საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
− ფინანსთა მინისტრის მიერ 23.06.2026-ში მიღებული #196 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ~ ინსტრუქციაში, რომელიც ძალაში შედის მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან.
ცვლილების თანახმად, პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი და აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს, მის დასალუქად საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება უქმდება. ასევე, ბრძანების მიხედვით შესაბამის პირებს შესაძლებლობა აქვთ შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა აწარმოონ ელექტრონული ფორმითაც.
28-ე მუხლის პირველი პუნქტი:
„1. პირი, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის გამარტივებული წესი (შემდგომში – გამარტივებული აღრიცხვის წესი), აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის წიგნს (შემდგომში – აღრიცხვის წიგნი) #II-02 დანართის მიხედვით, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების საფუძველზე აისახება საანგარიშო (საგადასახადო) პერიოდის ყველა სამეურნეო ოპერაცია, აღნიშნული წიგნი შესაძლებელია იყოს როგორც ქაღალდზე ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმის~.
დაკორექტირდა რამდენიმე პუნქტი, რომელთა მიხედვითაც:
– პირს, საგადასახადო წლის მიხედვით, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს ერთი აღრიცხვის წიგნი. ამასთან, გადამხდელს საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით (რამდენიმე სტაციონარული ობიექტის არსებობა და მათი რეგიონების მიხედვით გადანაწილება და სხვა), შესაძლებელია ჰქონდეს ერთზე მეტი აღრიცხვის წიგნი.
– აღრიცხვის წიგნი იხსნება ერთ კალენდარულ წელზე, იგი უნდა იყოს ზონარგაყრილი და დანომრილი (გარდა ელექტრონული ფორმისა). ზონარგაყრილი და დანომრილი წიგნის ბოლო გვერდზე აღინიშნება მასში არსებული ფურცლების რაოდენობა, რაც დამოწმებული უნდა იქნეს გადამხდელის ხელმოწერით და ბეჭდით (მისი არსებობის შემთხვევაში).
– წიგნში შეცდომების შესწორება უნდა იყოს დასაბუთებული შესწორების თარიღის მითითებით, ქაღალდზე ნაბეჭდის შემთხვევაში, ასევე დამოწმებული გადამხდელის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
– მე-4 სვეტში – საქონლის რეალიზაციიდან (მოწოდებიდან) ან მომსახურების გაწევიდან, აგრეთვე არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სარგებელი. თუ გადამხდელის საქმიანობა დაკავშირებულია მომხმარებელთა დიდ რიცხოვნობასთან, მას უფლება აქვს წიგნის მე-4 სვეტში მონაცემები ყოველდღიური ჯამური შემოსავლების შესახებ, ასახოს სამუშაო დღის ბოლოს საკონტროლო სალარო აპარატის ყოველდღიური მაჩვენებლის მიხედვით.
_ 11.06.2026-ის #180 ბრძანებით, ინსტრუქციის მე-7 მუხლს დაემატა „ო-ს~ ქვეპუნქტები, რომელთა მიხედვითაც აქტიური გადამხდელის სტატუსი გადასახადის გადამხდელს ასევე ენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირობის არსებობისას.
კერძოდ, თუ:
„ო) გადასახადის გადამხდელის სახელზე დარეგისტრირდა პოს-ტერმინალი/მობილური პოს ტერმინალი/ელექტრონული კომერციის ტერმინალი, რომლის რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
პ) საწარმოს/ორგანიზაციას უფიქსირდება საბანკო ანგარიშის გახსნა, რომელიც აქტიურია ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
ჟ) გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილია საგადასახადო დოკუმენტი (სდ);
რ) გადასახადის გადამხდელს მიენიჭა მიკრობიზნესის/მცირე ბიზნესის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი, რომელიც არ არის გაუქმებული ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის;
ს) გადასახადის გადამხდელი დარეგისტრირდა დღგ ის გადამხდელად და ეს რეგისტრაცია გაუქმებული არ არის ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის მინიჭების თარიღისთვის.~
ფინანსთა მინისტრის ბრძანება #994
_ 24.06.2026-ის #199 ბრძანებით, ცვლილებები შევიდა „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესში~.
ცვლილების თანახმად, როდესაც მწარმოებელი ახდენს აქციზური მარკით ნიშანდებული, საქართველოში წარმოებული ნაწარმის ჩამოწერას, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია განახორციელოს ადგილზე გასვლითი დათვალიერება.
შემოწმების პროცესი ეფუძნება შერჩევითობის პრინციპს:
დათვალიერებას ექვემდებარება ჩამოსაწერი ნაწარმის საერთო რაოდენობის არანაკლებ 2%.
თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, წესი უფრო დეტალურია: შერჩევა ჯერ ხდება უდიდესი შეფუთვის (ყუთის) მიხედვით, ხოლო შემდეგ თითოეული ამ ყუთიდან მოწმდება უმცირესი შეფუთვების (კოლოფების) არანაკლებ 2%.
სიახლეა „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის დოკუმენტის~ (დანართი #24) შევსების წესშიც.
გადასახადის გადამხდელმა, ჩამოწერის მიზნით, სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, უნდა შეავსოს ცხრილის პირველი–მე-7 და მე-10 სვეტები.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა აქციზურ მარკებს, ჩამოწერის დოკუმენტის მე-8 გრაფაში სავალდებულოა მიეთითოს აქციზური მარკების სერიული ნომრები ან მათი დიაპაზონი.
ეს მოთხოვნა ვრცელდება ყველა აქციზურ ნაწარმზე, გარდა ლუდისა.
ჩამოწერის დოკუმენტის ახალი ფორმა:
განახლებული დანართი #24 წარმოადგენს დეტალურ დოკუმენტს, სადაც ასახული უნდა იყოს ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის, პროცედურაში მონაწილე პირებისა და მოწვეული სპეციალისტების შესახებ.
დოკუმენტში მკაფიოდ უნდა მიეთითოს ჩამოსაწერი ფასეულობების გაუვარგისების მიზეზები, როგორიცაა: ვადის გასვლა, მტვრევა, გაფუჭება და სხვა.
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი თავის მხრივ ავსებს ინფორმაციას ფაქტობრივად აღწერილი და განადგურებული (ან შესაბამისი ორგანიზაციისთვის გადაცემული) საქონლის რაოდენობის შესახებ. დოკუმენტი დასტურდება მხარეების ხელმოწერებით, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ დადასტურებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი საფუძვლის მითითება.
სხვა ცვლილებები
_ პარლამენტის მიერ 25.06.2026-ში მიღებული #1794-Vმს-XIმპ კანონი მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც ეხება საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვას, უნებართვო მშენებლობებსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფლებამოსილებების გაზრდას, კანონი ამოქმედდება მიმდინარე წლის 28 სექტემბრიდან.
ახალი სანქციები საგზაო ინფრასტრუქტურის ხელყოფისთვის:
კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, მკაცრდება სანქციები საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. კერძოდ, 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს შემდეგი ქმედებები:
საავტომობილო გზასთან სხვა გზის თვითნებური მიერთება;
გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარედ ობიექტის უნებართვო მშენებლობა;
სარეკლამო აბრების, პლაკატებისა და არასტანდარტული საგზაო ნიშნების უნებართვო განთავსება;
გზის თვითნებური გადათხრა ან სამუშაოების პირობების დარღვევა.
სამშენებლო საქმიანობა გზისპირა ზონებში (მუხლი 1942):
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულ გზებსა და გზისპირა ზონებს. ამ ტერიტორიებზე შეუთანხმებელი მშენებლობისთვის დადგენილია შემდეგი ჯარიმები:
პირველადი დარღვევა: 2 000 ლარი.
განმეორებითი დარღვევა: 4 000 ლარი.
გზის ან მისი ნაწილის დაზიანება: თუ უნებართვო მშენებლობას გზის დაზიანება მოჰყვა, ჯარიმა 20 000 ლარამდე იზრდება.
განმეორებითი დაზიანება: პირველადი ჯარიმის ორმაგი ოდენობა.
ამ მუხლის მიზნებისთვის, სამართალდამრღვევად შეიძლება მიიჩნეს როგორც მშენებლობის ნებართვის მფლობელი, ისე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე (თუ უშუალო შემსრულებელი ვერ დგინდება).
სამინისტროს გაზრდილი უფლებამოსილებები:
ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოს ენიჭება უფლება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამართალდარღვევის საქმეები, შეადგინოს ოქმები და გამოსცეს დადგენილებები, მათ შორის ელექტრონული ფორმით.
ასევე, სამინისტროს უფლება აქვს, გზის საფარის გაჭუჭყიანების ან სამშენებლო მასალის დაყრის შემთხვევაში, გამოსცეს ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს წარმოადგენს.
