Homeინტერვიუინტერვიუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე პაატა კვიჟინაძესთან

ინტერვიუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე პაატა კვიჟინაძესთან

Published on

spot_img

პაატა კვიჟინაძე – დაიბადა 1963 წლის 16 დეკემბერს, საჩხერეში. 

განათლება 

1987 წელი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა – ვაჭრობის ეკონომიკა. 

სამუშაო გამოცდილება 

11.12.2020 წელი – საქართველოს X მოწვევის პარლამენტი, პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, საჩხერე, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი. 

2016-2020 წლები – საქართველოს IX მოწვევის პარლამენტი _ პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 

2012-2016 წლები – საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტი – პარლამენტის წევრი, „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. 

1991-1992 წლები – საჩხერის პრეფექტი. 

1991 წელი – საჩხერის პრეფექტის მოადგილე. 

1989-1991 წლები – „საქსახაგრომრეწვის“ №1 ტრესტის საჩხერის სარემონტო-სამშენებლო უბნის უფროსი ბუღალტერი.

________________________________________________________________________________

ბატონო პაატა, უპირველესად, მადლობა თქვენი დროსთვის, რომელიც ჩვენთან ინტერვიუსთვის გამონახეთ. ვიდრე პროფესიულ კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ. რა გზა გაიარეთ დეპუტატის მანდატის მიღებამდე? 

საჩხერეში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაც იქ დავამთავრე და წამოვედი თბილისში. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ეკონომიკის ფაკულტეტზე. ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში. ვმონაწილეობდი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში, დაჭრილიც ვიყავი. 90-იან წლებში, გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი საჩხერის რაიონის პრეფექტის მოადგილედ, შემდეგ პრეფექტად. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მუშაობის გაგრძელება შემომთავაზეს, თუმცა თავად არ მსურდა ორ ხელისუფლებაში ყოფნა და შეთავაზება არ მივიღე. იმ გაჭირვებულ პერიოდში როგორც საკუთარ, ისე დაღუპული მეგობრების ოჯახებს რომ დავხმარებოდი (რაც იყო საჭირო, საფლავებისა და სხვა საკითხების მოგვარება) საზღვარგარეთ წავედი. 2010 წლიდან საქართველოში დავბრუნდი. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საჩხერეში დეპუტატის კანდიდატობა შემომთავაზეს. როგორც ყველა რაიონში ხდებოდა, საჩხერეშიც კანდიდატის შესარჩევად ჩატარდა წინასწარი გამოკითხვები და როგორც ჩანს, ჩემმა სახელმა და გვარმა კარგი შედეგები მიიღო. მას მერე ვარ დეპუტატი. 

ბოლო პერიოდში მაჟორიტარული ოლქები – საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული გაერთიანდა და ახლა ამ რაიონების მაჟორიტარი დეპუტატი ვარ. პარლამენტში ვარ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იმავდროულად – ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი.

მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტში აუდიტის ჯგუფის შექმნა ევროპის საუკეთესო პრაქტიკაა. როგორც მოგეხსენებათ, აუდიტის სამსახური ამოწმებს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის ეფექტიანობას. ამ მხრივ ეს სამსახური ძალიან კარგად მუშაობს და მისი საქმიანობის გაუმჯობესებაში შვედეთმა, განსაკუთრებით კი გერმანიამ, კერძოდ GIZ-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, ეს ანგარიშები წაუკითხავი რჩებოდა, ვინაიდან პარლამენტში მათი განხილვისთვის არც საკანონმდებლო და არც სამუშაო მექანიზმი არსებობდა. ჩვენ შევცვალეთ რეგლამენტი, სადაც აუდიტის ჯგუფის მუშაობის პრინციპები გაიწერა. ახლა ეს ჯგუფი ევროპის საუკეთესო გამოცდილებით მუშაობს და მიხარია, რომ ევროკავშირის შეკვეთით მსოფლიო ბანკმა აუდიტის ჯგუფის ბოლო სამი წლის საქმიანობა შეამოწმა და საუკეთესო შეფასება მივიღეთ. გარდა ამისა, ვარ სხვადასხვა საკითხზე მომუშავე ბევრი კომისიის წევრი. 

ამომრჩეველთა ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციებში კარგად ვერ ერკვევა და ხშირად მისგან ისეთ რამეს ითხოვს, რაც მის მოვალეობებს ცდება. ამის ბრალი, ალბათ, ისიც არის, რომ წინასაარჩევნოდ კანდიდატები მოსახლეობასთან არასწორის დაპირებებით მიდიან. რა ფუნქციები აქვს მაჟორიტარ დეპუტატს? 

რასაც თქვენ ბრძანებთ, გეთანხმებით, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ არასწორი დაპირებების ბრალი. ჯერ კიდევ სახელმწიფო სტრუქტურა ისეა მოწყობილი, რომ თვითმართველობას უჭირს ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რაც მათ მოვალეობაშია, თუმცა, ეს პროცესი ყოველწლიურად უმჯობესდება და ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობისკენ მივდივართ. ბევრი რამე გავაკეთეთ, იგივე მერის არჩევნები, დღგ-ის თანხებიდან 19 პროცენტი ავტომატურად თვითმმართველობის ბიუჯეტში მიდის. გარდა ამისა, ადრე განათლების სამინისტრო წყვეტდა, თუ რომელი სკოლა უნდა გარემონტებულიყო, ახლა თვითმმართველობას აქვს გამოყოფილი თანხა და ამ საკითხსაც თავად წყვეტს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ სხვადასხვა ფონდიდან (რეგიონული განვითარების ფონდი, მუნიციპალური განვითარების ფონდი) ცენტრალური მთავრობა ანაწილებს თანხებს სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. შესაბამისად, ამ კუთხით, დეპუტატის როლი მაინც მნიშვნელოვანია. მას უფრო მეტად ხელეწიფება სამინისტროებთან თავისი მუნიციპალიტეტის საკითხი გაარკვიოს. მაგალითად, დღეს წყალმომარაგება ცენტრალიზებულია, თუმცა, ამას თავისი პლუსი აქვს, ვიდრე შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ ნელ-ნელა ესეც ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა გადაეცეს. ასევე მნიშვნელოვანია გაზიფიცირება, საგზაო ინფრასტრუქტურა. ამიტომ კი არის შეპირებები, გეთანხმებით, მაგრამ თავად პარტიები ცდილობენ, რომ მაჟორიტარებმა არარეალური დაპირებები არ გასცენ, ვინაიდან მომდევნო არჩევნებზე ხალხი ხმას აღარ მისცემს. დიდი ხანია მაჟორიტარი ვარ და ისეთ დაპირებას არ ვიძლევი, რომლის შესრულებაც არ შემიძლია. 

ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები რა არის თქვენს სამაჟორიტარო ოლქებში? ასევე, რა არის ის საკითხები, რომელიც ამ დროის განმავლობაში ვერ გადაწყვიტეთ? 

მთავარი პრობლემა არის უმუშევრობა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. პოლიტიკოსები მოსახლეობას ისეთ დაპირებებს აძლევენ – ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ ესა და ის შეიცვლება, ხანდახან ვფიქრობ, რომ ან იტყუებიან, ან წარმოდგენაც არ აქვთ იმ დაპირებების შესრულებაზე. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და თქვას, რომ ხვალ სიმდიდრე იქნება, ეს არის ტყუილი. ქვეყანა უნდა განვითარდეს. ახლა რაც გვაქვს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10-12 წელი თუ ასე გაგრძელდა საშუალო ევროპულ ქვეყანაზე ცოტა უფრო კარგ მდგომარეობაში ვიქნებით, თუ ეკონომიკის მაღალ ზრდას ხუთი წელი შევინარჩუნებთ შედარებით ჩამორჩენილ ევროპულ ქვეყნებს დავეწევით. ეს ელემენტარული არითმეტიკაა. 

ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, ხშირად გვესმის, რომ ამ ზრდაში დიდი წვლილი რუსეთ-უკრაინის ომმა შეიტანა. გაიზარდა სატრანზიტო გადაზიდვები, შემოვიდა ბევრი მიგრანტი, რის გამოც სხვადასხვა სახის პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. თქვენ რას უპასუხებდით ოპონენტებს? 

ორ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი, შეიძლება რაღაც კუთხით ომის ეფექტიც იყო, მაგრამ ეს ხომ ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება?! მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკა იყო კატასტროფულ კრიზისში, 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ომის შემდეგ ამერიკის ეკონომიკა 2-3-ჯერ გაიზარდა. 1946 წლის ამერიკა იყო სულ სხვა ქვეყანა. ცუდია, რომ უკრაინაში ომია, თავად ომის მონაწილე ვარ და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება. ამასთანავე, უკრაინას სხვა ევროპული ქვეყნებიც ესაზღვრება, ეკონომიკა რატომ გაიზარდა მაინცდამაინც ჩვენთან? ანუ ქვეყანა ყოფილა მზად – ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან – ჩინეთთან, ევროკავშირთან. საერთაშორისო რეიტინგებში სახელმწიფო ბიუჯეტი გამჭვირვალობით პირველ ადგილზეა. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ქვეყანაში კორუფციაა, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში, ამ კუთხითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ვატარებთ პოლიტიკას, რომ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა. 

ბევრ რამეზე მოვიმტვრიეთ ცხვირი, სადაც შეგვეძლო არ მოგვემტვრია. ქვეყანას არეულობა აღარ სჭირდება, სამაჩაბლო და აფხაზეთი ეკონომიკურად ძლიერმა საქართველომ უნდა დაიბრუნოს. როგორ უნდა მოვაბრუნოთ ეს ხალხი ჩვენკენ, თუ რუსული პენსია 300 დოლარი ექნებათ და ჩვენთან 100 დოლარი. ჩვენი გეზი არის ევროკავშირისკენ და დანგრეული ქვეყანა არც იქ სჭირდებათ. მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა არის გადამწყვეტი. ვიღაცას ჰგონია, რომ ახლა რუსეთს საქართველოსთვის არ სცალია. მას საერთოდ არ სჭირდება მოცლა, ოკუპირებულ ტერიტორიებში, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ტანკები უყენია. აქეთ, შეუძლია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხი აგიბუნტოს, კარგა ხანი ვეღარ გამოვალთ ამ სიტუაციიდან. 

უკრაინა ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები ესაზღვრება. ჩვენ ამის ფუფუნებაც არ გვაქვს. გვესმის პრეტენზიები, რატომ არ მიაწოდა საქართველომ უკრაინას იარაღი. რას ვედრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ისინი ნატოს ქოლგის ქვეშ იმყოფებიან. ამასთანავე ვიღაც იბრალებს, რომ თავად დასავლეთისკენ არის და სხვა კი – რუსეთისკენ. ქართველებმა დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ დასავლეთის მიმართულებით უნდა წავიდეთ. ასე ფიქრობს მოსახლეობის უმრავლესობა, ვისაც ფიქრის თავი აქვს, მარტო ვერ ვიქნებით და ძლიერი მოკავშირე გვჭირდება. ჩრდილოეთით რუსეთია, ასეთი ქვეყანა რუსეთი ვერ იქნება, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და კაცმა არ იცის კიდევ რას იზამს. აღმოსავლეთით, ჩვენი მეგობარი სომხეთი და აზერბაიჯანია, თავიანთი გაჭირვებიათ, ერთმანეთში ომობენ. დაბლა თურქეთია თავისი პრობლემებით. ამიტომ დასავლეთის გარდა, ჩვენ სხვა არჩევანი ისედაც არ გვაქვს და ნურავინ იბრალებს, რომ მათ ევროკავშირი უნდათ და სხვას რუსეთი. არა, ყველას გვინდა ევროკავშირი. უბრალოდ, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი საქართველოა და მერე საქართველოს გამო დასავლეთი. 

რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერას, ყველა სანქციას მივუერთდით, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. ჩვენ დამოუკიდებლად რა სანქციები უნდა დავაწესოთ? რუსეთში გაგვქვს ღვინო, მინერალური წყლები და სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომელსაც რუსეთის მთლიან მოხმარებაში მინიმალური პროცენტი უჭირავს. თუ ამ პროდუქტის ექსპორტს ავკრძალავთ, ამით რუსეთის ეკონომიკას არაფერი დააკლდება, ჩვენი ეკონომიკა კი მნიშვნელოვნად დაზარალდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენი მიზანია დასავლეთისკენ სწრაფვა, უბრალოდ ვერ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას დააზიანებს. 

სხვათა შორის, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ნაწილსაც ირონიული დამოკიდებულება აქვს, ისინი ამბობენ, რომ მათი სოციალური მდგომარეობა არ იცვლება… 

2008 წლამდე პენსია იყო 55 ლარი. მარტო შარშან 65 ლარით გაიზარდა. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, მსგავსი ზრდა სულ გვექნება. ასევე გაიზარდა ხელფასები საჯარო სექტორში, გაიზარდა დაფინანსება რეგიონებში, საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ძალიან ცოტა სოფელი დარჩა, სადაც ცენტრალურ რაიონამდე დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებული არ არის. ჩემს სამაჟორიტაროში გზების გარკვეული ნაწილი უკვე გაკეთდა, გარკვეულ ნაწილზე მიდის მუშაობა და რამდენიმე წელში მთლიანად დასრულდება. ბევრი რამე კეთდება. გავიმეორებ, იყო და აღარ არის? არსად ყოფილა, რომ რამდენიმე წელიწადში ყველაფერი გაკეთებულიყოს. 

ადამიანებს დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია რეალური სექტორის განივთარება, თქვენს რაიონებში ამ საკითხის გადაწყვეტა როგორ წარმოგიდგენიათ? 

ზოგადად, როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ერთი სექტორი არ ვითარდება. ეს არის მრეწველობა, ტრანსპორტირება, დასაწყობება, ტრანზიტი, ტურიზმი, მშენებლობა. ეს უნდა გაგრძელდეს. დღევანდელი დღე ხვალინდელს აჯობებს, ხვალინდელი ზეგინდელს და ასე შემდეგ. მთავარია სტაბილურობა. ბუნებრივია, დემოკრატიის განვითარება აუცილებელია და ამის გარეშე მთლიანად ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, პარალელურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ცხოვრების დონის ამაღლებას. წარმოიდგინეთ შარშან 12 მილიარდით გაიზარდა მშპ, აქედან 6 მილიარდზე მეტი იყო რეალური ზრდა. ანუ 6 მილიარდით მეტი პროდუქტი შეიქმნა. ეს დოვლათი ვინმემ ხომ უნდა შექმნას, ათიათასობით ადამიანია დასაქმებული, თუმცა, ბუნებრივია, რჩება უმუშევრობა. სტატისტიკა აქვეყნებს, რომ უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ამ რიცხვებში ეჭვი შეაქვთ. არსებობს ირიბი მონაცემებიც, რომელიც ამას ადასტურებს. მაგალითად, შარშან საპენსიო სააგენტოს ბენეფიციარების რაოდენობა 56 ათასი ადამიანით გაიზარდა, ანუ ამ რაოდენობის ადამიანი დასაქმდა. 

დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემაა ისიც, რომ ძირითადად დიდ ქალაქებში იქმნება სამუშაო ადგილები, მცირე დასახლებებში უმუშევრობა ისევ მაღალ დონეზე რჩება…

ეს ყველა ქვეყანამ გაიარა, მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის. ბევრი ფიქრობს, რომ სოფლები რაღაც დონეზე უნდა დაიცალოს, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მართალია, სოფლად მოსახლეობის რაოდენობა იმ დონეზე აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო, თუმცა, ვფიქრობ, არსებობს პოტენციალი იმისა, რომ იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დღეს არის. მაგალითად, საჩხერე არასოდეს ყოფილა მდიდარი რაიონი, მაგრამ იყო ადგილმრეწვი, ხდებოდა ხის მერქნის სამასალედ დამუშავება, ავეჯის წარმოება. ასევე იყო საკონსერვო ქარხანა, რაიონში ბევრი ხილი მოდის და მოსახლეობა აბარებდა. შეიძლება სოფლებში ვერ გაიხსნას წარმოებები, მაგრამ მუნიციპალიტეტის ცენტრებში მცირე საწარმოები ხომ გაიხსნება. ჩვენ თუ ყველა სოფელში გზა გავაკეთეთ, ქალაქამდე მისვლას 10-15 წუთი დაჭირდება, სადაც შეიძლება ხალხი დასაქმდეს. ხალხი მოსავალსაც მოიყვანს, დოვლათს შექმნის და სამსახურიც ექნება. ამ თემებზე ვმუშაობთ, ცოტა რთულია ინვესტიციების მოძიება, მაგრამ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც დებენ ფულს და ბევრი კარგი რაღაც კეთდება. სამწუხაროდ, ეს ჯერჯერობით, მხოლოდ სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს ეხება. მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებაც. აღმოვაჩინე, რომ ჭიათურაში ძალიან პოპულარულია არატრადიციული სანახაობებიც. ტურისტები დაინტერესებულები არიან მაღაროთი, ძველი საბაგიროებით, არაჩვეულებრივია კაცხის სვეტი, ძუძუანას მღვიმე. ერთ-ერთ კომპანიას შევუკვეთეთ ტურისტული გზამკვლევის შექმნა, გვინდა გამოვლინდეს ტურისტულად საინტერესო ადგილები და დაიგეგმოს მარშრუტები. ეს უნდა იყოს კომერციულად საინტერესო. წერეთლის მაღაროზე უკვე დაწყებულია სამუშაოები, ძუძუანას მღვიმის საკითხიც მოსაგვარებელია. სახელმწიფო თავის გასაკეთებელს გააკეთებს, შემდეგ შესთავაზებს კერძო სექტორს სამასპინძლო ბიზნესის ინფრასტრუქტურის მოწყობას (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები). ძალიან მინდა ეს გაკეთდეს. საერთო ჯამში, თუ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ასე გაგრძელდა, დამერწმუნეთ, რომ ყველა რეგიონი განვითარდება. 

გასაგებია, რომ ეკონომიკა იზრდება, მცირედით, მაგრამ გაიზარდა პენსია-ხელფასები, თუმცა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ინფლაცია, რაც მოსახლეობას ცხოვრების დონის გაუმჯობესების შესაძლებლობას არ აძლევს. მართალია, ბოლო პერიოდში იგი ორნიშნა მაჩვენებელს ჩამოცდა, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება. რატომ ვერ მოხერხდა, ამ საკითხის დარეგულირება ამ პერიოდის განმავლობაში? 

პანდემიას, გლობალურად, დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციაზე. შემიძლია დაგისახელოთ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ინფლაციის დონემ 15-20-22 პროცენტსაც კი მიაღწია. თუმცა, ეს პროცესი განვითარებული ქვეყნების მოსახლეობაზე ნაკლებად მტკივნეულად აისახა, ვინაიდან მათ თავიანთი წარმოება აქვთ და იმ დოზით არ არიან დამოკიდებულები იმპორტზე, როგორც საქართველოა. როდესაც ნავთობის ღირებულება 30 დოლარიდან 100 დოლარამდე გაიზარდა, როგორ შეიძლებოდა თუნდაც ამ პროცესს ყველა მიმართულებით გავლენა არ მოეხდინა. გარდა ამისა, ლარის გაუფასურებაც ბოლომდე არ იყო ასახული ფასებზე. ახლა ეს ყველაფერი ეტაპობრივად ლაგდება. ეროვნული ვალუტა გამყარებულია, ბიუჯეტის დეფიციტი ნორმის ფარგლებშია. ბიუჯეტიდან სახელმწიფო არ აკეთებს ისეთ რამეს, რომ ინფლაცია წაახალისოს. ვიმეორებ, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო პროცესებს. 

ინფლაციაზე გლობალური გავლენა გასაგებია, თუმცა ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფარმაცევტულ, სასურსათო თუ ნავთობის ბაზარზე არსებული კომპანიები ძალიან მაღალი მარჟებით საქმიანობენ და კარტელური გარიგებების ეჭვი გაჩნდა. თქვენ რამდენად იზიარებთ ასეთ ვარაუდებს? 

მე გლობალურ საკითხებზე გესაუბრებით, კერძო შემთხვევებზე ვერაფერს გეტყვით. საბაზრო ეკონომიკას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა, პატარა ეკონომიკებში მსგავსი ვარაუდები შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ამერიკაში ფარმაცევტულ ბიზნესში შეიძლება 10 ათასი კომპანია იყოს დარეგისტრირებული, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს, იმპორტს ან საცალო რეალიზაციას ახორციელებს. ასეთ დიდ ბაზარზე კარტელური გარიგება წარმოუდგენელია. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში კარტელური გარიგებებია, მაგრამ ბაზარზე, სადაც არის რამდენიმე მწარმოებელი, იმპორტიორი, შეიძლება ასეთი ეჭვები გაჩნდეს და როდესაც პრემიერი ამბობს, რომ ამას ყურადღება უნდა მიექცეს, გასაგებია. თუ სადმე ეჭვია, ეს უნდა ინახოს, მით უმეტეს მედიკამენტებზე, რომელიც თურქეთიდან დაბალ ფასად შემოდიოდა და უცებ გაძვირდა, უნდა ინახოს რა გახდა ამის მიზეზი. ბიზნესის მცირე კონტროლი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამან მასშტაბური სახე არ უნდა მიიღოს. თუმცა, ვერც იმას დავეთანხმები, რომ საერთოდ არ უნდა შევეხოთ, ჩვენი მიზანი ხომ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაა. თუ რაღაც არასამართლიანად ხდება, ეს უნდა დარეგულირდეს.

ბოლო პერიოდში საკმაოდ მწვავე დისკუსიები გამოიწვია „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში გატარებულმა ცვლილებებმა, რომელიც ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს. რა გახდა ამ ცვლილებების საფუძველი? გაკეთდა ისეთი განცხადებებიც, რომ ცვლილებები კონკრეტულ ადამიანზე იყო მორგებული… 

დავანებოთ თავი პერსონიფიცირებას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ვადა ამოეწურა. ახალი კანდიდატი არ გვყავს, კანონში არ წერია ვინ უნდა იყოს მოვალეობის შემსრულებელი. არ უნდა შეგვეტანა ეს ცვლილება? 

აქამდე რატომ არ გაკეთდა? 

ძალიან ცუდია, რომ არ გაკეთდა. ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, მაგრამ ოპოზიციასაც შეეძლო ეს წინადადება დაეყენებინა, იგივე სავალუტო ფონდს, ეროვნულ ბანკს. შევცვალეთ ის, რისი პრაქტიკაც არსებობს სხვა ნებისმიერ უწყებაში – პარლამენტი, აუდიტის სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სხვა. ყველგან არის პირველი მოადგილის თანამდებობა, რომელიც ხელმძღვანელის არ ყოფნის პერიოდში ასრულებს მის მოვალეობას. ამ შემთხვევაშიც თუ პრეზიდენტი არ არის, მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თუ ისიც არ არის, მაშინ საბჭოს დავალებით, რომელიმე ვიცე-პრეზიდენტი. 

სხვადასხვა პირი თუ ორგანიზაცია აცხადებდა, რომ ცვლილებები განხორციელდა ნაჩქარევად, შესაბამის უწყებებთან განხილვების გარეშე. მათ შორის სავალუტო ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომელიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის“. რატომ დაინახეს მაშინ მათ ასეთი რისკი? 

აღარ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და კანონში არ იყო გაწერილი, მის მოვალეობას კონკრეტულად ვინ შეასრულებდა, არ შეგვეტანა ცვლილებები? ეს იყო დაჩქარების მიზეზი. 

„ეროვნული ბანკის შესახებ“ მოქმედ კანონში წერია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს… 

გასაგებია, მაგრამ რომელი? რატომ გახდა საკამათო კანონში იმ ჩანაწერის არსებობა, რომ პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში ვინ იქნება მოვალეობის შემსრულებელი პირი, ეს იყოს გაწერილი. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომელიც უწყების საქმიანობას ზღუდავს. სავალუტო ფონდთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ფონდმა მხოლოდ ის თქვა, რატომ ჩქარობთო, მას არ უთქვამს რომ კანონი არ ვარგა. გასაგებია იყო შეთანხმება ეროვნულ ბანკთან, რომ მათ გარეშე რამე ცვლილება არ უნდა მომხდარიყო. ეს იყო პროცედურული ცვლილება, მაინც მათ სამართლიანად ჩათვალეს, რომ კონსულტაციები არ გავიარეთ, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექით. დეკემბერში რომ წარმოედგინა პრეზიდენტს, განგვეხილა საბჭოს წევრობის კანდიდატები. ეს საკითხი ასე ნაჩქარევად შეიძლება კიდევ არ დამდგარიყო.

თუმცა, კობა გვენეტაძის წასვლის შემდეგ საბჭოში 8 წევრი რჩება და მათაც აქვთ უფლებამოსილება, რომ შეთანხმებული პრეზიდენტობის კანდიდატი წარუდგინონ საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად… 

წარუდგინონ მერე. რომ არ წარადგინეს, ახლა რა ვქნათ? ამაზეა საუბარი. ჩვენ გვინდოდა კანონში მკაფიოდ ყოფილიყო გაწერილი, თუ ვინ შეასრულებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას. 

ამ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა დაადო ვეტო. ახლა რა მოხდება? 

ცვლილებებში გვიწერია ასეთი რამე, პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ხოლო პირველი ვიცე-პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, საბჭო მოვალეობის შესრულებას ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს აკისრებს. მორჩა, ეს არის მთელი კანონი. ქალბატონი პრეზიდენტი დაეთანხმა იმას, რომ კანონი მისაღებია, სხვათა შორის ამას ყველა დაეთანხმა. პრეზიდენტმა, ჩვენი ცვლილებიდან ამოაგდო პირველი ვიცე-პრეზიდენტი და დაწერა, რომ პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას საბჭოს დავალებით ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი. ანუ ჩვენი ჩანაწერიდან დატოვა ერთი ნაწილი და მეორე ამოაგდო. პრეზიდენტს რომ დაეტოვებინა ძველი კანონი, სადაც არის ბუნდოვანება, ან ახალი რაღაც შემოეთავაზებინა, ვიტყოდი, რომ ეს უნდა გადავლახოთ. თუმცა, იმ ჩანაწერით, რასაც ახლა პრეზიდენტი გვთავაზობს, პრაქტიკულად, ეს საკითხი გვარდება. თუმცა ვთვლით, რომ ჩვენი ცვლილება უფრო მიღებული პრაქტიკაა. 

ანუ ვეტოს დაძლევის საჭიროება აღარ არის და შეიძლება, უბრალოდ, ეს ნაწილი კანონში კიდევ ერთხელ ჩასწორდეს? 

არაფერს ვამბობთ, ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვა, რომ კომისია შეიქმნება საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს და ამ საკითხსაც გადაწყვეტს. თუ ის ასევე მოახერხებს ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით ახალი პრეზიდენტის დამტკიცებას, ესეც მათი უფლებამოსილებაა, ამას პარლამენტი ვერ გადაწყვეტს. საბჭო გადაწყვეტილებების მიღებისას სრულიად დამოუკიდებელია. საბჭოს გადაწყვეტილებაში ვერავინ ერევა, მათ დამოუკიდებლობას იცავს კანონი. 

რაც შეეხება პარლამენტში არსებულ აუდიტის ჯგუფს, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ. კონკრეტულად რა არის ამ ჯგუფის შექმნის მიზანი და რას სახის საქმიანობას ეწევა ეს ჯგუფი? 

საჯარო სახსრების მართვის ეფექტიანი კონტროლის უზრუნველსაყოფად, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი. აუდიტის ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას. 

აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა – აუდიტის შედეგების შესახებ ანგარიშების განხილვა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. წელიწადში ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა, რომელიც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოვალეობა არ არის ვინმე დააჯარიმოს, ის იძლევა რეკომენდაციებს. თუმცა, თუ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე იგზავნება პროკურატურაში. მაგალითად 26 ანგარიში გადაიგზავნა პროკურატურაში 1 წლის განმავლობაში. რაც შეეხება საბჭოს, ვიხილავთ ყველა აუდიტს, აუდიტის სამსახურისა და იმ უწყების წარმომადგენელთან ერთად, რომელსაც ეს აუდიტი ეხება. მიზანი არის ის, რომ კონკრეტულ უწყებაში, მსგავსი გადაცდომები თუ კანონდარღვევები აღარ განმეორდეს. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო უწყებებში ფინანსების მართვის გამჭვირვალობის ხარისხი საკმაოდ გაიზარდა. 

ამასთანავე, თუ მუნიციპალიტეტების ანგარიშებს ვნახავთ, წლების განმავლობაში, თითქმის ერთი და იგივე დარღვევებია, განსაკუთრებით შესყიდვების ნაწილში… 

რაც შეეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, არცერთ ქვეყანაში აუდიტის სამსახური ადგილობრივ თვითმართველობას არ სწავლობს. მათ თავიანთი აუდიტის სამსახური ჰყავთ, რომლებიც თვითმმათმართველობების საქმიანობის აუდიტს აკეთებენ. ამ ეტაპზე, ჩვენთან მათი ფინანსურის ხარჯვის ეფექტიანობის საკითხსაც სახელმწიფო აუდიტი იკვლევს. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, რომ აუდიტის კვლევასთან დაკავშირებით თვითმმართველობის წარმომადგენელი დავიბაროთ პარლამენტში და პასუხი მოვთხოვოთ. ეს ადილობრივმა საკრებულოებმა უნდა გააკეთონ. შეიძლევა ისეთივე საჯარო იყოს განხილვები, როგორც პარლამენტშია. პასუხი გაეცეს ყველა კანონდარღვევასა თუ გადაცდომას, რომელიც ანგარიშებში იქნება ასახული, ისე როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ სამინისტროებთან მიმართებით. 

ინტერვიუს ბოლოს, როგორია თქვენი თავისუფალი დრო? გარდა პროფესიისა კიდევ რა ინტერესები გაქვთ, ვინ არიან თქვენი ოჯახის წევრები? 

ჩემი ოჯახის წევრებია მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება ინტერესებს ეს ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, ადრე თუ მიყვარდა მოგზაურობა, თევზაობა, ახლა ძირითადად ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში მიყვარს ყოფნა. ასევე, მიყვარს სპორტი, ვუყურებ სხვადასხვა სახეობებს – კალათბურთი, ფეხბურთი, რაგბი, ძიუდო. ჩემი რაიონიდან არის მსოფლიოს 6-გზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მას ძალიან ვგულშემატკივრობ. საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს ძიუდოში. ასე რომ, ქართული სპორტის დიდი გულშემატკივარი ვარ. 

ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 29 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსები გამოაქვეყნა...

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა...

კახეთის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურისთვის საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა (საჯარო სექტორი, გლობალური პროექტები და კორპორატიული ფინანსები) კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ...

ფინანსთა მინისტრი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით