მინი-დოსიე
ენრიკო ბერიძე – დაიბადა 1968 წელს ქ. მოსკოვში, ფიზიკის პროფესორ ჯემალ ბერიძისა და პედაგოგ ციალა ბეჟანიძის ოჯახში. ოჯახის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნების შემდეგ სწავლა ბათუმის რუსულ საშუალო სკოლაში გააგრძელა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე და შეიძინა ბიოქიმიკოსის სპეციალობა. როდესაც ბერიძეების ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნდა, ენრიკომ სწავლა ბათუმის რუსულ საშუალო სკოლაში განაგრძო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე და ბიოქიმიკოსის სპეციალობა შეიძინა.
1991 წელს ქართველ სტუდენტთა ჯგუფთან ერთად მოსკოვიდან ამერიკაში გაემგზავრა. ეს პერიოდი დაემთხვა საბჭოთა კავშირის დაშლას და ენრიკო ამერიკის შეერთებულ შტატებში დარჩა, სადაც ერთ-ერთ ფარმაცევტულ კონცერნში დაიწყო მუშაობა. 1996 წელს მან წინადადება მიიღო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია „ბრისტოლ მაიერს სკვიბ“-ისაგან, რომელიც საქმიანობის გაფართოვებას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გეგმავდა.
1997 წელს ენრიკო ბერიძე საქართველოში ჩამოვიდა და როგორც „ბრისტოლ მაიერს სკვიბ“-ის წარმომადგენელმა ამ კომპანიისათვის საქმიანობა არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და სომხეთშიც დაიწყო. მოგვიანებით დააფუძნა შპს „ეი ბი სი ფარმაციუტიკალსი“, რომლის გენერალურ დირექტორადაც ის დღემდე მუშაობს.
ენრიკო ბერიძის მეუღლე – მარია ლანევსკი პროფესიონალი ფოტოგრაფია, არის ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია „არტგენი“-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. ენრიკოს და მარიას ორი ტყუპი ვაჟი – გიორგი და ნიკო ჰყავთ.
კორ. – როგორ შეიქმნა ფარმაცევტული კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციუტიკალსი“?
ე.ბ. – 1996-97 წლები საქართველოსთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. „ბრისტოლ მაიერს სკვიბ“-ის დავალებით ფარმაცევტული ბაზრის განვითარების საშუალების შესასწავლად ამერიკიდან ორთვიანი მივლინებით ჩამოვედი. იმ დროს პირველი საქმიანი ურთიერთობები დამყარდა „ბრისტოლ მაიერს სკვიბ“-ისათვის არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და ნაწილობრივ სომხეთშიც. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც თვალსაზრისით, „ეი-ბი-სი ფარმაციუტიკალსი“ თავდაპირველად „ბრისტოლ მაიერს სკვიბ“-ის შვილობილი კომპანია იყო და ამიტომ „ეი-ბი-სი“ მის ასწლიან გამოცდილებას და ტრადიციებს ემყარება. „ეი-ბი-სი ფარმაციუტიკალს“ დაფუძნდა როგორც კომპანია, რომელმაც ახალი ინოვაციური მედიკამენტების დანერგვაში მწარმოებელს ხელი შეუწყო. წარმატების ერთ-ერთი ნაწილი ის იყო, რომ ჩვენ სიახლით, პროდუქციის ხარისხით და სერვისით ყოველთვის – ადრეც და დღესაც მოწინავეთა რიგებში ვიდექით საქართველოს ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოპერაციები 2000 წელს ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბებულ, კონკურენტულ ბაზარზე დავიწყეთ, დღეს „ეი-ბი-სი“-ს განვითარების ფართო პერსპექტივები ესახება.
– რა არის მიზეზი იმისა, რომ თქვენი კომპანია ფარმაცევტული ბაზრის სხვა ლიდერებთან შედარებით „არ ჩანს“?
– „არ ჩანს“ იმიტომ, რომ „ეი-ბი-სი“-ს ბრენდი ფართო საზოგადოებისათვის არ არის განკუთვნილი. ეს ბრენდი ექიმებისათვის არის ყურადღებამისაქცევი და ჩვენს საქმიანობას მეცნიერული ბაზის გამოყენებით ვახორციელებთ. ჩვენი მეთოდები ეფუძნება მულტინაციონალური კომპანიების დროით გამოცდილ პრაქტიკას და ქართული ძირძველი ტრადიციების სინთეზს.
– თქვენი კომპანია ონკოლოგიური მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორია. ამ მიმართულების შესახებ უფრო დეტალურად თუ შეგიძლიათ გვიამბოთ?
– „ეი-ბი-სი“-ს შექმნის ერთ-ერთი ძირითადი პლატფორმა სწორედ ონკოლოგია იყო. 1997-1999 წლებში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის საშუალებების რაოდენობა საკმაოდ მწირი იყო. არსებობდა მხოლოდ ის პრეპარატები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან იყო ცნობილი და სიახლეები საერთოდ არ ინერგებოდა. ამავე დროს, არც ალტერნატიული კომპანია იყო, რომელიც ახალ სამკურნალო საშუალებებს შეიმუშავებდა და ექიმებს შესთავაზებდა. მაშინდელმა სიტუაციამ გვიბიძგა კომპანიის ჩამოყალიბებისაკენ.
ონკოლოგია – ურთულესი პოზიციაა მედიცინაში და ძალიან ფაქიზი მიდგომა სჭირდება. ონკოლოგიური პაციენტები მაღალი რისკის ავადმყოფთა ჯგუფს მიეკუთვნებიან და აუცილებელია მათთან და საერთოდ ამ სამედიცინო დარგისადმი ძალიან ფრთხილი მიდგომა. ამ სფეროში მუშაობამ ჩვენ გვასწავლა რამდენად საპასუხისმგებლოა ადამიანის სიცოცხლისადმი დამოკიდებულება.
ამჟამად ჩვენ მარტო ონკოლოგიით არ ვართ დაკავებული. დღეს ონკოლოგია ჩვენი კომპანიის მხოლოდ ერთ-ერთ ნიშაა.
– წარმოების გაფართოვებაზე ან სხვა მიმართულებით განვითარებაზე თუ გიფიქრიათ? რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია თქვენს ბიზნესში რეექსპორტს?
– ამჟამად ჩვენი კომპანია ორი მიმართულებით ვითარდება: ერთია „ეი-ბი-სი“ – ექიმებისათვის განკუთვნილი ბრენდი, მეორე კი ფართო საზოგადოებისათვის „სუპერფარმი“ – სააფთიაქო მომსახურება სუპერმარკეტებში და სხვა სავაჭრო ცენტრებში. იმის ნაცვლად, რომ კიდევ ერთი სააფთიაქო ქსელი შეგვექმნა ქუჩაში, ჩვენ გადავწყვიტეთ ადამიანის კომფორტს შევუწყოთ ხელი და ეს მომსახურება ფართო პროფილის მაღაზიაში დავამკვიდროთ. ადრე თუ ვიცინოდით, რომ ვაგზლის ქუჩა სააფთიაქო ქუჩად გადაიქცაო, დღეს მთელი თბილისია „სააფთიაქო ქუჩა“. ვითომ ყველა აქ მცხოვრები ავადმყოფია?! კლასიკურ აფთიაქში გარკვეულ მედიკამენტებს ამზადებენ, მაგრამ თუ იქ მხოლოდ მზა წამლები იყიდება, ეს სააფთიაქო მაღაზიაა და შეიძლება სხვა სავაჭრო ობიექტის შემადგენელი ნაწილი იყოს. მარჯანიშვილის მოედანზე „მაკდონალდს“-ში ძველი თბილისის მე-19 საუკუნის ფოტოებია კედელზე გაკრული, ერთ-ერთ ფოტოზე მაღაზიაა და მას პირდაპირ აწერია – „სააფთიაქო მაღაზია“. ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი მომხმარებელს, რომ სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი ზედმეტი ენერგიისა და დროის დახარჯვის გარეშე შეიძინოს.
რეექსპორტს რაც შეეხება, ის ძირითადად მოიცავს იმ იშვიათ პრეპარატებს, რომლებიც დეფიციტური შეიძლება იყოს სხვა ბაზრებზე, რაც უფრო და უფრო არააქტუალურია. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს ბიზნესში მას ყურადღების მისაქცევი ნაწილი უკავია ან არის სტრატეგიული ქვეყნის ეკონომიკისთვის. უმჯობესია ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს ეხება მცენარეული და ბუნებრივი დანამატების წარმოებას, რადგანაც საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია ამ მიმართულებით. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ-ერთ პრეპარატს ვაწარმოებთ, მაგრამ გვაქვს რამოდენიმე პროდუქტის ფორმულა, რომლის დანერგვას სამომავლოდ ვაპირებთ. ისტორიულად სიტყვა მედიცინა მედეასგან მოდის. ფაქტია, რომ ბუნებრივი რესურსებიდან იქმნება საშუალებები, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის ხარისხს აუმჯობესებს, საბოლოო ჯამში ხომ ადამიანიც ბუნების შემადგენელი ნაწილია და ბუნებიდან იღებს იმას რასაც ჩვენ სამკურნალო საშუალებას ვუწოდებთ. ამ მიმართულებას ძალიან პერსპექტიულად ვთვლი და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი სტრატეგიული გზა იქნება საქართველოსთვის სამომავლოდ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ და ვაპირებთ, რომ რამოდენიმე არსებული პრეპარატის დამზადება-დანერგვაში მივიღოთ მონაწილეობა.
– თქვენ რუსეთში და აშშ-ში ხანგრძლივი დროის მანძილზე ცხოვრობდით, მაგრამ ბიზნეს-საქმიანობა საქართველოში დაიწყეთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ სხვა ქვეყანაში უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით, ვიდრე აქ?
– მოსკოვში სტუდენტობის დროსაც მქონდა ბიზნესი მეგობრებთან ერთად. იქ ბევრი ჩემი მეგობარი დიდ ბიზნესმენად იქცა, რაც მეამაყება. ჩემი ამერიკაში წასვლა უფრო მეტად ჭაბუკური ინტერესით იყო განპირობებული და ჩემი ცხოვრების შვიდი წელი იქ გავატარე, იქ დავოჯახდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქართველი საზღვარგარეთ ცხოვრებას ეჩვევა, ჩემთვის ის მოთხოვნილება, რომ საქართველოში უნდა ვყოფილიყავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ყოველთვის ვგრძნობდი იმის დეფიციტს, რომ ჩემს ხალხთან არა ვარ. ისე, ეკონომიკური თვალთახედვით, განვითარებად ქვეყნებში უფრო უკეთესია საქმის კეთება. აქ „მეტი ადრენალინია“, მეტი ინოვაცია და შემოქმედებითი ნიჭია საჭირო, ვიდრე ჩამოყალიბებულ ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიზნესი რომ განავითარო, ძალიან მაღალ ტექნოლოგიებში უნდა ერკვეოდე თავის ნოუ-ჰაუებით. ეს ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბაზისური ბიზნესის წამოწყება იქ საკმაოდ რთულია.
– კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი ბიზნესის მომგებიანობით?
– დაკმაყოფილება ნიშნავს რაღაცის დამთავრებას. არ მინდა, რომ ოდესმე ბოლომდე კმაყოფილი ვიყო. ბიზნესი მეტროს ექსკალატორს ჰგავს, რომელიც საპირისპიროდ მოძრაობს ანუ ჩამოდის, შენ კი ადიხარ (და არა პირიქით). ბაზარი ცვალებადია, ჩვენც ვბერდებით; ნებისმიერ ბიზნესს აქვს თავისი აღმასვლა, სტაბილიზაცია და ვარდნა. იმისათვის, რომ კომპანია იყოს ძლიერი, ჰქონდეს ტრადიცია და გაიზარდოს, მასში ერთი კაცის ინტერესი კი არ უნდა იყოს, საზოგადოებრივ ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. ამიტომ იდეალური ფორმაა ბრენდი, რომელიც სააქციო საზოგადოებას ეკუთვნის. ისიც აღსანიშნავია, რომ წარმატება ქვეყნის ანუ საზოგადოების ეკონომიკის ზრდაზეც არის დამოკიდებული.
– ბიზნესს მარტო უძღვებით თუ პარტნიორი გყავთ?
– ჩვენს კომპანიას მარტო ენრიკო ბერიძე არ მართავს. ასე რომ იყოს, ძალიან სამწუხარო იქნებოდა. მე მყავს პარტნიორი მიხეილ აბრამიძე, ვინც პირველ რიგში ჩემი მეგობარია და ფარმაცევტულ ინდუსტრიას ჩვენ ერთად ვუძღვებით. კომპანიის ყველა მენეჯერი იმავე პრინციპების მიხედვით მოქმედებს, რითაც ჩვენ. „ეი-ბი-სი“-ს იერარქია ჰორიზონტალურ სიბრტყეშია აწყობილი, პირველ რიგში კოლეგიალობა და საქმისადმი ერთიანი მიდგომა გვახასიათებს. ჩვენი მიზანი როგორც მენეჯერების, არის ის, რომ კომპანიის ქვეშ გაერთიანებული პიროვნებები იყვნენ იმდენად კომპეტენტურები და პროფესიონალები, რომ ჩვენი ბედი მართვადი იყოს. ბიზნესი დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ერთი ადამიანი ყველაფერს ვერ გააკეთებს და ვერ გადაწყვეტს. ამიტომაც ჩვენ მენეჯმენტში ISO 9001:2000 სერტიფიცირება გადავწყვიტეთ და წარმატებით გავიარეთ.
სამომავლოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენს კომპანიას სააქციო საზოგადოების ფორმა უნდა ჰქონდეს.
– როგორც ბიზნესმენისთვის, რამდენად მისაღებია მოქმედი საგადასახადო კოდექსი?
– ფარმაციაში საგადასახადო კოდექსი შეღავათიანია და მადლობა იმ პირებს, ვინც ამაში თავის დროზე მონაწილეობა მიიღეს. ამან ჩვენს საზოგადოებას მედიკამენტების შეძენის პროცესი გაუადვილა. მედიკამენტები მაქსიმალურად იაფი უნდა ღირდეს, ამიტომ ისინი მინიმალურად უნდა იბეგრებოდეს.
– რამდენად ძლიერია თქვენს სფეროში კონკურენცია?
– კონკურენცია ძალიან მძაფრია. ბევრი გამორჩეული კომპანიაა და საქართველოში ფარმაცია დღეს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. ხშირად წესების გარეშე კონკურენციაც ხდება. სამწუხაროდ, ბევრი ბიზნესმენი, რომელიც აქ გაიზარდა, წესების გარეშე შეაჩვიეს მუშაობას. მე, როგორც ბიზნესმენი საქართველოში არ ჩამოვყალიბებულვარ და ვაგრძელებ იმ საქმეს, რომელიც დაწყებული მქონდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია პრინციპები და მიმაჩნია, რომ ყველა დიდი ბიზნესი პრინციპებს უნდა ემყარებოდეს. უპრინციპობა და ეთიკის ნორმების დარღვევა იმისათვის, რომ ფული მოვიგო ჩემთვის მიუღებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მედიკამენტებთან, ადამიანის სიცოცხლესთან და მის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე.
– სხვა კომპანიები აქტიურად აწარმოებენ საკუთარი პროდუქციის რეკლამირებას, თქვენ კი ფაქტობრივად რეკლამას არსად არ ანთავსებთ. რა არის ამის მიზეზი?
– რეკლამა ძალიან ძვირი ღირს და გაყიდვებისათვის ადვილი გამოსავალია. აი, ერთ-ერთი მიზეზიც, რატომ გაძვირდა მედიკამენტები. ჩვენ სფეროში კომპანიის რეკლამირება უფრო ამპარტავნობას ჰგავს. ჩვენი ბრენდი საექიმოა და ამიტომ არ ვცდილობთ უშუალოდ ფართო საზოგადოებრივ ფენაზე გასვლას. ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება მსოფლიოში სამეცნიერო გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის დროის და ენერგიის ხარჯვა.
– გასულ წელს, წამლის სააგენტოსა და „პე-ეს-პე“-ს შორის ხმაურიანი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ბევრისთვის კონფლიქტის ნამდვილი მიზეზები გაუგებარი დარჩა. თქვენ როგორ თვლით, რამდენად დაზღვეულია მომხმარებელი უხარისხო მედიკამენტებისაგან?
– მე განსჯას არ დავიწყებ, იმ სიტუაციაში ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი, თუმცა ფაქტია, რომ ის პროდუქტი, რომლის ირგვლივ იქნა აგორებული დაპირისპირება ძალიან ცნობილი საერთაშორისო კონცერნის პროდუქტია და მისი ხარისხიანობის გარანტიც თვით მწარმოებელია. ვერანაირად ვერ იტყვი, რომ შესაძლოა „პე-ეს-პე“ როგორც დისტრიბუტორი რამენაირად დამნაშავე ყოფილიყო. იქ შეიძლება სხვა ფაქტორი ყოფილიყო ფარდის უკან. სააგენტოს შეეძლო ისეთ რამეზე გაეკეთებინა აქცენტი, რაც ნამდვილად საფრთხეში აგდებს მომხმარებელს. ზოგადად, წამლის ხარისხზე მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს და წამლის სააგენტომ ამას უნდა დაუთმოს უფრო მეტი დრო და ყურადღება, ვიდრე სხვა რამეს.
– სხვა ბიზნესსაც ხომ არ ეწევით?
– როგორც ბიოლოგს, ყოველთვის მაინტერესებდა ბუნების საიდუმლოებები და შავ ზღვაში მოვაწყვეთ მოლუსკ-მიდიების აკვაფერმა. ამ აკვაკულტურის წამოწყებაში მყავს პარტნიორები და ამ საქმეში საქართველოში პიონერები ვართ შპს „იბერიან პონტომარინ აკუაკალჩე“-ს სახით. ზღვაში ჩავკიდეთ ბაგირები და ველოდებით პირველ მოსავალს, რომელსაც ზაფხულში მივაწვდით ბაზარს.
– თავისუფალი დრო თუ გაქვთ და როგორ ატარებთ მას?
– ტყუილი იქნება, თუ ვიტყვი, რომ თავისუფალი დრო არ მაქვს. მიმაჩნია, რომ თავისუფალი დრო აუცილებელია, რათა ადამიანმა თავი სრულყოფილად იგრძნოს. ცხოვრებაში სხვა ფასეულობებიც არსებობს, ვიდრე ბიზნესი. მე არ ვცდილობ, რომ ბიზნესი ცხოვრების სათავეში მოვაქციო. ბიზნეს-საქმიანობა აუცილებელია, მაგრამ ის არ არის ყველაფრის საწყისი, ფული კაცის მოფიქრებულია. თავისუფალ დროს საქართველოში ვმოგზაურობ. საქართველო ულამაზესი და ევროპის და ევროპელების ისტორიული ფესვი-ქვეყანაა. ვთვლი, რომ უპრიანია სანამ ქართველი სადმე გაემგზავრება როგორც ტურისტი, მანამდე საკუთარ ქვეყანას კარგად გაეცნოს, „ქართა ველი“ მოიაროს და შეიყვაროს. ტურიზმი ბიზნესია, ტურისტიც გარკვეულად ექსპორტია, რომელიც თავის კულტურას ბუნებრივად თან ატარებს.
ესაუბრა მარინე ვარდოშვილი

