Homeააფ-მედიაენერგოკრიზისის გამო სახელმწიფომ კრიპტოვალუტის მაძიებლებს შეუტია

ენერგოკრიზისის გამო სახელმწიფომ კრიპტოვალუტის მაძიებლებს შეუტია

Published on

spot_img

მესტიაში ამოღებული აპარატები პრობლემის მცირე ნაწილია, მთავარი – „ხელშეუხებელი“ გიგანტებია

საქართველოს ენერგეტიკული სექტორი მრავალი წელია ღრმა სტრუქტურულ კრიზისს განიცდის, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა პრობლემის მასშტაბები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში კრიპტომაინერების წინააღმდეგ უპრეცედენტოდ მასშტაბური საპოლიციო რეიდები დაიწყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, 200-ზე მეტი არალეგალური კრიპტომაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ეს რადიკალური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ გადაიდგა, რაც ოფიციალურად გამოცხადდა ენერგეტიკული სექტორისთვის საზიანო არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში იწყება მასობრივი და საყოველთაო გამრიცხველიანების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალმთიანი რეგიონების შეღავათების ფარგლებში მოსახლეობისთვის ელექტროენერგია უფასო დარჩება, დაწესდება მკაცრი მოხმარების ლიმიტები.

ადგილზე ამ საგამოძიებო მოქმედებებს უკიდურესად მძიმე და არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი აპარატების იძულებით კონფისკაციას ღიად აპროტესტებს და ამას სოციალური სიდუხჭირის ფონზე ხალხის შემოსავლის ერთადერთი წყაროს წართმევად აფასებს. თუმცა, ადგილობრივთა მეორე ნაწილი მიესალმება პროცესს. უკონტროლო, კუსტარულმა კრიპტოფერმებმა რეგიონის ენერგოინფრასტრუქტურა კოლაფსამდე მიიყვანა. ქსელების მუდმივი გადატვირთვის გამო, სვანეთს ელექტროენერგია წლების განმავლობაში შეზღუდვით, საათობრივი გრაფიკით მიეწოდებოდა. ტრანსფორმატორების ხშირი აფეთქება, დაბალი ძაბვა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასობრივი გადაწვა და აპარატებისგან გამოწვეული მაღალი ხმაური მესტიის მუნიციპალიტეტში არც ადგილობრივებს სიამოვნებთ და ტურისტული თვალსაზრისითაც, სვანეთში ვიზიტორებსაც აფრთხობს.

ზემო სვანეთი, სადაც 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა კრიზისის შემდეგ ელექტროენერგიის გადასახადს მოსახლეობა არ იხდის, კრიპტოვალუტის მაძიებლებისთვის ნამდვილ სამოთხედ არის გადაქცეული. მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წლიურად 133 მილიონ კილოვატ-საათს (კვტ/სთ) აღწევს, რაც ათჯერ მეტია ნებისმიერ სხვა ანალოგიურ ქართულ რაიონზე. პრემიერ-მინისტრისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) მონაცემებით, უკანონო მაინინგის გამო სახელმწიფო ყოველწლიურად 20-დან 25 მილიონ ლარამდე პირდაპირ ზარალს განიცდის. ექსპერტული გათვლებით, ბოლო 6-7 წლის განმავლობაში სვანეთში არალეგალურად მოხმარებული და „გამქრალი” ელექტროენერგიის ჯამურმა ღირებულებამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ეკონომიკური რენტაბელობის აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯი რამდენჯერმე აღემატება იმ სარგებელს, რომელსაც რეგიონში ცალკეული პირები ჯამურად იღებენ. ვინაიდან კუსტარულად მოწყობილ ფერმებში ხშირად ძველი თაობის, დაბალი ეფექტურობის მქონე აპარატები გამოიყენება, ისინი მოიხმარენ გიგანტურ ენერგიას, თუმცა ბიტკოინის ალგორითმის სირთულის ზრდის ფონზე, სულ უფრო ნაკლებ ციფრულ ვალუტას გამოიმუშავებენ. შედეგად, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების გადმოსახედიდან, ეს პროცესი წმინდა წყლის დესტრუქციაა: სახელმწიფო ყიდულობს ძვირადღირებულ ენერგიას, მას უფასოდ აწვდიან რეგიონს, ბიტკოინების მაძიებლების მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტა მიდის კერძო ვირტუალურ საფულეებში, საიდანაც ბიუჯეტში არც საშემოსავლო და არც მოგების გადასახადი არ შედის.

ხელისუფლების მიერ დაწყებულმა ამ კამპანიამ მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციისა და დამოუკიდებელი ანალიტიკოსების მხრიდან. ხელისუფლების მხრიდან როგორც თითქმის ყველა დამსჯელი ქმედების დროს, ამ შემთხვევაშიც ოპონენტების მთავარი არგუმენტი შერჩევითი სამართალი და პრობლემის არასწორი აქცენტირებაა. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სვანეთში უბრალო მოსახლეობის, გლეხებისა და მცირე მეწარმეების „დაწიოკება” სისტემურ კრიზისს ვერ მოაგვარებს. ადგილობრივთა მტკიცებით, მსხვილი მაინერების ფერმები, რომლებიც მთელი სოფლების სამყოფ ელექტროენერგიას მარტო მოიხმარდნენ, რეალურად მმართველი ელიტის, გავლენიანი ჩინოვნიკებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მფარველობის ქვეშ მუშაობდნენ. ცნობილი ეკონომისტი და პარლამენტის ყოფილი წევრი, რომან გოცირიძე BMG-სთან ინტერვიუში არსებულ ვითარებას პირდაპირ და ღიად აფასებს და აღნიშნავს, რომ სვანეთში მხოლოდ „ლიფსიტები და ღორჯოებია”, მაშინ როდესაც ნამდვილი გიგანტური „ვეშაპები” თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში (თიზ) დაცურავენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან ასოცირდებიან:

„სვანეთში კრიპტომოპოვებას კრძალავენ. ეს ძალიან დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია. ნორმალური იქნებოდა, რომ სვანეთში ბიზნესი კი არ აეკრძალათ, არამედ დენის მოპარვა. ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, რადგან გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქმე. ლიფსიტებს კრძალავენ, ვეშაპები თავისუფლად დაცურავენ! სვანეთში არიან ლიფსიტები და ღორჯოები. ვეშაპი კრიპტოსაწარმოები კი თავისუფალ ზონებშია… მთავარი პრობლემა არის, რომ ყველა დიდი კრიპტოქარხნის უკან „ქართული ოცნების”, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ჩინოვნიკები დგანან. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტომაინინგით დაკავებული კომპანიების საქმიანობა კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს, რადგან მათზე საგადასახადო შეღავათები ვრცელდება, ისინი ნთქავენ გიგანტურ ელექტროენერგიას, ზიანს აყენებენ ეკონომიკას და არაფერს იხდიან ბიუჯეტში”, – განაცხადა გოცირიძემ.

აფხაზეთის ენერგეტიკული შავი ხვრელი: უფასო მიწოდება და კრიპტომაინინგის კატასტროფა

სვანეთის პარალელურად, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ყველაზე დიდ, ქრონიკულ და გადაუჭრელ პრობლემას ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონი წარმოადგენს. 1990-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ, მხარეებს შორის დაიდო არაოფიციალური შეთანხმება ქვეყნის უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტის – ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის განაწილების თაობაზე. მოლაპარაკების თანახმად, გამომუშავებული რესურსი უნდა გაყოფილიყო პროპორციით: 60% – თბილისს, ხოლო 40% – სოხუმს. თუმცა, ბოლო ათწლეულში, ოკუპირებულ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად კატასტროფულად და ანომალიურად გაიზარდა, რომ ამ პროპორციამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. დღესდღეობით, აფხაზეთი ყოველწლიურად ენგურჰესის მიერ გამომუშავებული დენის თითქმის 70-80%-ს მოიხმარს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, როდესაც გენერაცია მინიმუმამდე დადის.

ამ ანომალიის მიზეზი ადრე თუ მუქთა ელექტროენერგიით განათება და გათბობა იყო, ბოლო წლებში და უმთავრესი მიზეზი ისევ და ისევ კრიპტოვალუტის უკონტროლო, სამრეწველო მოპოვებაა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის ტარიფი მოსახლეობისთვის სიმბოლურია, ხოლო მისი ამოღების მექანიზმები პრაქტიკულად არ არსებობს. ამან რეგიონი აქცია გიგანტურ არალეგალურ კრიპტოპლატფორმად, სადაც ჩართულია ათიათასობით მაინერი. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), ენერგობაზრის ოპერატორისა (ესკო) და კვლევითი ორგანიზაციების (მაგალითად, IDFI) მონაცემებით, აფხაზეთის ენერგომოხმარებამ წლიურად 3 მილიარდ კილოვატ-საათს გადააჭარბა, რაც დედაქალაქ თბილისის მთლიან წლიულ მოხმარებას უთანაბრდება, მაშინ როდესაც რეგიონის მოსახლეობა და სამრეწველო პოტენციალი თბილისის მცირე ნაწილსაც კი არ შეადგენს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იძულებულია აფხაზეთი ელექტროენერგიით უფასოდ მოამარაგოს. როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, სახელმწიფო საკუთარი ბიუჯეტიდან, ანუ ქართველი გადამხდელების ჯიბიდან, აფინანსებს ეგრეთ წოდებულ „სალდო პარტნიორობას” და რუსეთიდან ყიდულობს ძვირადღირებულ დენს ოკუპირებული რეგიონის გამოსაკვებად. ეს არის კლასიკური ენერგეტიკული შავი ხვრელი, სადაც ქვეყნის სტრატეგიული ეკონომიკური რესურსი უბრალოდ ქრება, სანაცვლოდ კი ქართული სახელმწიფო არ იღებს არანაირ ფინანსურ თუ პოლიტიკურ დივიდენდს. ეს შეთანხმება მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის ენერგობაზარს და ხელოვნურად აძვირებს ტარიფებს დანარჩენი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ინფრასტრუქტურული კრიზისი: ენგურჰესის ხარვეზები და მოშლილი გენერაცია

ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მესამე უმძიმესი შემადგენელი ნაწილი თავად გენერაციის ობიექტების ტექნიკური და სტრუქტურული გაუმართავობაა, რაც მთლიანი სისტემის სტაბილურობას საფუძველს აცლის. ენგურჰესი, რომელიც საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურია და ქვეყნის შიდა გენერაციის მესამედზე მეტს უზრუნველყოფს, უნიკალური გეოპოლიტიკური და ტექნიკური სპეციფიკით ხასიათდება. მისი 271-მეტრიანი თაღოვანი კაშხალი მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე (წალენჯიხის მუნიციპალიტეტში), ხოლო ძალოვანი კვანძი და ხუთივე გენერატორი – ოკუპირებულ გალის რაიონშია განთავსებული.

ასეთი გეოგრაფიული გაყოფა ობიექტის მართვასა და მოდერნიზაციას უკიდურესად ართულებს. წლების განმავლობაში სადგური მუშაობს ამორტიზებული ინფრასტრუქტურის პირობებში. ობიექტის სადერივაციო გვირაბში არსებული მუდმივი წყლის გაჟონვები, ტურბინებისა და გენერატორების ცვეთა მნიშვნელოვნად ამცირებს ჰესის მარგი ქმედების კოეფიციენტს. მიუხედავად საერთაშორისო დონორების (EBRD) დახმარებით ჩატარებული რამდენიმე რეაბილიტაციისა, სადგურის სრული მოდერნიზება მაინც ვერ ხერხდება. ზამთრის პერიოდში, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის კრიტიკულ ნიშნულამდე (410 მეტრამდე) დაცემის გამო, ჰესი ხშირად იძულებულია მუშაობა ავარიულ რეჟიმში გააგრძელოს ან სრულად გაჩერდეს.

გარდა ენგურჰესისა, ქვეყანაში არსებული სხვა მცირე და საშუალო სეზონური ჰესებიც სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებიან. ქართული ჰიდროენერგეტიკა მთლიანად არის დამოკიდებული მდინარეების ბუნებრივ ჩამონადენზე, რაც ნიშნავს, რომ გაზაფხულსა და ზაფხულში ქვეყანას აქვს ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავება, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში – კატასტროფული დეფიციტი. ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ შექმნა მდგრადი რეზერვები, რის გამოც სისტემა მუდმივად მოწყვლადია.

საინვესტიციო არამიმზიდველობა: როგორ აფრთხობს არასტაბილურობა უცხოურ კაპიტალს

კრიპტოინდუსტრიის მიერ შექმნილი ქაოსი, საბაზრო ტარიფების არაპროგნოზირებადობა და ოკუპირებული ტერიტორიების უფასო დოტაცია პირდაპირ აისახება საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე. ქვეყნის ენერგეტიკული სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების (FDI) ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა, დღეს კაპიტალის მკვეთრ დეფიციტს განიცდის. საქსტატის ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ თუ 2017-2018 წლებში ენერგეტიკაში FDI-ს წლიური მოცულობა სტაბილურად აჭარბებდა 150-200 მილიონ აშშ დოლარს, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი დრამატულად შემცირდა და ზოგიერთ კვარტალში ნეგატიურ ნიშნულსაც კი მიაღწია (რაც ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაზე მიუთითებს).

საერთაშორისო მსხვილი ინვესტორებისთვის საქართველო სულ უფრო მაღალი რისკის ზონად იქცევა. პირველი და უმთავრესი შემაფერხებელი ფაქტორი არის სისტემური გამჭვირვალობის არარსებობა. მსხვილი ევროპული და ამერიკული საინვესტიციო ფონდები უარს ამბობენ მილიონობით დოლარის დაბანდებაზე ქვეყანაში, სადაც მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი შესაძლოა არალეგალური კრიპტოფერმების ან ოკუპირებული რეგიონების მიერ იქნას მიტაცებული ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

ამას ემატება ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა მსხვილ პროექტებთან მიმართებაში. „ნამოხვანჰესის” გარშემო განვითარებულმა სკანდალმა და ინვესტორთან ხელშეკრულების გაწყვეტამ, საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის, რეპუტაცია მძიმედ დააზიანა. უცხოური კომპანიები ხედავენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სამართლებრივ გარანტიებს და ხშირად პოპულისტური თუ კორუფციული ინტერესების გამო ცვლის თამაშის წესებს. კაპიტალის ასეთმა შიმშილმა ქვეყანა მანკიერ ეკონომიკურ ჩიხში მოაქცია: ახალი გენერაციის ობიექტები არ შენდება უსახსრობის გამო, ხოლო ძველი ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს კრიპტომაინინგით ხელოვნურად გაზრდილ შიდა მოხმარებას.

იმპორტზე დამოკიდებულება: რუსული ენერგეტიკული მახე

კრიპტომაინინგის უკონტროლო ზრდამ საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში ფიქსირდება საგანგაშო ტენდენცია – ელექტროენერგიის შიდა მოხმარება კატასტროფულად სწრაფი ტემპით იზრდება, მაშინ როდესაც ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა წლების განმავლობაში პრაქტიკულად პარალიზებულია.

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, ამ გიგანტური დეფიციტის შევსებას სახელმწიფო შიდა რესურსებით ვერ ახერხებს. შედეგად, საქართველო სრულიად დამოკიდებული გახდა ელექტროენერგიის გარე იმპორტზე, სადაც მთავარი სტრატეგიული მომწოდებელი რუსეთის ფედერაციაა. ქვეყანაში ყოველწლიურად შესყიდული იმპორტირებული ელექტროენერგიის ნახევარზე მეტი სწორედ რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაოსგან” მოდის.

ეს რეალობა ქვეყანას უმძიმეს გეოპოლიტიკურ კრიზისში აგდებს: ქართველი გადამხდელების ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი აშშ დოლარი ყოველწლიურად პირდაპირ გაედინება ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკაში, რათა სახელმწიფომ შეძლოს იმ დენის დეფიციტის დაბალანსება, რომელიც კრიპტოინდუსტრიამ და ოკუპირებული ტერიტორიების შენახვამ ხელოვნურად შექმნა. ფაქტობრივად, იქმნება მანკიერი წრე: საქართველო აფინანსებს რუსულ ენერგეტიკას, რათა შიდა ბაზარზე მყოფმა პრივილეგირებულმა ჯგუფებმა უზარმაზარი, გადასახადებისგან თავისუფალი მოგება ნახონ, აფხაზურმა მხარემ კი უფასო კრიპტომაინინგით მიიღოს მილიონობით დოლარის სარგებელი.

სვანეთში განხორციელებული საპოლიციო ოპერაციები, მესტიის სოფლებში მაცხოვრებლებისთვის აპარატების ჩამორთმევა და დაგვიანებული გამრიცხველიანების დაწყება მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ ენერგეტიკულმა კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. თუმცა, ეს მხოლოდ დაავადების სიმპტომების დროებითი ჩახშობაა და არა თავად მიზეზის მკურნალობა.

სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას, გადახედოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პრივილეგიებს ენერგომომარაგების ნაწილში, არ შეაჩერებს აფხაზეთის უფასო და უკონტროლო ენერგეტიკულ დოტაციას, არ გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს უცხოური კაპიტალის მოსაზიდად და არ დაიწყებს რეალურ, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ რეფორმებს ენგურჰესისა თუ ახალი მარეგულირებელი სადგურების მიმართულებით, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მუდმივი დარტყმის ქვეშ იქნება. კრიპტოქაოსისა და სისტემური კოლაფსის დასასრულებლად საჭიროა არა შერჩევითი სამართალი უბრალო მოქალაქეების მიმართ, არამედ ერთიანი, მკაცრი სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს კერძო თუ ოკუპაციური რეჟიმების ვირტუალურ გამდიდრებაზე მაღლა დააყენებს.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება,..

2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო

წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია...

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით – 2025

2025 წელს საქართველოში1 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი...

ბოლო სტატიები

როგორია საქართველოს წამყვანი აუდიტური კომპანიების მაჩვენებლები 2025 წლის შემოსავლების მიხედვით

2025 წლის ანგარიში მ/წლის 1 მაისს გამოქვეყნდა: https://saras.gov.ge/Content/files/SARAS%20AR25%20GE.pdf და ის, ტრადიციულად, ბევრ საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს.

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის ჩინური ვოიაჟები

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრა „სიურპრიზების გარეშე" წარიმართა. გიგანტთა მეთაურების მთავარი შეთანხმება ასეთია: „შეამცირებენ ზეწოლას პოლიტიკურ ურთიერთობებში".

ჩინოვნიკები ანაზღაურების გაზრდას კანონის შეცვლით აპირებენ

შემოდის ახალი ინიციატივა, რომ მინისტრების მოადგილეებს, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და მსგავსი მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს სახელფასო დანამატები და ჯილდოები დაუწესდებათ, რითაც მათი შემოსავალი საგრძნობლად მოიმატებს.