მაია მელიქიძე – დაიბადა 1981 წლის 26 აგვისტოს თბილისში.
განათლება
2000-2005 წლები – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის სპეციალობით;
2006-2007 წლებში – ევროპის მენეჯერთა სკოლა (ESM), ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით;
2015 წელი – ჰარვარდის უნივერსიტეტის (აშშ) ბიზნეს-სკოლაში გლობალური სტრატეგიული მართვის სპეციალობით.
სამუშაო გამოცდილება
2023 წელი-მიმდინარე – საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
2023 წელი-მიმდინარე – ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ვიცე-თავმჯდომარე;
2023 წელი-მიმდინარე – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში;
2020 წელი-მიმდინარე – ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის (ERRA) პრეზიდენტი;
2017-2023 – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი;
2016 წელი – საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში;
2009-2016 წლები – „ლიბერთი ბანკი“, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო აუდიტორთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი;
2008-2009 წლები – „საქართველოს ბანკის“ მთავარი საგადასახადო სპეციალისტი;
2004-2008 წლები – საერთაშორისო კომპანია Ernst & Young, უფროსი აუდიტორი;
2003 წელი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს“ პროექტის მენეჯერი.
_________________________________________________________________________________
ქალბატონო მაია, მადლობას გიხდით დროის გამონახვისთვის. ინტერვიუს დასაწყისში მოგვიყევით თქვენ შესახებ.
დავამთავრე ESM-ის სკოლა-ლიცეუმი, სადაც სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. აქ შევისწავლეთ საგანი – მენეჯმენტი, რომელიც იმ დროისთვის ჩვენთვის უცხო იყო, საერთოდ ეს სიტყვა პირველად გავიგეთ. მე-11 კლასში სიღრმისეულად დავიწყეთ ამ საგნის შესწავლა. შემდეგ სწავლა ტექნიკურ უნივერსიტეტში გავაგრძელე, 2005 წელს ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია მომენიჭა. თუმცა ძალიან მაინტერესებდა ახალი პროფესიები – მართვის ხელოვნება, ასევე სასამართლო პრაქტიკა. იმ პერიოდში, ამ თვალსაზრისით, ბევრი ისეთი სიახლე იყო, რომელიც საუნივერსიტეტო გარემოში მთლად ბოლომდე არ ისწავლებოდა. ამიტომ დავისახე მიზანი, მენეჯმენტის მიმართულებით განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში მიმეღო. უნდა ვაღიარო, რომ ამ მიზნის მისაღწევად 10 წელი დამჭირდა, ვინაიდან საჭირო იყო სხვა დონის ინგლისური, განსხვავებული ხედვა, კრიტიკული, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება. იმისთვის, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტი შენით დაინტერესებულიყო, მისთვის რაიმე მნიშვნელოვანი უნდა შეგეთავაზებინა. ასე რომ, 2005 წელს დასახული მიზანი 2015 წელს ავისრულე, ამისთვის შორი გზა გავიარე.
ცხოვრებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი მქონდა. პირველი – ეს იყო სამსახურის დაწყება საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში Ernst & Young, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების გარემოცვაში ბევრი თვალსაზრისით გავიზარდე, მათ შორის აუდიტის, საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით.
შემდეგ იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება და პრაქტიკა „საქართველოს ბანკში“. „საქართველოს ბანკი“ მაშინ IPO-ზე (Initial Public Offering) გავიდა ანუ პირველად “დაილისტა” საფონდო ბირჟაზე, რისთვისაც საკმაოდ საინტერესო სამუშაოები შესრულდა. ამ დროს მივიღე ბევრისთვის გასაკვირი გადაწყვეტილება, სამუშაოდ „ლიბერთი ბანკში“, მაშინდელ „სახალხო ბანკში“ გადავედი. ამ გადაწყვეტილებას თავისი მოტივაცია ახლდა, ჩვენს გუნდს ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკი განვითარების ახალ რელსებზე უნდა დაეყენებინა. ეს დავალება ეროვნული ბანკისგან მოდიოდა, რომ ქართულ საწყისებზე აღმოცენებული კიდევ ერთი ბანკი არ გამქრალიყო. გარდა ამისა, ეს იყო ბანკი, რომელიც პენსიებს არიგებდა, ქვეყნის მასშტაბით საკმაოდ დიდი დაფარვა ჰქონდა, ასევე უმუშევარი რჩებოდა 3-ათასამდე ადამიანი. ამიტომ მიზანი იყო ის, რომ ფაქტობრივად, გაკოტრებულ მდგომარეობაში მყოფი ბანკი ფეხზე დაგვეყენებინა. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მზად ვიყავი 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის და ასეც ვიმუშავეთ სამი წლის განმავლობაში. ჩემს დეპარტამენტს ერქვა ანგარიშგების დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ორ მიმართულებაზე – გარე აუდიტი და ანგარიშგება და მეორე – საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება. ასევე სრულიად ჩართულები ვიყავით ფინანსებში. ვცდილობდით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაინტერესებასა და თანხის მოზიდვას. გავაკეთეთ ბანკის რებრენდინგი და მას „ლიბერთი ბანკი“ ეწოდა.
ასე რომ, ბევრი რამ უნდა შეგვეცვალა მენეჯმენტის, მარკეტინგის მიმართულებით, რათა სერიოზულ კონკურენციაში მოწინავე ადგილი დაგვეკავებინა. იმ პერიოდში, საქართველოში 20 ბანკი საქმიანობდა და „ლიბერთი ბანკი“ მე-7 ადგილზე იმყოფებოდა. შევძელით და 3-4 წელიწადში მე-3 ადგილზე გადავინაცვლეთ. დიდი შრომის შედეგად მიზანი მიღწეული იყო. სწორედ ამ პროცესზე დავწერე ესე და გავაგზავნე ჰარვარდის უნივერსიტეტში, მასში ჩამოვაყალიბე ის სტრატეგია, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაში ვისწავლე. ამ ესეს საფუძველზე მოვხვდი ჰარვარდში.
ამას მოჰყვა ახალი შესაძლებლობები ჩემს კარიერაში. დავიწყე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში – ეკონომიკური მრჩევლის პოზიციაზე. შემდეგ იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრობა და ზუსტად 2 თვის წინ ახალ საინტერესო საქმიანობას მოვკიდე ხელი. მუშაობა დავიწყე განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციაში (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ამ ორგანიზაციაში 40-მდე კომპანიაა გაწევრიანებული. ძირითადად, ჰიდროენერგიის წარმომადგენლები. ჩემი მიზანია ასოციაციაში გავზარდო მზის და სამომავლოდ, ქარის ენერგიაზე მომუშავე კომპანიების რაოდენობა.
ასოციაციის საქმიანობის მთავარი მიმართულება რა არის?
GREDA-ს რამდენიმე მიმართულება აქვს. პირველია სექტორის ლობირება, ამასთანავე საქართველოს მასშტაბით ცნობიერების ამაღლება და წიგნიერების განვითარება, თუ რა დატვირთვა აქვს განახლებად ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან კომუნიკაცია, სახელმწიფოს სტრუქტურებთან ბიუროკრატიის მიმართულებით მუშაობა და ამ კუთხით ხიდის გაგება კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის. ამ მიმართულებით წარმატების მაგალითების შექმნა ავტომატურად ნიშნავს ახალი ინვესტორების მოზიდვას. რამდენიმე უკვე გამოგვეხმაურა, რომლებისთვისაც საინტერესოები გავხდით სხვადასხვა მიზეზით. პირველი – ვიყოთ მათთვის დამხმარე რგოლი, როგორ შემოვიდნენ ქვეყანაში, რა ტი პის პროექტებზეა მოთხოვნა, ზოგადად აინტერესებთ სექტორის მიმოხილვა. ბუნებრივია, გღედა-ს წევრებს განვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ და ამაშიც ვეხმარებით.
ქვეყანაში არის 26 ათასამდე მდინარე, თუმცა ყველას გამოყენება გეოლოგიური და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით არ არის სწორი, მცირე და მიკრო ჰესების ასაშენებლად მხოლოდ 300-მდე მდინარის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება მსხვილ ჰესებს, ესენია – „ნენსკრა“, „ხუდონი“, „ნამოხვანი“. ხშირად გვეუბნებიან, განვითარებულ ქვეყნებში ჰესები აღარ შენდება. აღარ შენდება იმიტომ, რომ იქ თავიანთი რესურსი ამოწურეს და ფიზიკურად ვეღარ აკეთებენ. ჩვენ თუ ამოვწურავთ ამ რესურსს, ბუნებრივია, სხვა გზები უნდა მოვძებნოთ.
ქვეყანას ჰიდროს გარდა, მზის და ქარის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. ამ ეტაპზე მზის პანელების ბუმია, ახლადაშენებული სახლის ბევრი მეპატრონე, ასევე ბიზნესსუბიექტი ცდილობს, რომ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩაერთოს. არაჩვეულებრივი შანსია საკუთარი ელექტროენერგია ვაწარმოოთ და შემდეგ მოვიხმაროთ.
საინტერესოა, კერძო სახლზე მზის პანელების მონტაჟისთვის რა მოცულობის ფინანსებია საჭირო?
გააჩნია, რამხელაა სახლი და აქვს თუ არა მას აუზი. თუ სახლს აქვს აუზი, 10-კილოვატ/საათიანი გენერაციის ობიექტი საკმარისია. საყურადღებოა სახურავის ტექნიკური მდგომარეობა – სწორია თუ დახრილი. ასევე სად არის პანელი წარმოებული – ევროპაში თუ ჩინეთში. აქედან გამომდინარე, ფასი არის ცვალებადი. ამიტომ ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით. ერთი რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ინვესტიციის ამოღების ვადა 7 წლიდან 5 წლამდეა შემცირებული. პანელის ექსპლუატაციის ვადა კი 20 წელია.
შარშან მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი ახალი სქემა შექმნა, ვგულისხმობ ჩფდ მექანიზმს, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ფასსა და CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფს შორის სხვაობის ანაზღაურებას. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, 1500 მგვტ სადგურებზე მშენებლობის უფლება კომპანიებმა აუქციონებში გამარჯვების შემდეგ უნდა მოიპოვონ. წლის დასაწყისში პირველი აუქციონი უკვე ჩატარდა. როგორ შეაფასებთ ამ პროცესს, არის თუ არა ეს სქემა საინტერესო ინვესტორებისთვის, რათა მათ ენერგეტიკაში ინვესტიციები ჩადონ?
დიახ, ერთი აუქციონი ჩატარდა, ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. პირველ ეტაპზე პროექტები 300 მგვტ-ზე იყო გამოცხადებული, ხოლო მოთხოვნამ 900 მგვტ-ს გადააჭარბა. ენერგეტიკის მიმართ რომ ინტერესი დიდია, ამითაც დადასტურდა. ბიზნესი მზად არის ამ მექანიზმის გამოყენებით ქვეყანაში ახალი პროექტები დაიწყოს. ეს ძალიან კარგი სიგნალი იყო. მეორე აუქციონი სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდება. მოლოდინი კიდევ უფრო დიდია, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ აუქციონში რამდენიმე კომპანიამ მონაწილეობა არ მიიღო, სიტუაციას აკვირდებოდნენ. ჩემი ინფორმაციით, მეორე აუქციონი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. მცირე და საშუალო ზომის ინვესტიციების განხორციელებისთვის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები მზად არიან.
აუქციონმა აჩვენა, რომ ინტერესი უფრო მეტად ჰიდრო და მზის ენერგიებზეა. ქვეყანაში ქარის გამოყენების რესურსი როგორია?
ქარის მხოლოდ ერთი ელექტროსადგური გვაქვს, რომელიც 20.7 მგვტ-ს აგენერირებს, თუმცა პროექტები არსებობს, კვლევებიც ჩატარებულია და ახალი ობიექტების ასაშენებლად ადგილებიც იდენტიფიცირებულია. საქართველოში არის რამდენიმე ქართველი ინვესტორი, რომელსაც უკვე მზად აქვს პროექტი და გარკვეული ეტაპები გავლილი, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით კვლევები გაკეთებული და მშენებლობის დასაწყებად შემდეგ ეტაპებს გადის. დარწმუნებული ვარ, შემდეგი 2 წლის განმავლობაში საკმაოდ საინტერესო შედეგი გვექნება.
გასაგებია, რომ გენერაციის გასაზრდელად გვაქვს რესურსი, არის დაინტერესება კომპანიების მხრიდან, თუმცა დიდი ბარიერი არის მოსახლეობა. ეს ბარიერი რამდენად იქნება დამაბრკოლებელი ახალი ელექტროსადგურების ასაშენებლად და მოსახლეობასთან კომუნიკაცია როგორი უნდა იყოს?
ეს ნაწილი საკმაოდ კრიტიკულია. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან დროული კომუნიკაცია, მათ უფრო მეტი ხელშესახები შედეგი სჭირდებათ. GREDA-მ მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ ქონების გადასახადის გარკვეული წილის ადგილობრივ თემში გადანაწილებას. ანუ იქ, სადაც გენერაციის ობიექტი აშენდება, დაგენერირებული შემოსავლის გარკვეული წილი დარჩეს მოსახლეობას და თავად მუნიციპალიტეტმა განკარგოს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მათ წინაშე დგას. არსებობს პრაქტიკა, როცა ინვესტორები მოსახლეობას სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელებას სთავაზობენ – გზის, ბაღის, სკოლის მშენებლობა. თუმცა GREDA-ს ინიცირებული კანონპროექტი კიდევ უფრო მოქნილია ამ თვალსაზრისით. პარლამენტის მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს.
გენერაციის გაზრდის პარალელურად, ქვეყანას უნდა ჰქონოდა გამართული ენერგეტიკული ბირჟა, რომლის ამოქმედება რამდენჯერმე გადაიდო, ამჯერად ერთი წლით. რაში მდგომარეობს პრობლემა? კერძო სექტორი არ არის მზად ამისთვის, თუ სახელმწიფო?
ბირჟის ამოქმედება 6-ჯერ გადაიდო. ჩათვალეთ, რომ ინვესტორები მზად იყვნენ ამისთვის, მათ სერიოზული ინვესტიციაც განახორციელეს, ასევე დაიწყეს ახალგაზრდა კადრების გადამზადება. აიღეს საბანკო გარანტიებიც, ეს იყო ერთ-ერთი პირობა ბირჟაზე ოპერირებისთვის. მზაობა კერძო სექტორის მხრიდან იყო მაღალი. ბოლოს ბირჟის გახსნის კიდევ ერთხელ გადავადება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება, მის ამოქმედებამდე, რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზით აიხსნა – ერთ-ერთი იყო რუსეთ-უკრაინის ომი, ის რომ ამ სიტუაციაში ფასების არასტაბილურობიდან გამომდინარე, ოპტიმალური ფასის გათვლა რთული იყო. შესაბამისად, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე ბაზარი არ გახსნილიყო. ამასთანავე, ელექტროენერგიის მოხმარება შეიძლება გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ასეთი მოცემულობის გათვალისწინებით, ამის პროგნოზირებაც რთული გახდა. ბირჟა ნიშნავს იმას, რომ ფასის ფორმირება მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ხდება.
ჩემი სუბიექტური აზრით, ბირჟის გახსნა მაინც უკეთესი იქნებოდა. მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები პირი. თუმცა, ვიმეორებ, კერძო სექტორის მზაობა იმდენად მაღალი იყო, საინტერესო იქნებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ასევე საინტერესოა თქვენი აზრი, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ახალი წესების შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის ინსტრუქციის პროექტზე, რომელიც შემუშავებულია, მაგრამ სპეციალისტების შეფასებით საკმაოდ რთულია და ჯერ არ არის დამტკიცებული.
ეს დოკუმენტი დამატებით განხილვას ითხოვს. მნიშვნელოვანია საბითუმო კომპონენტი, სანამ საცალოზე გადავალთ. საკმაოდ მნიშვნელოვანია ის განხილვები, რომელიც მიმდინარეობდა და დღესაც შესაძლებელია ამ პროცესის გაგრძელება. ამისთვის ყველაზე სწორი ადგილი არის მარეგულირებელი კომისია. ჩემი რჩევა იქნება, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ყველა პრეტენზიის, შენიშვნისა თუ რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში მიმართონ მარეგულირებელ კომისიას. მზად ვართ, ამ პროცესში ჩვენც ჩავერთოთ. თუკი კერძო სექტორისგან რაიმე კითხვა არსებობს, გავუწიოთ მედიაცია და უფრო მეტად გავხსნათ შესაძლებლობა დაინტერესებულ მხარეებს შორის, შედგეს შეხვედრა, სადაც შესაძლებელია იმ კრიტიკული საკითხების განხილვა, რომელიც მტკივნეულია კერძო სექტორისთვის.
თქვენ ასწავლით რამდენიმე უნივერსიტეტში, ჩემს რესპონდენტებს ხშირად ვეკითხები, რა განსხვავებაა უცხოეთში არსებულ უნივერსიტეტებსა და ქართულ უნივერსიტეტებს შორის, ვგულისხმობ სწავლის ტექნიკას, პედაგოგების სტუდენტებთან ურთიერთობას. რა აკლიათ ქართულ უნივერსიტეტებს განათლების ხარისხის გასაზრდელად?
მე რაც ვისწავლე საზღვარგარეთ, ვცდილობ, რომ ამის იმპლემენტაცია მოვახდინო იმ უნივერსიტეტებში, სადაც ვასწავლი. ამ ეტაპზე სამ უნივერსიტეტში ვასწავლი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში. მთავარი და მნიშვნელოვანია არამხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდება, არამედ პრაქტიკული მუშაობები, ქეისები, სიტუაციური ანალიზის გაკეთება.
საზღვარგარეთ სწავლისას ჩემთვის საინტერესო იყო ის, რომ გვაძლევდნენ ქეისს კონკრეტულ დამდგარ შედეგზე, შემდეგ გვეუბნებოდნენ, გვეპოვა თუ რამ გამოიწვია ეს შედეგი და დაგვეკავშირებინა თეორიასთან, ანუ პირიქით მოდიან. ჩვენ ხომ ჯერ თეორიას ვსწავლობთ და შემდეგ პრაქტიკას გავდივართ. ისინი პირდაპირ გეუბნებიან, აი, პრაქტიკა, დაიწყე თეორიის ძიება, გახსენი შენი გონება, გამოიყენე კრიტიკული, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნება და იპოვე პასუხი იმ შედეგზე, რომელიც დადგა. თუ ვერ პოულობ, თავად შექმენი ეს თეორია. ეს ძალიან საინტერესო პროცესია სტუდენტისთვის, ამ ეტაპზე უფრო ვმუშაობ ქეისებითა და სიტუაციური ანალიზებით, სადაც სტუდენტები ერთმანეთთან შედიან პოლემიკაში. აბსოლუტურად განსხვავებული აზრი აქვთ და ვცდილობ, ვასწავლო ამ განსხვავებული აზრის კორექტულად გადმოცემა, მოსმენა, რათა ეს არ გადაიზარდოს კონფლიქტში და საგნობრივ დებატებს არ გასცდეს. მოსმენის კულტურის დეფიციტი გვაქვს. თემატიკა, რომელიც სტუდენტებს აინტერესებთ, ეს არის ძირითადად ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წარმატებული ქეისები, ასევე განცდილი კრახები. ჩემი მიზანი სწორედ ის არის, რომ აღვზარდო ის თაობა, რომელსაც შეგნების მაღალი დონე ექნება და მუდმივად განვითარების პროცესში იქნებიან. არასოდეს იტყვის, რომ მე ყველაფერი ვიცი, არამედ იტყვის, რომ არის რაღაცები, რომელიც არ ვიცი და უნდა განვვითარდე.
საქართველოში მუდმივად არის პროფესიონალი კადრების დეფიციტი, ასევე არის უმუშევრობის მაღალი დონე. სად ხედავთ პრობლემას, ეს არის საგანმანათლებლო სექტორის პრობლემა, ახალგაზრდები ვერ იღებენ სათანადო განათლებას, თუ არის შრომის ბაზრის პრობლემა? პროფესიებზე მოთხოვნა და ბაზარზე არსებული მოთხოვნა აცდენილია ერთმანეთს…
კერძო სექტორი არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ცდილობს სწრაფად აეწყოს განვითარებას, ასეთივე დინამიკური განვითარება უნდა ჰქონდეთ უნივერსიტეტებსაც. ეს არის სწორედაც განათლების სამინისტროს როლი. პრობლემას უფრო მეტად სასკოლო განათლებაში ვხედავ, ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლეს სასწავლებლებში მაინც არსებობს კონკურენცია იმისთვის, რომ საინტერესო პროგრამებით მეტი სტუდენტი მოიზიდონ.
სკოლების დიდი ნაწილი საჭიროებს დახმარებას, მნიშვნელოვანია მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდებთან კარგად მუშაობისთვის მეტი მოტივაციის შექმნა. მარტო განათლების მიცემა საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების პიროვნულ ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. პირველკურსელებთან შესვლისას ამ კუთხით ძალიან ბევრ გამოწვევას ვაწყდები. ამიტომ მასწავლებლებს ახალგაზრდების უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლამდე მისაყვანად დიდი შრომა მართებთ.
არის სექტორები, სადაც კადრების კატასტროფული დეფიციტია. მაგალითად გეოლოგია, ჰიდროლოგია, თუნდაც ენერგეტიკა და სხვა. რატომ არ ინტერესდებიან ახალგაზრდები ამ პროფესიებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო, ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც კი, ამ დისციპლინებზე სწავლას მთლიანად აფინანსებს?
ამ სექტორებში ნამდვილად არის პროფესიონალების ნაკლებობა. ქვეყნისთვის ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა. ამ პრობლემას წავაწყდით ყველა დონეზე, ეს არის ჰიდროლოგი, სეისმოლოგი, გეოლოგი, ენერგეტიკოსი და სხვა.
ინტერესი დაბალია, ამ დროს კი ეს პროფესიები ძალიან პერსპექტიულია და თან ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როცა მთელი მსოფლიო კლიმატის ცვლილების დაძლევასა და სუფთა ენერგიაზე გადასვლას გეგმავს, მაშინ როცა საქართველოს ეძლევა შანსი, გახდეს მწვანე ენერგიის ჰაბი, რა თქმა უნდა, დღითიდღე გაიზრდება მოთხოვნა კვალიფიციურ პროფესიონალებზე.
GREDA პროფესიული განათლების კუთხითაც ძალიან აქტიურადაა ჩართული, შეიქმნა ენერგეტიკის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა.
როგორ უნდა გაიზარდოს ინტერესი?
ამ პროფესიების მეტი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. როგორც აღვნიშნე, GREDA ამ მიმართულებითაც მუშაობს, წელს USAID-ის ენერგეტიკულ პროგრამასთან ერთად, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტ უფროსკლასელს წავუკითხეთ ლექციები განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე, ვცდილობთ დავარწმუნოთ აირჩიონ ენერგეტიკის მიმართულება და დაინტერესდნენ ამ სფეროთი. უბრალოდ, როდესაც უმაღლესში ხვდებიან, ხანდახან, მათ იმედგაცრუების მომენტი აქვთ, რასაც ელოდებიან, ის არ ხვდებათ ხოლმე, ამაზე ტექნიკური მიმართულებით მომუშავე დეკანებმა უნდა ისაუბრონ. მათ შორის, მაინც ვფიქრობ, რომ აუცილებელია აკადემიური პერსონალის გადახალისება. რამდენიმე ძალიან კარგი ახალგაზრდა კოლეგა მყავს, რომელთაც დოქტორის ხარისხი აქვთ, კითხულობდნენ ლექციებს, მაგრამ მათი დაინტერესება უნივერსიტეტის მხრიდან ვერ მოხდა, როგორც ანაზღაურების, ასევე სხვა ტიპის ხელშეწყობის კუთხით. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ლექციების ჩატარება აღარ გაეგრძელებინათ. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხარო ინფორმაცია იყო. უნივერსიტეტებმაც უნდა იბრძოლონ ასეთი ტიპის ლექტორების შესანარჩუნებლად.
ასევე, სულ გვესმის, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოში მეცნიერთა უფრო ძლიერი კონტინგენტი იყო, ახლა ეს დარგი მოშლილია. ეთანხმებით თუ არა ამას და რა არის საჭირო სამეცნიერო მიმართულების გაძლიერებისთვის?
მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ლაბორატორიები აღარ არსებობს. მეცნიერი სად იკვლევს, სად ატარებს ცდებს? ბუნებრივია, ლაბორატორიაში. ვცდილობ სტუდენტებს გავუჩინო კვლევის მიმართ დიდი ინტერესი. საშინლად არ მომწონს და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ გარკვეულ ადამიანებთან მაქვს შეხვედრები, რომლებიც ციდან მოტანილ პოსტულატებს აჟღერებენ. ვცდილობ, ჩავეძიო რაზე დაყრდნობით აკეთებთ ამ განცხადებას, ხშირ შემთხვევაში არ მხვდება მეცნიერული კვლევით დადასტურებული შედეგი. ვფიქრობ, რომ სამეცნიერო მიმართულებებში კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა უნდა ჩავრთოთ, დავაინტერესოთ კვლევებით და ამისთვის, რასაც ჯერ ვერ მივაღწიე, აუცილებელია ლაბორატორიების გააქტიურება. სტუდენტებმა რაც თეორიულად იკვლიეს, ის აუცილებლად უნდა ნახონ პრაქტიკაში.
გასაგებია, რომ თანამედროვე ლაბორატორიების არსებობა აუცილებელია. მათ შესაქმნელად თუ ხედავთ სახელმწიფოს ნებას?
რასაც ვხედავ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცალკეული ადამიანების მიერ გამოხატული სურვილები და ამისთვის იბრძვიან კონკრეტული უნივერსიტეტები. ეს ჯერ მხოლოდ საუნივერსიტეტო ინიციატივებია. თუკი ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოხატული ნება, რომელიც გამყარებული იქნება ფინანსური და მენეჯერული მხარდაჭერით, შედეგსაც დავინახავთ.
ქვეყანას გვაქვს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობისა და მაგისტრალური საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის ამბიცია, შესაბამისი კვალიფიციური კვლევების ჩასატარებლად. დღეს შემოგვრჩა ადგილობრივი რესურსი თუ მთლიანად უცხოელი სპეციალისტების იმედად ვართ?
ამ ყველაფერს, ძირითადად, უცხოელი სპეციალისტები აკეთებენ, რომლებსაც კომპანიები ქირაობენ. ჩვენც გვყავს კარგი სპეციალისტები, მაგრამ მათი ასაკი საკმაოდ მაღალია. უჭირთ ფიზიკურად იმ ადგილებამდე მისვლა, სადაც კონკრეტული მდგომარეობა უნდა შეფასდეს. ძალიან დიდია ნაპრალი ასაკობრივი თვალსაზრისით, ახალი თაობა გვჭირდება გეოლოგების, ჰიდროლოგების, ენერგეტიკოსების, ინჟინრების, რათა ამ მნიშვნელოვან კვლევებში ჩავრთოთ. თუკი მნიშვნელოვანი ლაბორატორიული კვლევები გვჭირდება, ყველაფერი საზღვარგარეთ მდებარე ლაბორატორიებში იგზავნება და იქიდან ველოდებით პასუხს.
როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენ იყავით ყოფილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი. რა რჩევებს აძლევდით პრეზიდენტს ამ კუთხით, მისი კონსტიტუციურად შეზღუდული უფლებების ფონზე. ახლაც ეს პოსტი რომ გეკავოთ, რას ურჩევდით საკანონმდებლო ორგანომდე მისატანად?
ამ თანამდებობაზე ყოფნისას აქტიური ურთიერთობა მქონდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ყოველთვის ვცდილობდით, კერძო სექტორის პრობლემები მიგვეტანა პარლამენტამდე, რათა მომხდარიყო საკანონმდებლო ცვლილებები. ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგი იყო გამოხმაურება, ხიდების აგება კერძო სექტორსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის .
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა. მთავრობამ აამოქმედა მხარდაჭერის CFD მექანიზმი და ახლახან „აწარმოე საქართველო“-მაც დააანონსა განახლებადი ენერგიის მცირე პროექტების დაფინანსება. მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია დარგისთვის, რადგან არაერთი გამოწვევის წინაშე ვართ. წლების განმავლობაში მიმდინარეობს თავდასხმითი დამოკიდებულება ენერგეტიკის ობიექტების განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მათთვის ახსნა იმისა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მეტი გენერაციის ობიექტის შექმნას. მოთხოვნა იზრდება, ხოლო მიწოდება არ არის შესაბამისი, ამიტომ ფასზე ეს ყველაფერი იმოქმედებს და ჩვენ სხვა გზა არ გვექნება ან გავზარდოთ იმპორტი ან გადავიდეთ გრაფიკზე, რომელსაც არცერთი ჩვენგანი მხარს არ უჭერს. ამიტომ იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი რომ არ გაიზარდოს, აუცილებელია გენერაციის ობიექტების შექმნა, მეტი ხელშეწყობა ინვესტორებისთვის. რაც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, ვერ დამისახელებთ ვერცერთს, რომელსაც ენერგეტიკა არ სჭირდება.
როგორია თქვენი თავისუფალი დრო? გარდა პროფესიისა, თუ გაქვთ სხვა ინტერესებიც?
თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახურ გარემოში ვატარებ, დიდი ოჯახი მყავს – შვილები, მშობლები, მეუღლე. ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ოჯახურ სითბოს, ოჯახურ იდილიას.
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

