Homeინტერვიუინტერვიუ „მილდიანი ჯგუფის“ დამფუძნებელ და „გურჯაანის ღვინის მარნის“ მმართველ პარტნიორ ელდარ მილდიანთან

ინტერვიუ „მილდიანი ჯგუფის“ დამფუძნებელ და „გურჯაანის ღვინის მარნის“ მმართველ პარტნიორ ელდარ მილდიანთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე 

ელდარ მილდიანი – დაიბადა 1961 წლის 22 მაისს, მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში. 

განათლება

1968-1978 – ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიას საშუალო სკოლა; 

1980-1985 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 

სამუშაო გამოცდილება 

1985-1989 – გაერთიანება „ელვა“, პროგრამისტი; გასაღების განყოფილების უფროსი; 

1989-1990 – კოოპერატივი, სპეციალიზებული მცირე ზომის ღუმელების წარმოება, ხელმძღვანელი; 

1994-1998 – კომპანია „ვაზი“, დამფუძნებელი და პარტნიორი; 

1998-დან – შპს „ვაზი 1“, დამფუძნებელი და პარტნიორი; 

2000-2006 – შპს „საფერავი“, დამფუძნებელი და პარტნიორი; 

2003-დან – შპს „გურჯაანის ღვინის მარანი“, დამფუძნებელი და პარტნიორი; 

2006-დან – შპს „წინანდლის ძველი მარანი“, დამფუძნებელი;  

2020-დან – შპს „ჯივიენი“, დამფუძნებელი და პარტნიორი. 

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

 – ბატონო ელდარ, საუბარი დავიწყოთ თქვენი გა¬ნათლების და პირველი საქმიანობის შესახებ. 

– დავიბადე მესტიის რაიონში, სოფელ ჭუბერში. სკოლა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში დავამთავრე 1978 წელს. 1980 წელს ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და 1985 წელს დავამთავრე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე პროგრამისტად ყოფილ საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ელვა“-ში, რომელიც სხვადასხვა ტიპის გამომთვლელ მანქანებს აწარმოებდა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ განყოფილების უფროსი გავხდი, მერე გასაღების განყოფილების უფროსი ვიყავი და იმ დროს უკვე საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესიც დაიწყო. მაშინ ბევრმა დაიწყო კოოპერატივების გახსნა. ჩვენც იქვე საამქრო ვიქირავეთ. 

– რაიმეს წარმოება დაიწყეთ? 

– კი, პირველი წარმოება გვქონდა – კერამიკული ნაკეთობების გამოსაწვავი ღუმელებს ვაკეთებდით. ტექნოლოგია მოიტანეს და რკინის კარკასს და სპეციალურ დამათბუნებელ მასალას ვუკეთებდით. შედარებით პატარა ღუმელი იყო, სამკაულების და პატარა ნივთების გამოსაწვავი. 

– სპეციალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული საქმიანობა მოგისინჯავთ. 

– ჩემი სპეციალობა მათემატიკა იყო. სწავლის პერიოდშიც აბიტურიენტებს ვამეცადინებდი, ჩემი შემოსავალი რომ მქონოდა. შემდეგ დიდად აღარც მათემატიკა აინტერესებდა ვინმეს, არც სწავლა უნდოდათ. მეცნიერულ გზას მეც არ გავყოლივარ. თავიდან თითქოს ვაპირებდი, მაშინ მოდაშიც იყო, რომ კარგად უნდა გესწავლა, მერე ლექტორად გემუშავა, მაგრამ პირველივე გამოცდაზე ოთხიანი მივიღე და მერე მაღალ ნიშნებზე აღარ მისწავლია. ყოველთვის ვცდილობდი რამე პრაქტიკული საქმე მეკეთებინა. როგორც უკვე გითხარით, ბავშვებს, სტუდენტებს ვამეცადინებდი, მერე უკვე პატარა წარმოება, კოოპერატივი გავაკეთეთ და იქ ვსაქმიანობდით. 

– კოოპერატივების ეპოქაც არ იყო ხანგრძლივი. თქვენი საქმიანობა როგორ გაგრძელდა? 

– ვიმუშავეთ 1990-1991 წლამდე. მერე უკვე ჩემს მეგობარ ბაჩანა ხალვაშთან ერთად გადავწყვიტე რამე ბიზნესი დაგვეწყო. თითქმის ნულოვანი კაპიტალით შეგეძლო რაიმეს დაწყება. ჩვენც ნაცნობობით ავიღეთ კრედიტი, დაახლოებით 2.000 დოლარამდე. მცირე ყიდვა-გაყიდვით დავიწყეთ. მერე ვიფიქრეთ, რომ ავტომობილები ჩამოგვეტანა და გაგვეყიდა, მაგრამ არც ენა ვიცოდი, დიდად არც მძღოლი ვიყავი. ბოლოს გადავწყვიტეთ, ღვინო გაგვეტანა მოსკოვში. ჩემი მეგობრის ნაცნობი იყო მოსკოვში და დაველაპარაკეთ. იმანაც, გამოაგზავნეთო. 

მაშინ ღვინის ძველი ქარხნები ჯერ კიდევ იყო. თუმცა, საბჭოთადროინდელი ცენტრალიზებული მომარაგების სისტემა აღარ მუშაობდა. ქარხნები ფაქტობრივად ერთ დღეს გაჩერდნენ, დაიკეტა ყველა. მაგალითად, „თბილღვინოში“, თბილისის №1 ქარხანაში პეტრიაშვილზე და ა.შ. რომ მიხვიდოდი, საწყობები სავსე იყო მარაგებით, მაგრამ არსად გაჰქონდათ. პირველი პარტია 500 ბოთლი ღვინო ვიყიდეთ. 

მაშინ ჯერ კიდევ მოძრაობდა თბილისი-მოსკოვის მატარებელი. მოველაპარაკეთ ვაგონ-რესტორნის მესვეურებს. დოკუმენტაციაც არავის აინტერესებდა, აქედან იოლად შეიძლებოდა რაიმეს გატანა. არც საზღვრები არსებობდა და არც საბაჟოები. 

