდებული. ზემდგომ პირს შეეძლება, თავად დაადგინოს და გასცეს დანამატი, მაგრამ რა არის კონტროლის მექანიზმი, რომ ამ ზემდგომმა პირმა პირადი სიმპათიების გამო არ გასცეს თანხა?!
როდესაც სახელმწიფო ხარჯებთან გვაქვს საქმე, მისი გამჭვირვალობა აუცილებელია. საზოგადოებას უნდა შეეძლოს გააკონტროლოს, რამდენად სწორადაა ეს ხარჯები გაწეული. მინიმუმ, ვხედავ იმ რისკს, რომ ეს რეგულაცია იმ სახით, რა სახითაც არის წარმოდგენილი, სახელმწიფოს უყაირათო ხარჯვებისაგან ვერ დაიცავს”, _ განაცხადა ირაკლი მელაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან”.
სახელმწიფო ხარჯთან დაკავშირებით სპეციალისტების ნაწილი მეტ გამჭვირვალობას ითხოვს. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ დიდია საფრთხე, პრემია-დანამატები არამიზნობრივად გაიცეს. აქედან გამომდინარე, იგი მომხრეა, სტრუქტურულად დაიხვეწოს სქემა და კონტროლი გაძლიერდეს.
„ერთი მხრივ, პრემია-დანამატების სისტემა უნდა არსებობდეს, რაც ერთგვარი წახალისებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც თავის სამსახურებრივ მოვალეობას კარგად ასრულებს. ეს აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, პრემია-დანამატების გაცემის სქემა სწორ ჩარჩოში იქნას მოქცეული, რათა თანამდებობის პირმა თავისი უფლება ბოროტად არ გამოიყენოს და საკუთარ თავს ყოველთვიურად არ გამოუწეროს პრემია, როგორც ხშირად ხდება”, – აღნიშნა ჯანიაშვილმა და დასძინა, რომ სტრუქტურულად უნდა დაიხვეწოს სქემა და კონტროლი გაძლიერდეს.
„სამწუხაროდ, ვიღებთ სიტუაციას, როცა პრემია-დანამატები არამიზნობრივად გაიცემა. ღამის საათებზე თუ არის საუბარი, ეს მაღალი რგოლის წარმომადგენლებს ყველაზე ნაკლებად ეხება. სახელმწიფო ჩინოვნიკს, ადეკვატური ანაზღაურება უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამის განაწილება უნდა მოხდეს სწორად და სამართლიანად, რომ კონკრეტული მინისტრი არ იღებდეს 15 000 ლარს, როცა სამინისტროში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურება 1000 ლარია. საჭიროა რაღაც მაჩვენებელს მიებას პრემიერ-მინისტრის, მინისტრის თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელის და ასევე სუბსიდიის მიმღებთა თანხების მოცულობა. მაგალითად, მინისტრმა რომ იცოდეს, მათი ხელფასი გაიზრდება იმდენი პროცენტით, რამდენითაც პენსია, მაშინ მეტად იქნება მონდომებული, პენსია გაიზარდოს და ამით მოქალაქეები უფრო კმაყოფილები იყვნენ. ერთია საარსებო მინიმუმი, რასაც პენსიონერები და ზოგიერთი დასაქმებულები იღებენ და მეორე, თანამდებობის პირის ხელფასი, რომელიც ამ თანხის 30-ჯერ გაზრდილი მოცულობაა.
ვის რა მოუვა აზრად, იმის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს და ხელფასებს ინიშნავენ. შარშან პარლამენტმა ფაქტობრივად გაიორმაგა ანაზღაურება, მაშინ როცა პოლიციელებს, ჯარს, მედიცინის მუშაკებს, პედაგოგებს და სხვა საჯარო მოხელეებს ხელფასის მატება საერთოდ არ შეეხო ან მინიმალური ოდენობით. სწორედ ეს იწვევს მერე უსამართლობის განცდას”, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.
როგორც აღვნიშნეთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, პირობითად, თბილისის
მერის მოადგილის შემთხვევაში, დანამატის სრულად ათვისების შემთხვევაში, ანაზღაურება 9 840 ლარიდან 12 792 ლარამდე გაიზრდება. უფრო კონკრეტულად კი, ორგანიზაციის დათვლით, კანონით დადგენილ კოეფიციენტებზე გადამრავლებით, კანონპროექტით განსაზღვრული თანამდებობის პირების სარგო მაქსიმალური დანამატით ასე გამოიყურება:
საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილე – 15 600 ლარი (სარგო 12 000 ლარი);
საქართველოს მინისტრის მოადგილე – 15 080 ლარი (სარგო 11 600 ლარი);
აფხაზეთის/აჭარის მთავრობის წევრის მოადგილე – 10 400 ლარი (სარგო 8 000 ლარი);
თბილისის მერის პირველი მოადგილე – 15 600 ლარი (სარგო 12 000 ლარი);
თბილისის მერის მოადგილე – 15 080 ლარი (სარგო 11 600 ლარი);
სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – 11 440 ლარი (სარგო 8 800 ლარი);
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – 10 400 ლარი (სარგო 8 000 ლარი);
სხვა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – 10 400 ლარი (სარგო 8 000 ლარი);
სხვა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – 9 360 ლარი (სარგო 7 200 ლარი).
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” პუბლიკაციაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება” პრაქტიკულად, 2017 წელს გაუქმებულ კორუფციულ სქემას აბრუნებს.
დიდი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ პრემია-დანამატების დაწესება ხელახლა დაწესება კრიტიკას იწვევს იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო სისტემაში ბევრი ქაოსია და სამართლებრივ დონეზე საკითხი ბოლომდე მოწესრიგებული არ არის. შესაბამისად, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა, რაც ტოვებს ადგილს სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის.
აქედან მომდინარეობს საზოგადოების უკმაყოფილებაც, რადგან მოსახლეობის ფენებს შორის უთანასწორობა კიდევ უფრო ღრმავდება და ეს იმ ფონზე, როცა სოციალური სამართლიანობის აღდგენა ამ ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება იყო. რეალურად კი ქვეყანაში კვლავ მანკიერი პრაქტიკა ბრუნდება.
ლევან ნატროშვილი

