მინი-დოსიე
საბა კიკნაძე – დაიბადა 1960 წელს სამტრედიაში. 1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, რის შემდეგაც „ქალაქპროექტში“ არქიტექტორად დაიწყო მუშაობა. შემდეგ ძალები ბიზნესში მოსინჯა და 1987 წელს დააარსა არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია. 1989 წლიდან მუშაობა ტურიზმის სფეროში გააგრძელა. 1991 წელს დააფუძნა ტურისტული კომპანია „კავკაზუს თრეველი“. 2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. 2008 წელს ჩამოაყალიბა ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელშიც შევიდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის შპს „კავკაზუს თრეველი“.
კორ. – ბატონო საბა, როგორ დაგებადათ ტურისტული ბიზნესის წამოწყების იდეა?
ს. კ. – გარკვეული პერიოდი მთამსვლელობით ვიყავი დაკავებული. შეიძლება ითქვას, ჩემი ჰობი იყო. მაშინ მთამსვლელობას ასეთი ორგანიზებული სახე არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ამას ჰობისაც ვერ დაარქმევდი. ისე, „მთამსვლელთა კლუბის“ წევრიც ვიყავი და რამოდენიმე წელი საქართველოს ნაკრებში ვირიცხებოდი. საქართველოში ყოველთვის მთამსვლელთა შეზღუდული რაოდენობა იყო და ჩემს თაობას რამოდენიმე წელი გადაბმით გვიწევდა სიარული შეკრებებზე, მათ შორის პამირზეც.
შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გავხდი მთაში სიარულისთვის საერთოდ თავი დამენებებინა. ეს ისეთი სენია, რომ თუ შეგეყარა, ვეღარ გამოხვალ მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ეს კარგი სენია და ყოველთვის მიბმული ხარ მთამსვლელობაზე.
მეგობრებთან ერთად კლუბი გავხსენით. კლუბის საქმიანობაში ჩემი მეგობრები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები. მე კი ჩემი სხვა ბიზნესი საშუალებას მაძლევდა, რომ ამ კლუბში უფრო თამამად ვყოფილიყავი: რაღაც პროექტები გვეკეთებინა და ექსპედიციები მოგვეწყო. მაშინ საგამომცემლო და არქიტექტურული ბიზნესი მქონდა, საიდანაც შემეძლო თანხის რაღაც ნაწილი კლუბისთვის მომეხმარებინა. ასევე სპონსორების სახსრებითაც კლუბის ფორმატში ვმუშაობდით. შემდეგ ამ ხალხის უნარები იმის საფუძველი გახდა, რომ დავიწყეთ ფიქრი უფრო მეტზე, ვიდრე „მთამსვლელთა კლუბში“ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. გადავწყვიტეთ, რომ შეიძლება სხვასაც მოვმსახურებოდით, თუნდაც უცხოელს. ვიფიქრეთ, რომ ჩვენი საქმიანობა ბიზნესად გვექცია. ეს მაშინ უფრო თამაშივით იყო: 100 დღიდან დაახლოებით 80 დღეს ჩვენსავე მოგზაურობას ვუთმობდით, მაგრამ 20 დღის განმავლობაში ვიღაც ჩამოგვყავდა. მოკლედ, ასე თამაშით დავიწყეთ ტურისტული ბიზნესი და დავაფუძნეთ ფირმა, რომელიც საქართველოში ტურისტებს შემოიყვანდა და მოემსახურებოდა.
– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ ბიზნესში?
– იმით დავიწყეთ, რომ ხალხს ვეპატიჟებოდით: მახსოვს, პირველად ჩვენი კოლეგები – მთამსვლელები ჩამოვიდნენ შვეიცარიიდან. ჩვენი მხრიდან თუ კლუბური და მეგობრების გუნდი იყო, იქიდან ასევე მეგობრების გუნდი აღმოჩნდა. ბიზნესის თვალსაზრისით იყო იქიდან მთამსვლელი გიდი, ის ფულს იღებდა. მისთვის ეს ბიზნესი იყო, ჩვენთვის კი მეგობრული გაცვლა. ჯერ ისინი იყვნენ ჩამოსულები, მერე ჩვენ წავედით შვეიცარიის მთებზე ალპინისტურად. ეს იყო მართლაც პირველი გამოცდილება ჩვენთვის იმ კუთხით, რომ გაგვეგო, რა მოთხოვნები აქვთ უცხოელ ტურისტებს.
ამის შემდეგ ჩვენ მივხვდით, რომ ეს არის სხვა ბიზნესი და თუ გვინდა რაიმე ვიცოდეთ ამ ბიზნესზე, საჭირო ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ძალიან რთული წლები იყო. პირველი პატარა ზომის ტურები მოვაწყვეთ სვანეთში, თუშეთში და თბილისში. დიდი და ორგანიზებული ტურები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში 1990 წლიდან დავიწყეთ.
ამ საქმეში მთავარი იყო მარკეტინგის ცოდნა. ამის გასაგებად დავიწყეთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღება. პირველი გამოფენა, რომელსაც დავესწარით, იყო 1990 წელს ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. მას მერე ყოველ წელს დავდივართ ამ გამოფენაზე. 1991 წლიდან ლონდონის გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას და ახლა უკვე ოცამდე გამოფენაა, რომლებსაც ვესწრებით. პირველად გამოფენებზე ვისწავლეთ, რა ხდება ამ ბიზნესში და პარტნიორებიც იქ გავიცანით.
– როცა ტურისტული ბიზნესი დაიწყეთ, თუ შეგხვდათ რაიმე სახის სერიოზული დაბრკოლებები? ბიზნეს საქმიანობის შეწყვეტაზე ხომ არ გიფიქრიათ?
– არა, რბილად მოხდა ამ ბიზნესში შესვლა სხვა საქმიანობიდან, ეს კლუბური საქმიანობა იყო. ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც მაშინ დიდი მთამსვლელები იყვნენ, ალპინიზმს თავი დაანებეს და დღეს ბიზნესმენები არიან. მე შედარებით ნაკლებად აქტიური ვიყავი – ფიზიკურად არ შემეძლო, ისინი კი ექსპედიციებს აწყობდნენ. თანხის ძირითადი ნაწილი პირად კაპრიზებზე გვეხარჯებოდა, მაგალითად, ალტრუისტულ პროექტებზე: ერთმანეთისთვის პირობების შექმნაზე, ბავშვებისათვის ექსპედიციების მოწყობაზე. იმ დროს, ვთქვათ, 10 დოლარიდან მხოლოდ ორ დოლარს ვხარჯავდით ტურიზმის ბიზნესის განვითარებაზე. მერე კი ეს პროპორცია შევცვალეთ და 1997 წლიდან თანხებს მთლიანად ბიზნესს ვახმართ. საქმიანობისთვის თავის დანებებაზე არასოდეს არ გვიფიქრია. პირიქით, უფრო და უფრო მეტად ვრისკავდით და უფრო ვიძირებოდით ამ ბიზნესში.
– რა თავისებურებებით გამოირჩევა ქართული ტურისტული ბიზნესი?
– „გიჟი თავისუფალიაო“, ხომ გაგიგიათ, ასეთი თავისებურებით გამოირჩევა. ეხლა რაღაც ჩარჩოები ყალიბდება. როდესაც ქვეყანაში ინდუსტრია არ არსებობდა: არც სასტუმრო არ იყო და არც გამყოლების კულტურა, ქუჩაში კი ავტომატებით იდგნენ, არანაირი ჩარჩოები ამას არ ჰქონდა. თუმცა, რაც დრო გავა და ქვეყანა უფრო ცივილიზებული გახდება, ტურისტული ბიზნესიც თავისი მოწყობით, არქიტექტურითა და ლოჯისტიკით დაემსგავსება იმას, რაც ევროპაშია.
ვთქვათ, არც ერთი ევროპელი ტუროპერატორი არ ფიქრობს, სად იქირაოს მძღოლი, მანქანა და როგორ გადაიხადოს ამ მძღოლის შემოსავლის ანარიცხები, სასტუმროში ადგილი არის თუ არა… ჩვენ ასეთ სიგიჟეებზე გვიწევს ფიქრი. მაგრამ რამოდენიმე წლის წინ საერთოდ კატასტროფა იყო. მთავარი განსხვავება დასავლურსა და ქართულ ტურიზმს შორის არის ის, რომ აქ ისტორიულად სტუმართმოყვარეობაა. ტურიზმი ერთ-ერთი გლობალიზატორია.
შეიძლება ითქვას, რომ ბერძნები, ესპანელები და იტალიელები სტუმართმოყვარე ხალხია. ალბათ იმიტომ, რომ საქართველო ძალიან დიდხანს იყო ჩაკეტილი ევროპისაგან და საერთოდ დანარჩენი სამყაროსაგან, ამიტომ განსაკუთრებულად იყო ყურადღება გამახვილებული სტუმართმოყვარეობაზე და ღვინის სმაზე, მოლხენაზე და მუსიკის მოსმენაზე. ეს იყო თვითგამოხატვის საშუალება და აქედან გამომდინარე, ძალიან ძლიერია ქართველში სტუმართმოყვარეობის გრძნობა.
90-იან წლებში ეს თვისებები განსაკუთრებით ძლიერი იყო. მთავარი განსხვავება მაინც სტუმართმოყვარეობაა. გამონათქვამი – „სტუმარი ღვთისაა“, არც ერთ ერს არა აქვს, მარტო ქართველებსა გვაქვს. საქართველოში სტუმარი უეჭველი სასიამოვნოა, სტუმრისთვის საუკეთესო გამოაქვთ, სტუმარი ზეიმია და ეს ასე იყო ყოველთვის.
ბუნებრივი სტუმართმოყვარეობა ძალიან დიდი განმასხვავებელია. ამის გადაყვანა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ისე, რომ ეს ლაქიაობად არ იქცეს, ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. მნიშვნელოვანია ასევე მისი შენარჩუნება და შეხამება პროფესიონალიზმთან. მილანში და პარიზში მომსახურე პერსონალის ღიმილის 80% არის მათი პროფესიონალიზმის შედეგი და 20% – უკვე სტუმართმოყვარეობის. ქართველში კი სტუმართმოყვარეობის წილი ყოველთვის მეტი იქნება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ტურიზმის ბიზნესში ეს რაც უფრო ბუნებრივია, მით უფრო მნიშვნელოვანია.
– თქვენი აზრით, რა თვისებებია საჭირო იმისათვის, რომ საქართველოში ბიზნესში წარმატებას მიაღწიო?
– მე ვფიქრობ, რომ ყველგან ერთი და იგივე თვისებებია საჭირო, მაგრამ საქართველოში დამატებითი თვისებებიცაა აუცილებელი. თუ იქნები აბსოლუტურად ცივსისხლიანი და შუშისთვალება, შეგიძლია ისესხო ვთქვათ კუპონები და იცი, რომ ეს გახდება ერთ კვირაში ასჯერ იაფი, მეგობარს გაუყო და გახდე წარმატებული ბიზნესმენი, იმიტომ რომ ამით დააგროვებ მილიონს. წარმატებული ბიზნესის ასეთი შემთხვევებიც იყო, მაგრამ ეთიკურ ბიზნესზე თუ ვლაპარაკობთ, წარმატება სხვა რამეს მოაქვს.
ბედნიერი ვიქნებოდი, რომ საქართველოში კარგი ბიზნესმენობა იყოს კარგი კრეატივის და ენტერპრენერობის შედეგი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში შემოქმედებითი ნიჭი ყოველთვის საჭიროა, მაგრამ გადამწყვეტ როლს არ თამაშობს. საქართველოში, როდესაც ბიზნესი ნულიდან იწყება, ალბათ შემოქმედებით ნიჭს უფრო მეტი გამოსავალი უნდა ჰქონოდა, თუმცაღა ეს დრო გავიდა. ეხლა არის დრო, როდესაც ლიდერობას და მენეჯმენტის სხვა უნარებს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს.
– ბიზნესში თქვენი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი რა არის?
– ამაზე არ მიფიქრია. თუ გავზომავთ ბაზარზე მდგომარეობით და პოტენციალით, ეს ამ კომპანიების შექმნაა, რაც მაქვს და მათი დღემდე მოყვანა. ეს გარკვეულწილად წარმატებაა. მე და ჩემს მეგობრებს, ვინც ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ერთხელ მაინც რომ გაგვეკეთებინა პატარა როქი და გადაგვეტანა ჩვენი ბიზნესი თუნდაც თურქეთში, რუსეთში და აზერბაიჯანში ან კიდევ ალბანეთზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, ჩვენი წარმატებულობის ხარისხი ფულადად ათასჯერ მეტად იქნებოდა გამოხატული. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბიზნესის საწყისი იყო რომანტიული, რომანტიულობა კი ვერ ერგება სხვადასხვა ადგილებს. ისეთივე რომანტიული ვერ ვიქნებოდი ალბანეთში, ალბანური ძეგლების გაცნობა არ იქნებოდა ჩემთვის ისეთი სასიამოვნო და ენთუზიაზმით სავსე, როგორც საქართველოს კუთხეების გაცნობაა ვიღაცეებისთვის.
1997 წლიდან დღემდე სწორი ვექტორით ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯი გადადგა. ბოლო წლების განმავლობაში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა კარგისაკენ. ასი პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ სწორი მოძრაობა ქვეყანამ 2004 წელს დაიწყო.
– დღეს საქართველოში არის თუ არა სათანადო გარემო შექმნილი ტურისტული ბიზნესის განვითარებისათვის და ხელისუფლება თუ დგამს ამ კუთხით ქმედით ნაბიჯებს?
– კი, რა თქმა უნდა, ბევრი რამ კეთდება ამ კუთხით, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ტურიზმი ისეთი სფეროა, რომელიც ძალიან გვიან რეაგირებს და თან დიდი კაპიტალის დაბანდებას ითხოვს. ტურიზმი არ არის მარტო სასტუმროების მშენებლობა, თუმცაღა ამ სასტუმროების მშენებლობაც არ ხდებოდა. ბოლო წლებამდე რეალურად ზრდა ძალიან დაბალი იყო და ეხლა ჩვენ ვხედავთ, რამდენი ბრენდი შემოდის და რამდენი სასტუმრო შენდება საქართველოში. ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, მათ შორის დასვენებისა და მოგზაურობის ნიშნით ჩამოსულთა. ტურიზმის ინდუსტრია და თავისთავად სასტუმროები მუშაობენ ყველა სტუმარზე.
ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ეს სწრაფად ვერ მოხდება. თუ ეს არ არის კომპლექსური, თუ არა გაქვს გზა, დენი გაყვანილი, არა გაქვს საგზაო ნიშნები, საპირფარეშოები – ძნელია ტურიზმზე საუბარი.
როცა ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის არც ერთი ნაგვის გადამამუშავებელი კომბინატი და მთელი კახეთი მოფანტულია ცელოფანის პარკებით, რომ გახვალ, შეიძლება გული გაგისკდეს, ვერ მიხვდები სად ხარ. თუმცა, ამის დროც მოვა. იყო დრო, როცა პრაღაში მდინარე სავსე იყო ნაგვით, ისე როგორც დღეს ჩვენი მტკვარია. მე მინდა ვთქვა, რომ ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. გარკვეულწილად ეს ასეც არის და არ უნდა ველოდოთ სწრაფ ეფექტებს. რასაკვირველია, უნდა ვაკეთოთ ბევრი რამე, მაგრამ არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ხვალ ყველაფერი შეიცვლება. ხვალ პირობითია, ორ-სამ წელიწადში ზრდა შეიძლება ძალიან საგრძნობიც იყოს.
შარშან და წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. როდესაც ეს იქნება ორჯერ და სამჯერ მეტი, ხელისშემშლელი ფაქტორები კი აღარ იქნება, ეს პირდაპირ შეეხება გლეხს და ნახავს, რომ, მაგალითად, მისი ყველით ვაჭრობა გაიზარდა, რადგან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდა.
– თქვენს მიერ ჩამოყვანილ ტურისტთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით რამდენად გაიზარდა?
– 2007 წელს 2006 წელთან მიმართებაში გაიზარდა 1,6-ჯერ ანუ 160%-ით.
– ტურისტებს ყველაზე მეტად საქართველოს რომელი კუთხე და ადგილი აინტერესებთ?
– პირველ რიგში საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს მოსწონთ ადამიანური ურთიერთობები. მართალია, ისინი ამისთვის არ ჩამოდიან და არ იციან, რომ ასეთი სიურპრიზი დახვდებათ, მაგრამ როდესაც ბრუნდებიან უკან, ხვდებიან, რომ გარდა იმისა, რასაც ელოდნენ და სადმე სხვაგანაც უნახავთ, ნახეს რაღაცა განსაკუთრებული. ეს არის ის, რასაც ადამიანური ურთიერთობები ჰქვია. ისინი იოლად „აკეთებენ მეგობრებს“. ადამიანებს, რომელთაც მეგობართა შეზღუდული რაოდენობა ჰყავთ, აქ აღმოაჩენენ ხოლმე, რომ სოფელში ორი დღის ყოფნის შემდეგ ხალხის მხრიდან იმხელა კეთილგანწყობა ნახეს, რომ მათ მეგობრად იქცნენ. ეს ბუნებრივია და ამას ისინი ქართველების მხრიდან გრძნობენ.
ქართველებს გაცილებით მაღალი კრიტერიუმები გვაქვს მეგობრების მიმართ, ვიდრე საშუალო ევროპელს. ის მაქსიმალიზმი, რაც ჩვენ მეგობრობაში გვაქვს, ისე დიდი დოზითაა, რომ ჩვენთვის ელემენტარული გაცნობა, სუფრის დამთავრება გადახვევითა და კოცნით, იმათთვის ძალიან უცხოა და მათზე იოლად გადადის.
საქართველოში უცხოელი ტურისტები ჩამოდიან ჩვენი კულტურის, მუსიკის, ხელოვნების, ფოლკლორის გასაცნობად. ეს მათთვის მომაჯადოებელია, დამანგრეველია კარგი გაგებით. როგორც მხეცები უსმენენ „ვეფხისტყაოსანში“ ტარიელს, ისე უსმენენ და უყურებენ ქართულ მუსიკასა და ცეკვას უცხოელები.
რაც შეეხება იმას, თუ რომელი მხარე მოსწონთ, ჯერ ერთი, მოსწონთ ყველაფერი, რასაც სთავაზობ. როცა საქართველოში შორი მანძილიდან ამერიკიდან, იაპონიიდან, ბრაზილიიდან ტურისტები ჩამოდიან, ისინი უეჭველად აკეთებენ ტურების კომბინაციას, რამოდენიმე ქვეყანაში – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, იმიტომ რომ ეს პირველი ვიზიტია. ისინი საქართველოში სამი ღამე, ოთხი დღე რჩებიან. ამ დროში, თუნდაც ერთ კვირაში ცოტა რამის ნახვაა ფიზიკურად შესაძლებელი. უმეტესწილად ნახულობენ თბილისს, კახეთს, ხევს. ვისაც ბევრი დრო აქვს, ეს არის ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი, აჭარა და ასე შემდეგ.
ღრუბელზე რომ მელანს დააგდებ, თავიდან დიდი წვეთი წარმოიქმნება და მერე ნელ-ნელა გაჟონავს, ასეთი ეფექტი აქვს პირველ ეტაპზე ტურიზმს, როცა ინტერესები თანაბრადაა განაწილებული. თუ არის რაღაცა გამორჩეული, ამ წვეთმა შეიძლება გვერდზე რაღაცა ნაკადი გაიკეთოს, მაგალითად, ვგულისხმობ სვანეთს. სვანეთი ისეთი გამორჩეული ადგილია, რომ ინფორმირებული ხალხი ცდილობს იქ უეჭველად მოხვდეს. ადამიანები, რომლებიც მეორედ ჩამოდიან, ორი კვირით რჩებიან და ისეთ ძეგლებს ნახულობენ, მე რომ ბავშვობიდან არ ვყოფილვარ და აღარც კი მახსოვდა, რომ მათთვის შემეთავაზებინა.
– დღეს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა არც ისე განვითარებულია. თქვენ ხომ არა გაქვთ კონკრეტული გეგმები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ინვესტიცია ჩადოთ და ინფრასტრუქტურა ადგილზე განავითაროთ?
– „კავკაზუს თრეველის“ გარდა ჩვენ სხვა კომპანიებიც გვაქვს და საბოლოოდ ამ ჯგუფის მფლობელი არის ჰოლდინგი, ამ ჰოლდინგში შემავალ ერთეულებს გვაქვს ინტერესი და დაწყებული გვაქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებშიც. ეს იქნება კახეთი, გარკვეულწილად აჭარასაც ეხება. ჯერ არ ვიცი, ვნახოთ, ამის ანონსი გვექნება ახლო მომავალში.
– საქართველოში ბოლო დროს ტურისტული ფირმები საკმაოდ მომრავლდა. კონკურენციიდან გამომდინარე, ხომ არ მიმართავენ ისინი ისეთ მეთოდებს, როგორიცაა დემპინგი და თქვენ როგორი აზრის ხართ ასეთ კონკურენციაზე?
– ადრე აქტიურად მიმართავდნენ დემპინგს და სამწუხაროდ, ისევ გრძელდება. მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო ძნელი ხდება სპოილერებისა და დემპინგისტებისათვის ამის კეთება.
მაგალითად, შევარდნაძის დროს სახელმწიფოსთვის გადახდილი ფული, სისუფთავე და წესიერი მეწარმეობა არ იყო გარანტია იმისა, რომ ვიღაცა მაინც არ შეგაწუხებდა. დღეს ამ თვალსაზრისით არავის არ შევუწუხებივარ. იყო დრო, როცა მარკეტინგის გზა იყო „კავკაზუს თრეველი“, მაგალითად სთავაზობდნენ, რამდენადაც „კავკაზუს თრეველი“ გააკეთებს, იმაზე იაფად მოგემსახურებითო. მერე, ეს ეხებოდა ჩვენს სხვა წამოწყებებს და ეს გარკვეულწილად დღესაც გრძელდება. ისეთი ფასდაკლება და ფასებით მოცელვა ხდებოდა ხოლმე, რომ ეს პირდაპირ კატასტროფა იყო. ახლა მთლად ასე აღარ არის. ზოგადად, ტურისტულ ბიზნესში ამის კეთება იოლია, იმიტომ რომ პროდუქტი ვირტუალურია.
– ვინ არიან თქვენი ბიზნეს-პარტნიორები და ხომ არ აპირებთ ახალი ინვესტორების მოძიებას?
– ჰოლდინგი არის ჩემი და ჩემი ორი პარტნიორის. ესენი არიან დათო რექვიაშვილი და ნიკა ერქომაიშვილი. ყველა ის კომპანიები, რომელიც ცალ-ცალკე ვითარდებოდნენ, ნაწილი გამოსულია „კავკაზუს თრეველიდან“ და დღეს მოქცეულია ერთი ჰოლდინგის ქვეშ. ჩვენ კი ვუყურებთ და ვფიქრობთ, რომ შეიძლება შემოვიერთოთ სხვა ინვესტორიც ამ ბიზნესებში.
ყველა ბიზნესს აქვს თავისი განვითარების სტადიები. მიგვაჩნია, რომ უკვე იმ ეტაპზეა ეს ბიზნესები პროფესიონალიზმით და თუნდაც სხვა უნარებით, რომ თავისუფლად შეიძლება უკვე „სინერჯიზე“ ფიქრი. უკვე რამდენი წელია ჩვენ ერთად მოვდივართ და ახალი პარტნიორის შემოყვანა ძნელია. თუმცა ჩვენი აზრით, სისტემა უკვე ისეა შექმნილი, რომ ნებისმიერი უცხო ადამიანიც უკვე იოლად შემოვა. ამისათვის რაღაც ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ. ჩვენ სწორედ კორპორაციული ბიზნესი შევქმენით და არ გაგვიკეთებია სენტიმენტებზე და ოჯახის წევრებზე არჩევანი, ასეთ ვითარებაში იოლია ბიზნეს-პარტნიორის შემოყვანა. ასე რომ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას ვაპირებთ და ვნახოთ, რაღაც გეგმები გვაქვს.
– თქვენ რამდენიმე წელი იყავით სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ კი ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, როგორ ფიქრობთ, ამ თანამდებობაზე მოახდინეთ თუ არა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება?
– თუ არ ვცდები, იმ თანამდებობაზე მივედი 2004 წლის მაისში და სექტემბრამდე გაბრუებული ვიყავი. ვერაფრით ვერ გავიგე ბევრი რამ. ვერ გავიგე ის პირობითი შეკრული წრე საქმის წარმოების წესის, რაღაცა დოგმები, რომელიც არსებობდა. მათ წარმოშობას როცა ჩავეძიებოდი, აღმოჩნდებოდა, რომ რაღაცა ბრეჟნევის დროინდელი კანცელარიის წარმოების წესის გამო დაინერგა. ზოგადად მთავრობაში მუშაობა ძალიან ძნელი იყო მაშინ. მერე, სხვათა შორის, ჩემი იქ ყოფნისას გაიოლდა ცოტა – 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
სადღაც ვირტუალურ რეალობაში იყო ის, რაც სახელმწიფო სექტორში იყო და ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა. რასაკვირველია, ამის დაახლოება მოხერხდა და გავაკეთეთ ბევრი რამე. მე მახსოვს, როგორი დილემის წინაშე იდგა ფინასთა სამინისტრო, როგორ დაეფინანსებინა ტურისტული გამოფენა ან როგორ გაეგზავნათ სამი მომღერალი იმისათვის, რომ ეს გამოფენა უფრო წარმტაცი ყოფილიყო. მოკლედ, ბევრი რამე შეიცვალა და მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამ თანამდებობაზე ვიყავი, იმიტომ, რომ ეს პერიოდი რომანტიული იყო.
ახლა, ეს რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა სფერო, ვერ ვიტყვი ასე იქნებოდა თუ არა, მაგრამ ეტყობა, ტურიზმი იმდენად ახლოს არის ყველასთან, რომ ძალიან კოოპერაციული იყო ჩვენი თანამშრომლობა დაწყებული ძალოვანი და სასაზღვრო სტრუქტურებიდან, დამთავრებული ლირიული უწყებებით, ვთქვათ კულტურის სამინისტროთი და ხელოვნების ფრთით. ასე რომ რაღაც გარკვეულწილად ჩემი შესაძლებლობების რეალიზება მოხდა იმ თანამდებობაზე.
რა თქმა უნდა, რეალიზაციის საშუალება იყო, რადგან რეალურად რაც ჭირდება ტურიზმის სექტორს და მის განვითარებას, ამ ნაბიჯებს აკეთებდა მთავრობის ეს ფრთა და არა რაღაც კომკავშირულ წყლის ნაყვას. მაშინ ეს საგარეო ხელშეწყობა და მარკეტინგი იყო და ახლა არის ეტაპი, როცა მცირე ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა ხდება.
– ბევრი ბიზნესმენისთვის ბიზნესი ასოცირდება რისკთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს ასეა?
– კი, ჩვენი ბიზნესი ბუნებრივია რისკთან ასოცირდება. ღმერთმა დაგვიფაროს და ვთქვათ, ირანმა ერთი რაკეტა რომ ისროლოს, საქართველოს სიახლოვეს ჩამოვარდეს, მთელი კოლაფსი იქნება იმ ბიზნესში, რომელშიც ჩვენ ვართ. გარე პირობიდან გამომდინარე ეს ყველაზე საშიში რისკია და სხვა რისკია – საკუთარი შეცდომები.
– თუ გისწავლიათ საკუთარ შეცდომებზე?
– საკუთარ შეცდომებზე ბევრი გვისწავლია და სწორედ ეგ არის ამ სფეროში პიონერის პრობლემა. გადაჭარბების გარეშე, მართლაც პიონერები ვართ – „ივენთ მენეჯმენტით“ დაწყებული, სხვა სფეროებით დამთავრებული. პრობლემა ის არის, რომ შენ გადიხარ, გხვდება სიძნელეები, რაღაც გეშლება და მერე ვიღაცა შენგან სწავლობს და იოლად გადის.
ჩვენ დაგვიშვია შეცდომები. მაგალითად, ერთ-ერთ პირველ კატალოგში, რომელიც საკმაოდ ბევრი გავავრცელეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მითითება „ერთი ღამე“ გამოგვრჩა. დილეტანტმა რომ დაიწყოს პროგრამის შედგენა, იოლად შეიძლება გამორჩეს, ვთქვათ, ჩამოსვლის ან წასვლის შემთხვევაში, როცა რეისები ღამით არის. თუმცა აღმოგვიჩენია, რომ ასეთი შეცდომა ზუსტად სხვა კომპანიასაც აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამა გადაწერა.
პიონერის რისკების პრობლემა ზუსტად მაგაშია, როდესაც პირველი იწყებ რაღაცას, შენს შემდეგ გავლა ძალიან იოლია. იმასაც ვეღარ გააკეთებ, რომ ლიდერობაზე უარი თქვა და კონკურენტს დაელოდო, თუ რას გააკეთებს. ყოველთვის იძულებული ხარ ორი-სამი ნაბიჯით წინ იყო.
– თქვენ თვითონ თუ ახერხებთ თავისუფალი დროის გამონახვას იმისათვის, რომ დაისვენოთ?
– თავისუფალი დრო როგორ არ მაქვს. ჩემი აზრით, კარგი მენეჯერი ახერხებს იმას, რომ მისი საკეთებელი საქმე სხვას გააკეთებინოს და მეტი დრო დარჩეს. ჩემი აზრით, მენეჯმენტი სწორედ ეგ არის, როდესაც საქმე არის ისე აწყობილი, რომ დელეგირება შეგიძლია. ჯერჯერობით დამატებით დროს თუ გამოვყოფ, ეს ისევ ახალ პროექტებში ჩაბმაა ბიზნესის თვალსაზრისით. რაც შეეხება დასვენებას, ჩემი ჰობი 5-6 წელია არის ნადირობა, თხილამურები და მოგზაურობა.
ესაუბრა მარინე ვარდოშვილი