თავიდან 500 ბოთლი გავაგზავნეთ, ერთ კვირაში რაღაცა ფული დაგვრჩა. შემდეგ ახალ პარტიას ვყიდულობდით და ვაგზავნიდით. ჯერ გახდა 1.000 ბოთლი და ბოლოს 10.000 ბოთლზეც კი ავედით. ცხადია, ვაგონ-რესტორანში მაგდენი ღვინო არ დაეტეოდა. ამიტომ ჩვენი ნაცნობი უწევდა ორგანიზებას, ქირაობდა ვაგონში კუპეებს. 

ადრე ასეთი სისტემა იყო: რთვლის მიღება, ყურძნის დაწურვა და ღვინომდე მიყვანა რეგიონებში არსებულ ქარხნებში ხდებოდა, ძირითადად კახეთში. მერე ეს ღვინო მასალები ჩამოჰქონდათ თბილისში და აქ ჩამოასხამდნენ. მაგალითად, იგივე ნომერ პირველ ქარხანაში პეტრიაშვილზე, ასევე მესამე ქარხანაში ელბაქიძის აღმართზე, „თბილღვინოში“, „ვაზიანში“ და ასე შემდეგ. ამ 3-4 კომპანიასთან ვურთიერთობდით. თუ რამე მარაგები ჰქონდათ, ვყიდულობდით და გაგვქონდა. შემდეგ უკვე გამოილია ეს მარაგები. 

– მაგ დროისთვის ალბათ უკვე გარკვეულ ფულსაც დააგროვებდით. 

– კი, რა თქმა უნდა. ნულიდან კი დავიწყეთ, მაგრამ სწორად ვუდგებოდით საქმეს და ნელ-ნელა მოცულობებიც გავზარდეთ. 

– მაგ წლებში, სახელმწიფო თუ ქუჩის რეკეტი მსგავს საქმიანობებს საკმაოდ ერჩოდნენ. თქვენ როგორ გამოიარეთ? 

– რთული დრო იყო. ჯერ სანამ 500 და 1.000 ბოთლს ვყიდულობდით და ვყიდდით, მარტივი იყო, თვალში არავის ვხვდებოდით. მაგრამ, უკვე ერთ წელიწადში, დატვირთული სატვირთო მანქანები რომ მივაყენეთ, ცხადია, მაშინ „ობეხეესის“ მსგავსი სამსახურის წარმომადგენლები დაინტერესდნენ. გვიწევდა იმ პირობებშიც საქმიანობა. 

1992 წელს ვიყიდე პირველად მანქანა, „ჟიგული 06“, მანამდე არც მყავდა. ჩვენ თვითონ მივიდოდით ქარხანაში, ჩავტვირთავდით, წამოვიღებდით, არავის არასოდეს არ გავუჩერებივარ. მეც დამაინტერესა რატომ არ მაჩერებდნენ და როგორც მივხვდი, მაშინ ისეთი დრო იყო, მხოლოდ ყაჩაღები და ძალოვნები თუ დადიოდნენ მანქანით. ალბათ მეც თავისიანი ვეგონე და არ მაჩერებდნენ. ჩვენც, დიდად არ გვეშინოდა – ალბათ, არც დასაკარგავი გვქონდა ბევრი და მეორეც, უშუალოდ რომ არ შეგხებია მსგავსი ამბავი, არც გეშინია. 

– რომელი ღვინო გაგქონდათ? 

– მხოლოდ წითელი, მაგაზე იყო მოთხოვნა. 

კიდევ რას ვაკეთებდით: მაშინ ქარხნებში ყველანაირი მომარაგება იყო შეწყვეტილი. ღვინო კი ჰქონდათ ბოთლებში ჩამოსხმული, მაგრამ კორპის საცობები ვეღარ შემოჰქონდათ და ღვინის ბოთლები ლიმონათის თავსახურებით იყო დახუფული. ეტიკეტი იმდენად დაბალხარისხიანი ჰქონდა მიკრული, ალბათ, გაზეთის ქაღალდზე იყო დაბეჭდილი. ამიტომ, სადაც ადრე ღუმელებს ვაკეთებდით, იქვე ვიქირავეთ თავისუფალი ადგილი, ვყიდულობდით ღვინოს, ვასაწყობებდით, აგვყავდა მუშა ხელი, ვხსნიდით საცობებს და კორპის საცობებს ვუკეთებდით თავისი ჩაჩით. 

ადრე, ოპერის შენობასთან იყო ოფსეტური ბეჭდვის ფაბრიკა. რაღაც დონემდე და გარკვეული ხარისხით შეეძლოთ ეტიკეტების ბეჭდვა. მაგათ დავუკვეთეთ. ასევე დავუკვეთეთ ბოთლის ჩასალაგებელი ყუთები და ნელ-ნელა პროდუქტს უკეთესი სახე მივეცით და გაცილებით მიმზიდველი გავხადეთ. 

ასეთმა მიდგომამ გაამართლა. კვირიდან კვირამდე იზრდებოდა მოთხოვნა და ჩვენც ვაგზავნიდით. ამასობაში, თბილისის ქარხნებში რაც ჩამოსხმული ნაშთები ჰქონდათ, სულ გამოილია. ამ ქარხნების ხელმძღვანელებს არავის არაფრის გაკეთება არ უნდოდათ, ისე იყვნენ მიჩვეული. თავისი ინიციატივით თითქმის არასოდეს არაფერს აკეთებდნენ. 

– თქვენი საქმე როგორ გაგრძელდა? 

– მერე უკვე კახეთის ქარხნებში წავედით. იმათ ღვინომასალების მარაგი ჰქონდათ. საბჭოთა პერიოდის ბოლო წლებში წარმადობა რომ შემცირდა, დიდად აღარ აფუჭებდნენ ხარისხს, ფალსიფიკაციაც ნაკლები იყო. ამ ქარხნებს დისტრიბუციაც აღარ ჰქონდათ და არაფერს აკეთებდნენ. 

იქ რაც ღვინომასალები იყო, ვყიდულობდით და მოგვქონდა თბილისის ღვინის ქარხანაში. დავიწყეთ ამათი მომარაგება: შეგვქონდა ღვინომასალაც, ბოთლიც, ეტიკეტიც და ჩამოგვისხამდნენ. „თბილღვინოში“ და №1 ღვინის ქარხანაში ვაკეთებდით ძირითადად. მერე უკვე დავტვირთავდით მზა პროდუქციას და გაგვქონდა მოსკოვში. 

იმ მოცულობებზე ავედით, რომ ვაგონ-რესტორნის სივრცე აღარ გვყოფნიდა. მატარებლით 15.000 ბოთლიც გაგვიგზავნია. ეგეც არ იყო უსაფრთხო. ერთხელ, რუსეთში მატარებლიდან ჩამოცალეს ჩვენი პროდუქცია. აღმოჩნდა, რომ აწონეს და ვაგონი გადატვირთული იყო.  

ამის შემდეგ გადავედით მანქანებით გაგზავნაზე. 

უკვე დიდ მოცულობებზე რომ ავედით, გადავწყვიტეთ, ღვინო ჩვენ თვითონ ჩამოგვესხა ბოთლებში. მანამდე, სიონში, ძველი საკონსერვო ქარხანა ვნახეთ, იქ ჰქონდათ ჩამომსხმელი დანადგარი, ცხელი ჩამოსხმის ტექნოლოგიით. 

ეს ჩამომსხმელიც ახალგაზრდა ბიჭი იყო, ან ქეიფობდა, ან არ დაგვხვდებოდა ადგილზე… არადა, მარტივი კონსტრუქცია იყო. ვთქვით, ბარემ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ჩამომსხმელი. უკვე დაწყებული იყო პრივატიზაცია. 1994 წელი იქნებოდა, ზაჰესში ვიყიდეთ შენობა, მინიმალურად იმდენად მოვაწყვეთ, რომ ჩვენ თვითონ ჩამოგვესხა. ბოთლი ჩვენ მიგვქონდა, ეტიკეტი ჩვენ მიგვქონდა, ღვინომასალას ვყიდულობთ კახეთში. ვნახეთ, ვინც აკეთებდა ჩამოსასმელ ხაზს, ხელით სათითაო ბოთლი რომ დაეხუფა, ამით დავიწყეთ პირველი წარმოება. 

– მაშინ ჯერ კომპანიის სახელი არაფერი გქონდათ? 

– პირველ კომპანიას დავარქვით „ვაზი“. ჩამოსხმა თვითონ რომ დავიწყეთ, საქმიანობას ოფიციალური ფორმაც მივეცით. მანამდე მხოლოდ ყიდვა-გაყიდვას მივდევდით. 

– თქვენი ბაზარი მხოლოდ რუსეთი იყო? 

– ცხადია. არც ვიცოდით სხვაგან თუ არსებობდა რამე. საბჭოთადროინდელი სახელმწიფო მომარაგების ქსელით რუსეთში მიჩვეული როგორც იყვნენ, რეკლამაც არ იყო საჭირო, იგივე ღვინოს მარტივად ყიდულობდნენ. მაშინ წარმოება იყო პრობლემა, თორემ, გასაღების პრობლემა არ ყოფილა. ჩვენ მოსკოვში ჩაგვქონდა – უფრო მსყიდველობითუნარიანი ადგილი ეგ იყო ისედაც. 

მაშინ ბოთლის შოვნაც პრობლემა იყო. აქ აღარ იწარმოებოდა. გაჩერებული იყო ქსნის მინის ქარხანაც. დღეს მეორად ბოთლს საერთოდ არ ვიყენებთ, მაგრამ მაშინ, მეორადი ბოთლების ჩაბარების პუნქტებიდან ვაგროვებდით. ქარხნებში არსებობდა ბოთლის სარეცხი საამქროები. ასე რომ, თუ რამე ბოთლი იყო მიმღებ პუნქტებში, 1-2 წელიწადში ეგეც გამოილია. მერე უკვე მოსკოვიდან დავიწყეთ მეორადი ბოთლების ჩამოტანა და მუშაობას ასე ვაგრძელებდით. 

ამასობაში შემდეგ ეტაპზეც გადავედით, რადგან ქარხნებში ღვინომასალების მარაგებიც გამოილია. დაახლოებით სამ წელიწადში, რაც საქმიანობა დავიწყეთ, მთელი ნაშთები ამოეწურათ. ახალ ყურძენს არცერთი ქარხანა აღარ იღებდა, რთველში არ მონაწილეობდნენ. რაც შემორჩენილი ღვინო იყო, უშუალოდ ქარხნის ხელმძღვანელობა თავად თუ გამოიყენებდა. მით უმეტეს, აქ წითელი ღვინო არავის უნდოდა. მოსკოვში კი მხოლოდ წითელი ღვინო: საფერავი, ქინძმარაული, ალაზნის ველი გაგვქონდა. 100%-ით წითელ ღვინოზე იყო მოთხოვნა. 

– რა იყო თქვენი საქმიანობის შემდეგ ეტაპზე გადასვლა? 

– რადგან ღვინო ქარხნებშიც გამოილია, უკვე ვიფიქრეთ რომ ჩვენ თვითონ მიგვეღო რთველი. 

რთვლის მისაღებად ვიქირავეთ ქარხანა. ნებისმიერს იქირავებდი, ყველა გაჩერებული იყო. პირველი რთველი 1995 წელს მივიღეთ. ზაჰესში, ჩამოსასხმელი ხაზი უკვე გვქონდა. ჩამოსასხმელში 5-6 ადამიანიც გვყავდა დასაქმებული, ჩვენც სულ ჩართული ვიყავით. პირველად 150 ტონა ყურძენი მივიღეთ. ცისტერნებთან ჩვენ თანამშრომელს ეძინა და დარაჯობდა. დავწურეთ, გაიარა დაღვინება. როგორც კი მზად იყო, მოგვქონდა ზაჰესში და ვუვლიდით. მერე უკვე, როცა შევძელით, ჩვენთვის ცისტერნები ვიყიდეთ, მოვაგროვეთ 200 ტონის ტევადობის ჭურჭელი. 

ამ დრომდე ბიზნესში მე და ჩემი მეგობარი ბაჩანა ხალვაში ვიყავით. მერე უკვე რუსეთშიც მეტი ყურადღება იყო საჭირო, ორივემ ჩვენი ძმები შემოვიყვანეთ. ბაჩანა და ჩემი ძმა მოსკოვში გადავაბარგეთ, აქაურ წარმოებას ორნი ვუძღვებოდით. მოსკოვში მცირე დისტრიბუცია ამჟამად უკვე თავად შეგვეძლო. 2 კაცი იქ იყვნენ, რამდენიმე კიდევ იქირავეს, მანქანაც ვიყიდეთ, ძველი ვოლგა, 1500 დოლარად. მახსოვს, მინამწმენდები არც კი უმუშავებდა. 

ესეც ჩვენი გავლილი ისტორიაა და სიამოვნებით ვიხსენებ. საქმე სწრაფად მიდიოდა, ყოველდღე სიახლე გვქონდა. 

დროთა განმავლობაში კიდევ გავიზარდეთ. ზაჰესში რა წარმოებაც გვქონდა, ჩვენს მზარდ საქმიანობას აღარ ჰყოფნიდა. გადავწყვიტეთ, რომ გავფართოებულიყავით. სულ ოთხი ძმანი ვართ და გადავწყვიტე კიდევ ორი ძმაც შემომეყვანა. საჭიროება არსებობდა და საქმესაც სჭირდებოდა. რამდენიც არ უნდა ჩამოგვესხა, რეალიზაციის პრობლემა ისევ არ გვქონდა. 

ბაჩანასთან შეთანხმებულად მოვიფიქრეთ, რომ გავყოფილიყავით და რა აქტივებიც გვქონდა, გავიყავით. მერე ჩემ ძმებთან ერთად გავაგრძელე აქტივების ყიდვა და საქმიანობა. 

– ბაჩანამ ცალკე განაგრძო იგივე საქმე და თქვენ ცალკე? 

– ჰო, ვარჩიეთ, რომ ასე აჯობებდა. ან მე უნდა გავსულიყავი, ან ბაჩანა. მოვილაპარაკეთ და მე გავედი. წეროვანში, აგარაკების ზემოთ ძველი საკონსერვო ქარხანა ვიყიდე. შარშანდლამდე გვქონდე ის ობიექტი, შარშან გავყიდეთ. საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო, შენობებიც დიდია. 1998 წლის გაზაფხულზე გავიყავით. მე გადავედი. ღვინის ნაშთები გავყავით, ძირითადი საშუალებები ბაჩანასთან დარჩა. ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე ჩაიარა. 

– ჯერ ისევ „ვაზის“ სახელით მოქმედებდით? 

– რომ გავიყავით, მაშინ სახელის მეტი რა იყო, მაგრამ, გამოცდილება რომ არ გაქვს, ჩემს წარმოებას დავარქვი „ვაზი 1“, ბაჩანამ დაარქვა „ვაზი პლუსი“. „ვაზი 1“ ახლაც არსებობს. 

იმ დროისთვის ჯერ კიდევ არცერთი ახლანდელი ღვინის კომპანია ბაზარზე არ იყო. მერე გამოჩნდნენ „GWS“, „თელავის ღვინის მარანი“ და ა.შ. 

– თქვენ თქვით, რომ 1998 წელს გაიყავით. მაგ წელს რუსეთში დიდი დეფოლტიც მოხდა და არ შეგეხოთ? 

– ფაქტობრივად გაგვინახევრა ყველაფერი. ერთ დღეში მოხდა. ჩემი ძმა მოსკოვში იყო. აგვისტო იყო. სადაცაა რთველი უნდა დაიწყოს, ფულს რთვლის მისაღებად ვაგროვებდით. წინა დღეებში არაფერი რყევები არ ყოფილა. ერთ დღეში გაფუჭდა ის ფული, რაც გვქონდა მოგროვილი. მგონი 10-ჯერ გაუფასურდა. 

რატომღაც ვიფიქრე, შეიძლება რამე შეცვლილიყო. ვუთხარი ჩემ ძმას, ლევანს, მოვიცადოთ-მეთქი. მოვიცადეთ და ერთ კვირაში რაღაც მოხდა, სახელმწიფო ჩაერია და უცებ ჩამოწიეს რუბლის კურსი და განახევრდა დოლარის ფასი. სულ ერთი დღით გაგრძელდა. ჩემს ძმას ვუთხარი, ახლა იყიდე-მეთქი. მომდევნო დღეებში კურსი ისევ ავარდა. რაც ფული გვქონდა, 10-ჯერ კი არ გაგვიუფასურდა, განახევრებით გადავრჩით. 

ჩვენ რომ გავიყავით და გარკვეული კაპიტალიც მოგროვდა, საბანკო ურთიერთობაც დავიწყეთ. წინა წლებში გადარიცხვა იყო თუ ფულის დახურდავება, ეგეც სირთულე იყო. მოკლედ, ჯერ როგორც კლიენტები, ისე მივედით „ბაზისბანკში“ და მერე უკვე აქციონერებიც გავხდით. „ბაზისბანკში“ ერთ-ერთი იყო ჩემი ახლობელი, ნათესავი იყო. ხომ ხედავდნენ, რომ ფულის მოძრაობა გვქონდა. შემომთავაზეს წილის ყიდვა და ნელ-ნელა საკმაოდ მსხვილი აქციონერიც გავხდი. 2012 წლამდე, როცა ბანკი გავყიდეთ, წილის ფლობის ზომით, მეორე ვიყავი. 

– დღეის მდგომარეობით რამდენიმე კომპანიაში ხართ ჩართული… 

– ჩვენ რომ გავიყავით, მალევე შევატყვე ზაჰესში და წეროვანში ქარხნები აღარ შეესაბამებოდა ჩვენს მოთხოვნებს. ქარხანა ვენახთან რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს. სადაც ახლა არის „წინანდლის ძველი მარანი“, წინანდალთან ახლოს, 1999 წელს ეგ ტერიტორია შევიძინე. მალევე გავაკეთეთ ყურძნის მიმღები. ჩამოსხმა ისევ წეროვანში გვქონდა. 

– შემდეგ ალბათ უკვე თანამედროვე ხაზებსაც იყიდდით. 

– რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, იმის მერე სულ პრაქტიკულ საქმიანობაში ვარ. ჯერ კიდევ, მე-5 კურსზე ვიყავი, მამაჩემს სატვირთო ავტომობილი „ზილი“ ჰქონდა დაშლილი და იმ „ზილისგან“ და სხვადასხვა მანქანების ნაწილებისგან მანქანა ავაწყე. ასეთი უნარები მქონდა და შემდეგაც დამეხმარა. საწარმოში ყველა დანადგარი ჯერ მე ვიცი. თუ რამეა, დამონტაჟებაა თუ გადაკეთება, თვითონ ვერთვები, მსიამოვნებს ეგ საქმე. 

მათემატიკა კი, მაგრამ, რაც შეეხება ბიზნესს, მაგ მხრივ არაფერი განათლება არ მიმიღია და ასე ვთქვათ, თვითნასწავლი ვარ. ნაცნობმა საკონსულტაციო კომპანია „სერმა“ მირჩია. კონსალტინგს აკეთებდნენ. ახალგაზრდა სპეციალისტები მოგვამაგრეს, 3-4 იყვნენ, რამდენიმე თვით მოვიდნენ ქარხანაში. ჯგუფში იყო ლევან დავითაშვილი, ახლა ეკონომიკის მინისტრი, გიორგი სააკაძე, ახლა „არემჯიშია“ მგონი ფინანსური დირექტორი, იყო დავით ჯუღელი, რომელიც „ჰაიდელბერგცემენტის“ დირექტორია. ეს ახალგაზრდები მოვიდნენ და ძალიან დადებითად იმოქმედეს ჩვენი ბიზნესის განვითარებაზე. 

ოფისი ქალაქში არც გვქონდა, წეროვანში რაც იყო, ეგ იყო. პატარა კაპიტალი არსებობდა და მაშინ დავიწყეთ დანადგარებზე ფიქრი. პრაქტიკულად თითქმის უფასო იყო ეს კონსულტაცია, მაგრამ ძალიან წაგვადგა. მერე იტალიაშიც წავედი, იქ დანადგარები ვნახეთ და გავერკვიეთ. პატარა წარმადობის დანადგარების ნელ-ნელა ყიდვა დავიწყეთ. ჯერ ჩამოსასხმელი ხაზი, მერე უკვე მიმღებებისთვის საჭირო დანადგარების ყიდვა და დაკომპლექტება. იქიდან მოყოლებული, პროცესი დღესაც გრძელდება. ზოგი დანადგარი იცვლება, ზოგი ძლიერდება. თვითონ დავდივარ და ვარჩევ, ზოგს მეორადსაც ვყიდულობ – კარგს და ფუნქციონალურად უფრო გამძლეს. ფაქტობრივად ჩემი ერთ-ერთი ჰობი ამ დანადგარების შერჩევა-მონტაჟიც არის. 

– რამდენიმე კომპანია რაც გაქვთ, პარალელური ფირმებია თუ დამოუკიდებლად მოქმედებენ? 

– „წინანდლის ძველი მარანი“ არის ძირითადი კომპანია. თავის დროზე, თელავში ვიყიდე ადგილი და მეღვინეობა გავაკეთეთ, რომელსაც ჯერ „საფერავი“ დავარქვი, მერე „წინანდლის ღვინის მარანი“. 

იქ ადგილი მაქვს, წინანდლის პარკშია შესული და პატარა ძველი სარდაფი არსებობს იმ ტერიტორიაზე. ძველი დროის მარანია მიწისქვეშ, ვაპირებ აღდგენას და იქ რაღაცის გაკეთებას. 

მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად გაგვიჩნდა აზრი, რომ გურჯაანშიც გაგვეკეთებინა ქარხანა. 2003 წელს გურჯაანში ტერიტორია ვიყიდეთ და სულ ნულიდან გავაკეთეთ კარგი ქარხანა. 2004-ში რთველიც მივიღეთ. გაყიდვები დავიწყეთ. ჩამოსხმები ჯერ ისევ აქ გვქონდა, სანამ დანადგარებს ვიყიდდით. ამას უკვე 2006 წელი და რუსეთის ბაზრის დაკეტვაც მოჰყვა. 

დღეს, „წინანდლის ძველი მარანია“ პირველ ადგილზე, მაგრამ ასევე „გურჯაანის ღვინის მარნით“ ვოპერირებთ. 

ასევე, რაჭაში გვქონდა 4 ჰექტარი ვენახი. ძნელია მოვლა, ვერ ვაკონტროლებდით ხარისხს. მთავარი კი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეყიდა. 

– 2006 წლის რუსული ემბარგო როგორ გადაიტანეთ? 

– დიდი დანაკარგებით, თუმცა, დიდი გამოცდილებაც მივიღეთ. 

– იმ მომენტისთვის ისევ მხოლოდ რუსეთში ჰყიდდით? 

– 100%-ით. აქ, შიდა ბაზარზე არ ვყიდდით, მთლიანად რუსეთში გაგვქონდა. კი მეუბნებოდნენ, ერთი ქარხანა ხომ გაქვს, რად გინდა მეორესაც რომ აკეთებო. დისტრიბუციაც გვქონდა მოსკოვში. ამდენი კაპიტალი როცა გაქვს, ცხადია, კრედიტებზე ხარ დამოკიდებული. იგივე „ბაზისბანკიდან“ გვქონდა დიდი კრედიტები. 

რუსეთის ბაზარი რომ დაიკეტა, დიდი კრედიტები გვქონდა. აქეთ ღვინომასალების მარაგებით სავსე იყო ორივე ქარხანა. იმის მოლოდინში ვიყავით, რომ დიდი რეალიზაცია გვექნებოდა. 

– დაგრჩათ იქ პროდუქცია, გაფუჭდა?

– დიდი რაოდენობა. 530.000 დოლარის მხოლოდ „გურჯაანის ღვინის მარნიდან“ გაგზავნილი პროდუქცია. ჩვენი იქაური პარტნიორი ამარაგებდა და ფულს მერე უხდიდნენ. 150 მანქანა პროდუქცია გაუნადგურეს. აქეთ ჩვენ კრედიტები გვქონდა. ამ კრედიტების გასტუმრების გამო დავიწყე მიწების და სხვა აქტივების გაყიდვა. ყოველთვე მოზრდილი თანხა უნდა შემეტანა ბანკში. შემოსავალი კი, ნული გვქონდა. ძალიან რთული პერიოდი იყო. „გურჯაანის ღვინის მარნიდან“ საფერავი გავყიდეთ ლიტრი 45 თეთრად, 400 ტონაზე მეტი, რომ კრედიტი დაგვეფარა. დიდი ზარალი გადავიტანეთ. 

– ახალი გასაღების ბაზრები ვერაფერი მონახეთ? 

– ვერაფერი. ორჯერ ამერიკაშიც ვიყავი. ამერიკის ელჩი ჯონ ტეფტიც კი იყო ჩვენს ქარხანაში მოსული, გამოფენაშიც მივიღეთ მონაწილეობა, იქ დისტრიბუტორიც ვნახეთ, მაგრამ 2008-ში ამერიკაშიც ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. 

– აქ იმ პერიოდში რუსეთი შემოიჭრა და ომი გააჩაღა. 

– გაუსაძლისი სიტუაცია იყო, ყურძენი 20 თეთრად იყიდებოდა და დაკრეფად არ ღირდა. წარმოუდგენლად იაფად გავყიდით ვენახები: 5.000 დოლარად საფერავის ვენახები. ზოგს საერთოდ თავი დავანებე, რადგან მოვლად არ ღირდა. 

– გამოცოცხლება როდიდან დაიწყო ბიზნესმა? 

– 2013 წლიდან. 

– რუსეთის ბაზარი რომ გაიხსნა, ისევ რუსეთში გაყიდვებმა გიშველათ? 

– რეალურად მაშინ დაიწყო. ლევან დავითაშვილმა იცოდა რა პრობლემებიც იყო ჩვენთან. ქარხანაში ხომ დადიოდა ხოლმე და ყველა დეტალი ზუსტად იცოდა. ღვინის სააგენტოს ხელმძღვანელი სანამ გახდებოდა, ჯერ ღვინის ასოციაციაში წლები იმუშავა. 

მისი ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით, დიდი დახმარებები წავიდა სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე, პირველ რიგში მეღვინეობაში. „აწარმოე საქართველოში“ რომ ამოქმედდა, ქარხანა ქარხანას დავამსგავსე, დანადგარები განვაახლე და დავიწყეთ მუშაობა. 

2012 წლის ბოლოს, როდესაც „ბაზისბანკი“ გავყიდეთ, იქიდან აღებული ფულით კრედიტები გადავფარე და რაღაც თანხა ქარხნის გადაიარაღებას მოვახმარე. სახელმწიფოს მხრიდანაც, ხელშეწყობა იყო, კრედიტის პროცენტს გვიფინანსებდნენ და საკმაოდ ხელი შეგვეწყო. 

– დღეს როგორ არის თქვენი გაყიდვები გადანაწილებული, ისევ რუსეთის ბაზარია მთავარი? 

– რუსეთის გარდა, სხვა ბაზრებზე მცირე მოცულობები ადრეც გაგვქონდა. ერთ-ერთი პირველები შევედით კანადის ბაზარზე 2003-04 წლებში. ძალიან მცირე მოცულობები, მაგრამ გარანტირებული გაყიდვაა. 

რუსეთის ბაზარს უკავია მთელი გაყიდვების ნახევარი, მეორე ადგილზეა შიდა გაყიდვები. პირველ ადგილზე ვართ შიდა ბაზარზე გაყიდვებით. დანარჩენი გაგვაქვს აშშ-ში, პოლონეთში, გერმანიაში, ცოტა ინგლისში, იაპონიაში და კანადაში. წელიწადში ერთხელ ნახევარ კონტეინერს კოსტა-რიკაშიც ვყიდით. სულ 20-მდე ქვეყანაში გვაქვს ექსპორტი. 

– რუსეთ-უკრაინის ომმა რა გავლენა იქონია თქვენს ბიზნესზე? 

– გავლენა ცხადია, არის. უკრაინის ბაზარზე ისედაც ცოტას ვყიდდით, რუსეთში გაყიდვები ნორმალურად გრძელდება. დიდი ხნის პარტნიორები გვყავს მანდ. 

– ბოლო წლებში პოპულარული გახდა ბიო და ქვევრის ღვინოები, თქვენ რა სახის ღვინოებს აწარმოებთ?

– ქვევრის ღვინოების დაყენება 2011 წელს დავიწყეთ და დღემდე მაქვს მაშინდელი პროდუქცია ბოთლებით შემონახული. ერთ-ერთი მიმართულებაა ქვევრის ღვინის, სპეციალური რეზერვების დაძველება. 

ახლა ვაშენებთ 1200 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა საცავს, ზემოთ ჩამოსასხმელი და საწყობებია. უფრო სრულყოფილი ასორტიმენტი, რაც ჩვენ გვაქვს, ვფიქრობ სხვა არცერთ ქართულ კომპანიას არ აქვს. 

გვაქვს თეთრი, წითელი, ყველანაირი ღვინო. დაფასოება 50 გრამიანიდან 5 ლიტრამდე. ყველა სეგმენტს მოვიცავთ. 

– ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი რომელი ღვინოებია? 

– ყველაზე ძვირია რეზერვებიდან ქვევრის ღვინოები, 100-120 ლარიც ღირს ზოგიერთი სახეობა. იაფია სერიული ჩამოსხმა. მაგრამ იაფი არ ნიშნავს, რომ დაბალი ხარისხია. ყველგან მაქსიმალურად დაცულია ხარისხი. ასევე „პეტებში“, 3 და 5 ლიტრიან ჭურჭელში ვასხამთ. 

– ჩამოსასხმელი ფორმით ყიდით? 

– „პეტების“ სახით, 5-ლიტრიანებით. რესტორანი იყიდის თუ სხვა ვინმე, იმ ღვინოში რომ ჩარევა ნაკლებად მოხდეს. 50-60-ლიტრიან ჭურჭლებს წყალს რომ გამოავლებენ და ღვინოს ისე ჩაასხამენ, მეორე დღეს ის ღვინო უკვე იჟანგება. ხარისხი იკარგება. „პეტი“ ცოტა აძვირებს ღვინოს, მაგრამ ხარისხი დაცულია. 

– დღეის მდგომარეობით რამდენი პარტნიორი ხართ? 

– ოჯახის წევრები, ძმები ვართ. უცხოები არავინ გვყავს. 

სხვათა შორის, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც 90-იანების არეულ დროში გადაგვარჩინა, ჩაკეტილი მმართველობა იყო. მაშინ წინასწარ იცოდნენ კრიმინალებმა, რომელი მანქანით რა ტვირთი მიჰქონდათ და იმას დახვდებოდნენ. ჩვენგან ეგ ინფორმაცია არ ჟონავდა. 

– მხოლოდ საკუთარი ვენახების მოსავალს ამუშავებთ თუ ყურძენს სხვებისგანაც ყიდულობთ? 

– ვყიდულობთ. რუსეთის ემბარგოს დროს კრედიტების დასაფარად ვენახების დიდი ფართობის გაყიდვა მოგვიწია. მაგრამ ზოგი ნაცნობმა იყიდა, ზოგი იმათმა ახლობლებმა. არასოდეს იმათ სხვაგან არ ჩაუბარებიათ ყურძენი და მეც პირველ რიგში ამათ მოსავალს ვიღებდი. ერთგვარი კოოპერატივის მსგავსი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. რაც დამრჩა ვენახები, ის მქონდა და პლუს ბოლო 4 წელიწადია ინტენსიურად გადავეწყე გაშენებაზე. ოღონდ, ამჟამად აბსოლუტურად ყველაფრით თანამედროვე სტანდარტების ვენახებს ვაშენებთ. 

– რა ფართობზე გაქვთ ვენახები? 

– ქინძმარაულში 30 ჰექტარი გვაქვს და აქეთ ვაშენებთ ყოველწლიურად დაახლოებით 15 ჰექტარს. ამჯერად ჯამში 100 ჰექტარს მაინც ვფლობთ. 

ძველებურად გაშენებულ ვაზს რენტაბელობაც აღარ აქვს. აზრი აქვს თუ გლეხი თავისთვის, 2-3 ჰექტარს უვლის და თავისი ოჯახისთვის გამოიყენებს. მაგრამ, როცა დიდი წარმოება გაქვს, მაშინ ეგ აღარ ამართლებს. მოსახნავი ტრაქტორიც იტალიაში ვიყიდე. ვაზები სხვა დისტანციაზეა დარგული და სხვა სტანდარტებია. მხოლოდ გასხვლის დროს შედიან ადამიანები, ისიც მინიმალურად. დაარჩენ ყველა ოპერაციას მანქანა აკეთებს. დაკრეფის დროს ჯერ მაინც ხელით დაკრეფას ვანიჭებ უპირატესობას, ჩვენ იმდენად დიდი ფართობი არ გვაქვს. მაგრამ ვისაც 400 ჰექტარი აქვს, ისინი ვერ ასწრებენ ხელით დროულად დაკრეფას. საკრეფი მანქანებიც შემოდის. 

– სახელმწიფო სუბსიდირებაზე რას ფიქრობთ – ბიზნესს განვითარებაში უწყობს ხელს თუ პირიქით, განვითარების სტიმულს უკარგავს? ბევრს მიაჩნია, რომ რაც მალე დამთავრდება სუბსიდირება, მით მალე დალაგდება დარგი და სწორად განვითარდება. 

– იდეალურ სიტუაციაში შეიძლება არ არის სწორი სუბსიდირება, მაგრამ დღეს თვითღირებულება იმდენად ძვირი ჯდება, იმ გლეხსაც იმდენად ძვირი უჯდება ყურძნის მოყვანა, რადგან საქმეების უმეტესობა ხელით კეთდება, რომ ვფიქრობ, სუბსიდირება საჭიროა. სხვა შემთხვევაში გაჩეხავენ ვენახებს. 5-10 წლის შემდეგ შეიძლება უცებ დაგვარტყას და აღარ იყოს ყურძენი. სუბსიდირებაში სოციალური მომენტიც არის. 

ნელ-ნელა ალბათ ყველა ხვდება, რომ აზრი აღარ ძველებურად გაშენებული და ძველი მეთოდით ვენახების მოვლას. როგორ ვენახსაც ახლა ჩვენ ვაშენებთ, იქ მაქსიმალურად ავტომატიზებულია და ასეთი ვენახი ბევრად რენტაბელურია. 

– ღვინის ბიზნესის გარდა რას საქმიანობთ? 

– სოფლის მეურნეობის მიმართულება გვაქვს. მიწები გვქონდა შეძენილი და 2015-16 წლებში 45 ჰექტარზე კაკალი გავაშენეთ, პროგრამა „დანერგე მომავლის“ ხელშეწყობით. საკმაოდ დიდი ხარჯები და ენერგია წაიღო. კაკლის საქმეშიც ნულოვანი გამოცდილებით შევედი, რამაც თავისი დაღი დაასვა. გარკვეული შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ბოლომდე მივიყვანე. საწყისი დაფინანსება კარგი იყო, თუმცა 10-ჯერ მეტი დამატებითი ხარჯი სჭირდება. ვფიქრობდი, ვაზზე იოლი მოსავლელია-მეთქი, მაგრამ 3-4-ჯერ მეტი მოვლა და ყურადღება უნდა. 

ვიფიქრე, დივერსიფიკაციისთვის კარგი იქნებოდა. თან, ყურძენთან შედარებით კაკალი მალფუჭებადი არ არის. ასევე შიდა მოხმარებისთვის შეიძლებოდა წარმოება – საქართველოში კაკლის მოხმარება საკმაოდ მაღალია. ფხალეულები, გოზინაყი და ჩურჩხელა თუ სხვა ტკბილეულში და კერძებში მაღალია ნიგვზის მოხმარება. 

– სად ჰყიდით? 

– ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე. ექსპორტის პოტენციალიც არსებობს. შარშან სეტყვამ 140 ტონამდე მოსავალი გაგვიფუჭა. 8-10 ლარად ვყიდდით გაურჩეველ კაკალს. ყველანაირი კომბაინი და დანადგარი ნაყიდი მაქვს, რაც კაკლის მოყვანა-გადამუშავებას სჭირდება. 

პარალელურად, მე და ჩემ მეგობარს ასევე 3.000 სული ცხვარი გვყავს. იქ მოგება არ არის, მაგრამ ვთვლი, რომ ვინმემ ეს საქმე უნდა აკეთოს. პოტენციალი არის. ბარშიც გვაქვს საძოვრები, მთაშიც შევიძინე და 7-8 ადამიანი მანდ მყავს დასაქმებული. საკმაო თანხა მაქვს ჩადებული, მოგება არ მინახია, მაგრამ არ ვეშვები. მიყვარს ბუნებაში ყოფნა. ასევე ნადირობაც მიყვარს და პლუს ისეთი საქმეა, რომელსაც პოტენციალი აქვს. 

– მმართველი პარტიის მხარდასაჭერად 2016 წლიდან დღემდე თქვენს ოჯახს 295.000 ლარი აქვს შეწირული. რა იყო თქვენი მოტივი? 

– იქიდან გამომდინარე, რა ცუდი პერიოდებიც გამოვიარეთ, იმის გამეორება აღარ მინდა. მეორეც, ჩემი აზრი მაქვს და რიგ საკითხებში ვუჭერ მხარს ხელისუფლებას. „გამჭვირვალობის კანონზე“ გამოვხატე ჩემი პოზიცია. მე ფეისბუკი არ მაქვს და კომპანიის გვერდზე ატყდა ერთი ამბავი. ასევე ჩემს ბავშვებს უწერდნენ საშინელებებს. აქამდე თუ უბრალოდ მომხრე და ხმის მიმცემი ვიყავი, ახლა მეტად დავფიქრდები კიდევ. არასოდეს პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც პოლიტიკა მაინტერესებს. რაც ჩემი ბავშვების დამშვიდებას ვუნდებოდი, მეორე მხარეს მყოფები მტრად აღვიქვი. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და იმას გამოვთქვამ. 

ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლების მხრიდან დახმარება. მათი ხელშეწყობით განვავითარეთ ქარხანა და ამიტომ გამოვხატავ მხარდაჭერას. მანამდე ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, აღარც ვენახები მაინტერესებდა და რა მეკეთებინა, არ ვიცოდი. 

– სამომავლო გეგმები რა გაქვთ? 

– ძირითადი მიმართულებაა ღვინის წარმოება, კაკლის ბაღებსაც ვავითარებთ. 

– ტურიზმზეც ხომ არ ფიქრობთ? ღვინის ტურიზმი ბევრმა მეღვინე ბიზნესმენმა გაიხადა დამხმარე საქმიანობად. 

– მომავალში ეგეც შეიძლება, ვნახოთ. ტერიტორია მაქვს და იქ შეიძლება, მაგრამ მაგასაც თავისი ძალისხმევა სჭირდება. ჯერ ის უნდა დავამთავროთ, რასაც ვაკეთებ. ძირითადად ღვინის წარმოებაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე და ვენახების მოვლაზე ვართ ორიენტირებული. 

– კონიაკის წარმოების გაზრდას ხომ არ აპირებთ? 

– კონიაკი ჩემი მიმართულება არ არის, მაგრამ ღვინის წარმოების თანმდევი პროდუქტია. გარკვეულ მოცულობას ვხდით და ჩვენს პორტფელში გვაქვს კონიაკის ასორტიმენტი. პირველი გამოხდები 2007-ში დავიწყეთ. მაშინდელი სპირტის მარაგები გვაქვს და ჩვენი ბრენდით ვასხამთ. 

ღვინოსთან შედარებით ბევრად მცირეა. მხოლოდ შიდა ბაზარზე ვყიდით. ექსპორტზე კონკურენცია რთულია. 

– თქვენ რამდენიმე კომპანია გაქვთ დაფუძნებული. ჯამურად დაახლოებით რამდენი თანამშრომელია თქვენთან დასაქმებული? 

– სულ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელი გვყავს. 

– წეღან შვილები ახსენეთ, თუ არიან ჩართული ბიზნესში? 

– სამი შვილი მყავს. უფროსმა სწავლა დაასრულა. 14 წლის ტყუპები მყავს, ჯერ სწავლობენ: ბიჭი „კომაროვში“, გოგო ფრანგულ სკოლაში. უფროსმა გოგომ ინგლისში დაამთავრა კვების ტექნოლოგია. ჩამოვიდა და ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსია. 

მე კი ვარ ენერგიულად, მაგრამ, მერე და მერე ალბათ შვილებიც ჩაერთვებიან ბიზნესში და მომეხმარებიან. 

– თავისუფალი დროს რას უთმობთ? 

– თავისუფალ დროს პირველ რიგში შვილებს ვუთმობ. 48 წლის ვიყავი, როცა ტყუპები შემეძინა და როგორც კი დრო გამომიჩნდება, მაგათთან მინდა ყოფნა. კარგად ვერთობით. როცა მიხერხდება, მიყვარს ბუნებაში სიარული, თევზაობა, ნადირობა. თუმცა, მაგას ლამის გადავეჩვიე. 

– მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას ხომ არ აპირებთ, ან პარტიულ სიაში შემოთავაზებაც არ გქონიათ? 

– არა. მიმაჩნია რომ პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე და არ მიზიდავს. მე უფრო მატერიალისტი ვარ და ჩემი მიზანი შექმნა, წარმოება და აშენებაა. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით