მინი-დოსიე
მალხაზ რამიშვილი – დაიბადა 1969 წლის 30 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის №55 საშუალო სკოლა. 1987-1991 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს პროფესიული კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, თურქეთსა და საფრანგეთში. ფლობს შესაბამის სერთიფიკატებს. იცის ქართული, რუსული და ინგლისური ენები.
1988 წლიდან 1990 წლამდე იყო „ეროვნული თანხმობის ასოციაციის“ მმართველი საბჭოს წევრი. 1990-2002 წლამდე იყო საქართველოში პირველი ყოველდღიური გაზეთი „რეზონანსის“ დამფუძნებელი. 1995-2002 წლებში იყო „რადიო 105“-ის, 1997-2002 წლებში – რადიო „რეზონანსის“, 1998-2002-ში კი „რადიო 101“-ის დამფუძნებელი. 2001 წელიდან დღემდე მალხაზ რამიშვილი არის ქართველ გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია „თავისუფალი პრესის“ დამფუძნებელი და საბჭოს წევრი. 2001 წელს დააარსა ყოველკვირეული გაზეთი „ახალი ვერსია“, რომლის დამფუძნებელიც 2006 წლამდე იყო. 2002-2003 წლებში უშვებდა ყოველდღიურ გაზეთს „ხვალინდელი დღე“. 2002 წლიდან დღემდე, მალხაზ რამიშვილი არის „რამიშვილი და კომპანიის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. კომპანიას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქართულ საგამომცემლო ბაზარზე. 2007 წელს ის გამოსცემდა „ფლეიბოის“ ქართულ ვერსიას, ამჟამად კი არის იტალიური კომპანია „პერიოდიჩის“ კონტრაქტორი და საქართველოში ბეჭდავს ჟურნალს „ბრავაკაზა“. 2004-2006 წლებში მალხაზ რამიშვილმა დააფუძნა და გამოსცემდა ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ჟურნალებს – „ულტრა“, „VIP თბილისი“ და „მამაკაცთა იმპერია“. 2004 წლიდან დღემდე მალხაზ რამიშვილი არის სს „საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და ბიზნესის ჯგუფის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, 2006 წლიდან დღემდე კი – შპს „დამოუკიდებელი ქართული პრესის“ დამფუძნებელი. კომპანია თანამშრომლობს უცხოური ბრენდი ჟურნალების გამომცემლებთან საქართველოში, „კოსმოპოლიტენის“ ჩათვლით.
მალხაზ რამიშვილი წლების განმავლობაში დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით. 2003 წელს დააფუძნა ახალგაზრდა სპორტსმენთა (ფეხბურთი და რაგბი) აკადემია. 2005 წლამდე ის ამ აკადემიის დირექტორი იყო.
1999 წლიდან დღემდე „საქართველოს მინი-გოლფის ფედერაციის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტია. რამიშვილმა ბოლო დროს ძალები დეველოპერულ ბიზნესშიც მოსინჯა.
მალხაზ რამიშვილს ჰყავს მეუღლე და ოთხი ვაჟი.
– ბატონო მალხაზ, რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ბიზნესში ანუ რა იყო თქვენი პირველი მედია პროექტი?
– პირველ მედია-პროექტად შეიძლება „რეზონანსი“ ჩაითვალოს, თუმცა არა ბიზნესის თვალსაზრისით. მაშინ ეროვნული მოძრაობა იყო და ამ მოძრაობის ნაწილი იყო რუსულენოვანი „რეზონანსი“. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაზეთს გამოვუშვებდით და მთელ საბჭოთა კავშირში გავავრცელებდით. რამდენიმე ნომერი რომ გამოვუშვით, გადავწყვიტეთ აქცენტი კომერციაზე გაგვეკეთებინა და არა პოლიტიკურ მიზნებზე. მოკლედ, 1990 წელს გადავწყვიტე, რომ საგამომცემლო ბიზნესში ჩავბმულიყავი.
– რამდენიმე წელში თქვენმა ბიზნესმა მედია-ჰოლდინგის სახე მიიღო. რატომ მოხდა ისე, რომ ეს ჰოლდინგი არ შედგა და დაიშალა?
– მე და ჩემს პარტნიორს – ზურაბ მაჭარაძეს დავა გვქონდა, რომელიც პრაქტიკულად, 2002 წელს დავასრულე და ბიზნესი ორად გავყავით. გადავწყვიტეთ, ასეთი პროპორციით გაგვეყო: უკვე შექმნილი ბრენდები „რადიო 105“ და „რეზონანსი“ იქეთ გადავიდა ანუ ზურაბ მაჭარაძეს ერგო, სტამბა კი ჩვენ დავიტოვეთ და დავიწყეთ ახალი რაღაცეების შექმნა. ეს იყო წარმატებული გამოცემა „ახალი ვერსია“, რომლის ტირაჟის რეკორდი დღემდე არც ერთ გაზეთს არ მოუხსნია. გაზეთის ტირაჟი ზოგიერთ ნომერზე 155 000 იყო. 2005 წელს უკვე დავინტერესდი მეორე სფეროთი. ეს არის ე.წ. „ცარცის ჟურნალები“. პრესის მიმართ ინტერესი ცოტა დავკარგეთ. ახალი ინტერესები შემოვიდა და უცხოელებისგან მოთხოვნა იყო, რომ ამ ეტაპზე, ლოკალურ გამოცემებს შევეშვათო.
ჩვენ ვცდილობთ დროს კი არ მივყვეთ, არამედ გავუსწროთ. სხვანაირად არ ჩამომართვათ, მაგრამ 90% ახალი იდეებისა, თემატიკისა გაზეთებსა და ჟურნალებში, ეს ყველაფერი ჩვენთან იწყებოდა და კეთდებოდა.
– არ ნანობთ იმაზე, რომ წლების წინ, ის მედიაჰოლდინგი, რომლის კეთებაც დაიწყეთ, არ შედგა?
– ბევრი ჰოლდინგი შედგა და მერე გაქრა საქრთველოში, ასე რომ, რაც არ შედგა და მერე არ გამქრალა, იმაზე ვერაფერს ვიტყვი. წარმოიდგინეთ, ხომ შეიძლებოდა, რომც შემდგარიყო და ფეხზეც დამდგარიყო, სხვადასხვა სფეროებზეც გასულიყო, უფრო მომგებიანი გამხდარიყო და მერე მაინც აბსოლუტურად გამქრალიყო. ასეთი მაგალითებიც ხომ არის?
– რატომ გადაწყვითეთ „ცარცის ჟურნალების“ ბიზნესით დაკავება?
– ამის განმსაზღვრელი ბევრი ფაქტორი იყო. პირველი ის, რომ ხალხის მასობრივ ცნობიერებაზე, პირადად მე მაინც და მაინც კარგი წარმოდგენა არ შემექნა, პირიქით გამიუარესდა. შევარდნაძის დროს, როცა ჩვენ კვლევა ჩავატარეთ, რატომ კითხულობს ხალხი გაზეთებს, შედეგი ასეთი იყო – გულს ვიფხანთო. გაზეთის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება მაშინ სწორედ ეს იყო. მთავრობას თუ გალანძღავდი, გაზეთი უკეთესად იყიდებოდა. ჩვენ ამაზე ბიზნესიც ავაწყეთ, მაგრამ უსამართლოდ კი არ ვლანძღავდით, სიმართლეს ვწერდით. სალანძღავ და საგამოძიებო ჟურნალისტიკას მოჰქონდა რაღაც შედეგები, მაგრამ ჩვენს პარალელურად ყოველთვის არსებობდა დაბალი დონის ჟურნალისტიკა. ეს სტანდარტებთან შეუსაბამო, მხოლოდ მოსაზრებებზე, ჭორებზე დამოკიდებული ჟურნალისტიკა იყო და საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ ანსხვავებდა, ეს მასობრივად იქცა. კვალიფიციური მკითხველი, მაშინაც და ახლაც, დაახლოებით 10 000-ის ფარგლებში იყო. ყოველდღიური გაზეთების ჯამური რაოდენობა კი ამ ციფრს არ სცილდება. მასობრივი ცნობიერება საქართველოში საკმაოდ მძიმე შესახედია.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ითვლება კითხვის ძალიან დაბალი კოეფიციენტის ქვეყანად. აქ არ არის საუბარი ნორვეგიასთან, რუსეთთან, თურქეთთან და ან ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, სადაც კითხვის მაღალი კოეფიციენტია. მკითხველის დონე, რომელიც შემოსავლის გამო, არ ინტერესდებოდა ამით, ძალიან დაბალი იყო. თანაც, საზოგადოებრივი აზროვნება მერყეობს. ვისაც გუშინ ეს გაზეთი გულის მოსაფხანად უნდოდა, „ვარდების რევოლუციის“ მერე გულის ფხანვის მოთხოვნილება აღარ ჰქონდა.
ამ დროს გამოჩნდა ჩვენთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეკეთებინა „ცარცის ჟურნალები“: პირველი – გაგვეკეთებინა ეს საქმე მაღალი სტანდარტებით, მეორე – იმ კანონმდებლებთან გვემუშავა, ვინც ამ სტანდარტებს აყალიბებს და მთელ მსოფლიოში ნერგავს. ფინანსურად მომგებიანი იყო იმის კეთება, რაც ჭირდება რეკლამის დამკვეთს. ასეთ ჟურნალში რეკლამას ჩადებს დამკვეთი. სარეკლამო შემოსავალიც არის და ჩვენც არა გვაქვს მოთხოვნილება და სურვილი, რომ ინტელექტუალურ ადამიანს ვუხადოთ ძალიან პატარა ხელფასი, იმისთვის, რომ შექმნას ინტელექტუალური მასალა. ანუ, ეს დღეს ჟურნალისტიკის სხვა გზაა, რასაც ჩვენ დავადექით – „ცარცის ჟურნალების“ ანუ „პრიალა ჟურნალების“ გამოცემა უცხოური ბრენდების პატრონაჟის ქვეშ. აქ, გარდა იმისა, რომ ის ხალხი ბრენდს იძლევა, აკონტროლებს სტანდარტს, აქვს მუდმივი ტრეინინგები და მუდმივი კონტროლი, ყველა რგოლს თავისი კონტროლი ჰყავს: მარკეტინგი – მარკეტინგთან მუშაობს, რედაქტორი – რედაქტორებთან, გამომცემელი – გამომცემლებთან.
– „ცარცის ჟურნალების“ გამოცემით თქვენს ბიზნეს-საქმიანობაში პრაქტიკულად ახალი პერიოდი დაიწყო?
– დიახ, ჩვენ ვცდილობთ მუდმივად ახალი შევთავაზოთ საზოგადოებას. მაშინ ბეჭდვითი მედია რაღაცნაირად „ჩაიციკლა“. გაზეთები, რაც დავტოვეთ, ისევ ისე დარჩნენ, არც ასო მოუმატებიათ, არც დიზაინი შეუცვლიათ. ყველაფერი იგივე ინერციით მიდის და ამას შედეგი არ მოაქვს.
– დღეს ხალხი ელექტრონულ მედიას უფრო ენდობა, ვიდრე ბეჭდვით მედიას. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
– ისევ ის ჩაკეტილი წრე. ამის გადალახვა არ ხდება. რა არის ეს ჩაკეტილი წრე? ისევ და ისევ პატარა ტირაჟი. რეკლამის დამკვეთი მცირეტირაჟიან ბეჭდვით მედიაში რეკლამას არ ანთავსებს. რაც ნაკლებია რეკლამა, მით ნაკლებია შემოსავალი და აქედან გამომდინარე – არ არის საშუალება დაიქირაონ მაღალკვალიფიციური კადრები. ნორმალური ანუ სტანდარტების მიხედვით გაკეთებული ჟურნალისტიკა, ასე ვერ ვითარდება. ჩვენ გავზარდეთ უამრავი თაობა, რომლებიც დღეს საუკეთესო შემთხვევაში ან რადიო „თავისუფლებაში“, უარეს შემთხვევაში კი კომერციულ დაწესებულებაშია. დღევანდელ მთავრობაში ბევრია თავის დროზე ჟურნალისტიკაში ნამუშევარი. არსად ასე არ ხდება.
ჩაკეტილი წრიდან დიდი ძალისხმევით შეიძლებოდა გამოსვლა, მაგრამ ამ ყველაფერს უზარმაზარი კაპიტალდაბანდება ჭირდებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ჟურნალისტიკა ძალიან დაბალ დონეზე მაინც არ ყოფილა: გნებავთ სტანდარტების მიმდევარი და გნებავთ არასტანდარტული, მაინც რაღაც დონეზე იყო. ამის მოდერნიზებას კი, მნიშვნელოვანი თანხები ჭირდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი შედეგს ან მოიტანდა და ან არა, რადგან წრე მაინც პატარა იყო.
– „კოსმოპოლიტენი“ – ეს არის ჟურნალი ქალებისათვის, რატომ აირჩიეთ ეს ბრენდი?
– იმიტომ, რომ ქალები არიან ძალიან კარგი მომხმარებლები იმ საქონლისა, რომელსაც ეს ბრენდი რეკლამას უკეთებს. ტელერეკლამისგან განსხვავებით, საჟურნალე რეკლამა გაცილებით ეფექტურია. ფსიქოლოგებმა იმუშავეს და გაირკვა, რომ აქ აღქმა, შედეგის მისაღებად, გაცილებით ეფექტურად მოქმედებს და მუდმივია. ჟურნალი ათჯერ და თხუთმეტჯერ შეგიძლია ნახო დღის განმავლობაში. „კოსმოპოლიტენი“ ითვლება პრიალა ჟურნალების ბიზნესის ნაღებად. ვისაც „კოსმოპოლიტენი“ აქვს, ის წარმართავს ბაზარს.
ჩვენი მეორე ბრენდი ასევე ძირითადად ქალებისთვის არის – ეს „ბრავაკაზაა“. ამ ჟურნალით ქალები უფრო ინტერესდებიან, ვიდრე მამაკაცები. ეს ჟურნალიც შესაბამისი გათვლით გავაკეთეთ. ეს გათვლა კი, საქართველოში დაწყებული მშენებლობისა და ინოვაციის ბუმია.
– იქნებ, ამ ბუმის დასრულების შემდეგ, მკითხველის მოთხოვნა „ბრავაკაზაზეც“ ამოიწურება?
– არანაირად. მაგალითად, იტალიაში გამოდის ეს ჟურნალი და საკმაოდ პოპულარულია. ბუმს ვერ დაარქმევ, თუმცა მშენებლობა იქ შეწყვეტილი ნამდვილად არ არის და მუდმივად მიმდინარეობს.
რემონტს ადამიანი მუდმივად აკეთებს. მარკეტოლოგებს აქვთ ხუმრობით ნათქვამი – ადამიანის ცხოვრება ასეა დაყოფილი: ყიდულობს ბინას, არემონტებს, ყიდულობს მაცივარს, ტელევიზორს და ა.შ. მერე იცვამს, იხურავს და ამ დროს, ბინა უძველდება და თავიდან იწყებს ამ ყველაფრის კეთებასო.
რეკლამა ეკონომიკური სიტყვის თავისუფლებად ითვლება და არჩევანის გაკეთებაში გეხმარება, პარფიუმერია იყიდო თუ, ვთქვათ, შპალიერი.
ჟურნალებმა, რომელსაც „მომხმარებლის ჟურნალებს“ უწოდებენ, მაგალითად „კოსმოპოლიტენმა“, უნდა გაარკვიოს, უამრავი საქონელიდან რომელი მოუხდება ამა თუ იმ ახალგაზრდა გოგოს, რომელი უფრო მოდაში იქნება, სასარგებლო რა იქნება და ა.შ. აი, ეს ფუნქცია აქვს ამ „სამომხმარებლო ჟურნალებს“.
– თქვენ საქართველოში სხვა ჟურნალებთან ერთად „ფლეიბოიც“ გამოუშვით. ამ ჟურნალის პირველივე ნომერმა საქართველოში დიდი ხმაური გამოიწვია. დღეს ამ გამოცემამ არსებობა შეწყვიტა და თქვენ რას იტყვით, რა იყო ამის მიზეზი, საზოგადოებამ არ მიიღო „ფლეიბოი“ თუ სხვა რამე გახდა მისი დახურვის მიზეზი?
– „ფლეიბოის“ საზოგადოების მხრიდან მიღების პრობლემა არ ჰქონია, აქ უფრო მარკეტინგული პრობლემა იყო. ჩვენ გამოკითხვა ჩავატარეთ ახალგაზრდა გოგონებში, თუ ვინ იყო თანახმა „ფლეიბოის“ გადაღებაში მიეღო მონაწილეობა და 5% ამბობდა, რომ თანახმაა. ეს კი ძალიან ბევრია, არც ერთ ქვეყანაში ამხელა პროცენტი არ არის თანახმა. აქ ჰონორარში არ არის საქმე. ვინც კი ჩვენ „ფლეიბოიში“ გადავიღეთ, მოვლენა, პიროვნება, ვარსკვლავი გახდა. მათ კარიერაში ეს ერთგვარი ტრამპლინი გამოდგა და საზოგადოებისათვის ცნობადები გახდნენ. გადაღების მსურველი 5%-დან ყველას ხომ ვერ გადაიღებ. ვთქვათ, 20 ათასი გადაიღო. ეს რამდენი წლის მარაგია ჟურნალისათვის, იცით?!
მამაკაცების მხრიდანაც არ იყო რაიმე პრობლემა, თუმცაღა კულტურა იმ საქონლის ყიდვისა, რომელსაც ეს ჟურნალი უკეთებს რეკლამას, მამაკაცებს დაბალი აქვთ, მაგრამ ეს მთავარი არ იყო. აქ უბრალოდ, უცხოური კომპანიები არ აღმოჩნდნენ მზად საქართველოში განეთავსებინათ რეკლამა, ეს იყო შეჩერების მთავარი მიზეზი. ეს არც ქართველი მენეჯერების გადაწყვეტილება იყო, არც იმისი, რომ ჩვენ რაღაც ვერ გავთვალეთ და ვერ გავაკეთეთ.
დღეს გერმანიაში, რუსეთში, საბერძნეთში „ფლეიბოი“ სავსეა რეკლამით, საქართველოში კი – არა. ასეთ რამეს გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი კვლევის შედეგად, ეს არის „მასმარკეტის“ ჟურნალი, რომელსაც ქვეყანაში მოიხმარს საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მომხმარებელი. საშუალო შემოსავლის მქონე საქართველოში არის ის ფენა, როგორიცაა ტაქსის მძღოლი, ხელოსანი. სხვა ქვეყნებში ისინი ყიდულობენ პარფიუმერიასაც, მოდურ ტანსაცმელსაც, მაგრამ ჩვენთან ტაქსის მძღოლი სუნამოში 100 ევროს ან დოლარს არ გადაიხდის. აი, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ „ფლეიბოის“ გამოცემა შეჩერდა. ჩვენ დასაწყისში ამ დეტალებში არ ჩავძიებივართ და ეგ იყო ჩვენი შეცდომა. არადა, „კოსმოპოლიტენის“ წარმატების მერე, ცნობადობა სამჯერ მეტი აქვს ამ ჟურნალს.
ამის გარდა, ჩვენს საზოგადოებაში თავისუფალი ადამიანი ცოტა აღმოჩნდა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ „ფლეიბოი“ შეგვეჩერებინა, თუმცა რაღაც როლი ამანაც ითამაშა. ეს ჟურნალია და მეტი არაფერი, ზოგმა კიდევ ისე აღიქვა, როგორც ატომური ბომბის აფეთქება და რაღაც ისეთი, რაც ცნობიერებას უნგრევდა ადამიანს. უამრავი უფრო მდარე და დაბალი ხარისხის ჟურნალი გამოდის საქართველოში, გაცილებით უფრო საშინელი თემატიკით. ამის გარდა, ინტერნეტია, რომელიც სამსახურებში ინტენსიურად მოიხმარება. მეორე მიზეზი და დამთხვევა პრინციპში ესეც იყო.
– თქვენ როგორც „რეზონანსის“, „ხვალინდელი დღის“ და „ახალი ვერსიის“ დამფუძნებელი, როგორ შეაფასებდით ქართული მედიის განვლილ პერიოდს და რა იყო ამ გაზეთებიდან თქვენი წასვლის მიზეზი?
– ყველაფერი ის, რაც ვთქვი, თვითონ გაურკვევლობა ჟურნალისტიკისა და ქართული მედიის მიმართ. მეორე ის, რომ დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ამ სიტუაციის გარდატეხა და ასევე დიდ კაპიტალდაბანდებას, მესამე ის, რომ გამოჩნდა ახალი სფერო მუშაობის, რომელიც პროფესიიდან მთლიანად წაუსვლელად, ეკონომიკური შედეგის მიღების საშუალებას იძლეოდა. იძლეოდა საშუალებას არა ამ დაბალშემოსავლიანი და უდიდესი კაპიტალდაბანდების საქმის ქონისა, არამედ ყოველდღიურად მეტი შემოსვალის მიღებისა. მოკლედ, ბიზნესის თვალსაზრისითაც მომგებიანი იყო.
– მედია-ბიზნესის გარდა, თქვენ სხვა ბიზნესიც გაქვთ, ეს არის პოლიგრაფია. კიდევ თუ ხართ სხვა სფეროში ჩართული?
– კიდევ ერთი პარადოქსი აღმოჩნდა ის, რომ გაცილებით მომგებიანია ბრენდის მომსახურება, ვიდრე ფლობა. საგამომცემლო საქმიანობა შედარებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს და წაგებასთან თითქმის არ არის დაკავშირებული. დაბეჭდავ – მოიგებ, არ დაბეჭდავ და წააგებ. სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ბიზნესებიც მქონდა და უკვე ერთი წელია დეველოპერულ საქმეში ჩავები, „კოსმოტაუერს“ ვაშენებთ ვაკის პარკთან ახლოს – თამარაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების გადაკვეთაზე. ეს გაცილებით მარტივი და მომგებიანი ბიზნესი აღმოჩნდა. მარტივი იმდენად, რომ დღეს შეიძლება ვიფიქრო კიდეც, დაკარგული ხომ არ იყო ის წლები, რომელიც ამ მედია-ბიზნესს მოვახმარე? გვეცხო ფუნთუშები და გვეკეთებინა მილიონები…
– სიამოვნებით კიდევ რომელ ბიზნესში მოსინჯავდით ძალებს?
– დეველოპერულმა საქმემ გატაცება იცის, როცა გამოცდილებას იღებ, ჩემთვის კი პატარა გამოცდილებაც მიმზიდველი აღმოჩნდა. ამ „კოსმოტაუერში“ ბევრი ისეთი რამ იქნება, რაც ბაზარზე ჯერ არავის გაუკეთებია. მაგალითად, პირველი ან მეორე შენობაა, რომელიც ბოლომდე, გასაღების ჩაბარებითა და რემონტით მთავრდება. უამრავი ისეთი სისტემა და სამშენებლო ტექნოლოგია იქნება გამოყენებული, რომელიც აქამდე არ გამოყენებულა. ყველაფერი კეთდება სულ სხვა სტანდარტით, ვიდრე აქამდე კეთდებოდა საქართველოში. ეს იქნება 20-სართულიანი ბიზნეს ცენტრი. პატარა შენობაა, მაგრამ გამოცდილების მისაღებად სავსებით საკმარისი იყო. ამ ბიზნესში კიდევ სიამოვნებით გავაგრძელებდი მუშაობას.
– რას ფიქრობთ დღევანდელ ქართულ ბეჭდვით მედია საშუალებებზე?
– მე ვფიქრობ, რომ ბეჭდურ მედიაში სერიოზული იდეური კრიზისი და განვითარების პრობლემაა. ახალი თემები და იდეები არ არის, თუ ახალ ბრენდებსა და გამოცემებს არ ჩავთვლით, ძალიან ნაკლებია ლოკალური პრესა. იქ არა მარტო ფინანსური, არამედ იდეური კრიზისიც არის.
– ქართული პრესა დღეს რამდენად ეთიკურია?
– ზოგიერთ გამოცემას არასდროს არ უთქვამს, რომ ეთიკურები ვართო და ამიტომ ეს ვერც მოეთხოვებათ. ის ყვითელი პრესა კი, რაც არის, ერთი-ორის გარდა, ყვითელი პრესის სტანდარტებს შეესაბამება.
– საქართველოში საერთოდ არსებობს ეთიკური მედია?
– ალბათ ერთი-ორი არსებობს. მაგრამ, საქმე ის არის, რომ ეთიკური მედია არსებობს რამდენიმე ადამიანის ენთუზიაზმით. იმ ხალხსაც რომ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურები შესთავაზონ, ისიც აღარ იქნება. მოკლედ, ბეწვზე ჰკიდია ეს მედია-საშუალებები. ესეც დამთავრდება, როგორც დამთავრდა რამდენიმე მიმართულება ქართული მედიის, მათ შორის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ბევრი რამე დამთავრდა და შეიძლება ესეც დასრულდეს.
– თქვენ რომ თავიდან იწყებდეთ ბიზნეს-საქმიანობას, რაიმეს შეცვლიდით განვლილ პერიოდში?
– რა თქმა უნდა. გამოცდილება ბევრ რამეს იძლევა და ბევრ რამეს სხვანაირად გავაკეთებდი. ზოგიერთი რომ ამბობს, არაფერს არ შევცვლიდიო, როგორ არ შეცვლიდნენ, გამოცდილება ხომ რაღაცას გასწავლით?
– თქვენ გისწავლიათ საკუთარ შეცდომებზე?
– ყოველდღე ვსწავლობ. სამწუხაროდ, შეცდომები კიდევ გამიმეორებია. გარემო პირობების გამო ბიზნესის წარმოების კანონები არ უნდა დაარღვიო. რაღაც წესს რომ არღვევ, ის პირდაპირ ცხვირში გირტყამს.
– ბიზნესში მალხაზ რამიშვილი რაიმე წესებით და კანონებით თუ ხელმძღვანელობს?
– წესები და კანონები კი მაქვს. მთავარი პრინციპი არის ინოვაციისა და სიახლის შექმნა. ჩემი გამოცდილებით ეს შედეგს იძლევა. ახალი ინტერესი თუ არ დავინახე საქმეში, ის ჩემთვის უინტერესო ხდება. საქართველოში არის იმის პრაქტიკა, რომ ვინმე თუ რაიმეს გააკეთებს, მერე ყველა თავით გადაეშვება ხოლმე, მიუხედავად იმისა, წყალი დახვდებათ თუ არა. ეს მე უფრო ნაკლებად მიზიდავს. იგივე დეველოპმენტში ვცდილობ სხვანაირი რამე გავაკეთო და არა ისეთი, რასაც სხვები აკეთებენ. მქონია დავა გამოცდილ ადამიანებთან, ვთქვათ იმაზე, რად გინდათ ასეთი ფასადი – ეს ხომ თბილისია, ნიუ-იორკი ხომ არააო. ის იმათი სტილია, ჩემი კი სხვაა.
– რა თვისებებია საჭირო, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო და თქვენ თუ თვლით თავს წარმატებულად?
– შრომის უნარი აუცილებელია ბიზნესში. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ბიზნესმენმა არ იმუშაოს. მე რომელ ბიზნესმენსაც ვიცნობ, ისინი დღე-ღამეში 18 საათს მუშაობენ. დილის ცხრა საათიდან იწყებენ შეხვედრებს ღამემდე. ასე თუ არ იმუშავა ადამიანმა, ძალიან გაუჭირდება. მეორე, ზოგს შეუძლია იმაზე მოაწეროს ხელი, რაზეც სხვა არ მოაწერს და ის ხალხი გაცილებით უფრო წარმატებულნი არიან. ასეთები გახდნენ ოლიგარქები, რომელთაც ბევრ სისხლზე გაიარეს, სხვანაირად ვერ იშოვიდნენ დიდ ფულს, ზოგმა სხვა გზაზე გაიარა და გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ იყვნენ შრომის მოყვარულები, ისინიც მუშაობდნენ.
ასევე საჭიროა იღბალი და სიმკაცრე ზომიერების ფარგლებში. ოლიგარქებს გმირობის თვალსაზრისით მე ვერ შევედრები, მაგრამ, მათთან შედარებით, ვინც ამ მედია-ბიზნესში იყო, შეიძლება ერთ-ერთი წარმატებული მეც ვიყავი.
– თქვენ თუ გითქვამთ უარი დიდ მოგებაზე და რაიმე სახის ბიზნესზე მორალური პრინციპების გამო?
– ერთი-ორჯერ კი. ერთხელ მქონდა შემთხვევა, რომ ტოტალიზატორების ბიზნესი დავიწყე. ჩემი თვალთახედვით ეს საკმაოდ ამორალური ბიზნესი აღმოჩნდა და თავი დავანებე. არაფერს არ ქმნი და ასე გამოდის, რომ სხვის ავადმყოფობაზე, დამოკიდებულებაზე შოულობ ფულს – იმ ადამიანებზე, რომელთაც არა აქვთ უნარი მუშაობის და ვთქვათ, ერთ-ორ ლარს ვიღაცას გამოართმვენ და იმას დადებენ. დიდი შემოსავალი ასეთი ადამიანებიდან შედის და ის, ვინც ასეთ ბიზნესში დიდ თანხას აბანდებს, ყოველთვის იგებს. მე მომეჩვენა, რომ ეს ძალიან ამორალური ბიზნესი იყო, იმიტომ, რომ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში ვინც მოიგო, იმას საერთოდ არ სჭირდებოდა ის დიდი ფული და ვინც ყოველდღე აგებდა – იმას პირიქით.
– ბიზნესში პარტნიორის ყოლა ჯობია თუ ერთპიროვნული მართვა?
– რა თქმა უნდა, ერთპიროვნული მართვა ჯობია, მაგრამ პარტნიორის ყოლასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. მე ჩემს თავში მუდმივად ვებრძვი ერთპიროვნულობას. ფსიქოლოგიურად პარტნიორის ატანა ჭირს, მით უმეტეს პასიური პარტნიორის.
– თქვენი ერთ-ერთი ბიზნეს-პროექტი ვაკის მინი გოლფ-კლუბიცაა. რატომ გააკეთეთ გოლფ-კლუბი და არა სხვა რაიმე?
– ესეც თავიდან გავაკეთეთ ისევ და ისევ ინოვაციისაკენ მისწრაფებების გამო. ეს შეიძლება შეცდომაც იყო, შეიძლება არც იყო. ეს იყო სიახლე და ბევრს მოსწონდა აქ მოსვლა. ახლა გაჩერებულია, მაგრამ კვლავ დაიწყებს ფუნქციობას. ეს იყო აქტიური დასვენების ადგილი, რომელიც იშვიათი იყო მაშინ. 2000 წელს თბილისში საერთოდ არ იყო მსგავსი რამ. მაშინ არც ფეხბურთის მოედნები იყო და არც არაფერი.
– თქვენ თუ გქონიათ ისეთი პერიოდი, როცა გიფიქრიათ, რომ ბიზნესიდან მივდივარო?
– რა თქმა უნდა, დეპრესიული პერიოდი მქონია, მაგრამ იმის ფუფუნება, რომ საერთოდ თავი დამენებებინოს და წავსულიყავი, ჯერჯერობით არ მაქვს.
– გიფიქრიათ იმაზე, როგორი იქნება მალხაზ რამიშვილი 20 წლის შემდეგ?
– „ნიუ იორკ თაიმსის“ გამომცემელს ყოფილი საბჭოთა კავშირის გამომცემლები შეკითხვებს უსვამდნენ და ერთი ჩააცივდა თურმე, რა იქნება 10 წლის შემდეგო. ამან უპასუხა, გამოიგონებენ ახალ ინტერნეტს, რომელსაც რამენირად მივებმებით ჩვენცო. 20 წლის შემდეგო? მეორე ინტერნეტს გამოიგონებენო და იქაც ჩავერთვებითო და ყველა ფორმატს გავაკეთებთ, გაზეთი მარტო ფურცელზე არ დარჩებაო. 50 წლის მერე რა იქნებაო? 50 წლის მერე გაზეთებში რა იქნება, არ ვიციო, მაგრამ ყველა ვინც აქა ვართ, დავიხოცებითო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავიხოცებით, მაგრამ არ ვიცი როგორი ვიქნები, მაგაზე არ მიფიქრია.
– ჩვენს ჟურნალზე – „ბიზნესი და მენეჯმენტზე“ როგორია თქვენი აზრი და როგორც კოლეგა, რაიმეს ხომ არ გვირჩევდით?
– ადამიანები – არის მთავარი. ვფიქრობ, რომ რედაქტორს რაც სურს, აუცილებლად გამოუვა, ამაში დარწმუნებული ვარ. შედეგი ამ ჟურნალს აუცილებლად ექნება. ეს არ არის ტირაჟს გამოკიდებული ჟურნალი. აუცილებელი არ არის ის მასობრივი იყოს, მთავარია, ის შედეგი ჰქონდეს, რაც მისაღებია. შედეგი კი უკვე არის, ბევრ ადგილას გამიგონია თქვენს ჟურნალზე. ჩემი აზრია, რომ საერთაშორისო გამოცდილების მიბმა უფრო წაადგებოდა ჟურნალს და საერთოდ ბიზნეს-გამომცემლობას.
ესაუბრა მარინე ვარდოშვილი

