მინი-დოსიე
ვახტანგ მიქელაძე – დაიბადა 1939 წლის 1 სექტემბერს. დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი სკოლა, 1957 წელს – პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში. 1965 წელს დაქორწინდა წარმოშობით გერმანელ ინგე ენჩზე. 1966 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გაემგზავრა. სამი წელი იმუშავა საპროექტო ინსტიტუტში დრეზდენში. 1969 წელს მეუღლესთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო „საქალაქმშენ სახპროექტში“ – საკურორტო მშენებლობის განყოფილებაში. 1978 წელს თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად შექმნა ბაკურიანის ტექნოეკონომიკური დასაბუთება და გენგეგმა. იყო „სახმშენის“ ექსპერტთა საბჭოს წევრი, ქალაქ თბილისის არქიტექტურული საბჭოს წევრი და არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის ერთ-ერთი მდივანი.
1980 წელს კვლავ მეგობრებთან ერთად მუშაობა დაასრულა გუდაურის ტექნოეკონომიკურ დასაბუთებაზე და გენგეგმაზე. თითქმის ორი ათეული წელია რაც ვახტანგ მიქელაძე სასტუმრო „გუდაურის“ მენეჯერია (შპს „ე.ს. გუდაურის“ დირექტორია). ამავე დროს, ის საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის თავმჯდომარის მოადგილეა.
ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებს გუდაურში. ჰყავს ორი ქალიშვილი და ექვსი შვილიშვილი.
კორ. – ბატონო ვახტანგ, თქვენ პროფესიით არქიტექტორი ბრძანდებით. როგორ მოხდა თქვენი ცხოვრების დაკავშირება სამთო-სათხილამურო სპორტთან და საერთოდ ამ ბიზნესთან?
ვ.მ. – 1978 წელს საპროექტო ინსტიტუტის დირექტორმა გოგი ანდრონიკაშვილმა შემომთავაზა სექტორის შექმნა, რომელიც დააპროექტებდა ისეთ სამთო კურორტს, როგორიცაა ბაკურიანი. მე მოვიწვიე ჩემი კოლეგები, რომლებიც თხილამურებთან იყვნენ დაკავშირებული. პირადად მეც თხილამურებთან ვიყავი დაკავშირებული იმ თვალსაზრისით, რომ გარდა იმისა, რომ ვიყავი მოყვარული მოთხილამურე, ზამთრობით ბაკურიანში სამაშველო სამსახურში ვმუშაობდი. ჩემთან ერთად მუშაობდნენ ჩემი კოლეგები – თამაზ ქავთარია, მერაბ ანდრონიკაშვილი, ლევან ლორთქიფანიძე. სწორედ მათგან შევქმენი ჯგუფი, რომელმაც დაიწყო საკმაოდ პროდუქტიული მუშაობა და გავაკეთეთ ბაკურიანის ტექნოეკონომიკური დასაბუთება და გენგეგმა. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ მარტო ბაკურიანი საკმარისი არ იყო და დავიწყეთ კავკასიის სხვა მაღალმთიანი რაიონების გამოკვლევა, სადაც კი ხელი მიგვიწვდებოდა – სვანეთი, ყარაყუმი, ბახმარო და ა.შ.
– როგორ დაიწყო გუდაურის როგორც კურორტის შექმნის ისტორია?
– ისტორია საკმაოდ საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ მე და ჩემმა კოლეგებმა, როდესაც გავაკეთეთ გამოკვლევა, გამოვიკვლიეთ ბევრი ადგილი, სადაც შეიძლებოდა სათხილამურო ინდუსტრიის განვიტარება, მაგრამ გუდაური ყველაზე მისაწვდომი აღმოჩნდა. ერთი პლიუსი ის, რომ თბილისთან ახლოსაა, გზა არის, კომუნიკაციები აქ ახლოს იყო. ამიტომ დავსვით საკითხი, რომ გუდაურში შეიძლებოდა სამთო-სათხილამურო კურორტის აშენება და ჩვენ მზად ვართ, რომ გენგეგმა გავაკეთოთ და ა.შ., ოღონდ სახელმწიფოს ამისათვის ფული უნდა გამოეყო. თუმცა წლების განმავლობაში ვერ დავარწმუნეთ ვერავინ, რომ საპროექტო სამუშაოების ფინანსირება მოეხდინა. ამიტომ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე (ჩვენ ამავე დროს ვმუშაობდით ბავშვთა სათხილამურო სკოლაში), ამოვიყვანეთ აქ ბავშვები, დავდგით რამდენიმე ვაგონი, პატარა საბაგირო გავაკეთეთ და აი ასე რამდენიმე წელი ჩვენს ხელში 300-400-მა ბავშვმა გაიარა. შემდეგ უკვე ყველასათვის ცნობილი გახდა გუდაურის შესახებ, იმიტომ, რომ ბავშვები სწავლობდნენ თხილამურებზე სრიალს, მათ მშობლებიც მოყვებოდნენ. მოკლედ, გუდაური გახდა სახელი და ამის შემდეგ აღმოჩნდა უკვე შესაძლებელი საუბარი, აი, ბავშვები დადიან და შეიძლება ამ კურორტის განვითარებაო. ამიტომ მთავრობამ პირველად გამოყო რაღაც თანხა. ჩვენ გავაკეთეთ ტექნოეკონომიკური დასაბუთება, გუდაურის გენგეგმა, მაგრამ ყველაფერი ქაღალდზე რჩებოდა – ეს იყო 1980 წელი.
– მაინც რამ განაპირობა საბოლოოდ, რომ მთავრობამ გადაწყვიტა სამთო-სათხილამურო კურორტის აშენება გუდაურში?
– 80-იან წლებში ბაკურიანში ჩატარდა სიმპოზიუმი, რომელსაც იტალიელები ესწრებოდნენ, ის იტალიელები, რომლებმაც ტოლიატში საავტომობილო ქარხანა ააშენეს. ამის ორგანიზატორი იყო სავორეტი – მოთხილამურე, დაბადებული და გაზრდილი მონბლანის ძირში – კულმაიორში. სავორეტი იყო მეგობარი “ფიატის” მფლობელის – ანიელის, რომელიც აგრეთვე კულმაიორიდან იყო. ის არწმუნებდა ანიელს, რომ ბაკურიანში რაღაც ბიზნესი წამოეწყო, ამიტომ ბაკურიანში მოიწვიეს დიდი შეკრება, სადაც იყვნენ სხვადასხვა ფირმების წარმომადგენლები, საბაგირო გზების მშენებლები, თხილამურების მწარმოებლები. ჩვენ მაშინ უკვე გაკეთებული გვქონდა ბაკურიანის განვითარების სქემა, შენობების არქიტექტურაც კი, რომელმაც საკავშირო პრემიაც კი მიიღო. ეს უნდა გაკეთებულიყო დიდველში, სადაც ახლა, წელს მიმდინარეობს მშენებლობა.
მაშინ კი ბაკურიანის სიმპოზიუმზე გადავწყვიტეთ, რომ სავორეტი გამოაგზავნიდა იტალიიდან ორ სპეციალისტს და ისინი გააკეთებდნენ ბაკურიანის გამოკვლევას, შეიძლება თუ არა, რომ ინდუსტრიულად, კომერციულად მომგებიანი ყოფილიყო მშენებლობა.
მათთან ერთად გამოკვლევაში მონაწილეობა ჩვენმა ჯგუფმაც მიიღო. გამოვიკვლიეთ ბაკურიანი, თრიალეთის ქედი და მთლიანად ბაკურიანის გარშემო ტერიტორიები წალკამდე, რის შემდეგ დადგა საკითხი, იქნებ გუდაურშიც გავიაროთო. გუდაურში ჩასვლისას იყო ნისლი, წვიმა და ორ მეტრში არაფერი არ ჩანდა. ეს იყო 1980 წლის ზაფხულში. მეორე დღეს კარგი ამინდი გამოვიდა, ყველაფერი ჩანდა, ვიზუალურად დავათვალიერეთ ყველაფერი დილით და წამოვედით.
ამის შემდეგ მოხსენება, რომელიც იტალიელმა სპეციალისტებმა გააკეთეს, ჩვენთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი წერდნენ ბაკურიანის, ტაბაწყურის პლიუსებზე და მინუსებზე, რაც შეეხება გუდაურს, პირდაპირ ასე იწყებოდა ფრაზა, რომ „მსოფლიოში იშვიათად თუ მოინახება ისეთი ადგილი, რომელიც ასე კარგად არის მორგებული ინდუსტრიალური სათხილამურო ცენტრის განვითარებისათვის, როგორიცაა გუდაური“. ამით, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ცოტათი შემოვატრიალეთ. საინტერესო იყო, რომ თვითონ სავორეტიმ ნახა გუდაური და მან ასეთი რამ თქვა: – „მე ვარ კულმაიორიდან, სადაც ისეთივე ფიჭვნარი, ისეთივე რელიეფი არის დაახლოებით, როგორც ბაკურიანში, ამიტომ მე ბაკურიანი უფრო მომწონს, მაგრამ მე არა მაქვს უფლება, რომ ჩემს ექსპერტებს არ დავუჯერო“ – ასეთი იყო მისი საუბარი ჩერქეზიასთან, მაშინდელ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან.
აი, მაშინ მართლა დაიწყო გუდაურის პროექტირება. გაკეთდა ტექნოეკონომიკური დასაბუთება და გენგეგმა, მაგრამ მშენებლობა დაწყება მოხერხდა სოლიკო ხაბეიშვილის ენერგიულობითა და დაჟინებულობით. ძალიან ძნელი იყო მისი დარწმუნება იმაში, რომ გუდაურში რაღაც უნდა აშენებულიყო, მაგრამ, როცა ირწმუნა, მერე უკვე წინ ვეღარაფერი დაუდგა.
ერთი რამე მინდა ვთქვა. მე და ჩემი მეგობრები ვართ ყოფილი ალპინისტები, ისე როგორც სოლიკო ხაბეიშვილი იყო და ერთად დავდიოდით. მას ქონდა ერთი თვისება, რომ ძველ მეგობრებთან და ალპინისტებთან კონტაქტს არ კარგავდა, პირიქით. ამიტომ, სხვა თუ ვერაფერს უბედავდა, ჩვენ ვუბედავდით, მოკლედ, უფლება გვქონდა გვეკამათა და გევჩხუბა კიდეც. მაშინ ასე ვფიქრობდი, რომ სოლიკოს ერთი ცხოვრება იყო მისი პარტიული და მეორე, მისი ჰობი, რომელიც მას ქონდა.
თავიდან გუდაურში ერთი საბაგირო მოვიტანეთ და დავაყენეთ, აშენდა რამდენიმე კოტეჯი, ეს „ცეკავშირს“ დაევალა. მანამდე იყო სასტუმრო „ბიდარა“, რომელიც უღელტეხილის ძირში საშინელ კლიმატურ პირობებში იყო, მაგრამ ის როგორღაც გარემონტდა. იქ ბავშვები მივიყვანეთ და დავასახლეთ. იქედან ტანჯვა იყო გუდაურში წამოსვლა, სულ ხუთი კილომეტრია, მაგრამ სიცივეში და ყინვაში ამ გზის გავლა ჭირდა, მაგრამ მაინც დავიწყეთ.
მერე მოხდა ასეთი შემთხვევა: საქართველოში ჩამოვიდა ავსტრიის სავაჭრო პალატის დელეგაცია – ბიზნესმენები, მათ შორის იყო ვეებერთელა შვედური სამშენებლო კონცერნის ვენის ფილიალის მფლობელი – ლეოპოლდ ბაულზბეგი.
როგორც ხშირად ხდებოდა, ვანახეთ გუდაური და ხმას არ იღებდნენ. ბაულზბეგი ცოტა ხნის მერე დაბრუნდა და თქვა, აი თქვენ რომ გუდაური მანახეთ და გინდოდათ იქ მშენებლობის დაწყება, დავიწყოთო. ახლა ფული უნდა გვეშოვნა. აქაც აღმოჩნდა კარგი ტანდემი – სოლიკო ხაბეიშვილი და ბაულზბეგი, ერთმა იქ დაიწყო მუშაობა, მეორემ აქ და როგორღაც ეს ამბავი დატრიალდა, გაკეთდა პროექტი, თანხებიც დიდი ვაი-ვაგლახით მოიძებნა, მაგრამ ბლოკირება ხდებოდა რუსეთიდან. აღმოჩნდა, რომ ჩვენ არაფრის უფლება არა გვაქვს, ჩაის ნარჩენების გაყიდვისაც კი არა. ერთის მხრივ ბაულზბეგმა, მეორე მხრივ ხაბეიშვილმა დაიწყეს ძებნა, ვინ იყიდდა ჩაის. როგორღაც ჩაის ეს რაღაც-რაღაცეები ინგლისში გაიყიდა და პირველი მილიონნახევარიც მოიძებნა, დანარჩენი კი საკავშირო კრედიტი უნდა აეღოთ. კრედიტიც მოვახერხეთ, ავსტრიულმა ბანკმა მოგვცა და ტენდერი ჩატარდა, რომელშიც რა თქმა უნდა, ავსტრიელებმა გაიმარჯვეს.
კონტრაქტის ხელმოწერას ცეკავშირიდან კურირებდა გივი ჯავახიშვილი და მე. ჩვენ თვეობით ვიჯექით მოსკოვში და კონტრაქტს ხელს ვაწერდით. ჩვენ ვიყავით და „ვნეშსტროიიმპორტის“ თანამშრომლები. ეს იყო ვეებერთელა კონტრაქტი, სადაც ყველა ფურცელი იყო ჩვენი მხრიდან პარაფირებული. როდესაც ეს სამუშაო დავასრულეთ, გვითხრეს, სინამდვილეში ამისგან არაფერი არ გამოვაო. ჩვენ ბილეთები ავიღეთ და წამოსასვლელად გავემზადეთ, თუმცა „ვნეშსტროიბანკში“ დასამშვიდობებლად მისულებს გვითხრეს, ცოტა ხანი გაჩერდით, რაღაც ხდებაო.
– მაინც როგორ დასრულდა თქვენი მოსკოვში დარჩენა?
– პარასკევი იყო, ძალიან კარგად მახსოვს. „ვნეშსტროიბანკში“ გვითხრეს, შაბათს მოდითო. აღმოჩნდა, რომ იმ დღეს კასიაგინი და ავსტრიის პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაზე აწერდნენ. ხელმოწერის დროს ავსტრიის პრემიერ-მინისტრს კალამი დაუგდია და კასიაგინისათვის უთქვამს, კი ვაწერთ ხელს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდის, რეალური პროექტები არ ხორციელდებაო, აი მაგალითად, გუდაურიო. ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა მის შესახებ ბაულზბეგისგან იცოდა.
კვირას დღე და ღამე ვიმუშავეთ და ორშაბათს საგარეო ეკონომიკის მინისტრი ძალით მოიყვანეს და ხელი მოაწერინეს დოკუმენტებზე.
– არ გიფიქრიათ, ამდენი წინააღმდეგობა რომ შეგხვდათ, თავი დაგენებებინათ ყველაფრისთვის?
– არა, არ მიფიქრია. როდესაც ხელმოწერა შედგა, მე და გივიმ დავურეკეთ სოლიკო ხაბეიშვილს და ვუთხარით, რომ კონტრაქტს ხელი მოეწერაო. ეს იყო სოლიკოსთან ბოლო კონტაქტი, მესამე დღეს დააპატიმრეს (იქ სხვა ამბები იყო – პოლიტიკური). საშინელ დეპრესიაში ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ კი მივაღწიეთ ამ ყველაფერს, მაგრამ სოლიკო დაიჭირეს.
მიუხედავად ამისა, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და ახალი მთავრობისა, მშენებლობა დაიწყო. წესით 18 თვე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 21 თვე გაგრძელდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დიდთოვლობა იყო, დერეფნები ექვსმეტრიანი, ბავშვები ვერტმფრენებით გავიყვანეთ. „გუდაურის“ მშენებლობა 1982 წელს დამთავრდა.
– ობიექტის აშენებისა და ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ რამდენად გაგიძნელდათ ადგილზე მუშაობა?
– არა, არაფერი არ გამძნელებია. მე არქიტექტურას თავი დავანებე და აქ გადმოვედი სამუშაოდ. დღემდე ვმუშაობ და კარგი ვქენი თუ ცუდი, სხვამ განსაჯოს.
– როგორ ფიქრობთ, რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?
– ამაზე, გულახდილად რომ გითხრათ, არ მიფიქრია. მაშინ კი საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე, მე ჩემს თავს არ ვთვლიდი არც ბიზნესმენად და არც მენეჯერად. ბიზნესმენი არც ახლა ვარ, ვარ მენეჯერი. უბრალოდ, ჩვენთან საქართველოში ცნება მენეჯერისა არ არის, უცხოეთში კი პირიქით, იქ მფლობელებსა და ბიზნესმენებს არ იცნობენ, იცნობენ მენეჯერებს. ჩვენთან ეს პირიქითაა – საკუთარი ბიზნესი უნდა გქონდეს, რომ გიცნობდნენ. საქართველოში საკმარისად არიან მენეჯერები, მაგრამ ისინი ცნობილნი არიან როგორც მფლობელები და არა როგორც დაქირავებული მენეჯერები. მეც ვარ დაქირავებული მენეჯერი. რა თვისებებია საჭირო, არ ვიცი, რადგან დასაწყისში რომ დავიწყეთ მუშაობა, ჩვენი ერთობლივი საწარმო იყო და თავად მე კი არ ვიყავი მენეჯერი, არამედ ავსტრიელები იყვნენ. მერე ერთობლივ საწარმოში ფუნქციები ცოტა გაყოფილი იყო. მე ვიყავი ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორი იმიტომ, რომ სასტუმროს ჰყავდა ავსტრიელი მენეჯერი, პერსონალიც ავსტრიელები იყვნენ და ეს „ნოუ-ჰაუ“ – როგორც იტყვიან, მათ მოიტანეს. ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო.
მთავარი თვისება მენეჯერისათვის არის ის, რომ წინააღმდეგობას უნდა ელოდოს და წინააღმდეგობის გარეშე ცხოვრება არ უნდა შეეძლოს. თუ იფიქრებს, რომ ამდენი წინააღმდეგობა პრობლემას უქმნის, მაშინ ჯობია თავი დაანებოს. ერთ-ერთი მეორე აუცილებელი თვისება, რომელსაც მე ნელ-ნელა მივხვდი და მანამდე არც მიფიქრია, ისაა, რომ თუ გინდა თეთრად მუშაობა და არა ჩრდილოვან ეკონომიკაში, მაშინ კარგად უნდა იცოდე კანონები, მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობა, უნდა იცოდე, როგორ იბრძოლო ყველასთან, იმიტომ რომ ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა, ეს იყო. ავსტრიელებს, უბრალოდ, ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოდგენილი არ ჰქონდათ. მათი მიზანი იყო მოგების ნახვა, მიუხედავად იმისა, რომ აქ აწეწილი ქვეყანა იყო. ამ მოგების გაკონტროლება კი ავსტრიიდან მხოლოდ და მხოლოდ თეთრი ბუღალტერიით შეიძლებოდა, ესე იგი, მათ თეთრი გამჭვირვალე ბუღალტერია თავისთვის სჭირდებოდათ და არა სხვისთვის. ამიტომ სხვანაირად არ შეეძლოთ და ამ დროს ჩვენ აქ „თეთრი ყვავივით“ ვიყავით. სიტუაცია ბოლო წლებამდე ისეთი იყო, რომ სულ უნდოდათ ჩვენი ჩათრევა ჩრდილოვან ეკონომიკაში, სხვანაირად ვერ წარმოედგინათ. ეს ერთი პრობლემა იყო. მეორე – ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა კოშმარული იყო. გუდაურში იყო წლები, როცა სამხედრო გზის ხელში ჩაგდებაზე იბრძოდნენ ისეთი ორგანიზაციები, როგორიც იყო „მხედრიონი“, „თეთრი არწივი“, მაშინდელი „გაი“, პოლიცია… უბრალოდ, ერთმანეთს ავტომატებით კლავდნენ. აქ მსხვერპლი იყო უზარმაზარი. აი, ამ შუაში ვიყავით „გაკვეხებული“ ჩვენ და უნდა გვეფიქრა, ტურიზმით თავი როგორ გვერჩინა.
– და მაინც, როგორ მოახერხეთ ამ ყველაფრის შენარჩუნება?
– ჩვენი ძირითადი მიზანი 6 თუ 7 წელიწადი იყო არა მოგებაზე ფიქრი, არამედ იმაზე, როგორ შეგვენარჩუნებინა ყველაფერი. ჩვენთვის საუკეთესო საპირისპირო მაგალითია ოდესღაც ცნობილი სასტუმრო „არაგვი“ ფასანაურთან, რომლისგანაც არაფერი აღარ დარჩა.
განადგურება ამ ყველაფრის ძალიან მარტივი იყო. ერთი ქვა რომ ამოღებულიყო აქ კედლიდან, მიყვებოდა და მიყვებოდა, ამიტომ ძირითადი მიზანი სასტუმროს შენარჩუნება იყო. არანაირ კომერციულ მოგებაზე ლაპარაკი არ იყო, ამიტომ ძალიან ძნელია თქმა იმისი, რა თვისება უნდა გააჩნდეს მენეჯერს, მაშინ შეიძლება ეს მიზანში სროლაც კი ყოფილიყო.
რომ დალაგდა ყველაფერი, ოთხი წლის წინ, უკვე მოგვიხდა ომი ჩრდილოვან ეკონომიკასთან, ნამდვილი ომი გვქონდა – საგადასახადომ 1.5 მილიონი ლარით დაგვაჯარიმა, ეს იმას ნიშნავდა, რომ სასტუმრო უნდა დაგვეხურა. გვქონდა ომი სასამართლოში, როგორღაც მოვიგეთ და გადავრჩით. არ გინდათ ჩვენებურად, ჩვენსავით იყოთ, მაშინ უნდა მოისპოთ, – აი, ასეთი ლოგიკა იყო მაშინ.
– ახლანდელი საგადასახადო კოდექსი რამდენად მისაღებია თქვენთვის? ბევრი ბიზნესმენი ჩივის, რომ ის კვლავ მძიმეა…
– მე არა ვარ თანახმა, რომ ასე გამარტივებულად ვილაპარაკოთ იმაზე, რამდენად კარგია ან ცუდია საგადასახადო კოდექსი. რა თქმა უნდა, ის იმასთან შედარებით, რაც იყო, გაცილებით უკეთესია, მაგრამ ამ გამარტივებასთან და საგადასახადო კოდექსის გარკვეულ უპირატესობასთან ერთად, შემოვიდა ადმინისტრირების გაცილებით მკაცრი პირობები, რაც, მე ვთვლი, რომ დაუშვებელია – ეს არის ცუდი. ადრე თუ ორი მესამედი იყო გადასახადების და ერთი მესამედი – ადმინისტრირება, ახლა ერთი მეოთხედია გადასახადები და სამი მეოთხედი ადმინისტრირება. შიგნით გაჩნდა ისეთი სასაცილო კაზუსები, რომელსაც ყურადღება არავინ არ მიაქცია. აი მაგალითად, ეგრეთ წოდებული „ამბარნაია კნიგა“ – საბუღალტრო წიგნი, რომელიც არავის არაფერს არ აძლევს, შემოვიდა ადმინისტრირების მეთოდში. ეს იმას ნიშნავს, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა საქონელი, რომელსაც შემოიტან ან გაიტან, უნდა აღრიცხო უსათუოდ კალმისტრით – ადრე კოლმეურნეობაში ქიმიური ფანქარი რომ იყო, ისეთით, რომ არ წაიშალოს. ნათელი იყო, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ შემოღებული იყო იმისთვის, რომ დაჯარიმდე. მაგრამ მთლიანობაში, საგადასახადო კოდექსი თუ მას ნორმალურად მოექეცი, მე მგონი მისაღებია. პირადად მე, რა თქმა უნდა, ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვართ, დღგ-ს 18%-ის ნაცვლად 16%-ს დავაწესებდი. მაგალითად, ისეთ „დაღუპულ“ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, დღგ 16%-ია.
– როგორ ვითარდებოდა სამთო ტურიზმი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გუდაურში და რა დინამიკით იზრდებოდა ტურისტთა და დამსვენებელთა რიცხვი?
– ბოლო ოთხი წლის სურათი ნათელი რომ იყოს, თუ რა დინამიკით ვითარდებოდა, მანამდე უნდა მოვიგონო პირველი წლები. საქმე ისაა, რომ პირველ წლებში, როდესაც ჩვენ ამ სასტუმროში შემოვედით, მას არაფერი არ გააჩნდა, არც “ნოუ ჰაუ”, არც საბრუნავი კაპიტალი. „ინტურისტი“ ცდილობდა „გუდაური“ მოეხრჩო, ისე რომ თვითონ აეღო თავის ხელში და საკავშირო დაქვემდებარების გაეხადა. ჩვენი მთავრობა ცდილობდა, რომ სასტუმრო საქართველოს დარჩენოდა, მაგრამ ფული არ ქონდა, ამიტომ გადასცეს ჯერ „ცეკავშირს“, მერე კი უკვე „ცეკავშირმა“ „საქკურორტს“ გადასცა ადგილობრივი კურორტები. როდესაც მოვითხოვეთ ჩვენ საბრუნავი სახსრები, უარი გვითხრეს. იძულებული გავხდით ავსტრიაში კრედიტი აგვეღო ისევ. ერთობლივ საწარმოს ერთი მილიონი უნდოდა, თეთრეული, ავეჯი და რაღაც-რაღაცეები რომ შეეძინა, პროდუქტზე აღარაფერს ვამბობ. პირველი 4 წელი ჩვენ ამ კრედიტს ვაბრუნებდით, მერე უკვე საბჭოთა კავშირი მოისპო და ყველაფერი აირია, კრედიტს ვეღარ ვაბრუნებდით, რაღაცა პერიოდი ვემსახურებოდით – პროცენტს ვიხდიდით, მერე იძულებული ვიყავით გამოგვეცხადებინა, რომ პროცენტსაც ვეღარ ვიხდითო, მაგრამ მაინც როგორღაც მოვახერხეთ და მერე ისევ დავიწყეთ პროცენტის გადახდა. რაც შეეხება კრედიტს, მაგას უკვე 4 წლის შემდეგ ვეღარ ვიხდიდით, ამიტომ მოხდა რესტრუქტურიზაცია და ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა აიღო თავის თავზე – გადმოიწერა. აი ესეთი მდგომარეობა იყო.
ის, რომ ჩვენ საერთოდ არ გავიგუდეთ და არ გავკოტრდით, როგორღაც ვიმუშავეთ, ეს არის იმის გამო, რომ ჩვენ ვიპოვეთ ნიშა – ეს იყო ე.წ. „ჰელისქინგი“. ეს ამბავი შვეიცარიელებთან ერთად გავაკეთეთ. დასაწყისში მაინც და მაინც არ ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა ასეთი სარფიანი რამე გამომდგარიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ „ჰელისქინგი“ სხვაგან უამრავ ადგილას სინჯეს, მაგრამ დღეს არის მხოლოდ კანადაში და გუდაურში. იმ დროს, როცა ჩვენ „ჰელისქინგი“ შემოვიღეთ, მაშინ კანადაში მას ევროპელები, ავსტრიელები და გერმანელები აკეთებდნენ. დღეს ის უფრო და უფრო პოპულარული ხდება. „ჰელისქინგისათვის“ საჭიროა ძალიან დიდი ფართობი, ეს არის გაუკვალავ თოვლში სიარული, ყველა მოთხილამურე პარალელურ კვალზე მიდის, ყველას უნდა გაუკვალავ თოვლში სიარული, ერთიმეორის კვალზე არავის არ უნდა სიარული. ევროპაში ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, ამიტომ ევროპელებმა ამის გაკეთება მოინდომეს კანადაში, თუმცა ამერიკელები და კანადელები მალე მიხვდნენ, რომ ეს კარგი ბიზნესია და ნელ-ნელა გამოდევნეს ევროპელები. ეხლა თვითონვე აკეთებენ და რაც მთავარია, ევროპელებს უკვე გაუჭირდებოდათ იქით სიარული, ამიტომ დარჩათ ერთი ვარიანტი – საქართველო. ეს უაღრესად პოპულარულია, ამის გარეშე ევროპელი აქ არ ჩამოვა, მით უმეტეს მაშინ, როცა ევროპის კურორტები დატვირთული არ არის და „ფასების ომი“ მიდის, ჩვენთან კი აეროპორტში ჭრაქები ენთო 8 წლის წინ და ავტობუსით ტურისტები აეროპორტიდან შეიარაღებული დაცვის თანხლებით მოგვყავდა, მაშინ სამხედროები გვყავდა დაქირავებული, თანაც წინ და უკან ისე მოგვყვებოდნენ, რომ უცხოელებს არ ენახათ. აი ამ პირობებში, რა თქმა უნდა, „ჰელისქინგი“ რომ არ ყოფილიყო, „გუდაური“ ვერ გადარჩებოდა. „ჰელისქინგი“ უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი „სავიზიტო ბარათია“.
– საქართველოში თუ გრძნობთ კონკურენციას?
– როგორ არა, ვგრძნობთ. კონკურენცია უნდა იყოს და ეგ არ არის ცუდი. კონკურენციას ვგრძნობთ ბაკურიანში და აქაც, გუდაურშიც შენდება პატარ-პატარა სასტუმროები.
– თქვენ როგორ გესახებათ გუდაურის მომავალი ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით?
– გუდაურს პრობლემები აქვს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით. ელექტროენერგია ადრე რუსეთიდან მოდიოდა, მაგრამ ახლა ვართ ჩიხი. როდესაც მთელ საქართველოში დატვირთვა იზრდება და სიხშირე ეცემა, დააყენეს ავტომატი, რომელიც პირველ რიგში ამ შტოს თიშავს, ამიტომ გუდაური პირველი ზარალობს. ეხლა მცდელობა არის, რომ იქნებ არაგვზე პატარა ჰიდროელექტროსადგური აშენდეს. რამდენიმე პროექტი გაკეთდა და ვერ განხორციელდა. ახლა კრედიტის მოძიება ხდება და იმედია, ბოლო-ბოლო ეგ ამბავი მოხერხდება. რაც შეეხება გაზს, აქ პირიქით, კარგ მდგომარეობაში ვართ, ამიტომ თუ მოვახერხეთ, რომ ფული ყველამ გადავიხადოთ, გაზი ყოველთვის გვექნება.
– დღეისთვის სასტუმრო „გუდაური“ სერვისის რა პაკეტს სთავაზობს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და უბრალოდ ტურისტებს?
– უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ „ჰელისქინგს“ ზამთარში. ჩვენ გვაქვს კლუბური სისტემა, რაც იმას გულისხმობს, რომ გარდა სასმელებისა და ზოგიერთი დამატებითი მომსახურებისა, ყველაფერი შედის ამ კომპლექტში. გვაქვს შვედური მაგიდა და კაცი, რომელიც ცხოვრობს ჩვენთან ერთი ღამეც კი, ხდება კლუბის წევრი. გვაქვს ერთკვირიანი პაკეტი, რომელიც გაცილებით იაფია, ოღონდ აუცილებელია 7 ან მეტი დღე იყოს.
კონფერენციებში გვაქვს გარკვეული „დისქაუნთები“. ზაფხულობით, ძირითადად კონფერენციებით ვარსებობთ და ფასებიც გაცილებით დაბალია.
ასევე ჩვენს დამსვენებელს ვთავაზობთ ბევრ საინტერესო რამეს, მაგალითად, მდინარეზე ბადით თევზაობას, რაც ბრაკონიერების გამო გართულდა და ნელ-ნელა აზრს კარგავს. ამის გარდა გვაქვს საინტერესო მარშრუტი, ძალიან კარგი პროდუქტი, მაგრამ ძალიან ძვირი – გასეირნება ყელის ტბაზე. ეს წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ფასის მხრივ მისაღები ხდება მაშინ, როცა ჯგუფში 10-12 კაცია, ერთი ღამის თევით ვერტმფრენით გადაფრენა ყელის ტბაზე, მარშრუტით, მეორე დღეს გაფრენა თრუსოს ხეობაში, თბილისიდან გუდაურში თავის სასტუმროთი – 300 დოლარამდე ჯდება.
– 2006 წელს სასტუმრო „გუდაურის“ აქციათა 75%-ის გაყიდვას გეგმავს სახელმწიფო. თქვენ რას იტყვით ამ საკითხზე და რა პროცესები მიმდინარეობს ამ მიმართულებით?
– საქმე ისაა, რომ „გუდაური“ პრივატიზებულია. არის სს „გერგეთი“, რომელშიც 75%-ს სახელმწიფო ფლობს, 25%-ს კი სხვადასხვა ბანკები და კერძო ფირმები. ისინი არიან ქონების მფლობელები ჩვენგან განსხვავებით, ჩვენ სასტუმრო მათგან გრძელვადიანი იჯარით გვაქვს აღებული. აი, ამ 75%-ის გაყიდვას აპირებს სახელმწიფო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ტენდერით გაყიდოს, შეუძლია მოიშოროს, შეუძლია არ მოიშოროს, ეს აქციები შეიძლება ერთმა ფირმამ იყიდოს, შეიძლება ათმა… აქციების 75% კი 15 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული.
– რამდენად მისაღები და რეალურია ეს ფასი?
– სასტუმროში და საბაგიროზე უახლოეს 2-3 წელიწადში ძალიან ბევრი რამეა გამოსაცვლელი, გასაკეთებელი – ამის გარეშე სასტუმრო ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. 2007 წელს ჩვენი კონტრაქტი მფლობელთან – სს „გერგეთთან“ იწურება. იდეალურ შემთხვევაში, ვთქვათ, მათ მოინდომეს ჩვენთან კონტრაქტის გაგრძელება და კვლავ ჩვენ უნდა გავწიოთ მენეჯმენტი. თუ 1,5 მილიონიანი ინვესტიცია არ ჩაიდო, მე უარს ვიტყვი. მფლობელი შეიძლება იყოს ის, ვინც გადაიხდის იმდენ თანხას და გადაიხდის კრედიტს მინიმუმ 12 წელიწადში. თუ 12 წელიწადში არ იქნება ჩადებული თანხის დაბრუნება, მაშინ ინვესტიციას აზრი არა აქვს. ამიტომ კომერციული ფასი მკვეთრად განსხვავდება რეალური ფასისგან, თორემ ეს სასტუმრო გაცილებით მეტი ღირს, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით 15 მილიონი დოლარი კი არა, შეიძლება 7 მილიონიც კი არ ღირდეს. ჩვენ გვქონდა ასეთი მოსაზრება, რომ „გუდაური“ მენეჯმენტს შეეძინა, დავთვალეთ, რა დაგვიჯდებოდა, თუ კრედიტს ავიღებდით და 12 წელში დავფარავდით. სულ სხვა ფასი მივიღეთ.
– სულ მალე გაირკვევა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ადგილი, რომლის ერთ-ერთი პრეტენდენტი ბაკურიანია. რატომ გაკეთდა განაცხადი ბაკურიანზე და არა გუდაურზე და რამდენად რეალურია მისი კანდიდატურის გამარჯვების შანსი?
– გადასარევი ადგილია ბაკურიანი, თუმცა იქ რა ტურიზმი იქნება, რა მშენებლობა მიდის და ამ მილიარდებს ვინ გამოყოფს, არ ვიცი. რა მოსაზრებით გაკეთდა ეს განაცხადი ბაკურიანზე, ვერ გეტყვით, თუმცა ეს კარგია, მაგრამ შანსებს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება გუდაურს, გუდაურის კანდიდატურა ოლიმპიურ თამაშების ჩატარების კუთხით არ დგას, თუგინდ იმიტომ, რომ ის გამოკვეთილი პროფილისაა, აქ შეიძლება მხოლოდ სამთო-სათხილამურო ტურნირის ჩატარება. უაღრესად რთულია სირბილები და ტრამპლინები. ტრამპლინები, მაგალითად იმიტომ, რომ გუდაური არის ორიენტირებული სამხრეთისაკენ, ფერდი არის სამხრეთის მიმართულებით და ტრამპლინი არ შეიძლება იქეთ იყოს და მზე მოთხილამურეს თვალებში ანათებდეს.
– დღეს ხშირად ხდება, რომ საკმაოდ პასუხსაგებ თანამდებობებზე (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებში) ძალიან ახალგაზრდა პიროვნებებს ნიშნავენ. თქვენ როგორ უყურებთ ამას?
– რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თაობათა ცვლა აუცილებელია. გამოცდილებას ნაკლიცა აქვს. ასაკში მე პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია ინახოს საშუალება, რომ ნიჭიერი ადამიანი აღმოჩნდეს იქ, იმ ადგილზე, სადაც საჭიროა. ასაკს არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. პირადად მე დიდი ხანია ვეძებ, ვცდილობ ვიპოვო ვიღაც, ვისაც ჩემს გამოცდილებას გადავცემ, მაგრამ მე ახლა მაგ თვალსაზრისით გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. ვიპოვიდი კიდეც ასეთ ადამიანს, ერთად პარალელურად ვიმუშავებდით, ვთქვათ და გადავცემდი მას ჩემს გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ამას მინიმუმ ერთი წელი მაინც დასჭირდებოდა. თუ ადამიანი საკმარისად ნიჭიერი და გონებაგახსნილია, ეს დროც ეყოფოდა. მაგრამ ამ ჩვენს კონკრეტულ სიტუაციაში, როცა 2007 წელს გვითავდება კონტრაქტი, მე ვერავის ვერ ვთავაზობ ამას, რადგან ის ადამიანი გაურკვეველ სიტუაციაში ხვდება, ამიტომ დღევანდელ დღეს რეალურად მიჭირს მაგის გაკეთება.
– რა არ მოგწონთ ბიზნესში?
– ხშირად ხდება ბიზნესში, რომ „გადაგაგდებენ“, მაგრამ მე ვთვლი, რომ ბიზნესის განვითარება ყოველთვის შეიძლება ისე, რომ ყველა მონაწილე მხარისათვის ხელსაყრელი იყოს. ძირითადი მიმართულება ბიზნესში უნდა იყოს ეს და არა ვთქვათ, დღეს პარტნიორები ვართ და ხვალ არა. რატომღაც გონიათ, რომ ბიზნესი არის ვიღაცის მოტყუება.
– თავისუფალი დრო თუ გაქვთ და როგორ ატარებთ მას?
– თავისუფალი დრო ჩემთვის ისაა, სამუშაო დღე რომ დასრულდება, გავდივარ გარეთ, ხან ქვევით ჩავდივარ და ვფიქრობ, რომ სანამ შემიძლია თხილამურებით სიარული, შემიძლია მუშაობაც, ხოლო როცა თხილამურებზე დგომას ვერ შევძლებ, მუშაობასაც თავს დავანებებ.
– სათხილამურო სპორტის მოყვარულებს თუ ურჩევდით რამეს?
– იცით რა არის, ვერაფერს ვერ ვურჩევდი, იმიტომ რომ ჩემი ღრმა რწმენით, სამთო თხილამურები არის ავადმყოფობა. ყველაფერი სამთო-სათხილამურო სპორტში დამყარებულია ენდორფინის გამოყოფაზე, ეს კი ნარკოტიკია. კაცი, რომელიც ერთხელ და ორჯერ დადგება თხილამურებზე, ეს უკვე ავადმყოფურად უყვარდება, როგორც ალპინიზმი და ვერანაირი საფრთხე ამ გატაცებაზე ხელს ვერ ააღებინებს. მოთხილამურეებს ფეხის ტრავმა ხშირად ემართებათ, მე თვითონ ფეხი არ მომიტეხია არასოდეს. ერთხელ ბაკურიანში ჯაგებში აღმოვჩნდი და ჩემმა მეგობარმა იქიდან რომ გამომაძვრინა, მკითხა, არაფერი არ მოგსვლიაო? არა-მეთქი, როცა ვუპასუხე, მაშინ შენ არასოდეს არაფერი არ მოგტყდებაო. ეს კიდევ ერთხელ დავიჯერე, როცა კოხტაგორიდან 40-მეტრიანი კლდიდან ჩამოვვარდი და რომ მეგონა საშინლად დავილეწებოდი, მხოლოდ ლავიწის ძვალი ამომივარდა.
– და ბოლოს, ჩვენი ჟურნალის შესახებ რას გვეტყოდით ან ხომ არ გვირჩევდით რამეს?
– მე სიამოვნებით ვკითხულობ. რა ვიცი, მე ვერაფერ ახალს ვერ გირჩევთ. ისეთი სპეციფიკურიც არ არის, რომ ვთქვათ, ვიღაცას აინტერესებდეს და ვიღაცას არა, საკმარისად საინტერესოა ყველასათვის. მასში დაბეჭდილი თითქმის ყველა მასალა საინტერესო საკითხავია.
– გმადლობთ ქებისთვის და საინტერესო ინტერვიუსთვის.
ესაუბრა მარინე ვარდოშვილი

