კორეული ავტოგიგანტის წარმატების ფორმულა
სამხრეთკორეული ავტოგიგანტი Hyundai ტრადიციულად ასოცირდება ხელმისაწვდომ და საიმედო საოჯახო ავტომობილებთან. 2008 წელს კომპანიაში პრემიუმ კლასის სედანი Hyundai Genesis გამოუშვეს. ეს პროექტი იმდენად წარმატებული გამოდგა, მენეჯმენტმა მისი დედა-კომპანიისგან გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო, რათა მდიდრული მანქანების მყიდველებს ბრენდი ბიუჯეტურ იმიჯთან არ დაეკავშირებინათ. ასე გახდა Genesis-ი სრულიად დამოუკიდებელი ლუქს-ბრენდი, რომელმაც უმოკლეს დროში უდიდესი აღიარება მოიპოვა აშშ-სა და აზიის ბაზრებზე. იგი დღესაც კონკურენციას უწევს გერმანულ „დიდ სამეულს“ (BMW, Mercedes-Benz, Audi). თავად Hyundai-მ კიდევ უფრო გაზარდა გაყიდვები მასობრივ სეგმენტსა და ელექტრომობილებში.
კორეული ბრენდის დაბადება
Hyundai-ს დამაარსებელი ჩან ჯუ-იან (Chung Ju-Yung) 1915 წელს დაიბადა სოფელ ასანში – ქვეყნის იმ ნაწილში, რომელიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ჩრდილოეთ კორეა გახდა. მისმა მშობლებმა, რომლებსაც კიდევ შვიდი შვილი ჰყავდათ, ღარიბი ფერმერების პირობაზე იმდენი მოახერხეს, რომ უფროსი პირმშოსთვის სოფლის სტანდარტებით ღირსეული განათლება მიეცათ: მომავალმა ოლიგარქმა დაწყებითი სკოლა დაამთავრა.
18 წლის ასაკში ჩანი სეულში გაემგზავრა ფულის საშოვნელად. ის მუშაობდა მტვირთავად, მუშად, კურიერად, ავტომექანიკოსად. 1939 წელს საკუთარი ბიზნესი გახსნა – ავტოსარემონტო სახელოსნო. 1947 წელს ჩან ჯუ-იანმა დააარსა მსხვილი ჰოლდინგი „ჰიუნდაი“, რომელიც სხვადასხვა ბიზნესს (მათ შორის ფოლადის წარმოებას, ელექტრონიკას, მშენებლობას და ნავთობქიმიურ მრეწველობას) ავითარებდა. ჰოლდინგის ფარგლებში არსებულ განყოფილებებს დამფუძნებლის ოჯახის წევრები მართავდნენ. ამ ბიზნესებს შორის იყო ავტომობილების წარმოება, რომელიც Hyundai Motor Company-ის სახელით ხორციელდებოდა. სეულში, 1967 წლის 29 დეკემბერს დაარსებულმა საავტომობილო კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კორეის ავტოინდუსტრიის განვითარებაში.

ჯერ Ford-ისთვის, ბოლოს – საკუთარი იმიჯისთვის
კომპანიის საავტომობილო ისტორია სწორედ უცხოურ გიგანტებთან პარტნიორობით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ Hyundai-ს საავტომობილო ბრენდი ულსანის ქარხნის აშენებისას ჯერ კიდევ არ არსებობდა; ყველაფერი მცირე სერიებში ლიცენზირებული ავტომობილების წარმოებით დაიწყო. ჩან ჯუ-იანმა წარმოების ტექნოლოგიების ასათვისებლად Ford-ს მიმართა და ორგანიზება გაუწია Ford Cortina-სა და Ford Granada-ს სედანების, ასევე Ford D-750 სატვირთო მანქანების აწყობას. ქარხნის პირველადი წლიური სიმძლავრე მხოლოდ 20 ათასი ავტომობილი იყო და იგი მეტწილად ამ ამერიკული ბრენდის მესვეურებთან თანამშრომლობის ხარჯზე იყო დატვირთული. ყველაფერი 1980-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა, სანამ Hyundai-ს მენეჯმენტმა საკუთარი ავტომობილის შემუშავება არ გადაწყვიტა.

მას შემდეგ საწარმომ კოლოსალური ევოლუცია განიცადა. 1968 წელს დაწყებული ულსანის ქარხნის მშენებლობა გადაიქცა მსოფლიოში ყველაზე დიდ ინტეგრირებულ საავტომობილო საწარმოდ, სადაც კონვეიერიდან ყოველწლიურად 1,6 მილიონი ავტომობილი ჩამოდის. Hyundai Glovis-ის გლობალური ფლოტისა და საკუთარი ფოლადის მწარმოებელი ერთეულის მეშვეობით, კორპორაცია წარმოების მთელ ჯაჭვს სრულად აკონტროლებს.

ევროპის ბაზარზე Cortina-ს წარმატების შემდეგ, კომპანიამ ბრიტანული Austin Morris-ის ყოფილი მმართველი დირექტორი ჯორჯ ტერნბული (George Turnbull) დაიქირავა. მან, თავის მხრივ, კიდევ 5 წამყვანი ბრიტანელი ინჟინერი (კენეტ ბარნეტი, ჯონ სიმპსონი, ედვარდ ჩეპმენი, ჯონ კროსთვეიტი, პიტერ სლეიტერი) იახლა. სამუშაო ჯგუფმა, Hyundai-ს სადებიუტო მანქანისთვის საინჟინრო ნიმუშად ბრიტანული ავტომობილის, Morris Marina-ს ორი ეგზემპლარი (სედანი და კუპე) აიღო. ასე შეიქმნა 1975 წელს Hyundai Pony – პირველი კორეული ავტომობილი, რომლის ექსტერიერის სტილიც სახელოვანი იტალიური სტუდია ItalDesing-ის დამფუძნებელმა და დიზაინერმა ჯორჯეტო ჯუჯიარომ (Giorgetto Giugiaro) შეიმუშავა. ავტომობილი სამკარიანი ჰეჩბეკის, ოთხკარიანი ფასტბექის, ხუთკარიანი უნივერსალისა და პიკაპის ვერსიებით იყიდებოდა, რამაც კომპანიის სწრაფ აღმავლობასა და წარმოების განვითარებას სერიოზული ბიძგი მისცა. თავად ტერნბული კი, მიღწეული წარმატების გამო, სამი წლის ვადით Hyundai Motor Company-ის ვიცე-პრეზიდენტად და დირექტორად დაინიშნა.
უცხოელმა ჟურნალისტებმა Hyundai Pony-ს „კორეული ეკონომიკური სასწაული“ შეარქვეს. ავტომობილმა კორეის შიდა ბაზარზე გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა, რამაც Hyundai ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ საავტომობილო კომპანიად აქცია. ამ წარმატებული დებიუტის შემდეგ, დაიწყო Pony-ს ექსპორტი, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 1976 წლისთვის ავტომობილი ევროპის ბაზარზეც შევიდა.

ორი წლის შემდეგ, Hyundai-ს სამოდელო ხაზის კიდევ ერთი წევრი, Granada, წარადგინეს, ხოლო 1985 წელს Hyundai Axel-ის დებიუტი შედგა, რომელიც შემდგომში კანადაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილი გახდა. ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შესვლა ნებისმიერი კომპანიისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. 1986 წელს Hyundai Motor-მა წარმატებით გადადგა ეს ნაბიჯი – კორპორაციამ დაიწყო თავისი ავტომობილების ექსპორტი შეერთებულ შტატებში და 1990-იანი წლების დასაწყისისთვის ექსპორტმა მილიონ ერთეულს მიაღწია.
