შტატების ახალი სტრატეგია საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდენს გავლენას
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ „ტოტალური ეკონომიკური იზოლაციის“ უპრეცედენტო კამპანია დაიწყო, რაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მრავალწლიანი დაპირისპირების ახალ ფაზას ნიშნავს. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივლისში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საბოლოოდ ჩაიშალა და სამხედრო დაპირისპირებამ საზღვაო ბლოკადის სახე მიიღო, თეთრმა სახლმა აქცენტი თეირანის რეჟიმის ფინანსურ „მოხრჩობაზე“ გადაიტანა.
24 აგვისტოს გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი სტრატეგიის მთავარი მიზანია „თეირანის რეჟიმისთვის ყველა ფინანსური სასიცოცხლო ხაზის გადაჭრა“, რათა ქვეყანამ ვეღარ შეძლოს რეგიონული პროქსი-ჯგუფების დაფინანსება და სამხედრო პოტენციალის აღდგენა. ეს კამპანია, რომელიც ვაშინგტონში ოფიციალურად „ოპერაცია ეკონომიკური განდევნილის“ (Operation Economic Outcast) სახელით არის ცნობილი, ტრადიციული სანქციების ფარგლებს გასცდა და ირანის ეკონომიკის სრულ ბლოკირებას ისახავს მიზნად – ციფრული აქტივებიდან და კრიპტოვალუტებიდან დაწყებული, ოქროს რეზერვებითა და საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვებით დასრულებული.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა პარტნიორ სახელმწიფოებს და დანარჩენ ქვეყნებსაც მიმართა:

„ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკურ იერიშს ირანის ფინანსურ კავშირებზე მთელი პლანეტის მასშტაბით. ჩვენი მიზანია გადავჭრათ ყველა ეკონომიკური სასიცოცხლო ხაზი, რომელიც ამ ტირანულ რეჟიმს ასაზრდოებს, მანამ, სანამ თეირანი სრულიად მარტო არ დარჩება“, – განაცხადა ბესენტმა.
„ისინი, ვინც ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით დგანან, მიიღებენ ჩვენი პარტნიორობის ნაყოფს. ხოლო ისინი, ვინც თავს თეირანის რეჟიმს მიაბამენ, უნდა ელოდონ, რომ გაიზიარებენ ამ მომაკვდავი რეჟიმის იზოლაციას“, – ასეთია აშშ-ის მთავარი ფინანსისტის გზავნილი.
ვაშინგტონი კატეგორიულად მოითხოვს ირანის უმსხვილესი სახელმწიფო კომერციული ბანკის (Bank Melli) ყველა საზღვარგარეთული ფილიალის დაუყოვნებლივ დახურვას და პარტნიორ სახელმწიფოებს აფრთხილებს, რომ თეირანთან ნებისმიერი ფინანსური კავშირის შენარჩუნება აშშ-ის დოლარის გლობალური სისტემიდან მათ ავტომატურ გამოთიშვას გამოიწვევს. ბესენტის ეს სტრატეგია აგრძელებს იმ გეოეკონომიკურ უპირატესობას, რომელსაც აშშ სპარსეთის ყურეში ბოლო თვეების განმავლობაში სისტემურად ქმნიდა.
ლოგისტიკური ომის პრინციპი
აშშ-ისა და ირანის დაპირისპირება სპარსეთის ყურეში დიდი ხანია გასცდა კლასიკური სამხედრო კონფლიქტის საზღვრებს. კონფლიქტი იქცა მძლავრ ინსტრუმენტად, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, გლობალურ საზღვაო ლოგისტიკასა და საუკუნოვან სადაზღვევო ინსტიტუტებში.
ამერიკელმა გენერალმა ომარ ბრედლიმ მეორე მსოფლიო ომის დროს აღნიშნა: „მოყვარულები საუბრობენ სტრატეგიაზე, პროფესიონალები კი – ლოგისტიკაზე“. თეთრი სახლი სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს. მიმდინარე კრიზისის ანალიზი აჩვენებს, რომ აშშ ამ ეტაპზე ომს არათუ არ აგებს, არამედ მნიშვნელოვან ტაქტიკურ და სტრატეგიულ უპირატესობებს ფლობს სამი ძირითადი მიმართულებით: ენერგეტიკული გავლენა, ალტერნატიული საზღვაო დაზღვევა და სამხედრო-ლოგისტიკური კონტროლი.
ენერგეტიკული ჰეგემონია და ნავთობდოლარების ახალი ნაკადები
კრიზისის დაწყებისთანავე აშშ-მა დიდი ეკონომიკური სარგებელი მიიღო. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის პერიოდულმა ბლოკირებამ და მუქარებმა, სადაც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით მეხუთედი (20%) გადის, ბაზარზე მწვავე არასტაბილურობა გამოიწვია. გეოპოლიტიკურმა რისკებმა მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა ალტერნატიულ, უსაფრთხო და სტაბილურ ენერგოწყაროებზე.
ამ ვითარებით ყველაზე მეტად ამერიკულმა ნავთობისა და გაზის გიგანტებმა – Chevron-მა და ExxonMobil-მა იხეირეს. ყურეში შექმნილმა დესტაბილიზაციამ ბიძგი მისცა აშშ-ში შელფური და ფიქლის ნავთობის მოპოვების რეკორდულ ზრდას. შედეგად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ განიმტკიცა პოზიცია, როგორც ენერგორესურსების მსოფლიო ლიდერმა ექსპორტიორმა.
ფინანსური თვალსაზრისით, ამერიკული ნავთობკომპანიების უდიდესმა მოგებამ თავის მხრივ ახეირა აშშ-ის სახელმწიფო ბიუჯეტიც. ფინანსური ანალიტიკოსების გათვლებით, საგადასახადო შენატანების სახით ამერიკის ხაზინამ ნავთობისა და გაზის სექტორიდან დაახლოებით 80 მილიარდი დოლარის დამატებითი შემოსავალი მიიღო. ამ ფინანსურმა რესურსმა პრაქტიკულად სრულად დააფინანსა რეგიონში ამერიკული სამხედრო ხარჯები და ვაშინგტონს ეკონომიკური მანევრის საშუალება მისცა.
ალტერნატიული საზღვაო დაზღვევის მექანიზმები
კონფლიქტის ერთ-ერთი საინტერესო შედეგი საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე მოხდა. თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში საზღვაო გადაზიდვების რისკების დაზღვევის გლობალურ ბაზარს, რომლის წლიური ბრუნვა 70-80 მილიარდ დოლარს შეადგენს, ლონდონი და მისი უალტერნატივო გიგანტი Lloyd’s of London აკონტროლებდა.
ირანის მხრიდან მომავალი საფრთხეების ფონზე ბრიტანულმა მხარემ სადაზღვევო პრემიები საგრძნობლად გაზარდა, რამაც ნავთობის გადაზიდვა გააძვირა. ამ მომენტში ვაშინგტონმა ეფექტური ეკონომიკური მანევრი განახორციელა: აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) შექმნა სახელმწიფო გარანტიებით ზურგგამაგრებული საზღვაო გადაზღვევის პროგრამა და წამყვან კერძო ოპერატორად ამერიკული გიგანტი Chubb-ი დანიშნა. Chubb-მა, ამერიკულ პარტნიორებთან (Travelers, Liberty Mutual, AIG) ერთად, ბაზარზე 40 მილიარდი დოლარის საერთო მოცულობის საგარანტიო ფონდი გამოიტანა, რათა ტანკერების მფლობელებისთვის შედარებით ხელმისაწვდომი ტარიფები შეენარჩუნებინა.
ვაშინგტონმა ამ ნაბიჯით შეძლო შეექმნა მნიშვნელოვანი ალტერნატიული მექანიზმი იმ ტანკერებისთვის, რომლებიც ყურეში მაღალი ტარიფების გამო ბლოკირების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის Lloyd’s-ის გლობალურ, მრავალსაუკუნოვან დომინირებას საზღვაო ბაზარზე საფრთხე არ ემუქრება, ამერიკული კაპიტალის ჩართვამ ბაზარს დამატებითი ლიკვიდურობა გაუჩინა და ვაშინგტონს კრიზისულ მომენტში საზღვაო გადაზიდვების ტარიფებზე ზემოქმედების პირდაპირი ეკონომიკური ბერკეტი მისცა.
ჰორმუზის სრუტის სამხედრო-ლოგისტიკური კოორდინაცია
მიუხედავად თეირანის მცდელობისა, სრულად ჩაკეტოს რეგიონი, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელობით შეძლეს ირანული საზღვაო ნაღმებისგან ჰორმუზის სრუტის გაწმენდა. ირანის სანაპირო დაცვისა და სათვალთვალო რადარების წინააღმდეგ განხორციელებული ზუსტი საპასუხო დარტყმების შემდეგ, ამერიკულმა ფლოტმა საერთაშორისო საზღვაო გზებზე კომერციული გემების უსაფრთხო მიმოსვლა აღადგინა.
საინფორმაციო სააგენტო Axios-ის ცნობით, ამ ფარული ოპერაციის ლოგისტიკური მართვა ხორციელდება უშუალოდ აშშ-ის ტერიტორიიდან – ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე ფორტ-ლიბერტის სამხედრო ბაზიდან. სწორედ აქედან, პარტნიორ ყურის ქვეყნებთან კოორდინაციით, ყოველღამურად 15-20 მსხვილი ნავთობტანკერის უსაფრთხო კოლონების გატარება ხდება.
CENTCOM-ის ოფიციალური მონაცემებით, კამპანიის დაწყებიდან მოყოლებული, ამერიკულმა ძალებმა სამხრეთ დერეფანში 660 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის უსაფრთხო გატარებას გაუწიეს ორგანიზება, რაც დღეში საშუალოდ 7- 10 მილიონ ბარელამდე ნავთობის ტრანზიტს ნიშნავს. ვაშინგტონმა შეძლო გლობალური ლოგისტიკური კოლაფსის თავიდან აცილება, თუმცა რეგიონში სრული სამხედრო კონტროლის დამყარებაზე საუბარი ნაადრევია – ირანი კვლავ ინარჩუნებს ასიმეტრიული დარტყმების უნარს და პოტენციურ საფრთხეს უქმნის აღნიშნულ დერეფანს.
ომის ეკონომიკური ფასი
მიუხედავად სტრატეგიული მიღწევებისა, მიმდინარე ომს კონკრეტული და ძალიან მძიმე ფინანსური ფასი აქვს, რაც ამერიკის ეკონომიკისთვისაც სერიოზულ ტვირთად იქცა.
ამერიკული წამყვანი გამოცემების, მათ შორის The Wall Street Journal-ის მონაცემებით, მხოლოდ უშუალო სამხედრო ოპერაციის პირველი ორი დღე აშშ-ის ბიუჯეტს 5.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, ომმა შეცვალა გადაზიდვების კომერციული ლოგიკა: საზღვაო ომის რისკის დაზღვევის ტარიფი კრიზისის პიკში 0.2%-დან 0.4%-მდე გაიზარდა. უბრალო გაანგარიშებით, თითოეული მსხვილი ნავთობტანკერისთვის სადაზღვევო ხარჯი დამატებით დაახლოებით 250,000 დოლარით გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება ნავთობის საბოლოო თვითღირებულებაზე.
მიუხედავად აშშ-ის მცდელობისა, ნავთობის გატარების მაჩვენებელი ომამდელ ნორმას (დღეში 20 მილიონ ბარელს) მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ნავთობის ამ გლობალური შოკის გამო, ინფლაცია აშშ-ში დამატებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც პირდაპირ აისახება ამერიკელი მომხმარებლის ჯიბეზე. ამას ემატება გეოპოლიტიკური რისკებიც, როგორიცაა ამერიკული რესურსების მიჯაჭვულობა ახლო აღმოსავლეთზე, რაც აფერხებს აშშ-ის გრძელვადიან გეგმას – „შემობრუნებას აზიისკენ“ ჩინეთის მზარდი გავლენის შესაკავებლად.
წინასწარ დაგეგმილი სტრატეგია თუ იძულებითი იმპროვიზაცია?
მიმდინარე ომის ეკონომიკური შედეგები ექსპერტებში აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას იწვევს. მთავარი შეკითხვა, რომელზეც ანალიტიკოსები დავობენ, შემდეგია: იყო თუ არა ეს შედეგები წინასწარ გაგებული ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, თუ ყველაფერი სამხედრო ესკალაციით გამოწვეული ფორსმაჟორის მართვის დროს მოხდა?
დასავლური ანალიტიკური ცენტრები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მიღწეული შედეგები ხშირად იყო არა გრძელვადიანი გათვლის, არამედ სამხედრო კრიზისის დროს მიღებული ნაჩქარევი მმართველობითი იმპროვიზაციების შედეგი, რამაც აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს გიგანტური ფინანსური რისკები დააკისრა.
ავტორიტეტული ლიბერტარიანული კვლევითი ცენტრის, Cato Institute-ის წამყვანი პოლიტიკის ანალიტიკოსი ტედ დეჰეივენი მკაცრად აკრიტიკებს თეთრი სახლის გადაწყვეტილებების სტილს ყურეში და მიუთითებს, რომ ადმინისტრაციას არ ჰქონია წინასწარ გათვლილი ეკონომიკური გეგმა.
„ტრამპის დეკლარაციები, როგორც წესი, იწყება პერსონალური კონტროლის ყოვლისმომცველი მტკიცებულებებით, რაც მაშინვე აჩენს კითხვას: „აქვს მას ამის უფლება?“, – აცხადებს დეჰეივენი.
მისი შეფასებით, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ესკალაციის ფონზე გაცემული დაპირებები უწყებებს მძიმე სამართლებრივ ჩიხში აყენებს:
„ეს ფუნდამენტური კითხვა კი შემდეგ წარმოშობს დამატებითი კითხვების ნაკადს, როდესაც მისი ხელქვეითები ცდილობენ როგორმე შეაკოწიწონ რაღაც, რაც პრეზიდენტის ოცნებას წააგავს“, – აღნიშნავს დეჰეივენი და დასძენს, რომ ყურეში ამერიკული სახელმწიფო გარანტიების ჩართვა იყო ტიპური მაგალითი კრიზისული მართვისა, სადაც „ჯერ მოდის გრანდიოზული განაცხადი, ხოლო შემდეგ – იმპროვიზაცია“.
კიდევ ერთი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, R Street Institute, მიუთითებს, რომ კერძო სატრანსპორტო კომპანია Chubb-ის ზურგის გასამაგრებლად სახელმწიფო გარანტიების ჩადება იყო არა გენიალური სტრატეგიული გათვლა, არამედ კრიზისის დროს მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომელმაც უზარმაზარი ფინანსური რისკი კერძო ბიზნესიდან პირდაპირ ამერიკელ გადამხდელებზე გადაიტანა.
„ომის დროს პოლიტიკური რისკების დაზღვევის ბაზარი არ მუშაობს ისე, როგორც ამას თეთრი სახლი წარმოიდგენს. მთავრობის მცდელობა, ჩაერიოს საზღვაო გადაზიდვების ხელახალ დაზღვევაში, მაშინ როდესაც რეგიონში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, არის ფუნდამენტური გაუგებრობა იმისა, თუ როგორ აფასებს კერძო სექტორი კატასტროფულ რისკებს. ეს გადაწყვეტილება ვერ დაასტაბილურებს ბაზარს, არამედ პირიქით – უზარმაზარ ფინანსურ ტვირთს კერძო კომპანიებიდან პირდაპირ ამერიკელ გადამხდელებზე გადაიტანს“, – განაცხადა R Street Institute-ის ფინანსების, დაზღვევისა და ვაჭრობის პოლიტიკის მიმართულების ყოფილმა დირექტორმა და ამჟამინდელმა უფროსმა მკვლევარმა, ჯერი თეოდორუმ (Jerry Theodorou).
ბესენტის განცხადება და რისკები საქართველოსთვის
ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული „ტოტალური ეკონომიკური იზოლაციის“ ახალი ფაზა და სკოტ ბესენტის მკაცრი ულტიმატუმები პირდაპირ გავლენას ახდენს სპარსეთის ყურიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით მდებარე სახელმწიფოებზეც, მათ შორის საქართველოზე, რომელსაც ირანთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს წლიური სავაჭრო ბრუნვა ირანთან 300 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. თბილისი თეირანიდან ძირითადად სამშენებლო სექტორისთვის საჭირო მასალებს – ბიტუმს, პოლიმერებსა და ლითონის პროფილებს აიმპორტებს. გარდა ამისა, ქვეყანაში ირანის მოქალაქეების მიერ 9,300-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, ხოლო ირანელი ტურისტების ყოველწლიური დანახარჯები ქართულ ბაზარზე 120 მილიონ დოლარს სცდება.
აშშ-ის ახალი სტრატეგიის მკაცრი აღსრულება ქართული ეკონომიკისთვის რამდენიმე მძიმე გამოწვევას აჩენს:
საბანკო სექტორის ფილტრაცია: ქართული ბანკები, რომლებიც მთლიანად დასავლურ საფინანსო სისტემაზე არიან მიბმულნი, იძულებულნი იქნებიან სრულად დაბლოკონ ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელსაც ირანული კვალი აქვს, რათა თავად არ მოხვდნენ საერთაშორისო იზოლაციაში.
დარტყმა დეველოპერულ ბაზარზე: ირანული შედარებით იაფი ნედლეულის იმპორტის იძულებითი შეწყვეტა გამოიწვევს საქართველოში უძრავი ქონებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ფასის ზრდას.
„ნაცრისფერი არხების“ ამოკვეთა: ეკონომიკური ექსპერტების შეფასებით, ვაშინგტონის მხრიდან კონტროლის გამკაცრება ნიშნავს, რომ ირანის მიერ სანქციების გვერდის ავლისთვის შექმნილი რეგიონული არაფორმალური ქსელების „ქირურგიული ამოკვეთა“ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურებისთვის უკომპრომისო მოთხოვნად იქცევა.
დასკვნის სახით…
ამერიკა-ირანის მიმდინარე დაპირისპირების შეჯამებისას ნათლად ჩანს, რომ ცალკეული სირთულეების მიუხედავად, ამ ეტაპზე აშშ-მა ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი უპირატესობები მოიპოვა. თეთრმა სახლმა, ნაცვლად სრული სამხედრო ესკალაციისა, აქცენტი გააკეთა ლოგისტიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ უპირატესობაზე. სკოტ ბესენტის მიერ ინიცირებული „ტოტალური ეკონომიკური იზოლაციის“ ახალი კამპანია კი მიზნად ისახავს ამ უპირატესობების საბოლოო გეოპოლიტიკურ გამარჯვებად ქცევას.
თუმცა, ვაშინგტონის ეს უკომპრომისო ეკონომიკური ბლოკადა რეგიონის მცირე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მანევრირების სივრცეს არ უტოვებს. სავარაუდო სცენარით, აშშ-ის ადმინისტრაცია თბილისის მიმართ გამოიყენებს „მკაცრი ფინანსური მონიტორინგისა და მეორადი სანქციების იძულებით აღსრულებას“, სადაც ნებისმიერი ორაზროვნება ან ირანთან ფარული ეკონომიკური არხების შეწყნარება ამერიკული დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშების გაყინვის მუქარით აღიკვეთება. ეს კი საქართველოს ხელისუფლებას ირანთან ოფიციალური ბიზნესკავშირების სრული და მყისიერი გაყინვისკენ უბიძგებს.
თემურ იობაშვილი

