ბიუჯეტის ზრდის პარალელურად მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისები არ უმჯობესდება
საქართველოში მოქმედ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას და, 2022 წლიდან, მასში DRG მოდელის ამოქმედებას ხელისუფლება ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად მიიჩნევს. შეფასებას ეთანხმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც – საქართველოში ჯანმოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ, შვიდწლიანი მისიის შეჯამებისას, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთ წარმატებად სწორედ ამ სისტემის დანერგვა დაასახელა.
„განხორციელდა ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მიხედვით ჰოსპიტალური გადახდის სისტემა“, – აცხადებენ ჯანმოში.
DRG-ის ამოქმედება რომ დადებითი მოვლენაა, ამას მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს და ეს ქართული მოდელი არ არის. მთავარია, როგორ მოერგება ის კონკრეტული ქვეყნის რეალობას და რამდენად იქნება გათვალისწინებული მასში გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ისეთები, რომელიც ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებსა თუ ჯანდაცვის სისტემის მოწყობის თავისებურებებს უკავშირდება.
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონაწილე კლინიკები ანაზღაურების ახალ, DRG-სისტემაზე 2022 წლის ნოემბრიდან გადავიდნენ. DRG მოდელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებას პაციენტის დიაგნოზის, ასაკის, სქესისა და გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით განსაზღვრავს.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ერთსა და იმავე მომსახურებას ერთი ტარიფი აქვს. პაციენტები მხოლოდ იმ თანხას იხდიან, რასაც ითვალისწინებს პროგრამის პაკეტების შესაბამისი თანაგადახდის წილი, რომელიც მოქალაქეთა შემოსავლების მიხედვით 0-დან 30%-მდე მერყეობს.
საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში მონაწილე კლინიკები დაფინანსების წესის შეცვლას წლების განმავლობაში ითხოვდნენ, რადგან 2013 წელს დაწესებული ტარიფებით ოპერირება უკვე რთული იყო. DRG-ის ამოქმედებამ ეს ტარიფები გარკვეულწილად მოიყვანა რეალურ ღირებულებასთან შესაბამისობაში, რასაც კლინიკები დადებითად შეხვდნენ. თუმცა ჯანდაცვის სისტემაში კლინიკებისა და, რაც მთავარია, პაციენტების უკმაყოფილება მაინც იზრდება.
უკმაყოფილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სახარჯი მასალების საკითხია – პაციენტს არ აქვს უფლება სახელმწიფოს გამოყოფილ თანხას საკუთარი ჯიბიდან დაუმატოს და მკურნალობის ხარისხი გაიუმჯობესოს.
მაგალითად, თუ საჭირო იყო მუხლის სახსრის გამოცვლა, სახელმწიფო მხოლოდ კონკრეტულ იმპლანტს აფინანსებდა. ქირურგების თქმით, ეს იმპლანტები დაბალხარისხიანია და 2-3 წელიწადში ხელახლა გამოსაცვლელი ხდება. ექსპერტების აზრით, სახელმწიფო პროგრამა არ უნდა ეყრდნობოდეს უხარისხო მასალებს და ხარისხიანი საშუალებები უნდა დააფინანსოს.
ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორი, პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი ამბობს, რომ საქართველო მართალია მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ მაღალტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება ფუფუნებას არ წარმოადგენს.
ამ წესის შეცვლას მოითხოვდა ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მაია მახარაშვილიც, რომელიც აცხადებდა, რომ DRG-ის ამოქმედების შედეგად მაღალტექნოლოგიური მედიცინის დარგი გაჩერდა. სამინისტრომ ეს არგუმენტები მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა.
თანაგადახდის კომპონენტი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში 2025 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. პირველ ეტაპზე სიახლე შეეხო არჩევით, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას.
მომდევნო ეტაპზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა იმ პაციენტებსაც მიეცათ, ვისაც მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტები სჭირდებათ – სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის მათ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე ერთჯერადად უარის თქმა აღარ უწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას იხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო ანაზღაურებს. ამასთან, პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ – თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს.
თუმცა ამ ეტაპზე პროცესი გაჩერდა. სპეციალისტების თქმით, რჩება დარგები, სადაც თანაგადახდის არარსებობა ისევ პრობლემებს ქმნის – მაგალითად, ოფთალმოლოგია, სადაც პაციენტებს სასურველი ბროლის შერჩევის შესაძლებლობა არ აქვთ. ამ ეტაპზე პროგრამა ფარავს მხოლოდ განსაზღვრული ტიპის ინტრაოკულარული ბროლების იმპლანტაციას, მაშინ როცა რიგ შემთხვევებში პაციენტის ინდივიდუალური კლინიკური საჭიროება უფრო მაღალი ხარისხის ბროლის გამოყენებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციის შედეგი შესაძლოა ოპტიმალური არ იყოს და პაციენტმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოს.
არსებული მოდელის ფარგლებში, თუ პაციენტს უკეთესი ხარისხის ბროლის გამოყენება სურს, იგი იძულებულია უარი თქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე და ოპერაციის ხარჯები სრულად თავად დაფაროს, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას. ამიტომ დარგის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება და არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა, რათა თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ინდივიდუალურად შესაბამისი, ოპტიმალური სამედიცინო მომსახურება.
პრობლემები რჩება კარდიოქირურგიაშიც, სადაც თანაგადახდის სისტემა ჯერ არ ამოქმედებულა – შესაბამისად, თუკი პაციენტს მისთვის სასურველი სტენტის ჩადგმა სურს, ან საყოველთაო ჯანდაცვა უნდა დატოვოს და ოპერაციის ყველა ხარჯი თავად დააფინანსოს, ან დასჯერდეს იმ მასალას, რასაც სახელმწიფო აფინანსებს.
ჯერ კიდევ DRG-ის ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვეში ამოქმედდა ცვლილება, რომელიც თანაგადახდის ლიმიტებს ეხება. კერძოდ, საპენსიო ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც მომსახურების 10%-ის გადახდა უწევთ, დადგინდა, რომ 500 ლარზე მეტს არ გადაიხდიან – ანუ თუ ეს 10% 500 ლარს აღემატება, პენსიონერი მხოლოდ 500 ლარს გადაიხდის, დანარჩენს კი სახელმწიფო დაფარავს. 0-5 წლის ბავშვებისთვის, შშმ ბავშვებისთვის, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც 20%-ის გადახდა უწევთ, ზედა ზღვარი 1000 ლარია, ხოლო გარკვეული შემოსავლის ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც 30%-იანი წილია განსაზღვრული, „ჭერი“ 1500 ლარია.
ეს არის დამატებითი დაცვა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მაღალი თანაგადახდის გამო მკურნალობაზე უარს აცხადებდნენ – საუბარია ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანებზე, რომელთა პრობლემაზეც კლინიკების წარმომადგენლები DRG-ის ამოქმედებისთანავე ლაპარაკობდნენ. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ზედა ზღვრის დაწესებამ ასეთი ფაქტები მაინც ვერ აღმოფხვრა.
DRG მოდელის აშკარა ხარვეზის კონკრეტული მაგალითი
ექსპერტებს აქვთ პრეტენზია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული სპეციფიკური შემთხვევის მიმართაც. დავუშვათ, პაციენტის მკურნალობის რეალურმა ხარჯმა 1000 ლარი შეადგინა. აქედან პაციენტის ხვედრითი წილი 20%-ია (200 ლარი), ხოლო დანარჩენი 80% (800 ლარი) საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამამ უნდა აანაზღაუროს. კლინიკამ შესრულებული სამუშაოს ანგარიში (800 ლარზე) სამინისტროს წარუდგინა, თუმცა სახელმწიფომ, გარკვეული მეთოდოლოგიური თუ სხვა მიზეზების გამო, ხარჯების ნაწილი არაპროფილურად მიიჩნია და კლინიკისთვის მხოლოდ 650 ლარის ანაზღაურებაზე დათანხმდა.
ისმის კითხვა: ვინ უნდა აუნაზღაუროს კლინიკას ეს სხვაობა – 150 ლარი? რეალობა აჩვენებს, რომ – არავინ! კლინიკამ ეს თანხა საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა იზარალოს და ჩამოწეროს, ვინაიდან პაციენტისთვის ამ სხვაობის მოთხოვნა კანონით კატეგორიულად აკრძალულია.
ეს მოცემულობა სამი ძირითადი ფაქტორით აიხსნება:
1. პაციენტის ფინანსური დაცვა (ბალანსირებული ანგარიშსწორების აკრძალვა)
DRG მოდელის შემოღების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ პაციენტს კლინიკაში შესვლისას ზუსტად სცოდნოდა თავისი ფინანსური ვალდებულება. ძველი სისტემისგან განსხვავებით, როდესაც საავადმყოფოს შეეძლო პაციენტისთვის დამატებითი პროცედურები თუ მედიკამენტები მიეწერა და ახალი ანგარიში წარედგინა, DRG-ის დროს მკაცრი პრინციპი მოქმედებს: სახელმწიფოს მიერ დადგენილი თანაგადახდის პროცენტის გარდა, პაციენტს არცერთი თეთრის გადახდა არ შეიძლება დაეკისროს. წესის დარღვევის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებს უმკაცრეს ფინანსურ სანქციებს დააკისრებს.
2. სახელმწიფოს მხრიდან ხარჯებისა და ხარისხის კონტროლი
სახელმწიფო უწყებების (რეგულირების სააგენტოს) მხრიდან წარდგენილი თანხის დაკლება ძირითადად სამედიცინო აუდიტის შედეგია:
არასაჭირო პროცედურები: სახელმწიფო მიიჩნევს, რომ კლინიკამ პაციენტს ჩაუტარა ისეთი ძვირადღირებული კვლევა (მაგალითად, ზედმეტი კომპიუტერული ტომოგრაფია), რომელიც კონკრეტული დიაგნოზის გაიდლაინით აუცილებელი არ იყო.
არასწორი კოდირება: როდესაც ზედამხედველი თვლის, რომ კლინიკამ პაციენტის მდგომარეობა დოკუმენტებში იმაზე მძიმედ შეაფასა, ვიდრე რეალურად იყო, რათა მეტი დაფინანსება მიეღო.
თუ სამინისტრო მიიჩნევს, რომ გაწეული ხარჯი სამედიცინო თვალსაზრისით დასაბუთებული არ იყო, ის ამ ნაწილის ანაზღაურებაზე უარს ამბობს.
3. რატომ არის ეს სისტემური ხარვეზი?
კლინიკების მთავარი პროტესტი სწორედ იმაზე მოდის, რომ ხშირად სახელმწიფოს მიერ დადგენილი DRG ტარიფები არარეალურია და არ ფარავს მედიკამენტების, მასალებისა თუ პერსონალის შრომის ნამდვილ საბაზრო ღირებულებას. შედეგად, როდესაც კლინიკა იძულებულია პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად მაღალტექნოლოგიური და ძვირადღირებული საშუალებები გამოიყენოს, სახელმწიფო მას მაინც წინასწარ განსაზღვრულ, დაბალ ფიქსირებულ ტარიფს უხდის. სამედიცინო დაწესებულებები კი ორ ცეცხლს შუა რჩებიან: კანონის გამო პაციენტისგან ფულის აღება არ შეუძლიათ, სახელმწიფო კი სავსებით რეალურ ზედმეტ ხარჯს არ უნაზღაურებს…
„საყოველთაო ჯანდაცვის“ არასაყოველთაო მიდგომები
საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა, ხოლო დიფერენცირებული პაკეტები 2017 წლის 1 მაისიდან შევიდა ძალაში და ეს პრინციპი დღემდე მოქმედებს. კერძოდ, მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, პროგრამით ვერ სარგებლობენ – ანუ მათ ან კერძო დაზღვევა უნდა შეიძინონ, ან მკურნალობის თანხები სრულად ჯიბიდან გადაიხადონ. თუმცა, პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მშობიარობა ან საკეისრო კვეთა.
მოგვიანებით განხორციელებული ცვლილებით, შემოსავლისა და კერძო დაზღვევის მიუხედავად, სახელმწიფო დაფინანსებით თანაბრად სარგებლობა შეუძლია ყველა ონკოპაციენტს. ეს ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან იმის აღიარება იყო, რომ წლიურად 40 ათას ლარზე მეტი შემოსავალი არ ნიშნავს, რომ მოქალაქეს ყველა სამედიცინო ხარჯის ანაზღაურება შეუძლია. თუმცა ეს პრინციპი ონკოლოგიის, მშობიარობისა და ცალკეული ქრონიკული დაავადებების გარდა, სხვა მიმართულებებზე არ ვრცელდება – მაშინ როცა არსებობს არაერთი სხვა დაავადება, რომლის დროსაც პაციენტმა და მისმა ოჯახმა საშუალო და მაღალი შემოსავლის პირობებშიც კი შესაძლოა ვერ შეძლონ მკურნალობის თანხების მობილიზება.
რაც შეეხება მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება – დიფერენცირებული პაკეტების პირობებში მათ არჩევანის საშუალება აქვთ, ისარგებლონ პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით; ორივეთი ერთდროულად სარგებლობის უფლება არ აქვთ.
დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს კი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია, ასევე თვითდასაქმებულებსა და არარეგულარული შემოსავლის მქონე პირებს, კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, შეუნარჩუნდათ პროგრამით სარგებლობის უფლება, თუმცა – შეზღუდული პაკეტით. საყოველთაო ჯანდაცვის საუკეთესო პაკეტებით სარგებლობენ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, 18 წლამდე ასაკის მოზარდები, პედაგოგები და სტუდენტები. ამასთან, მათ არ ეზღუდებათ კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
როგორც ვხედავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად კერძო, ე.წ. დაშენებული პაკეტების შეძენის უფლება მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილს აქვს. გასაკვირი არაა, რომ მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვას ირჩევს – ერთი მხრივ, კერძო სადაზღვევო პაკეტების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ (მაგალითად, ამ კატეგორიაში შედის 1200-ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანიც, რაც მინიმალურ საარსებო საჭიროებას თუ დაფარავს), ხოლო მეორე მხრივ, ბევრი ფიქრობს, რომ სადაზღვევო კომპანიების შეთავაზებები ფასთან შედარებით ძალიან დაბალია.
მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის შეზღუდული პაკეტის იმედად ყოფნა კი ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში ბევრი სერვისი არ დაუფინანსდებათ – რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ფინანსური პრობლემების წინაშე შესაძლოა წელიწადში 40 ათას ლარზე მეტი შემოსავლის ადამიანებიც დადგნენ, რადგან 3300-3400 ლარი, ინფლაციის ტემპების გათვალისწინებით, ისეთ შემოსავლად აღარ ითვლება, რომელიც ადამიანს კატასტროფული სამედიცინო ხარჯებისგან დაიცავს. სხვათა შორის, ამას ონკოპაციენტების პროგრამაც ვერ უზრუნველყოფს, რადგან არის სერვისების მთელი რიგი, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება – მაგალითად, გენეტიკური ტესტი, რომელიც სწორი მკურნალობისთვის აუცილებელია და საშუალოდ 8 ათასი ლარი ღირს.
დაშენებული პაკეტების შეზღუდვა და თვიური 1000 და წლიური 40 000-ლარიანი შემოსავლის ზღვრების დაწესება კონკრეტული პაკეტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზების ნაწილად სახელდება. დაშენებული პაკეტების საყოველთაო დაშვების აუცილებლობაზე ყველაზე მეტად სადაზღვევო სექტორი აქტიურობს – მათი მოტივაცია გასაგებია: ყველა მოქალაქისთვის პაკეტების „დაშენების” უფლების მიცემა ბაზარს მნიშვნელოვნად გაზრდიდა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, ამ პრინციპის დანერგვა 2027 წლიდან დაიწყოს. თუმცა სახელმწიფო ამ ცვლილებაში რისკებს ხედავს – შესაძლოა ძირითადი ფინანსური ტვირთი კვლავ სახელმწიფოს დარჩეს, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის გადახდილი პრემიებით მოქალაქეებმა ვერ მიიღონ ის სარგებელი, რომელიც მათთვისაც სასარგებლო იქნებოდა და სახელმწიფოსთვისაც.
ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ დაშენებული პაკეტების ერთიანად შემოღების შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის ნეგატიური პრაქტიკა, რომელიც 2017 წლამდე, შეზღუდვების არარსებობის პირობებში არსებობდა და რომლის მიზეზიც სადაზღვევო სექტორის არაკეთილსინდისიერობა იყო.
„როცა ადამიანს არჩევანის თავისუფლება ეზღუდება, რა თქმა უნდა, ეს დადებითად შეფასებული ვერ იქნება. თუმცა, მეორე მხრივ, უნდა გავითვალისწინოთ, როგორ მოვედით აქამდე. ამის მიზეზი სადაზღვევო კომპანიების არაკეთილსინდისიერი ოპერირება გახდა. როცა დიფერენცირებული პაკეტები არ არსებობდა, ხარჯების ძირითად ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებდა, სადაზღვევო სექტორი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ერთვებოდა ანაზღაურებაში, როცა საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მცირე დასამატებელი თანხა დარჩებოდა. ძირითად შემთხვევებში კი ისინი პრემიებს არაფერში იღებდნენ და ეს იყო უმახინჯესი პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, თუ ეს პრაქტიკა გადაიხედება და შევძლებთ მომხმარებელს შევთავაზოთ ღირსეული და კეთილსინდისიერი მომსახურება, რა თქმა უნდა, არჩევანის თავისუფლება ყოველთვის მისასალმებელია და დიდი არჩევანისა და მაღალი კონკურენციის დროს მოსახლეობა უფრო ხელსაყრელ სერვისს მიიღებს, ოღონდ არა ისე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა”, – ამბობს ბაირახტარი.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ საყოველთაო ჯანდაცვას ძალიან ბევრი მინუსი აქვს და ის შესაცვლელია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას ძალიან დაბალი ხარისხის პაკეტებს სთავაზობენ. ამიტომ მოქალაქეებს კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ ნდობა არ აქვთ და დახარვეზებულ, გაუმართავ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას ირჩევენ. ბაირახტარის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა სწორედ ამ რისკების გადაზღვევის შემთხვევაში უნდა შეიცვალოს.
ზოგადად, დიფერენცირებულ პაკეტებთან დაკავშირებით ექსპერტები ამბობენ, რომ უსამართლო მიდგომაა, როცა ადამიანები, რომლებსაც ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა შეაქვთ, სახელმწიფოსგან ჯანდაცვის ყველაზე მცირე დაფინანსებით სარგებლობენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი მიდგომის უსამართლობა სახელმწიფომ ონკოპაციენტებთან მიმართებაში აღიარა და ყველა ონკოპაციენტი გაათანაბრა. მანამდე კერძო დაზღვევის მქონე ადამიანებს (რომლებსაც შემოსავლების გათვალისწინებით სახელმწიფო პროგრამით სარგებლობის უფლება არ ჰქონდათ) გაცილებით ნაკლები ლიმიტები ჰქონდათ, ვიდრე სოციალურად დაუცველებს, რომელთა მკურნალობასაც სწორედ პირველი კატეგორია აფინანსებდა საკუთარი შრომითა და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებით. იყო ათასობით შემთხვევა, როცა სოციალურად დაუცველი ონკოპაციენტების მკურნალობაში სახელმწიფო ათობით ათას ლარს იხდიდა, 1200-1500 და თუნდაც 3000-ლარიანი ხელფასის მქონე ადამიანებს კი იგივე მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ამ მიმართულებით სახელმწიფომ მიდგომა შეცვალა, თუმცა იგივე დამოკიდებულება რჩება სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მიმართ, რასაც სპეციალისტების ნაწილი აპროტესტებს.
თაროზე შემოდებული რეფორმების პროექტები
ექიმ-რეანიმატოლოგ ვახტანგ კალოიანის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის, როგორც სადაზღვევო სისტემის, მოდელი შესაცვლელია. „ბიზნესი და მენეჯმენტთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ არსებული მოდელი ყველაზე დიდ რისკის ქვეშ სწორედ იმ მოქალაქეებს აყენებს, რომლებსაც სახელმწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ – ისინი შესაძლოა ხარისხიანი მომსახურების გარეშე დარჩნენ. კალოიანის თქმით, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, რათა ყველას თანაბარი წვდომა ჰქონდეს ხარისხიან მკურნალობაზე.
მას კონკრეტული ხედვა აქვს, თუ რომელი მოდელით უნდა იქნეს მიღწეული ხარისხიან ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის. პროგრამა პარტია „ფედერალისტებმა” დაზღვევის ასოციაციებთან და დარგის წარმომადგენლებთან კონსულტაციით მოამზადა.
მოდელის ძირითადი პრინციპი ასეთია: სახელმწიფო მოქალაქეებს ასაკის, სქესისა და სოციალური სტატუსის მიხედვით კატეგორიებად ყოფს და თითოეულ კატეგორიას გარკვეულ კოეფიციენტს უწესებს. ამის საფუძველზე განისაზღვრება სადაზღვევო ვაუჩერის ოდენობა, რომელსაც სახელმწიფო მოქალაქეს გადასცემს ყოველგვარი თანაგადახდის გარეშე, ხოლო ის თავად წყვეტს, რომელი კომპანიის რომელი პაკეტი შეიძინოს. ვაუჩერი არ ვრცელდება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე – საორიენტაციოდ, წლიური შემოსავლით 100 000 ლარზე მეტზე.
კალოიანის თქმით, ვაუჩერის ოდენობა უნდა იძლეოდეს ხარისხიანი დაზღვევის შესაძლებლობას:
„თუ სახელმწიფო 30 ლარს მისცემს ადამიანს, ის საჭირო პაკეტს ვერ შეიძენს. 200-250 ლარად კი ძალიან კარგი პაკეტის შესყიდვაა შესაძლებელი. ამის შემდეგ სახელმწიფოს აღარ დასჭირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში პერიოდული, კოსმეტიკური ცვლილებების შეტანა, რაც ჯანდაცვის ხარისხს კიდევ უფრო აუარესებს“, – ამბობს კალოიანი.

კოეფიციენტების საჭიროებას ის იმით ხსნის, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს განსხვავებული სამედიცინო საჭიროებები აქვს. მაგალითად, 50-დან 70 წლამდე მოქალაქეებსა და ერთ წლამდე ასაკის ბავშვებზე დანახარჯი შედარებით მაღალია.
პაკეტის მინიმალური პირობების ცალკე დაწესებაზე კალოიანი საჭიროებას ვერ ხედავს. მისი თქმით, ამას ჯანსაღი კონკურენცია დაარეგულირებს: 200-250-ლარიანი პაკეტების პირობებში სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებლის მოსაზიდად მოტივაცია ექნებათ, გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი და ითანამშრომლონ საუკეთესო შედეგების მქონე პროვაიდერ კლინიკებთან.
კალოიანის შეფასებით, ასეთი სისტემა ბიძგს მისცემს არაერთი მიმართულების განვითარებას, მათ შორის, სოფლის ამბულატორიების, ოჯახის ექიმის ინსტიტუტს და პრევენციულ მედიცინას. შედეგად, მოსახლეობა უფრო ჯანმრთელი გახდება, რადგან სადაზღვევო კომპანიები მას სკრინინგისა და პრევენციის პროგრამებში ჩართავენ.
კითხვაზე, რა დაუჯდება სახელმწიფოს ასეთი სისტემის დანერგვა და რამდენად რეალისტურია მისი დაფინანსება, კალოიანმა უპასუხა: „შარშანდელი დათვლებით, საუბარია 2,5 მილიარდ ლარზე. საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 1,3 მილიარდი ლარია, მაგრამ ამას ემატება სხვა პროგრამებიც და ამაზე ორჯერ მეტი თანხა იხარჯება. ჩვენ მიერ შემუშავებული სისტემის დანერგვით კი, გვეცოდინება, რომ ადამიანებს დაზღვევის გაცილებით კარგი პირობები ექნებათ. ამასთან, ეს ჯანდაცვის რეგიონული პირველადი ჯანდაცვის განვითარების ძალიან კარგ შესაძლებლობას მოგვცემს. ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო გადის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებიდან. არის ონკოლოგია, რომელიც ძალიან დიდ დაფინანსებას მოითხოვს; ინფექციები, ეპიდემიები – აქ სახელმწიფო უნდა დარჩეს. მთავარია, რომ ადამიანს ექნება არჩევანი: თუ დაინახავს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანია ვერ სთავაზობს სათანადო პირობებს, ის სხვა კომპანიას მიაკითხავს ან სახელმწიფო პროგრამაში დარჩება. მეორე შედეგი – თანხების განაწილება ოპტიმალური იქნება და მესამე – კომპანიებს გაუჩნდებათ პრევენციის და სკრინინგის განვითარების ინტერესი”.
მისივე თქმით, სისტემა ასევე გახსნის დამატებით შესაძლებლობებს, მათ შორის, უცხოეთში მკურნალობის მიმართულებით, ხოლო მოქალაქეს ექნება საშუალება, დამატებითი თანხის გადახდით კიდევ უფრო გააუმჯობესოს დაზღვევის პირობები.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სახელმწიფოს მზაობა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უფრო ხარჯეფექტური და მოქალაქისთვის დამცავი გახდეს, კალოიანმა უპასუხა, რომ ამჟამად ასეთი მზაობა არ არის, რადგან რეფერალის სისტემა (საკომისიო წესით ისეთი სერვისების ანაზღაურება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვაში არ შედის) საარჩევნო ხმების კონტროლის მოსახერხებელ მექანიზმად რჩება.
ექსპერტულ წრეებში შემუშავებულია სხვა მოდელებიც, რომლებიც, ავტორების აზრით, უკეთ დაიცავს მოქალაქეთა ჯანმრთელობასაც და ფინანსებსაც. მათ შორის არის დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა მინიმალური, საბაზისო პაკეტის პირობებში.
სანამ ხელისუფლება ძირეული რეფორმის გატარებას გადაწყვეტს, წლიდან წლამდე იზრდება როგორც მოსახლეობის მკურნალობაზე დახარჯული სახელმწიფო თანხები, ისე კერძო სადაზღვევო პაკეტების ფასი. ამის მიუხედავად, სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიმართ მოქალაქეთა პრეტენზიები სულ უფრო ხშირად ისმის.
მაია ჭანტურია

