Homeააფ-მედიაღია ბანკინგი საქართველოში – ფინანსური სერვისების ახალი შესაძლებლობები

ღია ბანკინგი საქართველოში – ფინანსური სერვისების ახალი შესაძლებლობები

Published on

spot_img

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში ფინანსური სექტორი მნიშვნელოვნად იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საქართველოში ეტაპობრივად ინერგება, არის ღია ბანკინგი (Open Banking). მისი მთავარი მიზანია, მომხმარებელს მისცეს მეტი კონტროლი საკუთარ ფინანსურ მონაცემებზე, გაზარდოს კონკურენცია ფინანსურ ბაზარზე და ხელი შეუწყოს ახალი, ინოვაციური სერვისების შექმნას.

საქართველოში ღია ბანკინგის განვითარებასა და რეგულირებას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ბანკი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სისტემა ეფუძნება უსაფრთხო ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას – API-ებს, რომელთა საშუალებითაც მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე შესაძლებელია ფინანსური ინფორმაციის ან გადახდის შესაძლებლობის გაზიარება ავტორიზებულ მესამე მხარეებთან. ეს სისტემა, ფაქტობრივად, ცვლის ტრადიციულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი მხოლოდ კონკრეტული ბანკის მიერ შექმნილ ინტერნეტბანკსა და მობაილბანკს იყენებს. ახალი მოდელი საშუალებას იძლევა, ფინანსური სერვისები მომხმარებელს შესთავაზონ არა მხოლოდ ბანკებმა, არამედ სპეციალიზებულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და ფინტექ-პროვაიდერებმა.

რა არის ღია ბანკინგი და როგორ მუშაობს

ღია ბანკინგი არის სისტემა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, საკუთარი თანხმობით, უფლებამოსილება მისცეს ავტორიზებულ ფინანსურ სერვისებს, მიიღონ ინფორმაცია მის საბანკო ანგარიშებზე ან განახორციელონ გადახდის ოპერაციები. მაგალითად, თუ მომხმარებელს რამდენიმე ბანკში აქვს ანგარიში, ღია ბანკინგის საშუალებით შესაძლებელია ყველა ანგარიშის ნახვა ერთი აპლიკაციიდან. ასევე შესაძლებელია მესამე მხარის აპლიკაციის გამოყენებით გადახდის განხორციელება კონკრეტული ბანკის ინტერნეტბანკში ცალკე შესვლის გარეშე.

ამ პროცესში მესამე მხარე არის სპეციალიზებული კომპანია – ფინტექ-პროვაიდერი, რომელიც მოქმედებს ბანკსა და მომხმარებელს შორის. ასეთი კომპანიები აუცილებლად უნდა იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული ან რეგისტრირებული და მათ საქმიანობას ასევე ეროვნული ბანკი ზედამხედველობს.

„კლიენტები, როგორც წესი, საკუთარ საბანკო ანგარიშებს წვდებიან პროგრამული ხელსაწყოებით, რომლებსაც მათ თავად ბანკი სთავაზობს, მაგალითად, ინტერნეტბანკითა და მობაილბანკით. ეს ყველაფერი არის ბანკის მიერ შექმნილი არხები, რომლებიც ბანკის კლიენტს – ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – აძლევს საშუალებას, საკუთარ ანგარიშზე ჰქონდეს წვდომა. ღია ბანკინგი არის საშუალება, რომლის მეშვეობითაც მსგავს პროგრამულ ხელსაწყოებს კლიენტს სთავაზობს არა უშუალოდ ბანკი, არამედ სხვა კომპანია, რომელიც მათ შორის შუამავლობს. ეს შეიძლება იყოს ნაშთის, ამონაწერის, გადახდისა და სხვა სერვისების მიწოდება. ამ სივრცეში შესაძლებელია თანხების გადატანა-გადმოტანაც და სხვა ოპერაციების შესრულებაც. პროვაიდერმა კომპანიებმა უნდა შექმნან ისეთი სერვისები, რომლებიც უკეთესი იქნება იმ ტრადიციულ სერვისებთან შედარებით, რომლებსაც ბანკები მომხმარებლებს სთავაზობენ”, – ამბობს საბანკო ასოციაციის ღია ბანკინგის პროექტის დირექტორი მიხეილ კაპანაძე.

ღია ბანკინგში ძირითადად ორი ტიპის პროვაიდერი არსებობს: ანგარიშის ინფორმაციის პროვაიდერი (AISP) – მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე იღებს ინფორმაციას ანგარიშებზე, მაგალითად, ნაშთებს, ტრანზაქციებსა და ამონაწერებს. გადახდის ინიცირების პროვაიდერი (PISP) – მომხმარებლის სახელით იწყებს გადახდის ოპერაციას.

„ღია ბანკინგს ასევე აქვს გადახდის ინიცირების სერვისი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ ფინტექ-კომპანიები. ისინი მომხმარებლებს აძლევენ შესაძლებლობას, ნებისმიერი არხიდან, სადაც გადახდის განხორციელებაა საჭირო – მათ შორის, კრი პტოსთან დაკავშირებული ოპერაციების ან სხვა გადარიცხვების შემთხვევაში – აპლიკაციიდან გაუსვლელად შეასრულონ ოპერაცია”, – განმარტავს ფინტექ-ასოციაციის თავმჯდომარე დავით კიკვიძე.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქმედება ხორციელდება მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო თანხმობის საფუძველზე. მომხმარებლის ნების გარეშე არცერთ მესამე მხარეს არ შეუძლია საბანკო ინფორმაციაზე წვდომა.

ღია ბანკინგი – ფიზიკური პირებისა და ბიზნესისთვის

მომხმარებლისთვის ღია ბანკინგი ქმნის შესაძლებლობას, ფინანსები უფრო მარტივად მართოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ბანკში არსებული ანგარიშების გაერთიანება, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი, ფინანსური დაგეგმვა და სხვა დამატებითი სერვისების გამოყენება. ფაქტობრივად, ასეთი პლატფორმები მომხმარებლისთვის პერსონალური ფინანსური მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.

ბიზნესისთვის კი ღია ბანკინგი მხოლოდ საბანკო მომსახურება არ არის – ის წარმოადგენს ფინანსური პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბანკებს, საწარმოო მართვის სისტემებს (ERP), საბუღალტრო პროგრამებსა და სხვა ციფრულ პლატფორმებს. მაგალითად, კომპანიას შეიძლება რამდენიმე ბანკში ჰქონდეს ანგარიში. ღია ბანკინგის საშუალებით საბუღალტრო პროგრამას შეუძლია ავტომატურად მიიღოს ყველა ანგარიშის ინფორმაცია, გააერთიანოს მონაცემები, დაახარისხოს ტრანზაქციები და შექმნას ერთიანი ფინანსური სურათი. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს ხელით შესრულებულ სამუშაოს, ამცირებს შეცდომების ალბათობას და აჩქარებს ფინანსური ანგარიშგების პროცესს.

მაგალითად, სადისტრიბუციო კომპანიას, რომელსაც ორი ან მეტი ბანკის ანგარიში აქვს და ყოველდღიურად ასობით გადახდას ახორციელებს, ტრადიციულად უწევს თითოეულ ბანკში ცალ-ცალკე შესვლა, ამონაწერების ჩამოტვირთვა და მონაცემების ხელით დამუშავება. ღია ბანკინგის გამოყენების შემთხვევაში კი ERP სისტემა ავტომატურად იღებს ინფორმაციას ყველა ბანკიდან, აკავშირებს გადახდებს შესაბამის ინვოისებთან და ამარტივებს ფინანსური დეპარტამენტის საქმიანობას.

აქედან გამომდინარე, სპეციალისტების შეფასებით, ღია ბანკინგი მნიშვნელოვნად ცვლის ბუღალტრის საქმიანობის მოდელს. თუ ადრე ბუღალტერს უწევდა ამონაწერების ხელით ჩამოტვირთვა, Excel-ში დამუშავება და სისტემებში ატვირთვა, ახალი ტექნოლოგიები ამ პროცესებს ავტომატიზებას უკეთებს. კერძოდ, საბანკო მონაცემები ავტომატურად იტვირთება, გადახდები მარტივად უკავშირდება შესაბამის ოპერაციებს, მცირდება ადამიანური შეცდომების ალბათობა, ხოლო ფინანსური ანგარიშგება უფრო სწრაფად მზადდება.

„თუ მე ვარ ბუღალტერი და ჩემს ორგანიზაციას ხუთ ბანკში აქვს ანგარიში, საბუღალტრო პროგრამას, თუკი ის ჩაერთვება ინტერნეტბანკში, შეუძლია ეს ინფორმაცია წამოიღოს, დაახარისხოს და კატეგორიების მიხედვით დამუშავებული სახით მაჩვენოს, მიუხედავად იმისა, რომელ ბანკში განხორციელდა ოპერაცია. მას შეუძლია კონსოლიდირებულად წარმოადგინოს ინფორმაცია და მომცეს ანალიზის შესაძლებლობა, როგორც ბუღალტერს. ასეთი პროგრამების შექმნა მნიშვნელოვნად გაამარტივებს ფინანსური მენეჯერის სამუშაო პროცესს. რაც მთავარია, ღია ბანკინგის ვალდებულება ყველა ბანკზე ვრცელდება. ზოგიერთი საბუღალტრო პროგრამა დღესაც ახორციელებს ინტეგრაციას ერთ ან ორ ბანკთან, თუმცა არა ყველა ბანკთან. ღია ბანკინგი საშუალებას იძლევა, ეს ინტეგრაცია მარტივად განხორციელდეს და ყველა ბანკს ჰქონდეს ერთი ინტერფეისი. შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილებების შექმნა უფრო მარტივი ხდება. იგივე შეიძლება ითქვას აუდიტორებზეც. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო შორს შეგვიძლია წავიდეთ – აუდიტის მიმართულებით მიმდინარეობს ფიქრი სტანდარტიზაციაზე. ამჟამად განიხილება, შეიძლება თუ არა აუდიტისთვის არსებობდეს ცალკე საშუალება, რომლის მეშვეობითაც ყველა ფინანსური ინფორმაცია, რომელიც აუდიტორებს სჭირდებათ, იმ ფორმით იყოს ხელმისაწვდომი, რომ მისი ელექტრონულად მიღება სხვადასხვა სერვისიდან, აუდიტის პროგრამაში გაერთიანება და შემდგომ სრულფასოვანი ანალიზი იყოს შესაძლებელი. ამ ეტაპზე ეს რეალიზებული ჯერ არ არის, თუმცა თვალყურს ვადევნებთ ამ მიმართულებას. როგორც კი ასოციაციაში შესაბამისი სტანდარტები ჩამოყალიბდება, ვფიქრობთ, ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ”, – ამბობს მიხეილ კაპანაძე.

მისივე ინფორმაციით, ღია ბანკინგის სტანდარტი და შესაბამისი ინტერფეისები უკვე მზად არის იურიდიული პირებისთვისაც. შესაბამისად, თუ ვინმე ამ ყველაფრის ინტეგრაციაზე დაიწყებს მუშაობას, მათ შორის, საბუღალტრო პროგრამების დეველოპერები და მიმწოდებლები, ეს მათთვის ძალიან გამოსადეგი იქნება, რადგან ყველა ბანკიდან ინფორმაციის მიღებას ერთიანი სტანდარტით შეძლებენ.

„ღია ბანკინგი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც უკვე მეხუთე წელია მიმდინარეობს. სისტემა შექმნილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. ბუღალტრული თვალსაზრისით, კომპანიებს ამ ეტაპზე საბუღალტრო სისტემებთან ინტეგრაციისთვის თითოეულ ბანკთან ცალ-ცალკე აქვთ დაკავშირებული სისტემები. განსხვავება ის არის, რომ ღია ბანკინგის მეშვეობით შესაძლებელია ერთი ბანკის სისტემაში მეორე ბანკის დამატება. კომპანიებს, როგორც წესი, ერთზე მეტ ბანკში აქვთ ანგარიში გახსნილი, შესაბამისად, მათ სხვადასხვა ბანკის აპლიკაციების გამოყენება უწევთ. ღია ბანკინგი სწორედ იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს ყველაფერი ერთ აპლიკაციაში გაერთიანდეს – ერთ სივრცეში იყოს როგორც ინფორმაცია, ისე ოპერაციების შესრულების შესაძლებლობა”, – ამბობს ფინტექ-ასოციაციის პრეზიდენტი დავით კიკვიძე.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დასახვეწია. ვიზუალი, მოქნილობა და მომხმარებლის გამოცდილება კვლავ განვითარების პროცესშია.

უსაფრთხოება და რეგულირება

ღია ბანკინგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა. ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში მომხმარებელს უჩნდება კითხვები, რამდენად დაცულია მისი ფინანსური და პირადი ინფორმაცია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ამ მიმართულებას არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ღია ბანკინგში მონაწილე ფინტექ-კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილონ ტექნიკური, ოპერაციული და ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნები. ისინი უნდა იყვნენ ავტორიზებული ან რეგისტრირებული და მათი საქმიანობა ზედამხედველობას ექვემდებარება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაცემთა გაცვლა ხორციელდება სპეციალური API ინტერფეისების საშუალებით და გამოიყენება ძლიერი ავთენტიფიკაციის მექანიზმები. მესამე მხარე იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც კონკრეტული მომსახურებისთვის არის საჭირო და რომელზეც მომხმარებელმა თანხმობა გასცა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია, გააუქმოს გაცემული თანხმობა.

„ღია ბანკინგის სერვისების გამოყენება ფინტექ-კომპანიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი ლიცენზირებული არიან. მათ აქვთ შესაბამისი უფლება, გამოიყენონ ღია ბანკინგის შესაძლებლობები. თავის მხრივ, ლიცენზირების ფარგლებში გათვალისწინებულია საკმაოდ მაღალი მოთხოვნები, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების მოთხოვნები, კიბერრისკების მართვა და სხვა საკითხები. ფაქტობრივად, ეს არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაკმაყოფილებაც კომპანიებს უწევთ იმისთვის, რომ ღია ბანკინგში ჩართვის უფლება მიიღონ”, – განმარტავს დავით კიკვიძე.

მისი ინფორმაციით, ევროპაში ღია ბანკინგი გაცილებით ადრე დაიწყო და აქტიურად ვითარდება. იქ უკვე შექმნილია ღია ბანკინგზე დაფუძნებული დიდი კომპანიები – ე.წ. უნიქორნები (კერძო სტარტაპები, რომელთა საბაზრო ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება), რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის სერვისებს სთავაზობენ. მათ შორის ერთ-ერთია Raisin – გერმანული კომპანია, რომელიც ღია ბანკინგის საფუძველზე მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ევროპის სხვადასხვა ბანკში გახსნან დეპოზიტები. ეს ყველაფერი ღია ბანკინგის მეშვეობით არის შესაძლებელი. არსებობს ბევრი სხვა კომპანიაც, რომლებიც ღია ბანკინგს აქტიურად იყენებენ. ღია ბანკინგის საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზა მუდმივი განახლების პროცესშია. სისტემას მუდმივად ემატება ახალი სერვისები და ტექნიკური სტანდარტები.

„ყველაზე ცნობილი ტექნიკური სტანდარტია ბერლინის ჯგუფის (Berlin Group) სტანდარტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და რომელსაც საქართველოც იყენებს. თუ საქართველოს ევროპას შევადარებთ, განვითარების მხრივ ჯერ კიდევ ჩამოვრჩებით. ღია ბანკინგის მიმართულებით შედარებით ახალი ბაზარი ვართ, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ეტაპობრივად გაიზრდება ამ სერვისებისა და ტექნოლოგიების მიმართ მიმღებლობა. მომხმარებელს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს ღია ბანკინგის საჭიროება და სარგებელი. ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს უფრო მეტი ფინტექ-კომპანიის დაინტერესებასა და ჩართულობას, ასევე ახალი ინოვაციური შეთავაზებების შექმნას. ამასთან, ბანკებიც ნელ-ნელა ხედავენ, რომ ღია ბანკინგის სერვისების გამოყენება მომხმარებლებისთვის აქტუალური ხდება და მისი გამოყენება წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, მომავალში ისინი უფრო აქტიურად დაიწყებენ ღია ბანკინგზე დაფუძნებული ინოვაციური სერვისების შეთავაზებას”, – ამბობს დავით კიკვიძე და დასძენს, რომ ზოგადად, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, განსაკუთრებით მცირე ბიზნესში, თანამედროვე ტექნოლოგიების მიმღებლობა ხშირად გამოწვევად მიიჩნევა.

„როგორც წესი, კომპანიები ტექნოლოგიებში ინვესტირების გადაწყვეტილებას მანამდე არ იღებენ, სანამ არ დაინახავენ და არ დარწმუნდებიან, რომ ეს მათთვის ნამდვილად საჭირო და სარგებლის მომტანი იქნება. აქაც იგივე სიტუაცია გვაქვს – ადამიანები ხშირად გადაწყვეტილებას არ იღებენ იმაზე, რაც მათთვის უცნობია. თუმცა ყველაფერს დრო სჭირდება. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, საჭიროა ცნობადობის გაზრდა, რათა ღია ბანკინგის უპირატესობები მომხმარებლებისთვის უფრო ნათელი და გასაგები გახდეს”, – ამბობს დავით კიკვიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ღია ფინანსების სტანდარტები ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის, ეს მიმართულება ფინანსური სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად განიხილება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ჩნდება იურიდიული პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრი ახალი სერვისის შექმნაა შესაძლებელი, ტექნოლოგიური საფუძველი უკვე არსებობს. სპეციალისტების შეფასებით, მომავალში ღია ბანკინგი შეიძლება გახდეს ფინანსური ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, სადაც ბანკები, ფინტექ-კომპანიები და ბიზნესები ერთმანეთთან უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტიანად ითანამშრომლებენ.

ეკა ხარაზი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.