1988 წელს Hyundai-მ გამოუშვა Sonata, მისი პირველი, სრულიად „ადგილობრივი“ მოდელი (თუ Mitsubishi-ს ლიცენზირებულ ძრავებს არ ჩავთვლით). ეს იყო ბიზნესკლასის სედანი „კორეულად“, როგორც მას მაშინ უწოდებდნენ. ევროპული სტანდარტებით, ის ბიზნესკლასის მანქანისთვის ოდნავ პატარა იყო. სტანდარტულ აღჭურვილობაში შედიოდა შესაბამისი დონის ინტერიერი, ელექტროსავარძლები, სარკეების გათბობა და კრუიზ-კონტროლი; ავტომობილს ამოძრავებდა 3-ლიტრიანი, 160 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ექვსცილინდრიანი ძრავა. მას შემდეგ ეს მოდელი არაერთხელ განახლდა და დღემდე წარმოებაშია.
ზუსტად ერთი წლის შემდეგ, Hyundai-მ შექმნა პირველი საკუთარი ძრავა – 1,5-ლიტრიანი Alpha. 1991 წლიდან გამოჩნდა Beta ძრავა. 1990-იანი წლების დასაწყისში, კონვეიერიდან პირველი კონცეპტუალური ავტომობილი Hyundai HCD-I ჩამოვიდა. რამდენიმე განახლების შემდეგ, ის Hyundai Coupe-ს სახით, სერიულ ავტომობილად იქცა. ათწლეულის ბოლოსთვის Hyundai-მ მრავალი სხვა მოდელი გამოუშვა (Accent, XG, Elantra, Atoz, Centennial, Trajet).

1999 წლის იანვარში, დეტროიტის ავტო-შოუზე კროსოვერ Santa Fe-ს წარდგენა შედგა. ეს მანქანა გამოირჩევა შთამბეჭდავი, უნიკალური და ძალიან მიმზიდველი დიზაინით. სალონი კომფორტული და რბილია, ხოლო მძლავრი 2,0-ლიტრიანი ძრავა 136 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (ან 179 ცხენის ძალას 2,7-ლიტრიანი ძრავისთვის). ეს საკმარისზე მეტია ქალაქში და ქალაქგარეთ გასეირნებისას. მოდელმა მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ერთგვარი „ქალაქის კროსოვერის“ და არა ნამდვილი SUV-ის, მაგრამ ის დამსახურებულად პოპულარულია. მისი ფასისა და ხარისხის თანაფარდობა ექსპერტების თქმით, გამართლებულია.
2001 წელს, Hyundai-მ წარმოების გლობალური გაფართოება დაიწყო: ჯერ კიდევ 1998 წელს გახსნილ ინდურ ქარხანაში Sonata-ს ახალი ვერსიის წარმოება დაიწყო, ხოლო 1997 წლიდან მოქმედმა თურქულმა საწარმომ აქტიურად დაიწყო H-1 ფურგონების წარმოება. იმავდროულად, Hyundai გახდა UEFA-ს ევრო 2000-ის, FIFA-ს 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და UEFA-ს ევრო 2004-ის ექსკლუზიური საავტომობილო სპონსორი. Hyundai Motor Company-ი დღემდე FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატების ოფიციალური სპონსორია. შედეგად, კორეული კომპანია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის 6 ოფიციალური პარტნიორიდან ერთ-ერთად იქცა.
2004 წელს გამოშვებულმა კომპაქტურმა კროსოვერმა Tucson-მა კანადის საავტომობილო ჟურნალისტთა ასოციაციისგან (AJAC) „საუკეთესო ახალი კროსოვერის“ ჯილდო მიიღო. იმავე წელს, მოდელმა ტოკიოშიც მიაღწია წარმატებას, სადაც იაპონიის სამრეწველო დიზაინის ხელშეწყობის ორგანიზაციამ საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილად (Good Desing Award) აღიარა.
2007 წელს გამოვიდა i-სერიის პირველი მოდელი i30, რომელიც ევროპელი მომხმარებლების სპეციფიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. Hyundai-მ ამ ნაბიჯით, ამავე სეგმენტის კონკურენტი მწარმოებლები რეალური გამოწვევის წინაშე დააყენა.
„მწვანე“ ტრანსფორმაცია
2010 წლიდან მოყოლებული Hyundai Motor Company დიდ ყურადღებას უთმობს ეკო-მეგობრულ ავტომობილებსა და ტექნოლოგიებს. 2021 წლის დეკლარირებით, კომპანიამ მიზნად დაისახა, რომ 2045 წლამდე საკუთარი წარმოების თითოეულ ეტაპზე CO2-ის ემისიებს ნულამდე დაიყვანს. 2035 წლიდან, ევროპაში გაყიდვადი ბრენდის ნებისმიერი ახალი ავტომობილი ან ბატარეაზე მომუშავე ან წყალბადის საწვავის ელემენტზე მომუშავე ელექტრომობილი იქნება. ამ დაპირებების დათქმული დროისთვის შესასრულებლად საფუძვლის ჩაყრას, კორეული ბრენდის მენეჯმენტი გაცილებით ადრე შეუდგა:
2013 წელი – გამოშვებული ix35 მასობრივი წარმოების წყალბადის ძრავზე მომუშავე, მსოფლიოში პირველი წყალბადის საწვავის ელემენტზე მომუშავე ავტომობილია;

2016 წელი – Hyundai-მ გამოუშვა მოდელი IONIQ. ესაა მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომელიც ხელმისაწვდომია 3 ელექტროძალური აგრეგატიდან ერთ-ერთით (ჰიბრიდული ტრანსმისია, დატენვადი ჰიბრიდი და სრულად ელექტროძალური დანადგარი);
2017 წელი – მძლავრი სამუშაო მახასიათებლების მქონე N ხაზის მოდელების პრემიერა i30-ის გამოშვებით შედგა. i30 N შეიქმნა საიმისოდ, რომ მომხმარებლებს მიანიჭოს მართვით გამოწვეული სიამოვნება როგორც ქალაქში, ასევე სარბოლო ტრასებზე. მოდელების ამ სერიას საფუძველი ნამიონგში (სეულის ისტორიული უბანი) ჩაეყარა, შემდეგ კი ნიუბურგრინგში (ფორმულა 1-ის ტრასა გერმანიაში) განვითარდა;
2018 წელი – მრავალმხრივი და სახალისო, სრულიად ახალი KONA Electric არის პირველი კომპაქტური ელექტრო-კროსოვერი ევროპაში. მოდელი გამოირჩევა ერთი დამუხტვით შთამბეჭდავი გარბენით (377-დან 514 კმ-მდე) და ტევადი ინტერიერით;
2019 წელი – ელექტრომობილების ახალი კონცეფცია „45“. იგი პირველად ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოჩნდა. არის Hyundai-ს ერთ-ერთი ყველაზე საკულტო Pony Coupe Concept-ის მემკვიდრეობა. ეს ხაზი ზედმიწევნით ასახავს ბრენდის ხედვას, რომელიც ეფუძნება ელექტრიფიკაციას, ახალ ტექნოლოგიებსა და ჭკვიან დიზაინს;
2020 წელი – ახალი ავტომობილების გამოშვების და სხვა მიღწევების მხრივ, რეკორდული წელია. შეიქმნა და განახლდა 7 მოდელი. ახალი Tucson-ის გამოშვებით დასრულდა კროსოვერების ხაზის ელექტრიფიკაციის პროცესი. ახლა უკვე ხელმისაწვდომია Santa Fe-ს და Tucson-ის ჰიბრიდული და დატენვადი ვერსიები. აგრეთვე, უკვე ხელმისაწვდომია KONA-ს ჰიბრიდული და სრულად ელექტროვერსიები;
2021 წელი – IONIQ 5 პირველი მოდელია, რომელიც ბატარეაზე მომუშავე ავტომობილებისთვის სპეციალური სისტემის ბაზაზე შეიქმნა;
2022 წელი – გაიზარდა ელექტრო IONIQ მოდელების ხაზი. გამოვიდა IONIQ 6 – 4-კარიანი სედანი, რომლის დიზაინი კონცეფცია Prophecy Concept EV-ის ნაწილია;
2023 წელი – მაისში, Hyundai-მ LG Energy Solution-თან ერთად, აშშ-ში დააარსა ერთობლივი საწარმო ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის;
2024 წელი – ოქტომბერში Hyundai Motor-მა განაცხადა, რომ მან SK E&S-თან და სხვა პარტნიორებთან ხელი მოაწერა 610 გიგავატ/საათის სიმძლავრის ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებას, რაც განახლებადი ენერგიის გარდამავალი ძალისხმევის უახლესი ეტაპია.
დაარსების დღიდან, Hyundai Motor Company-ი მუდმივად აშენებს ახალ ქარხნებს და ავითარებს თავისი ბრენდის ტექნოლოგიებს. მისი მთავარი მიზანი იყო გლობალურ ასპარეზზე გასვლა და თავის სფეროში ათ საუკეთესო კომპანიას შორის მოხვედრა. Hyundai-მ წარმატებით მიაღწია ამ მიზნებს. დღეს ის ნამდვილად შთამბეჭდავი კომპანიაა. მისი მანქანები უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მილიონობით ავტომოყვარულში და მისი ქარხნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მდებარეობს. და, რაც მთავარია, Hyundai Motor Company-ი აგრძელებს წინსვლას და ყოველწლიურად უახლოვდება საავტომობილო ბიზნესის გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბებას.
Genesis პრემიუმ ბრენდის შექმნისა და განვითარების ისტორია
Genesis-ის სახით Hyundai-ს სუბბრენდის ისტორია მის ოფიციალურ შექმნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 1999 წელს Hyundai-მ პირველად შეაბიჯა პრემიუმ სეგმენტში, როცა გამოუშვა Equus სედანი Mitsubishi-სთან პარტნიორობით. ეს მანქანა 2016 წლამდე ექსკლუზიურად კორეული ბაზრისთვის იწარმოებოდა და მომავალი პრემიუმ მოდელების საცდელ პოლიგონად იქცა.

ცალკე პრემიუმ სუბბრენდის შექმნის გადაწყვეტილება იაპონელი მწარმოებლების – Lexus-ი Toyota-დან, Infiniti-ი Nissan-დან და Acura Honda-დან მაგალითის საფუძველზე მიიღეს. ამ ბრენდებმა დაამტკიცეს, რომ აზიურ კომპანიებს წარმატებით შეუძლიათ ევროპულ პრემიუმ ბრენდებთან კონკურენცია.
პროექტი 2003 წელს დაიწყო და პირველი 23 თვის განმავლობაში მწარმოებელმა 500 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ასეთი მასშტაბური ინვესტიცია ადასტურებდა Hyundai-ს სერიოზულ განზრახვას პრემიუმ სეგმენტში.
Genesis-ის კონცეფცია 2007 წლის მარტში წარადგინეს, ხოლო სერიული მოდელის დებიუტი დეტროიტის საერთაშორისო ავტოშოუზე 2008 წელს შედგა. საწყისი მანქანები Hyundai Genesis-ის სახელით იწარმოებოდა, მწარმოებელი კი ბაზრის რეაქციებს ყურადღებით აკვირდებოდა და პროდუქტის დახვეწას ახდენდა. საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეის ბაზარზე სედანს Hyundai-ს ლოგო არ ჰქონდა – მას უკვე ჰქონდა „დამოუკიდებელი“ Genesis-ის ნიშანი. ეს იმაზე მიუთითებდა, რომ მწარმოებელი ქვეყანა თავიდანვე გეგმავდა ახალი ბრენდის ცალკე სუბიექტად გამოყოფას.

შვიდი წლის განმავლობაში მწარმოებელი ამოწმებდა პროექტის სიცოცხლისუნარიანობას, სწავლობდა მოთხოვნას და აუმჯობესებდა თავის ტექნოლოგიებს. 2013 წლისთვის გამოვიდა სედანის მეორე თაობა, რომელმაც უკვე აჩვენა მაღალი გაყიდვები და ექსპერტთა დადებითი შეფასებები.
2015 წლის 4 ნოემბერს, Genesis-მა ოფიციალურად გამოაცხადა ცალკე ბრენდის შექმნის შესახებ. პირველი მოდელი, რომელმაც ახალი Genesis-ის ნიშანი მიიღო, იყო ფლაგმანური სედანი G90. მან ჩაანაცვლა Hyundai Equus. მწარმოებელი ამ მანქანას Mercedes S-Class-ის პირდაპირ კონკურენტად აფასებს, თუმცა უფრო ხელმისაწვდომ ფასად. 2021 წელს წარდგენილმა მეორე თაობამ მიიღო 3,5-ლიტრიანი ტურბოძრავა, რომელიც 409 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.
კროსოვერების წარმოება Genesis-ის ქვებრენდისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია. Genesis GV80 ბრენდის პირველი კროსოვერია, რომლის დებიუტი 2020 წელს შედგა. მწარმოებელმა ამ მოდელის განვითარებაშიც დიდი ინვესტიცია ჩადო და შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა – ავტომობილმა წლის გაყიდვების მხრივ მეორე ადგილი დაიკავა 173.882 გაყიდული ერთეულით.

მწარმოებელი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს Genesis-ის ავტომობილების ექსპორტს მსოფლიოს 17 ბაზარზე, მათ შორის აშშ-ში, ჩინეთში, ავსტრალიაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. 2023 წლის აგვისტოსთვის მწარმოებელმა მიაღწია გაყიდული 1 მილიონი ავტომობილის ნიშნულს – შთამბეჭდავი მიღწევა სუბბრენდისთვის, რომელსაც ჯერ არ აღუნიშნავს 10 წლის იუბილე.
Genesis-ი აქტიურად ჩაერთო ელექტროფერხულში. 2025 წლიდან ბრენდმა ელექტრომოდელების ექსკლუზიურად შემუშავება დაიწყო. ორი სედანი და ოთხი ელექტროკროსოვერი შემუშავების პროცესშია, ხოლო შიდა წვის ძრავიანი არსებული მოდელების წარმოება მოთხოვნის მიხედვით გაგრძელდება.
Genesis-ი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია აზიურ მწარმოებელს კონკურენცია წარმატებით გაუწიოს ტრადიციულ ევროპულ პრემიუმ ბრენდებს. სამხრეთ კორეამ დაამტკიცა თავისი უნარი, შექმნას მსოფლიო დონის მანქანები, რომლებიც აერთიანებს ფუფუნებას, ტექნოლოგიასა და ხელმისაწვდომ ფასს.
Hyundai-სა და Genesis-ის ისტორია ამტკიცებს, რომ გონივრული განცალკევება ხშირად იმაზე ძლიერი ბიზნეს-ინსტრუმენტია, ვიდრე მასშტაბური გაერთიანებები. ბრენდების გაყოფამ კორპორაციას უპრეცედენტო მოქნილობა მიანიჭა, რაც დღეს მათ „მწვანე“ ტრანსფორმაციასა და ელექტრომობილების ბაზრის ათვისებაშიც ეხმარება. სამხრეთ კორეამ დაამტკიცა, რომ სწორად მართულ სუბბრენდს ნებისმიერი ტრადიციული ევროპული თუ ამერიკული გიგანტის გამოწვევა შეუძლია.
ფრიდონ კერვალიშვილი

