რატომ შევიდა გლობალური ენერგობაზარი რეცესიულ ფაზაში
გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და საწვავის ფასების ზრდა ჯერჯერობით კვლავ გრძელდება, რამაც საერთაშორისო ბენჩმარკები (Brent და WTI) ბოლო ოთხი წლის უმაღლეს ნიშნულთან დააბრუნა. მსოფლიო ენერგეტიკულ ბირჟებზე, 2026 წლის 2 ოქტომბრის სავაჭრო სესიის შედეგებით, Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე $103-მდე გაიზარდა, ხოლო ამერიკული WTI ნავთობის საფასური $93-ს შეადგენს.
შედარებისთვის: 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და რუსული ნავთობის ბოიკოტის ფონზე, ბაზარზე გაჩენილი პანიკის გამო Brent-ის ფასი ბარელზე $120-ს გასცდა, ხოლო პიკურ მომენტში, მოკლე დროით, $139-საც კი მიაღწია. ამჟამინდელი ფასების მკვეთრი ნახტომის მთავარი საფუძველი გლობალურ მიწოდებაში გაჩენილი გიგანტური დეფიციტია. თუ კრიზისამდე მსოფლიო ბაზარზე, მხოლოდ ჰორმუზის სრუტის გავლით, დღეში 20 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტი გადაადგილდებოდა, დღეისათვის, ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინა-რუსეთის ომების გამო, გლობალური გადამუშავების დეფიციტი დღეში 6.5 მილიონ ბარელს აღწევს, რამაც საწვავის საზღვაო ვაჭრობა თითქმის 45%-ით შეამცირა.
საწვავის კრიზისის ძირითადი კერები
პირველ მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი სახელდება, რომლის გამოც მსოფლიოს უმთავრესი საზღვაო არტერია – ჰორმუზის სრუტე ნორმალური სატრანზიტო მიმოსვლისთვის პრაქტიკულად ჩაიკეტა. ირანის მმართველმა რეჟიმმა შეძლო და კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე თითქმის მთლიანად შეაჩერა ტანკერების მოძრაობა; იგი შეეცადა, სრუტეში მხოლოდ მის მიერ ნებადართულ გემებს ემოძრავათ. ირანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენჯერმე ტანკერებს ცეცხლიც კი გაუხსნეს. შედეგად, თუ ომამდე სრუტეში ყოველდღიურად 20 მილიონ ბარელამდე ნავთობი გადაიზიდებოდა, კრიზისის დასაწყისში ტრანსპორტირება თითქმის სრულად შეჩერდა. მოგვიანებით, აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების ძალისხმევით, სრუტეში ტანკერების მიმოსვლა გარკვეულწილად აღდგა. შედეგად, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში ყოველდღიური გადაზიდვის მოცულობა 7.6 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც ომამდელ ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ირანის რეჟიმის მცდელობისა, სრუტე მთლიანად ჩაკეტოს და თავისი პირობები უკარნახოს შეერთებულ შტატებს, ამერიკული სამხედრო გემების ესკორტის, საზღვაო ნაღმების გაუვნებელყოფისა და გემების მიერ ნავიგაციის (GPS) გამორთვის შედეგად, ნედლი ნავთობის ნაკადების ნაწილობრივი აღდგენა მაინც მოხერხდა. CNBC-ის უახლესი მონაცემებით, სექტემბრის ბოლო დღეებში სრუტეში ნედლი ნავთობის გამტარობამ დღეში 13.5 მილიონ ბარელსაც კი მიაღწია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ირანი სრუტეზე სრულ კონტროლს კარგავს. თუმცა, გადამუშავებული პროდუქტების (დიზელი, ნავთი) ტრანსპორტირება კვლავ მინიმუმამდეა დაყვანილი.
ჰორმუზის სრუტის ბლოკირებისას სპარსეთის ყურის ქვეყნები შეეცადნენ, კრიზისისთვის ალტერნატიული ნავთობსადენებით აევლოთ გვერდი. მაგალითად, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში საუდის არაბეთმა თავისი „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენის (East-West Pipeline) დატვირთვა მაქსიმალურ, დღეში 7 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რათა ნავთობი წითელი ზღვის პორტ იანბუში მიეტანა. თუმცა, ეს გეგმა დროებით ჩაიშალა: 11 სექტემბერს ერაყიდან გაშვებულმა დრონებმა მილსადენი დააზიანეს და საუდელები იძულებულნი გახდნენ, ის სრულად დაეხურათ. მიუხედავად იმისა, რომ Aramco-მ 22 სექტემბრიდან ნაწილობრივი აღდგენა (დღეში 4 მლნ ბარელამდე) შეძლო, წითელი ზღვა და ბაბ ელ-მანდების სრუტეც საბრძოლო ზონად იქცა. აქ უსაფრთხოების მთავარ რისკს ჰუთები (იგივე ჰუსიტები) – იემენში ბაზირებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური შეიარაღებული დაჯგუფება წარმოადგენენ, რომლებიც წითელი ზღვის სტრატეგიულ სანაპირო ზოლს აკონტროლებენ და სავაჭრო გემებსა თუ ნავთობტანკერებს რაკეტებითა და დრონებით სისტემატურად ესხმიან თავს. შესაბამისად, ჰორმუზის სრუტის სრულფასოვანი ალტერნატივა ამ დროისთვის არ არსებობს. ასევე, წამყვანი მედიასაშუალებების, მათ შორის Bloomberg-ისა და Financial Times-ის სექტემბრის ბოლო დღეების ინფორმაციით, ტანკერების გადაზიდვის ხარჯები ერთი რეისისთვის $4.5 მილიონიდან $63 მილიონამდე გაიზარდა.
თუ ახლო აღმოსავლეთი ნედლი ნავთობის კრიზისს ქმნის, დიზელის გლობალურ დეფიციტში უმთავრესი ფაქტორი რუსეთია. უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა დრონებმა სისტემატური დარტყმები მიაყენეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რის შედეგადაც გადამუშავების სიმძლავრეების 25%-ზე მეტი მწყობრიდან გამოვიდა. რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი დიზელის ექსპორტიორი იყო, თუმცა ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო რუსული ნავთობპროდუქტების გლობალური მიწოდება დღეში 310,000-360,000 ბარელით შემცირდა.
ვინაიდან დაზიანებული ქარხნების გამო რუსეთი შიდა ბაზარზე ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტს შეეჯახა, კრემლმა ოფიციალურად დააწესა და გაახანგრძლივა დიზელის ექსპორტის სრული აკრძალვა. იმავდროულად, 2026 წლის 1 ოქტომბერს, მოსკოვში, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო ფორუმზე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ექსპორტს მანამ არ აღადგენს, სანამ დასავლეთი სანქციებს არ მოხსნის. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს უფრო პუტინის იძულებითი ბლეფია, რომელიც რეალობადაა შეფუთული: რუსეთს ფიზიკურად არ აქვს იმდენი გადამუშავებული დიზელი, რომ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების გარეშე ექსპორტზე გაიტანოს, ამიტომ კრემლი საკუთარ ინფრასტრუქტურულ უძლურებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს.
აშშ-ის შუალედური არჩევნები და ამერიკული პარადოქსი
თავის მხრივ, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც რთულ პოზიციაშია. აშშ-ში მოახლოებული კონგრესის შუალედური არჩევნების წინ, დიზელის ფასის 58%-იანი ზრდა მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეიტინგზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან დიზელი პირდაპირ აძვირებს ლოგისტიკას და იწვევს პროდუქტებზე ფასების ზრდას.
ამერიკამ შეძლო და ნავთობის მოპოვება დღეში თითქმის 2 მილიონი ბარელით გაზარდა, თუმცა აშშ ვერ აბალანსებს დიზელის გლობალურ დეფიციტს. მიზეზი ქიმიურია: ამერიკული მოპოვებული ნედლი ნავთობი არის „მსუბუქი“ (light sweet crude), საიდანაც გადამუშავებისას ბევრად მეტი ბენზინი მიიღება, ვიდრე დიზელი ან საავიაციო ნავთი. დიზელის მისაღებად საჭიროა „მძიმე“ ნავთობი, რომლის ძირითადი მწარმოებლებიც სწორედ ახლო აღმოსავლეთი და რუსეთი იყვნენ.
ვინაიდან დიზელის კრიზისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის ინფრასტრუქტურის დაზიანებაა, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკის და მოუწოდა, შეწყვიტოს დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. ტრამპის განცხადებით, უკრაინული დრონები აზარალებენ გლობალურ საწვავის ბაზარს.
მიუხედავად შიდა პოლიტიკური ზიანისა, აშშ-ის ეკონომიკა და ნავთობკომპანიები კოლოსურ მოგებას მაინც იღებენ. ნავთობისა და გაზის გაძვირებულ ფასებში ექსპორტით ამერიკულ ბიუჯეტსა და კერძო სექტორში მილიარდობით დოლარის დამატებითი შემოსავალი შედის, რითაც აშშ ენერგეტიკული კრიზისის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად გვევლინება.
G7-ის საგანგებო ინტერვენცია
მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ტრამპის ადმინისტრაციამ მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა გერმანიასა და საფრანგეთს: დაუყოვნებლივ გახსნან თავიანთი სტრატეგიული რეზერვები და ბაზარზე 120 მილიონი ბარელი დიზელი გამოიტანონ მომდევნო 6 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი ევროპისთვის ამერიკული დიზელის ექსპორტის აკრძალვით დაიმუქრა.
ევროკავშირის საგანგებო მოლაპარაკებებისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ჩართულობის შემდეგ, დიდი შვიდეულის (G7) ლიდერებმა მიაღწიეს კომპრომისს. ისინი შეთანხმდნენ 100 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობისა და დიზელის კოორდინირებულ გამოთავისუფლებაზე მომდევნო 4 თვის განმავლობაში. ექსპერტების ვარაუდით, ეს ბაზარს დროებით ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ფასებს 5-10%-ით შეამცირებს, თუმცა ეფექტი მხოლოდ მოკლევადიანი იქნება.
საწვავის ფასების ზრდის ტენდენციას კიდევ უფრო ამწვავებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მესამე ავიამზიდის „დარტყმით ჯგუფსა“ და დამატებით 10,000 სამხედროს გზავნის. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს შესაძლოა ირანის ნავთობინფრასტრუქტურაზე პირდაპირი იერიშის მომზადების სიგნალი იყოს. ამ ცნობამ ბაზარზე ნავთობის ფასი მომენტალურად 4%-ით ასწია. თუ კონფლიქტი ირანის გადამამუშავებელ ობიექტებზე პირდაპირ დარტყმებში გადაიზარდა, ნავთობის ფასი მარტივად გადააბიჯებს $120–130-იან ნიშნულს.
მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი აჩვენებს, რომ გლობალური ბაზარი არა უბრალოდ ნედლეულის, არამედ ლოგისტიკური არტერიებისა და გადამუშავების სიმძლავრეების მწვავე დეფიციტს განიცდის. G7-ის მიერ სტრატეგიული რეზერვების გახსნა არის დროებითი ფინანსური და ფიზიკური ინტერვენცია, რომელიც სპეკულაციურ წნეხს შეამცირებს, თუმცა პრობლემის ფუნდამენტურ გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.
ბიზნესსექტორისა და ინვესტორებისთვის ეს მოცემულობა ნიშნავს, რომ უახლოეს კვარტლებში საოპერაციო და ლოგისტიკური ხარჯები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სანამ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო გზების უსაფრთხოება არ აღდგება და სანამ არ მოხდება ნავთობის გადამუშავების გეოგრაფიული დივერსიფიკაცია, საერთაშორისო ბაზარს მოუწევს შეეგუოს „ახალ ნორმას“ – უკიდურესად ძვირ საწვავსა და მზარდ ინფლაციურ რისკებს.