დოკუმენტაციის ჩაბარების ახალი წესი:
მნიშვნელოვანი სიახლეა დოკუმენტაციის ჩაბარების პროცედურაში. თუ სამართალდამრღვევი არ იმყოფება ობიექტზე ან უარს აცხადებს დოკუმენტის მიღებაზე, საჯარიმო დადგენილება შეიძლება განთავსდეს სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე (მაგალითად: საინფორმაციო დაფაზე, ღობეზე ან ფასადზე). დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა განთავსებიდან მე-7 დღეს.
სხვა შემთხვევებში, თუ ფოსტით ჩაბარება ორჯერ ვერ მოხერხდა, დოკუმენტი ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საჩივრის განხილვა და მონაცემთა ხელმისაწვდომობა:
სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება შესაძლებელია თავად ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რაც აჩერებს აღსრულების პროცესს გადაწყვეტილების მიღებამდე.
სამართალდამრღვევთა იდენტიფიცირებისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია სამინისტროს მიაწოდოს აუცილებელი პერსონალური მონაცემები, რომელთა სხვა პირებისთვის გადაცემა დაუშვებელია.
სისუფთავე მაგისტრალებზე: საავტომობილო გზების დეპარტამენტი ნარჩენების მართვის პროცესში ერთვება
_ პარლამენტის მიერ 25.06.2026-ში მიღებული #1795-Vმს-XIმპ კანონის საფუძველზე ცვლილებები შევიდა ნარჩენების მართვის კოდექსში.
კანონის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები მიენიჭა.
რა იცვლება კანონმდებლობაში?
აქამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, კოდექსის 47-ე მუხლში შესული ცვლილებები დეპარტამენტის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, პირდაპირ მოახდინონ რეაგირება იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც მათ მართვაში არსებულ გზებსა თუ მათ შემადგენელ ნაწილებზე ხდება.
კერძოდ, დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ეძლევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება, თუ დარღვევა ჩადენილია სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან თუ ის უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) დანაგვიანების ფაქტს. ეს ცვლილება მნიშვნელოვნად ოპერატიულს გახდის რეაგირების მექანიზმს მაგისტრალებზე.
აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილება მხოლოდ ოქმის შედგენით არ შემოიფარგლება. კანონის ახალი რედაქციით, მათ ასევე აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების (ჯარიმების) დადების უფლებაც. ეს ნიშნავს, რომ უწყება თავად მართავს პროცესს იმ დარღვევებზე, რომლებიც უშუალოდ საავტომობილო გზების ტერიტორიაზე ფიქსირდება.
კონკრეტულად რისთვის დაჯარიმდებიან მოქალაქეები?
კანონი მკაცრად განსაზღვრავს იმ მუხლებს, რომელთა აღსრულებაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაევალა. ესენია:
მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება (მაგალითად, ავტომობილიდან გადაგდებული ნაგავი);
სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურება;
გარემოს დაბინძურება ფეკალური მასით, კანალიზაციით ან შლამით;
ცხოველის სხეულის ნარჩენით დანაგვიანება;
დარღვევები ნარჩენების ტრანსპორტირებისას, რასაც გარემოს დაბინძურება მოჰყვება;
ზოგადად, ნარჩენების ტრანსპორტირების წესის დარღვევა.
აღსრულების მექანიზმი და ვადები
იმისათვის, რომ ახალი სისტემა გამართულად ამუშავდეს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, განსაზღვრავს საჯარიმო ქვითრის ფორმას, მისი შევსებისა და წარდგენის წესს.
კანონი ამოქმედდება მიმდინარე წლის 29.09-დან.
ცვლილებები სათამაშო ბიზნესის სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონში
_ 25.06.2026-ში მიღებული #1824-Vმს-XIმპ კანონის საფუძველზე ცვლილება შევიდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ~ კანონში. განხორციელებული ცვლილებები აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის სფეროში ახალი ტიპის საქმიანობების ლიცენზირებასა და მოსაკრებლის გადახდის წესებს.
ახალი სანებართვო მოსაკრებლები
შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისთვის. კერძოდ, წელიწადში 100 000 ლარი დაწესდა შემდეგი საქმიანობებისთვის:
– სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;
– სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება;
– სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება.
გადახდის წესი და ვადები:
სანებართვო მოსაკრებელი შეიძლება გადაიხადოს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით. კანონი
ადგენს, რომ სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, ტოტალიზატორისა და სხვა მსგავსი საქმიანობების, მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელებს უფლება აქვთ მოსაკრებელი გადაიხადონ ყოველწლიურად.
ამასთანავე, მოქმედებს შემდეგი პირობები:
– ნებართვის მისაღებად პირველი წლის მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს წინასწარ, ნებართვის გაცემამდე.
– მომდევნო წლების გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა.
– თუ ნებართვა გაცემულია სხვა არსებული ნებართვის საფუძველზე (მაგალითად, სამორინის ან სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის ბაზაზე), პირველი წლის მოსაკრებელი სრულად გადაიხდება მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების რაოდენობის მიუხედავად.
ნებართვის გაუქმება:
კანონმდებლობა ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც ხდება ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმება. ასეთ დროს, ნებართვის მფლობელს აღარ ეკისრება სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება. აღნიშნული წესი ვრცელდება როგორც ფიზიკურ ლოკაციებზე (სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი, ტოტალიზატორი), ისე სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობების ორგანიზებაზე.
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა: რა უნდა იცოდნენ ბენეფიციარებმა
_ პარლამენტის მიერ 24.06.2026-ში მთავრობის მიერ მიღებული #285 დადგენილებით, დამტკიცდა „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა~.
მოცემული დოკუმენტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას და ადგენს ახალ რეგულაციებს პოტენციური ბენეფიციარებისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის პირობები და შეზღუდვები:
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ:
– დავებისა და დარღვევების არქონა: პროგრამაში მონაწილეობას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც სოფლის განვითარების სააგენტოსთან არ აქვთ მიმდინარე სახელშეკრულებო დარღვევა ან სასამართლო დავა.
– დაფინანსების წყაროები: პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხა არ შეიძლება იყოს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის~ ფარგლებში გაცემული ის სესხი, რომელიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე იქნა აღებული.
კავშირი პროგრამასთან „დანერგე მომავალი~ და სხვა კომპონენტები:
ახალი პროგრამა ითვალისწინებს გარკვეულ დათქმებს იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მანამდე პროგრამის „დანერგე მომავალი~ ფარგლებში დაფინანსდა. კერძოდ, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტში მონაწილეობა იმავე ნაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურებიდან გასულია ხუთი წელი.
გარდა ამისა, პროგრამა მოიცავს სასაკლაოს მოწყობისა და მოდერნიზების კომპონენტს. ამ შემთხვევაში, პროექტების დაგეგმარებასა და შეთანხმებას უზრუნველყოფს სურსათის ეროვნული სააგენტო.
პროგრამების კონსოლიდაცია და გაუქმებული დადგენილებები:
ახალი პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, ძალადაკარგულად გამოცხადდა 15 სხვადასხვა დადგენილება, რომლებიც მანამდე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგს არეგულირებდა:
„დანერგე მომავალი~ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილება.
„სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან~ დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აგვისტოს №277დადგენილება.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის~ დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №20 დადგენილება.
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილება.
„მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 1 აგვისტოს №249 დადგენილება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №73 დადგენილება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 მარტის №99 დადგენილება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 21 მარტის №137 დადგენილება.
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილება.
„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 მარტის №150 დადგენილება.
„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მაისის №265 დადგენილება.
„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 ივლისის №326 დადგენილება.
„თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით~ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 ივნისის №252 დადგენილება.
„თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 თებერვლის №32 დადგენილება.
„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახალი რეგულაციები არ ვრცელდება იმ განაცხადებსა და ხელშეკრულებებზე, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედებამდე იყო წარდგენილი ან გაფორმებული. მათზე კვლავ ძველი რედაქციები გავრცელდება.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა~ ოფიციალურად ძალაში შედის 2026 წლის 1 ივლისიდან და მისი დაფინანსება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
ცვლილებები საბროკერო კომპანიების ლიცენზირებისა და რეგულირების წესში
_25.06.2026-ში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება #147/04, რომლის საფუძველზეც ცვლილებები შევიდა საბროკერო კომპანიების ლიცენზირებისა და რეგულირების წესში. ახალი რეგულაციები მიზნად ისახავს გამჭვირვალობის გაზრდას, ანგარიშგების პროცესის დახვეწას და დოკუმენტაციის წარდგენის ვადების მკაცრ განსაზღვრას.
ახალი ვალდებულება: მმართველობის ანგარიშგება:
ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი სიახლე მმართველობის ანგარიშგების ცნების შემოტანა და მისი წარდგენის ვალდებულებაა.
საბროკერო კომპანიები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან მოამზადონ აღნიშნული ანგარიშგება, მას ეროვნულ ბანკს წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებასთან ერთად წარუდგენენ.
პირველი ასეთი ანგარიშგება კომპანიებმა 2026 წლის საანგარიშო პერიოდისთვის უნდა მოამზადონ და წარადგინონ 2026 წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.
გაზრდილი საჯაროობა და გამჭვირვალობა:
ეროვნული ბანკი იღებს ვალდებულებას, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია საბროკერო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს:
– წლიურ აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას;
– მმართველობის ანგარიშგებას;
– კვარტალურ ფინანსურ ანგარიშგებებს.
ცვლილებები დოკუმენტაციის წარდგენის ვადებში:
რეგულაციით მკაცრად განისაზღვრა ნასამართლობის/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ ცნობის ვალიდურობის ვადები წარდგენის მომენტისთვის:
– საქართველოში გაცემული ცნობა: გაცემის თარიღიდან გასული დრო არ უნდა აღემატებოდეს 15 კალენდარულ დღეს.
– უცხო ქვეყნის მიერ გაცემული ცნობა: ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს. გარდა ამისა, სალიცენზიო დოკუმენტაციას დაემატა ახალი მოთხოვნა _ სპეციალური დეკლარაციის შევსება.
ადმინისტრაციული ვადები გადაწყვეტილების მისაღებად:
ბრძანებით დაკონკრეტდა ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები საბროკერო კომპანიის მიერ წარდგენილ მიმდინარე ანგარიშგებებზე (შეტყობინებებზე):
ბანკი თანხმობას ან დასაბუთებულ უარს გასცემს 1 თვის ვადაში.
აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, რის შესახებაც განმცხადებელს წინასწარ ეცნობება.
ეს წესი ვრცელდება იმ ადმინისტრაციულ წარმოებებზეც, რომლებიც ბრძანების ამოქმედებამდე იყო დაწყებული.
– 25.06.2026-ში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული #145/04 ბრძანებით, ცვლილებები შევიდა „საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესში“.
ცვლილების თანახმად, ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიები, რომლებსაც კანონმდებლობა მმართველობის ანგარიშგების მომზადებას ავალდებულებს, ვალდებული არიან ეს დოკუმენტი ეროვნულ ბანკს წარუდგინონ წლიურ ანგარიშთან ერთად და უზრუნველყონ მისი გასაჯაროება.
რეფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზოგადოების ინფორმირებულობას. საქართველოს ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს შემდეგ დოკუმენტაციას:
ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანიების წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებს.
მმართველობის ანგარიშგებებს.
აქტივების მმართველი კომპანიების მიერ თითოეული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის მომზადებულ ანგარიშგებებს.
აქტივების ღირებულება და საქმიანობის კონცენტრაცია:
ცვლილებები შეეხო საინვესტიციო ფონდების საქმიანობის დეტალურ აღწერასაც. ფონდებმა უნდა წარადგინონ ინფორმაცია აქტივების ღირებულების, ძირითადი სავაჭრო ინსტრუმენტებისა და საქმიანობის სფეროების შესახებ.
ეროვნული ბანკი ვალდებულებას იღებს, ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ინფორმაცია საინვესტიციო ფონდების აქტივების ღირებულების შესახებ. თუ ფონდს ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მონაცემები გამოქვეყნდება აგრეგირებულად, ამ კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი ყველა ფონდის ჭრილში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ეს ბრძანება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, რაც ნიშნავს, რომ საინვესტიციო ფონდებმა უკვე უნდა იხელმძღვანელონ ანგარიშგების ამ ახალი სტანდარტებით.
იხილეთ ასევე:
– 18.06.2026-ის მთავრობის #278 დადგენილება „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ~ ამავე პირის 2025 წლის 7 ივლისის #250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
– 24.06.2026-ის მთავრობის #284 დადგენილება, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის– მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ~ ამავე პირის 2025 წლის 13 ივნისის #210 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 25.06.2026-ის #1821-Vმს-XIმპ კანონი, სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 30.06.2026-ის მთავრობის #289 დადგენილება, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2020 წლის 16 აპრილის #246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- მარიამ აფრასიძე

