ექსპერტები საჯარიმო სისტემის არაპროპორციულობაზე და შეუსაბამობაზე მიუთითებენ
ბოლო პერიოდში დაწესებულმა ჯარიმებმა რეპრესიული ხასიათი მიიღო. პარკირებიდან დაწყებული, ყველა ტიპის საყოფაცხოვრებო ჯარიმა გამკაცრებულია და ამას წარმოუდგენლად კამპანიური ფორმა აქვს. შესაბამისად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფოს მიზანი არა წესრიგის დამყარება და მოქალაქეზე ზრუნვაა, არამედ ბიუჯეტის შევსება, მით უმეტეს, როდესაც აქცენტი მხოლოდ დასჯაზე კეთდება და არა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, განათლებასა თუ ცნობიერების ამაღლებაზე.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელი რეკორდული ჯარიმების წელი იყო. მხოლოდ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებიდან 59 მილიონი ლარით მეტი ამოიღეს, ვიდრე წინა წელს. ასეთი რამე არასდროს მომხდარა. სპეციალისტები და ასევე პოლიტიკოსებიც უკვე ადასტურებენ, რომ დაწესებული ჯარიმები მოსახლეობის შემოსავალთან მიმართებაში არაადეკვატურია. ამ მხრივ აღსანიშნავია „ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატის, ასევე ყოფილი მინისტრის – კახა კახიშვილის მოსაზრება, რომელმაც 21 მაისს სოციალურ ქსელში კრიტიკული ტექსტი გამოაქვეყნა. კახიშვილმა საგზაო ჯარიმების, საგადასახადო სანქციებისა და პარკირების წესების გამკაცრება გააკრიტიკა. მისი შეფასებით, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ მოქმედი სისტემა უსაფრთხოებაზე კი არა, ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული და მოქალაქეებისთვის „ხაფანგად” იქცა.
კახიშვილის მოსაზრებით, განვითარებულ ქვეყნებში მძღოლი წინასწარ არის გაფრთხილებული, გზაზე სად იწყება და მთავრდება საშუალო სიჩქარის კონტროლი. საქართველოში კი მოქალაქე ერთსა და იმავე მონაკვეთზე რამდენიმე ჯარიმას იღებს, რაც უსამართლობის განცდას აჩენს. იგივე შეიძლება ითქვას დგომა-გაჩერების წესის დარღვევაზეც.
„მსოფლიოში საღამოს 7-8 საათის შემდეგ კონტროლი წყდება. საქართველოში კი ღამის 10 საათზეც აჯარიმებენ, ღამის 1 საათიდან პატრული აგრძელებს და დილის 4 საათზეც კი დააჯარიმეს მანქანები. მხოლოდ ჯარიმების ზრდა პრობლემას ვერ მოაგვარებს, როცა საპარკინგე ადგილები არასაკმარისია”, – განაცხადა მან.
კახიშვილის პოზიციაა, რომ ჯარიმები მოსახლეობის შემოსავლებთან თანაზომიერი იყოს, მანამდე კი სახელმწიფომ მოწესრიგებული საპარკინგე ინფრასტრუქტურა უნდა შექმნას.
პოლიტიკოსის მოსაზრებას სპეციალისტებიც ეთანხმებიან. ბიზნესის სამართლის ექსპერტი აკაკი ჩარგეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ჯარიმების ხარჯზე გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმვა არასამართლიანია, რადგან იგი ემსახურება არა პრევენციას, არამედ ბიუჯეტის შევსების წყაროს წარმოადგენს. ჩარგეიშვილმა ჩვენთან საუბრისას ბიზნესისთვის დაწესებულ ჯარიმებზე ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები პრევენციის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.
„სხვადასხვა სფეროს მოწესრიგების და დარეგულირების რეალური გამოწვევები არსებობს და ამას ემსახურება ჯარიმების გამოწერაც, მაგრამ ამ შემთხვევაში საჯარიმო სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს. საპენსიო ჯარიმებს შევეხები. ამ თემაზე ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა უკმაყოფილება. როდესაც საპენსიო სქემა შეიქმნა, ჯარიმასთან დაკავშირებით საკითხი გადაწყვეტილი არ იყო. კომპანიები კეთილი ნებით რიცხავდნენ თანხას საპენსიო სქემაში. ძირითადად, ბუღალტრებს ჰქონდათ კითხვები, რომ 2% დარიცხული ხელფასიდან უნდა გადაერიცხათ ფონდში თუ დაბეგრილიდან. ზოგმა დაბეგრილიდან გადარიცხა, ზოგმა დაუბეგრავიდან და ამის გამო სხვაობა დაფიქსირდა. ზოგი კომპანიის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა გადაცდომას. ამის გამო გადაწყდა ჯარიმის დაწესება, რამაც პრობლემა შექმნა როგორც ბუღალტრისთვის, ასევე კომპანიებისთვის.
როდესაც ადმინისტრირების და გასაჩივრების შესაძლებლობა გაჩნდა, გაურკვეველი აღმოჩნდა, ვის პრეტენზიას განიხილავენ და ვის დაუკმაყოფილებენ მოთხოვნას. სიმართლე გითხრათ, არც მსმენია, ვინმესთვის განცხადება დაეკმაყოფილებინათ. ბარიერი ხელოვნურად შეუქმნეს, საბოლოოდ წნეხი ბიზნესზე გადავიდა და მის საზიანოდ იქნა გაკეთებული”, – განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა და დასძინა, რომ სექტორულად ძალიან ბევრი ჯარიმაა, რაც მოსახლეობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება და ფინანსურ ტვირთს საგრძნობლად ამძიმებს.
„ჩვენ ძალიან ბევრი ჯარიმა გვაქვს. სექტორულად რომ შევხედოთ, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ჯართს აგროვებენ, მათ სპეციალური გარემოსდაცვითი ნებართვის აღება უწევთ. ასევე სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებითაც ჯარიმებია, რაც პრობლემაა ბიზნესისთვის და მოსახლეობისთვისაც. თუ სანქციას აწესებ, ჯერ უნდა ახსნა, რას აკეთებ იმისთვის, რათა მოქალაქეები არ დაჯარიმდნენ. რამდენად დროულად მივიდა ინფორმაცია? მაგალითად, საპენსიო სქემას მინდა დავუბრუნდე. 500-ლარიანი ჯარიმა დაწესდა ისე, რომ ბუღალტრებს ინფორმაციაც არ ჰქონდათ. ადამიანს უნდა ესმოდეს, რისთვის ჯარიმდება. როცა ინფორმაციას არ ავრცელებს, სახელმწიფო მინიმუმ უხერხულობას ქმნის და კომპანიისთვის კი სერიოზული ხარჯია.
უზარმაზარი ჯარიმების ნაწილი, რაც ბოლო პერიოდში დააკისრეს ხალხს, არის საპარკინგე სივრცესთან და საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული. ადამიანს, რომელიც ავტომობილს მართავს, შეექმნა სერიოზული პრობლემა, რადგან ოდნავი გადაცდომის გამო მაღალი ჯარიმის გადახდა უწევს. მოსახლეობისთვის ამხელა ჯარიმები გაუსაძლისია. ერთი მხრივ, ჯარიმა მაღალია, მეორე მხრივ, რაოდენობრივადაც ბევრი იწერება.
გარდა ამისა, წარმოუდგენლად მაღალია საპროტესტო აქციების მონაწილეებისთვის დაწესებული ჯარიმაც, რომელიც გზების გადაკეტვას უკავშირდება. შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ განსაკუთრებული მოცულობის ჯარიმები იქნა შემოღებული ტროტუარზე დგომის და ქვეითების შეფერხებასთან დაკავშირებითაც”, – განმარტა იურისტმა.
უფლებადამცველი ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ამ სანქციებს „დრაკონულს” უწოდებენ და პროტესტის გამოხატვის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ. კონკრეტული სტატისტიკა ამ კუთხით ქვეყანაში არ იწარმოება და არც არასამთავრობო ორგანიზაციები აღრიცხავენ, თუ რა მოცულობის ჯარიმა გამოიწერა აქტივისტების წინააღმდეგ. ერთადერთი, საია-მ მოიძია უწყვეტი საპროტესტო აქციების პირველ თვეებში დაჯარიმების სტატისტიკა და დადგინდა, რომ 2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი პროევროპული აქციების განმავლობაში დემონსტრანტებზე დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ ჯამურად 18 მილიონ ლარს გადააჭარბა. საერთო ჯამში კი, ასეთი ტიპის სანქციების მოცულობა 1000%-ით გაიზარდა…
სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მხოლოდ დასჯით ქცევა არ იცვლება. მაგალითად, საცობების წარმოქმნის ან არასწორი პარკირების გამო ჯარიმები მკაცრია, მაგრამ პარალელურად არ ვითარდება ინფრასტრუქტურა – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ან პარკინგის ალტერნატივები, რაც მოქალაქეებს გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღება გაამხვილა მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს” დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ.
„როგორც წესი, ჯარიმას პრევენციული სახე აქვს. თუმცა, საავტომობილო სფეროში პრობლემას ნამდვილად არ უშველა. აქ საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ცნობიერების ამაღლება. ჩვენ ვხედავთ, რომ კვლავ დიდია სიკვდილიანობა გზებზე და ჯარიმებით ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აუცილებელია პრევენციული ზომების მიღება. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ყოველწლიურად 500-მდე ადამიანი იღუპება, რაც საგანგაშო სტატისტიკაა. მარტო ჯარიმით შედეგი ვერ დადგა. რაღაც მიმართულებაში ჯარიმებს ვემხრობი, რომ არ იყოს ქაოსური მდგომარეობა. მაგრამ იმავდროულად კამპანიაა საჭირო, რომ სწორად მოხდეს დაგეგმა და ჯარიმა იყოს არა სადამსჯელო მექანიზმი, არამედ პრევენციული ღონისძიება”, – აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ჯარიმების პარალელურად სხვა ზომებიც გატარდეს, რაც მდგომარეობას რეალურად გამოასწორებს.
„საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. ავტომობილის მფლობელის მაგალითი რომ ავიღოთ, ქალაქის პირობებში მძღოლი ჯარიმდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის, არასწორი პარკირებისთვის და პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის. ამ ყველაფერზე ჯარიმებს წერს ქალაქ თბილისის სპეციალური ინსპექცია, რომელიც ქუჩებში ფეხით გადაადგილდება; ასევე საპატრულო სამსახური; ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კამერები და უკონტაქტო პატრული. ასეთი ადმინისტრაციული პირობები გაუსაძლისია მძღოლისთვის, კონკრეტული პირებისა და მცირე ბიზნესისთვის”, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგი ჯაფარიძემ.
ამდენად, გაზრდილი ჯარიმების გამო მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ეკონომისტები არ გამორიცხავენ, მკაცრი სანქციები უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი გახდეს. ისიც პრობლემაა, რომ ხალხს უსამართლობის შეგრძნება აქვს, რაც სტრესს იწვევს და ეკონომიკურ აქტივობაზეც ნეგატიურად აისახება. ეკონომისტ მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ჯარიმების მოცულობა იმდენად შეუსაბამოა მოსახლეობის საშუალო შემოსავლებთან, რომ კარგავს თავის ძირითად ფუნქციას.
„სწორი გზაა სახელმწიფო ჯარიმებთან დაკავშირებით პროპორციულობისა და დიფერენცირების სისტემაზე გადავიდეს. თანამედროვე, განვითარებული სახელმწიფოები ანალოგიურ გზას დიდი ხნის წინ დაადგნენ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ფინეთში, საგზაო ჯარიმების ოდენობა პირდაპირ არის მიბმული ადამიანის შემოსავალზე – რაც მეტს გამოიმუშავებ, მით მეტს იხდი. ეს სისტემას უფრო სამართლიანს ხდის.
ჯარიმასთან ერთად, სახელმწიფომ აქცენტი გაფრთხილებაზე, საინფორმაციო კამპანიებსა და სამართლიანი გარემოს შექმნაზე უნდა გააკეთოს. მკაცრი სადამსჯელო გარემო აფრთხობს ახალ იდეებს. მეწარმეები ერიდებიან ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანას ან წარმოების გაფართოებას. ჩვენს შემთხვევაში, ჯარიმა არის არაპროგნოზირებადი. შესაბამისად, თანხა აკლდება მოქალაქეს, ბიზნესს და შემდეგ უკვე მათ ეკონომიკურ აქტიურობას აფერხებს.
მილიონობით ლარი, რაც ბიუჯეტში ჯარიმებიდან შედის, რეალურად მოქალაქეებისთვის წართმეული ფულია. ფული აკლდება ხალხს და მერე უკვე ყველა იმ სხვა დანარჩენ საქონელს და მომსახურებას, რაზეც ჯარიმის გადამხდელს ეს ფული უნდა დაეხარჯა. მგზავრებისთვის დაწესებული ჯარიმები რომ ავიღოთ, ჯერ ერთი, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მერე ეს ყველაფერი იწვევს ადამიანების გაღიზიანებას, უსამართლობის შეგრძნებას და დიდი ნერვული სტრესია, რაც ეკონომიკურ აქტივობაზეც ნეგატიურად აისახება.
პროცესს ბოლო პერიოდში მასობრივი სახე აქვს და თავისუფლად შეიძლება გახდეს უკმაყოფილების გამომწვევი. განსაკუთრებით, როცა „ჩასაფრების” დონეზე ხდება ჯარიმის გამოწერა. არიან მოქალაქეები, ასევე ბიზნესიც, რომლებიც ვერ იხდიან ჯარიმას და ეს უკვესერიოზულ პრობლემას იწვევს. შეიძლება, ჯარიმების რაოდენობის ასეთ მასშტაბურ ზრდას პროტესტის ტალღაც მოყვეს. ეს ჯერ არ იგრძნობა, მაგრამ გამორიცხული არ არის”, – განაცხადა ეკონომისტმა ჩვენთან საუბრისას.
ცნობისთვის, 2025 წელს თბილისის მერიის სამსახურების მიერ გამოწერილი ჯარიმებით დედაქალაქის ბიუჯეტში სულ 27 890 270 ლარი შევიდა. აქედან ყველაზე დიდი წილი – თითქმის 63% მოდის „თბილისი პარკინგის” მიერ გამოწერილ სანქციებზე, რამაც 17 527 091 ლარი შეადგინა.
სხვა მუნიციპალური დარღვევებიდან აღსანიშნავია ტაქსით მგზავრთა გადაყვანის პირობების დარღვევა, რისთვისაც ბიუჯეტში 3 153 188 ლარია შესული, ხოლო სატვირთო მანქანების მიერ საათობრივი/ზონალური შეზღუდვების დარღვევაზე ჯარიმების მოცულობამ 2 972 751 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მუნიცი პალურ ტრანსპორტს, მხოლოდ მეტროსა და ავტობუსებში უბილეთო მგზავრობის დაჯარიმებით ბიუჯეტში 1.4 მლნ ლარია შეტანილი.
ასევე, სხვადასხვა მუნიციპალური დარღვევებზე (ნარჩენების დაყრა, უნებართვო გარე ვაჭრობა, სამშენებლო უსაფრთხოების მცირე დარღვევები და ხმაურის ლიმიტის გადაჭარბება) ჯამურად 2 837 240 ლარის ჯარიმებია დაკისრებული.
სულ კი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ადმინისტრაციული ჯარიმებიდან ბიუჯეტში 178 მილიონი ლარია შესული. ეს მაჩვენებელი რეკორდულია და 2024 წლის იმავე პერიოდის ჯამურ მაჩვენებელს 92%-ით აღემატება.
ამდენად, ექსპერტები ჯარიმების არაპროპორციულ ზომაზე და სადამსჯელო შინაარსზე მიუთითებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ დამოკიდებულება შეცვალოს. ერთადერთი, რაც მთავრობამ ბოლო დროს გააკეთა, მძღოლების მიერ სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები ცოტათი შეამსუბუქა, სხვა უამრავი ჯარიმა კი ძველებურად მაღალია და საზოგადოებაში მზარდ უკმაყოფილებას იწვევს.
ქეთო გოგოხია

