ირაკლი ვეკუა – დაიბადა 1989 წლის 12 ივლისს სოხუმში.
განათლება
2013-2016 – Taltech, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი, ინდუსტრიული ინჟინერია და მენეჯმენტი.
2007-2011 – კავკასიის უნივერსიტეტი, ბაკალავრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები.
2003-2004 – კომაროვის სკოლა.
სამუშაო გამოცდილება
2020.09-დღემდე – „კინგს ინტერნეშენალ“, ხელმძღვანელი, კრიზისულ საქმეთა მენეჯერი.
2022.09-დღემდე – API24, სტრატეგიული კონსულტანტი.
2022.09-დღემდე – Rentech.ge, სტრატეგიული კონსულტანტი.
2022.03-დღემდე – „პეისერა ბანკი საქართველო“, თანადამფუძნებელი.
2021.06-დღემდე – „სპინომ დიჯითალ“, პარტნიორი.
2016.01-დღემდე – ი-ბი-ჯი • EBG.
2018.06-2018.09 – CEO, 2014.08-2018.05 – ზრდის მენეჯერი, 2012.02-2014.08- თანადამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი.
2018.12-2021.01 – ლუპი AI CEO.
2017.09-2021.01 – „მურწყუ“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2018.07-2019.12 – „კინგსის აკადემია“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2017.05-2019.09 – „ტირაჟი“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2014.07-2016.12 – სს „სპინომი“, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
2012.04-2016.12 – JSC Spinom Network Management, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
2011.11-2014.09 – BG Management LLC, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2008.09-2013.11 – ბიზნეს-ჯგუფი, დირექტორი.
2010.09-2011.09 – განათლების ცენტრი, დამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი.
__________________________________________________________________________________
ბატონო ირაკლი, სანამ „პეისერა ბანკის“ შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც პირველი ციფრული ბანკია საქართველოში, მანამდე თქვენ შესახებ გვიამბეთ. ვუთხრათ მკითხველს, ვინ არის ირაკლი ვეკუა, რომელიც საქართველოში პირველი ციფრული ბანკის თანადამფუძნებელია.
ჩემი ბავშვობა ზუგდიდიდან იწყება. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. ისე, სოხუმში დავიბადე. გარკვეული პერიოდი ზუგდიდის მე-2 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი – ძალიან კარგი სკოლაა. მე-7 კლასში, მათემატიკის ოლიმპიადა მოვიგე. როგორც გამარჯვებულს მათემატიკური სკოლებიდან სწავლის გაგრძელების შემოთავაზებები მომივიდა და საბოლოოდ, სწავლა კომაროვში გავაგრძელე. სკოლის დამთავრების შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტში – კავკასიის ბიზნესის სკოლაში ჩავაბარე ფინანსების მიმართულებით. სტუდენტობის წლებშივე, მეგობრებთან ერთად, ბიზნეს-საქმიანობა დავიწყე. 2015 წელს, ბიზნესის გამო, საცხოვრებლად ესტონეთში გადავედი. ბიზნესის გარდა, იქ ყოფნისა და ცხოვრების დრო სწავლის გასაგრძელებლადაც გამოვიყენე, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გავიარე მაგისტრატურა ინდუსტრიული ინჟინერიისა და მენეჯმენტის მიმართულებით.
თქვენი პირველი ბიზნეს-საქმიანობა რა იყო?
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი ცხოვრება, პირველად, ყველაზე მეტად ოლიმპიადამ შეცვალა, ჩემი პირველი საქმიანობაც, სტუდენტობის წლებში, ოლიმპიადების ჩატარებას დავუკავშირე. თავის დროზე, კომაროვში გადასვლა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა. ამ სკოლის გარემომ, ჩემს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გააჩინა და უფრო დამოუკიდებელიც გამხადა. მეორე-მესამე კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად ოლიმპიადების ორგანიზება დავიწყეთ. იმ პერიოდში, ოლიმპიადა იმერეთის 12-ვე ქალაქში ჩავატარეთ და რამდენიმე მოსწავლემ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მახსოვს, ერთი ტყიბულელი ბავშვი იყო, რომელიც ჩვენი ხელშეწყობით კომაროვის სკოლაში მიიწვიეს. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ფაქტია, რადგან ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებით მისი ცხოვრებაც ისევე შეიცვალა, როგორც ჩემი. ასევე, როგორც ვიცი, იგი კომაროვშიც ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო.
2011 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ოლიმპიადების ჩატარება გავაგრძელეთ. რებრენდინგი გავაკეთეთ, მოდელიც შევცვალეთ და 2012 წლიდან დავიწყეთ „კინგსის“ ოლიმპიადების ორგანიზება. „კინგსის“ ოლიმპიადა საკმაოდ წარმატებული იყო და დღესაც ასეა. 2012 წლიდან, 3 წელიწადში, საქართველოს მასშტაბით, გახუთმაგდა იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც ოლიმპიადებში მონაწილეობდნენ. მათგან 75% სწორედ „კინგსის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. შემდეგ ეს ოლიმპიადები ინტერნაციონალური გახდა. 2015 წლიდან ჯერ ესტონეთში შევედით, შემდეგ ლიეტუვაში, მერე პოლონეთში. 2018 წელს, ეს ბიზნესი ადგილობრივ ინვესტორებს მივყიდეთ, თუმცა მინორიტარული წილები დავიტოვეთ.
2017 წელს, ასევე განათლების მიმართულებით, თქვენი პროექტი გახდა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული. კონკრეტულად, რას მოიცავდა ეს პროექტი?
ოლიმპიადებში ჩვენი ძირითადი მონაწილეები მაინც მე-2 კლასიდან მე-8-მე-9 კლასამდე მოსწავლეები იყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ განათლებაში ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა, გვინდოდა რაღაც პროდუქტი აბიტურიენტებისთვისაც შეგვეთავაზებინა. დავიწყეთ გარკვეული პლატფორმის გაკეთება. თუმცა, შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მსგავსი ბაზარზე უკვე არსებობდა. ეს იყო „მურწყუ“. ეს პლატფორმა ნულიდან ჩვენი გაკეთებული არ არის. იგი, თავის დროზე, ძალიან ნიჭიერმა ბიჭმა, იმ დროისთვის ჯერ კიდევ აბიტურიენტმა – თემურ მიქავამ გააკეთა. პლატფორმა მაშინ თემურმა საკუთარ თავს გაუკეთა, შემდეგ ინტერნეტში განათავსა და სხვა აბიტურიენტებსაც მისცა გამოყენების შესაძლებლობა. ჩვენ დავუკავშირდით თემურ მიქავას და პარტნიორობა შევთავაზეთ. ეს თანამშრომლობა ძალიან წარმატებული გამოდგა. იანვარში გავხდით პარტნიორები და უკვე ივნისში პლატფორმა 13-ჯერ იყო გაზრდილი. იმ პერიოდში, აბიტურიენტებს გარდა ეროვნული გამოცდებისა, საატესტატო გამოცდებიც ჰქონდათ. აბიტურიენტების 80 პროცენტი „მურწყუს“ იყენებდა. ვებ-გვერდს თვეში 600 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობდა. ეს პროექტი წარვადგინეთ „სტარტაპ საქართველოზე“ და გავიმარჯვეთ. „მურწყუ“ ახლაც აგრძელებს საქმიანობას და აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში ისევ ეხმარება.
„მურწყუ“ რას ნიშნავს?
– არაფერს ნიშნავს. თავიდან ჩვენც გაგვიკვირდა. ვიფიქრეთ, ეს სიტყვა ძველი მეგრულიდან ხომ არ მოდიოდა. თემურს ვკითხეთ და გვიპასუხა, რომ არაფერს ნიშნავდა, უბრალოდ დაარქვა. დავგეგმეთ, პარტნიორები როცა გავხდებოდით, სახელს შევცვლიდით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ უკვე იყვნენ ბავშვები, რომლებსაც ეს არაფრის მთქმელი, უცნაური სახელი უკვე ათვისებული ჰქონდათ. თან ყველას უჩნდებოდა კითხვა – რას ნიშნავს „მურწყუ“? ეს კარგ ვირუსულ კითხვად იქცა. აი, ახლა თქვენც გაგიჩნდათ ეს კითხვა. ვიფიქრეთ, რომ ეს მარკეტინგულად ცუდი არ იქნებოდა, ამიტომ დავტოვეთ.
დღეს კიდევ თუ გაქვთ შეხება საგანმანათლებლო სექტორთან?
საქართველოში საგანმანათლებლო სექტორთან შეხება აღარ მაქვს. როგორც უკვე გითხარით, მინორიტარი აქციონერი ვარ „კინგს საქართველოში“. თუმცა, უცხოეთში პარტნიორი ვარ კომპანიის, რომელიც ლიეტუვაში, ბულგარეთში, აზერბაიჯანში, ახლა უკვე ინდოეთშიც საგანმანათლებლო ოლიმპიადებს საკმაოდ წარმატებით ატარებს. ეს კომპანია ძალიან სწრაფად ვითარდება.
საინტერესოა თქვენი შეფასება საგანმანათლებლო სექტორთან დაკავშირებით. ქვეყანაში არის უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი, ამასთანავე კომპანიები მუდმივად ამბობენ, რომ კვალიფიციური კადრების მოძიება რთულია. ქართული სკოლები თუ უმაღლესი დაწესებულებები რატომ ვერ ახერხებენ მცოდნე, კვალიფიციური ახალგაზრდების გაზრდას, რაში მდგომარეობს პრობლემა?
განათლებაში რომ დიდი პრობლემები გვაქვს, ეს არახალია. ამას PISA-ს კვლევებიც ადასტურებს. ჩვენ, როდესაც ამ სფეროში საქმიანობა დავიწყეთ, მედიანური განათლების დონეს ვაკვირდებოდით, რადგან ზოგადი სტატისტიკით შეიძლება რეალური სურათი ვერ დაინახო. საქართველოში ბევრი კარგი სკოლაა, არსებობენ ძალიან კარგი ბავშვები, რომლებსაც კარგ სკოლებში სწავლის შესაძლებლობა აქვთ. ეს ბავშვები განათლების კუთხით მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებს აკმაყოფილებენ. თუმცა, ძალიან დიდი ნაწილია მედიანურ სეგმენტში, რომელიც შუაშია განათლების დონით, ანუ არც ყველაზე კარგები არიან და არც ყველაზე ცუდები. განათლების სამინისტროს მთავარი ამოცანა, სწორედ მედიანური მოსწავლეების დონის გაუმჯობესება უნდა იყოს. PISA-ს ტესტების სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, პროგრესი ჯერჯერობით არ ჩანს.
სამწუხაროდ, საქართველოში მასწავლებელთა უმრავლესობა კომპეტენციის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ, ამ კუთხით, პოლიტიკურად არაპოპულარული რეფორმაა გასატარებელი – მასწავლებლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს და ისინი ან უნდა განვითარდნენ, ან დაემშვიდობონ საგანმანათლებლო სივრცეს. სკოლაში, რაც არ უნდა კარგი პროგრამა შეადგინო, კარგი სახელმძღვანელოები შეიტანო, მასწავლებლის როლი ჯერ კიდევ დიდია. ზოგადად განათლების რეფორმების რეალური შედეგის დანახვა 7-10 წელიწადშია ხოლმე შესაძლებელი. ამიტომაც, ამ სფეროში რეფორმები არც ისე მარტივი გასატარებელია. საქართველოში განათლების მინისტრი ხშირად იცვლება, შესაბამისად მიდგომაც იცვლება, ამიტომაც არის, რომ ვერც ერთი რეფორმა ბოლოში ვერ გავიდა. არადა, განათლება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის განვითარებასთან, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ვისაც უკეთესი განათლების სისტემა აქვს, უკეთესი ეკონომიკაც აქვს. ჩვენი განათლების მდგომარეობას, ამ კუთხით თუ შევხედავთ, ცოტა შემაშფოთებელი სურათი გვაქვს.
საქართველოში ნელ-ნელა ფუძნდებიან ციფრული ბანკები, „პეისერა საქართველო“ არის პირველი ციფრული ბანკი, რომელმაც ეროვნული ბანკისგან საქმიანობის ლიცენზია მიიღო. „პეისერასა“ და თქვენ შორის როგორ შედგა თანამშრომლობა და ბიზნეს-მოდელი როგორია?
2019 წელს გავიცანი ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი. მაშინ ჩვენ გვქონდა ინტერნეტ-მაღაზია, რომლითაც შემდეგ „პალიტრა ჰოლდინგი“ დაინტერესდა და შეიძინა. „პალიტრა ჰოლდინგის“ მხრიდან გარიგებას ბატონი დიმიტრი ხელმძღვანელობდა. შემდეგ ერთმანეთს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე ვხვდებოდით ხოლმე. ამან ჩვენი ურთიერთობები უფრო გაამყარა. ბატონმა დიმიტრიმ გამანდო იდეა, რომ კარგი იქნებოდა თუ შეიქმნებოდა ეკოსისტემა, სადაც შუაში იქნებოდა ბანკი, რომელიც თავის მხრივ მთელს ამ ეკოსისტემას გამოადგებოდა. ლიეტუვაში ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, „პეისერა“ ქსელთან თანამშრომლობის გამოცდილება მქონდა. ვიფიქრეთ, რომ შესაძლებელი იყო მათი საქართველოში შემოყვანა და მათ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ბანკის გაკეთება. „პეისერასთან“ ეს კომუნიკაცია შედგა. დავიწყეთ მოლაპარაკებები, რაც საბოლოოდ წარმატებით დაგვირგვინდა. პარალელურ რეჟიმში ეროვნულმა ბანკმა საქართველოში ციფრული ბანკის საქმიანობის შესაძლებლობები გააჩინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. სტანდარტულ ბანკს საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად გაცილებით დიდი მოთხოვნები აქვს, ვიდრე ციფრულ ბანკს. კერძოდ, ეროვნული ბანკი ციფრულ ბანკს თავიდანვე 500მილიონიან კაპიტალს არ სთხოვს და შესაძლებლობას აძლევს, რომ კაპიტალი ამ ზღვრამდე ეტაპობრივად გაზარდოს.
„პეისერა საქართველომ“ ეროვნული ბანკისგან ლიცენზია 2022 წლის 17 ნოემბერს მიიღო. ბიზნეს-მოდელს რაც შეეხება, ჩვენ ვართ ერთადერთი ბანკი საქართველოში, რომელიც აერთიანებს ორ საბანკო სივრცეს – ქართულს და ევროპულს. მომხმარებელს, რომელიც ჩვენთან ანგარიშს ხსნის, ქართულ IBAN-თან ერთად, ევროპული IBAN, ანუ ევროპული საერთაშორისო ანგარიში ეხსნება. ეს ნიშნავს რომ „პეისერა ბანკით“ ევროკავშირში მცხოვრებ 300 ათასზე მეტ ქართველს, საქართველოში ევრო შეუძლია მყისიერად და სულ რამდენიმე ცენტად გადმორიცხოს, ხოლო „პეისერადან“ „პეისერაში“ კი სრულიად უფასოდაა. ასევე ბიზნესებსა და იურიდიულ პირებს, რომლებსაც ევროს ევროპაში გადარიცხვა სჭირდებათ, ჩვენი ბანკიდან ეს მყისიერად და ამ ეტაპზე ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეუძლიათ.
16 მარტიდან ევროპაში ევროს გადარიცხვა 7 ევრო გახდება, მაგრამ ეს საკომისიოც 5-ჯერ ნაკლები იქნება ბაზარზე არსებული მსგავსი საბანკო გადარიცხვების საკომისიოებთან შედარებით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ბიზნეს-სუბიექტებისთვის ის არის, რომ ტრანზაქციები ხორციელდება მყისიერად და კვირის ნებისმიერ დროს. ეს სისწრაფე და მოქნილობა იურიდიულ პირებს ევროპელ ბიზნეს-პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში შეუწყობს ხელს.
პლასტიკური ბარათების გამოშვებას როდის აპირებთ და მანამდე თანხის განაღდება როგორ არის შესაძლებელი?
თანხის განაღდება შესაძლებელია „პეისერა ბანკის“ ფილიალში, წერეთლის გამზირზე. ასევე წელს მომხმარებელს ბარათებსაც შევთავაზებთ და შესაძლებელი იქნება ბანკომატებით სარგებლობაც. ასევე შესაძლებელია ლარში ტრანზაქციის განხორციელება, ბაზარზე საუკეთესო ტარიფით. შეჯამებისთვის, ციფრულ ბანკს აქვს დაბალი დანახარჯები და არის უფრო მოქნილი, ამიტომ ჩვენი მომხმარებლისთვის ყველა პროდუქტის საუკეთესო პირობებით შეთავაზება შეგვიძლია.
გარდა ტრანზაქციების ხელსაყრელი პირობებისა, კიდევ რა საბანკო პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ციფრული ბანკის ლიცენზია რამდენიმე ეტაპის გავლას ითვალისწინებს. ლიცენზიის გაცემიდან 7 თვე სატესტო რეჟიმში ვიყავით. გასული წლის ზაფხულში უკვე კლიენტების მიღება დავიწყეთ. 2024 წლის იანვრიდან ველოდებით მესამე ეტაპზე გადასვლას, როდესაც უკვე სესხების გაცემა შეგვეძლება. ყველა ტიპის სესხს, დაწყებული სამომხმარებლო-იპოთეკურით და დამთავრებული ბიზნეს-სესხებით, დავიწყებთ ძალიან კარგი და ხელსაყრელი პირობებით.
ციფრული ბანკები სასესხო პროდუქტებით რამდენად მოახერხებენ კონკურენციას ტრადიციულ ბანკებთან?
ციფრული ბანკის ნებისმიერი საბანკო პროდუქტი ცალსახად კონკურენტული იქნება. ციფრულ ბანკში ბევრ გადაწყვეტილებას ალგორითმები იღებენ. ხარჯები სხვა ბანკებთან შედარებით ნაკლები გვაქვს. შესაბამისად, გვაქვს შესაძლებლობა ჩვენს პროდუქტებს ნაკლები ფასიც დავადოთ.
ტრადიციული ბანკებიც უკვე ამ მიმართულებით მიდიან, ბევრი სერვისი მათაც გაციფრულებული აქვთ. ამ ფონზე, როგორც თქვენ ამბობთ, ამ უპირატესობის შენარჩუნებას როგორ მოახერხებთ?
ამ კითხვას ჩვენი ბანკის მაგალითით ვუპასუხებ. ჩვენთან უკვე ძალიან განვითარებულია ციფრული ბანკინგი. ალბათ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოცაა. უპირველესად, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის SEPA გადარიცხვების სისტემა, რომელიც „პეისერა ბანკის“ გარდა საქართველოში არც ერთ სხვა ბანკს აქვს. ვისაც ევროკავშირთან შეხება აქვს მათთვის, იმ საბანკო ანგარიშებს შორის, რომელსაც SEPA აქვს და რომელსაც SEPA არ აქვს, ძალიან დიდი სხვაობაა. ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ნახევარ მილიონამდე ქართველს სჭირდებოდა ბანკი, რომელიც ევროპულ და ქართულ ანგარიშებს ერთ სივრცეში შესთავაზებდა, და გადარიცხვებსა და ჩარიცხვებს ევროპიდან საქართველოში და პირიქით გახდიდა ბევრად უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს. სწორედ ეს არის ჩვენი ნიშაც. „პეისერა ბანკი“ დღეს არის არის ერთადერთი საბანკო ინსტიტუტი, რომლის ანგარიშები ჩართულია ევროპის ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (SEPA), რაც იძლევა ევროპაში ევროს მყისიერი გადარიცხვების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, ეს არის დასვენების დღე თუ სხვა არასამუშაო საათი.
სხვა მიმართულებითაც, ციფრული პროდუქტები, რომელიც დღეს ბაზარზეა, გვაქვს ან იგივე, ან უკეთესი ხარისხის. ამასთანავე, ჩვენ ვიქნებით კონკურენტუნარიანი სწორედ ფასებით. სესხი, რომელიც თუნდაც ერთი პროცენტიც უფრო იაფია, მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი და ხელსაყრელია.
მეორე მიმართულება, სადაც გვგონია, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს – ეს არის B2B შეთავაზებები კომპანიებისთვის. პეისერას ქსელი ძალიან ცნობილია თავისი B2B შეთავაზებებით, რომელიც საქართველოში საერთოდ არ არის. პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია ბიზნესისთვის ციფრული გადახდების მიღებასთან, მარტივად რომ ვთქვათ, ინტერნეტით გადახდების მიღების საშუალება, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ყველაზე იაფი იქნება ბაზარზე და მოხერხებულიც: ბიზნესს შეეძლება ინტერნეტ-ბანკშივე შეუკვეთოს სერვისი, მიაერთოს საკუთარ ვებ-გვერდს API და დაიწყოს გადახდების მიღება ისე, რომ დარეკვაც კი არ დასჭირდეს ჩვენთან, თანაც ეს ყველაფერი 1 დღეში. საქართველოში ვისაც ამ სერვისთან შეხება ჰქონია, იცის, რომ ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. გარდა ამისა, გვაქვს „პლაგ-ინ“-ები მცირე ბიზნესისთვისაც. მარტივ მაგალითს მოვიყვან, რა შეიძლება იყოს პატარა „მერჩანტებისთვის“ საინტერესო. ჩვენთან ინტერნეტ-მაღაზია რომ გახსნა, უნდა დაიქირაო დეველოპერი, შექმნა საკუთარი ვებ-გვერდი, რომელშიც შემდეგ უნდა ჩააშენო გადახდის სისტემები და ასე შემდეგ. ჩვენ კი ბიზნესებს მივცემთ შესაძლებლობას, შექმნან მაგალითად ყველაზე პოპულარული Shopify-ს ინტერნეტ-მაღაზია. ჩვენამდე Shopify-ში ქართული ბიზნესისთვის გადახდების მიღება შესაძლებელი არ იყო. მომხმარებელს ვთავაზობთ Shopify plugin-ს, რომლითაც შესაძლებელია ქართული გადახდების Shopify-სთან მიერთება. დამატებით, ეს ქართველ „მერჩანტებს“ შესაძლებლობას მისცემს გადახდები არა მარტო საქართველოდან, არამედ მთელი მსოფლიოდან მიიღონ. ეს ერთი პატარა მაგალითია. Shopify-ს გარდა, 40 „პლაგინი“ გვაქვს ძალიან პოპულარულ ინტერნეტ-მაღაზიების პლატფორმებთან. ასევე, მაგალითად თუ ვინმე ბინას Airbnb-ზე აქირავებს, და ასეთი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 25 ათასზე მეტი ადამიანია, შეუძლიათ ჩვენი საბანკო ანგარიში მიაერთონ და პლატფორმიდან ჩარიცხვები მიიღონ ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. სხვა ქართული ბანკების ანგარიშების მიერთებისას პლატფორმა 20 დოლარს საკომისიოს გაჭრის, ჩვენი ევროპული ანგარიშის პლატფორმაზე მითითებით კი საკომისიო გამქირავებელს საერთოდ აღარ ექნება. ასეთი ნიშები არის ძალიან ბევრი. რომ შევაჯამო, გარდა იმისა, რომ ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ ყველაფერს იმას, რაც აქვს კარგი ქართულ საბანკო სივრცეს, ასევე ვთავაზობთ დამატებით სერვისებს, რომელიც ევროპაშია ადაპტირებული.
სალიცენზიო პირობების მიხედვით, 2024 წლიდან სესხების გაცემას იწყებთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ვინაიდან ციფრულ ბანკს საოპერაციო ხარჯი ნაკლები აქვს, მომხმარებელს კონკურენტულ სასესხო პროდუქტებს შესთავაზებთ. ტრადიციული ბანკების მსგავსად, რომლებიც თუნდაც ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობენ, რამდენად გექნებათ შესაძლებლობა იაფიანი ფინანსური რესურსი მოიზიდოთ? ამ კუთხით თუ ხედავთ მათ უპირატესობას?
გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული საბანკო ქსელის ნაწილი ვართ, ფინანსური რესურსი ევროში შეიძლება უფრო იაფი გვქონდეს, ვიდრე სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ. მინიშნებისათვის ვიტყვი, რომ მაგალითად, ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორს, „პეისერა ლიეტუვას“ 500 მილიონი ევროს დეპოზიტები აქვს, რაც ჩვენთვის ევროში ფონდების მოზიდვას ამარტივებს.
რაც უფრო გაციფრულებულია სისტემა, უფრო დიდია კიბერშეტევების რისკი? თქვენ როგორ უყურებთ ამ რისკებს და როგორია კიბერუსაფრთხოების ღონისძიებები?
ასეთი საფრთხეები ნამდვილად საკმაოდ დიდია. ჩვენი ქსელი ერთ აპლიკაციასა და ციფრულ ინფრასტრუქტურას იყენებს. გარდა იმისა, რომ ქართული კიბერუსაფრთხოების სისტემებს უნდა მოვერგოთ, რომლის მიმართაც ეროვნულ ბანკს საკმაოდ მკაცრი მიდგომები აქვს, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნები აქვს ევროკავშირს. შესაბამისად, ჩვენი ინფრასტრუქტურა არა მარტო ქართულ, არამედ ევროპულ მოთხოვნებსაც ერგება. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს.
ბოლო პერიოდში ადამიანების ნაწილს გაუჩნდა შიში, რომ ეკონომიკის გაციფრულება, ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრება მათ სამუშაო ადგილებს დააკარგვინებს და შემოსავლის გარეშე დატოვებს. რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს მათი ასეთი შიშები?
ვერ გეტყვით, ჩემი აზრი რამდენად კომპეტენტურია ამ საკითხზე. თუმცა რა გამოცდილებაც მაქვს, არ მგონია ხელოვნური ინტელექტი ძალიან განსხვავებული იყოს სხვა იმ ინოვაციებისგან, რამაც ეკონომიკა ფუნდამენტურად შეცვალა. არის ასეთი ბრიტანელი პროფესორი კარლოტა პერესი, რომელიც ინოვაციების ეკონომიკას სწავლობს. ის საუბრობს 5 მნიშვნელოვან პარადიგმის ცვლილებაზე, რამაც 1700-ანი წლებიდან დღემდე მთლიანად შეცვალა ეკონომიკა. 1900-ანი წლების დასაწყისში იყო მასობრივი წარმოება, რომელიც ფორდის შემოტანილად შეგვიძლია მივიჩნიოთ. შემდეგი – კომპიუტერული რევოლუცია, რომლის დასაწყისადაც 1971 წელი ითვლება. ახლა ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა. ყველა ეს სიახლე ფუნდამენტურად ცვლიდა/ცვლის ეკონომიკას: აქრობს გარკვეულ პროფესიებს და ქმნის კიდევ უფრო მეტ ახალს. მაგალითად, ნალის შემკეთებელი ან ცხენოსანი უფრო ნაკლები გვჭირდება, ვიდრე 1800-ან წლებში გვჭირდებოდა, მაგრამ მანქანების გამოჩენამ ავტოინდუსტრიაში კიდევ უფრო მეტი პროფესია გააჩინა. შესაბამისად, კომპიუტერულ ეპოქაში მბეჭდავის პროფესია ალბათ იშვიათად არსებობს, მაგრამ შეიქმნა ახალი. ხელოვნური ინტელექტიც ბევრ პროფესიას ძალიან შეამცირებს, თუმცა, მგონია უფრო მეტს გააჩენს. ახალი ტექნოლოგიები ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებენ და მას უფრო მეტად პროდუქტიულად აქცევენ. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, პროგრამისტების შემთხვევაში, სენიორ დეველოპერი 30 პროცენტით მეტად პროდუქტიულია, ვიდრე თუნდაც 3 წლის წინ იყო.
პროფესიული საქმიანობის გარდა, კიდევ თუ გაქვთ სხვა ინტერესები, რომელსაც თავისუფალ დროს იყენებთ?
ძალიან ბევრი ინტერესი მაქვს, თუმცა ყველაზე მეტად ახალი სფეროების შესწავლა მიყვარს, რაზეც აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა. ვფიქრობ, ეს აზროვნებაში მეხმარება. სპორტი მიყვარს – ჭადრაკი, კალათბურთი, ცურვა. ასევე მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. თუმცა, ამისთვის ბოლო წლებია ნაკლებად ვიცლი. ამჟამად უფრო პროფესიული მიმართულებით ვკითხულობ წიგნებს.
ესაუბრა მაკა ხარაზიშვილი

