Homeინტერვიუინტერვიუ შპს „ეფეიეს გრუპის“ (FAS Group) დამფუძნებელ ნათია სხვიტარიძესთან

ინტერვიუ შპს „ეფეიეს გრუპის“ (FAS Group) დამფუძნებელ ნათია სხვიტარიძესთან

Published on

spot_img

ნათია სხვიტარიძე – დაიბადა 1988 წლის 15 მარტს, ქ. თბილისში. 

განათლება 

ჩესტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ფინანსებში; 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნეს-ადმინისტრირებაში ბუღალტერიისა და აუდიტის მიმართულებით; 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფინანსებსა და საბანკო საქმეში; 

ACCA, CIMA, FRM საერთაშორისო სერთიფიკატების მფლობელი და შესაბამისი ასოციაციების სრულუფლებიანი წევრი; 

აქვს 14 წელიწადზე ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მთავარი ბუღალტრისა და შემდგომ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე. 

ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

– ქალბატონო ნათია, გმადლობთ, რომ გამოძებნეთ დრო ინტერვიუს ჩასაწერად. პირველ რიგში, მოგვიყევით ცოტა რამ თქვენ შესახებ. როგორი იყო თქვენი გზა სკოლის ასაკიდან FAS Group-ის მმართველ პარტნიორობამდე? 

– დავიბადე თბილისში. დავამთავრე 115-ე საჯარო სკოლა, შემდეგ კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატი ბუღალტერიისა და ფინანსების მიმართულებით. მაგისტრატურა ორ უნივერსიტეტში გავიარე: დიდ ბრიტანეთში, ჩესტერის უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტის მიმართულებით. 

– როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული კარიერა? 

– ჩემი პროფესიული გზა 2011 წელს დავიწყე, დამხმარე ბუღალტრის პოზიციით. შემდეგ ეტაპობრივად გადავინაცვლე მთავარი ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის პოზიციებზე, როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. განსაკუთრებით დიდი გამოცდილება მივიღე წარმოების, მომსახურების, არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან მუშაობისას, საგრანტო პროექტების ფარგლებში. 

– როდის და როგორ დაარსდა FAS Group? 

– 2018 წელს დარეგისტრირდა კომპანია FAS Group, თუმცა მაშინ ერთ-ერთმა დიდმა საერთაშორისო კომპანიამ შემომთავაზა ფინანსური ოფიცრის პოზიცია. სწორედ ამიტომ, ჩემი კომპანიის რეალური საქმიანობა გადავადდა. საბოლოოდ, 2021 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ ოპერირება და დღემდე აქტიურად ვმუშაობთ. 

– ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანაში კოვიდ-პანდემიაა და მთელი ქვეყანა გაჩერებული იყო…

– კოვიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიძგი იყო ჩემთვის. ყველა მეუბნებოდა, რომ ქვეყანა გაჩერებულია და ასეთ სამსახურს რატომ ვტოვებდი. თავადაც არ ვიცოდი, რა მოხდებოდა, როგორ ვიქნებოდით, მაგრამ ვამბობდი – თუ ახლა არა, მაშინ როდის? ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი, თუმცა სწორი სტრატეგიითა და სამუშაო გეგმით ყველაფერმა გაამართლა. რისკი მართლაც მაღალი იყო – არც ვიცოდით, პანდემია როგორ და როდის დასრულდებოდა და არც გარანტია გვქონდა, რომ ორგანიზაციების მუშაობა აღდგებოდა. 

– კონკურენცია თქვენს ბიზნესში საკმაოდ დიდია. ამ ბაზარზე შემოსვლისას რა გამოწვევებს შეეჯახეთ? 

– გამოწვევები როგორც დასაწყისში, ასევე ახლაც, საკმაოდ ბევრია. ჩვენს ქვეყანაში, მთავარი გამოწვევა არის მეწარმეთა ცნობიერება – ბევრმა მეწარმემ ჯერ კიდევ არ იცის, რატომ სჭირდება სწორი ბუღალტრული აღრიცხვა. ამიტომ ჩვენ გვიწევდა ხშირად ამის ახსნა. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობდით სხვადასხვა საწარმოებთან, ბანკებთან, ასოციაციებთან. ვატარებდით და დღესაც ვატარებთ სემინარებს. 

ერთი შეხედვით ყველამ იცის, რომ ბუღალტერი სჭირდება, თუმცა, როდესაც ეკითხები „რატომ?“, უმეტესობა გი პასუხებს, რომ მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციის გაგზავნისთვის. სინამდვილეში კი ბუღალტრულ და ფინანსურ აღრიცხვას უდიდესი სარგებელი მოაქვს და ამის მიტანა მეწარმემდე დღემდე საჭიროა. ასევე საჭიროა, დაინახონ ის სიკეთეები, რასაც კომპანიას სწორი ფინანსური აღრიცხვა და ანალიზი აძლევს. 

მეორე გამოწვევა კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ერთი შეხედვით ბუღალტერი და ფინანსისტი ბევრია, მაგრამ რეალურად კვალიფიკაცია არის ძალიან დაბალი. როდესაც ზრდა დავიწყეთ, ეს პრობლემა უფრო მკვეთრად დავინახეთ – ვერ მოვიძიეთ შესაბამისი კადრები. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბუღალტერთა სკოლა. ამ სკოლაში სტაჟირების პროგრამები გავხსენით, რის შემდეგაც ჩვენი გუნდის ჩამოყალიბება შევძელით. დასაწყისში ვიყავით მხოლოდ ორი ადამიანი, ახლა კი უკვე 20-მდე პროფესიონალს ვაერთიანებთ. 

კონკურენცია მაღალია როგორც კომპანიების, ისე ინდივიდუალური ბუღალტრების მხრიდან. თუ ინდივიდუალური ბუღალტერი კომპეტენტურია, მეწარმისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკური პირი მოემსახურება თუ კომპანია. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, კომპეტენტური კადრი არც ისე ბევრია. 

– თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ აუთსორსინგი მეწარმისთვის უფრო ხელსაყრელია. კონკრეტულად რას გულისხმობთ? 

– მეწარმისთვის ბუღალტერიის აუთსორსინგი დიდი შეღავათია, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ეს ბევრად იაფი ჯდება, გარდა იმისა, რომ ის ზოგავს ხარჯებს, იმავდროულად, პასუხისმგებლობა გადადის ერთიან გუნდზე. როცა მეწარმე ერთი ბუღალტრის დაქირავებით შემოიფარგლება, მას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსახურება. ჩვენთან კი, როგორც აუთსორსული სერვისის მიმწოდებელთან, მას ემსახურება მთელი გუნდი – ბუღალტერი, ფინანსისტი, საგადასახადო ექსპერტი, იურისტი და ა.შ. რაც მთავარია კომპანიასთან ურთიერთობის დროს მომსახურება დაზღვეულია და მეწარმე ბევრად მშვიდად არის. 

თავიდანვე დავინახეთ, რომ ბაზარზე ხარისხიანი მომსახურების მოთხოვნა მაღალი იყო, ხოლო ხარისხიანი სერვისი – დეფიციტური. ბუღალტერიაში შედეგი გვიან ჩანს. არაკვალიფიციური მომსახურება მეწარმეს ძალიან ძვირი უჯდება – გადასახადების, საურავების, ჯარიმების სახით. ამ ყველაფრის გამოსწორება კი გაცილებით მეტ ხარჯთან იქნება დაკავშირებული. 

გამოცდილი მეწარმე მალევე ამჩნევს ხარისხს. ჩვენი მთავარი ნიშა სწორედ მაღალი ხარისხია. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. მაღალი ხარისხი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან – საქმის სიღრმისეული ცოდნა, ინდივიდუალური მიდგომა, მოქნილობა და მუდმივი კომუნიკაცია. მეწარმემ უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მისი მარჯვენა ხელი ვართ, რომელიც სწრაფად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას და დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. 

– FAS Group რა სახის სერვისებს სთავაზობს ბიზნეს-სექტორს? 

– ჩვენი კომპანია სთავაზობს ბუღალტრულ, აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას. 

– კომპანიებს აუთსორსინგზე მხოლოდ ერთ მომსახურებას სთავაზობთ? კანონით, ერთი ორგანიზაცია ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას ერთდროულად ვერ შესთავაზებს, ხომ ასეა? 

– რა თქმა უნდა, ვისაც ყოველთვიურად ბუღალტერიას ვუკეთებთ, იმ კომპანიებს აუდიტს ვერ ჩავუტარებთ. თუმცა აუდიტორულ მომსახურებას ვაწვდით სხვა ორგანიზაციებს, რომლებთანაც ბუღალტრული მომსახურების კონტრაქტი არ გვაკავშირებს.

– თქვენ თქვით, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტია და თქვენი გუნდის ნაწილი თავად გამოზარდეთ. თუმცა, ზოგადად ცნობილია, რომ გადამზადებული კადრების შენარჩუნება მაინც რთულია. თქვენს კომპანიაში როგორი ვითარებაა ამ კუთხით? 

– ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, როგორი სამუშაო გარემო უნდა შემექმნა თანამშრომლებისთვის. მქონდა როგორც კარგი, ასევე უარყოფითი გამოცდილება. განათლების ნაწილი უცხოეთში მაქვს მიღებული, სადაც საშუალება მქონდა რეალურად ჯანსაღი სამუშაო კულტურა მენახა და მინდოდა, ეს გამოცდილება ჩემს ქვეყანაში გადმომეტანა. 

გარემო აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი. თანამშრომელმა თავი დაფასებულად უნდა იგრძნოს – ასეთი ადამიანი არსად წავა. ეს, ცხადია, არ ნიშნავს 100%-იან გარანტიას, მაგრამ ჩვენთან კადრების გადინება ძალიან დაბალია.

ჩვენ ვართ ერთადერთი ქართული კომპანია, რომელმაც ბუღალტრული მომსახურება ექსპორტზე გაიტანა. დღეს ვემსახურებით ევროპულ ორგანიზაციებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა საერთაშორისო დონეზე. ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები გვაქვს.

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ექსპორტზე გაგვაქვს ბუღალტრული და ფინანსური მომსახურება, რომელსაც საქართველოდან ვაწვდით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა ხარისხიანი სერვისი მივაწოდოთ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 

– ექსპორტის თვალსაზრისით, თქვენი სამიზნე ბაზრები რომელია? 

– დასავლეთის მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია. განსაკუთრებით გვაინტერესებს ამერიკის ბაზარი და ვმუშაობთ იმაზე, რომ იქ შევიდეთ. 

-რა პროცესები უნდა გაიაროს ქართულმა კომპანიამ, რომ ევროპისა და ამერიკის ბაზარზე შევიდეს? 

– ძალიან ბევრი ეტაპი არსებობს, უბრალოდ გადაწყვეტილებით ან ენთუზიაზმით ვერ გახდები საერთაშორისო მოთამაშე. პირველი და მთავარი – შესაბამისი ცოდნაა. ჩვენი სფერო რეგულირებადი და რთული პროდუქტია. ეს არ არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება შეიტანო. აუცილებელია, მოერგო კონკრეტული ქვეყნის საგადასახადო და იურიდიულ კანონმდებლობას. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გყავდეს შესაბამისი კადრები. 

გარდა ამისა, საჭიროა შესაბამისი ლიცენზიები, რომლებიც, როგორც წესი, რთულად მოსაპოვებელია. ეს დაბრკოლებები რეალურია, თუმცა გადალახვადი. ჩვენი მისწრაფებაა, შევქმნათ პირველი ქართული საერთაშორისო ორგანიზაცია ფინანსებსა და ბუღალტერიაში – იმედი გვაქვს, გამოგვივა.

– საერთაშორისო ბაზარზე ვინ არიან თქვენი პარტნიორები? 

– გვყავს პარტნიორი ორგანიზაციები ევროპიდან – განსაკუთრებით სამშენებლო და მომსახურების სფეროებიდან. ეს კომპანიები საკმაოდ მსხვილია. 

– თქვენ ხართ კომპანიის ერთადერთი მფლობელი. როგორ ახერხებთ ბიზნესპარტნიორის გარეშე ამდენი საქმის მართვას?

– მართალია, კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი ვარ, მაგრამ საქმეში მარტო არ ვარ. მყავს ისეთი გუნდი, რომელზედაც ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია იოცნებებს. ამას ყოველთვის ვამბობ და ამის თქმა არასდროს მომბეზრდება. ამ ადამიანების გარეშე FAS Group ისეთს შედეგს ვერ მიაღწევდა, როგორიც დღეს აქვს. 

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ბუღალტრული აღრიცხვა ბევრი მეწარმისთვის მხოლოდ დეკლარაციის მომზადებას ნიშნავს. რეალურად რა არის ეს პროცესი? 

– ეს მოსაზრება, რომ ბუღალტერი მხოლოდ დეკლარაციის გაგზავნით შემოიფარგლება, ძალიან გავრცელებულია, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია. ბუღალტერი არის კომპანიის ფინანსური სურათის წამკითხავი. სწორი ბუღალტრული აღრიცხვა მოიცავს სრულ ფინანსურ ანალიზს, მოგების, დანაკარგის, ხარჯების, პოტენციური რისკებისა და ზრდის შესაძლებლობების განსაზღვრას.

სწორად აღრიცხული მონაცემების გარეშე მეწარმეს არ აქვს რეალური სურათი კომპანიის მდგომარეობაზე. ამიტომ ბუღალტერი მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციის გადამგზავნი კი არა, პარტნიორია ბიზნესის განვითარებაში. მისი მთავარი როლია, დაეხმაროს მეწარმეს, რომ სწორ დროს მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები. 

– არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ რა გავლენა იქონია თქვენს სფეროზე? 

– ჩვენი სფერო პირდაპირ კავშირშია სხვა ორგანიზაციების კეთილდღეობასთან. ჩვენ ვემსახურებით იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ. თუ ქვეყანაში ბიზნესსექტორი იქნება კმაყოფილი და სტაბილური, ჩვენც კარგად ვიქნებით. როდესაც კომპანიები ქამრების შემოჭერის პოლიტიკას იწყებენ, ბუნებრივია, ჩვენი სერვისიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებული იმ ეკონომიკურ ფონსა და სტაბილურობაზე, რაც ქვეყანაში სუფევს. 

– ეკონომისტების ნაწილი ეკონომიკურ კრიზისს ვარაუდობს, ხოლო ოფიციალური სტატისტიკა საპირისპიროს ამტკიცებს (ქვეყანას მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს). თქვენ ბევრ კომპანიასთან გაქვთ ურთიერთობა – როგორ შეაფასებთ ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობას? 

– ჩვენს ბაზაში გვყავს ორგანიზაციები, რომლებიც სტაბილურად აგრძელებენ მუშაობას, თუმცა არიან კომპანიები, რომლებსაც სერიოზული გამოწვევები აქვთ. იმედი გვაქვს, მათაც დაუბრუნდებათ სტაბილურობა. იმისთვის, რომ ინვესტორები მოვიზიდოთ და კომპანიებმა წარმატებით იმუშაონ, პირველ რიგში საჭიროა სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს საქმიანობაზეც. 

– თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროპისა და ამერიკის ბაზარზე გასვლას გეგმავთ. როგორ უყურებთ კონკურენციას საერთაშორისო მასშტაბზე? 

– კონკურენცია ყველგან მაღალია, მაგრამ დასავლეთის ბაზარი გაცილებით დიდი და დივერსიფიცირებულია. ამავე დროს, მოთხოვნა მაღალი ხარისხის მომსახურებაზე უფრო სტაბილურია. შესაბამისად, ზრდის და განვითარების შესაძლებლობებიც მეტია. ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის – პირიქით, გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი უპირატესობა სწორედ ხარისხია. ვცდილობთ, ევროპული სტანდარტები საქართველოში დავნერგოთ და ეს მიდგომა გვსურს გავიტანოთ ევროპაშიც. 

კონკურენციაში გადარჩენის ქვაკუთხედად ვხედავ ინოვაციას. ბუღალტერია და ფინანსები ის სფეროა, რომელიც მუდმივ მოდიფიკაციას საჭიროებს, მით უმეტეს – ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ჩვენ შევქმენით FAS APP – პირველი ქართული ბუღალტრული აპლიკაცია მცირე მეწარმეებისთვის. აპლიკაცია ავტომატიზებულად ითვლის შემოსავლებს, აგზავნის დეკლარაციებს და ახორციელებს საგადასახადო გადახდებს ხაზინაში. 

ბევრ მცირე მეწარმეს არ აქვს საშუალება, დაიქირავოს კვალიფიციური ბუღალტერი. ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც ერთი ღილაკის დაჭერით უმარტივებს მეწარმეს ყველა საჭირო პროცესს. 

წელს, ეს პროექტი ვაშინგტონის საინვესტიციო სამიტზე წარვადგინეთ. სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მქონდა. საკმაოდ ბევრ დელეგატს შორის აგვარჩიეს, საქართველოდან სიტყვით გამომსვლელი მხოლოდ მე ვიყავი. FAS APP-მა დიდი მოწონება დაიმსახურა, რომლის მოდიფიკაციაც შეიძლება ამერიკის ბაზრისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაცია განკუთვნილია მხოლოდ მცირე მეწარმეებისთვის, მაგრამ ვმუშაობთ შემდეგ ვერსიაზე, რომელიც ბევრად მრავალფუნქციური იქნება: ჩაერთვება ხარჯების აღრიცხვა, მარაგების კონტროლი და სხვა ფუნქციები. 

– ბევრი წელია გვესმის, რომ საქართველოში საგადასახადო სისტემა ლიბერალურია. ახალმა გამოწვევებმა თუ მოიტანა საჭიროება ცვლილებებისთვის? თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, რას შეცვლიდით კოდექსში? 

– ეს არის ის თემა, რომელზეც დადებითად შემიძლია ვისაუბრო. ჩვენი საგადასახადო სისტემა, ევროკავშირის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, ნამდვილად მოქნილი და ბიზნესზე მორგებულია. თუმცა, ბოლო პერიოდში ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის მონაცემების თანხვედრა. 

ჩვენს ორგანიზაციას მსგავსი პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ კოლეგებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თუნდაც 1-თეთრიანი სხვაობის გამო დაეკისრებათ 500 ლარიანი ჯარიმა. ამასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური გვპირდება, რომ მალე ეს საკითხი გამოსწორდება.

ასევე ვისურვებდი, რომ შემოსავლების სამსახურისგან კითხვებზე პასუხის მიღება უფრო მარტივი გახდეს. მაგალითად, რაღაც პრობლემურ საკითხზე შემოსავლების სამსახურში თუ დარეკავ, ან მიიღებ სწორ პასუხს, ან არა რამდენჯერმე უნდა გადაამოწმო. სხვა მხრივ, ჩვენი საგადასახადო სისტემა ნამდვილად პრო-ბიზნესურია. 

– თქვენ ქალ მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადეთ. რას გულისხმობს ეს ინიციატივა და რა კრიტერიუმების უნდა აკმაყოფილებდნენ მონაწილეები? 

– სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ ყოველთვის ვგეგმავდით მსგავს აქტივობებს. მაგალითად, გვქონდა პროექტები პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ჩავატარეთ სემინარები მცირე მეწარმეებისთვის. 

ახლა კი წამოვიწყეთ მხარდაჭერის პროგრამა ქალი მეწარმეებისთვის. გამარჯვებული ორგანიზაცია ჩვენგან მიიღებს სრულ მხარდაჭერას ბიზნესპროცესის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტში – მეწარმე ფოკუსირებული იქნება მხოლოდ საკუთარ საქმიანობაზე, დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ. 

რაც შეეხება კრიტერიუმებს: მონაწილე უნდა იყოს ქალი მეწარმე, კომპანიის საქმიანობა უნდა გრძელდებოდეს 1 წელზე მეტი, წლიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 50,000 ლარს, აპლიკაციის შევსება და მიზნობრივი საჭიროების აღწერა აუცილებელია. ძალიან ბევრი განაცხადი შემოვიდა. ხშირად გვწერდნენ ყველაფერს ვაკმაყოფილებთ, მაგრამ 50,000 ლარამდე არ მიგვიღწევია. თუმცა, ვფიქრობ, კრიტერიუმები საკმაოდ რბილია და მიზანია, რეალურად დაეხმაროს განვითარების პროცესში მყოფ მეწარმეს. 

გამარჯვებულები 18 ივლისს გამოვლინდებიან. აქვე, გვყავს ძალიან ძლიერი პარტნიორები: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციები. მათი მხარდაჭერა გადამწყვეტია, რადგან ამხელა პროექტის მარტო გაკეთება რთული იქნებოდა. 

– თქვენ ხართ კომპანიის ერთადერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. როგორ ახერხებთ ასეთი ფართო მასშტაბის საქმეების მართვას პარტნიორის გარეშე? 

– დიახ, ერთადერთი მმართველი პარტნიორი ვარ, მაგრამ გუნდში არ ვარ მარტო. მე მყავს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის საოცნებო გუნდი, ამის თქმა არასოდეს მომბეზრდება. ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც არიან – ამდენი რამის გაკეთებას ნამდვილად ვერ შევძლებდით. 

– სამომავლოდ თუ ფიქრობთ კომპანიაში ახალი პარტნიორის შემოყვანას? 

– ცხადია. მართალია, ამ ეტაპზე ქართველი პარტნიორის დამატება არ განიხილება, მაგრამ მომავალში არაფერს გამოვრიცხავთ. ახალი პარტნიორის მოძიებას ნამდვილად ვფიქრობთ, განსაკუთრებით, აპლიკაციის კუთხით, ვინაიდან მისი მოდიფიკაცია და განვითარება საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. 

– FAS APP-ის მიმართ როგორია დაინტერესებაა? რამდენად აქტიურად იყენებენ მომხმარებლები? 

– ამჟამად მომხმარებლებს აქტიურად ვაწვდით ინფორმაციას აპლიკაციის შესახებ. ეს ხდება შეხვედრებზე, სემინარებზე, ვორქშოფებზე, ან პირდაპირ ინდივიდუალურად. ყველა მიმართულებით ვანაწილებთ რესურსს და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. დასაწყისისთვის აპლიკაცია სრულიად უფასოა, რათა მეწარმეებმა შეძლონ მისი დატესტვა და საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდნენ სარგებელში. შემდეგ ეტაპზე განისაზღვრა მინიმალური გადასახადი – თვეში 30 ლარი. 

– კომპანიის განვითარების მიმართულებით, კიდევ რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში? 

– ჩვენი გეგმა უკავშირდება ციფრულ განვითარებას და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. ვთვლი, რომ არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთლიანად სფეროს მომავალი – ციფრული ბუღალტერია და ხელოვნური ინტელექტია. 

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად აღქმულ ტექნოლოგიას. როდესაც აპლიკაცია გავაკეთეთ, ზოგი კოლეგა ფიქრობდა, რომ ეს ბუღალტრებს „სამსახურს წაართმევდა“. სინამდვილეში ასე არ არის – ეს არის ხელსაწყო, რომელიც ბუღალტერს აძლევს მეტ სივრცეს მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის. 

ბუღალტერი არ არის მხოლოდ საგადასახადო დეკლარაციის გადამგზავნი. ბუღალტერი ბევრად მეტია – მან უნდა შეძლოს სწორი მაჩვენებლების დაფიქსირება, ანალიზის გაკეთება, პროგნოზების განსაზღვრა, იმისთვის, რომ მეწარმემ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს.

– ზოგადად როგორ ხედავთ ამ სფეროს მომავალს?

– ჩვენი სფეროს ყველაზე დიდი პრობლემა არაკვალიფიციური კადრების სიმრავლეა. სამწუხაროდ, ბევრ ბუღალტერს არ აქვს სისტემური განათლება. ხშირად სამთვიანი კურსით შემოფარგლული სწავლა საკმარისად მიიჩნევა – ეს კი წარმოუდგენელია. შეგიძლიათ, დაასახელოთ სხვა პროფესია, რომლის სწავლაც სამ თვეში შესაძლებელია? მით უმეტეს ისეთი კომპლექსური სფერო, როგორიც ბუღალტრული აღრიცხვაა. აქ საჭიროა მუდმივი განვითარება – სწავლა არასდროს მთავრდება. 

ხშირად ადამიანები, რომელთაც სხვა სფეროში არ გაუმართლათ, ფიქრობენ, რომ ბუღალტრები გახდებიან. არ იციან, რეალურად რა პასუხისმგებლობასთან აქვთ საქმე. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოსავალი ლიცენზირების სისტემის შემოღებაა. არაკვალიფიციურმა ბუღალტერმა ისეთივე ზიანი შეიძლება მიაყენოს ბიზნესს, როგორც არაპროფესიონალმა ექიმმა პაციენტს. ეს სერიოზული თემაა, რომელიც წესრიგში უნდა მოვიყვანოთ. 

– დასასრულს, ტრადიციული კითხვა – ყოველდღიური საქმიანობის გარდა თუ გაქვთ გატაცება, ჰობი, რომელსაც განტვირთვისთვის იყენებთ? ასევე ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? 

– ჩემი დრო ძირითადად სამსახურს მიაქვს. მყავს მეუღლე და ორი შვილი – 9 წლის დანიელი და 8 თვის თინა. ერთადერთი, რასაც აუცილებლად ვაკეთებ, კვირა დღე ოჯახთან ერთად უნდა გავატარო და ჩემს შვილებთან ერთად გავერთო. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2025 წლის ივნისის №6(306)-ში

ბოლო ამბები

S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ”BB” დონეზე შეინარჩუნა, ხოლო ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორებისა და მნიშვნელოვნად გაზრდილი რეზერვების ფონზე, პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა

სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ ფუნდამენტურ მაჩვენებლებს, გაუმჯობესებულ საგარეო პოზიციასა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის სანდოობას...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 8-10 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

2026 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7.5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს...

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,თბილისის აეროპორტი“, ,,სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ დიდი ოდენობით სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 7 ფაქტი აღიკვეთა...

ინტერვიუები

ინტერვიუ შპს „გრანთ თორნთონის“ მმართველ პარტნიორ პაატა შურღაიასთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის მაისის №5(317)-ში

ინტერვიუ თბილისის სასკოლო ინვენტარის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბორის ივანიშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა 2026 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №2(77)-ში

ინტერვიუ საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორ გიორგი ამზაშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის იანვრის №1(313)-ში