მინი – დოსიე
გია დარსალია – დაიბადა 1971 წლის 30 ნოემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის №53 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე – კლასიკური ფილოლოგიის განხრით. მესამე კურსის შემდეგ სწავლა შეწყვიტა და ავსტრიაში გაემგზავრა სასწავლებლად, სადაც 1996 წელს პოლიტოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, მათ შორის საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, სადაც მთავარ მენეჯერად მუშაობდა და საერთაშორისო გამოფენებს აწყობდა.
2002 წლის 26 დეკემბერს გახსნა წიგნის მაღაზია „პარნასი“, რომელიც თითქმის დაარსებიდანვე იქცა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნის მაღაზიად. ერთი წლის შემდეგ, 2003 წელს კი გადაწყვიტა ბედი საგამომცემლო საქმეშიც ეცადა და პარტნიორებთან ერთად გამომცემლობა „არეტე“ დააფუძნა.
2004 წლიდან თბილისის წიგნის ყოველწლიური ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტიური მონაწილეა.
მ.ვ. – რამ განაპირობა ის, რომ თქვენ ბიზნესით დაკავდით, როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თავიდან გაჩნდა იდეა და შემდეგ საქმე თუ პირიქით?
გ.დ. – ზოგადად, არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან ძალიან კარგი მუშაკები და არიან ისეთები, რომლებიც არ არიან კარგი მუშაკები. მე ვითვლები იმ კატეგორიაში, რომლებიც არ არიან კარგი მუშაკები. ჩემთვის ძალიან რთულია სუბორდინაციის მომენტი და ამიტომაც იყო ალბათ, რომ იმ პერიოდში, სანამ „პარნასს“ დავაარსებდი, ბევრი სამსახური გამოვიცვალე. პრინციპში ყოველთვის მინდოდა, რომ საკუთარი ბიზნესი მქონოდა და მაღაზიის გახსნის იდეაც ავსტრიიდან ჩამოსვლის შემდეგ ყოველთვის თავში მედო. თუმცა, ამ იდეის განხორციელება არც ისე ადვილი იყო, დიდი ხნის განმავლობაში არ იყო მაგის შესაძლებლობა და შემდეგ გაჩნდა.
– „პარნასი“ იყო პირველი თანამედროვე ტიპის წიგნის მაღაზია თბილისში. რატომ გარისკეთ საკმაოდ არარენტაბელური ბიზნესით დაკავება, ეს იყო მინი ბიზნეს-პროექტი, მოდური ნაბიჯი, რომელზეც თქვენ ავსტრიიდან ჩამოსვლის შემდეგ ფიქრობდით თუ უბრალოდ წიგნის სიყვარული?
– მოდური ნაბიჯი ნაკლებად; უფრო – წიგნის სიყვარული და ის მომენტი, რომ ესეთი რაღაცა საქართველოში არ არსებობდა, რაღაც ახალი იყო. გასაგებია, რომ ეს გარკვეულწილად რისკი იყო, მაგრამ მჯეროდა წარმატების. იმის არ მჯეროდა, რომ მე ამით მილიონებს ვიშოვიდი, მაგრამ მჯეროდა, რომ ამ ბიზნესს რაღაცა დონით განვითარების საშუალება ჰქონდა. მსოფლიოში წიგნის ბიზნესი ყვავის და საქართველოში იმ დროს საერთოდ არ არსებობდა. იმის შიში, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ შევძლებდი, ნაკლებად მქონდა, თუმცა მაშინ ეს ბევრში ძალიან სკეპტიკურ და ირონიულ დამოკიდებულებას იწვევდა, ამბობდნენ, ხალხს ფული არა აქვს საჭმლის და რა დროს წიგნებიაო.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ყოფილიყო ეს ბიზნესი და არა სხვა?
– იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჯერ ერთი – უნდა აკეთო ის საქმე, რომელშიც მეტნაკლებად ერკვევი, მეორე – იმიტომ, რომ ეს იყო სრულიად ახალი. რატომაც არ უნდა აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს და პარალელურად, ეს საქმე პერსპექტიულად მიგაჩნია. რა ვიცი, ნავთობის ბიზნესში მე ვერ ჩავერთვებოდი, მაგისი არც ფული მქონდა, არც ცოდნა და არც შესაძლებლობა.
– რაც შეეხება გამომცემლობა „არეტეს“, როგორ შეიქმნა და როგორ გახდით მისი დამფუძნებელი?
– იცით რა, გამომცემლობასთან დაკავშირებით ცოტა სხვა სიტუაცია იყო. გამომცემლობა, ასე ვთქვათ, როგორც რუსები იტყვიან – Для души – მომენტი იყო თავიდან, მით უმეტეს, რომ გამომცემლობა არ მოითხოვდა ისეთ სერიოზულ კაპიტალს, როგორც წიგნის მაღაზიის გახსნა. შემდეგ უკვე ნელ-ნელა განვითარდა, უფრო მეტ გამოცემებს ვუშვებთ, წელს უკვე სერიოზული წინსვლა გვექნება.
გამომცემლობა ისეთი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არც ოფისი აქვს, არც სხვა არაფერი, ანუ ეს ყველაფერი ვირტუალურად ხდება, შედეგები მაინც ძალიან კარგია. ფაქტიურად მარტო დამფუძნებლები ვმუშაობთ, თუ არ ჩავთვლით ტექნიკურ პერსონალს.
– როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში საქართველოში ვითარდება ბიზნესი თუ პირიქით?
– ძვრები რომ დადებითია, ბიზნესის განვითარების მხრივ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მაკონტროლებლები აღარ გვაწუხებენ. ადრე კი ეს ყველაფერი არსებობდა. მთავრობის ცვლილებამდე სახელმწიფო სექტორიდან წიგნის სექტორში არც ერთი კაპიკი არ იყო წამოსული, რაც სერიოზულად დადებითად შეიცვალა. ჩვენ კი მაინც უკმაყოფილო ვართ, ბევრს ვითხოვთ და უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა თემაა, იმის არდანახვა კი, რაც კეთდება, არ შეიძლება. ადრე წიგნის ბიზნესში არც ერთი კაპიკი არ შემოდიოდა. კი, იყო ისე, როცა დააფინანსებდნენ, სიტყვაზე, ერთ გამოცემას, გადაიხდიდა სახელმწიფო 30 ათას დოლარს, აქედან წიგნში 5 ათასი იხარჯებოდა და 25 ათასი მიდიოდა ჯიბეებში. ეს რაღაცეები დღესდღეობით აღარ ხდება და ე.წ. „ატკატების“ მომენტი აღარ არის, არც მსმენია ამაზე. მეორეს მხრივ, წიგნის ბიზნესში მეტნაკლებად სერიოზული თანხები წამოვიდა, ანუ დაიწყო ბიბლიოთეკების შეიარაღება წიგნებით. ახლა მიმდინარეობს ზუსტად განათლების სამინისტროს პროექტი – 560 რაიონული სკოლის ბიბლიოთეკის შევსება ხდება 1000 ლარის ღირებულების წიგნებით, ანუ 560000 ლარი მთლიანად წიგნის სექტორში წავიდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება სხვა სექტორისათვის ეს დიდი არაფერი იყოს, მაგრამ გამომცემლობებისათვის ეს სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, ერთიანი ფული შესდით და ამ ფულის ისევ დაბანდებისა და რაღაცეების კეთების საშუალება აქვთ.
იგივე ხდება, თუმცა ბევრად ნაკლები მასშტაბებით, კულტურის სამინისტროში. იქაც ყოველწლიურად ბიბლიოთეკების განახლება მიმდინარეობს და ამაზე 70000 ლარი იხარჯება. ცოტაა, მაგრამ მაინც კარგია და მაინც რაღაცას ნიშნავს.
– თქვენი აზრით, სხვადასხვა ბიზნესი უნდა იყოს თუ არა თანაბარ პირობებში? საჭიროებს თუ არა წიგნის ბიზნესი საგადასახადო შეღავათებს, მაგალითად, ამჟამად თქვენი სფერო დღგ-საგან გათავისუფლებულია?
– დღგ-ისგან გათავისუფლება მიდის იმისკენ, რომ, რეალურად ეს არის საკმაოდ არამნიშვნელოვანი სფერო საგადასახადო თვალსაზრისით თვითონ სახელმწიფოსთვის. დღგ რომ არსებობდეს, სახელმწიფო აქედან მართლა კაპიკობრივ დონეზე მიიღებდა. ანუ ეს შეღავათი შეიძლება უფრო ჩაითვალოს არა წიგნის სფეროს დახმარებად, არამედ ფაქტიურად სოციალურ დახმარებად წიგნის მყიდველი ადამიანისათვის, რომელსაც რეალურად 18%-ით უიაფებს წიგნს. ამიტომ თვითონ ეს დღგ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, უფრო მნიშვნელოვანია თუნდაც ის პროექტები, რომლებიც წიგნის ბიზნესს განვითარებაში ეხმარება, ივსება ბიბლიოთეკები, ანუ იმ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არა აქვს ფული, რომ წიგნი იყიდოს, მისთვის ხდება წიგნი ხდება ხელმისაწვდომი, შეუძლია ბიბლიოთეკაში მისვლა, იქ წაკითხვა ან სახლში წაღება და იქ წაკითხვა. უკეთესი მომენტია, როცა ადამიანი წიგნს ყიდულობს მაღაზიაში, ამ დროს წიგნის მაღაზიასაც ეწყობა ხელი. როცა გამომცემლობიდან ყიდულობენ წიგნს, რაც დღესდღეობით ხდება, ამით ბიუჯეტის სახსრები იზოგება, მაგრამ მაღაზიების განვითარებას ნაკლებად ეწყობა ხელი, მაშინ, როცა ამ უკანასკნელს გამომცემლობებზე უფრო მეტად სჭირდება სახელმწიფო დახმარება. მაღაზიებში ეს დახმარება ფაქტიურად არ მოდის, გამომცემლობები კი ამის დახმარებით იზრდებიან, ანუ ირიბად ავტორებსაც მისდის ფული, რედაქტორებსაც, კორექტორებსაც და ა.შ.
– ახალგაზრდებში წიგნი დღითიდღე ნაკლებად პოპულარული ხდება და მას კომპიუტერი ენაცვლება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი შეუქცევადია და ხომ არ ემუქრება წიგნს მკითხველის დაკარგვა?
– არა, ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, წიგნისადმი ინტერესი უფრო ზრდადია, თუ შევადარებთ 90-იან წლებს. უბრალოდ დღეს უფრო მეტი გართობის საშუალებაა. ისე, წიგნს დღესაც კითხულობენ და საკმაოდ პოპულარულიცაა. ჩვენს მაღაზიაში ბევრი ახალგაზრდა დადის და ყიდულობს წიგნს, თუმცა დღევანდელ ახალგაზრდებს აქვთ კიდევ ერთი პრობლემა: მათ რუსული არ იციან, ქართულად კი წიგნების ისეთი არჩევანი არ არის, ინგლისურიც ისე კარგად არ იციან და თანაც ინგლისური წიგნების მხრივაც არ არის ფართო არჩევანი; და კიდევ ძვირიცაა. ანუ, ეს მომენტები ხელისშემშლელია. ისე, წიგნს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და კომპიუტერს თავისი. ჩვენს დროსაც იყვნენ უწიგნური ადამიანები (ახალგაზრდები), რომლებიც მთელი დღე ტელეფონზე ეკიდნენ. კომპიუტერი გაძლევს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ კომპიუტერში დოსტოევსკის ვერ წაიკითხავ.
ერთხელ გოგონა მოვიდა მაღაზიაში და შოლოხოვის Тихий Дон მინდაო გვითხრა – ეს მომენტი ძალიან დამამახსოვრდა.
ხშირად ამბობენ, წიგნი ძალიან ძვირია. ეს იქიდან გამომდინარე, რომ კომუნისტების დრო ახსოვთ, როცა წიგნი კაპიკები ღირდა, მაშინ ყველაფერი სახელმწიფოს მიერ იყო სუბსიდირებული. ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა, არსებობს ძალიან კარგი პოეტი – ბაადურ ბალარჯიშვილი, რომელმაც თელავში წიგნი გამოუშვა და ის 19 კაპიკი ღირდა. წიგნი მისმა მეგობარმა ნახა და თურმე კითხა, ბაადურ, რა დაწერე, რომ ცარიელი რვეული 20 კაპიკი ღირს და შენი წიგნი როგორ ღირს 19 კაპიკიო. აქ მოდიან ადამიანები და ხედავენ, რომ საბავშვო წიგნი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა, ღირს 15 ლარი და ეძვირებათ. მეორე წუთში ის მოკიდებს ბავშვს ხელს, წაიყვანს კინოში, 1.5 სთ უყურებს ფილმს, დააყოლებს ორ ცალ პოპკორნს და ეს ყველაფერი მინიმუმ 30 ლარი დაუჯდება. მაშინ, როცა წიგნი ბევრად უფრო დიდ დროს გაატარებინებდათ, ასე ვთქვათ, არანაკლებ უფრო ასიამოვნებდათ, 15 ლარი კი და ძვირად მოეჩვენა. სტერეოტიპია ჩამოყალიბებული, რომ წიგნი 3 ლარი უნდა ღირდეს და უფრო მეტი არა.
– თქვენი აზრით, რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?
– მე ნამდვილად არა ვარ ისეთი წარმატებული ბიზნესმენი, რომ ამაზე ვილაპარაკო, თუმცა, ალბათ ბევრი რამეა საჭირო. პირველ რიგში, მონდომებაა აუცილებელი ანუ გათავისებული უნდა გქონდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, ასევე, კაპიტალი უნდა გქონდეს.
ჩემი ბიზნესი არ არის დიდი ჯერ-ჯერობით. თვითონ ბიზნესიც უნდა იყოს ისეთი, რომ წარმატებას მიაღწიო. ძალისხმევა, რომელსაც მე აქაურობას ვახარჯავ, სხვა ბიზნესისათვის რომ დამეხარჯა, ალბათ ფინანსურად უფრო მეტ ამონაგებს მივიღებდი, ვიდრე წიგნის ბიზნესიდან, მაგრამ მე თვითონ ბიზნესი უნდა მანიჭებდეს სიამოვნებას.
– თუ მიატოვებდით თქვენს ბიზნესს და დათანხმდებოდით სხვისი ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობას, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ანაზღაურებაზე, ვიდრე ახლა გაქვთ თქვენი ბიზნესის მოგებიდან?
– მაშინ ბევრი მეტი უნდა შემომთავაზონ. უბრალოდ მეტის გამო ნამდვილად არ დავთანხმდები და ბევრად მეტის გამო – კი.
– საქართველოში, თქვენი აზრით, თუ ხდება საავტორო უფლებების დაცვა, მათ შორის, თქვენი გამომცემლობა თუ იცავს?
– ჩვენთვის კანონია ის, რომ ჩვენ სავტორო უფლებებს ვიცავთ. ჩვენ ვიცავთ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ავტორების საავტორო უფლებებს. საქართველოში არის შემთხვევები, როცა საავტორო უფლებებს არღვევენ, მაგრამ ნელ-ნელა ტენდენცია იქითკენ მიდის, რომ ეს უფლებები უფრო დაცულია. ვინც არ იცავს, მას ელემენტარულად შეიძლება პრობლემები შეექმნას. პირატობა ჯერჯერობით ამ სფეროში კვლავ არის, თუმცა იმ წიგნებზე, რომელიც ჯერ გამოცემული არაა. მაგალითად, სალმან რუშდი არ არის გამოცემული და ვიღაც აპირებს, უკვე უფლებაც აღებული აქვს, ამ დროს კი სხვა ვიღაცამ დაასწრო და საავტორო უფლების გარეშე გამოსცა. ასეთი რამ ხდება ხოლმე.
– რამდენად არის საქართველოში ავტორი და გამომცემელი კანონით დაცული?
– ჩვენ შეერთებული ვართ იმ კონვენციებს, რომელიც არსებობს წიგნის ბიზნესში და ამით დაცული ვართ. ისე, ამის მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს და პრინციპში არც არის საჭირო. თუ მოხდება ბიზნეს ინტერესების შეჯახება და ეს ორ მხარეს შორის ვერ მოგვარდება, ამისთვის არსებობს სასამართლო.
– ბიზნესის თვალსაზრისით, რამდენად მომგებიანია საზღვარგარეთიდან შემოტანილი წიგნის რეალიზაცია?
– მიუხედავად იმისა, რომ დავუშვათ, რუსული წიგნები მოსკოვიდან თბილისში უნდა ჩამოვიდეს, საბაჟო გადასახადი ფაქტიურად არაფერი არ არის, იმიტომ, რომ დღგ-სგან და გადასახადისაგან გათავისუფლებული ვართ. გამოგზავნის ხარჯების მიუხედავად, რუსული წიგნები მაინც იაფი ჯდება, ვიდრე ქართული. ეს იმის ბრალია, რომ წიგნის ფასი მისი ტირაჟიდან გამომდინარეობს. რაც უფრო დიდია ტირაჟი, მით უფრო ნაკლებია წიგნის ფასი. ამიტომ ერთი და იგივე წიგნი, რომელზეც ერთი და იგივე შრომა, ერთი და იგივე ქაღალდია დახარჯული, მცირე ტირაჟის გამო საქართველოში 5 ლარი ჯდება, რუსეთში კი დიდი ტირაჟის გამო – 1 ლარი. აქედან გამომდინარე, ჩამოტანილი წიგნი იგივე ჯდება, რაც ქართული.
– უწევს თუ არა ჩამოტანილი წიგნი კონკურენციას ადგილობრივს?
– ამას კონკურენციას ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ ქართველების წიგნებს ვერ უწევს, თარგმნილი ლიტერატურა კი რუსეთში თარგმნილი ლიტერატურის 1%-ია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მაღაზიაში რუსულენოვანი ლიტერატურა 80%-ია, ქართულენოვანი – 20%, გაყიდული წიგნების თანხა ორი მესამედი ქართულია, მხოლოდ ერთი მესამედია რუსული, ანუ ბევრად უფრო მეტი ქართული იყიდება, ვიდრე რუსული. აქ ერთი მომენტი რუსულის არცოდნაა, მეორე კი ის, რომ ქართველი ავტორების დაწერილი წიგნები უფრო აინტერესებს ჩვენს მყიდველს. ასევე საბავშვო ლიტერატურაც ძირითადად ქართულენოვანი იყიდება.
– წინა წლებთან შედარებით თუ გაიზარდა წიგნზე მოთხოვნა?
– წიგნზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ძალიან ნელა. აქ ბევრი რამე უნდა გავითვალისწინოთ. ანუ, „პარნასი“ რომ გაიხსნა, ის ერთადერთი წიგნის მაღაზია იყო, მას ახლა ჩვენი ერთი ფილიალიც დაემატა, ქალაქში ახლა კიდევ რამდენიმე მაღაზიაა და ამ კონკურენციამ მაინც ვერაფერი დააკლო – წიგნზე მოთხოვნილება იზრდება.
– თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ის წიგნები, რომლებიც გასული წლების ბესტსელერებად იქცნენ?
– ჩვენ, სხვათა შორის, ყოველი წლის 26 დეკემბერს „პარნასის“ დაბადების დღეს, ვაწესებთ პრიზებს და ეს „პარნასის“ ბესტსელერებია. პირველ წელს ეს იყო ვახუშტი კოტეტიშვილის „აღმოსავლურ-დასავლური დივანი“, მეორე წელს – გოჩა მანველიძის „მგლები“, მესამე წელს ისევ ვახუშტი კოტეტიშვილის წიგნი „სკაბრეზული პოეზია“, წელს კი ალბათ ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გახდება ბესტსელერი.
– თუ გაქვთ პრინციპი, რის მიხედვითაც მაღაზიაში შემოსატან წიგნს არჩევთ?
– ერთი პრინციპი ისაა, რომ ქართულ წიგნს ყველას ვიღებთ, საბუთები თუ წესრიგშია. რაც შეეხება რუსულ და უცხოურ წიგნებს, ძირითადად პოპულარობის მიხედვით, ასევე გაყიდვიანობის თვალსაზრისით. თუმცა, მე მიმაჩნია, რომ მაღაზიაში აუცილებლად უნდა იდოს (შეიძლება არ იყიდებოდეს, მაგრამ მაინც) – დოსტოევსკი.
– შეიცვალა თუ არა დროსთან ერთად მკითხველის გემოვნება და თუ გადასწია უკანა პლანზე კლასიკური ლიტერატურა თანამედროვემ?
– იცით როგორ არის, ხან რა შემოვა მოდაში, ხან რა. იყო პაოლო კოელიოს ბუმი და ახლაც არის ნაწილობრივ გამოყოლილი. ორი წლის წინ კი ზიუსკინდის „პარფიუმერი“ იყო, მოდა ასე მიდის-მოდის.
– კონკურენცია თუ არის თქვენს სფეროში და რას იტყვით კონკურენტებზე?
– სხვათა შორის, მინდა სიამაყით გამოვაცხადო, რომ მე მგონი, წიგნით ვაჭრობის სფერო საქართველოში თუ არ ვცდები ერთადერთია, სადაც სრული მეგობრობა და სოლიდარობა სუფევს. გამომცემლობის სფეროში კი არის პრობლემები, მაგრამ ვაჭრობის სფეროში არა.
– მაღაზია და გამომცემლობა – რომელი უფრო რენტაბელურია?
– გააჩნია მაღაზიას და გამომცემლობასაც. ჩვენი გამომცემლობიდან და მაღაზიიდან, რა თქმა უნდა – მაღაზია. გამომცემლობა, როგორც დასაწყისში ვთქვი, უფრო გასართობი საშუალება იყო.
– ყველა საქმიანი ადამიანი უჩივის თავისუფალი დროის ნაკლებობას, თქვენ როგორ ხართ ამ კუთხით და თუ ახერხებთ დასვენებას?
– მე ყოველთვის ვცდილობ, რომ შაბათ-კვირა, ანუ დასვენების დღეები, დაცული მქონდეს. ჩვენ ვსაუბრობდით საკუთარ ბიზნესზე და დაქირავებაზე. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ ნებისმიერ დღეს მაქვს საშუალება, ავდგე და ჩემთვის თავისუფალი დღე გამოვიცხადო, მეორეს მხრივ ზოგჯერ შეიძლება შაბათ-კვირასაც ვიმუშაო, როცა საჭიროა. თავისუფალი დრო ადამიანს უნდა გქონდეს. ეს მუშაობაც იმიტომაა კარგი, რომ თავისუფალი დროც გაატარო.
– გმადლობთ საინტერესო საუბრისათვის.
ესაუბრა
მარიკა ვარდოშვილი

