Homeააფ-მედია„იაფი რუსული საწვავის“ ეპოქა დამთავრდა

„იაფი რუსული საწვავის“ ეპოქა დამთავრდა

Published on

spot_img

უკრაინულმა დრონებმა საქართველოს საწვავის შესყიდვის დივერსიფიკაცია აიძულა

საქართველოსთვის ბოლო წლებში ბენზინის და დიზელის მთავარ მომწოდებელს – რუსეთის ფედერაციას საკუთარი ბაზრის მომარაგების სერიოზული პრობლემები უდგას. ენერგორესურსებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და საწვავის მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა ამჟამად საზღვრებს გარეთ ცდილობს ბენზინის და დიზელის ყიდვას. უკრაინასთან ომის მეხუთე წელს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი დაბომბა და საწარმოო პროცესი გააჩერებინა. გარდა იმისა, რომ რუსეთი საკუთარ მოხმარებასაც ვეღარ აკმაყოფილებს ბოლომდე და რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ავტოგასამართ სადგურებზე კილომეტრიანი რიგები დგას, ქვეყანამ თითქმის მთლიანად შეწყვიტა საწვავის ექსპორტზე გატანა. შედეგად, „რუსულ იაფ საწვავზე” ორიენტირებული ქართველი ნავთობიმპორტიორების ნაწილიც მომწოდებლის გარეშე დარჩა. შედეგად, მოუწიათ ალტერნატიული მომწოდებლების მოძებნა და შედარებით ძვირი საწვავის ქვეყანაში შემოტანა.

როგორ იცვლებოდა რუსეთზე დამოკიდებულება

საქართველოს ეკონომიკა რომ დიდწილად რუსეთს ჩამოეკიდა და ოკუპანტი ქვეყანა ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაიქცა, ამ თემას არაერთხელ შევხებივართ. იმაზეც გვისაუბრია, რომ 2007 წლიდან რუსული გაზის ჩანაცვლების შემდეგ, 2019 წლამდე საქართველოს რუსეთიდან გაზის ყიდვაში ფული აღარ გადაუხდია. თუმცა, 2019 წლიდან „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კვლავ დაიწყო „გაზპრომისგან” აირის შესყიდვა და 2025 წელს რუსული გაზის წილი მთლიან მოხმარებაში დაახლოებით 25%-ს, ანუ მეოთხედს შეადგენდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გაზთან ერთად კიდევ მეტად გაიზარდა რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი. 2023 წელს რუსეთიდან შემოტანილი ბენზინის და დიზელის წილმა მთლიან მოხმარებაში 60%-ს გადააჭარბა. მომდევნო წლებში შედარებით შემცირდა რუსეთიდან იმპორტი, ახლა კი სულაც შეჩერებულია, რადგან როგორც იტყვიან, „რუსეთს საკუთარი თავი გასჭირვებია”. უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დიდი ნაწილი აფეთქებულია და შედეგად საწვავის გადამუშავება აღარ ხდება. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების სისტემატური დარტყმების შედეგად, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 20%-დან 40%-მდე ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. ავტორიტეტული გამოცემა Fინანციალ თიმეს ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ მაჩვენებელი 40%-მდეა. იმავე გამოცემის თანახმად, ივნისის მონაცემებით, რუსეთი დღეში საშუალოდ 4.1 მილიონ ბარელ ნავთობს გადაამუშავებდა, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე 28%-ით ნაკლებია, ხოლო ქვეყნის ნომინალურ (დაპროექტებულ) სიმძლავრეზე 35%-ით ნაკლები. უკრაინულმა დრონებმა მიზანში ამოიღეს რუსეთის 11 უმსხვილესი ქარხანა, რომლებიც ბენზინის ძირითად მასას აწარმოებდნენ. მასშტაბური დარტყმები ხორციელდება რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 2500-2700 კილომეტრამდე მანძილზეც კი. მაგალითად, 6 ივლისს დაიბომბა ციმბირის სიღრმეში მდებარე ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელზეც რუსული ბენზინის წარმოების დაახლოებით 11-12% მოდიოდა და იერიშის შემდეგ საწარმომ მუშაობა შეაჩერა. ასევე, განმეორებითი თავდასხმებით მძიმედ დაზიანდა მოსკოვის, ლენინგრადის ოლქისა და სიზრანის ქარხნები. ამ მასშტაბურმა დეფიციტმა საწვავის კრიზისი შეუქმნა დაახლოებით 50 მილიონ მცხოვრებელს, რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 35%-ია. რუსეთის რეგიონების უმრავლესობაში საწვავის საცალო გაყიდვაზე მკაცრი ლიმიტებია დაწესებული, ხოლო ანექსირებულ ყირიმში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ბენზინი მხოლოდ ელექტრონული ვაუჩერებით გაიცემა.

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე

როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთზე ბოლო წლებში დრამატულად გაიზარდა, თუმცა ამ პროცესს საფუძველი გაცილებით ადრე ჩაეყარა. კოალიცია „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წლისთვის, ქართულ ბაზარზე რუსული ბენზინისა და დიზელის წილი მინიმალური იყო და სულ რაღაც
6%-დან 10%-მდე მერყეობდა. იმ პერიოდში ქვეყანა საწვავის დივერსიფიკაციას ახდენდა და თითქმის სრულად ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა (რუმინეთი, ბულგარეთი) და აზერბაიჯანზე იყო ორიენტირებული. რუსული პროდუქციის წილის თანმიმდევრული ზრდა 2010-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო, რაც ადგილობრივი იმპორტიორების მხრიდან იაფი ალტერნატივის ძიებით იყო განპირობებული.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე ჩამოკიდების მასშტაბები სულ უფრო მზარდია. 2012 წელს, საგარეო ვაჭრობაში რუსეთთან ვაჭრობის მოცულობამ 521 მლნ დოლარი შეადგინა და სავაჭრო პარტნიორებში, 5%-იანი წილი დაიკავა. მაშინ რუსეთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშიც არ შედიოდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, რუსეთის წილმა ზრდა დაიწყო და 2023 წლის იანვარში სულაც მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. რუსეთთან ვაჭრობის მთლიანი მოცულობა 2023 წელს 2.4 მლრდ დოლარი იყო. გასულ 2025 წელს რუსეთთან ვაჭრობის მოცულობამ 2.7 მილიარდს მიაღწია და მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10.4%-იანი წილი დაიკავა. ეს რაც შეეხება ზოგადად რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, მაგრამ ახლა დავუბრუნდეთ საწვავის თემას. რუსული ბენზინის და დიზელის წილი საქართველოს ბაზარზე სულ უფრო იზრდებოდა. რადიკალური და მასშტაბური ცვლილება კი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოხდა. 2022 წლის დასაწყისისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის წილი ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ დაახლოებით 16%-დან 18%-მდე ფარგლებში მერყეობდა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებისა და მოსკოვისთვის დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ევროპულ ბაზარზე გასასვლელის დაკარგვის გამო, რუსეთმა ნავთობპროდუქტებზე უზარმაზარი ფასდაკლებები დააწესა. ამით ისარგებლეს ქართულმა კომპანიებმა და ქვეყანა პრაქტიკულად სრულად გადავიდა რუსულ საწვავზე. 2022-2023 წლების შეჯამებით, რუსეთიდან იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და ბაზრის 60-80%-ს მიაღწია.

პოლიტიკური კრიტიკა: ოკუპანტის დაფინანსება და რეპუტაციული რისკები

საქართველოს ამგვარმა ეკონომიკურმა ნაბიჯებმა შიდა ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ქართველი ოპოზიციონერები და საერთაშორისო დამკვირვებლები ცალსახად მიუთითებდნენ, რომ „ქართული ოცნების” მთავრობა მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლის გამო ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებდა.
ოპონენტების მთავარი არგუმენტები რამდენიმე პუნქტად იყოფოდა:

აგრესიის პირდაპირი დაფინანსება: ყოველი ლიტრი რუსული საწვავიდან მიღებული მოგება კრემლის ბიუჯეტში შედის, რაც პირდაპირ ხმარდება უკრაინაში მიმდინარე ომსა და სამხედრო მანქანის შენახვას.

ოკუპანტის გაძლიერება: ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, ფინანსურად აძლიერებს საკუთარ ოკუპანტს და ხდება მასზე კრიტიკულად დამოკიდებული, რაც კრემლს პოლიტიკური შანტაჟის ბერკეტს აძლევს.

საერთაშორისო იზოლაცია და რეპუტაცია: დასავლეთიდან ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ საქართველო იქცა პლატფორმად, სადაც სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტები „მშვიდობიანად” საღდებოდა, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს დიდ ზიანს აყენებდა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წლების წინ უკვე აღნიშნავდა, რომ რუსულ საწვავსა და პროდუქტებზე დამოკიდებულების ზრდა მიზანშეუწონელია ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია. სოსო ბერიკაშვილი, მათ შორის „რადიო თავისუფლებასთან” და BMG-სთან აღნიშნავდა, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, იქნება ეს ტურიზმი, ფულადი გზავნილები თუ საწვავი, ქვეყნისთვის არის „პოლიტიკური რისკი”, რადგან რუსეთი არაპროგნოზირებადი პარტნიორია. ის ხაზს უსვამდა, რომ ბაზრის დივერსიფიკაცია რთულია, როდესაც რუსული პროდუქტი იაფია, თუმცა სახელმწიფო ამას სტრატეგიულად უნდა უდგებოდეს. ექსპერტი არჩილ
მამათელაშვილი თავის ანალიტიკურ სტატიებში ძირითადად წერს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და იმ ფაქტზე, რომ ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო მძიმე გაკვეთილი მიიღო, რაც საქართველოსთვისაც მაგალითი უნდა იყოს.

კრიზისი რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში

მას შემდეგ, რაც უკრაინულმა მხარემ სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო და ომი რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, მის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გადაიტანა, ვითარება კარდინალურად შეიცვალა. უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების მასირებულმა იერიშებმა რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარე უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე სერიოზული დარტყმა მიაყენა აგრესორი ქვეყნის ეკონომიკას.

მწყობრიდან გამოვიდა და ნაწილობრივ თუ მთლიანად პარალიზდა ისეთი გიგანტები, როგორიცაა რიაზანის, ნოვოშახტინსკის, კუიბიშევისა და ტუაფსეს ქარხნები. დარტყმებმა გამოიწვია წარმოების მკვეთრი ვარდნა, რის გამოც რუსეთის შიდა ბაზარზე საწვავის მწვავე დეფიციტი შეიქმნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში ბენზინგასამართ სადგურებზე კილომეტრიანი რიგები დადგა, ხოლო კრემლი იძულებული გახდა, საწვავის ექსპორტი დროებით სრულად აეკრძალა შიდა ბაზრის დასაცავად. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საწვავის იმპორტი დაიწყო ბელარუსიდან, ყაზახეთიდან და ინდოეთიდანაც კი, რომელიც რუსულ ნავთობს ყიდულობს და იქიდან აწარმოებს ბენზინს და დიზელის საწვავს.

შექმნილმა მდგომარეობამ რუსეთის შიგნით უდიდესი აღშფოთება გამოიწვია. პოპულარულ ტელეგრამ-არხებზე სამხედრო ბლოგერებმა დაიწყეს თავდაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების მწვავე კრიტიკა. ომის მხარდამჭერი პროპაგანდისტები ღიად წერდნენ, რომ რუსეთის ცა აბსოლუტურად დაუცველია, სტრატეგიული ობიექტების პარალიზება კი ბანალური, იაფი დრონებით ხდება, რაც ქვეყნის სირცხვილი და ღალატის ტოლფასიაო; მათი თქმით, სანამ ფრონტზე რუსი სამხედროები სისხლს ღვრიან, ზურგში ეკონომიკური ხერხემალი იმტვრევა, რადგან ტანკებისა და სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო საწვავის ბაზა ყველას თვალწინ ნადგურდება.

საქართველო, რომელიც ბოლო დრომდე მთლიანად იყო მიჯაჭვული რუსულ საწვავზე, საკმაოდ რთული რეალობის წინაშე დადგა. რუსული ქარხნების მასობრივმა დაბომბვამ და მოსკოვის მიერ საექსპორტო კვოტების გაუქმებამ მყისიერად ასახვა პოვა ქართულ ბაზარზეც. რუსეთიდან იაფი საწვავის მოწოდების წყვეტამ ადგილობრივი იმპორტიორები აიძულა, სასწრაფოდ დაებრუნებინათ ძველი, ალტერნატიული ლოგისტიკური გზები.

დღეისათვის, საქართველოში საწვავის ნაკადების გადამისამართება კვლავ ტრადიციულ ევროპულ ბაზრებზე – ბულგარეთსა, რუმინეთსა და აზერბაიჯანზე ხდება. თუმცა, ვინაიდან ევროპული საწვავი გაცილებით ძვირია, ხოლო ლოგისტიკური მარშრუტები უფრო რთული და ხარჯიანი, ამან საწვავის კიდევ უფრო გაძვირებას შეუწყო ხელი. გადაზიდვა ხდება, მათ შორის შავი ზღვის გავლით, ტანკერებით. ამ ცვლილებამ საწვავის ფასებში ტრანსპორტირების ხარჯი მკვეთრად გაზარდა. რუსული ქარხნების კრიზისმა დაამტკიცა ექსპერტების ადრინდელი გაფრთხილება: ერთ, არასტაბილურ მომწოდებელზე ჩამოკიდებამ ქვეყანა ლოგისტიკური შოკის წინაშე დააყენა.

გავლენა და რეალობა

შექმნილი მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე კონკრეტულ მომენტში მიღებული იაფი პროდუქტის სარგებელი. რუსულ საწვავზე დამოკიდებულებამ ქვეყანა მოწყვლადი გახადა გარე სამხედრო და ტექნოლოგიური ფაქტორების მიმართ, რაზეც საქართველოს გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

მიმდინარე პერიოდში ქართულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასების კლების ტენდენცია თითქმის არ იკვეთება. ექსპერტების ვარაუდით, სანამ ბაზარი სრულად არ დასტაბილურდება ალტერნატიულ წყაროებზე, ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა – მაისის დასაწყისში თუ 105 დოლარს გადააჭარბა ბარელზე, ამჟამად ნავთობის ფასი 70-75 დოლარის დიაპაზონშია.

შეგვიძლია ისიც გავიმეოროთ, რომ საწვავის სიძვირე ავტომატურად ზრდის პირველადი მოხმარების პროდუქტებისა და დისტრიბუციის ღირებულებას, რაც მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე უარყოფითად აისახება.

შექმნილმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა საბოლოოდ არასახარბიელოდ მთავრდება. აუცილებელია სახელმწიფო ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე ზრუნავდეს, რათა არცერთ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ოკუპანტს, არ ჰქონდეს ბაზრის 30-40%-ზე მეტი წილი.

„იაფი რუსული საწვავის” ეპოქა ამ ეტაპზე დასრულებულია. უკრაინულმა დრონებმა არა მხოლოდ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ინფრასტრუქტურა, არამედ ქართული საიმპორტო პოლიტიკის ილუზიაც დააზიანეს. ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული დივერსიფიკაცია და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება პროგნოზირებად, ცივილიზებულ სახელმწიფოებთან.

თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ბოლო სტატიები

სომხეთის პროევროპულმა კურსმა რუსეთი შეაშფოთა

მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.

რეგიონის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტები და საქართველო

თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე.

სახელმწიფო, რეპრესიული ჯარიმებით, ხალხის დაშინებისა და ბიუჯეტის შევსების გზას დაადგა

პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების" დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვე სერიოზულ პრობლემას იწვევს.