Homeინტერვიუინტერვიუ ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის გემერალურ დირექტორ...

ინტერვიუ ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის გემერალურ დირექტორ კახა ნურალიძესთან

Published on

spot_img

სამედიცინო დარგის წარმატებულ ბიზნესად აწყობა და ისიც დედაქალაქიდან მოშორებით, ათიოდე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. ქუთაისში ხშირად გაიგონებთ ფრაზას: „პრეზიდენტმა ქუთაისი დაივიწყა“, თუმცა, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, აუცილებლად გაიფიქრებს, რომ ქალაქი, რომელსაც ასეთი კლინიკა აქვს, მივიწყებული პროვინცია არ ყოფილა.

ოფიციალური ინფორმაციით, ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილ კლინიკაში სახელწიფომ 30 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ბუნებრივია, იგი თავის დროზე მოგებასაც ელის და სწორად წარმართული მენეჯმენტის შემთხვევაში თანხა მნიშვნელოვანი იქნება. აღნიშნული კლინიკის გენერალურ დირექტორთან, პროფესორ კახა ნურალიძესთან საუბარმა გვაჩვენა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ რეგიონებში წინდახედული პოლიტიკა გაატარა.

კორ. – ბატონო კახა, რას ეფუძნებოდა ეროვნული სამედიცინო ცენტრის თბილისს გარეთ დაარსების იდეა?

კ.ნ. – დასავლეთ საქართველოს პრაქტიკულად არ გააჩნდა ასეთი მსხვილი სამედიცინო დაწესებულება. თბილისში, ასე თუ ისე, კარგი კლინიკები მრავლად არის, რასაც ვერ ვიტყოდით ქვეყნის დასავლეთზე. შესაბამისად, პაციენტს სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის რომ ჰქონოდა არა მარტო ეკონომიკური, არამედ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც, გადაწყდა კლინიკა ქუთაისში დაარსებულიყო. გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგალითისათვის ავიღოთ მიოკარდიუმის ინფარქტი. ინფარქტიანი პაციენტის ტრანსპორტირება თბილისში, იმისათვის, რომ გაუკეთდეს კორონაროგრაფია, შემდეგ სტენტირება ან ღია ტიპის ოპერაცია გულზე (შუნტირება), დიდ დროს მოითხოვს. მარტო გზაში 4-5 საათი იკარგება, ბათუმიდან – კიდევ უფრო მეტი. ასეთი პაციენტების უმრავლესობა გზაში იღუპებოდა.

გარდა ამისა, ქუთაისს გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი სამედიცინო კადრების მხრივ. შესაბამისად აბსოლუტურად ლოგიკური იყო ამ ცენტრის აქ გაკეთება.

– თქვენს კლინიკაში საკმაოდ თანამედროვე და ძვირადღირებული აპარატურა გაქვთ. ალბათ, მათი მომსახურე სპეციალისტების მოძებნაც არ იყო იოლი…

– ბუნებრივია, მხოლოდ ადგილობრივი კადრებით შეუძლებელი იყო ისეთი მაღალი დონის აპარატურით აღჭურვილი კლინიკის ფუნქციონირება, რომელიც სახელმწიფოს ათეულობით მილიონი ლარი დაუჯდა. ჩვენ დავიწყეთ ძალიან სერიოზული ზრუნვა კადრებზე. აი აქ უკვე იწყება სამედიცინო მენეჯმენტი და ეს გახლავთ პირველი აუცილებელი ნაბიჯი – კადრების შერჩევა.

ჩვენ დავიწყეთ ძველი სტერეოტიპების რღვევა და ქართული მედიცინის გამოყვანა იმ ფეოდალური ჩიხიდან, რომელშიც ის იმყოფებოდა. საიდუმლო არაა, რომ “შავი” ბუღალტერია ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ ქართულ მედიცინაში და სამწუხაროდ, რამოდენიმე კლინიკაში დღესაც ასეა. პაციენტის უფლების დარღვევა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ელემენტარულად, არ არსებობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. არ მინახავს კლინიკა, რომ რომელიმე თანამშრომელს ჰქონოდა სრული ინფორმაცია შემოსავლების, რეზერვების შესახებ. ესაა გადაბმული ჯაჭვი, რაც ითრევდა ნებისმიერ კარგ ექიმს მანკიერ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანდა.

ამიტომ დავიწყეთ ძირფესვიანი მშენებლობა. შევარჩიეთ 12 წამყვანი სპეციალისტი, რომელთა შორის არიან სამედიცინო ინჟინრებიც და თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელი თავსდება ამ სიაში. შერჩეულმა სპეციალისტებმა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში გაიარეს სტაჟირება არა დამკვირვებლის, არამედ უშუალოდ მონაწილის სტატუსით. ეს უშუალოდ ბატონი ლადო ჭიპაშვილის დამსახურებაა – მოგეხსენებათ, დღეს უამრავი ექიმი დადის საზღვარგარეთ, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით.

სამედიცინო მენეჯმენტს თავისი ეტაპები აქვს. ჩვენ პირველი ეტაპი სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ. 2005 წლიდან, როცა ჩვენმა ექიმებმა საზღვარგარეთის ქვეყნებში სწავლება დაამთავრეს და გაიხსნა კლინიკა, 2007 წლის 2 ივნისამდე მიმდინარეობდა კლინიკის ფუნქციონირების პირველი ეტაპი. იგი მოიცავდა თანხების სწორ გადანაწილებას საჭირო მიმართულებით.

მოგეხსენებათ, მედიცინას გააჩნია ძალიან ბევრი მიმართულება. აქამდე დასავლეთ საქართველოში ვიყავით უსინათლო ადამიანის მდგომარეობაში, რადგან არ ვიცოდით, მოსახლეობას რა სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა. ამიტომ, მინისტრის უშუალო თანხმობით, გამოვყავით დაახლოებით 500 ათასი ლარი და უფასოდ გავსინჯეთ მოსახლეობა. მათგან 3000-მდე ადამიანს საჭირო ოპერაციაც გავუკეთეთ.

აღნიშნულმა გამოკვლევამ მე, როგორც სამედიცინო მენეჯერს, მომცა საშუალება კონკურენტუნარიანი გავმხდარიყავი – მოსახლეობამ გზა ისწავლა ჩემი კლინიკისაკენ. და რაც მთავარია, შევისწავლეთ და სტატისტიკური ანალიზი გავუკეთეთ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებას ამა თუ იმ სამედიცინო სერვისზე.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნილებაა მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიების მკურნალობაზე. მარტო იმერეთში ასეთი ოპერაციების საჭიროება წელიწადში 300-350-ს აღემატება. აჭარისა და სამეგრელოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ რაოდენობასაც სჭირდება მენჯ-ბარძაყის სახსრების ენდოპროტეზირება. მეორე ადგილზეა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ოპერაციები გულზე გახდა აბსოლუტურად ახალი ხილი ჩვენი რეგიონისთვის.

თავის ქალის, კისრის მალისა და სხვა სახის ნეიროქირურგიულ ოპერაციებს დასავლეთ საქართველოში ისეთი ინტენსივობით არავინ აკეთებდა, როგორც ეს ჩვენს კლინიკაში გახდა შესაძლებელი. კისრის მალების რეკონსტრუქციის ოპერაცია, როდესაც ზურგის ტვინი კისრის დონეზეა დაზიანებული და ადამიანს ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს, აუცილებლად თბილისში გადაყვანას საჭიროებდა. პაციენტის დედაქალაქში გადაყვანა და იქ ხანგრძლივი მკურნალობა კი ავადმყოფის ოჯახს ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო მძიმე დღეში აგდებდა.

– მომავალში კიდევ ხომ არ აპირებთ მსგავსი “სიურპრიზის””- უფასო გამოკვლევების ჩატარებას?  მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უფასო გამოკვლევა ვერ ჩაიტარა, რადგან პაციენტების რაოდენობა შეზღუდული იყო და ბევრმა ვერ შეძლო „ცოცხალ“ რიგში დგომა.

– მენჯ-ბარძაყის სახსრებთან დაკავშირებით დავაინტერესეთ ამერიკული მხარე, კერძოდ, კომპანია „ჯორჯიან ქონექტი“. აღმოჩნდა, რომ თუ ევროპაში ყოველ 1000 ახალშობილზე 12-15-ს აქვს მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგია, საქართველოში ეს ციფრი არის 180-200. ამ კომპანიამ გამოგვიყო 90 ათასი ლარი, რომლითაც უფასოდ უნდა გავსინჯოთ 3000 ახალშობილი. ამ ეტაპზე გასინჯულია 500-ზე მეტი ახალშობილი.

ჩვენი მხრიდან სიურპრიზი არამარტო მენჯ-ბარძაყის სახსრის პათოლოგიებზე დიაგნოზის დასმა გახლდათ, არამედ დავიწყეთ 10 ახალი ექიმის მომზადება რეგიონებისთვის. ეს გახლავთ აჭარა, წყალტუბო, საჩხერე და ჭიათურა.

კიდევ ერთი სიურპრიზი – ორთოპედის კონსულტაცია საერთოდ არ შედიოდა ამ პროგრამაში და ქუთაისის ორთოპედებთან ერთად, მასში ჩავრთეთ პრეზიდენტის ოჯახის პირადი ორთოპედი ქალბატონი ნუნუ გეგეშიძე, რომელიც იყო ჩამოსული და ივნისში 200 პაციენტი გასინჯა. მისი შემდეგი ვიზიტი სექტემბერში იგეგმება.

– ცნობილია, რომ თქვენს კლინიკაში გულზე საკმაოდ ძვირადღირებული და დიდი სირთულის ოპერაციებიც ტარდება.

– ახლახან დავასრულეთ ჰემოდიალეზის განყოფილების ჩამოყალიბება. მანამდე კი, სულ რაღაც 6 თვეში შევქმენით უძლიერესი კარდიოქირურგიული სამსახური. ოფიციალური მონაცემებით, შესრულებული ოპერაციების სირთულით წინ ვუსწრებთ ერევნის ცნობილ კლინიკასაც კი.

შევქმენით უძლიერესი ნეიროქირურგიული სამსახური, დავიწყეთ რეზერვების აღზრდა ამ ორივე დარგში. ნეიროქირურგიის განყოფილებიდან თბილისელი სპეციალისტები დედაქალაქში დაბრუნდებიან, მაგრამ ამ მხრივ პრობლემა აღარ გვექნება – სამი საუკეთესო ნეიროქირურგია მომზადებული ადგილზე. დავიწყეთ ტრავმაორთოპედია, გავაკეთეთ მეტი ოპერაცია მენჯ-ბარძაყის სახსრის პროტეზირების მხრივ, ვიდრე დედაქალაქის ყველა კლინიკამ ერთად აღებულმა.

აი, რას ნიშნავს სწორად გათვლილი სამედიცინო მენეჯმენტი. ჩვენ გავცდით ქუთაისისა და დასავლეთ საქართველოს ფარგლებს. ამჟამად კლინიკაში მკურნალობს ირლანდიელი პაციენტი, ჩვენთან ხუთმა გერმანელმა პაციენტმა მიზანმიმართულად მოგვმართეს თავიანთი სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით და აქ ჩაიტარეს ოპერაციები გულზე. საერთო ჯამში, გახსნის დღიდან, 306 უცხოელი პაციენტი გვყავდა სამკურნალოდ სამედიცინო ცენტრში.

– შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს მასშტაბით კონკურენტუნარიან სამედიცინო დაწესებულებად ჩამოყალიბდით?

– უმრავლეს შემთხვევებში, ჩვენ სრული კოლეგიალური დამოკიდებულება გვაქვს თბილისის წამყვან კლინიკებთან. ჩვენ მოვამზადეთ რამდენიმე თბილისელი ექიმი. დამეთანხმებით, ცოტა პარადოქსულად ჟღერს – ადრე პირიქით იყო. სასიხარულოა, რომ დედაქალაქიდან ჩამოდიან ქუთაისში, სწავლობენ აქ და ისე უბრუნდებიან თავიანთ კლინიკებს.

– სხვა კლინიკებთან კონკურენციაში გადამწყვეტი ფაქტორი თქვენთან არსებულ სამედიცინო აღჭურვილობაა?

– რა თქმა უნდა. რაც ყველაზე მთავარი მონაპოვარია ადგილობრივი კადრებისათვის, ისაა, რომ უახლოეს მომავალში გამორიცხულია ეროვნულ სამედიცინო ცენტრს პაციენტების რიცხვით თბილისის რომელიმე კლინიკამ აჯობოს. დედაქალაქში რამდენიმე ათეული კარგი კლინიკაა, დასავლეთ საქართველოში კი მხოლოდ ჩვენ ვართ. დაახლოებით 2,2 მილიონიან სეგმენტს მოვიცავთ, რაც მინიმუმ ადგილმდებარეობის გამო უკონკურენციოს გვხდის.

ამის მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა კოლეგებთან არის აბსოლუტურად კოლეგიალური. როცა საქართველოში ამდენი დაავადებულია, რა კონკურენციაზეა საუბარი?

– თქვენ კლინიკის სამედიცინო მენეჯმენტის პირველი ეტაპი ახსენეთ. მეორე ეტაპი რას მოიცავს?

– ეს გახლავთ სამედიცინო ხარისხის კონტროლი, პაციენტების უფლებების კონტროლი იმ კლინიკებში, რომლემთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. ამან ცოტა გაღიზიანება გამოიწვია. იმ კლინიკებთან, რომლებიც ჩვენთან რეფერალურ სისტემაში არიან (ეროვნული ცენტრი ცენტრალური რეფერალური კლინიკა გახლავთ, სადაც მთელი დასავლეთ საქართველოს უმძიმესი პაციენტები გადმოჰყავთ), კანონით მონიჭებული სრული უფლება გვაქვს ვაკონტროლოთ სახელმწიფო თანხების სწორი ხარჯვა.

ჩვენ აღვადგინეთ პათანატომიის სამსახური. მარტო ორ თვეში 35 პათანატომიური გაკვეთა განვახორციელეთ. ასეთი გაკვეთის გარეშე სამედიცინო კონტროლის წარმოება შეუძლებელია. ასეთი სამსახურის არსებობა არ აწყობთ მათ, ვისაც სურთ დაუმალონ პაციენტთა ახლობლებს და სამინისტროს მკურნალობისას დაშვებული შეცდომები. აქ არავინ არავის არ სჯის. საუბარია იმაზე, რომ შეცდომა, რომელიც გარდაუვალია სამედიცინო მოღვაწეობისას, აღარ უნდა განმეორდეს. ამისათვის საჭიროა ხარისხის კონტროლი. ეს უკანასკნელი კი პათანატომიის სამსახურის გარეშე შეუძლებელია.     

– როგორც ცნობილია, თქვენს კლინიკაში არსებული აპარატურის ანალოგიური ტექნიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტი არც არის. კონკრეტულად რა ტექნიკა გაქვთ, რითაც ასე ამაყობთ?

– რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი სახელწოდებით „ციგნა“ („ჯენერალ ელექტრიკი“, 2006 წ.), რომელსაც პირველად კავკასიის რეგიონში ჰქონდა გულის კვლევების ოფცია. თბილისში ახლახან დადგეს ანალოგიური აპარატი და ჩვენი ორი კვალიფიციური სპეციალისტი თავის გამოცდილებას უზიარებს დედაქალაქელ კოლეგებს.
64-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი („სიმენსი“) გახლავთ ახალი ეპოქა რადიოლოგიაში. აქაც, გულის კვლევები ამ დანადგარით პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ დავიწყეთ, იმიტომ, რომ ეს აპარატურა პირველად ქუთაისში დაამონტაჟეს (მხოლოდ 6 თვის შემდეგ დადგა მოსკოვმა ანალოგიური აპარატი, ისიც საპრეზიდენტო კლინიკაში). ჩვენი გამოცდილება უკვე დიდია – ამ აპარატით 500-ზე მეტი პაციენტია გამოკვლეული უშუალოდ გულზე. ისე კი, აპარატმა წელიწადნახევრის განმავლობაში 10 ათასზე მეტი პაციენტი გაატარა.

იყო კამათი, რა საჭიროა, რომ ქუთაისში 64-შრიანი „კატე“ და სხვა ასეთი ულტრათანამედროვე აპარატურა იყოს, ეს იგივეა, რაც ავიამზიდი ჩავრთოთ იმ საქმეში, სადაც ნავიც კი შეასრულებს საჭირო ფუნქციასო. ამ ხალხს მინდა ვუპასუხო, რომ ქუთაისი არაა ნავთსაყუდელი! ქუთაისი გახლავთ ის ფორპოსტი, საიდანაც ქართულმა მედიცინამ მეორე სუნთქვა მიიღო.
ამ დანადგარით ჩვენ უკვე გვყავს გადარჩენილი 132 ადამიანი. იმიტომ, რომ მათ კლინიკაში შემოყვანიდან უახლოეს 20 წამში დაესვათ ზუსტი დიაგნოზი (აორტის რკალის გაგლეჯა, უცხო სხეული გულში და სხვა) და უახლოეს 5 წუთში ეს პაციენტი იყო საოპერაციოში და უტარდებოდა ოპერაცია.

ანგიოგრაფი („ჯენერალ ელექტრიკი“) – ოცნებაა მოსკოვის ბაკულევის კლინიკისა. ეს გახლავთ სუპერთანამედროვე ტექნოლოგია თავისი 96-არხიანი ელექტროფიზიოლოგიური დანადგარით. ამ აპარატურით ჩვენ ახალი სუთქვა შევძინეთ ქართულ ინტერვენციულ მედიცინას. დღეს ჩვენი ექიმები მუშაობენ არა მარტო გულის სისხლძარღვებზე (კორონაროგრაფია, სტენტირება), არამედ კეთდება პერიფერიული სისხლძარღვების, საძილე არტერიების, თავის ტვინის სისხლძარღვების სტენტირებები.

ანესთეზია-ინტენსიური თერაპიის აღჭურვა – ესაა „დრეგერის“ ფირმის სანარკოზო აპარატი „პრიმუსი“. იგი 2005 წელს გამოჩნდა სამედიცინო არენაზე და ქუთაისში იმავე წელს დავდგით.

ჩვენ შევქმენით ჰემოდიალეზის განყოფილება, რომელიც დღეისათვის აღჭურვილია „ბი-ბრაუნის“ ფირმის 6 ხელოვნური თირკმელის აპარატით, სულ მალე მას დაემატება 4 ერთეული. მათი მეშვეობით ამ ეტაპზე 35 პაციენტს ვუწევთ დახმარებას. უახლოეს მომავალში კი, თბილისში იძულებითი გადასახლებიდან 60 ოჯახის შინ დაბრუნებას შევძლებთ.

– რა დაუჯდა ეს ყოველივე სახელმწიფოს?

– დაახლოებით 30 მილიონი ლარი – აქედან 6 მილიონი შენობის რეკონსტრუქციას მოხმარდა, დანარჩენი კი აპარატურის შეძენას. კიდევ დაახლოებით 6 მილიონი ლარი გამოყო „ბრიტიშ პეტროლიუმმა“ (ტექნიკური დახმარება საქართველოს სახელწიფოსადმი) და თვითონ აკონტროლებს მის ხარჯვას.

დააფიქსირეთ თანხა – 30 მილიონი ლარი 2005 წლის კურსით და დამისახელეთ ახლადაშენებული კლინიკა, რომელიც ჩაჯდა ამ თანხაში. არავის სჯერა, მაგრამ ფაქტია.

ყველაზე მთავარი, დაახლოებით 4 მილიონის აღჭურვილობა შევიძინეთ უკვე ჩვენი თანხებით. სამედიცინო მენეჯმენტი არის იმდენად ეფექტური, რომ არა მარტო არ დაგვიგვიანებია ერთი დღით ხელფასი, შევქმენით 500 სამუშაო ადგილი და პაციენტთა მომსახურებიდან მობილიზებული თანხით დამატებითი აღჭურვილობა შევიძინეთ.

რაც შეეხება კადრების მომზადებას, მასში თავიდან დაიხარჯა 200 ათასი ლარი და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. არცერთი ლარი ჩემი ექიმების ნაშოვნი თანხიდან ამ საქმეში არ მეხარჯება. ყველამ იცის რა არის „ატკატი“, „ბონუსი“ – აი, ეს ქმედებები დავმარხეთ ქუთაისის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. სწორედ ამ მავნე წარსულზე გამომშვიდობების ხარჯზე 27 ექიმი გავაგზავნეთ მსოფლიოს 12 ქვეყანაში რეალური მომზადებისათვის.

მათი ჩამონათვალი ასეთია – საფრანგეთში კვალიფიკაციაზე კლინიკის მთავარი ორთოპედი იყო; გერმანიაში მთავარი ანესთეზიოლოგი გახლდათ; გერმანია-ავსტრია – ნეიროქირურგებისთვის, აშშ – ინტერვენციონისტებისთვის, ესპანეთი – ასევე ინტერვენციული დეპარტამენტის ექიმებისთვის, შვეიცარია, იტალია, ავსტრია – რადიოლოგებისთვის; საბერძნეთი – ანესთეზიოლოგებისა და ტრავმატოლოგებისთვის. დღეისათვის საქართველოს არცერთი კლინიკიდან არ იღებს განათლებას უცხოეთში იმდენი ექიმი, როგორც ეს ჩვენთანაა.

– თუ გაქვთ ინფორმაცია, კიდევ სად იგეგმება ანალოგიური სამედიცინო კლინიკის გახსნა?

– ვიცი, რომ კეთდება გორში, ზუგდიდში, ბათუმში, თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ჩვენ ახლაც ვეხმარებით მათ. ჩემი სურვილი და ოცნებაა, ქუთაისის ეროვნული ცენტრი გახდეს ჯამში ის მინიმალური სტანდარტი საავადმყოფოებისთვის და ამით ჩვენი სახელმწიფო მხოლოდ მოიგებს. უბრალოდ, ჩვენ გავკაფეთ ის ჯუნგლები, ვაჩვენეთ გზა, რომ შეიძლება სწორად დაიგეგმოს და წამგებიანი არ იყოს სამედიცინო ბიზნესი. 
მე არ ვსაუბრობ ისეთ ბიზნესზე, სადაც მარტო დიაგნოსტიკა იგულისხმება.

ფაქტია, რომ მხოლოდ დიაგნოსტიკა ყოველთვის მომგებიანია. დიდი ბოდიში, მაგრამ ხალხს მარტო დიაგნოსტიკა არ სჭირდება, მათ ურთულესი ოპერაციები ესაჭიროებათ, სამწუხაროდ მას სჭირდება ემერჯენსის დეპარტამენტი (გადაუდებელი სამედიცინო დახმარება) სამედიცინო ტრანსპორტით (მძიმე რეანომობილებით), სწორი ტრანსპორტირება და ამ დროს ოპერირება.

– რაშია თქვენი მენეჯმენტის წარმატების საიდუმლო?

– გუნდური პრინციპის გარეშე ვერანაირი ჯადოსანი მენეჯერი ვერ გახდის სამედიცინო ბიზნესს მომგებიანს. იმიტომ აღვნიშნე, როცა ვამბობდი, რომ არა მარტო პროფესიული ნიშნებით ვარჩევდით კადრებს, არამედ მათი სულიერი თვისებებიდან გამომდინარე.

– რას უსურვებდით ჩვენი ჟურნალის მკითხველებს?

– ყოველივე საუკეთესოს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობამ დროულად უნდა დაიწყოს ბიზნესში ჩაბმა. სამედიცინო განხრით იმიტომ კი არ უნდა აბარებდეს სტუდენტი, მომგებიანი დარგია და მასში ბევრ ფულს გავაკეთებო, არამედ მან უნდა იცოდეს, ის ფული როგორ იშოვოს, როგორ არ უნდა დაარღვიოს კანონი, როგორ არ უნდა დაარღვიოს პაციენტის უფლებები და როგორ ტიტანურ შრომასთანაა დაკავშირებული ყოველივე. ამის გააზრება სწორედ თქვენი ჟურნალის მეშვეობითაა შესაძლებელი და მინდა გითხრათ, ეს არის ძალიან დიდი საქმე.

ესაუბრა ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით