Homeუცხოეთიელექტროსკუტერი - საცობებისაგან თავის არიდების არცთუ უსაფრთხო საშუალება

ელექტროსკუტერი – საცობებისაგან თავის არიდების არცთუ უსაფრთხო საშუალება

Published on

spot_img

ელექტროსკუტერით გადაადგილება, საქართველოს დიდ ქალაქებში ავტოტრანსპორტით გამოწვეული საგზაო საცობებისგან თავის არიდების ყველაზე პოპულარულ, ეკონომიურ და სწრაფ ალტერნატივად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „სქროლების” მომრავლებამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაწილობრივ განტვირთა, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მკაფიო კანონმდებლობის არქონის გამო, ამ ტრანსპორტით მოძრაობა მაინც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.

ქუჩები სრულად არ არის ელექტროსკუტერებისთვის ადაპტირებული. საამისოდ განკუთვნილი ველობილიკები მხოლოდ თითო-ოროლა ქუჩაზე გვხვდება (თბილისში – პეკინის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე; ქუთაისში – აღმაშენებლის გამზირზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩასა და ახალგაზრდობის გამზირზე; ბათუმში – ზღვისპირა ბულვარში) გვხვდება. სხვა ლოკაციებზე, „სქროლებით” მოსიარულეებს ხშირად ხალხმრავალ ტროტუარზე უწევთ გადასვლა, რაც ქვეითებისთვის სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.

ელექტროსკუტერი ახალ, მოდურ სატრანსპორტო საშუალებად ჩამოყალიბდა. მას ყველგან შეხვდებით – ქუჩებში, ჩიხებში, საცხოვრებელ კორპუსებთან. ადამიანები მათ სამსახურში თუ სკოლაში წასასვლელად იყენებენ, ზოგი სასეირნოდაც. ამ სახით არა, მაგრამ შიდაწვის ძრავიანი სკუტერები გასული საუკუნის დასაწყისიდან გამოიყენებოდა.

პირველი მოდელები და ადრეული ინოვაციები

პირველი ძრავიანი ორბორბლიანი ტრანსპორტი XIX საუკუნის ბოლოს, 1894 წელს გამოჩნდა, როდესაც გერმანულმა კომპანიამ – Hildebrand&Wolfmüller-მა მსოფლიოში პირველი მასობრივი მოტოციკლი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მას სკუტერის მსგავსი დაბალი ჩარჩო ჰქონდა და აღჭურვილი იყო 2.5 ცხენის ძალის მქონე ოთხტაქტიანი, ორცილინდრიანი ძრავით, ის მაინც მოტოციკლად ითვლებოდა. ეს მოდელი მხოლოდ 40 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებდა. შედარებით მაღალი ფასისა და კონსტრუქციული ხარვეზების გამო, მომხმარებელმა ის კარგად არ მიიღო, რის გამოც კომპანია მალევე გაკოტრდა და დაიხურა.

ტრანსპორტის ამ სახეობის დასახელება – „სკუტერი”, ამერიკაში დამკვიდრდა – ის ინგლისური ზმნიდან „to scoot” მოდის, რაც ჟარგონზე „ათესვას”, გაქცევას ნიშნავს. საინტერესოა, რომ 1910-იანი წლების მიწურულს, ამერიკაში ეს ტრანსპორტი თავდაპირველად ქუჩის მოზარდთა ბანდებში გახდა პოპულარული. ამ „თანაშემწით” შეიარაღებული მოზარდები შიშსა და ტერორს თესდნენ ქუჩის წვრილმან მოვაჭრეებში და დაუსჯელად გარბოდნენ დანაშაულის ადგილიდან. რადგან სკუტერით არა მხოლოდ ქურდბაცაცები, არამედ კანონმორჩილი მოქალაქეებიც, მათ შორის ფოსტალიონები და ექიმებიც დაინტერესდნენ, მწარმოებლებმა მათი მასობრივი გამოშვება დაიწყეს.

ნამდვილი მოტორიზებული სკუტერების ერა 1915 წელიდან იწყება, როდესაც ნიუ-იორკში კომპანია Autoped Company of America-მ პირველი სამომხმარებლო სკუტერის – „ავტოპედის” მასობრივი წარმოება დაიწყო. „ავტოპედი” გამოირჩეოდა პაწაწინა ბორბლებით, კორპუსით დაფარული უკანა ბორბალით, ფეხის დასადგამი დაბალი პლატფორმით, დასაკეცი საჭით და 1.5 ცხენის ძალის მქონე ძრავით. თუმცა, ასეთი მანქანით მომხმარებელი დიდ მანძილზე მგზავრობას ვერ ახერხებდა, რადგან მას სავარძელი არ ჰქონდა და ფეხზე დგომით მალე იღლებოდა. ამიტომ, ინგლისელმა გამომგონებელმა გრენვილ ბრედშოუმ არსებული ხარვეზი გაითვალისწინა და 1919 წელს შექმნა მოდელი ABC Scootamota, რომელსაც უკვე ჰქონდა კომფორტული სავარძელი და მის უკან დამონტაჟებული 125 სმ3 მოცულობის ერთცილინდრიანი ძრავა.

1936 წელს სამომხმარებლო ბაზარზე გამოჩნდა ამერიკული მოდელი Motor Glide, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სკუტერების მახასიათებლებს. კალიფორნიული კომპანიის ნაწარმმა დიდი წარმატება მოიპოვა, რადგან მას ჰქონდა სტაბილური კონსტრუქცია, პატარა, 5-დიუმიანი ბორბლები, ორტაქტიანი ძრავა და, რაც მთავარია, ავტომატური გადაცემათა კოლოფი. სკუტერი 100 კმ-ზე მხოლოდ 3.5 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ამ ტიპის ტრანსპორტზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც მის მწარმოებლებს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა.

სკუტერმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარების უფრო მაღალ დონეს მიაღწია. ქარხნები, რომლებიც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსზე იყვნენ ორიენტირებულნი, იძულებული გახდნენ სამოქალაქო წარმოებაზე გადართულიყვნენ. მაგალითად, იაპონიაში სკუტერ Mitsubishi Silver Pigeon-ის დასამზადებლად საბრძოლო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი მასალები გამოიყენებოდა. ბორბლების საგენგებოდ დამზადებაც კი არ გამხდარა საჭირო – მათ ფუნქციას თვითმფრინავების სავალი ნაწილის (შასის) პატარა საბურავები ასრულებდა.

სკუტერებისადმი მოთხოვნა და ინტერესი განახლდა 1970-იანი წლების ბოლოს, როდესაც წარმოებაში იაპონური კომპანია Yamaha ჩაერთო. 1977 წელს შექმნილი მოდელი Passol S50 იმ დროის ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ის იყო მსუბუქი, ჭუჭყისა და წყლის მიმართ გამძლე, ჰქონდა ელეგანტური დიზაინი, ადგილი ბარგისთვის და, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ფასიც. სკუტერი საკმაოდ მარტივი სამართავი იყო, რადგან კონტროლის ყველა ელემენტი საჭეზე, ხელთან მდებარეობდა.

ბატარეების ევოლუცია და საწყისი ელექტრომცდელობები

XX საუკუნის ბოლომდე სკუტერების უმეტესობა შიგაწვის (ბენზინის) ძრავაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც დღის წესრიგში ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარება დადგა, ფრანგულმა კომპანია Peugeot-მ 1996 წელს პირველი მასობრივი ელექტროსკუტერი Scoot`Elec გამოუშვა. ეს მოდელი თავად Peugeot-ს წარმოების ბენზინისძრავიანი სკუტერის, Zenith-ის ბაზაზე იყო შექმნილი, რომლისგანაც კორპუსის პანელები და დაკიდების (ამორტიზაციის) სისტემის ნაწილები მემკვიდრეობით მიიღო. მას 2.8 კვტ (3.8 ცხენის ძალა) სიმძლავრის მუდმივი დენის ძრავა ამოძრავებდა, რომელიც კომპანია Saft-ის წარმოების ნიკელ-კადმიუმის 3 მონობლოკისგან იკვებებოდა და 18-ვოლტიან, 100-ამპერსაათიან აკუმულატორს ქმნიდა. სკუტერის ორმაგი ჩარჩოს (Double Cradle) წყალობით, ელემენტები განთავსებული იყო საკმაოდ დაბლა – მძღოლის ფეხებს შორის და მათ უკან, რაც სიმძიმის ძალიან დაბალ ცენტრს უზრუნველყოფდა. ელექტრონული მართვის ბლოკი და ბორტზე დამონტაჟებული დამტენი კი, სავარძლის ქვეშ იყო მოთავსებული.

გასული საუკუნის განმავლობაში ელექტროსკუტერები ძირითადად ბავშვების გასართობად და აქტიური დასვენებისთვის გამოიყენებოდა. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში (მაგალითად, ჩეხეთში, პოლონეთში, ავსტრალიაში) სკუტერებს სპორტისთვის, ყოველდღიური მოხმარებისთვის და ქალაქში გადაადგილებისთვის ადრეც იყენებდნენ.

ნამდვილი რევოლუცია 2009 წელს მოხდა, როდესაც კომპანია INOKIM-ის Quick სერიაზე მუშაობისას, ისრაელელმა დიზაინერმა ნიმროდ რიკარდო საპირმა (Nimrod Riccardo Sapir) მსოფლიოში პირველი დასაკეცი ელექტროსკუტერი შექმნა. ამ მოდელის მთავარი ღირსება ის იყო, რომ იგი აღჭურვეს ლითიუმ-იონური ბატარეით, რაც შემდგომში ამ ინდუსტრიის მთავარ გლობალურ სტანდარტად ჩამოყალიბდა.

თანამედროვე სკუტერების კონსტრუქციაში ორი ძირითადი მიმართულება არსებობს: დამატებითი ძრავით (ელექტროძრავით ან შიგაწვის ძრავით) აღჭურვილი და უძრავო მოდელები. ძრავის გარეშე შექმნილი სკუტერები ბევრად მსუბუქი, კომპაქტური და მარტივად დასაკეცია. რაც შეეხება ძრავით აღჭურვილ მოდელებს, მათი განვითარება გაცილებით მრავალფეროვანი აღმოჩნდა. დღეს ბაზარზე გვხვდება როგორც შიგაწვის ძრავის და ელექტროძრავის მქონე, ისე პედლებით, ინერციული ამძრავით და მაყუჩით აღჭურვილი ბენზინისძრავიანი სკუტერებიც კი. საჭირო კომპონენტების – ბორბლების, ელემენტებისა და მსუბუქი კონსტრუქციული მასალების ფართოდ ხელმისაწვდომობამ წარმოება კიდევ უფრო გააადვილა. შედეგად, დამატებითი ძრავით აღჭურვილი სკუტერები გამოჩნდა როგორც სამხედრო სამსახურში, ისე მოტოკროსის რბოლებში, დღეს კი ისინი თანამედროვე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის მოდურ გაჯეტებად იქცა.

შიდასაქალაქო ტრანსპორტად გადაკვალიფიცირება, კომერციალიზაცია და უცხოური გამოცდილება

ელექტროსკუტერების ფართო პოპულარობის მოპოვება სწორედ მათმა სრულფასოვან საქალაქო ტრანსპორტად ჩამოყალიბებამ გამოიწვია. ინდუსტრიამ პიკს მთელს მსოფლიოში ელექტროსკუტერების გაქირავების (ე.წ. სკუტერშერინგის) სერვისების გაჩენით მიაღწია. ბაზრის პიონერებს შორის იყვნენ ამერიკული კომპანიები Bird და Lime შეერთებულ შტატებში, რომლებმაც თავიანთი სისტემები აშშ-ის ქალაქებში 2017 წელს აამუშავეს. სკუტერების გაქირავების პირველი მოდელები გარკვეულწილად ჰგავდა ქალაქებში მანამდე არსებულ ველოსიპედის გაზიარების სისტემებს: ასობით ელექტროსკუტერი გაჩერებული იყო სპეციალურ გაქირავების სადგურებზე, სადაც საათობრივი ან დღიური ტარიფები მოქმედებდა. მიკრომობილობის ბაზრის ამ სეგმენტმა დიდი ტექნოლოგიური წინსვლა განიცადა 2018 წლიდან, როდესაც სადგურები საერთოდ გაუქმდა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში ე.წ. უსადგურო ელექტროსკუტერები გამოჩნდა, რომელთა დატოვებაც ნებისმიერ წერტილში გახდა შესაძლებელი.

თუმცა, უსადგურო სისტემამ ახალი პრობლემები წარმოშვა, რის გამოც აშშ-ის რამდენიმე ქალაქმა უსაფრთხოების საკითხების მოსაგვარებლად მკაცრი რეგულაციები შემოიღო. 2018 წლის მაისში, სან-ფრანცისკოში ელექტროსკუტერების პირველი მასობრივი გაშვებიდან მალევე, მერიამ კომპანიებს – Bird-ს, Spin-სა და Lime-ს გაქირავების სასწრაფოდ შეწყვეტა უბრძანა. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მცხოვრებლებისგან 1900-მდე საჩივარი შევიდა. მოქალაქეები ტროტუარებზე ქაოსურად და უკანონოდ გაჩერებული სკუტერებით გამოწვეულ გადატვირთვას და ფეხით მოსიარულეების შეფერხებას აპროტესტებდნენ.

2019 წლის სექტემბერში საფრანგეთმა ელექტროსკუტერებით გადასაადგილებლად ტროტუარების გამოყენება აკრძალა; ამ წესის დამრღვევ მომხმარებლებს 135 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკისრებათ. ანალოგიური შეზღუდვა სინგაპურმა, 2019 წლის ნოემბერში, მას შემდეგ შემოიღო, რაც სკუტერის მონაწილეობით მომხდარი ავარიის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში, კანონის დამრღვევს 2000 სინგაპურული დოლარის (დაახლოებით 1545 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა ან/და 3 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული ავარიების რაოდენობის ზრდისა და ამ ტიპის ტრანსპორტის არასაკმარისი რეგულირების გამო, მსოფლიოს მრავალ ქალაქში აქტიურად განიხილება მათი სრული აკრძალვის ან გამოყენების შეზღუდვების საკითხი. ზოგი ქვეყანა აწესებს ასაკობრივ და სიჩქარის ლიმიტებს, ავალდებულებენ მფლობელს სკუტერის დაზღვევას და მოუწოდებენ ჩაფხუტის ტარებისკენ. მაგალითად, პარიზში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, 2023 წლის სექტემბრიდან ქალაქში ელექტროსკუტერების გაქირავება აიკრძალა, თუმცა, კერძო მფლობელებისთვის ზემოთ ნახსენები წესები არ შეცვლილა. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს მელბურნშიც, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის დაუშვებელი რისკის გამო, 2024 წლის აგვისტოდან სკუტერების გაქირავება აიკრძალა.

ქართული რეალობის სპეციფიკა

საქართველოში ვიდრე რაიმე სახის აკრძალვები ამოქმედდება, ყველაფერი ისე მიდის, როგორც სხვაგან დაიწყო. დღეს ე.წ. სკუტერშერინგის (გაზიარების) ყველაზე პოპულარული პლატფორმები Scroll-ი და Bolt-ია. სხვათა შორის, ელექტროსკუტერების ქართული სალაპარაკო საზოგადო სახელი სწორედ გაზიარების პირველი სერვისის – „სქროლის” სახელწოდებიდან დამკვიდრდა.

აღნიშნული პლატფორმების მობილური აპლიკაციების საშუალებით, მომხმარებელს უმარტივდება ახლომდებარე სასურველი ტრანსპორტის პოვნა. როგორც „სქროლის” ვებგვერდზეა აღნიშნული, გამქირავებელ კომპანიებს მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტად აქვთ დასახული. ამიტომაც, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სკუტერის უსაფრთხო მართვის რეკომენდაციები ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადონ.

ელექტროსკუტერის მართვა მარტივი და სახალისო ჩანს, თუმცა, ქალაქებში არსებობს სხვადასხვა დაბრკოლება, რომელმაც ახალბედა სქროლერი შესაძლოა შეაფერხოს. „Scroll-ის მართვის აკადემია” სპეციალური შემეცნებითი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს სკუტერის მართვას უსაფრთხო გარემოში ასწავლის, სადაც სატესტო გასქროლვა დამწყებებს გაცილებით უადვილდებათ. მსმენელებს ასევე უხსნიან კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობისთვის სავალდებულო ფუნდამენტურ წესებს:

სკუტერზე მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იდგეს;

მართვა ნებადართულია მხოლოდ 18 წლის ასაკიდან;

მგზავრობისას რეკომენდებულია ჩაფხუტის ტარება;

სკუტერის მართვისას არ უნდა გამოიყენოთ ყურსასმენები;

საჭე ყოველთვის ორივე ხელით უნდა გეკავოთ;

კატეგორიულად აკრძალულია სკუტერის არაფხიზელ მდგომარეობაში ტარება;

მძღოლი ვალდებულია მკაცრად დაიცვას საგზაო მოძრაობის საერთო წესები…

ვიდრე ჩვენს ქალაქებში ელექტროსკუტერზე „ამხედრებულები” სათანადო ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ალბათ გარკვეული (თუ დიდი არა) დრო კიდევ გავა. მართალია, „სქროლვით” გადაადგილებას ჯანსაღი ცხოვრების წესთან ბევრი საერთო არ აქვს, თუმცა ნამდვილად ხელს უწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამიტომაც, კერძო ბიზნესის ხელშეწყობის და მგზავრთა ინტერესების დაცვის მიზნით, ამ პრობლემის დროულად და კოორდინირებულად გადაჭრა, ადგილობრივი თვითმმართველობის პრიორიტეტული ამოცანა უნდა გახდეს.

ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ივნისის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ნათია თურნავამ ბაზელში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის მიზანია ხელი შეუწყოს ცენტრალურ ბანკებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას. ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციების განხილვას ეძღვნება,..

2025 წელი საქართველოს საპენსიო ფონდისთვის რეკორდული საინვესტიციო შედეგების წელი იყო

წლის განმავლობაში ფონდის საინვესტიციო ამონაგებმა 796.0 მლნ ლარს მიაღწია, რაც ფონდის ისტორიაში ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებელია...

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების მიზეზების მიხედვით – 2025

2025 წელს საქართველოში1 44 319 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 348 ერთეულით (0.8%) მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის შესაბამისად, გარდაცვლილთა 37.7 პროცენტი და 15.5 პროცენტი...

სხვა სტატიები

კუბის კრიზისი  –  რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ენერგეტიკულ კოლაფსს

კუბაში 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისია, რომელმაც კუნძულზე სოციალისტური მოდელის სრული პარალიზება გამოიწვია.

ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა

ამერიკელი ტექნოლოგიური მაგნატი და ინოვატორი ილონ მასკი ოფიციალურად გახდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც 1.1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

შემოსავლების ვარდნა და რეკორდულად გაზრდილი საბიუჯეტო დეფიციტი რუსეთში

2026 წლის მაისის მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკამ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების ზრდისა და ენერგორესურსების ექსპორტის წყალობით ზრდას აჩვენებდა, მნიშვნელოვანი ვარდნა დაიწყო. რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) პირველ კვარტალში 0,3%-ით შემცირდა. რუსეთის ცენტრალური ბანკის 7 მაისის ანგარიშის მიხედვით, კლება უფრო მაღალია - 0,5%.