მინი-დოსიე
ალექსანდრე ჩხეიძე – პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. დაიბადა 1938 წლის 26 ოქტომბერს. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. 1968 წლამდე ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში ლაბორანტიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლამდე. 1968-1990 წლებში მუშაობდა საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1990-1992 წლებში საქართველოს ტრანსპორტის მინისტრია. 1995 წლიდან საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი და სატრანსპორტო კომპანია „ინსტრა“-ს გენერალური დირექტორია. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი, საერთაშორისო სატრანსპორტო აკადემიის წევრი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი და სატრანსპორტო სისტემების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი, ორმოცზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და რვა გამოგონების ავტორი. დაჯილდოებულია სხვა ჯილდოებთან ერთად ღირსების მედლითა და ორდენით.
კორ. – ბატონო ალეკო, როდის და როგორ დაიწყეთ ბიზნესი? იყო თუ არა ეს გააზრებული ნაბიჯის შედეგი?
ა.ჩ. – 1994 წელს თანამოაზრეებთან ერთად საავტომობილო გადამზიდავთა საერთაშორისო ასოციაცია „ჯირკა“ (GIRCA) შევქმენით. ამავე პერიოდში კავკასიის და კერძოდ საქართველოს მიმართულებით დიდი ტვირთნაკადები გაჩნდა. ძირითად ნომენკლატურას ჰუმანიტარული ტვირთი წარმოადგენდა. ამის გათვალისწინებით, 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ კომპანია „ინსტრა“. თავდაპირველი გეგმით, გადაზიდვებთან ერთად კომპანიას ტვირთების დაზღვევაც უნდა განეხორციელებინა, მაგრამ 2 წლის შემდეგ, დაზღვევის სფეროში წარმოშობილი სირთულეების გამო, „ინსტრა“ წმინდა სატრანსპორტო სექტორზე გადაერთო, რომლის სამოქმედო არეალი თანდათან გავაფართოვეთ.
რა თქმა უნდა, „ინსტრა“-ს ჩამოყალიბება გააზრებული ნაბიჯი იყო. ფირმა დააფუძნეს იმ პირებმა, რომლებიც სატრანსპორტო დარგში ადრეც მუშაობდნენ და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ. ამიტომ აქ შემთხვევითობაზე საუბარი ალბათ არ შეიძლება.
– როდესაც საკუთარ საქმეს იწყებდით, კომპანიის განვითარების გრძელვადიანი გეგმა თუ გქონდათ?
– პროფილი თავიდანვე განსაზღვრული იყო – საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვები და საექსპედიციო საქმიანობა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც გრძელვადიანი, მასშტაბური გეგმა არსებობდა. ალბათ უფრო ტვირთნაკადების მოზიდვის სურვილი გვქონდა, ვიდრე ნათლად დალაგებული გეგმა. ჩვენ ვიცოდით, რომ საჭიროა მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარება. რასაკვირველია, პერსპექტივაში გვქონდა კავკასია-შუა აზიის მიმართულებით საქმიანობის გაფართოებაც.
დასაწყისში რუსეთის პორტებზე და როსტოვის მიმართულებაზე ვმუშაობდით. თუმცა, შესამჩნევი წარმატების გარეშე. შემდეგ კი უკრაინის პროექტი გამოჩნდა და ჩვენ სატრანსპორტო კომპანია „უკრფერის“ პარტნიორები გავხდით. პრინციპში ამ ნაბიჯმა განსაზღვრა კიდეც ჩვენი ფირმის საქმიანობაც და მისი დღევანდელი სახეც. „ინსტრას“ და „უკრფერის“ საბორნე ხაზით ამჟამად მარაგდება როგორც საქართველო, ასევე სომხეთი და აზერბაიჯანიც. განსაკუთრებით დიდი გადაზიდვები წარმოებს სომხეთის მიმართულებით, რომლისთვისაც საქართველო სასიცოცხლო გზას წარმოადგენს. ამავე მარშრუტით ხორციელდება კავკასიის ქვეყნებიდან საექსპორტო ტვირთების გადაზიდვაც. ჩვენი მოქმედებების არეალი უკრაინის გარდა შუა აზიასაც მოიცავს. მაგალითად, ახლახან ყაზახეთის ქალაქ აქტაუში ჩვენი პარტნიორი კომპანია შეიქმნა. “ინსტრას” ჩამოყალიბების დასაწყისში ასეთ წარმატებას ვერც კი დავგეგმავდით.
– რამდენად მწვავეა კონკურენცია თქვენს დარგში? ვინ არიან თქვენი ძირითადი კონკურენტები და რითი გამოირჩევით მათგან?
– იყო პერიოდი, როდესაც თითოეულ ვაგონზე სატრანსპორტო კომპანიებს შორის მძაფრი დაპირისპირება აღინიშნებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში სურათი შეიცვალა. ვითარება დაილექა და ყველამ საკუთარი ნიშა დაიკავა. რა თქმა უნდა, კონკურენტები ახლაც არიან, მაგრამ ვცდილობთ, რომ ისინი ჩვენი პარტნიორები გახდნენ. ამის შედეგია, რომ მრავალი კომპანიისთვის „ინსტრა“ პარტნიორად ჩამოყალიბდა. ავიღოთ მსოფლიოში უდიდესი კომპანია „ბარვილი“. „ბარვილს“ ტვირთი მოაქვს საქართველოს პორტებში, ხოლო შემდეგ მის გადაზიდვას ხმელეთით ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ასეთივე პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს ყველა იმ მსხვილ სატრანსპორტო კომპანიებთან, რომლებიც საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებენ.
რეალურად, საქართველოს სატრანსპორტო ბაზარზე „ინსტრას“ თავის პროფილში სერიოზული კონკურენტი პრაქტიკულად არ გააჩნია. საკონტეინერო და მულტიმოდალურ გადაზიდვებზე ძირითადად მაინც ჩვენთან მოდიან. „ინსტრა“ კლიენტს სთავაზობს სრულ ინფორმაციას საკუთარი ტვირთის მოძრაობის შესახებ. ამისთვის შევქმენით სპეციალური კომპიუტერული სისტემა. ჩვენ ვიცით, კონკრეტული ვაგონი როდის გამოვიდა უკრაინის ამა თუ იმ ქარხნიდან, ან ქალაქიდან და სად იმყოფება იგი მოცემულ დროში. ამის შესახებ ჩვენმა კლიენტებმაც იციან და ამიტომაც გვენდობიან.
– რა საერთო აქვს თქვენს კომპანიას მსგავსი სახელწოდების სატრანსპორტო ფირმასთან, შპს „ინსტრა+“-სთან?
– „ინსტრა“ ამ ფირმის დამფუძნებელია, თუმცა, „ინსტრა+“ ერთგვარად დამოუკიდებელი ერთეულია. ბოლო პერიოდში შესამჩნევად იმატა ჩვენი კომპანიის მიერ შესრულებულმა საავტომობილო გადაზიდვებმა, ამიტომ გადავწყვიტეთ მომსახურების ეს სფერო ცალკე სტრუქტურად ჩამოგვეყალიბებინა. გარდა ამისა, სულ ახლახან შეიქმნა კიდევ ერთი მსგავსი კომპანია „ინსტრა ისტ-ვესტი“. მისი ძირითადი პროფილიც საავტომობილო გადაზიდვებია. ამ შემთხვევაში საუბარია ევროპა-შუა აზიის დამაკავშირებელ დერეფანზე. ჩვენს კომპანიას გააჩნია გარკვეული გეგმები ავღანეთის მიმართულებით, სადაც მოსალოდნელია ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვა. პერსპექტივაში შესაძლოა საუბარი იყოს ჩინეთის მარშრუტზეც.
– რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში? არიან თუ არა მათ შორის თქვენი ნათესავები ან პირადი მეგობრები, რომელთა სამსახურში მიღება ამ ნაცნობ-მეგობრობის შედეგია?
– ამჟამად „ინსტრა“-ს პერსონალი დაახლოებით 50 კაცს შეადგენს, მ.შ. „ინსტრას“ მთავარ ოფისში ამჟამად 17 ადამიანი მუშაობს, გარდა ამისა, 10 კაცია დასაქმებული ფოთის ბიუროში და 8 – ბათუმში. 8 ადამიანი მუშაობს „ინსტრა+“-ში.
ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, კომპანიაში არც ერთი ადამიანი არ არის შერჩეული ახლობლობის ან ნათესაობის ნიშნით. „ინსტრა“-ში მოხვედრის ერთადერთ კრიტერიუმს პროფესიონალიზმი და გამოცდილება წარმოადგენს. კომპანიაში დასაქმებულმა ყველა პირმა, თავის დროზე, სპეციალური კონკურსი გაიარა. აქ არიან როგორც ძველი კადრები, რომლებმაც სატრანსპორტო სფეროში გამოცდილება წლების მანძილზე დააგროვეს, აგრეთვე ახალი თაობა, რომლებმაც განათლება საზღვარგარეთ მიიღეს. საერთო ჯამში, „ინსტრა“-ში საკმაოდ კარგი და მეგობრული კოლექტივი ჩამოყალიბდა.
– რა ძირითადი სირთულეებია თქვენს ბიზნეს-საქმიანობაში ამჟამად?
– პრობლემები შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ. პირველი, ეს არის საქართველოში არსებული სირთულეები, რომლებიც, პირველ რიგში, სასაზღვრო-საბაჟო გადასავლელებს ეხება. მაგალითად, პრობლემას წარმოადგენს ვეტერინარული სერთიფიკატი. ამის გამო, ხდება სატრანზიტო ტვირთების გაუმართლებელი გაჩერება, რაც ტვირთმფლობელების უკმაყოფილებას იწვევს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით საქართველოში მდგომარეობა აშკარად გამოსწორდა. გზებზე აღარ ხდება მანქანების უმიზეზო გაჩერება, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასაზღვრო სისტემა და ა.შ. გარდა ამისა, შეიქმნა საერთაშორისო გადაზიდვების ხელშემწყობი სპეციალური სამთავრობო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ უკლება ხელმძღვანელობს. კომისიის დახმარებით ყველა პრობლემა ოპერატიულად წყდება.
მეორე პრობლემა რეგიონალურ კატეგორიას მიეკუთვნება. საქმე იმაშია, რომ რეგიონში შემავალ ქვეყნებს შორის არ არსებობს ჰარმონიზებული კანონმდებლობა სატრანსპორტო სფეროში. თავის დროზე ამ საკითხებზე ტრასეკა მუშაობდა, მაგრამ საკითხი მოუგვარებელი დარჩა. პრობლემა იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ტრანზიტზე შემოსული ტვირთებისთვის ჩვენმა კომპანიამ სპეციალური ფორმაც კი შეიმუშავა. „ინსტრა“ წინასწარ უკავშირდება კლიენტებს და მათ სატრანსპორტო ზედდებულის შევსებაზე ინსტრუქტაჟს უტარებს.
თუ საქართველოში ტვირთის თავისუფლად გადაადგილების მხრივ ნაკლები პრობლემაა, იგივეს ვერ ვიტყვით, მაგალითად, აზერბაიჯანზე ან თურქმენეთზე, რომელიც პრაქტიკულად ჩაკეტილ ქვეყანას წარმოადგენს. ამიტომ, კავკასიიდან შუა აზიის მიმართულებით ტვირთის გატარება გარკვეულ სირთულეს უკავშირდება. საქართველო პატარა ქვეყანაა და სატრანსპორტო კომპანიებიც ძირითადად სატრანზიტო პროექტებზე მუშაობენ. ასეთი სიძნელეები კი მათ საქმიანობაზე პირდაპირ აისახება.
– წელს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო გაუქმდა. მის ფუნქციებს ამჟამად ეკონომიკის განვითარების სამინისტრო ასრულებს. თქვენი აზრით, ეს სწორი ნაბიჯი იყო?
– სატრანსპორტო დარგი საქართველოში ყოველთვის პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენდა. იგი ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედს დამოუკიდებლად ავსებს. ასეთი წარმატებული დარგი, ჩემი აზრით, ცალკე სამინისტროს ნამდვილად იმსახურებს. მითუმეტეს, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე საქართველო ყოველთვის იყო და ამჟამადაც წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას – ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მონაკვეთს.
რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კომპანიებს გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან. სამინისტრო ყოველთვის მზად არის მოგვისმინონ, მაგრამ საკუთარ პრობლემებს ჩვენ მაინც ადმინისტრაციების დონეზე ვაგვარებთ. მაგალითად: საქართველოს რკინიგზასთან, საავტომობილო დეპარტამენტთან, საზღვაო ადმინისტრაციასთან და ა.შ. იმისდა მიხედვით, თუ რა სახის საქმე გვაქვს.
სატრანსპორტო სფეროში გლობალური პროცესები მიმდინარეობს. რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირი, მით უფრო ძნელი ხდება ქართველი გადამზიდავებისთვის სამუშაოს მოძიება. მაგილითად, ადრე ქართველებს ბალტიისპირეთში გადაზიდვების წარმოება შეეძლოთ, მაგრამ მათი ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, იქ სტანდარტები შეიცვალა, რომლის პირობებშიც ჩვენი კომპანიების საქმიანობა პრაქტიკულად შეზღუდულია.
ვფიქრობ, ასეთი გლობალური საკითხების მოსაგვარებლად ტრანსპორტის სამინისტრო აუცილებელია. თუ გაერთიანებულ ევროპაში არსებობს ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კავშირი, რატომ არ უნდა არსებობდეს იგი საქართველოში?
– როგორ იმოქმედა (დადებითად თუ უარყოფითად) თქვენი კომპანიის საქმიანობაზე რუსეთის მიერ რამდენიმე თვით ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ?
– ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესში პოლიტიკა ჩაერია. ლარსის ჩაკეტვამ ცალსახად უარყოფითად იმოქმედა არა მარტო „ინსტრაზე“, არამედ მთელი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემაზე. ლარსი სპეციფიური მარშრუტია. მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო, ზამთრის პერიოდში იგი ისედაც გაუვალია. ბესლანის მოვლენებმა კი ლარსის გზა ფაქტიურად რამდენიმე თვით გააუქმა. ტვირთნაკადებმა, რომლებიც ადრე ამ მარშრუტით მოძრაობდნენ, გეზი იცვალა და ნოვოროსიისკის და უკრაინის მიმართულებით გადანაწილდნენ. ანუ, საქართველომ მნიშვნელოვანი შემოსავალი დაკარგა. რა მოხდება მომავალ წელს, გაუგებარია. ტვირთმფლობელები შიშობენ, რომ ლარსის გზა შესაძლოა კიდევ რამდენიმე კვირით ჩაიკეტოს და ამიტომ ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ.
– უკრაინა თქვენი კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია. რა გავლენა იქონია ამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა სატრანსპორტო სისტემაზე?
– პოლიტიკური დესტაბილიზაცია ბიზნესზე ყოველთვის ახდენს ნეგატიურ გავლენას. გამონაკლისს არც ნარინჯისფერი რევოლუცია წარმოადგენს. ძირითადად, ეს ვაგონების მოცდენაში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვი, რომ ქაოსი უკრაინის სატრანსპორტო დარგსაც გადაედო. იყო უმნიშვნელო შეფერხებები, თუმცა ამას კრიზისი არ ეწოდება. თავიდან იყო შიში, რომ პოლიტიკური არეულობა ბიზნესზეც გადმოვიდოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვარაუდი არ გამართლდა. ამჟამად, ილიჩევსკის და ოდესის პორტებში მუშაობა ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს. ტრანსპორტი ისეთი დარგია, რომ ხელშეკრულების ჩაშლას აქ ყველა ერიდება. უკრაინიდან ფოთის და ბათუმის მიმართულებით ბორანი დადგენილი გრაფიკით ასრულებს რეისებს და შესაბამისად ტვირთებიც შეუფერხებლად მოძრაობენ.
– ძალიან ბევრს საუბრობენ ჩვენს ქვეყანაში გადასახადების სიმძიმეზე და ამბობენ, რომ პატიოსანი ბიზნესის წარმართვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თქვენი აზრით, ეს მართლაც ასეა თუ არა? იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო გადაზიდვები დღგ-ით არ იბეგრება, რამდენად განიცდის თქვენი კომპანია საგადასახადო წნეხს?
– კომპანია ნელი ტემპებით ვითარდება და პირველ რიგში, ამის მიზეზს სწორედ ქვეყნის საგადასახადო გარემო წარმოადგენს. ჩვენ კი არ ვვითარდებით, არამედ ვარსებობთ. კომპანიაში ძალიან მწვავედ დგას საბრუნავი სახსრების საკითხი. „ინსტრა“ დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს, მაგრამ თავისუფალი ფინანსები მაინც არ რჩება. მაგალითად, ორი სატვირთო ავტომობილის შესაძენად წელს ბანკისაგან სესხი ავიღეთ. თუმცა, ჩვენი მასშტაბის კომპანია ორი ავტომანქანის შესყიდვა წესით თავადაც უნდა ახერხებდეს.
– ამჟამად მთავრდება მუშაობა ახალ საგადასახადო კოდექსზე. რა აზრის ხართ ამ კანონპროექტზე, რომელიც ახალი წლიდან კანონის სტატუსს შეიძენს?
– კანონპროექტში ბევრი დადებითი მომენტია, მაგრამ ჩემი აზრით, ახალი საგადასახადო კოდექსი ეკონომიკაში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს. კოდექსის განხილვაში პირველივე დღიდან ვმონაწილეობთ. წარვადგინეთ შენიშვნები, როგორც გადამხდელთა კავშირში, ასევე სხვადასხვა ინსტანციებში. თუმცა მაინც მგონია, რომ ხელისუფლებას ჩვენი მოსაზრებები უფრო მეტად უნდა გაეთვალისწინებინა. კარგია, რომ გაუქმდა საგზაო ფონდის გადასახადი. მაგრამ ამავე დროს აპირებენ ლიზინგის წესების შეზღუდვას. არ შემცირებულა საბაჟო გადასახადი სატვირთო ავტომობილების და მისაბმელების იმპორტზე. ანუ, ევროსტანდარტების შესაბამისი სატვირთო მანქანების შემოყვანა საკმაოდ ძვირი სიამოვნება იქნება. ეს კი ქვეყნის მოძველებული ავტოპარკის განახლებას შეაფერხებს. ამ სახით ახალი საგადასახადო კოდექსი ქართველ გადამზიდავებს თავიდანვე არაკონკურენტულ გარემოში აქცევს.
– წლევანდელი წლის 11 თვის მანძილზე, სულ რამდენი შეიტანეთ ბიუჯეტში?
– სახელმწიფო ბიუჯეტში კომპანიამ უკვე გადაიხადა 341 ათასი ლარი. წლის ბოლომდე თანხა ალბათ 400-ათასიან ნიშნულს გადააჭარბებს. „ინსტრას“ ამჟამინდელი შენატანი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ოდნავ აღემატება. ანუ, კომპანია ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვითარდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი განვითარება უფრო კავკასიის მიმართულებით ტვირთნაკადების გაზრდამ გამოიწვია, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობამ.
– გაიხსენეთ რომელიმე ბიზნეს-წარმატება, ან მენეჯერული გადაწყვეტილება, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით საამაყოა…
– ყველაზე წარმატებულ პროექტს უკრაინულ კომპანია „უკრფერი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს. ამის წყალობით ილიჩევსკიდან ფოთისა და ბათუმის მიმართულებით რეგულარული საბორნე გადასასვლელი ამოქმედდა. ილიჩევსკი-ფოთის პირველი რეისი კი 1996 წლის 16 დეკემბერს შესრულდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „უკრფერის“ განკარგულებაში სოლიდური საბორნე ფლოტი დარჩა, რომლის სრულფასოვანი დატვირთვა ვერ ხერხდებოდა. ადრე, სსრკ-სა და ბულგარეთს შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი იყო, მაგრამ ახალ პირობებში ურთიერთობები სხვა სიბრტყეში გადავიდა. ბულგარეთთან ტვირთბრუნვა შემცირდა და შედეგად, 4 ბორანი დაუსაქმებელი აღმოჩნდა. უკრაინელებს ალტერნატივად საქართველოს მიმართულება შევთავაზეთ. ჩვენი მხრიდან იმდენად დიდი იყო ამ მარშრუტის ამუშავების სურვილი, რომ „უკრფერის“ საბორნე ხაზის სრულფასოვან დატვირთვას შევპირდით. მაგრამ თავიდან გათვლა არასწორი აღმოჩნდა – პირველ წელს, წაგებამ დაახლოებით 2 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის მიუხედავად, უკრაინელებმა ჩვენთან პარტნიორობა მაინც არ შეწყვიტეს. „უკრფერიმ“ დაინახა, რომ საქართველოს მიმართულება აშკარად პერსპექტიული იყო. დროთა განმავლობაში საბორნე მარშრუტმა წაგება აანაზღაურა და დღეს უკვე გამართულად, მოგებაზე მუშაობს.
– მუდმივად წარმატებული ალბათ არავინ არის. თუ გქონიათ წარუმატებლობები? მაგალითად, განუხორციელებელი ბიზნეს-პროექტები, წამგებიანი გარიგება, ან მართვაში დაშვებული შეცდომები?
– ბიზნესი ამის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია. მაგალითად, ჩვენი კომპანიისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა 1998 წელს ირანის ბაზარზე შესვლის მცდელობა. საქმე ეხებოდა საავტომობილო გადაზიდვებს. რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ირანში. დავათვალიერეთ ბანდერაბასის პორტიც. ვესაუბრეთ ირანის ტრანსპორტის სამინისტროსაც. შემდეგ, ირანის სამთავრობო დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში. ირანელები ფოთის ნავსადგურშიც ჩავიდნენ და ადგილზე შეისწავლეს ვითარება. შედგა შეთანხმება, რომ ფოთში ირანელი გადამზიდავებისათვის სპეციალური ტერმინალი აშენდებოდა. პარალელურად, საქართველოში უნდა შექმნილიყო შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. გადაწყდა ირანში ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიის დაარსებაც, მაგრამ ეს პროექტი რატომღაც აღარ განხორციელდა. ირანული მხარე უბრალოდ კონტაქტზე აღარ გამოვიდა და ლაპარაკი ლაპარაკად დარჩა.
– საკუთარ ბიზნესს ან ხელმძღვანელის თანამდებობას სხვადასხვა სიკეთესთან ერთად პრობლემებიც მოაქვს, მაგალითად: თავისუფალი დროის სიმცირე და მუდმივი დაძაბულობა. რამდენად მწვავედ დგას ეს პრობლემები თქვენს წინაშე? გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო ოჯახისთვის ან დასვენებისთვის?
– შეიძლება ითქვას, რომ შვებულებაში არასოდეს ვყოფილვარ. პარადოქსია, მაგრამ მე სამსახურში ვისვენებ. ადამიანებს მრავალი ჰობი გააჩნიათ. ზოგი ფილატელისტია, ზოგიც ნუმიზმატი. ჩემი ჰობი კი სამსახურია. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ვმუშაობ. საოჯახო ღონისძიებებსაც ვესწრები და მეგობრებთანაც ვურთიერთობ. თუმცა, სამსახურში გამოსასვლელი დღეები არასოდეს მქონია.
– უახლოეს წარსულში ბევრი ბიზნესმენი პოლიტიკაში გადავიდა. როგორ ფიქრობთ, ძირითადად რა ამოძრავებთ მათ, როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ? თქვენც ხომ არ ფიქრობთ პოლიტიკაში გადასვლაზე?
– პოლიტიკური მოღვაწეობის სურვილი არ მქონია და ალბათ არც მექნება. იმ ხალხს, ვინც პოლიტიკურ კარიერას იკეთებს, ალბათ ამის მოწოდებაც გააჩნიათ. მე ვაკეთებ იმას, რაც ვიცი და რაც მიყვარს. მე არ ვიცი, შევძლებ თუ არა პოლიტიკაში იმის გაკეთებას, რაც მინდა. იქ სულ სხვა თამაშის წესებია. ხშირად ბიზნესმენები პოლიტიკაში იმიტომ გადადიან, რომ საკუთარი ბიზნესის ლობირება სურთ. ეს მიღებული ფორმაა და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ საკუთარი საქმის ლობირება პოლიტიკური მოღვაწეობის გარეშეც შეიძლება.
– და ბოლოს, შეკითხვა ჩვენი ჟურნალის შესახებ. როგორ მოგწონთ „ბიზნესი და მენეჯმენტი“? რამდენად საინტერესოა ის თქვენთვის, როგორც ბიზნესმენისა და მენეჯერისთვის და მასში რა თემების განხილვას ისურვებდით?
– მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი ახლად დაარსებულია, აშკარად ეტყობა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოცემა სპეციფიურია, მაგრამ ჩემი აზრით, იგი საინტერესო უნდა იყოს, როგორც ბიზნესმენებისათვის ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის. პირადად ჩემთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება თუ თქვენი ჟურნალი მეტ ყურადღებას დაუთმობს სატრანსპორტო პრობლემატიკას. თუმცა ჟურნალი უკმარისობის გრძნობას არც ამჟამად ტოვებს. პროფესიულ დონეზე, გაბედულად დაწერილი სტატიებია. ისინი სწორედ იმ საკითხებს აშუქებს, რომლებზეც საქმიანი ადამიანი ყოველ დღე ფიქრობს. ალბათ ასეთი დონის ჟურნალს შეუძლია გარკვეული ხიდის ფუნქცია იტვირთოს და ბიზნესმენებს შორის საინტერესო შეხვედრების ჩატარებაც უზრუნველყოს. სატრანსპორტო სფეროში არის გაერთიანებები, სადაც ამ სფეროში დასაქმებული ხალხი ერთმანეთს აზრს ვუზიარებთ. მაგალითად ექსპედიტორთა ასოციაცია, ან გადამზიდავთა კავშირი, მაგრამ ჟურნალის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ალბათ მაინც სხვა დატვირთვა ექნება.
ესაუბრა მიხეილ ბასილაძე
ინტერვიუ გამოქვეყნდა 2004 წელს, ჟურნალ „ბიზნესი და მენეჯმენტი“-ს №4(4)-ში

