Homeინტერვიუინტერვიუ მიკროსაფინანსო კომპანია „ემბისის“ გენერალურ დირექტორ გია პეტრიაშვილთან

ინტერვიუ მიკროსაფინანსო კომპანია „ემბისის“ გენერალურ დირექტორ გია პეტრიაშვილთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

გია პეტრიაშვილი – დაიბადა 1961 წლის 18 მაისს, თბილისში. 

განათლება 

1967-1974 – თბილისის 55-ე საშუალო სკოლა; 

1974-1978 – ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა; 

1978-1984 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; 

1984-1987 – მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა; 

1988 – დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა საკანდიდატო დისერტაცია თეორიული და მათემატიკური ფიზიკის დარგში; 

სამუშაო გამოცდილება

1988-1991 – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 

1991-1992 – თსუ-სთან არსებული მაღალი ენერგიების ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 

1991-1992 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, ლექტორი; 

1993 – 2012 „ბაზისბანკი“, დამფუძნებელი და პარტნიორი; სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 

1997-2002 – ამერიკული საინვესტიციო ფონდი „კავკასიის ფონდის“ სპონსორი, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი; 

2002-2005 – „გასართობი ცენტრი მეიდანი“, დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი; 

2006-2009 – „სოლო-ლაქი ინვესტორს“ დამფუძნებელი და მმართველი დირექტორი; 

2012-დან დღემდე – „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (ემბისი), დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 

უცხო ენები: რუსული, ინგლისური. 

ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.

____________________________________________________________________________

ბატონო გია, საუბარი დავიწყოთ თქვენი განათლების შესახებ. 

დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი 55-ე საშუალო სკოლაში. იმ პერიოდში მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო ე.წ. ახალი პროგრამის გამოცდა მათემატიკაში. 55-ე სკოლაში, ცნობილი მათემატიკოსის, აკადემიკოს თენგიზ გეგელიას ხელმძღვანელობით, შეიქმნა ექსპერიმენტული კლასი. მეორე კლასიდან მათემატიკას გვასწავლიდნენ კომაროვის სკოლიდან მოწვეული მასწავლებელი გრიშა წულაია და თენგიზ გეგელიას თანამშრომლები. მათემატიკის გაძლიერებულად სწავლების კლასი იყო. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, ბატონმა თენგიზმა ძირითადად თავისი კოლეგა მათემატიკოსების შვილებისგან შეადგინა ეს ექსპერიმენტული კლასი. 

თქვენი მშობლები მათემატიკოსები იყვნენ? 

დედაჩემი იყო მათემატიკოსი და თენგიზ გეგელიასთან ერთად მუშაობდა გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში. 

შემდეგ უკვე „კომაროვში“ გადახვედით? 

1975 წელს დასრულდა ეს ექსპერიმენტული სწავლება და ჩვენი კლასიდან უმეტესობა „კომაროვში“ გადავედით. 

1978 წელს დავამთავრეთ კომაროვის სკოლა. მაშინ იყო ასეთი პრაქტიკა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითო წამყვან ფაკულტეტზე თითო ადგილს გამოყოფდა, ერქვა ნაციონალური კადრების მომზადების კვოტა. მისაღები გამოცდები თბილისშივე ტარდებოდა თვენახევრით ადრე, სანამ თბილისის უნივერსიტეტში დაიწყებოდა მისაღები გამოცდები. 

არც ვიცოდი ამის შესახებ. კლასელმა ლევან კაკაბაძემ დამირეკა და მითხრა, ვცადოთ ჩაბარება, რას ვკარგავთ, ოღონდ, სულ ორი ადგილია, ისიც სხვადასხვა ფაკულტეტზე და დიდი კონკურსიაო. 

ორივენი ერთ ფაკულტეტზე ვერ ჩაირიცხებოდით. 

ორივესთვის სულ ერთი იყო, რომელ ფაკულტეტზე მოვხვდებოდით. ამიტომ ერთმანეთის კონკურენტები რომ არ ვყოფილიყავით, ავაგდეთ მონეტა. მე შემხვდა ფიზიკის, იმას მათემატიკის ფაკულტეტი. 

აღმოჩნდა, რომ ფიზიკაზე 11 განაცხადი იყო, მათემატიკაზე 7. მაშინ ასეთი წესი მოქმედებდა, თუ ოქროს მედალოსანი იყავი და პირველივე გამოცდაში 5-იანს მიიღებდი, ერთი გამოცდით ჩაირიცხებოდი. მე და ლევანი მედალოსნები არ ვყოფილვართ, „კომაროვში“ ჰუმანიტარული საგნები ნაკლებად გვაინტერესებდა. ჩემთან, 11 აბიტურიენტიდან, ერთი იყო მედალოსანი. 

პირველ, მათემატიკის წერით გამოცდაში, მარტო 3-მა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ნიშანი (5-იანი), ერთმა 4-იანი, დანარჩენებმა 3-იანები, ან ჩაიჭრნენ და კონკურსს გამოეთიშნენ. ყველანი უცხო ენების ინსტიტუტის აუდიტორიაში ვისხედით და ვწერდით. ჩემი კლასელი ლევანი ჩემს ზურგს უკან იჯდა. პირველი რამდენიმე ამოცანა იოლად ამოვხსენით, ბოლო იყო რთული. ამოვხსენი და რაღაც პასუხი მივიღე. ჩემ მეგობარს გადავულაპარაკე – შენც ეს პასუხი მიიღე-მეთქი? იმან – კიო. მივხვდით, რომ ორივემ სწორად ამოვხსენით. ამ დროს ეს ოქროს მედალოსანი მეკითხება, მე-6 ამოცანა ამოხსენი? აბა შემახედეო. მეც მოვაბრუნე ფურცელი. ჩემი კლასელი მეუბნება – რას აკეთებ, გადააწერინებ და შენ ვეღარ ჩაირიცხებიო. მოვუხადე ბოდიში და აღარ გადავაწერინე. მიიღო ოთხიანი. 

დავრჩით ოთხნი. მათემატიკის ზეპირ გამოცდაში და ფიზიკაში ყველამ 5-იანი მივიღეთ. დარჩა რუსულის გამოცდა. რუსულში სუსტები ვიყავით. მე და ჩემი მეგობარი ცალკე აუდიტორიაში დაგვსვეს, რადგან ქართული სკოლა გვქონდა დამთავრებული, ჩვენს კონკურენტებს კი რუსული. დღესაც არ ვიცი იმ გოგონას სახელი, ალბათ, უცხო ენების ინსტიტუტის ასპირანტი იქნებოდა, დაავალეს რუსული ენის გამოცდაზე მეთვალყურეობა. შემოვიდა და ნახა, მხოლოდ ორი აბიტურიენტი ვისხედით აუდიტორიაში. ვუთხარით, რომ აი აქამდე მოვედით, შანსი გვაქვს მოსკოვის უნივერსიტეტში ჩავირიცხოთ. თქვენი კონკურენტები ვინ არიანო? რუსული სექტორიდან მოსულები გვერდით აუდიტორიაში აბარებდნენ. წაგვიკითხა საგამოცდო ტექსტი, რომლის შინაარსიც უნდა დაგვეწერა. დავწერეთ. გამოგვართვა „შავი ფურცლები“, გაგვისწორა და გადავწერეთ. გადაწერილშიც შეცდომები გვქონდა. ისიც გაგვისწორა, კიდევ ერთხელ გადავწერეთ და მივიღეთ 5-იანები. კონკურენტებმაც მიიღეს 5-იანები, მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ მათემატიკის გამოცდაში მიღებული უპირატესობით. ჩავირიცხეთ ჩვენ. ეს მედალოსანი კი, აღმოჩნდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის განათლების მინისტრის შვილიშვილი. თურმე მინისტრის ქალიშვილი საქართველოში ყოფილა გათხოვილი. ქიქოძე იყო გვარად. ჰოდა, იმისთვის დამატებით ერთი ადგილი დაუშვეს, ისიც ჩაირიცხა. პირველ კურსზე ერთად ვსწავლობდით. ჭკვიანი ბიჭი იყო, მოსკოვის უნივერსიტეტი მაგანაც წარჩინებით დაამთავრა. 

მშობლებმა არ იცოდნენ და რომ გაიგეს მოსკოვის უნივერსიტეტში ჩავირიცხეთ, ძალიან მძიმედ აღიქვეს. დედაჩემის ძმა – ანრი რუხაძე, ცნობილი ფიზიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და აკადემიკოსი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ანრიც მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, იქ გააგრძელა საქმიანობა, დაოჯახდა და მოსკოვში დაფუძნდა. დედას ეშინოდა, რომ მეც აღარ დავბრუნდებოდი. 

ჩემს მათემატიკოს ბაბუას, ამბროსი რუხაძეს, რომელიც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ, შევჩივლე. იმან მხარი დამიჭირა. 

საბოლოოდ წავედი მოსკოვში და ბიძაჩემის ოჯახში მივედი. ბიძაჩემმა დედაჩემს დაურეკა, რატომ ნერვიულობ, ეს მოსკოვის უნივერსიტეტია, პირველივე სესიაზე გარიცხავენ, დაბრუნდება თბილისში და მანდ ისწავლისო. თვითონ მოსკოვის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და „ზემოდან გვიყურებდა“. ბიძაჩემი ჩემთვის კუმირი იყო. გადავწყვიტე დამემტკიცებინა, რომ არასწორად ფიქრობდა ჩემზე. 

თავიდან მეც და ჩემს მეგობარსაც ძალიან გაგვიჭირდა რუსულ ენაზე სწავლა. ამის მიუხედავად, პირველივე სესიაზე ოთხი გამოცდიდან მხოლოდ ერთში მივიღე ოთხიანი, დანარჩენი ხუთები. ეს ოთხიანი იყო ერთადერთი მთელი ხუთი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. ბიძაჩემმაც მაღიარა და მერე იმასაც ამბობდა, ეს არის ჩემი საქმის გამგრძელებელიო. ასპირანტურაშიც ჩავაბარე, მიკროსპეციალობად კვანტური ველის თეორია და ელემენტარული ნაწილაკები ავირჩიე. 

თქვენმა მეგობარმა როგორ შეძლო სწავლა? 

ლევანმაც წითელ დიპლომზე დაამთავრა და ჩააბარა ასპირანტურაში. ორივემ დავიცავით საკანდიდატო დისერტაციები. სხვათა შორის, იმ ქიქოძემაც დაიცვა. 

გამოდის, თბილისიდან სამნი ვინც წახვედით, სამივემ წითელ დიპლომზე დაამთავრეთ და საკანდიდატოებიც დაიცავით. გამონაკლისები იყავით თუ თბილისის სწავლების დონე მოსკოვისას არ ჩამორჩებოდა? 

თბილისზე თუ ვლაპარაკობთ, უნდა ვილაპარაკოთ „კომაროვის“ სკოლის დონეზე, რომელიც აქაურ საშუალო დონეს ბევრად აღემატებოდა. მოსკოვის უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, პირველი წლის მერე, ჩემი კლასიდან 6 კაცი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. თბილისში ჩაბარების შემდეგ გადმოვიდნენ. ქართველი სტუდენტები, ვინც სწავლობდნენ ფიზიკის და მათემატიკის ფაკულტეტებზე, ძირითადად „კომაროვის“ სკოლიდან იყვნენ. საკმაოდ დიდი დიასპორა ვიყავით. 

ქართველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება იყო? 

როგორც ქართველს, უნივერსიტეტში არანაირი წნეხი არ მიგრძვნია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მარქსისტული ფილოსოფიის ლექტორმა, გვარად ჩიქოვანმა, რომელსაც მხოლოდ გვარის წარმომავლობა ჰქონდა ქართული, მითხრა, ახლა კი გიწერ ხუთიანს, მაგრამ იცოდე, მენშევიკური აქცენტი გაქვსო. მაგრძნობინა, მთლად ჩვენიანი არ ხარო. გული არ დამწყვეტია, ისედაც ვიცოდი რომ იმათიანი არ ვიყავი. 

მუშაობაც სამეცნიერო მიმართულებით დაიწყეთ? 

სწავლა რომ დავამთავრე, მუშაობა დავიწყე თბილისის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში, მაგრამ  მაშინვე მოსკოვში მიმავლინეს. ჩემი ხელმძღვანელი მუშაობდა მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერი – ალბერტ თავხელიძე. ალბერტ თავხელიძე მაშინ უკვე იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, წარდგენილი ნობელის პრემიაზე ფიზიკის დარგში. ასე რომ, ჩემი სადისერტაციო ნაშრომის დიდი შეფი – ოფიციალური ხელმძღვანელი იყო ალბერტ თავხელიძე, ხოლო მიკრო-შეფი, ვისთანაც უშუალოდ ვმუშაობდი, გახლდათ, მაშინ ახალგაზრდა მეცნიერი, მოგვიანებით კი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და არაერთი პრემიის ლაურეატი – ვალერი რუბაკოვი. ბატონი ვალერი მხოლოდ 6 წლით იყო ჩემზე უფროსი, ის ერთდროულად მენტორიც იყო და მეგობარიც. რუბაკოვი უაღრესად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი იყო. შესაბამისად, წინააღმდეგობაში იყო პუტინის ხელმძღვანელობასთან. იგი იყო მეცნიერთა აქტიური უფლებადამცველი და რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის მოწინააღმდეგე. სამწუხაროდ, 2 წლის წინ გარდაიცვალა. 

თბილისშიც ხომ კითხულობდით ლექციებს? 

1991 წლის გაზაფხულზე ჩამოვედი მოსკოვიდან და დავიწყე ლექციების კითხვა თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, პარალელურად სამეცნიერო საქმიანობას ვეწეოდი. ის დროა, თბილისის ომი რომ დაიწყო, ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩემი ხელფასი კი დაახლოებით 5 დოლარს შეადგენდა. მაშინ გაიხსნა პირველი კომერციული ინსტიტუტები და დიდი ხვეწნა-მუდარის მერე, ერთ-ერთში, ე.წ. კუჭუხიძის უნივერსიტეტში, რომელიც მეტრო სამგორის მიმდებარედ იყო, დავიწყე მუშაობა ფიზიკის ლექტორად. იქ ჩემი ხელფასი 50 დოლარამდე იყო – 10-ჯერ მეტი ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

კომერციულ უნივერსიტეტში კონტინგენტი წარმოუდგენლად სუსტი იყო. თუმცა, იქ რაც მოხდა, იმ მოვლენამ ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემს მომავალზე. ერთ-ერთ სემინარზე გადავწყვიტე ერთი სტუდენტი გოგონა დაფასთან გამომეყვანა. ეს გოგონა რომ სკამიდან წამოიწია, გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამ მხარზე ხელი დაადო, დასვა და მე მომმართა – პატივცემულო, ეს ჩემი საცოლეა და დაფასთან არ ვუშვებო. მივხვდი, რომ აქ არც კამათს ჰქონდა აზრი და არც ფიზიკაზე და მაღალ მატერიაზე საუბარს. მაშინ გადავწყვიტე ლექტორობისთვის თავი დამენებებინა. იმ გარემოში და დროში, სადაც ხალხი ფიზიკურ გადარჩენას ცდილობდა, შენი ფიზიკა, კვანტური ველის თეორია და ელემენტარული ნაწილაკები არავის აინტერესებდა. 

ახალი საქმიანობა დაიწყეთ? 

მაშინ გადავწყვიტე ბიზნესი დამეწყო. არადა, ბიზნესში არაფერი გამეგებოდა. მყავდნენ მეგობრები, რომლებიც უკვე წარმატებულ ბიზნესმენებად ითვლებოდნენ. მივედი ახლო მეგობართან, გია სურმავასთან, რომელიც „კომაროვში“ ჩემი კლასელი იყო, ჰქონდა დიდი ოფისი სასტუმრო „აჭარის“ შენობაში, რაღაცებს ყიდულობდნენ და ჰყიდდნენ. ვუთხარი, გია, ასეა საქმე, პურის ფული არ მაქვს, ვიღაცებს ვასწავლი, რომელიც საცოლეს დაფასთან არ უშვებს და რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას. მოდი, შენთან სამსახურში ამიყვანე-მეთქი. 

მითხრეს, ამდენი წელი მოსკოვში ცხოვრობდი, გამოცდილება გაქვს, ჩვენ წარმომადგენლად გაგიშვებთ, აქედან დავალებებს მოგცემთ, იქიდან პროდუქცია გამოგვიგზავნეო. წავედი მოსკოვში, ამჯერად უკვე სულ სხვა მიზნით. 

ალბათ ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხის გადალახვაც მოგიწიათ. 

თავიდან რომ ჩავედი, ძალიან მრცხვენოდა. ჩემს ახლობელ ვალერი რუბაკოვთან არც კი დამირეკავს. განცდა მქონდა, რომ მას და მეცნიერებას ვუღალატე. 

მოსკოვში ვნახე უნივერსიტეტის მეგობარი სომეხი ბიჭი, იგორ გრიგორიანი, რომელიც ბაქოდან იყო. 1988 წელს, ბაქოში არეულობა და სომხების დევნა დაიწყო, ეს ბიჭი უცებ დარჩა ყველანაირი შემოსავლის გარეშე. დაკარგა სახლ-კარი, მისი მშობლები ბაქოდან ერევანში დევნილებად ჩავიდნენ. მაშინ, იგორის მშობლები ჩვენმა საერთო აზერბაიჯანელმა მეგობარმა გადაარჩინა, რომელიც თბილისელი იყო, კომაროვის სკოლა ჰქონდა დამთავრებული და ბაქოში მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების მერე წავიდა სამუშაოდ. მაშინ ქართველი მეგობრებიც იგორს ძალიან დავეხმარეთ. იგორი იძულებული გახდა მათემატიკის ნაცვლად კომერცია დაეწყო, გადარჩენისთვის იბრძოდა. მალე წარმატებული ბიზნესმენი გახდა და ბანკიც დააფუძნა. 1992 წელს, მე რომ მოსკოვში ჩავედი, უკვე ბანკის დირექტორი იყო. მივედი მასთან ანგარიშის გასახსნელად. ძალიან თბილად მიმიღო. მკითხა რას ვაკეთებდი. მითხრა, რაღაც სისულელეს აკეთებ, რა ვაჭრობა და ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვა-გაყიდვა, შენი საქმე საფინანსო სფეროა, წადი საქართველოში, გაიგე ბანკის ლიცენზიის აღება როგორ ხდება და ბანკი დააფუძნეო. თავი დამწყებ კომერსანტად მიმაჩნდა, მეგობარი კი მეუბნებოდა ბანკი დააფუძნეო. ჩამომითვალა ჩვენი საერთო ქართველი მეგობრები უნივერსიტეტიდან, მირჩია მოიკითხე ეს ხალხი, შეკრიბე და მათთან ერთად ბანკი შექმენიო. 

ბანკს ფული უნდა. სად მქონდა მაგდენი ფული? წადი, შენ გაიგე როგორ ხდება, ჩამოდი და მოგეხმარებიო. თბილისში ჩამოვედი, მივედი ეროვნულ ბანკში, უნივერსიტეტის მეგობარ მერაბ კაკულიასთან, რომელიც მაშინ უკვე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მერაბმა ყველაფერი ამიხსნა და დამაკვალიანა. მაშინ ბანკის კაპიტალს სულ რაღაც 6-7 ათასი დოლარი სჭირდებოდა, რაც მილიონობით კუპონი იყო. ეს 6,000 დოლარიც ჩემთვის ასტრონომიული თანხა იყო. იგორმა 10,000 დოლარი მომცა და მითხრა როცა გექნება, მაშინ დამიბრუნეო. 

მერე უკვე დავურეკე ჩემს მეგობრებს. პირველ რიგში, მურმან ამბროლაძეს, შემდეგ ირაკლი ბოქოლიშვილს, ვანო ჯანჯღავას – ვისთან ერთადაც მოსკოვის უნივერსიტეტში წლები გავატარე. მურმანს ვუთხარი, იგორმა ფული მომცა, მოდი, ბანკი დავაფუძნოთ. მურმანი მაშინ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მათემატიკას ასწავლიდა, მისი რეაქცია იყო ზუსტად ისეთივე, როგორც ჩემი – რა ბანკი, რის ბანკი, მე რა შუაში ვარ ბანკის დაფუძნებასთანო. 

თავიდან ასეთი იდეა გვქონდა – ბანკს კი დავაფუძნებთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ლიცენზიას ოდესმე ფასი დაედება და მერე გავყიდდით. იმ ფულს კი, რაც იგორმა მომცა, ყიდვა-გაყიდვის საქმეს მოვახმარდით. ვალსაც იქიდან დავუბრუნებდით. ასეც დავიწყეთ. ბანკი დავაფუძნეთ, მაგრამ 2 წელი მხოლოდ ქაღალდზე იყო, არ ფუნქციონირებდა. იმ თანხით ვიყიდეთ 100 ჩარხი თბილისის ჩარხმშენებელ ქარხანაში და მოვძებნეთ კლიენტები, ვინც ჩვენგან ჩარხებს შეიძენდა. ამ ოპერაციაში საკმაოდ დიდი მოგება უნდა დაგვრჩენოდა. ჩარხები დავტვირთეთ ვაგონებში და გავუშვით სტავროპოლში. იქიდან ირანელებს უნდა წაეღოთ. თუმცა, ირანელებმა გადაიფიქრეს. დავრჩით სტავროპოლში ჩვენი ჩარხებით. მომიწია მოსკოვში ჩასვლა და ჩარხების იქ ჩატანა. დაახლოებით 2 წელი ვყიდდი ამ ჩარხებს. იქ ჯერ კიდევ იყო წარმოებები და ჩარხებიც სჭირდებოდათ. 100 დოლარად ნაყიდი ჩარხები თითო დაახლოებით 2,000 დოლარად გავყიდე. შემდეგ თუ რამე ნაწილი გაუფუჭდებოდათ, ჩარხების ქარხანასთან მქონდა კავშირი და მიწოდებასაც ვაკეთებდი. ასე დაგროვდა პირველი კაპიტალი. 

ვიყავით მე, მურმან ამბროლაძე, ირაკლი ბოქოლიშვილი და ვანო ჯანჯღავა. გადავწყვიტეთ, ბანკი რომ გვაქვს ქაღალდებზე, ფული გაგვიჩნდა და ბარემ რეალურად ავამუშაოთო. იმ მომენტში საქართველოში 500 ბანკი მოქმედებდა. ჩვენი საბანკო ლიცენზიის ნომერი იყო 397. ე.ი. მას შემდეგ, რაც ლიცენზია ავიღეთ, კიდევ 100 ბანკი დააფუძნეს. ოფისი ვიქირავეთ და ასე დაიწყო „ბაზისბანკმა“ საქმიანობა. 

საწყისი რა თანხა გქონდათ, რითაც საბანკო საქმიანობა დაიწყეთ? 

დაახლოებით 100000 დოლარი. ნასესხები 10000 დოლარი ფაქტობრივად გაათმაგდა. 

ირანელების მხრიდან „გადაგდების“ მიუხედავად, მაინც მშვენიერი გარიგება გამოგივიდათ. 

იმას ჰგავდა, ბავშვს რომ წყალში გადააგდებენ – ან დაიხრჩობა, ან ცურვას ისწავლის. ჩვენ შევძელით ცურვა. 

დავიწყეთ ბანკირობა. კიდევ შემოვიმატეთ პარტნიორები ჩვენივე სამეგობრო წრიდან, ძირითადად მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები: ზურაბ ციხისთავი, ტარას ნიჟარაძე, ზაზა ნიშნიანიძე, თენგიზ მაზიაშვილი, ელდარ მილდიანი და სხვა. ყველა მათგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ბაზისბანკის“ წარმატებაში. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ზურაბ ციხისთავის როლი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ბანკის გენერალური დირექტორი იყო. გრძლად რომ აღარ მოვყვე, 2000 წლისთვის, იმ 500 ბანკიდან დარჩენილი იყო მხოლოდ 20 ბანკი. დანარჩენი ან გაკოტრდა, ან იმ დროისთვის ეროვნული ბანკის შემოღებული რეგულაციები ვერ შეასრულა. 

ჩვენ ამ რეფორმებში გავიარეთ. ვიგრძენით, რომ ჩვენი გუნდი, ბევრ საბანკო გუნდს ვჯობდით. მაშინდელ ბანკირებს თანამედროვე საბანკო განათლება არავის ჰქონდა. საბჭოთა პერიოდის ეკონომიკის ფაკულტეტი და მარქსის და ენგელსის შრომები საბანკო ბიზნესში არავის გამოადგებოდა. ჩვენი გუნდი ფიზიკა-მათემატიკის დარგში მეცნიერებათა კანდიდატებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ რაც გვქონდა ნასწავლი და რა უნარ-ჩვევებიც გაგვაჩნდა, ის გაცილებით გამოყენებადი იყო. 

მოგვიანებით, თქვენ „ბაზისბანკის“ წილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) მიჰყიდეთ. 

2007 წელს ჩვენი პარტნიორი გახდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) და მაშინ ვირწმუნეთ, რომ მდგრადი ბიზნესი გვექნებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენი მომხმარებლების წრეც იზრდებოდა, „ბაზისბანკს“ არასოდეს ჰქონია ბაზრის 3-4%-ზე მეტი წილი, მაგრამ ვახერხებდით სერიოზული მოთამაშე ვყოფილიყავით საბანკო ბაზარზე. „ბაზისბანკს“ მნიშვნელოვანი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავდა და ბევრ დიდ ორგანიზაციას ემსახურებოდა. 

შემდეგ უკვე „ბაზისბანკის“ გაყიდვის იდეაც გაჩნდა. 

უკვე 2009-10 წლებიდან, ეროვნულმა ბანკმა რეგულაციები კიდევ უფრო გაამკაცრა და დაიწყო ბანკებისთვის მაღალი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნა. ჩვენი კაპიტალი, დაფუძნების დღიდან 2012 წლამდე, მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, სებ-ის რეგულაციები მეტ კაპიტალს მოითხოვდა. 

საქმე ის გახლავთ, რომ, საბანკო რეგულაციების თანახმად, თუ თქვენ არ გაქვთ საჭირო მოცულობის კაპიტალი, ვეღარ გაზრდით ბანკის აქტივებს. ის აქციონერები, ვინც მაშინ „ბაზისბანკის“ წილებს ვფლობდით, არ ვიყავით იმდენად მდიდრები, რომ ათეულობით მილიონი კიდევ ჩაგვედო ბანკის კაპიტალში და ამ გზით მიგვეცა ბანკისთვის შემდგომი განვითარების პერსპექტივა. 

რა თქმა უნდა, შეგვეძლო დავრჩენილიყავით იმავე დონეზე და გაგვეგრძელებინა ფუნქციონირება. მაგრამ, ეგ არ არის სწორი. შენ ფაქტობრივად იკლავ განვითარების და ზრდის პერსპექტივას. ამიტომ, გვინდოდა ახალი ინვესტორი მოგვეყვანა, რომელიც ჩადებდა ფინანსურ რესურსს, მიიღებდა წილს და ამით მისცემდა ბანკს შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. 

იმ პერიოდში საქართველოს ფინანსური ბაზარი და საბანკო სექტორი იყო აღმავალი. დასავლური საფინანსო ინსტიტუტები ამ ბაზარს პოზიტიურად აფასებდნენ და ჩვენც მიგვაჩნდა, რომ რეალური იყო რომელიმე მათგანის შემოყვანა. მაგალითად, იტალიურ ბანკებს ვესაუბრებოდით, მზად ვიყავით საკონტროლო პაკეტიც კი დაგვეთმო, ოღონდ ისეთი პარტნიორი მოგვეყვანა, რომელიც მისაღები იქნებოდა EBRD-ისთვის და, შესაბამისად, ჩვენთვისაც. 

ასეთი იყო ჩვენი ხედვა, რაც იცოდა ეროვნულმა ბანკმაც, რადგან საბანკო სტრუქტურაში ინვესტიციის განხორციელება შეუძლებელია ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე. 

ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ მაშინ გამოჩნდა? 

ამ დროს დაგვირეკა ეროვნული ბანკის მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. გვითხრა, აქ არის ჩინური “ჰუალინგ ჯგუფი” (Hualing Group), რომელსაც სურს ბანკის შეძენა საქართველოში, ხომ არ განიხილავთო.

ჩვენ ვეძებდით დასავლურ ფინანსურ ორგანიზაციას. ეს ჯგუფი კი არც დასავლური იყო და არც ფინანსური ორგანიზაცია – სავაჭრო კონგლომერატი გახლდათ. 

თან, თქვენ წილის დათმობას აპირებდით და არა მთლიანად გაყიდვას. 

კი, რა თქმა უნდა. მაგრამ, რადგან შემოგვთავაზეს, პირდაპირ უარი არ გვითქვამს. შევხვდით, იყო ენობრივი ბარიერის პრობლემაც. მოგვეჩვენა, რომ გარიგების წარმატების შანსი არ არსებობდა. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც „ჰუალინგ ჯგუფმა“ დაიქირავა ჩინური წარმომავლობის საინვესტიციო ბანკირი ჰოლანდიური ბანკიდან ABN AMRO. ჩვენს ინტერესებს წარმოადგენდა საინვესტიციო ბანკირი ნიკოლოზ ენუქიძე, რომელსაც ასევე ჰქონდა ABN AMRO-ში მუშაობის გამოცდილება. 

ბანკის გაყიდვა რთული და ხანგრძლივი პროცესია. განსაკუთრებით შრომატევადია შეფასების პროცესი, სადაც უაღრესად მნიშვნელოვანია ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წვლილი. მაშინ „ბაზისბანკს“ ახლად დანიშნული გენერალური დირექტორი ჰყავდა – დავით ცაავა, რომელიც ბანკს დღესაც წარმატებით ხელმძღვანელობს. „ბაზისბანკის“ დირექტორატმა, დავით ცაავას ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა „ჰუალინგ ჯგუფთან“ გარიგების მიღწევაში. 

რა ფასადაც გაყიდეთ, თანხის თქმა შეგვიძლია? 

გარიგების თანხას ვერ დავასახელებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ აქციები საბალანსო ფასზე 2-ჯერ ძვირად გავყიდეთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ასეთი ფასნამატით საქართველოში არცერთი ბანკი არ გაყიდულა. 

ბანკის გაყიდვის შემდეგ როგორ დაიწყო უკვე დღევანდელი ბიზნესის ჩამოყალიბება – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შექმნის იდეა საიდან წამოვიდა? 

ბანკი რომ გავყიდეთ, თავისთავად გაჩნდა შემდგომი ინვესტირების ამოცანა. 

მანამდეც ვაკვირდებოდი მიკროსაფინანსოების ბაზარს და მივმართე ჩემს მეგობრებს, „ბაზისბანკის“ ყოფილ აქციონერებს. ვუთხარი, კონტრაქტის მიხედვით ახალი ბანკის დაფუძნების უფლება არ გვქონდა, მაგრამ შეზღუდვა არ ეხებოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. 

მიკროსაფინანსო სექტორი მაშინ ძალიან დინამიკურად ვითარდებოდა. არც დაფუძნებას სჭირდებოდა დიდი თანხა. ბანკის გაყიდვით მიღებული ფულის 5% საკმარისი იყო. ეგ შევთავაზე ჩემს კოლეგებს, თან ჩემი ბიზნეს-გეგმაც წარმოვადგინე. უმეტესობა დამთანხმდა. თითქმის ყველამ ერთად დავდეთ საწყისი კაპიტალი ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით, რაც მაშინ საკმარისზე მეტიც იყო და დავიწყეთ ეს საქმე. დავაფუძნეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკრო ბიზნეს კაპიტალი“ (ემბისი). გამოვაცხადეთ კონკურსები, ავიყვანეთ ხუთი თანამშრომელი და დავიწყეთ. 

„ემბისის“ პირველი თანამშრომლები იყვნენ გიორგი ღვალაძე და ეთერ ჩაჩიბაია, რომელთაც დღეს დირექტორების პოზიციები უკავიათ. ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთდნენ თათია ჯაჯანაშვილი და ნინო დევდარიანი, რომლებიც დღეს, ასევე, დირექტორები არიან. „ემბისისთვის“ საამაყოა, რომ ნინო დევდარიანი რამდენიმე წლის წინ საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს და დღემდე იკავებს აღნიშნულ პოზიციას. 

დღეს ჩვენი კაპიტალი 20 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აქტივები დაახლოებით 120 მლნ. ლარია. დღესდღეობით კომპანია წარმოდგენილია 17 სერვისცენტრით. აქედან 5 თბილისშია, დანარჩენი თბილისის გარეთ, რეგიონებში.  

მიკროსაფინანსო ბაზარზე სულ 3 მიკროსაფინანსოა, რომელიც ვახერხებთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან სესხების მოზიდვას, იმიტომ, რომ ჩვენი გამჭვირვალობის კრიტერიუმები ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში, დანარჩენ ორს თუ 25-წლიანი ოპერირების ისტორია აქვთ, ჩვენ ოპერირების მე-6 წელს მოვახერხეთ ამ ბარიერის გადალახვა, რაც დიდი წარმატებაა. 

თავიდანვე დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ კომპანიის კორპორაციულ პასუხისმგებლობას და მდგრადობას. უკვე რამდენიმე წელია ვიმარჯვებთ სხვადასხვა კონკურსებში აღნიშნული მიმართულებით: მოვიგეთ საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო „ბარტა 2023“, რომელშიც ზედიზედ მესამედ, მცირე და საშუალო კომპანიებს შორის გავიმარჯვეთ. გავხდით საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი „მელიორა 2022-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი – კატეგორიაში: „წლის პასუხისმგებელი მცირე და საშუალო კომპანია“. 

ასევე, „ემბისის“ მოპოვებულ ჯილდოებს შორის, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“-ს კორპორაციული მდგრადობის ჯილდო – ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ხელშეწყობის პროექტით. ამასთან, გასულ წელს, კომპანიის ოპერაციების დირექტორი, ეთერ ჩაჩიბაია, გაეროს გლობალური შეთანხმების შდგ პიონერის ადგილობრივი და გლობალური რაუნდის გამარჯვებული გახდა. 

ზემოთაღნიშნული კონკურსები ევროკავშირის (და არამარტო) მხარდაჭერით იმართება და ფინანსდება. ძალიან მაღალი სანდოობის კონკურსებია, სადაც ბანკები და დიდი კომპანიებიც იღებენ მონაწილეობას. 

თქვენ თქვით რომ „ბაზისბანკს“ ბაზრის 3-4% წილი ეჭირა, მისოების ბაზარზე „ემბისის“ წილი რამდენია? 

როგორც საბანკო სექტორში 1995-2000 წლებში ბანკების რაოდენობა 20 ერთეულამდე შემცირდა, მსგავსი მოხდა მიკროსაფინანსო ბაზარზეც 2017-დან 2019 წლამდე. 2016 წელს თუ 81 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო ბაზარზე წარმოდგენილი, დღეს დაახლოებით 35 ფუნქციონირებს და, სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება. მნიშვნელოვნად ამაღლდა და გამკაცრდა სტანდარტები, რასაც მივესალმები. 

გამკაცრდა რეგულირება? 

დიახ, ძალიან გაიზარდა მოთხოვნები და მოხდა ჩვენი რეგულაციების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. 

რაც შეეხება ბაზრის გადანაწილებას, როგორც საბანკო სექტორში, აქაც არის დიდი წილის მქონე ორი კომპანია. 25 წელზე მეტია ბაზარზე არიან „რიკო“ და „კრისტალი“ და ჯამში, ბაზრის დაახლოებით 80% უკავიათ. ჩვენი წილი ბაზარზე დაახლოებით 6%-ია. თუმცა, ჩვენ ამ ბაზრიდან გავდივართ. კერძოდ, მხოლოდ ორ კომპანიას – „კრისტალს“ და ჩვენ წარდგენილი გვაქვს განაცხადი ეროვნულ ბანკში მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვებაზე. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ლიცენზიას მივიღებთ. ეს „ემბისისთვის“ კიდევ ერთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 

საქართველოში საბანკო ლიცენზიის მისაღებად ძალიან მაღალი მოთხოვნებია. შარშან დავიწყეთ პროცესი და კვირა არ გავა, რომ ეროვნულ ბანკს რამე ახალი ინფორმაცია არ მივაწოდოთ. ჩვენს კომპანიას დეტალურად სწავლობენ, მიუხედავად იმისა რომ ათ წელზე მეტია ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ვიმყოფებით. 1993 წელს, საბანკო ლიცენზია ისე ავიღეთ ორმა კაცმა, რომ არავის არაფერი უკითხავს. არ ვარ დარწმუნებული, არსებულმა კომერციულმა ბანკებმა დღეს თავიდან რომ გაიარონ ლიცენზირების პროცესი, ყველამ ადვილად დააკმაყოფილოს ახალი მოთხოვნები. 

მიკრობანკის ლიცენზიის მისაღებად მოგვეთხოვება, რომ პირველივე დღიდან გვქონდეს ის, რაც ზოგიერთ კომერციულ ბანკს დღესაც არ აქვს. მოკლედ, რთული პროცესია და, სავარაუდოდ, საფინანსო სექტორში მიკრობანკები ცალკე სეგმენტს შევქმნით, მიუხედავად იმისა რომ მიკრობანკი საბანკო სექტორში მოიაზრება. 

თუ რამდენად მიმზიდველია მიკრობანკის ლიცენზიის პირობები, რამდენიმე წელიწადში გაირკვევა. თუ არსებული ორი აპლიკანტის გარდა არავინ, მათ შორის არც უცხოურმა მოთამაშემ, არ მოინდომა მიკრობანკის ლიცენზიის მოპოვება, ვფიქრობ, ეროვნული ბანკი უნდა დაფიქრდეს, ძალიან მაღალი თამასა ხომ არ დააწესა. ჩვენ მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელი მოთხოვნების გამო ლიცენზირების პროცესი დროში იწელება. 

თქვენ პარტნიორები დღევანდელ ბიზნესშიც იგივე გყავთ, ვისთან ერთადაც წლების წინ საქმიანობდით. როგორ მოახერხეთ ამ ხნის მანძილზე ურთიერთობის შენარჩუნება? 

ჩვენი პარტნიორობის ისტორია 30 წელზე მეტს ითვლის. ძნელია დღეს ეჭვი შეიტანო პარტნიორში, რომელთან ერთადაც ჯერ 90-იანი წლები გამოიარე, მერე კიდევ უამრავი პრობლემა გადალახე. ჩვენ ბევრი რამე ერთად ვისწავლეთ და ერთად გავიზარდეთ. 

შიდა უთანხმოებები თუ გამოიარეთ? 

ვერ ვიტყვი, რომ რამე უთანხმოებები გვქონია, თუმცა დისკუსია და კამათი ყოფილა. საფინანსო სექტორში პარტნიორობა ცოტა სხვა რამეა, ვიდრე მაგალითად, რესტორნის ბიზნესში. პარტნიორობა ყველგან კეთილსინდისიერებაზე დგას, მაგრამ აქ გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. უნდა გესმოდეს რეგულაციები, შეზღუდვები, თამაშის წესები, კორპორაციული მართვის პრინციპები. კანონმდებლობის დონეზეა აყვანილი ეს ყველაფერი და იმდენად არის დარეგულირებული, რომ თითქმის შეუძლებელია პარტნიორებს შორის გაუგებრობა, თუ თამაშის წესებს იცავ. წილის გაყიდვის, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები – ყველაფერი რეგლამენტირებულია საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით. მთავარია, შენ აღიარებდე და მიჰყვე კანონს. თუ კანონს და წესდებას არ მიჰყევი, მაშინ ცხადია, იქმნება კონფლიქტები. 

გარდა ამისა, ჩვენ ვართ დიდი ხნის მეგობრები, ერთმანეთის შვილების ნათლიები და ურთიერთობებში გადაჯაჭვული. რომელიმეს დაბადების დღე იქნება, ახალი წელი თუ ნებისმიერი დღესასწაული ან ღონისძიება, ძირითადად ერთად ვატარებთ. წარმოუდგენელია ჩვენ შორის დღეს რამე უთანხმოება მოხდეს – ეს გამოცდა დიდი ხნის წინ ჩავაბარეთ. 

ისევ „ემბისის“ მივუბრუნდეთ. რამდენ თანამშრომელს აერთიანებთ და როგორია კადრების შერჩევის პრინციპი? 

ჩვენთან ამჟამად დაახლოებით 250-მდე თანამშრომელია. რაც შეეხება შერჩევის პრინციპს, მთავარია ადამიანი იყოს გონიერი. არსებობს საქმიანობის სფეროები, სადაც პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, მაგალითად, ექიმობისთვის, მინიმუმ 15 წელი სწავლაა საჭირო. რომ გახდე თეორეტიკოსი ფიზიკოსი, არქიმედედან დაწყებული, ნილს ბორით გაგრძელებული უნდა ისწავლო და იცოდე ვინ რა გააკეთა. ამასაც წლები სჭირდება. მაგრამ იმისთვის, რომ გახდე ბიზნესმენი, სულ რამდენიმე წელი სწავლა საკმარისია. ამიტომ, იმ ადამიანებისგან, რომლებსაც მე ვარჩევ, განსაკუთრებით საწყის პოზიციებზე, არ ველოდები რამე სპეციალურ ცოდნას. მე მაინტერესებს გამართული ლოგიკა და ანალიზური აზროვნების უნარ-ჩვევები. მნიშვნელოვან პოზიციებზე ყველა პოტენციურ კანდიდატს ჯერ კიდევ პირადად ვხვდები. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდის წევრების სოციალურ წრესაც. მნიშვნელოვანია, რომ ზედა რგოლის მენეჯმენტი ქცევის ნორმებში და მართვის პრინციპებში თანამოაზრეები ვიყოთ. 

კადრების გადინება არის? 

გადინება არის, განსაკუთრებით ქსელის სერვისცენტრებიდან. ჩვენი მოთხოვნები მზარდია, ბაზარზე კი კადრების საშინელი დეფიციტია. ერთი მხრივ, თამაშის წესები და რეგულაციები გვიბიძგებს მაღალკვალიფიციურ კადრებზე გვქონდეს მოთხოვნა, მეორე მხრივ ამ კადრების პოვნის შესაძლებლობა სულ უფრო რთულდება. 

გუნდის წევრების მოძიება რთულია რეგიონებში. ამიტომ ახლა ვცდილობთ დისტანციური მართვის, ციფრული მეთოდების განვითარებას. 4-5 წლის წინ თუ ვფიქრობდით, რომ მეტი ავტონომია უნდა გვქონოდა სერვის ცენტრებში, ახლა შეგვეცვალა ხედვა. რეგიონებში ვერ ვპოულობთ კვალიფიციურ და ლიდერის თვისებების მქონე თანამშრომლებს. იძულებული ვართ ცენტრალიზებული მართვის მოდელები განვავითაროთ იმდაგვარად, რომ მომხმარებლის მომსახურება არ შეყოვნდეს. ამიტომ, ვნერგავთ ციფრულ მეთოდებს და პროცესების ავტომატიზაციას. 

საქართველოში როცა მსხვილ ბანკებს ბაზრის უდიდესი წილი უჭირავთ და სესხებსაც ყველაზე მეტს ისინი გასცემენ, თქვენ რა გამოგარჩევთ? როცა მსესხებელს ფული უნდა, იმისთვის რა მნიშვნელობა აქვს ვისგან ისესხებს? 

ბაზარს მომხმარებლის მოთხოვნებით უნდა მოერგო. პროდუქტი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი. ვსწავლობთ ჩვენს კონკურენტებს და ვცდილობთ ყოველთვის უფრო მეტად მოვერგოთ მომხმარებლების ინტერესებს, ადეკვატურად შევაფასოთ რისკები და ისე გავყიდოთ სასესხო პროდუქტი. 

„ემბისის“ არსებული და პოტენციური მომხმარებლები მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროს მიეკუთვნებიან. ამიტომ, მსხვილ კომერციულ ბანკებთან შედარებით უფრო მცირე ზომის სესხებს გავცემთ. შესაბამისად, ოპერირების დანახარჯები მაღალი გვაქვს. მთელი ჩვენი უნარები მიმართულია იმაზე, როგორ განვახორციელოთ დანახარჯების მინიმიზაცია და ეფექტიანი მართვა. 

ხშირად ჩვენს მომხმარებელს არ გააჩნია საკმარისი ფინანსური განათლება და აღიზიანებს ის, რასაც რეგულაციები გვაკისრებს. მაგალითად, უნდა გამოვარკვიოთ ფულის გათეთრების რისკები და თანხების წარმომავლობა. პროცესი მტკივნეულად მიდის და ვცდილობთ მაქსიმალურად მოქნილები ვიყოთ. საკუთარ თავს მომხმარებლების ადგილას ვაყენებთ, რომ არ ვიყოთ ზედმეტად ბიუროკრატები. 

ამ შემთხვევაში ბანკთან შედარებით უპირატესობა გაქვთ? 

ვინაიდან, ჯერ კიდევ შედარებით საშუალო სიდიდის კომპანია ვართ, უფრო ადვილად შეგვიძლია მომხმარებლისგან მივიღოთ უკუკავშირი და სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ. მსხვილ ბანკში ნებისმიერი სიახლის დანერგვას დიდი დრო სჭირდება, ჩვენ კი უფრო მოქნილები ვართ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვფიქრობ, რომ სიდიდე ყოველთვის არ არის უპირატესობა. 

დღეს თუ არის მიმზიდველი საქართველოში ბანკში ან მიკროსაფინანსოში ინვესტირება? 

ვერ გეტყვით. საფინანსო ბაზარი ცალკე არ დგას, ქვეყნის რისკთან არის დაკავშირებული. მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია გაცვლითი კურსის სტაბილურობა. როცა ლარის კურსი ცვალებადია, სუპერმიმზიდველ ბიზნეს-გარემოზე ლაპარაკი შეუძლებელია. 

თუ გადავხედავთ, ბოლო 5-6 წლის მანძილზე, ორი ციფრული ბანკის დაფუძნების გარდა, რომელიც ჯერ არც ვიცით რა მასშტაბის ინვესტიციებზეა საუბარი, სერიოზული ახალი ინვესტიცია საფინანსო სექტორში არ მახსენდება. 

იმ სიდიდის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რამხელაც „ემბისია“, ყველა უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული, თუ არ ჩავთვლით „რიკოს“, რომელიც ერთ ქართველ ინვესტორს ეკუთვნის. „ემბისი“ მთლიანად ქართული კაპიტალით არის დაფუძნებული. 

„რიკოს“ აქვს ლომბარდი. თქვენ არ გაქვთ ეგ სერვისი. რატომ? 

ჩვენ არ გვაქვს ოქროს ლომბარდი, ძირითადად გავცემთ ბიზნეს-სესხებს. ჩვენი მიმართულებაა შემოსავლების და ბიზნესის შესწავლის შემდეგ სესხის გაცემა, თუმცა გვაქვს ავტოსესხიც, სადაც შემოსავლების შესწავლა არ ხდება. ვცდილობთ დავაფინანსოთ ის მომხმარებლები, ვისაც ბანკები ჯერ კიდევ არ ენდობიან. ფაქტობრივად, მსესხებლები ჩვენთან იქმნიან საკრედიტო ისტორიას. 

თუმცა, თქვენ უფრო მაღალი რისკი გაქვთ სესხის გაცემისას, ვიდრე ბანკებს. 

რა თქმა უნდა, მაღალ რისკს ვიღებთ და ამიტომ საბანკო სესხთან შედარებით ჩვენი სესხი ოდნავ უფრო ძვირია. საფინანსო ბაზარზე მოქმედებს პრინციპი – ფასი „ვერსუს“ რისკი. 

დაუბრუნებელი სესხი ბევრი გაქვთ? 

არ გვაქვს ბევრი. არსებობს საკრედიტო რისკის გაზომვის პარამეტრები. ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ჩვენი რისკის პარამეტრები იყოს ისეთივე, როგორიც ლიდერ ბანკებს აქვთ. 

მაქსიმალური თანხა რამდენი შეიძლება მომხმარებელმა „ემბისისგან“ ისესხოს? 

ამჟამად მაქსიმუმი 100000 ლარია, მაგრამ რამდენიმე თვეში, როცა მიკრობანკის ლიცენზიას მივიღებთ, ლიმიტი გახდება 1 მლნ ლარი. 

დოლარებში სესხს არ გასცემთ? 

სამწუხაროდ, უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის უფლება არ გვაქვს. 

როგორ შეაფასებდით ე.წ. „აგენტების კანონს“, რომლის მიხედვითაც, რიგი ორგანიზაციები უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად უნდა დარეგისტრირდნენ, თუკი მათი დაფინანსების 20% მაინც უცხოეთიდან მოდის? 

კომერციულ ორგანიზაციებს, ამ ეტაპზე, აღნიშნული რეგულაცია არ ეხება და იმედი მაქვს, არც შეეხება. ჩვენი დაფინანსების ნახევარი მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან – ვიღებთ სესხებს, ოღონდ გრანტებს არა. 

იურისტი არ ვარ და არ შემიძლია კანონი სამართლებრივად შევაფასო. შემიძლია მხოლოდ ის შედეგები შევაფასო, რაც უკვე გამოჩნდა. ამ კანონმა გამოიწვია ხალხის სერიოზული პროტესტი და ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება. 

მე გამჭვირვალობის მომხრე ვარ და ამისთვის ჩვენს კომპანიას მრავალი წლის შრომა აქვს გაწეული. ბოლო წლებში, ეროვნული ბანკის მიერ, მიკროსაფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმები სწორედ ევროდირექტივებით იყო განპირობებული. აღნიშნული რეგულაციების დანერგვას და მათთან ადაპტაციას ჩვენი შრომის 80% მივუძღვენით. თუ ევროკავშირში გაწევრებისკენ აღარ მივისწრაფვით, მაშინ რისთვის ვიწვალეთ? 

ჩვენი ევროპელი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, რომლებიც, ასევე საბანკო სექტორსაც აფინანსებენ, ჯერჯერობით არანაირი შეშფოთება არ გვიგრძნია. თუ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ აღნიშნულმა საერთაშორისო ფონდებმა საქართველოში აღარ იფუნქციონირონ, ეს იქნება კატასტროფა მთელი საფინანსო სექტორისთვის. 

თუმცა, მათთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ხომ არ გვაქვს? როცა თბილისში ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები იყო, გვეკითხებოდნენ რა ხდებაო. მხოლოდ ჩვენს კომპანიაში 40 მილიონის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული და ცხადია, ღელავენ. საფინანსო სექტორის განვითარებისთვის სტაბილური გარემო აუცილებელია. 

რადგან კანონმდებლობას შევეხეთ – თქვენი შეფასებით რა ხარვეზია დღევანდელ კანონმდებლობაში ისეთი, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით? 

არ შემიძლია გადასახადებზე არ ვისაუბრო. მხოლოდ საფინანსო სექტორს, წლის დასაწყისში მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაუზარდეს. არ მახსენდება, რომელიმე სექტორს მოგების გადასახადის განსხვავებული ტარიფი ჰქონდეს. მოგების გადასახადი, როგორც წესი, ყველა ქვეყანაში ყველა მეწარმე სუბიექტისთვის არის ერთი და იგივე. მიმაჩნია, რომ არასწორი გადაწყვეტილება იყო და, იმედია, ოდესმე გამოსწორდება. ასევე მახსენდება, კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომ გა-დასახადების ზრდა არ შეიძლება რეფერენდუმის გარეშე. 

გულდასაწყვეტია, რომ საფინანსო სექტორის „ესტონურ მოდელზე“ გადასვლა ჯერ ორჯერ გადავადდა და ბოლოს საერთოდ გაუქმდა. 

თუ მიკრობანკების კანონზე ვისაუბრებთ, ხარვეზად მიმაჩნია უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის აკრძალვა. ამგვარი შეზღუდვა მიკრობანკებს აყენებს არათანაბარ კონკურენტულ პირობებში კომერციულ ბანკებთან მიმართებით. 

სამომავლო გეგმები ბიზნესებში როგორია, ან იქნებ სხვა მიმართულებაზე აპირებთ გააქტიურებას, მაგალითად, სამეცნიეროში? 

სამეცნიერო სფეროდან თავის დროზე ბიზნესში გადმოსვლა არ იყო მარტივი. მეცნიერებას, ისევე როგორც სპორტს, თავს რომ დაანებებ უკან ვეღარ დაბრუნდები. ახლა, როცა 30 წელზე მეტია ბიზნესში ვსაქმიანობ, მეცნიერებაში შანსი აღარ მაქვს. 

ჩემი გეგმები უკავშირდება „ემბისის“ შემდგომ განვითარებას. მიკრობანკის ლიცენზიის აღება და საბანკო პროცესების გამართვა სერიოზული გამოწვევაა. დაგვჭირდება 4-5 წელი, სანამ „ემბისი“, როგორც მიკრობანკი, მყარად დამკვიდრდება ბაზარზე. 

შორეულ პერსპექტივაში კომერციულ ბანკად გარდაქმნას ხომ არ ვარაუდობთ? 

ამ ეტაპზე არა. თუმცა, კომერციულ ბანკად გარდაქმნას კანონი გვავალდებულებს, თუ იმდენად გავიზრდებით, რომ „ემბისის“ აქტივები საბანკო სექტორის აქტივების 2%-ს გადააჭარბებს. 

ოჯახის შესახებ რას გვეტყვით – გეხმარებიან ბიზნესში თუ, ოჯახის წევრებთან ბიზნესზე არ საუბრობთ? 

მეორე ქორწინებაში ვიმყოფები თითქმის 15 წელიწადია. მყავს მცირეწლოვანი ქალიშვილი მეორე ქორწინებიდან. სხვათა შორის, ჩემი გოგონა და კომპანია „ემბისი“ ერთ წელს დაიბადნენ, 2012-ში. მეუღლეს ბიზნესთან არანაირი კავშირში არ აქვს, მაგრამ მისი მორალური მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სახლში ვცდილობ საქმეზე აღარ ვიფიქრო და დრო ძირითადად ჩემს პატარა ქალიშვილს დავუთმო. სამწუხაროდ, როცა ჩემი უფროსი ქალიშვილები იყვნენ პატარები, მაშინ გამუდმებით სულ საქმეზე ვფიქრობდი და მიმაჩნია, რომ მათ ყურადღება დავაკელი. ახლა აღარ მინდა იგივე შეცდომა გავიმეორო. ამიტომ, ვცდილობ ოჯახში უფრო საინტერესო თემებზე ვისაუბროთ, ვიდრე ბიზნესია. 

თავისუფალ დროს როგორ ატარებთ და რა არის თქვენი ჰობი? 

დიდი ხანია, მე და ჩემ მეგობრებს ბანქოს თამაში გვიყვარს. პანდემიის დროს, როცა შეხვედრები აკრძალული იყო, თამაში რომ არ შეგვეწყვიტა, ჩვენმა მეგობარმა მურმან ამბროლაძემ სპეციალური პროგრამაც კი დაწერა და ონლაინ ვთამაშობდით. დღეს მისი შექმნილი პროგრამა საქართველოს ფარგლებს გარეთაც აქტიურად გამოიყენება. 

გარდა ამისა, ადრე თუ ხმაურიანი თავყრილობები, რესტორანში, ან ბარში ყოფნა მსიამოვნებდა, ახლა სიწყნარე მირჩევნია. შაბათ-კვირას, ოჯახთან და სასურველ სტუმრებთან ერთად ვცდილობ, თეთრიწყაროში, აგარაკზე წავიდე. 20 წლის წინ შემთხვევით მოვხვდი იქ, შევიძინე აგარაკი და მას შემდეგ ძალიან მიყვარს იქაურობა. გარშემო ბევრი საინტერესო ისტორიული ძეგლია – დიდგორი, ბირთვისი, სამშვილდე, გუდარეხი და მიყვარს სტუმრების ექსკურსიაზე წაყვანა. გიდის როლში ვარ ხოლმე. თბილისელების უდიდესმა ნაწილმა ეს ძირძველი მხარე არც იცის. თავს ვაძლევ უფლებას, რომ გავუწიო პოპულარიზაცია. ეს არის ჩემი ჰობი. 

მეგობრებს გვაქვს ტრადიცია, წელიწადში ერთხელ მაინც ვიკრიბებით და ოჯახებთან ერთად ვისვენებთ რამდენიმე დღით საქართველოს კურორტებზე. 

სპორტთან შეხება არ გქონიათ? 

ფეხბურთის თამაშის ტრადიცია გვქონდა, მაგრამ უკვე იმ ასაკში ვართ, ვეღარ ვახერხებთ. მე სპორტს მხოლოდ ტელევიზორში თუ ვუყურებ, მაგრამ ჩემი ორი მეგობარი, მურმან ამბროლაძე და ვანო ჯანჯღავა დღემდე აგრძელებენ ჩოგბურთის თამაშს. 

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით