მინი–დოსიე
იაგო ჩოჩელი – დაიბადა 1974 წელს დაბა ახალგორში (მაშინდელ ლენინგორში). სწავლობდა ახალგორის №1 საშუალო სკოლაში. მეცხრე კლასიდან გადავიდა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში, რომელიც 1990 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1993 წელს დაოჯახდა, ჰყავს მეუღლე და ქალ-ვაჟი. 1991 წლიდან უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მუშაობდა შპს „ლომისში“. ამჟამად ხელმძღვანელობს შპს „ლომისის“ ლუდსახარშ „ნატახტარს“.
კორ. – როდის და ვის დაებადა „ლომისის“ შექმნის იდეა და საერთოდ როგორ იქმნებოდა „ლომისი“?
ი.ჩ. – ეს იდეა გაუჩნდა ჩემს ძმას – ცეზარ ჩოჩელს, „ლომისის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს 1991 წლის 11 ივნისს, „ლომისობა“ დღეს. ახალგორის სოფლებში არის ტრადიცია – გლეხები სახლში ხდიან ლუდს. ჩემმა ძმამ ლუდი იქ გასინჯა, მაშინ თუ არ ვცდები, 23 წლის იყო და იმ დღეს – 1991 წლის 11 ივნისს ლუდის ქარხნის გაკეთების იდეა გაუჩნდა. ქარხანა ახალგორში გააკეთა და სახელიც შესაბამისი – „ლომისი“ დავარქვით.
1991 წლიდან დღემდე „ლომისი“ თავისი გამოშვებული პროდუქციის რაოდენობას ნელ-ნელა ზრდიდა. რომ შევხედოთ, რა ხდებოდა 1991-93 წლებში, ვნახავთ, რომ რაც უფრო მეტ პროდუქციას ვყიდდით, მით უფრო ვვითარდებოდით. ბუნებრივია, რომ თუ პროდუქციის რეალიზება ვერ შეძელი, ვერც განვითარდები.
– რა სახსრებით შეიქმნა შპს „ლომისი“, უცხოელი პარტნიორები გყავდათ თუ ეს წმინდა ოჯახური ბიზნესი იყო?
– დიახ, ეს ოჯახური ბიზნესი იყო. თავიდან, როცა დავიწყეთ ლუდის წარმოება, ძალიან მცირე რაოდენობით ვასხამდით. 1991 წელს დღეში 100 ბოთლს, 1992 წელს უკვე დღეში 200 ბოთლს და ასე ვვითარდებოდით ყოველდღიურად და წლიდან წლამდე.
შემდეგ სხვადასხვა დასახელების ლუდი გამოვუშვით. ყველას თავისებური გემოვნება აქვს, ზოგს „ლომისი“ მოსწონს, ზოგს – „დარიალი“, ზოგს – „ჩეხური გემო“, ზოგს კი – „ჩეხური ლაითი“ და რაღაც პროპორციულად, ჩვენი ყველა დასახელების ლუდი იყიდება.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ თავდაპირველად დღეში 100 ბოთლ ლუდს უშვებდით. იმ პერიოდში უკვე არსებობდნენ საკმაოდ ძლიერი საწარმოები. როგორ შეძელით გამკლავება კონკურენციასთან?
– პირველ რიგში, ეს ხარისხით შევძელით. ჩვენ ძირითად ნედლეულს უმაღლესი ხარისხისას ვყიდულობთ გერმანიაში ცნობილი კომპანიებისგან, რადგან ლუდის ხარისხი ოთხ რამეზე – ალაოზე, სვიაზე, წყალზე და სინდისზეა დამოკიდებული. სინდისი ასე ვთქვათ – გვაქვს, წყალი – საკმაოდ კარგი, ნედლეულს კი უმაღლესი ხარისხისას ვყიდულობთ.
– ანუ, თქვენ თვლით, რომ კონკურენციასთან გამკლავებაში ამ ოთხი პრინციპის დაცვა დაგეხმარათ?
– დიახ, და დღემდე იგივე ნედლეულით და იგივე პრინციპით ვმუშაობთ.
– როგორი ტექნოლოგიით იხარშება თქვენთან ლუდი?
ყველა ლუდსახარშს აქვს თავისი სპეციფიკური ტექნოლოგია. ჩვენს ახალ ქარხანაში „ნატახტარში“ სულ უახლესი ტექნოლოგიით ვმუშაობთ და თანაც აქ შეცდომები ნაკლებად დასაშვებია. როცა ხელით აკეთებ რაღაცას, შეიძლება რამე გამოგრჩეს. ამ დროს, ლუდის წარმოებაში ყოველ წუთს მნიშვნელობა აქვს. როცა უკვე ყველაფერს კომპიუტერი აკეთებს, იქ ყველა წამი გათვლილია და ყოველ ჩამოსხმაზე ლუდი ერთიდაიგივე გემოსი გამოდის. დღეს რომ ერთი დასახელების ლუდს გამოუშვებ, ის დღეს რა გემოსიცაა, ხვალ და ზეგაც სწორედ ისეთი იქნება.
– რაც შეეხება შპს „ლომისის“ ახალ ლუდსახარშ – „ნატახტარს“, სად იქნა მასში ჩადებული ინვესტიცია მოძიებული? უცხოელი პარტნიორების შემოყვანა ხომ არ გახდა საჭირო?
– „ნატახტარის“ ლუდსახარშის მშენებლობის საკითხი გასული წლის ნოემბრის თვიდან იხილებოდა. ქარხნის მშენებლობის პარალელურად მიდიოდა დაფინანსების საკითხიც. უცხოელი პარტნიორები არა გვყავს. როგორც ახალგორის ლუდის ქარხანაა „ლომისის“ საკუთრება, ასევეა ახალი ლუდსახარში „ნატახტარიც“, მისი დამფუძნებლებიც ჩვენ ვართ.
ქარხნის მშენებლობისათვის საჭირო თანხა კი ბანკებიდან გამოვიტანეთ. ქარხნის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება ბანკებთან და ყველაზე უკეთესი წინადადება შემოგვთავაზეს „თი-ბი-სი“ ბანკმა და „ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა“. მარტში, როცა ჩვენ კრედიტი ავიღეთ, მათ საქართველოში ყველა ადგილობრივი ბანკის მიერ ერთად გაცემული კრედიტების მაქსიმალური რაოდენობა მოგვცეს, ანუ ყველაზე დიდი ნდობა გამოგვიცხადეს.
უშუალოდ „ნატახტარის“ მშენებლობა მიმდინარე წლის ხუთ მარტს დავიწყეთ და მისი პრეზენტაცია 29 სექტემბერს ჩატარდა. საკმაოდ მცირე დროში ჩავეტიეთ და ეს დაჯდა ბევრი უძილო ღამე, დიდი ნერვიულობა, ძალიან დიდი შრომა და ძალიან დიდი თანხები.
– თქვენ ლუდსახარშ „ნატახტარში“ გყავთ ჩეხი სპეციალისტები. უშუალოდ რითი არიან ისინი დაკავებული?
– ჩეხი სპეციალისტები ზრუნავენ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩვენთან ჩეხი ტექნოლოგები და ინჟინრები მუდმივად იქნებიან. ისინი მიაქცევენ ყურადღებას, თუ როგორ იხარშება, როგორ ძველდება, როგორ ფასოვდება და როგორ ისხმება ლუდი. საწარმო მათი მეთვალყურეობით იმუშავებს. ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან, მათთან ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული.
– სულ რამდენი ჩეხი სპეციალისტი გყავთ?
– ამჟამად რვა გვყავს.
– რამდენი ადამიანია „ნატახტარში“ დასაქმებული?
– ამ დროისთვის 130, მაგრამ ლუდის წარმოება სეზონურია, ამიტომ მთლიანობაში 300 ადამიანი დასაქმდება.
– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს, მხოლოდ პროფესიონალიზმის მიხედვით თუ ნაცნობ-ახლობლებსაც ასაქმებთ?
– ჩვენთან ნათესავებისა და ახლობლების მოყვანა ნაკლებად ხდება. თანამშრომლები პროფესიონალიზმის მიხედვით შევარჩიეთ და ჯერ კიდევ შერჩევის პროცესში ვართ, რადგან დანადგარებთან მუშაობა ცოტა რთულია, ამიტომ ზოგმა შეიძლება თავი ვერ გაართვას და მათ სხვა ადგილზე დავასაქმებთ. ჯერჯერობით, მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს და თანამშრომლების შეგუებისა და მორგების პროცესი გრძელდება.
მაღალ თანამდებობებზე ვინც შევარჩიეთ, მათ ტესტირება ჩავუტარეთ. მაგალითად, ტესტირების საფუძველზე შეირჩნენ ფინანსური და მარკეტინგის მენეჯერები, მთავარი ბუღალტერი, მარაგების მართვის მენეჯერი, ოფის-მენეჯერი, სუპერვაიზერები. ამჟამად კონკურსი გვაქვს გამოცხადებული ტექნოლოგის ვაკანსიაზე, ამასთან ამ კონკურსის შესახებ განცხადებული გვაქვს არა მარტო ქართულ ვებ-საიტებზე და ჟურნალში, არამედ ჩეხეთში და გერმანიაში. მუშებზე ახლა ტესტირება არ ჩაგვიტარებია, ჩვენთან ძირითადად ახლომახლო სოფლებიდან მუშაობს ხალხი. მათ კვალიფიკაციას რაც შეეხება, ამაზე ჩეხები ზრუნავენ. ჩეხი სპეციალისტები ადევნებენ თვალყურს იმას, რომ მანქანა-დანადგარები მუდმივად მუშა მდგომარეობაში იყოს.
– ნატახტარში ახალი ლუდსახარშის გახსნა იმით ხომ არ იყო გამოწვეული, რომ ახალგორში არსებული „ლომისის“ ქარხანა ფაქტობრივად კონფლიქტის ზონაშია და ეს გარემოება მუშაობაში ხელს გიშლიდათ?
– არა, ხელს არაფერში არ გვიშლიდა, უბრალოდ „ლომისის“ ახალგორის ლუდსახარშმა მთლიანად მოიცვა თავისუფალი ტერიტორია და ფიზიკურად განვითარებისთვის ადგილი აღარ დარჩა. თავიდან ეს ქარხანა ძალიან პატარა იყო და დღეს უკვე დიდია, ამიტომ უფრო მეტი გაფართოებისათვის რეალურად ადგილი აღარ იყო. ერთი მხრიდან მდინარე ჩამოდის, მეორე მხარეს კი მოსახლება ცხოვრობს.
– ნატახტარის ტერიტორიის შერჩევა ახალი ლუდსახარშისათვის რამ განაპირობა?
– ახალი საწარმოს მშენებლობის საკითხი როცა იხილებოდა, რამდენიმე ადგილი შევარჩიეთ და იქ წყლის ქიმიური და ბიოლოგიური ანალიზი ჩავატარეთ, ნატახტარში კი ყველაზე საუკეთესო წყალი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ შეირჩა ეს ადგილი.
– თქვენ როგორ თვლით, რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ წარმატებული ბიზნესმენი გახდე?
– პირველ რიგში, შრომისმოყვარე უნდა იყო და მიზანდასახული. ჩვენ დავიწყეთ ლუდის წარმოება და დღემდე ამ საქმით ვართ დაკავებული. ასე რომ ვთქვათ, დავსპეციალდით ამ საქმეში და იმიტომაც გამოგვდის კარგად. ჩვენ მიზანი გვაქვს დასახული, რომ საუკეთესო ლუდი გვქონდეს და ეს გვიწყობს ხელს.
– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა საქართველოში გვქონდეს წარმატებული ბიზნესი და ამავე დროს სახელმწიფო გადასახადებსაც კეთილსინდისიერად იხდიდე?
– მიმაჩნია, რომ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუ მოინდომე.
– საქართველოში ლუდის ბიზნესში არის თუ არა ჯანსაღი კონკურენცია?
– ვფიქრობ, ჯერჯერობით არის.
– თქვენ, ბუნებრივია, ლუდს სვამთ და თქვენი პროდუქციიდან ყველაზე მეტად რომელი დასახელების ლუდი მოგწონთ? სვამთ თუ არა სხვა კომპანიების მიერ წარმოებულ ლუდსაც?
– ჩვენი ლუდიდან ყველა ერთნაირად მომწონს და ჩვენი ლუდის გარდა, აბსოლუტურად ყველას გემოს ვუსინჯავ, როგორც ჩვენი ადგილობრივი მწარმოებლების, ისე – უცხოურის.
– ეს უბრალოდ, როგორც ლუდის მოყვარული ისე სინჯავთ თუ ბიზნეს-ინტერესიდან გამომდინარე?
– თუ ვსვამ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაინტერესებს, ვინ როგორ ლუდს უშვებს.
– „ლომისი“ „ცივ ჩაისაც“ უშვებდა, რატომღაც ეს პროდუქცია სამომხმარებლო ბაზარზე აღარ სჩანს…
– დიახ, თავიდან „ცივ ჩაისაც“ ვუშვებდით, რომელიც უალკოჰოლო, ნაკლებად გაზირებული სასმელი იყო, მაგრამ როდესაც ქარხანამ ლუდის წარმოებაში გარკვეულ მასშტაბებს მიაღწია, მისი ჩამოსხმა ვეღარ ესწრებოდა. „ნატახტარში“ უკვე ვგეგმავთ უალკოჰოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ჩამოსხმას.
– თქვენს მიერ გამოშვებული ლუდის სახეობებში არ არის ეგრეთ წოდებული შავი ლუდი. თუ გეგმავთ მის ჩამოსხმას?
- საქართველოში „შავი ლუდი“ ნაკლებად მოსწონთ. მისი მომხმარებლების რაოდენობა ძალზედ მცირეა, ამიტომ ჯერჯერობით ამ სახის ლუდს არ ვასხამთ.
– რა სახეობისა და დასახელების ლუდს უშვებს თქვენი ლუდსახარში ამჟამად და რას გეგმავთ უახლოეს მომავალში?
– დღეს-დღეობით ვუშვებთ ლუდ „ნატახტარს“ მინის ბოთლებში და ალუმინის ქილებში. ოქტომბრის ბოლოს პოლიეთილენის ბოთლებში ჩამოვასხამთ, ეს ლიტრიანი და ორლიტრიანი იქნება. ერთ თვეში კი ორი ახალი დასახელების ლუდს შევთავაზებთ მომხმარებელს. ლუდის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენი პროდუქციიდან საკუთარი გემოვნების მიხედვით ამოირჩიონ სასმელი.
– გმადლობთ.
ესაუბრა მარინე ვარდოშვილი

