Homeინტერვიუინტერვიუ შპს „ლეონსიო“-ს დამფუძნებელ ლევან ცაბაძესთან

ინტერვიუ შპს „ლეონსიო“-ს დამფუძნებელ ლევან ცაბაძესთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

ლევან ცაბაძე – დაიბადა 1973 წლის 7 იანვარს დაბა ასპინძაში. 1990 წელს დაამთავრა ქალაქ რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა. ამავე წელს საქართველოს სპორტის აკადემიაში ჩააბარა. ჯერ ჭიდაობას მისდევდა, შემდეგ კი რაგბს ეზიარა. მისი მთავარი ოცნება საფრანგეთში გამგზავრება და რაგბის იქ თამაში იყო, რაც 1995 წელს აისრულა კიდეც. 1995 წელს ცაბაძემ საფრანგეთის დაბალი დივიზიონის გუნდში დაიწყო თამაში. საფრანგეთში მან საუკეთესო მორაგბის ტიტულის მოპოვება შეძლო, რის შემდეგაც უკვე უმაღლეს ლიგაში გადავიდა სათამაშოდ. 1992 წლიდან 2003 წლამდე ის რაგბში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი იყო, 2000-2002 წლებში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი. ლევან ცაბაძის სპორტული კარიერა მიღებული ტრავმის გამო 2003 წელს დასრულდა, რის შემდეგაც მან საკუთარი ძალები ბიზნესში მოსინჯა და 2004 წელს ფრანგ პარტნიორებთან ერთად საქართველოში უსაფრთხოების ელექტრონული სისტემების ფირმა შპს „ლეონსიო“ დააარსა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

კორ. – ბატონო ლევან, თქვენ აქტიური სპორტული კარიერა გქონდათ. როგორ მოხდა, რომ ბიზნესით დაკავება გადაწყვიტეთ?

ლ.ც. – მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად დიდი ვარ და დინჯი ადამიანის შეხედულება მაქვს, ძალზედ მოუსვენარი ვარ, აქედან გამომდინარე ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. თავიდან, როცა სპორტული კარიერა დავიწყე, მეგონა სულ სპორტსმენი ვიქნებოდი, თუმცა 26-27 წლის რომ გავხდი, უკვე საკუთარ ბიზნესზე დავიწყე ფიქრი. მინდოდა ისეთი საქმე მომეძებნა, რაც საფრანგეთთან ისევ დამაკავშირებდა. იქ ყოფნისას შეხება მქონდა პიერ ფაბთან, რომელსაც ფარმაცევტული ფირმა აქვს და იდეა გამიჩნდა საქართველოში მედიკამენტებისათვის საჭირო მცენარეული ნედლეულის მწარმოებელი საწარმო გამეკეთებინა, მაგრამ იმ დროს ვიღაც-ვიღაცეებმა ხელი შემიშალეს და პიერ ფაბმა თქვა, მე ასეთ არასერიოზულ ქვეყანაში ინვესტიციებს არ ჩავდებო.

საფრანგეთში მყავს მეგობრები, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოების ტექნიკის წარმოებასა და დისტრიბუციის სფეროში ლიდერები არიან. მათ ევროპის მასშტაბით 12 მილიონი კლიენტი ჰყავთ. მათ შემომთავაზეს, რომ იქვე საფრანგეთში ერთობლივი ფირმა გაგვეკეთებინა, მაგრამ საფრანგეთში სულ ვერ ვიცხოვრებდი, ჩემი ოცნება საქართველოში ჩამოსვლა იყო. როდესაც აქ დავბრუნდი, ერთ კვირაში დამიკავშირდნენ და მითხრეს, ჩამოვალთ და ვნახავთ, მანდ რისი გაკეთება შეიძლებაო. 2004 წლის 1 ივნისს მართლაც ჩამოვიდნენ. სწორედ იმ დღეებში მოხდა ცხინვალთან ინციდენტი და პრეზიდენტმა საერთო მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც მე შემეშინდა, რომ საქართველოში ბიზნესის წამოწყებაზე ესენიც უარს იტყოდნენ. ჩემს პარტნიორებს გაეცინათ და მითხრეს, ნუ გეშინია, ჩვენ სადაც კი ჩავდივართ, ყველგან რაღაც ხდებაო. მაგალითად, ალჟირში ქარხნის გასაკეთებლად რომ ჩავედით, იმ ღამეს 25 ქრისტიანს მოაჭრეს თავი, მაგრამ ჩვენ ინვესტიცია იქ მაინც განვახორციელეთო.

ჩემმა სტუმრებმა თბილისი რომ დაათვალიერეს და ფანჯრებზე გისოსები ნახეს, მკითხეს, ხანძარი რომ გაჩნდეს და კარებიდან გამოსვლა ვერ შეძლონ, რას იზამენო. მე ვუთხარი, დაიწვებიან-მეთქი. აი, მაშინ თქვეს, რომ აქ ჩვენი საქმე ყოფილაო. ჩემი სტუმრები მაშინ ფირმა „ინტერვოქსის“ პრეზიდენტი დანიელ პიუმეჟი, მისი მოწილე ფირმის „არტისის“ ფინანსური დირექტორი ჟან ლუი ეროგენი და „ალინე აიტეკის“ მეპატრონე ალენ ნერონი იყვნენ. ჩემი ბიზნეს-საქმიანობა 2004 წელს ამ ადამიანებთან ერთად დავიწყე და დღემდე ისინი არიან ჩემი პარტნიორები.

– ფირმას „ლეონსიო“ რატომ დაარქვით, რადგან ხალხი თქვენ როგორც წარმატებულ რაგბისტს ამ მეტსახელით გიცნობდათ?

– ეს უშუალოდ ფრანგების იდეა იყო. მათ იცოდნენ, რომ მე იმ დროისთვის საქართველოში პოპულარული რაგბისტი და ცნობადი სახე ვიყავი. მათ ისიც გათვალეს, რომ ზოგს გაუგია ლეონსიო და ზოგს არა, თუმცა ეს სახელწოდება „ლეონსიო“ იმის შეგრძნებას გაუჩენს ხალხს, რომ ფირმა დიდი ხანია, რაც არსებობსო. თავიდან, ფირმის სახელის შერჩევისას ვფიქრობდი, ესენი სულელები არიან-მეთქი, თუმცა მათმა კომერციულმა ნიჭმა და გათვლამ საბოლოოდ გაამართლა.

– როგორც ბიზნესში დამწყები, სიძნელეებს ხომ არ წააწყდით, როდესაც ბიზნესი წამოიწყეთ?

– კი, თავიდან მართლაც იყო ასეთი სიტუაცია, ვიჯექი და ვფიქრობდი, თავი ხომ არ დავანებო ყველაფერსო. თუმცა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე (ძალიან ჯიუტი ვარ), ეს არ გავაკეთე. ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ბიზნესის გაძღოლა, რადგან არანაირი გამოცდილება ამ სფეროში მუშაობის და არც განათლება არ მქონდა, უბრალოდ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და იმის კითხვა რაც არ ვიცოდი არ მერიდებოდა. ასე მოვიდა ცოდნაც და გამოცდილებაც. სხვათა შორის, ბევრ საინტერესო რამეს თქვენი ჟურნალიდანაც ვიგებ, ვიქექები კანონებში, საგადასახადო კოდექსში და ასე შემდეგ, ვცდილობ უფრო მეტი ცოდნა მივიღო.

– თქვენი ბიზნესის გასაძღოლად სპეციფიკური ცოდნა და განათლებაა საჭირო თუ უბრალოდ, მენეჯერის ნიჭი და მართვის უნარიც საკმარისია?

– როდესაც თავად ამონტაჟებ ტექნიკას, აქ სპეციფიკური განათლება აუცილებლად საჭიროა. ჩემთვის ტექნიკასთან ურთიერთობა უცხოა, ამისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მყავს. რაც შეეხება ფირმის მართვას, აქ საკმარისია შრომისუნარიანობა, ინტუიცია, ალღო, რისკის გაწევის უნარი, ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი კონტინგენტის შერჩევა, რომ ამ სახის ბიზნესს კარგად გაუძღვე.

– თანამშრომლებს რა პრინციპით არჩევთ და თუ გაქვთ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რასაც თქვენს ფირმაში მომუშავე ადამიანი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს?

– ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანი, რომელიც ჩემთან მუშაობს, პირდაპირი იყოს, არასოდეს ერიდებოდეს რაიმეს თქმას და საუბრისას „გვერდზე არ უხვევდეს“. შერჩევისას კი უბრალოდ ინტუიციას ვენდობი. ჩემი თანამშრომელი პროფესიონალი უნდა იყოს აუცილებლად და მე ზუსტად უნდა ვიცოდე, თუ რა ხდება ჩემს ფირმაში.

– ნდობის ფაქტორი როგორია, სრულად ენდობით თანამშრომლებს?

– მე სრულად ვენდობი თანამშრომლებს, მაგრამ პრინციპი „ენდე, მაგრამ შეამოწმე“ მაინც მაქვს. თუ ნდობა არ გაამართლეს, სამსახურიდან დაუყოვნებლივ გავუშვებ.

– როდესაც ბიზნეს-საქმიანობას იწყებდით, თქვენი პოპულარობა დაგეხმარათ თუ არა?

– რა თქმა უნდა დამეხმარა და ბიზნესის წარმატების 40% სწორედ ამან განაპირობა. პოპულარობის დახმარებით ბიუროკრატიული ბარიერები დასაწყისში უფრო ადვილად გადავლახე. ვერ აგიხსნით, თავიდან როცა ვიწყებდი, აქ რა ხდებოდა, ფირმა გაიხსნა თუ არა, მესამე დღიდანვე დაიწყეს საგადასახადოდან სიარული. ვინ შემოდიოდა, ვინ გადიოდა და რა უნდოდათ, ვერ გაიგებდი. მე მოხარული ვარ, რომ ახლა აღარავინ გვაწუხებს და საგადასახადოსთან ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს.

– თქვენი აზრით, ბიზნეს-პარტნიორის ყოლა ჯობია თუ საქმის ერთპიროვნული მართვა?

– ჩემთვის პარტნიორის გარეშე ბიზნესში ყოფნა მოსაწყენი იქნებოდა. ჩემთვის ფული მეორეხარისხოვანია, მთავარია ბიზნესი იზრდებოდეს. ეს გაცილებით უფრო მსიამოვნებს, ვიდრე დიდი მოგება. მე პარტნიორის გარეშე საქმის წამოწყებას ყოველთვის ვერიდები.

– სხვა სახის ბიზნესიც ხომ არ გაქვთ?

– ჩემი ფირმის პარალელურად მე ფერმერობასაც ვეწევი. ოჯახთან ერთად მეცხოველეობის ფერმა მაქვს. ეს ბიზნესი უფრო ადრე დავიწყე და ის ოჯახის ბიზნესია – მასში მშობლები, ბიძაშვილები, სიდედრი, სიმამრი და სხვა ნათესავები არიან ჩართული.

– როგორ ფიქრობთ, ბიზნესში წარმატებას რა განაპირობებს?

– საერთოდ, როგორც სპორტში, ისე ბიზნესში წარმატებას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, ეს არის 60% შრომისუნარიანობა, 20% იღბლიანი უნდა იყო და 20% კონტინგენტის სწორად შერჩევა უნდა შეგეძლოს. როცა ბიზნესი გარკვეულ დონემდე განვითარდება, მერე უკვე ჩვილივით თავზე ხელის გადასმა აღარ სჭირდება და თავისით ვითარდება. თუ შრომისმოყვარე და იღბლიანი არ ხარ, ბიზნესში არაფერი გამოგივა. ბიზნესში იღბალი ინტუიციასთან ერთად დიდ როლს თამაშობს.

– თქვენი აზით, საქართველოში დღეს ბიზნესის წამოწყება გაიოლდა თუ პირიქით, გართულდა?

– გააჩნია რა სახის ბიზნესს იწყებ. ისე გარკვეული მიმართულებით ადვილია, გარკვეულით კი პირიქით, ძნელი. უფრო იოლია იმიტომ, რომ ხელოვნური ბარიერები აღარ არის, მაგრამ უფრო რთულია იმიტომ, რომ დღეს რომ ბიზნესი დაიწყო, გაცილებით დიდი თანხა გჭირდება, ვიდრე რამოდენიმე წლის წინ.

– ბიზნესი და სპორტი თუ ჰგავს ერთმანეთს რაიმეთი?

– როგორც ბიზნესს სჭირდება თავდაუზოგავი შრომა, ასევეა სპორტშიც. ორივეგან იღბალი და ინტუიციაც არის საჭირო.

– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდი წარმატებად ბიზნესსა და სპორტში?

– სპორტში მე ჩემი შესაძლებლობები სრულად ამოვწურე და მაქსიმუმი გავაკეთე. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება ერთა თასის მოგება და მსოფლიოს ფინალურ ფაზაზე ჩვენი ნაკრების გაყვანაა.

ბიზნესში კიდევ 30 წელი წინ მაქვს და მიხარია, რომ ის სპორტულ კარიერასავით ხანმოკლე არ არის. ბიზნესით სიბერემდე შემიძლია დავტკბე, ასე რომ ყველაზე დიდი წარმატება ჯერ წინ მაქვს.

– შპს „ლეონსიოს“ მომსახურებაში საპატრულო სამსახურთან თანამშრომლობაც შედის, რაც თქვენი ფირმისთვის დიდი პლუსია. თუ შეგიძლიათ ამაზე გვიამბოთ?

– ჩვენს კონკურენტებს ამას ვერ ვასწავლით, ამიტომ ყველაფერს საიდუმლოდ დავტოვებ.

– თქვენს სფეროში კონკურენცია ჯანსაღია თუ არა?

– კონკურენცია ჩვენს სფეროში და ამ საქმიანობაში ჯანსაღი არ არის და ვერც იქნება, იმიტომ, რომ ჩვენი საქმიანობა ძირითადად ძალოვან სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ჩვენი კონკურენტებიდან თუ ვინმე გვჯობია, იმით, რომ მას მფარველი ძალოვან სტრუქტურებში ჰყავს. აქედან გამომდინარე კონკურენციაც არაჯანსაღია, თუმცა ჩვენ სუფთა ევროპული გზა ავირჩიეთ და კონკურენციასთან გამკლავებას ფასით, სერვისითა და პატიოსანი შრომით ვცდილობთ.

– ფირმის განვითარებისა და ზრდის ტემპით კმაყოფილი ხართ?

– დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კმაყოფილი ვარ, თუმცა საქართველო სწრაფად განვითარებადი ქვეყანა რომ იყოს, „ლეონსიოს“ ამ ტემპით განვითარება ჩვენთვის კატასტროფის ტოლი იქნებოდა.

– „ლეონსიოს“ სამომავლო გეგმები როგორია?

– ჩვენი ბიზნესი დაკავშირებულია უსაფრთხოების ელექტროსისტემის საქონელთან. სამომავლოდ გაფართოებას ვგეგმავთ და საქართველოს ეკონომიკურ აღზევებას ველოდებით, რადგან, როცა ქვეყანა ეკონომიურად ძლიერია, ჩვენი ბიზნესი ყვავის. ჩვენ, ჩათვალეთ, რომ პატარა ნერგი გვაქვს ჩარგული, რომელსაც ყოველდღე ვეფერებით, ფესვის გადგმის შემდეგ კი ის დიდ ხედ გადაიქცევა.

– ბევრი სხვა ყოფილი სპორტსმენის მსგავსად პოლიტიკაში წასვლაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– დიახ, ერთხელ ვცადე და არჩევნებშიც კი ვიღებდი მონაწილეობას. მიმაჩნია, რომ სპორტი და კულტურა საერთაშორისო სარბიელზე გასაყვანად ქვეყნის დესპანია. სპორტი არის საუკეთესო საშუალება გავაგებინოთ მას, ვისაც ჩვენი არ ესმის. მეორე კი ის, რომ თუ გვინდა ერი იყოს ჯანსაღი, ის სპორტული უნდა იყოს. მერწმუნეთ, დღევანდელ ცხოვრებაში სპორტს და კულტურას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი ორგანიზმისა და სულისგან შედგება. ორგანიზმი რომ ჯანმრთელი იყოს, ერი უნდა იყოს სპორტული, სულიერი სიჯანსაღე კი კულტურას მოაქვს. სპორტი და კულტურა ადამიანის სწორი განვითარებისათვის აუცილებელი და განუყრელია. ეს საქმე კი სწორედ სპორტსმენებმა და კულტურის მუშაკებმა უნდა გააკეთონ პოლიტიკაში მისვლით. მე სტადიონის ადგილზე სახლის აშენება დანაშაულად მიმაჩნია. ეს იგივეა, ეკლესია რომ დაანგრიო და მის ადგილზე სახლი ააშენო.

– თქვენ ცხოვრების რა ნაწილი უკავია დღეს რაგბს?

– მოდით ასე ვიტყვი, ჩემი ცხოვრების 30% ჩემს ოჯახს, 30% რაგბს და 40% ჩემს ბიზნესს უკავია ანუ ჩემთვის ოჯახი და რაგბი ერთი და იგივეა. როდესაც მე რაგბის სამყაროში ვარ, ასე მგონია ჩემს ოჯახში ვარ.

– თუ ელოდით ჩვენი ნაკრების ბოლოდროინდელ წარმატებას?

– ვიცოდი, რომ ბიჭები ძალიან მონდომებულები იყვნენ, ეს კი მთავარი ფაქტორია. თუ რაიმეს გინდა მიაღწიო, ეს ოცნების დონეზე უნდა გინდოდეს. ბიჭები ოცნებობდნენ წარმატებაზე და დიდი ამბიციებიც ჰქონდათ. მათ სურთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სარაგბო გუნდი გახდნენ, რასაც წლიდან წლამდე ახერხებენ კიდეც. მე რომ ეროვნულ ნაკრებში მივედი, ნაკრებთა რეიტინგში 86-ე ადგილზე ვიყავით, ჩემს დროს მეთხუთმეტეზე გადმოვინაცვლეთ და დღეს კი მეცამეტეზე არიან.

– „ბორჯღალოსანთა“ წარმატების ფონზე საქართველოში რაგბის განვითარებას სათანადო ყურადღება ექცევა თუ არა?

– მე სპორტის ორ სახეობაში მომიწია ყოფნა. რვა წელი მოჭიდავე ვიყავი და თხუთმეტი – მორაგბე და მთელი ცხოვრება მორაგბე ვიქნები. აბსოლუტურად ყველა სპორტის სახეობაში ბავშვებს არასწორად ზრდიან, მათ  ეუბნებიან, რომ თუ კარგი სპორტსმენი იქნება, კარგ ფასადაც გაიყიდება და ბევრი ფულიც ექნება. რაგბში პირველ რიგში სამშობლოს სიყვარულს, მეგობრობას ასწავლიან. თავად რაგბია მეგობრობა, რადგან თუ შენი თანაგუნდელის მეგობარი არ ხარ, რაგბს ვერ ითამაშებ, რაგბის გუნდის შეკვრას დიდი ხანი სჭირდება. რაგბი პატივისცემასა და მეგობრობას გასწავლის. რაგბისტების წარმატებაში ლომის წილი სამშობლოს სიყვარულს, თავდაუზოგავ ენთუზიაზმსა და შრომისმოყვარეობას აქვს.

ბოლოდროინდელმა წარმატებამ არა მარტო საერთაშორისო სარბიელზე, არამედ სახელმწიფოშიც საქმე ჩვენს სასარგებლოდ დაძრა და რაგბი, ფეხბურთთან ერთად, ერთ-ერთ პრიორიტეტულ სპორტად იქცა, სადაც უკვე დიდი ინვესტიციები კეთდება. რაგბის ათი სტადიონი აშენდება, აქედან ორი ბათუმსა და ქუთაისში ფეხბურთელებთან ერთად საზიარო გვექნება. ოთხწლიანი ციკლის სოლიდურად ჩატარების მიზნით მთავრობა რაგბში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, რადგან მათ დაინახეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი ლიდერი სარაგბო ქვეყანა.

რაგბი არ არის მხოლოდ სპორტი, რაგბი პოლიტიკაცაა. ჩვენ ვნახეთ, რომ ნიკოლა სარკოზიმ ჩვენი პრეზიდენტი პირადად მიიწვია საფრანგეთი-საქართველოს თამაშზე, წარმოიდგინეთ, რამხელა ბედნიერებაა, როცა ორი ქვეყნის პირველი პირი ტრიბუნაზე ორი საათის განმავლობაში ერთად ზის. ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში რაგბის ცქერის გარდა ისინი საჭირბოროტო საკითხებსაც შეეხებოდნენ.

– თქვენი აზრით, დღეს როგორი თაობა მოდის?

– გული მწყდება, რომ დღევანდელი თაობა ქართულ ტრადიციებს ივიწყებს. მე-19 საუკუნეში დაბრუნება საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენი ტრადიციების, ურთიერთობების, თუნდაც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობების, უფროსების პატივისცემა არ უნდა დავკარგოთ. მე მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი მოხუცისა და მანდილოსნისთვის უნდა დამეთმო… მართლა გული მწყდება, რომ ადამიანურ თვისებებს ჩვენი ახალგაზრდები ნელ-ნელა კარგავენ.

– დაბოლოს, როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? ზოგჯერ რაგბს თუ თამაშობთ?

– თავისუფალი დრო ვცდილობ ოჯახთან ერთად გავატარო, რაგბი კი, რაც სპორტიდან წამოვედი, არ მითამაშია. რაგბი დიდ ენერგიას მოითხოვს, მე კი, სამწუხაროდ, მიღებული ტრავმა თამაშის საშუალებას არ მაძლევს.

ესაუბრა მარინე ვარდოშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით