საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 დეკემბრის #436 დადგენილებით, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის #415 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართ #5-ს („შემოსავლის სახეები, რომლებიც არ დაიბეგრება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით და არ ჩაითვლება მცირე ბიზნესის განხორციელების ფარგლებში მიღებულ ერთობლივ შემოსავალში”) დაემატა შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 006-2016-ის” 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, თუ აღნიშნული მომსახურების მიმღებს წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო, ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი”.
ცვლილების შედეგად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე თვითდასაქმებული პირი, რომელიც სამშენებლო და სარემონტო მომსახურებას უწევს სამეწარმეო სუბიექტს, ფაქტობრივად, გამოირიცხა სპეციალური საგადასახადო რეჟიმის მოქმედების სფეროდან. თუ მანამდე აღნიშნული კატეგორიის გადამხდელები 500 000 ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში იბეგრებოდნენ 1%-იანი, ხოლო დადგენილი ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში – 3% იანი განაკვეთით, ახალი რეგულაციის პირობებში მათ მიერ მიღებული შემოსავალი ექვემდებარება საერთო 20%-იან საგადასახადო რეჟიმს.
მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილების ოფიციალურ მიზანს წარმოადგენდა საგადასახადო ბაზის დაცვა და ე.წ. ფიქტიური თვითდასაქმების პრაქტიკის შეზღუდვა. ამ ცვლილებამდე დაქირავებული პირები ფორმალურად მცირე ბიზნესის სტატუსის გამოყენებით ახდენდნენ საქმიანობის განხორციელებას.
აღნიშნულმა ცვლილებამ აზრთა მკვეთრი სხვადასხვაობა წარმოშვა. მისი საგადასახადო კანონიერება, ეკონომიკური ეფექტიანობა და სოციალური სამართლიანობა სადავო გახდა. განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა კითხვამ, რამდენად პროპორციული იყო რეგულირების არჩეული ფორმა და ხომ არ გავრცელდა იგი იმ პირებზეც, რომელთა საქმიანობა რეალურ დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენდა.
საქმესთან დაკავშირებული ბევრი პრაქტიკოსისა და სპეციალისტის აზრით, საქართველოს მთავრობის #436 დადგენილებით განხორციელებულმა ცვლილებამ, მიუხედავად ფიქტიური თვითდასაქმების აღმოფხვრის ლეგიტიმური მიზნისა, არაპროპორციულად შეზღუდა მცირე ბიზნესის სპეციალური საგადასახადო რეჟიმის მოქმედების სფერო, რის შედეგადაც დაზარალდნენ რეალური თვითდასაქმებული პირები და მცირე მეწარმეები. ექსპერტების ნაწილი ამ ცვლილებას მხოლოდ გადასახადების ჭრილში განიხილავს, მაშინ, როდესაც საკითხი ბევრად უფრო ფართოა _ ეხება თვითდასაქმებას, შრომის ბაზარს, სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თავისუფლებას.
დაპირისპირებული პოზიციებისა და სადავო გარემოებების გამო, მათი კეთილგანწყობილი მორიგებისთვის, მიზანშეწონილია განხორციელებული ცვლილების სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური შედეგების ობიექტური, კომპლექსური შეფასება და მოსაზრებათა გაზიარება.
მაინც რასთან გვაქვს საქმე?
განსხვავებული აზრი ფაქტობრივად არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მცირე ბიზნესი ეკონომიკური აქტივობისა და ინოვაციების წყარო, დასაქმების, სოციალური სტაბილურობისა და რეგიონული განვითარების ყველაზე შედეგიანი ინსტრუმენტია. სწორედ ამიტომ სახელმწიფოთა უმრავლესობა მცირე მეწარმეების მხარდაჭერის მიზნით იყენებს სპეციალურ საგადასახადო რეჟიმებს, რომლებიც ამცირებს საგადასახადო და ადმინისტრაციულ ტვირთს და ხელს უწყობს ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.
სპეციალური საგადასახადო რეჟიმების ძირითადი მიზანი მხოლოდ საგადასახადო შეღავათების მინიჭებით არ შემოიფარგლება. მათი დანიშნულებაა მცირე მეწარმეთა ბაზარზე შესვლისა და საქმიანობის განვითარების ხელშემშლელი ეკონომიკური ბარიერების შემცირება. დაბალი საგადასახადო განაკვეთები, გამარტივებული აღრიცხვა და შემცირებული ადმინისტრაციული ვალდებულებები თვითდასაქმების, ახალი ბიზნესების ფორმირებისა და არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალურ სივრცეში გადმოტანის რეალური სტიმულია. მცირე ბიზნესის მხარდაჭერა გამართლებულია მაშინაც კი, როდესაც იგი სახელმწიფოსთვის მოკლევადიან ფისკალურ დანაკარგს იწვევს. გრძელვადიან პერიოდში ასეთი პოლიტიკა უზრუნველყოფს ეკონომიკური აქტივობის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, შემოსავლების გაფართოებასა და საგადასახადო ბაზის მდგრად განვითარებას.
ამ მართლაც შთამბეჭდავ დანიშნულებათა ფონზე, ეს ცვლილება, შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმის შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნაბიჯია და მან გადამხდელისთვის სერიოზული პრობლემები შექმნა – აშკარად გაიზარდა მცირე სამშენებლო ბიზნესის საგადასახადო ტვირთი , თვითდასაქმებულთა ნაწილის ბაზრიდან გასვლისა და ჩრდილოვან ეკონომიკაში გადასვლის რისკები, გართულდა აგრეთვე გადასახადის ადმინისტრირება. ამასთან, ყველაზე სადავო ისაა, რომ ცვლილება ვერ ანსხვავებს რეალურ დამოუკიდებელ კონტრაქტორსა და ფიქტიურ მცირე ბიზნესს. მოკლედ რომ ვთქვათ, გარკვეული „სუსტი ადგილების” აღმოფხვრის ნაცვლად, მთავრობის დადგენილებამ მდგომარეობის გაუარესება, ახალი ხარვეზები და გაურკვევლობები გააჩინა.
მაგალითად, თუ ხელოსანი, ელექტრიკოსი, მლესავი, სანტექნიკოსი ან მცირე ბრიგადა მუშაობს კომპანიებთან, ის მიღებულ შემოსავლებზე ვერ ისარგებლებს 1%-იანი რეჟიმით. შედეგად, მას ეზრდება საგადასახადო ტვირთი და უმცირდება წმინდა შემოსავალი; გართულდა გადასახადის ადმინისტრირებაც. შემოსავლიდან 1%-ის (შემოსავალი x 1%) მარტივად გამოთვლის ნაცვლად, ცვლილების შემდეგ საჭიროა ხარჯების აღრიცხვა, დეკლარაციების უფრო რთული წარმოება, ბუღალტრის დაქირავება; განსაკუთრებით რეგიონებში, ბევრი მცირე ხელოსანი მუშაობს სწორედ კომპანიებთან. მათთვის ახალი რეჟიმი უკვე ფინანსურად ნაკლებად მიმზიდველია; ნებისმიერი გადასახადის ზრდა ნაღდ ანგარიშსწორებას, ხელშეკრულების არაოფიციალურად გაფორმებასა და შემოსავლების დამალვას ახალისებს.
განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც ზედაპირზე ჩანს, რომ ბიზნესს ამით დააწვა დამატებითი ხარჯები, გაიზარდა აგრეთვე მომსახურების ფასები და დამქირავებელი საწარმო იძულებულია კონტრაქტორების ნაწილი გადაიყვანოს შრომით ურთიერთობებზე. მცირე გადამხდელებიც დაიყოფიან ორ ჯგუფად: მათი ნაწილი დაიბეგრება საერთო რეჟიმით, ნაწილი კი შეეცდება მხოლოდ ფიზიკურ პირებთან იმუშაოს, რადგან შეზღუდვა სწორედ საწარმოს, ორგანიზაციასა და მეწარმე ფიზიკურ პირზე გაწეულ მომსახურებას ეხება.
ობიექტური რომ ვიყოთ, ამ ცვლილების მიზანი ლოგიკურია და ფისკალურად გამართლებული, მაგრამ ნორმა საკმაოდ ფართოა და რეალური დამოუკიდებელი მცირე სამშენებლო ბიზნესიც ზარალდება. გარდა ამისა, უნდა შევნიშნოთ, რომ მთავრობის დადგენილებით დაწესებულმა ცვლილებამ საგადასახადო კანონიერების, სამართლებრივი განსაზღვრულობისა და ნორმატიული აქტების იერარქიის პრინციპებიც უთუოდ შელახა.
მიუხედავად იმისა, რომ #436 დადგენილება ღრმად შეიჭრა გადამხდელთა და თვითდასაქმებულთა სამოქმედო სივრცეში, ვერ ვიდავებთ იმაზე, რომ მან დაარღვია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული პრინციპები (სსკ მე-5 მუხლი). მთავრობის დადგენილებით ახალი გადასახადი არ დაწესებულა. გადასახადი ისევ ის არის, რაც საგადასახადო კოდექსშია (საშემოსავლო გადასახადი; მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმი). მხოლოდ სპეციალური რეჟიმის გამოყენების ფარგლები დაზუსტდა და განისაზღვრა ის, რომ კონკრეტული შემოსავალი აღარ მოხვდება 1%-იან რეჟიმში. მაგრამ მთავრობის ამ დადგენილებამ სხვა, უფრო ძლიერი იურიდიულ-საგადასახადო პრობლემა შექმნა. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია, რომ : გადასახადის ელემენტები უნდა განისაზღვროს მხოლოდ ამ კოდექსით და არა კანონქვემდებარე აქტით. მიუხედავად იმისა , რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილი საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას განსაზღვროს ის შემოსავლის სახეები, რომლებზეც მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმი არ გავრცელდება, #436 დადგენილებით განხორციელებული ცვლილება აჩენს არა უფლებამოსილების არსებობის, არამედ მისი გამოყენების მიზანშეწონილობისა და პროპორციულობის საკითხს. ფაქტობრივად, დადგენილებამ მნიშვნელოვნად შეავიწროვა იმ პირების წრე, რომლებიც სამშენებლო და სარემონტო საქმიანობის სფეროში მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით სარგებლობდნენ. შესაბამისად, დისკუსიის საგანს წარმოადგენს არა დადგენილების ფორმალური კანონიერება, არამედ ის, რამდენად შეესაბამება აღნიშნული რეგულირება მცირე ბიზნესის ხელშეწყობის, საგადასახადო ნეიტრალობისა და ეკონომიკური ეფექტიანობის მიზნებს.
საგადასახადო კოდექსი მცირე ბიზნესის სტატუსს ანიჭებს მეწარმე ფიზიკურ პირს და განსაზღვრავს 1% იან რეჟიმს. მაგრამ იქ არ წერია, რომ სამშენებლო საქმიანობა საწარმოსთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში ავტომატურად გამოირიცხება სპეციალური რეჟიმიდან. ეს შეზღუდვა გაჩნდა არა კოდექსში, არამედ მთავრობის დადგენილებაში. აქ უკვე ძალაუნებურად ჩნდება კითხვა : რამდენად გონივრულია მთავრობის დადგენილებით (კანონქვემდებარე აქტით) შემცირდეს იმ საგადასახადო შეღავათის მოქმედების არეალი , რომელიც კოდექსითაა განსაზღვრული? – აქ უკვე აშკარა ხარვეზი იკვეთება.
სამწუხაროდ, მთავრობის აღნიშნულმა დადგენილებამ არაერთი სხვა ასეთი საყურადღებო ხარვეზი გააჩინა. მათ შორის არის თანასწორობის პრობლემა.
ვთქვათ, ერთი და იგივე ხელოსანი: თუ მომსახურებას უწევს ფიზიკურ პირს, მაშინ იხდის 1%-ს; თუ იმავე მომსახურებას გაუწევს კომპანიას, დაკარგავს 1%-იან რეჟიმს. ეკონომიკური საქმიანობა ერთნაირია. იცვლება მხოლოდ დამკვეთი. ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა: რა არის ამ განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული საფუძველი? მთავრობის დადგენილებიდან გამომდინარეობს მისი მიზანი და აქ პასუხია: „ფიქტიური თვითდასაქმების წინააღმდეგ ბრძოლა”. მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად მიღებული ნორმა ეხება როგორც ფიქტიურ თვითდასაქმებულს, ასევე რეალურ დამოუკიდებელ კონტრაქტორს. ანუ ინდივიდუალური შეფასების ნაცვლად მოქმედებს ზოგადი განურჩეველი აკრძალვა და ესეც აშკარა ხარვეზია.
ყურადღებას იქცევს კიდევ ერთი – სამართლებრივი განსაზღვრულობის პრობლემა.
როგორც დადგენილებაშივე დამოწმებულია, შემოღებული ნორმა ეხება „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის 006-2016″-ის 41.2 ჯგუფით გათვალისწინებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის მომსახურების, 42-ე განყოფილებით გათვალისწინებული სამოქალაქო მშენებლობის მომსახურების ან/და 43-ე განყოფილებით გათვალისწინებული სპეციალიზებული სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებულ შემოსავალებს. ეს კლასიფიკატორი სამუშაოთა ფართო სპექტრს მოიცავს. მაგრამ გაურკვეველია შეზღუდვა რატომ არ შეეხო, ან შეეხო თუ არა პროექტირებას, ტექნიკურ ზედამხედველობას, დიზაინერებს, საინჟინრო მომსახურებებს?
საგადასახადო ნორმა რაც უფრო დიდ ფინანსურ შედეგს იწვევს, მით უფრო მკაფიო უნდა იყოს. აქ კი გაურკვევლობა და ბუნდოვანება მივიღეთ. ცხადია, ესეც ხარვეზია.
მთავრობის დადგენილებამ ეკონომიკური თავისუფლების კუთხითაც შეზღუდვები გააჩინა : საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლება გარანტირებულია. დადგენილების პათოსიდან კი იკითხება: „მცირე ბიზნესს შეუძლია ისარგებლოს შეღავათებით. მაგრამ თუ მისი კლიენტი საწარმოა, მაშინ შეღავათს დაკარგავს”. ასეთი შემთხვევისთვის, სავსებით ბუნებრივად ისმის კითხვა: არის თუ არა ასეთი შეზღუდვა პროპორციული? ანუ ერთდროულად გვაქვს: მიზანი – ფიქტიური თვითდასაქმების აღმოფხვრა; საშუალება – მთელი სამშენებლო სექტორის გამორიცხვა.
სწორედ აქ შეიძლება ითქვას, რომ გამოყენებული ინსტრუმენტი უფრო ფართოა, ვიდრე პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ის ცდილობს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფომ ფიქტიური თვითდასაქმების პრობლემის გადაჭრისას, „ქირურგიული ოპერაციის” ნაცვლად, მთლიანი კიდურის „ამპუტაცია” აირჩია. ყველაზე ძლიერი კრიტიკული არგუმენტი კი ისაა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი და მისი საგადასახადო რეჟიმი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. მთავრობის #436 დადგენილებით განხორციელებულმა ცვლილებამ კი არსებითად შეავიწროვა აღნიშნული რეჟიმის მოქმედების სფერო და გარკვეული კატეგორიის გადამხდელები გამორიცხა კანონით გათვალისწინებული შეღავათიდან. ფაქტობრივად, მოხდა საგადასახადო შეღავათის შინაარსობრივი მოდიფიკაცია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც აშკარად წინააღმდეგობაში მოდის საგადასახადო კანონიერების, სამართლებრივი განსაზღვრულობისა და ნორმატიული აქტების იერარქიის პრინციპებთან. ეს კი ხარვეზზე მეტია.
საკითხს სხვა რაკურსითაც უნდა შევხედოთ: არავისთვის არ არის ახალი, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები ცოტაა, დასაქმება და შემოსავლის წყარო ჭირს. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსი კი დასაქმების და მეტი შემოსავლის შესაძლებლობას იძლევა. როცა ასეთ მოცემულობასთან გვაქვს საქმე, საგადასახადო პოლიტიკა მხოლოდ ფისკალური ეფექტით არ უნდა შეფასდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება მიკრო და მცირე ბიზნესს. გათვლები იმასაც უნდა ითვალისწინებდეს, არის თუ არა სახელმწიფოს მიერ მიღწეული ფისკალური ეფექტი იმ სოციალურ და ეკონომიკურ დანაკარგებზე მეტი, რომელსაც მცირე ბიზნესის რეჟიმის შეზღუდვა იწვევს? აქ უკვე საკითხი მხოლოდ გადასახადს აღარ ეხება. ის დასაქმებას, თვითდასაქმებას, სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ თავისუფლებას მოიცავს მთლიანად. ყველა ნიშნის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი იყო, თუ რამდენად შეესაბამება მცირე ბიზნესის რეჟიმის შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ მცირე მეწარმეობის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკას? ამ ცვლილების სწორედ ეს ნაწილი ექცევა ძლიერი კრიტიკის ქვეშ. რა თქმა უნდა, იურიდიული მხარე არსებითია, მაგრამ საზოგადოებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით უფრო მწვავეა კითხვა : როდესაც ქვეყანაში სამუშაო ადგილების დეფიციტია , რამდენად მიზანშეწონილია იმ საგადასახადო ინსტრუმენტის შევიწროება , რომელიც ათასობით ადამიანს ლეგალური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევდა?
ეს უკვე არა მხოლოდ საგადასახადო სამართლის, არამედ ეკონომიკური პოლიტიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხიცაა. საქმე ისაა, რომ სახელმწიფომ პრობლემა დაინახა მსხვილი სამშენებლო კომპანიების მიერ მცირე ბიზნესის რეჟიმის შესაძლო ბოროტად გამოყენებაში, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილების შედეგები ძირითადად მცირე გადამხდელებზე გადავიდა. კონკრეტულ მაგალითზე ეს ნათლად ჩანს:
ვთქვათ, 3-4-კაციანი ბრიგადა მუშაობს სარემონტო სამუშაოებზე და წლიური შემოსავალი 60000 ლარია (ბევრის წლიური შემოსავალი, მართლაც, ამ ნიშნულს არ აღემატება). ეს ნიშნავს, რომ თითოეულ წევრზე მოდის დაახლოებით 15 000-20 000 ლარი წელიწადში, რაც თვეში დაახლოებით 1 250-1 700 ლარია. სხვა ხარჯებიც რომ არ ჩავთვალოთ, 20% განაკვეთით დაბეგვრისას 250-340 ლარის (წელიწადში სულ 12 000 ლარის) გადახდა მოუწევთ და ხელზე ასაღები ანაზღაურება, პროდუქტებზე არსებული სიძვირის პირობებში, მათ თვიურ საყოფაცხოვრებო ხარჯებს ვერ დაუფარავს. შედეგად, ოფიციალური საქმიანობის ეკონომიკური მოტივაცია, ფაქტობრივად, ქრება. რეალურად, მეწარმეთა მნიშვნელოვანი ნაწილი წელიწადში არ იღებს 500 000 ლარს, არც 200 000 ლარს, ხშირად არც 100 000 ლარს და საერთო განაკვეთით გადასახადის გადახდა მათ ხარჯს შესაბამისად ზრდის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ასი ათას ლარს ზემოთ ბრუნვის შემთხვევაში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდაც მოუწევთ. ასეთ საერთო ვითარებაში მათი საქმიანობის პერსპექტივა ბუნდოვანია. მცირე ბიზნესის რეჟიმი, ფაქტობრივად, თვითდასაქმების ინსტრუმენტი, სოციალური დაცვის მექანიზმი და ლეგალური საქმიანობის მოტივატორი იყო. ადრე ბაზარზე მუშაობდნენ მცირე ბრიგადები; ინდივიდუალური ხელოსნები; მიკრო მეწარმეები; საშუალო და დიდი კომპანიები. ახალი რეჟიმის შემდეგ უპირატესობა გადადის მსხვილ სამშენებლო კომპანიებსა და ორგანიზებულ ბიზნესებზე. ხოლო მცირე მოთამაშეების კონკურენტუნარიანობა მცირდება. ახალმა რეგულაციამ, კონკურენციის დაცვასთან ერთად, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ბაზრზე კაპიტალის კონცენტრაციასაც. საქართველოში თვითდასაქმება ხშირად არ არის არჩევანი. ის აუცილებლობაა. ადამიანი მცირე ბიზნესის სტატუსს იმიტომ კი არ იღებს, რომ საგადასახადო შეღავათი მიიღოს, არამედ იმიტომ, რომ სხვა სამსახური არ აქვს; საკუთარი პროფესიული უნარით ირჩენს თავს; ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ამიტომაც ვამბობთ, რომ მცირე ბიზნესის რეჟიმის შეზღუდვა სამშენებლო სექტორში არა მხოლოდ საგადასახადო, არამედ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის მწვავე საკითხიცაა.
ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო დაბალანსებული იქნებოდა ბაზრიდან მათი არა სრული გამორიცხვა, არამედ ისეთი კრიტერიუმების დაწესება, რომლებიც ფიქტიურ და რეალურ თვითდასაქმებას ერთმანეთისგან განასხვავებდა. მაგალითად, მცირე შემოსავლების შემთხვევაში და განსაზღვრულ თანხამდე, თუნდაც 100 000 ლარამდე ისევ დარჩენილიყო 1%-იანი (ან თუნდაც 3%-იანი) დაბეგვრის რეჟიმი, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ ფიზიკურ პირებს საქმიანობის მოტივაცია შერჩენოდათ.
ევროპული გამოცდილებით, ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენება ასეთი მიდგომა: თუ პირის შემოსავლის 80%-90% მოდის ერთ დამკვეთზე, მაშინ მიიჩნევა, რომ ის რეალურად დასაქმებულია. ხოლო თუ პირი ემსახურება 10, 15, 20 კლიენტს, მაშინ ის დამოუკიდებელი მეწარმეა. ამ მოდელით შესაძლებელი იქნებოდა ფიქტიური თვითდასაქმების გამოვლენა ისე, რომ რეალური მეწარმეები არ დაზარალებულიყვნენ. მაგალითად, ესპანეთის კანონმდებლობა გამოყოფს ეკონომიკურად დამოკიდებული თვითდასაქმებულის (Trabajador Autónomo Económicamente Dependiente – TRADE) კატეგორიას, რომლის შემთხვევაში პირის შემოსავლის არანაკლებ 75% ერთი კლიენტიდან არის მიღებული. აღნიშნული მიდგომა ეფუძნება ეკონომიკური დამოკიდებულების კრიტერიუმს და საშუალებას იძლევა განისაზღვროს ზღვარი დამოუკიდებელ სამეწარმეო საქმიანობასა და ფაქტობრივ შრომით ურთიერთობას შორის.
ამრიგად, მივდივართ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების ოფიციალური მიზანი საგადასახადო ბაზის დაცვა და ფიქტიური თვითდასაქმების პრევენცია იყო, რეგულაციის ერთგვაროვანმა გავრცელებამ ყველა სამშენებლო მომსახურების მიმწოდებელზე საგრძნობლად შეამცირა მცირე მეწარმეთა კონკურენტუნარიანობა. განსაკუთრებით დაზარალდნენ დაბალბრუნვიანი თვითდასაქმებული პირები და მცირე ბრიგადები, რომელთა ეკონომიკური საქმიანობა არ ატარებდა საგადასახადო სქემის ნიშნებს და რომელთათვისაც მცირე ბიზნესის რეჟიმი წარმოადგენდა ლეგალური დასაქმების, შემოსავლის მიღების ძირითად წყაროს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ არსებული სახით მცირე ბიზნესის სპეციალური საგადასახადო რეჟიმი ყურადღების მიქცევას საჭიროებს და მისი შემდგომი სრულყოფა უნდა დაეფუძნოს პროპორციულობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სახელმწიფოს ფისკალური ინტერესებისა და მცირე მეწარმეობის განვითარების ინტერესების დაბალანსება, რაც თანამედროვე საგადასახადო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
ცირა ბართია
აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის სტანდარტების, ინოვაციებისა და პროფესიული განვითარების კომიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი

