Homeინტერვიუინტერვიუ შპს „დენტექს-95“-ის დამფუძნებელ პარტნიორთან, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორთან გიორგი მენაბდესთან

ინტერვიუ შპს „დენტექს-95“-ის დამფუძნებელ პარტნიორთან, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორთან გიორგი მენაბდესთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

გიორგი მენაბდე დაიბადა თბილისში, 1957 წლის 24 სექტემბერს. დაამთავრა პირველი საშუალო სკოლა, შემდეგ – სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1981 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ მახარაძეში (ოზურგეთში), ხოლო 1983 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში (ამჟამინდელ სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში), სტომატოლოგიის კათედრაზე იწყებს მუშაობს. 1986 წელს დაიცა საკანდიდატო დისერტაცია. 1987 წელს მოსკოვში გაემგზავრა, დოქტორანტურაში ჩააბარა და 1992 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მოსკოვშივე მუშაობდა სტომატოლოგიის კვლევით ინსტიტუტში, ყბა-სახის ქირურგად.

მოსკოვში მუშაობის პარალელურად, გიორგი მენაბდე თბილისში თავის სამ თანაკურსელთან ერთად აფუძნებს კერძო სტომატოლოგიურ კლინიკას „დენტექს-95“-ს. 1993 წლიდან არის ამ კლინიკის ხელმძღვანელი სამედიცინო ნაწილში. ამავე დროს, თბილისში დაბრუნების მომენტიდან, ანუ 1993 წლიდან სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში მუშაობდა ჯერ კათედრის პროფესორად, შემდეგ – ყბა-სახის კათედრის გამგედ. უკვე ერთი წელია, რაც მას ამ აკადემიის რექტორის თანამდებობა უკავია. ამ თანამდებობაზე იგი უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა.

– ბატონო გიორგი, თქვენ საქართველოსათვის უმძიმეს პერიოდში მოგიწიათ მოსკოვიდან დაბრუნება: აფხაზეთის ომი გრძელდებოდა, თბილისშიც რუსთაველის პროსპექტი და მიმდებარე ტერიტორია დანგრეული იყო. თქვენ მოსკოვში სამსახური გქონდათ, მაგრამ იქ დარჩენას, აქ ჩამოსვლა ამჯობინეთ. რატომ?

– იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი ოჯახი მაქვს, მყავს მეგობრები, თბილისელი ვარ და არ ვაპირებდი რუსეთში გადასახლებას.

– საიდან დაიბადა იდეა, რომ თქვენ, მაშინ უკვე მეცნიერს, კერძო კლინიკა გაგეხსნათ, ანუ ბიზნესი მოგეწყოთ?

– როდესაც თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ კერძო ბიზნესს თუ არ ავაწყობდი, პრობლემები შეგვექმნებოდა (არა მარტო, როგორც პროფესიონალებს), ვინაიდან სამუშაო ადგილები არ იყო. რაც გინდა იყავი (პროფესორიც რომ იყო), თუ არ ექიმობ, არაფერიც არა ხარ! ანუ მთავარია, ჯერ იყო ექიმი და მერე – ყველაფერი სხვა: პედაგოგი, მეცნიერი და ასე შემდეგ.

– კლინიკის ჩამოყალიბების პროცესი გაგიჭირდათ, თუ ადვილად გამოგივიდათ?

– ძალიან გაგვიჭირდა! უაღრესად სერიოზული და მრავალმხრივი პრობლემები გვქონდა (ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა). ამის მიუხედავად, მაინც ვარემონტებდით აქაურობას, აპარატურას ვყიდულობდით, მე მგონი, მენეჯმენტიც სწორად ავაწყვეთ და საბოლოო ჯამში, პრობლემები დავძლიეთ. კლინიკა ოთხმა კაცმა დავაფუძნეთ, ყველანი სტომატოლოგები ვართ. აქედან, სამნი აქ ვმუშაობთ. ერთი კი რუსთავში არის პოლიკლინიკის მთავარი ექიმი.

– ბატონო გიორგი, თქვენი სტომატოლოგიური კლინიკა 1992 წელს დაფუძნდა. არადა, დღეს მას „დენტექს-95“ ჰქვია. რატომ?

– როგორც უკვე გითხარით, კლინიკის დაარსებიდან პირველ წლებში უამრავი პრობლემა გვქონდა. 1995 წელს ის გავაუქმეთ და ხელახლა დავაფუძნეთ. მანამდე თუ შენობის მხოლოდ ერთი სართული გვეკავა, უკვე ორი სართული დავიკავეთ და იქაურობა უკეთესად გავარემონტეთ. ფაქტობრივად, ჩვენმა საწარმომ სრულფასოვანი ფუნქციონირება 1995 წლიდან დაიწყო. ამიტომ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გოგა დეკანოსიძის (ამ კლინიკის დირექტორის) იდეა იყო, რომ „დენტექს-95“ დაგვერქმია და ასეც მოვიქეცით.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად წარმატებული გამოდგა თქვენი მოღვაწეობა ბიზნესში?

– წარმატებულია. იმიტომ, რომ ძირითადი შემოსავალი გვაქვს ექიმობით, კერძო პრაქტიკით. ეკონომიკურ სარგებლობასთან ერთად, ამ საქმიანობის შედეგად საინტერესო არის ცხოვრება.

– რა მხრივ?

– რაკი პროფესიით მუშაობ, უამრავი კონტაქტი გვაქვს, ძალიან ბევრი უცხოელი პარტნიორი გვყავს.

– მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენ მოღვაწეობდით და დღესაც მოღვაწეობთ სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში, რომელიც, ალბათ, უფრო ავტორიტეტულიცაა და რომელსაც უფრო ფართო კონტაქტებიც გააჩნია….

– კი, ბატონო… ორივეგან პარალელურად მუშაობა მე ხელს აბსოლუტურად არაფერში მიშლიდა. აკადემიაში ვმუშაობდი როგორც პედაგოგი, როგორც მეცნიერი. კლინიკა კი იყო საკუთარი შვილივით, რაც შენ შექმენი და ბევრი რამე გააკეთე. ეს იყო სუფთა სამკურნალო დაწესებულება, სადაც მომეცა საშუალება ახალი მეთოდების რეალიზაციისა. იმიტომ, რომ ამ კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

– მათ შორის კათედრისაც?

– მათ შორის, აკადემიის კათედრისაც. აი, მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ინპლანტაციების ოპერაციებს ვაკეთებთ. კათედრაზე კი ინპლანტოლოგიას მე ვერ დავნერგავდი, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძვირი მეთოდიკა, მოითხოვს კერძო ინვესტიციებს და მოგეხსენებათ, სახელმწიფო დაწესებულებაში კერძო ინვესტიციების ჩადება არ ხდება.

– თავად სახელმწიფოს კი შესაბამისი თანხები არ გააჩნია…

– არ გააჩნია და სიმართლე რომ გითხრათ, აკადემიის მიზანი არც არის ასეთი მეთოდიკის დანერგვა. იმიტომ, რომ აკადემია საგანმანათლებლო დაწესებულება უფრო არის, ვიდრე-სამედიცინო. რა თქმა უნდა, დღეს სამედიცინო მიმართულებასაც უფრო ვაძლიერებთ, მაგრამ როდესაც კლინიკას ვაშენებდით, მაშინ აკადემია საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულება იყო.

საერთოდ, კერძო ინვესტირება კერძო საწარმოში ხდება. ჩვენ გვყავდა და დღემდე გვყავს გერმანელი ბიზნეს-პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ვნერგავთ ამ კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო-საგანმანათლებლო და პრაქტიკულ მეთოდებს. ეს არ გახლავთ მხოლოდ ფულადი მოტივაცია.

ყოველივე ამის სახელმწიფო სექტორში გაკეთება ძალიან გაგვიჭირდებოდა, ყოველ შემთხვევაში, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელი იყო (ახლა სახელმწიფო სექტორშიც მუშაობა შედარებით უფრო ადვილი გახდა). 1993-94 წლებში აკადემიიდან წამოსვლასაც კი ვაპირებდი, ვინაიდან მაშინ ყველაფერმა დაკარგა ინტერესი. ამას დღევანდელ დღეზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. აკადემიაში ძალიან ბევრი რამ ხდება საინტერესო. მაგალითად, ეს კლინიკა დღეს უკვე აკადემიის სასწავლო ბაზად ითვლება.

– როგორ, კერძო კლინიკა?

– ხელშეკრულებით ვემსახურებით ექიმთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, დახელოვნებას, რაც არ გამოდის იურიდიული ჩარჩოებიდან. საქმე ისაა, რომ რაკი აქ არის კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხოლო აკადემიას კარგი პედაგოგები ჰყავს, შეიძლება ხელშეკრულებით ვისარგებლოთ ამ საბაზო დაწესებულებით.

– გარედან მოზიდული ინვესტიციების გარდა, უშუალოდ დამფუძნებლებმა თუ ჩადეთ საკუთარი ინვესტიციები?

– თავდაპირველად, როდესაც ეს კლინიკა დაფუძნდა, ისეთი არ იყო, როგორსაც ახლა უყურებთ. აქ სულ 2 სავარძელი იდგა, დღეს კი კლინიკაში 70 კაცამდე მუშაობს. პირადად მე ხუთი წელი მოსკოვში ვმუშაობდი ექიმად და მქონდა რაღაც დანაზოგი. მაშინ ეს ძალიან დიდ ინვესტიციებს არ ითხოვდა. შენობა იჯარით ავიღეთ.

ჩვენთან ყოველთვის საკმაოდ წარმატებული ექიმები მუშაობდნენ და ძალინ ბევრი ხალხი დადიოდა. ამიტომ კლინიკას საკმაოდ სერიოზული შემოსავლები ჰქონდა. მრავალი წლის განმავლობაში ეს ფული ისევ უკან, რეინვესტირებაზე მიდიოდა. მშივრები ჩვენ ნამდვილად არ ვყოფილვართ, მაგარ არც გავმდიდრებულვართ. ექიმები აქ თავს კარგად გრძნობენ. მათ არა აქვთ პატარა ხელფასები, ვინაიდან ზოგი რამდენიმე კლინიკაში მუშაობს. 

დღესაც კი, ძირითადი თანხების რეინვესტირება ხდება, იმიტომ, რომ სტომატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დარგია მთელ მსოფლიოში. რეინვესტირებისთვის ყველაზე მეტი თანხები სწორედ სტომატოლოგიას სჭირდება. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, სტომატოლოგია უფრო ძვირია, ვიდრე, ვთქვათ, ზოგადი ქირურგია და სხვა ცნობილი მიმართულებები. იმიტომ, რომ აქ უამრავი წვრილ-წვრილი ინსტრუმენტია, ტექნიკაა, დიაგნოსტიკის საშუალებებია და ა.შ. ყველაფერი ეს ევროპულ დონეზე რომ შეინარჩუნო, კლინიკაში ძალიან დიდი თანხების დაბრუნებაა საჭირო.

ჩვენს კლინიკაში შევძელით ამის გაკეთება. უკვე მეორე კრედიტს ვფარავთ “საქართველოს ბანკისას”. პრაქტიკულად, ეს ბანკი ჩვენი პარტნიორია. პირველი ტრანში კლინიკის მთლიანად კომპიუტერიზაციას და სადიაგნოსტიკო აპარატურის შეძენას მოვახმარეთ. ეს თანხები თავის დროზე დავფარეთ და მეორე კრედიტსაც ასევე წარმატებით ვფარავთ.

ასე რომ, საკუთარი ინვესტიციების, კრედიტებისა და სწორი სამედიცინო მენეჯმენტის ერთობლიობა განსაზღვრავს ამ კლინიკის წარმატებას.

– კონკურენციაზე რას იტყოდით?

– ადრე, როდესაც ფუნქციონირება დავიწყეთ, კონკურენციის ზონა ძალიან პატარა იყო, დღეს კი ძალიან მაღალია.

მედიცინიდან განსაკუთრებით სტომატოლოგია არის მასობრივი მომსახურების სფერო. ყველაზე უფრო მეტად სტომატოლოგები სჭირდებათ. ამიტომ ძალიან ბევრი კლინიკაა და მათ შორის, წარმატებულიც მრავლადაა. მუდმივ განახლებაზე თუ არ იზრუნე, ბოლო რიგებში აღმოჩნდები.

– თქვენი კლინიკა გრძნობს კონკურენციის სიძლიერეს?

– თბილისში უკვე გამოჩნდნენ საკმაოდ სერიოზული კონკურენტები. იმიტომ, რომ მოდის ახალგაზრდა თაობა, რომელმაც სამედიცინო მენეჯმენტში მიიღო განათლება (ადრე სამედიცინო მენეჯმენტის ცნება საერთოდ არ არსებობდა) და სწორად მართვა იცის. ამიტომ არა მგონია, ჩვენს კლინიკას ჰქონდეს სიმშვიდის უფლება.

საერთოდ, ახლა ადამიანების მოთხოვნები ძალიან გაიზარდა და ისეთ კლინიკებში ამჯობინებენ მისვლას, სადაც მომსახურების დონე მაღალია, ანუ არის კარგი ექიმიც, მოწინავე აპარატურაც, თანამედროვე წამალიც, ჰიგიენური პირობებიც და ასე შემდეგ. თუ რომელიმე კომპონენტი აკლია, კლინიკა ვერ იქნება წარმატებული. მაგალითად, შეიძლება ექიმი კარგი იყოს, მაგრამ ის ცუდ გარემოში მუშაობდეს. ანდა, მეორე უკიდურესობასაც ვხვდებით, როდესაც არსებობენ გაკრიალებული კლინიკები, ესპანური კაფელებითა და არაჩვეულებრივი აპარატურით, მაგრამ _ მაღალკვალიფიცირებული ექიმთა კონტიგენტი არა ჰყავთ. ამიტომ სწორი მენეჯერი ნიშნავს _ კარგ ექიმს, რომელსაც ისეთი სამუშაო პირობები აქვს შექმნილი, რომ იგი მხოლოდ პაციენტზე უნდა ფიქრობდეს და არ უნდა ფიქრობდეს არც ხელფასზე, არც წამლის შემოტანაზე, არც ხალათის ყიდვაზე, არც ბუღალტერიაზე… სამედიცინო მენეჯერი უნდა ფიქრობდეს ინვესტირებაზე და სრულფასოვან სამუშაო პირობების შექმნაზე.

– გაუცნობიერებელმა პაციენტმა კარგი კლინიკა როგორ უნდა განასხვავოს ისეთი კლინიკისაგან, სადაც ვიზუალური ეფექტი ძალინ შთამბეჭდავია, მაგრამ შესაბამისი პროფესიონალები არ მუშაობენ? ამგვარი ადამიანი რეკლამას და საერთოდ, ვიღაცის რჩევას უნდა ენდოს?

– სამწუხაროდ, საქართველოში, პრაქტიკულად არ არსებობს სამედიცინო რეკლამა. უფრო მეტსაც გეტყვით: სამედიცინო რეკლამა, საერთოდ, მთელ მსოფლიოში ცუდად მუშაობს. ყველაზე კარგი რეკლამა არის მადლიერი პაციენტი და სწორად წარმართული სამუშაო. მერწმუნეთ, ავადმყოფობა ისეთი რამაა, რომ კარგ ექიმს პაციენტი მიაგნებს. და პირიქით, პაციენტი მეორედ აღარ მივა იმ კლინიკაში, სადაც მას არაკვალიფიციური მომსახურება და არაჰიგიენური პირობები დახვდება. იმიტომ, რომ სტომატოლოგია არის ინვაზიური მედიცინა. ეს არის მედიცინა, სადაც სისხლი ბევრია, ინფექციების გადატანის ძალიან დიდი საშიშროება არსებობს. მსოფლიოში, ექიმთა შორის, ყველაზე დიდ რისკ-ფაქტორად სტომატოლოგები ითვლებიან. შიდსის, ჰეპატიტის, სხვადასხვა ინფექციური თუ ვირუსული დაავადებების გადამტან დაწესებულებად ითვლება სტომატოლოგიური დაწესებულება. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა ირჩევ ექიმ-სტომატოლოგს. უნდა იყოს კარგი ექიმიც, კარგი აპარატურაც და სტერილიზაციის ხარისხიც.

– რეკლამის სულ უგულებელყოფაც, ალბათ, მთლად მართებული არ უნდა იყოს. თქვენ თუ აწარმოებთ რამე რეკლამას და თუ არ აწარმოებთ, მიზეზს სახსრების დაზოგვა ხომ არ წარმოადგენს?

– ჩვენ ისე არ გვიჭირს, რომ სახსრების დაზოგვის გამო არ გავაკეთოთ რეკლამა. რეკლამა რატომღაც, ტრადიციულად არა გვაქვს, ასე გამოდიოდა. იმიტომ, რომ იმ წლებში, როცა კლინიკა გაიხსნა, რეკლამა ანტირეკლამა უფრო იყო. ახლა ცხოვრების წესი შეიცვალა. იმედი მაქვს, ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესობისკენ წავა და მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ რეკლამირების გზას დავადგეთ.

– ბუნებრივია, კარგად იცნობთ იმ გამოცდილებას, რაც თქვენს დარგში არსებობს საზღვარგარეთ. როგორია თქვენი სტომატოლოგიური კლინიკის „დენტექს-95“-ის დონე, მაგალითად, ევროპულ კლინიკებთან შედარებით?

– ჩვენ გვაქვს ყველაფერი ის, რაც უნდა ჰქონდეს კარგი დონის (და არა, მაღალი დონის!) ევროპულ კლინიკას. მაღალი დონის სტომატოლოგიური კლინიკა იძლევა დიაგნოსტიკის სხვა საშუალებებსაც, მაგალითად, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და საქართველოში არც არავის გააჩნია. კომპიუტერული ტომოგრაფია ძალიან ძვირადღირებულია და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ჩვენს დარგში (განსაკუთრებით, პოლიკლინიკის პირობებში) აუცილებლობას არ წარმოადგენს.

რაც შეეხება ექიმების კვალიფიკაციას, ჩვენ უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები გვყავს. საერთოდ, საქართველოში მაღალი რანგის ექიმები არიან და სამწუხაროდ, ისინი არიან არა ის ექიმები, რომლებსაც დაამთავრეს ბოლო ათი წლის განმავლობაში, არამედ – უფრო ადრე. ეს იმიტომ, რომ ახლა სამედიცინო განათლების (ყოველ შემთხვევაში, დიპლომამდელი განათლების) დონე ძალიან დაბალია.

– თქვენთან ექიმების შერჩევისას გაქვთ ასაკობრივი შეზღუდვა?

– არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არა გვაქვს. ვიმეორებ, მთავარი არის კვალიფიკაცია. ჩვენთან ექიმები არ შეცვლილან. პრაქტიკულად, ისევ ის ექიმები არიან, რომლებთან ერთადაც მე-12 წელია ვმუშაობთ.

– რაკი სტომატოლოგიური მომსახურება მთელ მსოფლიოში წარმოადგენს ძვირადღირებულს, მით უმეტეს ის ძვირადღირებულია საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის. რომელი სოციალური ფენებისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი კლინიკის მომსახურება?

– რომ გითხრათ, ყველასათვის ხელმისაწვდომია-მეთქი, ტყუილს ვიტყვი. ჩვენ ადამიანებს, სტომატოლოგიის მიმართულებით, ასამდე სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ. ზოგიერთი მათგანი ადამიანთა საკმაოდ დიდი რაოდენობისთვის არის ხელმისაწვდომი. მაგრამ, მაგალითად, ინპლანტაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთეულებისათვის. ეს ოპერაცია, ექიმის ანაზღაურება რომ არ ვიანგარიშოთ, თავისთავად ჯდება ძალიან ძვირი, იმიტომ რომ გამოიყენება ძვირფასი ლითონები, ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ინსტრუმენტები. როგორც სადიაგნოსტიკო, ისე საოპერაციო აპარატურა ძალინ მაღალი დონისა უნდა გვქონდეს. ეს ყველაფერი კი ოპერაციის თვითღირებულებას ძალინ ზრდის. ჩვენთან ძალიან მცირეა ზედნადები თვითღირებულებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ოპერაცია მოგებას, პრაქტიკულად, არ გვიტოვებს. ჩვენ მას იშვიათად, მაგრამ მაინც ვაკეთებთ.

– მასზე უარს არ ამბობთ პროფესიული ინტერესების გამო, თუ რატომ?

– იმიტომ, რომ ვიცით, თუ ხვალ და ზეგ ქვეყანაში სოციალური ფონი გამოსწორდება, ინპლანტაციაც შედარებით მასობრივი გახდება. სხვათა შორის, ეს ოპერაცია არც დასავლეთში არის ყველასათვის ხელმისაწვდომი, მაგრამ უკვე ყოველდღიურად ტარდება და მასობრივია. საქართველოში, ჯერჯერობით, ერთეულების ხვედრია, თუმცა ოპერაციათა რიცხვი თანდათან მაინც მატულობს. სიტყვაზე, თუ ადრე მხოლოდ ორ ოპერაციას ვაკეთებდით, ახლა უკვე ხუთ-ექვს ოპერაციას ვაკეთებთ.

იმისათვის, რომ მეთოდიკა არ გაცვდეს, ეს ტექნოლოგია არ დავკარგოთ და ფირმა შევინარჩუნოთ, ჩვენ ამ ოპერაციას ვაკეთებთ, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან, მოგებას აუცილებლად მოიტანს.

– ამ ოპერაციის ფასებს თუ შევადარებთ აქაურს და საზღვარგარეთულს, როგორია თანაფარდობა?

– ფასების შედარება არასწორად მომაჩნია, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია სახელმწიფოს მოწყობა, საგადასახადო პოლიტიკა, საერთო პოლიტიკური ფონი. ქართველი ექიმი თუ 200 ლარად ან 200 დოლარად იმუშავებს, უცხოეთში ექიმი ასეთ ანაზღაურებაზე არ იმუშავებს. ჩვენ მცირედი მოგებითაც ვკმაყოფილდებით, მაშინ, როცა უცხოელები ამგვარი მცირედი მოგებით არ კმაყოფილდებიან. ჩვენთვის მთავარია, რომ ბიზნესი შევინარჩუნოთ, საქმე შევინარჩუნოთ, ოჯახი შევინახოთ და რა თქმა უნდა, შედარებით უკეთესად ვიცხოვროთ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, გამდიდრებით აქ ვერავინ გამდიდრდება.

– რამდენად კმაყოფილი ხართ ახალი საგადასახადო კოდექსით? გაამართლა თუ არა მან თქვენი იმედები?

– პირობები ნამდვილად სწორედ არის შერჩეული. გაამართლა თუ არა, ამას დრო აჩვენებს.

– შეესაბამება თუ არა სიმართლეს ხმები იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტიც თქვენთან მკურნალობს?

– არა, არ მკურნალობს, მხოლოდ ერთხელ იყო. რაღაც პრობლემა ჰქონდა და ჩვეულებრივად მოვიდა, როგორც პაციენტი. თუმცა, ჩვენთან ბევრი ადამიანი მკურნალობს და არა იმიტომ, თითქოს ეს ე.წ. „ტუსოვკის“ ადგილი იყოს, არამედ, ისევ ვიმეორებ, იმიტომ, რომ აქ კარგი ექიმები არიან და მათთან მოდიან.

– ამ კლინიკის გარდა, კერძო პრაქტიკას თქვენ სხვაგანაც ეწევით?

– არა. მე აქ ვაკეთებ ინპლანტაციებს. ქალაქის მე-8 საავადმყოფოში არის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ყბა-სახის ქირურგიის კათედრა, სადაც მე ვმუშაობ როგორც ქირურგი. იქაც, ძირითადად, ოპერაციებს ვაკეთებ, ოღონდ უფრო სხვა სახისას, ვიდრე არის ინპლანტაცია.

– რამდენად თავსებადია აკადემიის ხელმძღვანელობა და თან ოპერატორად მუშაობა?

– არანაირი პრობლემა არ არის! პირიქით, როცა ექიმობ და ექიმებთან ხარ, როცა მათი ცხოვრებით ცხოვრობ, მათი სატკივარიც გულთან უფრო ახლოს მიგაქვს. მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში ვარ ექიმი და მერე _ ხელმძღვანელი.

– ბატონო გიორგი, რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ხომ არ ბრძანდებით?

– არა, არანაირი პარტიის წარმომადგენელი არ ვარ, პოლიტიკიდან ძალიან შორს ვდგავარ.

სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, რომელსაც მე ახლა ვხელმძღვანელობ, ძალიან საინტერესო სტრუქტურაა. ფაქტობრივად, ეს არის კერა ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლებისა. მას შემდეგ, რაც რექტორის თანამდებობაზე მოვედი, აკადემიამ მრავალ კერძო კლინიკასთან დაამყარა კავშირი, ვინაიდან, ჩემი აზრით, კერძო კლინიკებთან კავშირი სამედიცინო განათლების სისტემისათვის ძალიან ბევრის მომტანი იქნება.

– და ბოლოს, ჩვენს ჟურნალს თუ იცნობთ?

– არა, სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცნობ. ძირითადად, უფრო სამედიცინო ჟურნალებს ვკითხულობ ხოლმე. ამიერიდან, თქვენს ჟურნალსაც სიამოვნებით წავიკითხავ.

ესაუბრა დალი ჩიკვაიძე

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით