ჩინეთისთვის არქტიკის დათმობის პერსპექტივა
ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთმანეთის მიყოლებით ვიზიტებს, მასპინძელი მხარისთვის რადიკალურად განსხვავებული მასშტაბები და ეკონომიკური შედეგები უნდა ჰქონოდა. პირველი შთაბეჭდილებებით, აშშ-ის პრეზიდენტის სტუმრობამ კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების გლობალური სავაჭრო ბალანსი; რუსთა მმართველის ვიზიტს რაც შეეხება, აშკარა გახდა მოსკოვის მზარდი დამოკიდებულება სამხრეთელი მეზობლისადმი და ჩინეთის სიფრთხილე მასთან დაკავშირებული ენერგეტიკული მეგაპროექტების მიმართ.
ვიდრე პეკინში ჯერ ამერიკელთა, მერე კი რუსთა ლიდერის სტუმრობის დეტალებს მიმოვიხილავთ, მანამ თავად ჩინეთის ეკონომიკის თანამედროვე პრობლემებს შევეხოთ.
ზედაპირული ცვლილებები ჩინეთის ეკონომიკაში
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში სიდიდით მეორედაა მიჩნეული, ზოგიერთი მაჩვენებელი 2026 წლის დასაწყისში შენელებაზე მიუთითებდა. ერთ-ერთი მიზეზი ირანში ომი გახლავთ. ამავდროულად, აშშ-სა და ჩინეთის ლიდერებს შორის შეხვედრა ქვეყნებს შორის ზეწოლის შემცირებისა და ორმხრივი ვაჭრობის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
2026 წლის აპრილში ჩინეთის ეკონომიკამ იმპულსი დაკარგა. სამრეწველო წარმოება შემცირდა, ხოლო საცალო გაყიდვები ბოლო წლებში ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. ეს შედეგები ირანში ომს მიეწერება, რამაც ენერგომატარებლების ფასების ზრდა გამოიწვია. გარდა ამისა, ჩინეთი მუდმივად „ებრძვის” სუსტ შიდა მოთხოვნას, რადგან ჩინელები ნაკლებს ხარჯავენ, განსაკუთრებით მსხვილ შესყიდვებზე.
მაგალითად, აპრილში საცალო გაყიდვები, რომლებიც მოხმარების მაჩვენებელია, მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა. ეს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი სიდიდეა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა 2%-იანი იყო მოსალოდნელი, მარტის 1.7%-იანი მაჩვენებელიც კი პროგნოზებს ჩამორჩა.
მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ავტომობილების შიდა გაყიდვების ბაზარზეც. 2025 წლის აპრილთან შედარებით, შესყიდვები 21.6%-ით შემცირდა. მიუხედავად ავტობაზრების მცდელობისა, გააფართოონ სიმძლავრეები და გაყიდონ ავტომობილები საზღვარგარეთ, სექტორი უკვე მეშვიდე თვეა კლებულობს.
„2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საცალო გაყიდვების ზრდა მიუთითებს შინამეურნეობების მხრიდან მოთხოვნის კვლავ სუსტ მდგომარეობაზე, რადგან მომხმარებლები ხარჯებს უფრო მეტად ამახვილებენ შერჩეულ დისკრეციულ და ფუფუნების საგნებზე, ვიდრე ფართო მოხმარებაზე”, – აღნიშნავს ჩინეთის კონფერენციის საბჭოს მთავარი ეკონომისტი იუჰან ჟანგი.
იმავდროულად, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებლები უფრო ოპტიმისტური გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის მარტში ეს მაჩვენებელი 5.4%-ს აღწევდა, აპრილში სიტუაცია 0.2%-ით გაუმჯობესდა. თუმცა, ეს საერთო მდგომარეობას არ აუმჯობესებს. ეკონომიკა უარესდება ინვესტიციების შემცირების გამო. მაგალითად, 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების მკვეთრმა ვარდნამ (-13.7%-ით) კაპიტალდაბანდებების ჯამური მოცულობა 1.6% ით შეამცირა, რადგან ინფრასტრუქტურასა (4.3%) და წარმოებაში (1.2%) მხოლოდ მცირე ზრდა დაფიქსირდა.
ფოლადის წარმოება ამ შეფასებას ადასტურებს. წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, სექტორი 2.8%-ით შემცირდა. ეს ერთდროულად მიუთითებს აქტივობის შემცირებაზე არა მხოლოდ მრეწველობაში, არამედ მშენებლობაშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკა 2026 წლის პირველ სამ თვეში საერთო ჯამში 5%-ით გაიზარდა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზრდა არათანაბარია.
„ეკონომიკის სუსტმა ზრდამ და ინფლაციის ზრდამ შესაძლოა გაართულოს პოლიტიკის შემუშავება მომდევნო თვეებში”, – განმარტა ჩინეთის მთავარმა ეკონომისტმა ლინ სონგმა.
გარდა ამისა, არსებობს რისკები, რომლებიც დაკავშირებულია უძრავი ქონების ბაზარზე ვარდნასთან. განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩინეთის ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიურ განვითარებაზე და მიწოდების ჯაჭვის მართვაზე.
რა შეიცვლება ტრამპის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ
13-15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტი თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ შედგა. ბოლოს 2017 წლის ნოემბერში ასევე დონალდ ტრამპი თავისი პირველი პრეზიდენტობის ვადაში ეწვია ჩინეთს. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრა „სიურპრიზების გარეშე” წარიმართა. გიგანტთა მეთაურების მთავარი შეთანხმება ასეთია: „შეამცირებენ ზეწოლას პოლიტიკურ ურთიერთობებში”.
ამ ვიზიტისადმი თავდაპირველი მოლოდინი ძირითადად სავაჭრო დავებზე, ტარიფებსა და ტექნოლოგიურ შეზღუდვებზე უნდა ყოფილიყო დამყარებული. ამის ნაცვლად, ყურადღების ცენტრში ომი ირანში და გლობალური ენერგოდეფიციტის შესახებ შეშფოთება მოექცა.
„ჩვენ განვიხილეთ ირანი. ძალიან მსგავსი შეხედულებები გვაქვს იმის შესახებ, თუ როგორ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს”, – განუცხადა სი ძინპინის გვერდით მჯდომარე ტრამპმა ჟურნალისტებს 15 მაისს და განაგრძო: „ჩვენ არ გვინდა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ და გვინდა, რომ სრუტე გაიხსნას”.
შეხვედრამ, რომელიც გრანდიოზულ ცერემონიასა და ფრთხილ დიპლომატიას აერთიანებდა, რამდენიმე მოკრძალებული სავაჭრო შეთანხმება მოიტანა. მიუხედავად ორივე ლიდერის დადებითი ტონისა, BofA Global Research-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შედეგები მნიშვნელოვან გარღვევაზე კი არა, შეზღუდულ ტაქტიკურ პროგრესზე მიუთითებს.
სამიტზე მიღწეული ეკონომიკური შეთანხმებები პოლიტიკურად მიღწევად „სწრაფ გამარჯვებებს” მოიცავდა _ ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესყიდვის მნიშვნელოვანი ვალდებულებების სახით.
ჩინეთი დათანხმდა, რომ 2028 წლამდე ყოველწლიურად შეიძენს მინიმუმ 17 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, 2025 წლის ოქტომბერში დაპირებული 25 მილიონი ტონა სოიოს გარდა. ჩინეთმა ასევე განაახლა საექსპორტო ლიცენზიები საქონლის ხორცის გადამამუშავებელ 400-ზე მეტ ამერიკულ საწარმოზე და აღადგინა გარკვეული სახეობის ფრინველის ხორცის იმპორტი.
სამრეწველო სფეროში აღსანიშნავია 75 Boeing-ის თვითმფრინავისა და ძრავის პოტენციური შეკვეთები. არამგრძნობიარე სექტორებში ვაჭრობის რეგულირებისთვის, ქვეყნები აპირებენ შექმნან აშშ-ჩინეთის სავაჭრო საბჭო.ასევე გამოიკვეთა მაკროეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელო ცვლილებები. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ორივე მხარე იკვლევს ორმხრივი ტარიფების შემცირების შესაძლებლობას, დაწყებული დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის არაკრიტიკული საქონელბრუნვით.
ტექნოლოგიური პოლიტიკა კვლავ გაურკვევლობის მთავარ ფაქტორად რჩება ფართო საბაზრო განწყობისთვის. ჩინური კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეზღუდული გაყიდვების წინასწარი დამტკიცების შესახებ, ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრმა ბესენტმა აღნიშნა, რომ ბაზარზე წვდომის გაფართოების შესახებ დაუყოვნებლივი განახლებები არ არის მოსალოდნელი.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი ამჟამად, როგორც ჩანს, საკუთარი ჩიპების წარმოების განვითარებაზეა ორიენტირებული. ამავდროულად, ჩინეთი აპირებს, უპასუხოს აშშ-ის შეშფოთებას კრიტიკული მინერალებისა და იშვიათი ელემენტების მიწოდების ჯაჭვებთან დაკავშირებით.
ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით მხარეთა გეოპოლიტიკური დაახლოება მოულოდნელად გაძლიერდა. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ორივე მხარე ცალსახად შეთანხმდა, რომ ირანმა არასდროს არ უნდა შეიძინოს ბირთვული იარაღი და რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს ენერგომატარებლების თავისუფალი გადაზიდვის უზრუნველსაყოფად.
ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ამ მნიშვნელოვან საზღვაო დერეფანში ნებისმიერი გადასახადის სისტემის დანერგვის მიმართ და გამოთქვეს ინტერესი ამერიკული ნავთობის შესყიდვების გაზრდის თაობაზე.
მხარეთა შორის მოლაპარაკებებში კვლავ უთანხმოების მთავარ წყაროდ რჩება ტაივანი. თუ საკითხისადმი ოპონენტის მხრიდან მისი ქვეყნის ინტერესებისთვის მიუღებელი ქმედებები გამოიკვეთება, სი ძინპინი სერიოზული უკურეაქციით დაიმუქრა. თავის მხრივ, პრეზიდენტი ტრამპის თქმით, აშშ-ის პოლიტიკა ჩინეთის არამატერიკული ნაწილის მიმართ კვლავ უცვლელი რჩება; თუმცა, ტაივანისთვის შეთავაზებული 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღზე გარიგება შეაჩერა და ის მოსალაპარაკებელ კოზირად დაიტოვა.
„ციმბირის ძალა-2″ (СИЛА СИБИРИ-2) – რუსეთის ფინანსური არტერია
ტრამპის შემდეგ ჩინეთში პუტინის ვიზიტი, გარეგანი პომპეზურობით კი გამოირჩეოდა, მაგრამ მაინც არცთუ მნიშვნელოვანი შეთანხმების გარეშე დასრულდა. დასავლური მედიის ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მოსკოვის მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულება პეკინზე.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები თანასწორთა შეხვედრას ჰგავდა, ამ შეხვედრაზე სინამდვილეში თანასწორობა არ ყოფილა”, – იტყობინება The Wire China. ანალოგიური „აღმოჩენები” ჰქონდათ სხვა უცხოურ მედიასაშუალებებსაც.
რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების ცენტრალური თემა პროექტ „ციმბირის ძალა-2″-ის პირობები იყო. „გაზსადენი, რომლის მშენებლობაც მონღოლეთის გავლით იგეგმება, კრემლისთვის ერთგვარ აკვიატებად იქცა”, – აღნიშნავს The Wire China. გამოცემა ირწმუნება, რომ დასავლეთის სანქციების გამო, მოსკოვისთვის „ციმბირის ძალა-2″ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტია, არამედ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფინანსური არტერიაა.
როგორც Financial Times აღნიშნავს, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა პროექტის შესახებ კითხვებს საკმაოდ თავშეკავებულად უპასუხა და განაცხადა, რომ პროექტის ძირითად პარამეტრებთან – მარშრუტთან და მშენებლობის მეთოდთან დაკავშირებით ურთიერთგაგება მიღწეულია.
The Washington Post იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო ჩინეთის ლიდერის დარწმუნება ახალი მსხვილი გაზსადენის მშენებლობის აუცილებლობასა და რენტაბელობაში. ამან კიდევ უფრო გაუსვა ხაზი რუსეთის მზარდ დამოკიდებულებას მისი სამხრეთ მეზობლის გუნება-განწყობაზე.
The Wire China ხაზს უსვამს, რომ თუნდაც ჰორმუზის სრუტის დაკეტვის ფონზეც კი, ჩინეთისთვის რუსული გაზის საჭიროება არც ისე სასიცოცხლოა. პეკინმა დიდი ხანია დივერსიფიკაცია მოახდინა ენერგომომარაგების მხრივ და საჭირო ოდენობის თხევად ბუნებრივ აირს კატარისა და ავსტრალიისგან ყიდულობს. გამოცემა წერს, რომ ქვეყანა ასევე აშენებს ატომურ ელექტროსადგურებს და გასაოცარი მასშტაბით იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს. ამიტომაც, ჩინეთი მხოლოდ იაფი ენერგიითაა დაინტერესებული. მედიასაშუალების ანალიტიკოსთა რწმუნებით, სი ძინპინი მოლაპარაკებათა მაგიდასთან ჩინეთის მომგებიან პოზიციას მხოლოდ პუტინის ფინანსური კრიზისის მოსაგვარებლად არ შესწირავს.
მართლაც, პუტინთან 19 მაისის შეხვედრაზე ჩინეთის მეთაური უფრო მეტი კოზირით წარსდგა, ვიდრე შარშან სექტემბერში. რამდენიმე დღით ადრე პეკინში პრეზიდენტ ტრამპის მასპინძლობის შემდეგ, სი ძინპინის პოზიციები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. თუ აშშ ნაწილობრივ მაინც გახსნის თავის ბაზარს ჩინური ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის, პეკინის დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან ეკონომიკურ ურთიერთობებზე კიდევ უფრო შემცირდება.
რუსეთის მზარდი ეკონომიკური პრობლემები ჩინეთზე მის დამოკიდებულებას ზრდის. ეს კი, კრემლის მხრიდან თანასწორ პარტნიორად წარმოჩენის ილუზიას, სულ უფრო ასიმეტრიულ ურთიერთობად გარდაქმნის.
ბრიტანული Guardian-ი მიიჩნევს, რომ ჩინეთს, რომელსაც უზარმაზარი გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე, მცირე როლი აქვს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებში. იმავდროულად, პეკინი თავისი დასუსტებული პარტნიორისგან სულ უფრო ხელსაყრელ პირობებს ეძებს.
ჩინეთი რომ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისგან არცთუ უმნიშვნელო სარგებელს იღებს, იქიდანაც ჩანს, რომ მას სანქცირებულ მეომარ ქვეყანასთან ვაჭრობის საკმაოდ ფართო ქსელი აქვს გაბმული.
„ჩინეთი, რომელიც აშკარად და დემონსტრაციულად ვაჭრობს რუსეთთან, არა მხოლოდ თითქმის მონოპოლიას ფლობს რუსულ ნედლეულზე, მას საომარი ინდუსტრიის გასამართი ფულით ამარაგებს. და რატომ უნდა გაჩერდეს ჩინეთი? ის პოლიტიკურ ბენეფიტებს იღებს, ცვლის გლობალურ ლანდშაფტს, ხდება ბევრად უფრო პასუხისმგებლიანი და დომინანტი ლიდერი ამ სივრცეში, იღებს ეკონომიკურ სარგებელს რუსეთთან პირდაპირი თანამშრომლობით, იყენებს ქვეყნის სრულ დამოკიდებულებას ჩინეთის მონოპოლიაზე მომარაგების მხრივ და პრაქტიკულად სრულ წვდომას იღებს რუსეთის ნედლეულის ბაზარზე და რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ურალის მთებიდან დაწყებული, ჩინეთი მთელ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს აკონტროლებს. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლომდე არ მესმის, რატომ უნდა შეწყვიტოს თუნდაც სანქცირებულ აგრესორთან მომგებიანი ურთიერთობა, თუ შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან მნიშვნელოვანი კონტრგავლენა არ არის”, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიჰაილო პოდოლიაკი.
რაც შეეხება რუსეთთან ჩინეთის ურთიერთობის კიდევ ერთ სავარაუდო თანამშრომლობის სეგმენტს, The Wire China-ს მიხედვით, მორიგი ყველაზე დამაჯერებელი დათმობა არქტიკაზე წვდომის გახსნაა. გამოცემის ექსპერტების აზრით, კითხვა ის კი აღარ არის, გახდება თუ არა ჩინეთი არქტიკული ძალა რუსეთთან ურთიერთობის წყალობით, არამედ რამდენად სწრაფად მოხდება ეს და ვის პირობებზე.
ჩინეთის არქტიკულ ძალად გადაქცევის პერსპექტივა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც დონალდ ტრამპი ასე ხშირად საუბრობს გრენლანდიაზე.ვაშინგტონის გათვლებით, აშშ-ის კონტროლის ქვეშ გადასვლის შემთხვევაში, გრენლანდია ჩინეთ-რუსეთის „არქტიკული ღერძის” უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ საპირწონედ იქცევა.
ფრიდონ კერვალიშვილი

