ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში კიდევ 100 მილიონი დოლარი გადაიხადა
2026 წლის ივნისის პირველ დღეებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას მორიგი მსხვილი ფინანსური ტრანზაქციის შესახებ აცნობა. ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების გასამყარებლად და დივერსიფიკაციისთვის დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქროა შესყიდული. ეს ნაბიჯი არ არის მხოლოდ იზოლირებული ეკონომიკური აქტი, არამედ წარმოადგენს იმ მასშტაბური და თავის დროზე მკაცრად გაკრიტიკებული მონეტარული სტრატეგიის გაგრძელებას, რომელიც სებ-მა ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
ტრანზაქციის განხორციელებისას მარეგულირებელმა ზუსტად გამოიყენა საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი კონიუნქტურა: ხანგრძლივი და რეკორდული ფასების ზრდის შემდეგ, ოქროს გლობალურმა ფასმა 11-კვირიან მინიმუმამდე დაიწია და უნციაზე დაახლოებით 4170- 4190 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა. ამგვარი ტაქტიკური კორექციით სარგებლობამ მარეგულირებელს საშუალება მისცა, აქტივი შედარებით დაბალ ფასად შეეძინა. ტექნიკური დეტალების მიხედვით, სებ-მა 745 კილოგრამი მონეტარული ოქრო იყიდა. შესყიდულია უმაღლესი, 999.9 სინჯის ზოდები, ხოლო პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ლონდონის ძვირფასი ლითონების ბაზრის ასოციაციის (LBMA) მკაცრ სტანდარტებს.
ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც პირველად გამოაცხადა სებმა, რომ ოქროს ყიდვას აპირებდა, ოპონენტებში გაჩნდა კითხვა _ სად განთავსდება ოქროს ზოდები? ამ კითხვის პასუხი, თუ სად განთავსდება ახალი ოქრო, პირდაპირ კავშირშია ეროვნული ბანკის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან. თუ 2024 წელს ნაყიდი ოქრო თავდაპირველად ლონდონის საცავებში იყო დეპონირებული, ახლანდელი მდგომარეობა განსხვავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, სებ-მა ბოლო წლებში გამართა საკუთარი თანამედროვე საკასო ცენტრი და სპეციალიზებული საცავები, რომლებიც სრულად პასუხობს უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებს. შესაბამისად, ახლად შეძენილი ოქროს ზოდები უშუალოდ ეროვნული ბანკის ადგილობრივ საცავში განთავსდება. ეს ინფრასტრუქტურა მარეგულირებელს საშუალებას აძლევს, გამოსცეს უვადო და უპროცენტო „ოქროს ზოდის სერტიფიკატები”, რითაც ოქრო შიდა ფინანსურ ბაზარზე ლიკვიდურ საინვესტიციო ინსტრუმენტად იქცევა. თუმცა, ადგილობრივ საცავებში ფიზიკური ოქროს კონცენტრაცია დამატებით ლოგისტიკურ, დაცვისა და უსაფრთხოების მუდმივ ხარჯებს აჩენს, რაც ბიზნესის თვალსაზრისით საყურადღებოა.
პოლიტიკური კრიზისი და 2024 წლის გადაწყვეტილების ანატომია
რატომ გადაწყვიტა საქართველომ საერთოდ ოქროს რეზერვების შექმნა? შეგახსენებთ, რომ 2024 წლის გაზაფხულამდე საქართველოს სარეზერვო აქტივები ძირითადად უცხოურ ვალუტებში (დოლარი, ევრო) და მაღალი რეიტინგის მქონე ფასიან ქაღალდებში ინახებოდა. 2024 წლის აპრილში სებ-მა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და ერთბაშად 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (7.13 ტონა) ოქრო შეიძინა. ორი წლის წინანდელი ეს ნაბიჯი უკიდურესად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე გადაიდგა. ოპოზიციურმა სპექტრმა და დამოუკიდებელ ეკონომისტთა ნაწილმა სებ-ის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჭრილში დაინახა და სერიოზული კრიტიკის ქვეშ გაატარა.
კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სანქციებისგან თავის არიდების ეჭვი იყო. ოპონენტები, მათ შორის წამყვანი ანალიტიკური ცენტრები, როგორიც არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი, აცხადებდნენ, რომ რეზერვების ფიზიკურ ოქროში კონვერტაცია დასავლური სანქციების შიშით იყო განპირობებული. კრიტიკოსები პარალელებს ავლებდნენ რუსეთთან, ირანთან და ვენესუელასთან – ქვეყნებთან, რომლებმაც აქტივების დასავლურ ბანკებში გაყინვის რისკის გამო, რეზერვები ოქროში გადამალეს. ამას ემატებოდა გაუმჭვირვალობის ბრალდება, რადგან სებ-ის საბჭომ გადაწყვეტილება მარტში მიიღო, თუმცა საზოგადოებას მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აცნობა, რაც ოპოზიციამ ფარულ გარიგებად შეაფასა.
ამასთანავე, მწვავედ ისმოდა ინფრასტრუქტურული მოუმზადებლობის არგუმენტი. პარლამენტის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე მიუთითებდა, რომ ქვეყანას არ გააჩნდა სათანადო დაცვის სტანდარტების მქონე საცავი და ოქროს არასწორი ტრანსპორტირება და შენახვა აქტივის ღირებულების დაკარგვის რისკებს შეიცავდა. ხელისუფლებისა და სებ-ის მენეჯმენტის (ნათია თურნავას ხელმძღვანელობით) მხარდამჭერი პოზიცია კი ირწმუნებოდა, რომ ეს იყო წმინდად ეკონომიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავდა სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციას გლობალური ინფლაციისა და გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში. ისინი აპელირებდნენ იმაზე, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ცენტრალური ბანკი რეკორდულად ზრდიდა ოქროს წილს.
მიმდინარე ფინანსური ეფექტი და ფარული რისკები
2024 წლიდან 2026 წლამდე პერიოდმა აჩვენა, რომ ფინანსური თვალსაზრისით, სებ-ის თავდაპირველი ნაბიჯი ფასების ზრდის ტრენდის გამო მომგებიანი აღმოჩნდა. ოქროს ფასის უპრეცედენტო გლობალური ზრდის შედეგად, 2024 წელს შეძენილი მონეტარული ოქროს ღირებულება 543.2 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ აქტივის გადაფასებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი სუფთა, ვირტუალური მოგება ნახა, რამაც სებ-ს კრიტიკოსების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი მისცა და ამ სიტუაციაში „სახელმწიფო სახსრების არაეფექტური გაფლანგვის” ბრალდება საფუძველს მოკლებული ჩანს.
თუ 2024 წლის ივნისში ოქროს ფასი საერთაშორისო ბირჟებზე დაახლოებით $2300-$2325 იყო, 2026 წლის ივნისში ფასი $4150–$4200 ფარგლებში მერყეობს. პიკურ მაჩვენებელში, 2025-2026 წლების განმავლობაში, ოქროს ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ბირჟებზე $5500-საც კი გადააჭარბა. ბოლო კვირებში ოქროს ბაზარზე მართლაც ფიქსირდება დროებითი კორექცია და ფასის დაახლოებით 10%-იანი კლება $4700-დან, რაც გამოწვეულია აშშ-ირანის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მოლოდინითა და ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მაღალ დონეზე შენარჩუნებით. მიუხედავად ამისა, სებ ის მიერ შესყიდული აქტივი საბოლოო ჯამში მაინც საკმაო მოგების მომცემია. მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – $7.0 მილიარდს, სადაც ოქროს მარაგი 7.88 ტონაა, ხოლო მისი წილი რეზერვებში 15.5%-მდე გაიზარდა.
2024 წლისგან განსხვავებით, მიმდინარე 100-მილიონიან შესყიდვას ოპონენტების მხრიდან მწვავე საპროტესტო განცხადებები არ მოჰყოლია და იგი უფრო მეტად პოზიტიურ ან ნეიტრალურ კონტექსტში შეფასდა. ყოველ შემთხვევაში, მედიაში ძველებურად ნამდვილად არ გავრცელებულა კრიტიკული განცხადებები. ოქროს შეძენის მხარდამჭერები, მათ შორის ანალიტიკოსი ვასილ რევიშვილი, აღნიშნავენ, რომ რეზერვების შევსება ფასის დროებითი ვარდნის მომენტში სწორი სავაჭრო ტაქტიკაა. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე „რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ ცენტრალური ბანკები გლობალურად რეკორდული ტემპებით ყიდულობენ ოქროს – მხოლოდ 2026 წლის პირველ კვარტალში ნეტო შესყიდვებმა მსოფლიოში 244 ტონა შეადგინა, სადაც წამყვანი მყიდველები პოლონეთი, უზბეკეთი და ჩინეთი არიან, რაც სებ-ის ქმედებას საერთაშორისო მეინსტრიმში სვამს.
„თავის დროზე, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება _ პირველად დამოუკიდებელი ისტორიის განმავლობაში მონეტარული ოქროს შეძენა _ საკმაოდ სწორი და თანამედროვე სტრატეგიული ნაბიჯი იყო. 2024 წლის მარტ-აპრილში, სებ-მა ლონდონის ბაზარზე, დაახლოებით, 7-7.5 ტონა ოქრო შეიძინა, რომლის საწყისი ღირებულებაც, დაახლოებით, 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. 2026 წლის დასაწყისისთვის (თებერვალი-აპრილი), ამ რეზერვის ღირებულება უკვე 1.1-1.2 მილიარდ დოლარს აღემატება და საერთო საერთაშორისო რეზერვების 16-18%-ს შეადგენს. ამის წყალობით სებ-მა უკვე, დაახლოებით, 600-700 მლნ დოლარის „უფასო” მოგება მიიღო.
გადაწყვეტილება რეზერვების ოქროთი გაზრდის თაობაზე, უნდა განვიხილოთ რეზერვების დივერსიფიკაციის ფართო კონტექსტში. ტრადიციული სავალუტო რეზერვები დიდწილად დოლარსა და ევროზეა დამოკიდებული, რაც მათ ავტომატურად აკავშირებს ამ ვალუტების ინფლაციურ რისკებთან, გეოპოლიტიკურ პროცესებთან და დოლარის პოტენციურ სისუსტესთან. ოქრო კი ამ ფონზე გამოირჩევა: ის კრიზისულ პერიოდებში „თავდაცვითი” აქტივის როლს ასრულებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ღირებულების შენახვის ეფექტიან საშუალებად ითვლება”, – განუცხადა „რეზონანსს” ცუცქირიძემ.
გარდა ამისა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-ი გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს ოქროს წილის 25%-მდე გაზრდას. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) არც 2024 წელს და არც ახლა სტრატეგია ნეგატიურად არ შეუფასებია. IMF-ის 2026 წლის ივნისის IV მუხლის კონსულტაციების ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ადეკვატურობის მატრიცით (ARA მეტრიც) საჭირო მინიმუმს 114.8%-ით აჭარბებს, რაც სტრუქტურის დივერსიფიკაციას სუვერენული ბანკის ლეგიტიმურ უფლებად აქცევს.
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, გოჩა თუთბერიძე „რეზონანსთან” საუბრისას ქვეყნის ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა რისკებზეც მიანიშნებს.
„ზოგადად, ეს არის რეზერვების დივერსიფიკაცია, რასაც ყველა ცენტრალური ბანკი მიმართავს, თუმცა არა მხოლოდ ცენტრალური, არამედ კომერციული ბანკებიც კი ცდილობენ, საკუთარი აქტივების რაღაც ნაწილი ოქროში შეინახონ. როდესაც ნავთობის ფასი იზრდება, ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ინვესტორებში და ისინი იწყებენ საკუთარი აქტივების დივერსიფიკაციას _ ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ყიდულობენ ოქროს, რადგან ის ყველაზე საიმედო აქტივია.
რუსეთში, თავის დროზე, პუტინმა გადაწყვიტა დოლარისა და ევროს ნაცვლად ოქრო შეეძინა. პრინცი პში, ეს იყო პროტესტი აშშ-ისა და ევროპის პოლიტიკის მიმართ რუსეთთან მიმართებაში და მნიშვნელოვანი თანხა დააბანდა ოქროს აქტივებში. შემდეგ, ოქროს ფასი დავარდა და რუსეთმა, დაახლოებით, 20 მილიარდ დოლარამდე იზარალა. ეს მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ოქროც ჩვეულებრივი აქტივია, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებას ექვემდებარება, ანუ ზოგჯერ მისი ოქროს ფასი იზრდება, ზოგჯერ პირიქით – ეცემა”, – განუცხადა „რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ.
მისი შეფასებით, სავალუტო დივერსიფიკაცია ძალიან კარგია და ამ მეთოდს უნდა მიმართოს ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. მაგალითად, 2024 წელს, როდესაც ოქრო შეიძინა ეროვნულმა ბანკმა, მისი ფასი დაბალი იყო, ახლა გაიზარდა, თუმცა ახლანდელი მონაცემებითაც, ოქროს თანდათან იაფდება.
„დღეს უკვე 1.5%-ით გაიაფდა ოქრო, მისი ფასი მიბმულია მსოფლიო პოლიტიკურ მდგომარეობაზე – თუ ნავთობის ფასი გაიზრდება, მაშინ ოქროც გაძვირდება, თუ ნავთობის ფასი შემცირდება, ცხადია, ოქროც გაიაფდება. მოკლედ, დივერსიფიკაცია კარგია, ოღონდ მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. რა თქმა უნდა, სიფრთხილეა საჭირო, რადგან ოქროც ჩვეულებრივი აქტივია, რომლის ფასი საბაზრო რყევას ექვემდებარება”, – აღნიშნა თუთბერიძემ.
ისიც აღსანიშნავია, რომ ოქროს შეძენის პარალელურად, ბიზნეს-ანალიზის თვალსაზრისით, არსებობს სერიოზული კრიტიკული ხმები და ფარული რისკები:
მიმდინარე პროცენტული შემოსავლის არარსებობა: ფიზიკური ოქრო, განსხვავებით აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებისგან, არ იძლევა მიმდინარე პროცენტულ შემოსავალს (კუპონს). რეზერვების მეტისმეტად დიდმა „გაოქროებამ” შესაძლოა ბანკის მიმდინარე საოპერაციო შემოსავლებზე უარყოფითად იმოქმედოს.
ფარდობითი ლიკვიდურობის შემცირება: კრიზისის დროს ფიზიკური ოქროს გაყიდვასა და კონვერტაციას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე უცხოურ ვალუტას. ეს ამცირებს სებ-ის სწრაფი მანევრის შესაძლებლობას ფორსმაჟორულ სიტუაციებში.
ინსტიტუციური ნდობის შერყევა: შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამწვავება და ნდობის დროებითი შერყევა 2024 წლის არაგამჭვირვალე პროცესის გამო დღემდე რჩება სტრატეგიის თანმდევ რისკად.
რა გავლენა აქვს ლარის კურსზე რეზერვების ოქროში გადატანას?
ექსპერტების თქმით, ეროვნული ბანკის მიერ ოქროს შესყიდვა და მისი წილის გაზრდა საერთაშორისო რეზერვებში პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ლარის გრძელვადიან სტაბილურობასა და მსყიდველობით უნარზე. კავშირი ამ ორ მოვლენას შორის რამდენიმე ძირითად მექანიზმზე გადის:
ეროვნული ვალუტის ხელშეწყობა (ნდობის ფაქტორი): თანამედროვე ვალუტები, მათ შორის ლარი, ფიატურია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ოქროთი პირდაპირ გადაცვლადი არ არის. თუმცა, ქვეყნის ცენტრალური ბანკის რეზერვების მოცულობა და ხარისხი არის მთავარი გარანტი იმისა, რომ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი ვალუტის სტაბილურობის დაცვა. რეზერვებში ისეთი მყარი და საუკუნეებით გამოცდილი აქტივის არსებობა, როგორიც ოქროა, ზრდის საერთაშორისო ინვესტორებისა და მოსახლეობის ნდობას ლარის მიმართ. მაღალი ნდობა კი თავისთავად აზღვევს ვალუტას მკვეთრი გაუფასურებისგან.
რეზერვების მდგრადობა გლობალური შოკების დროს: სებ-ი ლარის კურსის მკვეთრ რყევებს სავალუტო ინტერვენციებით (დოლარის გაყიდვით ან ყიდვით) არეგულირებს. თუ რეზერვები მხოლოდ აშშ დოლარსა და ევროშია, და ამ ვალუტებს გლობალური ინფლაციის გამო მსყიდველობითი უნარი უმცირდებათ, სებ-ის რეალური ძალა (ბუფერი) მცირდება. ოქრო კი დაცულია წამყვანი ვალუტების ინფლაციისგან. როდესაც რეზერვების ნაწილი ოქროშია, ქვეყნის ფინანსური „უსაფრთხოების ბალიში” უფრო მყარია, რაც სებ-ს აძლევს მეტ მანევრს, რომ კრიზისულ პერიოდში ეფექტურად დაიცვას ლარი დევალვაციისგან.
რეზერვების ღირებულების ზრდა (გადაფასების ეფექტი): როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ოქროს ფასის გლობალურმა მატებამ საქართველოს რეზერვების ღირებულება ასეულობით მილიონი დოლარით გაზარდა. როდესაც ქვეყნის ჯამური რეზერვები იზრდება და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – $7.0 მილიარდს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები (Fitch, Moody’s) საქართველოს მაღალ შეფასებას აძლევენ. ქვეყნის მაღალი საკრედიტო რეიტინგი იზიდავს უცხოურ ინვესტიციებს, რაც ქვეყანაში მყარი ვალუტის შემოდინებას და ლარის გამყარებას უწყობს ხელს.
გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება (დაზღვევა) : დიდი გეოპოლიტიკური რყევების, ომებისა თუ სანქციების პერიოდში, ტრადიციული ფინანსური აქტივები (ობლიგაციები, საბანკო ანგარიშები) შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს ან დროებით დაიბლოკოს. ფიზიკური ოქრო ცენტრალური ბანკის საცავში არის უპირობო ლიკვიდურობა. კრიზისის დროს სებ-ს შეუძლია ოქროს გამოყენებით მომენტალურად მოიზიდოს მყარი ვალუტა შიდა ბაზარზე ლარის კურსის დასასტაბილურებლად. მიუხედავად ამისა, ეს მექანიზმები ეფექტიანია მხოლოდ მაშინ, როდესაც ფასების კლების ტრენდი არ იწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქაღალდზე არსებული მოგება” შესაძლოა სწრაფად განულდეს.
დარჩენილი კითხვები
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული „ოქროს სტრატეგია”, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ეტაპზე გლობალური ფასების ზრდის გამო ასეულობით მილიონი დოლარის საბალანსო მოგებას აჩვენებს, ბიზნეს-ანალიზის ჭრილში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს მაინც ტოვებს. რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილის გადატანა ისეთ აქტივში, რომელიც არ წარმოებს მიმდინარე პროცენტულ შემოსავალს და ხასიათდება შედარებით დაბალი ლიკვიდურობით, ზრდის ქვეყნის ეკონომიკის მოწყვლადობას მოულოდნელი შიდა თუ გარე შოკების მიმართ. მიმდინარე 100-მილიონიანი შესყიდვა კიდევ უფრო ამყარებს ამ კურსს, თუმცა ადგილობრივ საცავებში ოქროს კონცენტრაცია მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა უფრო მეტად გეოპოლიტიკური იზოლაციისა და პოტენციური სანქციებისგან თავდაცვის რეჟიმში გადადის, ვიდრე რეზერვების რაციონალური და მაღალშემოსავლიანი მართვის პრინციპებით ხელმძღვანელობს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ სტრატეგიამ შესაძლოა შეზღუდოს სებ-ის ოპერაციული მანევრირება, რაც ბიზნეს-სექტორისთვის დამატებით მაკროეკონომიკურ რისკებს აჩენს.
თემურ იობაშვილი

