Homeინტერვიუინტერვიუ სს „თბილღვინო“-ს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან

ინტერვიუ სს „თბილღვინო“-ს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

გიორგი მარგველაშვილი – დაიბადა 1974 წლის 4 აგვისტოს თბილისში. დაამთავრა თბილისის №1 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკონომიკა, მართვა, მშენებლობის ფაკულტეტზე ჩააბარა. მეორე კურსის დასრულების შემდეგ საზღვარგარეთ, კვიპროსში გაემგზავრა, სადაც სამი წელი (1994-1997) მაასტრიხტის (ჰოლანდია) მენეჯმენტის სკოლის ფილიალში სწავლობდა მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალობაზე. პარალელურად დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტი, აქვს ბაკალავრის წოდება ეკონომისტის სპეციალობით.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1997 წელს ერთ-ერთ კერძო ბანკში მარკეტინგისა და მენეჯმენტის სპეციალობით ნახევარი წელი მუშაობდა. 1998 წელს კი მსოფლიო ბანკის „საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების“ პროექტში საკონსულტაციო ჯგუფის უფროსად გადავიდა. 1999 წლიდან გიორგი მარგველაშვილი სააქციო საზოგადოება „თბილღვინოში“ მუშაობს და ხელმძღვანელობს მას ძმასთან – ზურაბ მარგველაშვილთან ერთად.

კორ. – ბატონო გიორგი, როგორ მოხვდით „თბილღვინოში“ და ზოგადად, ღვინის ბიზნესში?

გ.მ. – მსოფლიო ბანკის „საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების“ პროექტის ფარგლებში ჩვენს მიერ განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი 1998 წელს სწორედ „თბილღვინო“ იყო. ამ დროს ჩემი ძმა ზურაბი „თბილღვინოში“ მეღვინის თანაშემწედ მუშაობდა, შემდეგ კომერციულ დირექტორად დაწინაურდა. მე თავდაპირველად კონსულტანტად მივედი. საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად საწარმოს რესტრუქტურიზაციის გეგმა შევიმუშავეთ, რომელიც „თბილღვინოს“ სრულ რეაბილიტაციას მოიცავდა. პროექტი ერთი წელი გაგრძელდა და ამ კომპანიას სრული რაბილიტაცია ჩაუტარდა. აბსოლუტურად შეიცვალა სტრატეგია, კომპანიის სტრუქტურა, მენეჯმენტი. პროექტის დასრულების შემდეგ ამ დარგში დიდი პერსპექტივა დავინახე, თანაც მხიბლავდა ის გარემოება, რომ ჩემი ძმა აქ მუშაობდა, მხიბლავდა ის შანსიც, რომ ჩვენ შეგვეძლო ძალების გაერთიანება უფრო კარგი და დიდი წარმოების შესაქმნელად. 1999 წლის ბოლოდან პრაქტიკულად ამ კომპანიაში ვარ. ჩემი ძმა იმ დროისათვის უკვე ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, თუმცა არ ფლობდა აქციების საკონტროლო პაკეტს. შემდეგ პერიოდში გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მისი თანამონაწილეობა გაზრდილიყო, იყვნენ პირები, რომლებიც ყიდდნენ კომპანიის აქციებს და ჩვენ ეს აქციები ვიყიდეთ.

– ბუნებრივია, როცა კომპანიაში მიხვედით, ბევრი სიძნელის გადალახვა მოგიწევდათ. რა პრობლემები იყო იმ დროისათვის „თბილღვინოში“?

– ყველაზე რთული საწარმოში ახალი ფილოსოფიის შემოტანა იყო. ახალი ფილოსოფია ახალი მიზნების განსახორციელებელი ტაქტიკის არჩევას გულისხმობდა. კომპანიას უნდა შეძლებოდა ხარისხის კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე. საწარმოო ციკლი ყურძნიდან და ვენახიდან უნდა დაწყებულიყო და არა ღვინო მასალიდან. ყურძნის დაწურვიდან დაწყებული, წარმოების ყველა ეტაპი კომპანიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით უნდა განხორციელებულიყო. პირდაპირ ვიტყვი, რომ იმ დროისთვის, მთლიანად საქართველოში მაღალკვალიფიციური მეღვინეების დეფიციტი იყო. იშვიათი იყო ისეთი მეღვინე, ვინც იმ დროისათვის დასავლეთში დომინირებული ღვინის ტექნოლოგია კარგად იცოდა. ჩემი ძმა პროფესიით მეღვინეა და ამან დიდი როლი ითამაშა. კარგად იცის ღვინის წარმოების დასავლური ტექნოლოგია, კალიფორნიის ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაში აქვს გავლილი პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოგვიწია დასავლეთში სხვა სპეციალისტების მოძიება.

– როგორ მოახერხეთ საწარმოში შექმნილი პროფესიონალი კადრების დეფიციტის შევსება?

– საფრანგეთიდან სპეციალისტი მოვიწვიეთ, რომელიც წელიწადში რამდენიმეჯერ ჩამოდიოდა და კონსულტაციებს გვაძლევდა. პარალელურად ახალგაზრდა მეღვინეები ავიყვანეთ, რომელთაც გამოცდილება მეღვინეობაში არ ჰქონდათ, მაგრამ ჰქონდათ თეორიული ბაზისი და ფრანგი მეღვინისგან იღებდნენ დამატებით თეორიულ ინფორმაციას. ამის გარდა ავიყვანეთ ორი ავსტრალიელი მეღვინე, რომლებიც მონაცვლეობით ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქ წელიწადში ხუთი-ექვსი თვე კახეთში ცხოვრობდნენ, უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ რთველის პროცესს, თავად არჩევდნენ ყურძენს და იღებდნენ მონაწილეობას მენეჯმენტში. ასევე რთველის დროს ფიზიკურადაც მუშაობდნენ. ავსტრალიელი მეღვინეები ჩვენი ახალგაზრდა მეღვინეების გადამზადებასა და ტრენინგებშიც იღებდნენ მონაწილეობას. გარდა ამისა, სამი წლის განმავლობაში ჩვენთან ძალიან ცნობილი იტალიელი მეღვინეც ჩამოდიოდა, რომელიც ტრენინგებზე იყო პასუხისმგებელი და ჩვენი ლაბორატორიის დახვეწაზე ძალიან ბევრი იმუშავა.

– თუ მოხდა კადრების შეცვლა ან თანამშრომელთა შემცირება და როგორ გაართვით თავი ამ პროცესს?

– ძალიან მტკივნეულად. თავდაპირველად კადრების შემცირება და შეცვლა განსაკუთრებით მენეჯმენტის კუთხით მოგვიწია და ეს რთული აღმოჩნდა. ახალგაზრდა მენეჯერები მოვიყვანეთ, განსაკუთრებით მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში, თუმცა შემდეგ ტექნიკური მენეჯმენტიც შევცვალეთ. მუშა-მოსამსახურეები თავიდან არ შეგვიცვლია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, კადრების გადინებისა და გაახლების შედეგად თითქმის 100%-ით მოხდა კადრების ჩანაცვლება.

– საქართველოში არსებული ღვინის მწარმოებელი კომპანიები კახეთსა და სხვადასხვა კუთხეებში აქტიურად არიან ვენახის გაშენებით დაკავებული. თქვენს კომპანიას თუ აქვს საკუთარი ვენახები და რომელ რეგიონში?

– ჩვენ ვაპირებთ ვენახების გაშენებას, ამისათვის მიწაც გვაქვს შერჩეული – კახეთში 140 ჰექტარი, რაჭაში ხვანჭკარის ზონაში კი მხოლოდ 10 ჰექტრამდე. ვენახების გაშენება ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა მომავალში აუცილებლად გავაკეთებთ.

– ე.ი., ჯერჯერობით ყურძნის შესყიდვა გლეხებისგან გიწევთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურ ფასში ყიდულობთ ყურძენს? მოსახლეობა ჩივის, რომ ღვინის ქარხნები ძალიან დაბალ ფასში იბარებენ ყურძენს.

– ძალიან რთულია ვიმსჯელო, ყურძნია ფასი მაღალია თუ დაბალი. ფასს ბაზარი არეგულირებს. ფასი ხელოვნურად ვერ შეიცვლება. ფასი, რომელიც ამა თუ იმ რთველის დროს ყალიბდება, სამართლიანია და ვიღაცას უღირს, რომ ამ ფასად გაყიდოს ყურძენი. პირველი რთველი საერთოდ ამ კომპანიის არსებობის მანძილზე ჩვენ 1999 წლის სექტემბერში მივიღეთ. „თბილღვინო“ 1962 წლიდან არსებობს, მაგრამ 1999 წელს მიიღო პირველად ყურძენი. უკვე რვა წელია, ყურძენს ვყიდულობთ და არასდროს არ მახსოვს გადამეხადოს ან ძალიან იაფი ან ძალიან ძვირი. თუმცა, ვიტყვი, რომ ხარისხიანი ყურძენი არც კახეთში და არც რაჭაში გაუყიდავი არ რჩება. გლეხი, რომელსაც კარგი ყურძენი აქვს, ფასზე არასდროს არ ჩივის, მისი ყურძენი გასაყიდი არ რჩება და მაღალკონკურენტუნარიანია ყოველთვის. უკმაყოფილო ის გლეხია, რომელსაც უხარისხო ყურძენი აქვს და მასში მაღალი ფასის გადახდა არავის არ უნდა.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა საქართველოში ღვინის კომპანიების მომრავლება, ბაზარზე ღვინოზე მოთხოვნის ზრდამ თუ ეს ადვილად მომგებიანი ბიზნესია?

– ადვილად მომგებიანს ნამდვილად ვერ დავარქმევდი, უბრალოდ ძალიან საინტერესო ბიზნესია. ეს ისეთი დარგია, რომელიც მასში ადამიანის მთელი პოტენციალის ჩაბმას მოითხოვს. ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც დროის გარკვეულ ნაწილს სხვა საქმეს დაუთმობს და პარალელულად ამ ბიზნესშიც იქნება.

– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ერთდროულად სხვა ბიზნესში ყოფნა შეუძლებელია?

– შეუძლებელი არა, უბრალოდ იმ სხვა ბიზნესში პასიური ინვესტორი იქნები. მე პირადად, მართლაც დამენანებოდა მეღვინეობისათვის დროის მოკლება, თუნდაც იმიტომ, რომ მსიამოვნებს ამის კეთება. მსიამოვნებს, როდესაც მაქსიმალურად მიბმული ვარ იმ საბოლოო პროდუქტთან, რომელსაც ჩვენ ვუშვებთ და რომელთანაც ჩემი თავის ასოცირებას ვახდენ.

ახალ კომპანიებს რაც შეეხება, ბოლო 7-8 წლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, ყოველწლიურად 20-30 კომპანია ბაზარზე ჩნდებოდა და ბაზრიდან გადიოდა, თუმცა რჩებოდა ბუნებრივია უფრო მეტი, ვიდრე გადიოდა. ამას ძირითადად რუსეთის მუდმივად მზარდი ბაზარი განაპირობებდა. ბევრი მეწარმე ჩნდებოდა უცებ, რომელსაც მეღვინეობაში სურდა ძალების მოსინჯვა და ფულს აბანდებდა. თუმცა ბევრს მოლოდინი არ უმართლებდა ამ დარგში და წასვლა უწევდათ.

– რუსული ემბარგო როგორ აისახა თქვენს კომპანიაზე? აკეთებს თუ არა ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურს, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს?

– რუსეთის ემბარგო ჩვენს კომპანიაზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახა და დარგზე კიდევ უფრო საგრძნობლად. ჩვენი ბრუნვის დაახლოებით 52% რუსეთის ბაზრიდან მიღებული შემოსავლები იყო და პრაქტიკულად იმ მომენტისთვის ჩვენი მთლიანი ოპერირება განახევრდა. თუმცა, მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიაში ჩვენს გუნდს, რომელიც არ დაიბნა და მაქსიმალურად მოვახდინეთ დივერსიფიკაცია სხვა ბაზრებზე. დაახლოებით 15 ახალ ბაზარზე გასვლა მოვახერხეთ. დღეს ჩვენი ღვინო 18 ქვეყანაში იყიდება. მათ შორისაა უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, გერმანია, შვეიცარია, ინგლისი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ტაივანი.

– სხვა სახის ბიზნესში გადასვლას ხომ არ გეგმავთ?

– ამ ეტაპზე არა, მაგრამ მომავალში არ გამოვრიცხავ.

– ბოლო დროს ბიზნესიდან პოლიტიკაში გადასვლა ერთგვარ მოდად იქცა, თქვენ ხომ არ აპირებთ ამის გაკეთებას?

– არა, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ.

– როგორ ფიქრობთ, საქართველოში ღვინის კულტურა დაიხვეწა თუ არა?

– დაიხვეწა ცალსახად და ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ადგილობრივი კომპანიების პროდუქციის ხარისხისადმი ნდობა გაჩნდა. დღეს ბაზარზე ოპერირებს ისეთი კომპანიების პროდუქცია, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება მსოფლიო ბაზარზე არსებულ მოწინავე ღვინის მწარმოებელებს. მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ზედიზედ ორი წელია, ჩვენმა პროდუქციამ ლონდონში ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე მედლები აიღო. შარშან მივიღეთ ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, წელს კი ერთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაოს მედალი ჩამოვიტანეთ. ამ ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიო მეღვინეობის ლიდერი კომპანიები იღებდნენ.

უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ღვინის კულტურის ამაღლებისა კი ზოგადად საქართველოში სოციალური დონის ზრდაა. ხალხი მოგზაურობს და იქაურ ღვინოებს სინჯავს, დაბრუნებისას კი აღმოაჩენს, რომ ადგილობრივი ღვინო არაფრით არ ჩამოუარდება იგივე დასავლურს.

– დღეისათვის რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებს „თბილღვინო“?

– ოცდაათამდე სხვადასხვა ღვინოს ვუშვებთ, გვაქვს რამოდენიმე სავაჭრო ნიშანი. ძირითადია „თბილღვინო“, რომელშიც 24 სხვადასხვა დასახელების ღვინო შედის. ასევე გვაქვს ასეთი სამარკო ნიშანი, როგორიცაა „საქართველოს ველი“ (Georgian Valleys). გვაქვს განსაკუთრებული მარაგის სამნაირი ღვინო მუხის კასრებში დაძველებული და წელიწადში ლიმიტირებულად 15 000 ბოთლამდე ვასხამთ თითოეულ დასახელებას.

– ტექნიკურ გადაიარაღებას რაც შეეხება, ამ კუთხით რა კეთდება კომპანიაში?

– ჩვენ ამ კუთხით საინტერესო საფეხურზე ვართ და სრული რეკონსტრუქციის პროცესში ვიმყოფებით. წლის ბოლომდე აბსოლუტურად ახალი სახით წარვსდგებით და ახალი ტექნოლოგიებით გადაიარაღებული ქარხანა გვექნება. ეს პროცესი თითქმის ერთი წელია რაც მიმდინარეობს. რეკონსტრუქცია არც თუ ისე სახარბიელო დროს მოგვიწია, შარშან დავიწყეთ რუსეთის კრიზისამდე და ამ ემბარგომ დროში გაწელა სამუშაოების მიმდინარეობა. თუმცა არ შევაჩერეთ და მალე აბსოლუტურად განახლებული და გადაიარაღებული საწარმო გვექნება.

– რამდენად ხარისხიანი და ნატურალური ღვინებია ქართულ ბაზარზე და რას აკეთებს სახელმწიფო ფალსიფიკაციისა და უხარისხო ღვინის აღმოსაფხვრელად?

– სახელმწიფოს მიერ ბევრი რამ კეთდება ამ კუთხით, თუმცა ფალსიფიკაცია ჯერ სრულად აღმოფხვრილი არ არის. რაც შეეხება ღვინის ნატურალურობას, გააჩნია ნატურალურობაში რას ვიგულისხმებთ. არა მგონია, რომ საქართველოში იწარმოებოდეს ისეთი ღვინო, რომელსაც ყურძნის საწყისი არ ექნება, თუმცაღა, არ გამოვრიცხავ, რომ არსებობს ფაქტები არატექნიკური ჯიშების გამოყენებისა ღვინის წარმოებაში. არსებობს ისეთი ფაქტები, როცა ღვინო დამზადებულია არა იმ ზონაში მოყვანილი ყურძნისგან, რაც ბოთლზეა მითითებული. სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს, აკეთებს ვენახების აღწერას და პასპორტიზაციას, ითხოვს დეკლარირებას მწარმოებლებისგან, ითხოვს მარნის დღიურების წარმოებას, სამტრესტის წარმომადგენელი ესწრება რთველსა და ყურძნის მიღების პროცესს ქარხნებში, მაგრამ “ხვრელები” და არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები, რომელთაც სურთ წესების შემოვლით სხვაზე მეტი ფული „გააკეთონ“, ჯერ კიდევაა. ეს პრობლემა იმ დოზით არ არის, რაც 2004 და 2005 წელს იყო, თუმცა მაინცაა. არსებობს ფალსიფიკაციასთან ბრძოლისა და ხარისხის კონტროლის საკმაოდ კარგი სისტემა და როგორც ვიცი, მომავალში კიდევ იგეგმება დამატებითი კონტროლის ბერკეტების შემოღება, რასაც ჩვენი კომპანია მხოლოდ და მხოლოდ მხარს უჭერს.

– თქვენ ბრძანდებით „საქართველოს მეღვინეთა კავშირის“ წევრი. ამ ხნის მანძილზე, როგორ მიგაჩნიათ, გაკეთდა თუ არა ის, რისთვისაც მეღვინეები გაერთიანდნენ?

– მიმაჩნია, რომ კავშირს თავისი ფუნქციები სრულყოფილად არ შეუსრულებია. წევრი ვარ და ობიექტურად კრიტიკული. საერთოდ, კავშირი უნდა არსებობდეს. თავდაპირველად ჩვენ ფალსიფიკაციასთან ბრძოლის იდეამ გაგვაერთიანა, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ. კავშირის მიერ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, შეიქმნა გეგმა, შედგა ბიუჯეტი, რომელშიც ყველამ შევიტანეთ წვლილი, თუმცა რუსეთის ემბარგოს გამო ჩვენი ყურადღება სულ სხვა მიმართულებით გადავიდა. კავშირმა ყველაფერი გააკეთა, თუმცა რუსეთის მხრიდან მხოლოდ უკუშედეგი იყო. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, კავშირმა ბევრი გააკეთა. ახლა უფრო მეტია გასაკეთებელი, რადგან რუსეთმა მიგვანიშნა, რომ შესაძლოა დიალოგზე წასვლა და ახლა მეღვინეთა კავშირი ეცდება აღადგინოს პირველადი რეკომენდაციები, დაამატოს კიდევ და აცნობოს რუსეთს, თუ რა გაკეთდა და კეთდება ფალსიფიკაციის აღმოფხვრის მიზნით ჩვენთან.

– ნორმატიული დანაკარგების თემა ალბათ ყველა მწარმოებლისათვის ძალზედ პრობლემური საკითხია. თქვენ რას იტყვით ამაზე?

– ეს თემა სუპერმნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ნორმატიული დანაკარგის განმსაზღვრელი არანაირი ნორმა დღეს დადგენილი არა აქვს. არადა, ბუნებაში არ არსებობს უდანაკარგო წარმოება. წარმოების ყველა ეტაპზე არის ბუნებრივი და ტექნოლოგიური დანაკარგი და სახელმწიფოს როლს ვხედავ, რომ უნდა დაგვიწესოს მაქსიმალურად დასაშვები ზღვრები, რაშიც მეწარმე უნდა ჩაეტიოს. რადგან ზღვარი დადგენილი არ არის, მე როგორც მეწარმეს, უნდა შემეძლოს დავაფიქსირო რეალური დანაკარგი, სახელმწიფო კი მეუბნება: არა, რაკი მაქსიმალური ზღვარი არ არის, ნორმატიული დანაკარგიც არ არსებობსო და დანაკარგებს მთლიანად რეალიზაციაში გვითვლის. ამაში ხელისუფლებასთან ვერ შევთანხმდებით. მთავრობაში ესმით, რომ ნორმები უნდა დადგინდეს, მაგრამ ამ პრობლემის ერთი უწყებიდან მეორეზე გადათამაშება ხდება. შემოსავლების სამსახური კი სარგებლობს ამით და მაქსიმალურად გვბეგრავს.

– ახლახან „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რამდენად ჩართული იყო ამ პროცესში მეღვინეთა კავშირი?

– „მეღვინეთა კავშირი“ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ კანონის შემუშავებაში და აქვს დეტალური რეკომენდაციები პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან მიწოდებული. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები, რომელიც დასავლურ მოდელზეა მორგებული, არ გაიზიარეს და კანონი არა იმ სახით მიიღეს, რაც უნდა ყოფილიყო. ცვლილებების მიზანი უნდა ყოფილიყო არა თამაშის წესების გართულება და არა დამატებითი ბარიერების შემოღება, არამედ მაღალხარისხიანი ღვინის წარმოების გარანტირება და კონტროლირება, რომ ღვინო ხარისხიანი იყოს. რეალურად მოხდა ისე, რომ შემოიღეს ისეთი რთული ბარიერები, ხშირ შემთხვევაში ისეთი, რომ შეიძლება მთელი რიგი წარმოებები ჩიხში შეიყვანოს. შესაძლოა, ეს რუსეთის ემბარგოზე უარესიც კი აღმოჩნდეს.

– რამდენად დიდია კონკურენცია ღვინის ბიზნესში?

– ჩვენი პროდუქციის 80% საზღვარგარეთ გადის. საქართველოში არსებულ კონკურენციას რაც შეეხება, ხანდახან ხდება, როცა კოლეგები არაეთიკურ ნაბიჯებს დგამენ და ამაზე ვუთითებთ ხოლმე. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, რომ გავერთიანდეთ და მსოფლიო ბაზარზე წარვდგეთ ერთი ქართული ბრენდის სახელით. ძალიან ბევრი ბაზარია აუთვისებელი და უნდა ვეცადოთ იქ გასვლას. როცა დასავლეთის, ამერიკის, აზიის ბაზრები სრულიად აუთვისებელი გვაქვს, ამ დროს კონკურენციაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს.

– სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, რაიმე სიახლეს ხომ არ გეგმავთ?

– პირველ რიგში განახლებული წარმოების გახსნას წლის ბოლოსთვის, რამდენიმე ახალ ბაზარზე გასვლას და მთელ რიგ ბაზრებზე ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენი პროდუქციის წილი გავზარდოთ.

– რა თვისებებია საჭირო, რომ მეწარმემ ამ სახის ბიზნესში წარმატებას მიაღწიოს?

– სურვილი, შორსმჭვრეტელობა და მოთმინება პირველ რიგში, რადგან მოსავალზე და ამინდზეც კი ხარ დამოკიდებული. ასევე უნდა ითავისებდე, რომ შენს მიერ შექმნილი პროდუქტი შენი და შენი კომპანიის სახეა.

– თქვენ თუ გიყვართ ღვინო და რომელი სახეობის?

– ძალიან მიყვარს და მიყვარს ნებისმიერი სახეობის. 50%-ს თეთრს ვსვამ, 50%-ს შავს, მათ შორის, ნახევრად ტკბილი ღვინის სმაც მიწევს.

– „თბილღვინოს“ რომელ ჯილდოსა და გამარჯვებას გამოყოფდით?

– დავიწყებ პირველი ჯილდოთი. 2000 წელს საქართველოში პირველად ჩატარდა ღვინის კონკურსი და რამოდენიმე ღვინომ მიიღი მედალი, ჩვენმა „მუკუზანმა“ კი, ოქროს მედალი მიიღო და ფესტივალის გრან-პრი. ეს დიდი მუხტი იყო ჩვენთვის, რადგან მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა მე პირადად. ამის მერე არაერთი ჯილდო იყო. თუნდაც, ყოველი ახალი ბაზარი ახალი ჯილდოა. 1998 წელს არცერთ ბაზარზე არ ვიყავით წარმოდგენილი, გარდა საქართველოსი, ახლა კი ყოველ წელს სამ-ოთხ ბაზარზე შევდივართ და რეალიზაციას ვზრდით.

შარშან სასიხარულო და პარადოქსული გამარჯვება იყო, რომ მარტში რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა და 25 აპრილს მოსკოვში პრესტიჟულ კონკურსზე „ვინნაია კარტა ოუფენ“-ზე გამოცხადდა შედეგები და ჩვენმა „საფერავმა“ ვერცხლის მედალი აიღო. ლონდონის გამოფენიდან შარშან ორი და წელს კი ექვსი მედალი ჩამოვიტანეთ.

– დასვენებას თუ ახერხებთ და მოუცლელობის გამო ოჯახში ხომ არ გსაყვედურობენ?

– ვერ ვიტყოდი, რომ დასვენებას დიდ დროს ვუთმობ, მაგრამ იმ გამოყოფილ დროს მაქსიმალურად ოჯახთან ერთად ვისვენებ ხოლმე. თუმცა, ჩემი დროის დეფიციტს ჩემი მეუღლე უფრო უჩივის, ვიდრე მე. ეს ისეთი საქმეა, რომ სიამოვნებას მანიჭებს, მუშაობის პროცესიც მაძლევს იმის საშუალებას, რომ პარალელურად დავისვენო.

– სადღეგრძელოების თქმა თუ გიყვართ და თუ გაქვთ საყვარელი სადღეგრძელო?

– კი, სადღეგრძელოების თქმა მიყვარს, მაგრამ ძირითადად არ მამახსოვრდება ხოლმე, თუმცა, ზოგჯერ საკუთარი ნათქვამი სადღეგრძელო თვითონვე მომწონებია. საერთოდ კი, სუფრასთან აუცილებლად ვსვამ ღვინის – ღვთიური სასმელის სადღეგრძელოს.

ესაუბრა მარიკა ვარდოშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით