როცა სხვები მილიარდებს ხარჯავენ, საქართველოს თავდაცვას ყველაზე მწირი დაფინანსება აქვს
რეგიონში, სადაც საქართველოა, ომები და შეიარაღებული კონფლიქტები უცხო მოვლენა ნამდვილად არ არის. ომი ჯერ კიდევ დაუსრულებელია ირანში, სადაც ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს ქვეყნის ინფრასტრუქტურა, თუმცა გამოცხადებული მიზნები – ბირთვული პროგრამის შეჩერება და გამდიდრებული ურანის მარაგების გადაცემა ჯერ კიდევ მიუღწეველია. პარალელურად, ღია ომშია ჩართული საქართველოს ოკუპანტი და ბოლო ასწლეულების ყველაზე დიდი მტერი – რუსეთის ფედერაცია, რომელიც უკვე მეხუთე წელია უკრაინის ტერიტორიის მიტაცებას და ამ სახელმწიფოს განადგურებას ცდილობს.
ჩვენს სამეზობლოში ერთადერთი კონფლიქტი, რომელიც ამ ეტაპზე დასრულდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის მრავალწლიანი დაპირისპირებაა. დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი შეერთებულ შტატებთან ერთად მასშტაბურ ეკონომიკურ პროექტებში პარტნიორებადაც კი ყალიბდებიან.
მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახელმწიფო – ომის აქტიურ ფაზაშია ის თუ მშვიდობის რეჟიმში, საკუთარი სამხედრო ძალის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. სამხედრო კონკურენცია გადამწყვეტია: როდესაც ქვეყანა მეზობლებს ამ რბოლაში ჩამორჩება, ის ავტომატურად გადაიქცევა თავდასხმის სასურველ ობიექტად.
ამიტომ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება იმ ქვეყნების სამხედრო სფეროს დაფინანსების ნახვა, რომლებიც რეგიონული მოთამაშეები არიან და რომელთა გარშემო მიმდინარე პროცესებიც საქართველოზე ახდენს გავლენას.
სწორედ ამ ფონზე, საგანგაშოა, რომ საქართველოს თავდაცვის ხარჯები რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ მწირია და დაფინანსება არასაკმარისია სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის.
სომხეთი
დავიწყოთ მეზობელი სომხეთით. მიუხედავად იმისა, რომ ერევანს კონფლიქტში სრული სამხედრო ძალით არ მიუღია მონაწილეობა, მას ირიბად მაინც მოუწია აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ ბრძოლა 2020, 2022 და 2023 წლების შეიარაღებულ შეტაკებებში. ამ ბრძოლების შედეგად მთიანი ყარაბაღის ტერიტორია სრულად აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა და თვითგამოცხადებულმა „არცახის რესპუბლიკამ” 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობა შეწყვიტა.
ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობაა, თუმცა სომხეთის ხელისუფლება ქვეყნის შეიარაღებული
ძალების გაძლიერებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს. 2020 წლის მარცხის შემდეგ, მათი თავდაცვის ბიუჯეტი მკვეთრად მზარდი დინამიკით ხასიათდება, რაც არმიის მოდერნიზაციასა და სრულიად ახალი ტიპის შეიარაღების შესყიდვას უკავშირდება.

2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი სომხეთის ისტორიაში უპრეცედენტოა. მთავრობის განმარტებით, ეს ნახტომი განაპირობა სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებების ვადაზე ადრე (2030-2035 წლების ნაცვლად) დაფარვამ. საერთო ჯამში, 2022-2025 წლებში ტექნიკის შესყიდვაზე გაწეული ხარჯები 5.4-ჯერ აღემატება წინა 20 წლის (1998-2018) ერთობლივ მაჩვენებელს. მკვეთრად გაიზარდა კონტრაქტები ადგილობრივ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთანაც: თუ 2022 წელს ეს ციფრი 5.5 მილიარდი დრამი იყო, ამჟამად 170 მილიარდს აღწევს. 2024 წელს სომხეთის თავდაცვის ხარჯებმა ქვეყნის მშპ-ის 5.3% შეადგინა. 2026 წლისთვის დაგეგმილი მცირედი კლება კი არ ნიშნავს განიარაღებას, არამედ ასახავს 2025 წლის ერთჯერადი მსხვილი გადახდების დასრულებას და „ბუნებრივი ზრდის” ტემპზე გადასვლას.
აზერბაიჯანი
რაც შეეხება აზერბაიჯანს, რომელმაც სამხედრო ძალით შეძლო მთიანი ყარაბაღის დაბრუნება, ის ბოლო წლებში კოლოსალურ თანხებს ხარჯავს სამხედრო პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ქვეყნის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების ბიუჯეტი 2026 წლისთვის უკვე 5.1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.

აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯები 2025 წელს წინა წელთან შედარებით კიდევ 20-23%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ეს არის პირდაპირი საპასუხო ნაბიჯი „სომხეთის მილიტარიზაციასთან” დაკავშირებული რისკების წინააღმდეგ. 2026 წლისთვის ბიუჯეტი კიდევ 3.8% ით იზრდება და 8.715 მილიარდ მანათს მიაღწევს. ეს ფული ხმარდება შეიარაღებული ძალების სრულ მოდერნიზაციას, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და სპეციალურ თავდაცვით პროექტებს. მიუხედავად ამ ზრდისა, აზერბაიჯანის მთავრობა 2030 წლისთვის სამხედრო ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას პროგნოზირებს (დაახლოებით 7.97 მილიარდ მანათამდე), მას შემდეგ, რაც ძირითადი თავდაცვითი ამოცანები შესრულდება.
თურქეთი
საქართველოს ერთადერთი მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც საზღვარი სრულად არის როგორც რუკაზე შეთანხმებული (დელიმიტირებული), ისე ადგილზე ნიშნებით დასმული (დემარკირებული) – თურქეთია. თურქეთის თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო პერიოდში რეკორდული ტემპით იზრდება. ეს განპირობებულია როგორც ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობით, ისე ანკარის ამბიციით, გახდეს სამხედრო მრეწველობის გლობალური და დამოუკიდებელი მოთამაშე.

თურქეთის მთავარი მიზანი უცხოურ შეიარაღებაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაა – 2024 წლისთვის ადგილობრივი შესყიდვების წილმა უკვე 85%-ს მიაღწია. ბიუჯეტის ლომის წილი მიმართულია მეხუთე თაობის გამანადგურებლის (KAAN), უპილოტო საფრენი აპარატებისა (Kızılelma, Anka-III) და ახალი სარაკეტო სისტემების განვითარებაზე. ჰააგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, თურქეთი გეგმავს თავდაცვის ხარჯების ეტაპობრივ ზრდას მშპ-ის 5%-მდე 2035 წლისთვის. დღეს თავდაცვის ინდუსტრია თურქეთის ეკონომიკის ლოკომოტივად იქცა – 2025 წელს სამხედრო ექსპორტმა რეკორდულ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პარალელურად, ოპერაციები სირიასა და ერაყში, ასევე დაძაბულობა ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის არმიის მუდმივი მზადყოფნის აუცილებლობას ქმნის.
რუსეთი
რაც შეეხება უკვე მეხუთე წელია ომში ჩართულ რუსეთს, მისი თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე კოლოსალურად იზრდება და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო ხარჯების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო სააგენტოებისა (Reuters) და დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების (SIPRI, IISS) შეფასებებს ეყრდნობა.

რუსეთის 2025 წლის ბიუჯეტი ცივი ომის შემდგომი პერიოდის აბსოლუტური მაქსიმუმია და ქვეყნის მთლიანი ფედერალური ხარჯების დაახლოებით 32-38%-ს შეადგენს. ექსპერტების შეფასებით, ამ ხარჯების უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 84%) გასაიდუმლოებულია, რაც ნიშნავს, რომ რეალური დანახარჯები შესაძლოა ოფიციალურზე ბევრად მაღალი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი გეგმით 2026 წელს ხარჯების მცირედი კლება იყო გათვალისწინებული, ომის გაჭიანურების გამო ბიუჯეტი დაკორექტირდა და მაღალი ნიშნული შენარჩუნდა. ეს სამხედრო ზრდა პირდაპირ ხდება სოციალური სფეროს (განათლება, ჯანდაცვა) დაფინანსების შემცირებისა და გადასახადების მომატების ხარჯზე.
უკრაინა
2022 წელს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, უკრაინა სრულად გადავიდა „თავდაცვის ეკონომიკაზე” (Defense-First). ქვეყნის სამხედრო ხარჯების დინამიკა ბოლო წლებში მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი და დრამატული ნახტომით ხასიათდება – ნომინალური დაფინანსება 6 მილიარდი დოლარიდან თითქმის 100 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
უკრაინის კანონმდებლობით, უცხოური ფინანსური დახმარების (გრანტების/სესხების) გამოყენება უშუალოდ იარაღის შესყიდვისა და ჯარისკაცების ხელფასებისთვის აკრძალულია. შესაბამისად, სამხედრო ბლოკი მთლიანად უკრაინელი გადამხდელების გადასახადებიდან, სპეციალური სამხედრო მოსაკრებლებიდან და სახელმწიფო ობლიგაციებიდან ფინანსდება. თუმცა, დასავლური პარტნიორების მიერ გამოყოფილი მილიარდები სრულად ფარავს ქვეყნის სოციალურ სექტორს (პენსიები, მედიცინა, განათლება), რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, საკუთარი შიდა შემოსავლების 100% თავდაცვაზე მიმართოს.
2026 წლის ივნისში ბიუჯეტის რეკორდული ზრდა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების გარანტიით მიღებული 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის ამოქმედებით (საიდანაც 60 მილიარდი პირდაპირ სამხედრო საჭიროებებს ხმარდება). ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიდის ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების ხელფასებსა და სოციალურ პაკეტებზე. უცხოურ იარაღზე დამოკიდებულების შესამცირებლად კი, უდიდესი ნაწილი მიმართულია საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი დრონების, საზღვაო რობოტებისა და რაკეტების მასშტაბურ წარმოებაზე.

ომის დაწყებამდე უკრაინა საფრთხეს მუდმივად ხედავდა და ემზადებოდა წინააღმდეგობისთვის, თუმცა არა კლასიკური შეიარაღების დაგროვებით, არამედ სამხედრო სისტემის სრული რეფორმირებით. ჯერ კიდევ 2014 წლის (ყირიმის ანექსიის) შემდეგ, უკრაინამ სამხედრო ხარჯები მშპ-ის თითქმის 4%-მდე აიყვანა, მაშინ როცა ევროპული ქვეყნების უმეტესობა 1.5% საც ძლივს ხარჯავდა. 2014-2022 წლებში უკრაინამ სრულად დაშალა საბჭოთა სტილის ცენტრალიზებული მართვის სისტემა და დანერგა NATO-ს „მიზნობრივი ბრძანების” (Mission Command) ტაქტიკა. ამან საშუალება მისცა დაბალი რგოლის ოფიცრებს, მიეღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე, რამაც გადაარჩინა კიევი ომის პირველ კვირებში.
გარდა ამისა, 2014-2021 წლებში ანტიტერორისტულ ოპერაციაში (ATO) დონბასში როტაციის პრინციპით გაიარა მამაკაცების უზარმაზარმა ნაწილმა და 2022 წლისთვის უკრაინას ჰყავდა 400 000-ზე მეტი ვეტერანი, რომლებსაც ჰქონდათ რეალური საბრძოლო გამოცდილება. სწორედ ეს იყო ის უდიდესი რეზერვი, რომელმაც რუსეთის პირველი დარტყმა პროფესიონალურად მოიგერია. შემოჭრამდე ორი თვით ადრე კი ამოქმედდა კანონი „ეროვნული წინააღმდეგობის საფუძვლების შესახებ”, რამაც ლეგალური გახადა ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადების სწრაფი შექმნა და იარაღის დარიგება. ამ ოთხმა სტრატეგიულმა ნაბიჯმა უზრუნველყო ის, რომ ქვეყანამ პირველი დარტყმა გადაიტანა და რუსეთის ფედერაციას ხარისხიანი წინააღმდეგობა გაუწია.
ირანი
ირანის თავდაცვის ხარჯების ანალიზი რთული პროცესია, რადგან ქვეყანა მუდმივი ჰიპერინფლაციისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების რეჟიმში იმყოფება. ამის გამო, ბიუჯეტის ნომინალური ზრდა ადგილობრივ ვალუტაში ყოველთვის არ ნიშნავს ხარჯების რეალურ მატებას აშშ დოლარში.
ომის რეჟიმში მყოფი ირანის ხელისუფლება ბოლო წლებში თავდაცვის ბიუჯეტს მკვეთრად ზრდიდა. ქვეყნის შიგნით არსებულ მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს ისრაელ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ოპერაციაც მოჰყვა, რის შემდეგაც ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებები ვიხილეთ. მართალია, ირანის სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი დაზიანდა, მაგრამ ომის საბოლოო დასასრული ჯერ არ ჩანს.

2025 და 2026 წლების ბიუჯეტის პროექტებში ირანის მთავრობამ სამხედრო სექტორის დაფინანსება ადგილობრივ ვალუტაში თითქმის გაასამმაგა (+200% და +145%). თუმცა, ვინაიდან თავისუფალ ბაზარზე დოლარი რეკორდულად ძვირდება, რეალური მსყიდველობითი უნარი აშშ დოლარში დაანგარიშებისას შედარებით სტაბილური რჩება (გარდა 2025 წლისა). ფინანსური რესურსების უდიდესი ნაწილი მიმართული იყო ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე, დრონების მასშტაბურ წარმოებასა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მოდერნიზაციაზე. ამასთან, საერთაშორისო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ირანის რეალური სამხედრო ხარჯები მხოლოდ ოფიციალური ბიუჯეტით არ შემოიფარგლება – „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი” (IღGჩ) და რეგიონული დაჯგუფებები ხშირად ფინანსდებიან პირდაპირ ნავთობის ჩრდილოვანი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლებით.
საქართველო
რაც შეეხება საქართველოს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის ჩვენს სახელმწიფოს სამხედრო ხარჯების ყველაზე მწირი და საგანგაშოდ დაბალი დაფინანსება აქვს.
თუ ისტორიულ დინამიკას შევხედავთ, 2013 წლის დაფინანსება 397 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. ამ მაჩვენებლისთვის ქვეყანას 2022 წლამდე საერთოდ აღარ გადაუჭარბებია – მხოლოდ 2022 წელს გაიზარდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 401 მილიონ დოლარამდე. მთელი ამ წლების განმავლობაში წლიური დაფინანსება მუდმივად 400 მლნ დოლარზე ნაკლები იყო, ხოლო 2015 და 2020 წლებში 300 მილიონზე დაბლაც კი ჩამოვიდა. მართალია, ბოლო წლებში მაჩვენებლები იზრდება, თუმცა მეზობლების მიერ თავდაცვაზე დახარჯულ მილიარდებთან შედარებით, აშკარად მცირეა და ქვეყნის რეალურ თავდაცვისუნარიანობას სასურველ დონემდე ვერ აძლიერებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ეს მატება მიიმართება შეიარაღების მოდერნიზაციაზე (საჰაერო თავდაცვა და ანტისატანკო სისტემები), სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების ყოველწლიურ ზრდაზე (საშუალოდ 10-20%-ით), რაც ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს იკავებს.

დეკლარირებულად, საქართველო მიზნად ისახავს NATO-ს მიერ რეკომენდებული 2%-იანი ნიშნულის მიღწევას, თუმცა რეალობა სხვაგვარია: ამჟამად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი საპროგნოზო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხოლოდ 1.65%- ს შეადგენს. ეს ნიშნული ოფიციალურ ანგარიშებში მხოლოდ სხვა ძალოვანი სტრუქტურების ხარჯების ხელოვნური მიმატებით ივსება, რაც იმას ნიშნავს, რომ უშუალოდ თავდაცვის უწყება NAთO-ს მიერ დაწესებულ მინიმალურ 2%-იან სტანდარტს ვერ აღწევს.
ბიუჯეტის შიდა მუხლების ჩაშლა ნათლად აჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ეს მწირი რესურსი. მთლიანი უწყება – თავდაცვის სამინისტრო 41,176 თანამშრომელს აერთიანებს, რაც სხვადასხვა ქვეუწყებებზეა გადანაწილებული. გამოვყოთ ძირითადი მიმართულებები, რაზეც არის სამინისტროს დაფინანსება – 1.89 მლრდ ლარი გადანაწილებული:
თავდაცვის მართვა – 771 მლნ ლარი: ეს არის უწყების ყველაზე მსხვილი მუხლი, სადაც 37,908 თანამშრომელი ფიქსირდება. ამ მუხლის დაფინანსების თითქმის 94% – 721.1 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სექტორის ხელფასებზე მიდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფინანსური სიმძიმე კვლავ ადმინისტრაციულ აპარატზე მოდის.
ლოგისტიკური უზრუნველყოფა – 352 მლნ ლარი: ჯარის ყოველდღიურ შენახვას, კვებას, ტრანსპორტირებასა და მატერიალურ მომარაგებას 347.3 მილიონი ლარი ხმარდება, ხოლო პერსონალის ანაზღაურებას – 68 მილიონი ლარი.
თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება – 335 მლნ ლარი: რეალური სამხედრო პოტენციალისა და ახალი შეიარაღების შესყიდვისთვის (არაფინანსური აქტივების ზრდა) გამოყოფილი ეს თანხა მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 17.7%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე გაცვლითი კურსით დაახლოებით 126 მლნ დოლარია. მიმდინარე გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე ეს მოცულობა კრიტიკულად მცირეა.
ინფრასტრუქტურის განვითარება – 160 მლნ ლარი: ყაზარმებისა და სამხედრო ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე (არაფინანსური აქტივები) პირდაპირ მიმართულია 158 მილიონი ლარი.
ასე რომ, ბიუჯეტის უდიდესი წილი ადმინისტრაციულ შენახვასა და სოციალურ ვალდებულებებზე მოდის, მოდერნიზაციაზე და შეიარაღების შესყიდვაზე ნაკლებია გათვალისწინებული. ასეთი დაფინანსება იმ რეგიონში, სადაც მეზობელი ქვეყნები უახლეს შეიარაღებაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, აშკარად არასაკმარისია და საქართველოს ბიუჯეტი ვერ ქმნის რეალურ სამხედრო შეკავების მექანიზმს აგრესორის წინააღმდეგ.
ფინანსური რესურსების მცირე ნაწილი მიმართულია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას” განვითარებაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისა და ჯავშანტექნიკის წარმოებაზეა ფოკუსირებული, თუმცა არასაკმარისი ბიუჯეტი მის პოტენციალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.
სამწუხარო ფაქტია, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენი უშუალო მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი თავდაცვაზე მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, ხოლო რეგიონული გიგანტები: თურქეთი და რუსეთი საკუთარ არმიებს ათეულობით და ასზე მეტი მილიარდი დოლარით აფინანსებენ, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 1 მილიარდ დოლარსაც კი ვერ უახლოვდება.
მშპ-ის 1.65%-იანი რეალური დაფინანსება, რომელიც NATO-ს მინიმალურ სტანდარტზე (2%) დაბალია, ვერ პასუხობს იმ მწვავე უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც ქვეყნის გარშემო არსებობს. იმისათვის, რომ საქართველომ, რომლის 20% ოკუპირებულია, შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა და არ იქცეს მორიგი აგრესიის იოლ სამიზნედ, აუცილებელია სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების რადიკალური გადახედვა და თავდაცვის სექტორის დაფინანსების მკვეთრი, რეალური გაზრდა. სახსრები უნდა მოხმარდეს თანამედროვე შეიარაღების შეძენას და სისტემის რეფორმას და არა მხოლოდ თანამშრომელთა ხელფასებს და სოციალურ დაცვას.
თემურ იობაშვილი

