7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები სტრატეგიული პარტნიორის არჩევასაც ნიშნავდა. არჩევანი ერთი მხრივ, მილიარდერ სამველ კარაპეტიანის პრორუსულ პარტიასა და მეორეს მხრივ, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერებს შორის გაკეთდა. ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ 4 ივლისს დაამტკიცა არჩევნების შედეგები, რის შემდეგაც პრემიერის პარტიამ „სამოქალაქო ხელშეკრულება” ხმათა თითქმის ნახევარი მიიღო და მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობა შეინარჩუნა.
ამ შედეგებით უკმაყოფილო რუსეთმა, რომელსაც აზერბაიჯანის შემდეგ რეგიონში კიდევ ერთი საყრდენი გამოეცალა, სომხეთიდან თევზის, ყვავილების, კონიაკის, ბოსტნეულისა და ხილის იმპორტი შეზღუდა. რამდენად არის სომხეთის ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული და აქვს თუ არა არჩევნებში გამარჯვებულ ნიკოლ ფაშინიანს საკუთარი ევროპული გეგმის განხორციელების შანსი, აქ სწორედ ამის გარკვევას შევეცდებით.
წინაისტორიული მიმოხილვა
სსრკ-ის დაშლის შემდეგ, სომხეთი დარჩა საკუთარი ენერგომატარებლების გარეშე, განვითარებული საიუველირო მრეწველობის ძვირფასი ლითონებითა და ალმასებით მომარაგების სისტემის გარეშე. პრობლემებს რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირის არარსებობაც ამძიმებდა: ერთი მარშრუტი აზერბაიჯანმა გადაკეტა, ხოლო მეორე, საქართველოს გავლით – აფხაზეთის კონფლიქტმა.
2011 წელს, სომხეთი, რომელიც ნაწილობრივ დიასპორიდან შემოსული ფულადი გზავნილებით სულდგმულობდა, Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ცუდი ეკონომიკების რეიტინგში მეორე ადგილზე იყო (უსწრებდა მხოლოდ მადაგასკარი). ევროკავშირთან ინტეგრაცია მაშინ სომხეთის ეკონომიკური პრობლემების სიცოცხლისუნარიან გადაწყვეტად ითვლებოდა. ამიტომ, 2013 წელს ქვეყანამ დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე. თუმცა, იმავე წლის შემოდგომაზე, მოსკოვში მოლაპარაკებების შემდეგ, სომხეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მოულოდნელად გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთის, ბელარუსის და ყაზახეთის საბაჟო კავშირში გაწევრების შესახებ. ხოლო 2015 წლის იანვარში ქვეყანა ოფიციალურად გახდა შემდგომში შექმნილი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრი.
ეკონომიკური წინაპირობები გასაგები იყო: კავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დამყარებული სავაჭრო ურთიერთობები და რესპუბლიკის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. რუსული კომპანიები უკვე ფლობდნენ სომხეთის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და მისი ენერგეტიკული სიმძლავრის უმეტეს ნაწილს, ასევე გაზსადენებს (მათ შორის ერთს, რომელიც ქვეყანას ირანთან აკავშირებდა), იმ დროს რესპუბლიკაში მოქმედი სამი მობილური ოპერატორიდან ორს, რამდენიმე ქარხანას და სხვა აქტივებს. სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილი რუსეთს 2002 წლის შეთანხმებით „ქონება ვალის სანაცვლოდ” გადაეცა. თუმცა, მთავარ ფაქტორად გეოპოლიტიკა რჩებოდა: მტრულად განწყობილი თურქეთისა და აზერბაიჯანის გარემოცვაში მყოფს, საკუთარ საფარქვეშ მთიანი ყარაბაღის შესანარჩუნებლად, სომხეთს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდებოდა.
2023 წელს, რუსეთის „პასიურობის” ფონზე მთიანი ყარაბაღის დაკარგვამ, რასაც აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირება მოჰყვა, სიტუაცია შეცვალა. 2025 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო, ხოლო აპრილში სომხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესი დაიწყო.
2026 წლის 4 მაისს ერევანში გაიმართა ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მერვე სამიტი, რომელშიც თითქმის 50 ქვეყნის სახელმწიფოსა თუ მთავრობის მეთაური მონაწილეობდა. მეორე დღეს სომხეთსა და ევროკავშირს შორის პირველი ორმხრივი შეხვედრა შედგა, სადაც ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ მის ქვეყანას ევროკავშირში მიიღებდნენ.
რუსეთის ხელისუფლებამ უპასუხა, რომ შეუძლებელი იყო ერთდროულად ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრობა და სომხეთს ერთი პარტნიორის არჩევა შესთავაზა. ამ არჩევანის დასაჩქარებლად, მათ დროებითი აკრძალვა დააწესეს სომხეთიდან რუსეთში ყვავილების, ჯერმუკის მინერალური წყლის, კონიაკისა და ღვინის გარკვეული ბრენდების, ხილისა და ბოსტნეულის და თევზის იმპორტზეც კი. რუსეთმა ასევე დაიმუქრა, რომ შეწყვეტდა შეთანხმებას გაზის, საწვავის და დაუმუშავებელი ალმასის შეღავათიანი მიწოდების შესახებ. სიტუაცია გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ ეს მოხდა სომხეთში ივნისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
ეკონომიკის ძველი ახალი შტრიხები
სომხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, 2014 წელს Forbes-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში, დამოუკიდებელი ეკონომისტის ამპლუაში ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარს იღებდა სამუშაოდ ემიგრირებული მოქალაქეებისგან. ამ თანხის 90% რუსეთიდან მოდიოდა. შედარებისთვის, ქვეყნის მშპ იმ დროს დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამაში ყველაზე დიდ წილს სპილენძისა და მოლიბდენის მადნების ექსპორტი იძლეოდა, რასაც მოჰყვებოდა საიუველირო მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. სომხეთში საშუალო ხელფასი დაახლოებით 300 დოლარი იყო.
მას შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2014 წლის 3766 დოლარიდან 2025 წელს 9474 დოლარამდე გაიზარდა. საშუალო ხელფასის უახლესი სიდიდე 873 დოლარია. დღეს მშპ-ში ყველაზე დიდ წილს (დაახლოებით 14%) ვაჭრობა და მომსახურება შეადგენს, შემდეგ მოდის გადამამუშავებელი მრეწველობა (11%). უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები მშპ-ის 10%-ს შეადგენს, ფინანსური მომსახურება და დაზღვევა – 9%-ს, ხოლო სოფლის მეურნეობა – 8%-ს.
თორმეტი წლის წინ, არარატის დაბლობზე მანქანით გადაადგილებისას, სადაც ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უმეტესი ნაწილი მოჰყავთ, ხშირად შენიშნავდით ქალებს, რომლებიც მცხუნვარე მზეზე თოხებით მუშაობდნენ პლანტაციებში და დღეში მხოლოდ 12 დოლარს შოულობდნენ. ახლა მიწა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით მუშავდება, ბევრია ახალგაშენებული ვენახი, ხოლო სათბურების რაოდენობა, როგორც ბოსტნეულის, ასევე ყვავილების ფერმების, მნიშვნელოვნად გაიზარდა. Fორბეს-ის კორესპონდენტის დაკვირვებით, სომხურ პლანტაციებში ამჟამინდელი სამუშაო ძალა ძირითადად ინდოეთიდან ჩამოსული მიგრანტები არიან. ახალგაზრდები სოფლებიდან აქაც გარბიან, მაგრამ ქალაქებშიც კი, მათ არ სურთ მშენებლობაზე ან საზკვების ობიექტებზე მიმწოდებლებად მუშაობა – ამ პოზიციებს მიგრანტები ავსებენ.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები ქვეყნის მთლიან ექსპორტში ფულადი თვალსაზრისით წამყვან ადგილს არ იკავებს. თუმცა, სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ სფეროდან მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული. საკუთარი ნაკვეთებიდან მიღებული პროდუქციის რეალიზაციით მიღებული სარგებლით ისინი პროფესიონალი ფერმერების განვითარებაში ახორციელებენ ინვესტიციებს. სომხეთის სოფლის მეურნეობაში ამჟამად ქვეყნის მშრომელთა დაახლოებით 30%-ია დასაქმებული”, – განმარტავს ასოციაცია „სომხეთის ექსპორტის” თანადამფუძნებელი ნარეკ ალექსანიანი.
სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით, ყვავილების ექსპორტი 2016 წლის 4,8 მილიონი დოლარიდან 2025 წელს 53,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, ამ მოცულობიდან 46 მილიონი დოლარის ღირებულების ყვავილები (85%) – რუსეთში გაიყიდა.
ვარდების სათბურის მფლობელი Forbes-ის რეპორტიორს სიამაყით ეუბნება, რომ ის ყვავილებს მთელ მსოფლიოში ყიდის, მათ შორის ევროპასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. თუმცა, მალევე ირკვევა, რომ მისი მიწოდებების 90% კვლავ რუსეთში ხორციელდება.
„ჩვენ ახლა შევწყვიტეთ რუსეთში მიწოდება და ველოდებით მათი ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის პასუხს”, – ამბობს ის და დასძენს, რომ იმედოვნებს, შეზღუდვები მალე მოიხსნება. რუსეთის მიერ გაზის მიწოდების პირობებში შესაძლო ცვლილებები ასევე საფრთხეს უქმნის ყვავილების ფერმებს, რომლებიც სათბურების გათბობაზე მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავენ.
სანქცირებული კრემლის ბლოკადა და სომხური კოზირები
23 მაისს „როსპოტრებნადზორმა” სამი კომპანიისგან: „ვედი-ალკო”, „აბოვიანის ბრენდის ქარხანა” და „შაჰნაზარიანის ღვინისა და ბრენდის სახლი” სომხური კონიაკისა და ღვინის გაყიდვა აკრძალა. სააგენტომ განმარტა, რომ „აკრძალვა ამ მწარმოებლების ტვირთებში უხარისხო პროდუქციის აღმოჩენით იყო გამოწვეული”. სომხებს არ გაუკვირდებათ, თუ ეს სია გაფართოვდება.
მოსკოვის მიერ სომხეთისთვის აკრძალვებისა და მოთხოვნების დაწესების მუქარანარევი ხმაურის მიუხედავად, ფაქტობრივი შეზღუდვები ერევანს დიდ ზარალს არ ჰპირდება. ე.წ. ბლოკადა საშიშია ისეთი სფეროსთვის, როგორიცაა ყვავილები, ხილი და ბოსტნეული, საიდანაც ექსპორტის თითქმის ყველა ნაწილი რუსეთის ბაზარზე მიდის. კრემლს შეეძლო არჩევნების შემდეგაც გაეგრძელებინა ზეწოლის ესკალაცია – ამისთვის მას უამრავი ინსტრუმენტი აქვს. თუმცა, ბოლომდე ნათელი არაა, მიიღებს თუ არა ის ამით რაიმე სარგებელს. მით უფრო, რომ სომხეთს, ურთიერთობებში ასიმეტრიის მიუხედავად, ესკალაციაზე რეაგირების არაერთი საშუალება აქვს.
გაზრდილი ზეწოლა ერევანს არა მხოლოდ ევროკავშირისკენ, არამედ თურქეთისკენაც უბიძგებს, რომელიც სულ უფრო მეტად ეჯიბრება რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის მოპოვებისთვის. ივნისის დასაწყისში, როდესაც მოსკოვი სომხეთს შეზღუდვებითა და მუქარით „ბომბავდა”, ფაშინიანმა არა მხოლოდ თავის ევროკავშირელ მოკავშირეებს, არამედ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანსაც დაურეკა. მათ პირდაპირი ვაჭრობის დაწყება განიხილეს – საზღვრების გახსნა ბაქოსთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ არის მოსალოდნელი.
ესეც რომ არა, რუსეთი პირდაპირ სარგებელს იღებს სომხეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით. მაგალითად, 2022 წლიდან სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა სანქცირებული დასავლური ტვირთების სატრანზიტო პუნქტად იქცა, რაც რუსეთის ეკონომიკას ისე სჭირდება, როგორც თევზს წყალი.
რუსეთ-უკრაინის ომამდელ 2021 წელთან შედარებით, 2025 წლის ბოლოსთვის რუსეთში სომხეთის ექსპორტი თითქმის ოთხჯერ გაიზარდა – 840 მილიონიდან 3 მილიარდ დოლარამდე. ეს ზრდა, ძირითადად, დასავლური საქონლის რეექსპორტით იყო განპირობებული. მაგალითად, 2025 წელს სომხეთმა რუსეთში თითქმის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტრონიკა გაგზავნა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი 12 მილიონი დოლარი იყო.
ერევანს ანტიბლოკადურ არსენალში მაღალი რანგის პოლიტიკური ვარიანტები აქვს. მაგალითად, ფაშინიანს შეუძლია გამოაცხადოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (კუხო) დაუყოვნებელი გასვლა (შენიშვნა: 2024 წლიდან იგი ამ ე.წ. სამხედრო კავშირის საწევროს ისედაც არ იხდის – ფ.კ.). მან ეს საკითხი წინასაარჩევნო დებატების დროსაც კი წამოჭრა. უფრო მეტიც, სომხეთმა დიდი ხანია შეწყვიტა კუხო-ს წევრობიდან რაიმე შეღავათების მიღება – რუსეთმა პრაქტიკულად რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა სომხეთისთვის იარაღის მიყიდვა.
რუსეთისთვის დაწესებულმა დასავლეთის სანქციებმა სომხეთი რუსული კომპანიებისთვის სხვა სფეროებშიც ღირებულ პარტნიორად აქცია. მაგალითად, 2024 წელს მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქრო აქტიურად იქნა რეექსპორტირებული სომხეთის გავლით. სქემა დაიხურა მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ანალოგიურადაა საბანკო სექტორშიც. რუსეთიდან შემოსული ფული დანიშნულების ადგილამდე სომხური ბანკების მეშვეობით რომ არ მისულიყო, სომხეთის გავლით იმპორტი ასე აქტიურად არ გაიზრდებოდა. ბოლო წლებში სომხეთი ძლიერ ფინანსურ ცენტრად რუსებმა აქციეს. თუ რუსეთიდან გადარიცხვები 2021 წელს 865 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2022 წელს მან 3,6 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2025 წლისთვის კი, ეს ფინანსური ნაკადი 3,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 13%-ს შეადგენს.
მცირე სერვისული ეკონომიკა
ცხადია, რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის შუამავლის როლის შესრულებით მიღებული სარგებელი როდესმე ამოიწურება. სომხეთმა სტრატეგიულად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი განვითარების მიმართულებები. ერთ-ერთი მათგანი IT-სფეროა.
სომხეთში ამჟამად დაახლოებით 45 ათასი IT-სპეციალისტია, რაც ქვეყანაში დასაქმებული ადამიანების თითქმის 6%-ს შეადგენს. რუსულ-სომხური უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ ვოსკანიანის თქმით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნისთვის, რომელსაც შეზღუდული მინერალური რესურსები და სახნავ-სათესი მიწები აქვს, ინტელექტუალურ საკუთრებაზე ფოკუსირება ლოგიკურია.
„ჩვენ ვერ შევძლებთ კონკურენცია გავუწიოთ ისეთ მსხვილ ტექნოლოგიურ ბაზრის ლიდერებს, როგორიცაა აშშ და ჩინეთი. თუმცა, მსხვილი მოთამაშეები ყოველთვის იყენებენ მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნების რესურსებს. ჩვენ გვაქვს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების მაღალი წილი. ადგილობრივი მუშახელი შედარებით იაფია – სომხეთში ფილიალის გახსნა უფრო მომგებიანია, ვიდრე, ვთქვათ, ნორვეგიაში. ჩვენთან თითქმის ყველა გლობალურ IT-კომპანიას უკვე აქვს ფილიალები”, – განმარტავს Forbes-თან ინტერვიუში ვოსკანიანი.
ღია კარი სომხეთისთვის, თუ რუსეთის საწინააღმდეგო ახალი ფრონტი
2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერევანში ვიზიტმა, ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებში ახალი რეალობა წარმოშვა. ფაქტია, ევროკავშირთან დაახლოების გამო, სომხეთი რუსეთის მხრიდან მკაცრ ეკონომიკურ ზეწოლას განიცდის. რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების საპასუხოდ, ბრიუსელი ერევნისთვის საგანგებო ფინანსური და სავაჭრო დახმარების ზომების ამოქმედებას იწყებს.
მოსკოვის ეკონომიკური ზეწოლის საპასუხოდ, ევროკავშირმა ერევანს შესთავაზა მექანიზმი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა საქართველოსა და მოლდოვას ეკონომიკის მხარდასაჭერად, რომლებიც თავის დროზე რუსეთის სავაჭრო ემბარგოს წინაშე აღმოჩნდნენ. სომხეთისთვის მთავარი განსხვავება ისაა, რომ ფორმალურად რუსეთის მიერ კოორდინირებული საბაჟო ბლოკის (EAEU) ნაწილად ყოფნის პირობებში, ქვეყანა ევროკავშირისგან ავტონომიურ სავაჭრო ზომებს (Autonomous Trade Measures) მიიღებს, რაც ფაქტობრივად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაში შესვლის ტოლფასია.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და რომლისთვისაც ამოქმედდება Autonomous Trade Measures-ი. ეს ნაბიჯი გააუქმებს საბაჟო გადასახადებს ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტირებული სომხური საქონლის დაახლოებით 80%-სთვის.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ერევანში ვიზიტისას აღნიშნა, ამ შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედება სომხეთისთვის 450-მილიონიან სამომხმარებლო ბაზარს გახსნის. ამ ეკონომიკური რეორიენტაციის განსახორციელებლად, ევროკავშირი დამატებით 18 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც 52 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის ნაწილი იქნება. თანხები გამოყენებული იქნება სომხური ბიზნესის პოტენციალის გასაძლიერებლად და ექსპორტის ხელშეწყობის სპეციალური სააგენტოს შესაქმნელად.
ვაჭრობის გარდა, ბრიუსელი სომხეთის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას გეგმავს, რაც ქვეყნის რეგიონულ მნიშვნელობაზე მოახდენს გავლენას. ურსულა ფონ დერ ლაიენმა 200 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტის „გლობალური კარიბჭე” (Global Gateway) პაკეტის ამოქმედება დააანონსა. საერთაშორისო დონორების მოზიდვით, რეგიონში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული პროექტების დაფინანსებამ შესაძლოა 2 მილიარდ ევროს მიაღწიოს.
ერევანსა და ბრიუსელს შორის ამჟამინდელმა დაახლოებამ, ბევრს შესაძლოა 2013 წლის დრამატული დაშორებით გამოწვეული ასოციაციები განუახლოს. მაშინ ხომ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის ზღვარზე მყოფმა სომხეთმა, მოულოდნელად მიატოვა ევროპული გზა რუსეთის, ყაზახეთისა და ბელარუსის საბაჟო კავშირის სასარგებლოდ. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ის გადაწყვეტილება კრემლის ძლიერი ზეწოლის ქვეშ იქნა მიღებული, რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებებს მტრულ გეოპოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევდა.
წარსულის ამ მწარე გამოცდილებაზე კომენტირებისას, სომხეთის პრემიერმა ძველი შეცდომის მისგან განმეორება კატეგორიულად გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ერევანი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. „ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ვერცერთი პარტნიორის ინტერესებს სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებზე მაღლა ვერ დავაყენებთ”, – განმარტა მან.
პრორუსულად განწყობილი არაერთი ადგილობრივი ექსპერტისგან განსხვავებით, რომლებსაც რუსეთის გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ, ფაშინიანის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთ წევრს საკმაოდ ლაკონიური და ქმედითი გამოსავალი აქვს. ექსდეპუტატ აიკ გევორქიანს მიაჩნია, რომ თუ მოსკოვი ეკონომიკური ზეწოლის მკაცრ ზომებს გამოიყენებს, ერევანს საპასუხოდ რამდენიმე „კოზირი” აქვს შემონახული.
„მაგალითად, თუ გაზზე ვსაუბრობთ, გარკვევით უნდა ითქვას: თუ სომხეთში გაზი არის, არსებობს „გაზპრომ არმენია”; თუ გაზი არ არის, სომხეთში „გაზპრომიც” არ იქნება”, – განუცხადა მან DW-ს.
ფრიდონ კერვალიშვილი

