Homeინტერვიუინტერვიუ შპს „პური ჩვენი არსობისა“-ს დირექტორ კახა კუხალაშვილთან

ინტერვიუ შპს „პური ჩვენი არსობისა“-ს დირექტორ კახა კუხალაშვილთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

კახა კუხალაშვილი – დაიბადა ქალაქ თბილისში 1971 წლის 20 თებერვალს. 1988 წელს დაამთავრა თბილისის №58 სპორტული სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა ე.წ. „გამწვანების კანტორაში“ მუშად დაიწყო. 1988 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, 1990 წლამდე გერმანიაში იმსახურა. 1991 წელს თავართქილაძის სახელობის ინსტიტუტში („გაენათში“) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობის ფაკულტეტზე ჩააბარა.

1991 წელს სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო სარემონტო-მექანიკურ კომბინატში, თავდაპირველად საქონელმცოდნის თანამდებობაზე, შემდგომ კი წარმოების უფროსის თანამდებობა დაიკავა.

1986 წელს სამუშაოდ რესტორან „თამარიონში“ მენეჯერად გადავიდა, სადაც ორი წელი დაჰყო. 1998 წლიდან მუშაობს შპს-ში „პური ჩვენი არსობისა“. დღეისათვის აღნიშნული პურის ქარხნის დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელია.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

– ბატონო კახა, როგორ იწყებოდა თქვენი საქმიანობა და თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნაბიჯები პურის ბიზნესში?

– ამ საქმეში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ. იმ პერიოდში თბილისში იყო რვა სახელმწიფო პურის ქარხანა, რომელიც, ფაქტობრივად, პურით მთელ ქალაქს უზრუნველყოფდა. ჩვენი წარმოება იყო ერთ-ერთი, რომელმაც ე.წ. ქარხნული პურის წარმოება დაიწყო. თავიდან, რასაკვირველია, ძალიან გაგვიძნელდა, დაახლოებით სამი თვის  განმავლობაში ქარხანაში ცხოვრება მომიწია. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, რადგან ქონება იყო სახელმწიფოსგან გამოსასყიდი, არსებობდა სახელმწიფო დავალიანება, რომელსაც საურავები ერიცხებოდა, იყო კერძო კომპანიებისა და წისქვილკომბინატების მიმართ დაგროვილი ვალები, ამ დროს კი პურის რეალიზაცია – ძალიან დაბალი. ქარხანა, როგორც ვთქვი, სახელმწიფო საკუთრება იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ, 2000 წლის ბოლოს გამოვისყიდეთ და ჩემი და კიდევ რამდენიმე პარტნიორის კერძო საკუთრება გახდა. მოკლედ, ნელ-ნელა, წვალებისა და შრომის ფასად, ჩვენი წარმოება ერთ-ერთი პირველი გახდა თბილისში.

– „პური ჩვენი არსობისა“ – ვის ეკუთვნის პურის ქარხნისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევის იდეა?

– ჩვენ რომ ამ წარმოებაში მოვედით, მას უკვე ეს სახელწოდება ჰქონდა. ეს სახელი წარმოებას ორმა დამფუძნებელმა ჩვენამდე დაარქვა. ქარხნის შენება კომუნისტური წყობის ბოლო წლებში დაიწყო და საბჭოთა კავშირის ნგრევის მერე დასრულდა, გამომდინარე აქედან, სახელწოდებაც თამამად იქნა შერჩეული. იმის ნებას, რომ საწარმოსთვის – „პური ჩვენი არსობისა“ დაგერქმია, ბუნებრივია, საბჭოთა პერიოდში არავინ დაგრთავდა და ვერც გაბედავდა კაცი.

მაშინ პურის ქარხნები ნუმერაციით იყო. თბილისში სულ შვიდი პურის ქარხანა იყო. ჩვენს წარმოებაში თავიდან ქართულ პურის ცხობა ხდებოდა. ცხოვრება გართულდა და ქართული პურის ანუ თონის პურის შესყიდვა გაძნელდა, ამიტომ წარმოებამ გადაწყვიტა, რომ ქარხნული პური გამოეშვა.

– როგორ თვლით, ბიზნესში თქვენი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი ან მიღწევა რა არის?

– პირველი წარმატება იყო ის, რომ პურის ქარხანა წარმოებას დავამსგავსეთ. შენობა უსახური იყო და ფაქტობრივად, საწარმო არც კი ფუნქციონირებდა. ამაზე მეტის გაკეთება, რაც გავაკეთეთ, აქ წარმოუდგენელია. დღეს, რომ ვინმემ მითხრას, ახლიდან გააკეთე ეს ყველაფერიო, ძალიან გამიჭირდებოდა და ეს წარმოუდგენელიც კი მგონია, ასეთი დონის საწარმო თავიდან რომ გავაკეთო. ეს იყო ყველაზე დიდი მიღწევა. კიდევ ის, რომ თავიდან ამ საწარმოში ვმუშაობდი, როგორც საქონელმცოდნე და პარალელურად სარემონტო მექანიკურ საწარმოშიც ვიყავი. ეს უკანასკნელი პურის ქარხნებს ემსახურებოდა და მაშინ, ოთხმოცდაათიან წლებში ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა.

სამსახურში, რომელიც ნავთლუღში იყო, სახლიდან – სოლოლაკიდან ფეხით დავდიოდი. მაშინ პურის წარმოებაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა და დღეს კი ჩვენი პურის საცხობი საუკეთესო წარმოებათა სამეულში შედის, – ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი და საამაყო მიღწევა.

– იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ბიზნესმენი ან მენეჯერი რა თვისებებია საჭირო?

– არ უნდა გეზარებოდეს შრომა და წარმატებაც მოვა. პუნქტუალურობა, წესრიგი, აი ეს არის წარმოებაში აუცილებელი პირობები თუ თვისებები, რასაც წარმატება მოაქვს. იღბალიც არ არის მეორეხარისხოვანი წარმატებისათვის, მაგრამ მე ამას პირველ რიგში არ ვაყენებ. ადამიანი მხოლოდ ფორტუნაზე დაყრდნობით ისეთ რამეს არ უნდა შეეჭიდოს, რაც არ შეუძლია. საერთოდ კი ყველაფერი, რაც მთავარია, ღვთის ნებაა.

– თქვენი საქმიანობის მთავარი კრედო რა არის, საწარმოს დასახელება თავისთავად საკმაოდ დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ…

– ის, რომ პირველ რიგში წარმოება სტაბილურად მუშაობდეს, პროდუქტი იყოს ხარისხიანი და მომხმარებელი არ მოვატყუოთ. აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი.

– რამდენი დასახელებისა და როგორი ხარისხის პურს სთავაზობთ მომხმარებელს?

– ჩვენ ოთხი სახეობის პურს ვაწარმოებთ, აქედან სამი არის თეთრი, ერთი კი რუხი. ჩვენი წარმოება ცდილობს, რომ ყოველთვის მხოლოდ ხარისხზე იმუშაოს ანუ ჩვენი პურის ფასი ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, მაგრამ ხარისხია კარგი. ჩვენ შეგვიძლია გამოვაცხოთ იაფფასიანი პურიც, მაგრამ ხარისხი არ ივარგებს. ჩვენ ვმუშაობთ ხარისხზე და მომხმარებლამდე მიგვაქვს ხარისხიანი პროდუქცია. მათ ვეუბნებით – თუ გინდა ხარისხიანი პური, გადაიხადე მეტი. ჩვენ ჩვენი მომხმარებელი გვყავს.

– საქართველოში მრავლადაა პურის საცხობები, როგორ უმკლავდებით კონკურენციას, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ თქვენი პური ძვირია?

– კონკურენციას ვუმკლავდებით. როცა ფქვილის ფასი დაბლა იწევს, ჩვენ პურის ფასს კი არ ვამცირებთ, წონას ვუმატებთ, უფრო ხარისხიან პურს ვუშვებთ. პურს ფასი რომ დავუკლოთ, მერე მისი გაძვირება იქნება ძნელი. როცა ფქვილის ფასი იკლებს, ჩვენ გვირჩევია, რომ პურის წონას მოვუმატოთ და ასე ვარეგულიროთ ყველაფერი. ბაზარზე ჩვენი ადგილის დაკავება არ გვიჭირს, ჩვენი მომხმარებელი გვყავს და კონკურენციას ხარისხით ვუმკლავდებით. პურის ხარისხი წონაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მწარმოებლის პური ძალიან გაბერილი და გაფუებულია, მაგრამ შიგნით სიცარიელეა. ჩვენ ვცდილობთ წონაზე ვიყოთ ორიენტირებული და აქედან გამომდინარე ხარისხიანი პური გამოვაცხოთ.

– იმისათვის, რომ ბიზნესი მომგებიანი იყოს, საცხობთა უმეტესობა ორიენტირებულია იმაზე, რომ ფქვილი იაფად იყიდოს. თუმცა, ბუნებრივია, დაბალი ხარისხის ფქვილისგან გამომცხვარი პურიც დაბალი ხარისხის გამოდის. თქვენ სად ყიდულობთ ფქვილს?

– ჩვენ ფქვილს ადგილობრივი წისქვილკომბინატებისგან ვყიდულობთ, როგორიცაა მაგალითად, შპს „კალა“, შპს „ალაფი“ და შპს „თბილისი“. ამ წისქვილკომბინატების ფქვილი ნორმალური ხარისხისაა. მე არ ვამბობ, რომ ყველაზე ძვირიან ფქვილს ვყიდულობთ, მაგრამ ხარისხს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. როდესაც ჩვენთან მოდის ფქვილის მომწოდებელი და გვთავაზობს, ჯერ ფასზე არ ველაპარაკებით, ჩვენ ჯერ ფქვილის ხარისხს ვამოწმებთ; თუ ფქვილი ხარისხიანია, ფასზე მერე ვლაპარაკობთ. ჩვენ არ ვეძებთ იაფფასიან ფქვილს, რომ მეტი მოგება ვნახოთ, ეს გამორიცხულია.

– ბატონო კახა, რა მდგომარეობაა ადგილობრივ ბაზარზე, გაიზარდა თუ პირიქით – შემცირდა პურზე მოთხოვნა?

– ბოლო ერთი წლის განმავლობაში პურის რეალიზაცია შემცირდა. ეს რისი ბრალია, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, შეიძლება იმისი, რომ ძალიან ბევრი პურის წარმოება და თონე იხსნება. იხსნება ისეთი ქსელები, როგორიცაა მაგალითად – „ანტრე“, რომელსაც ძალიან კარგი პური აქვს, „პოპულმა“ და „გუდვილმა“ თავად დაიწყეს პურის ცხობა, „ვეჯინის“ ქსელიც აცხობს პურს, არადა, ეს იმ მაღაზიათა და სუპერმარკეტთა ქსელებია, სადაც ჩვენ შევდიოდით. ბუნებრივია, მომხმარებლის ოდენობა აქედან გამომდინარე ცოტა შეგვიმცირდა.

არსებობს მეორე მიზეზიც. მშენებლობების გაჩერებიდან გამომდინარე, რაიონებიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები სახლებში დაბრუნდნენ.

– წელს საქართველოში მოყვანილი ხორბლის დიდი ნაწილი განადგურდა, თქვენი აზრით, ეს მოახდენს თუ არა გავლენას ხორბლისა და ფქვილის ფასებზე?

– საქართველოში მოყვანილი ხორბალი ფქვილზე ფასის სარეგულირებლად ძალიან მცირეა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, წელს ხორბლის მოსავალი ძალიან მცირე იყო, მაგრამ ეს მცირედი გავლენა იქნება, რადგან ჩვენ 90%-ით შემოტანილ ხორბალზე ვართ დამოკიდებული.

– დღეისათვის საქართველოში არსებულ საცხობთა ერთი ნაწილი პურში გარკვეულ მინერალებსა და ვიტამინებს ამატებს, თქვენთან რა ხდება ამ მიმართულებით?

– ჩვენი ძირითადი პური, ეს არის მრგვალი პური, შეფუთული დაჭრილი „ბატონი“ და დაუჭრელი „ბატონი“, მათ არც ერთ გრამ ვიტამინს არ ვუმატებთ. ერთადერთი, ამას „ქვის პურის“ ცხობისას ვხმარობთ. თუ „ქვის პურს“ ვიტამინი არ დაუმატე, ფაქტობრივად, არ ცხვება. მაგრამ ეს არის ძალიან მინიმალური დოზა. რუხ პურს რაც შეეხება, ვმუშაობთ 100% რუხი ფქვილით და არანაირ საღებავს მასში არ ვხმარობთ. საღებავს რუხ პურში იმიტომ ხმარობენ, რომ ის აძვირებს პურს. 100%-ით რუხი ფქვილისგან გამომცხვარი პური შეუხედავი და დაბალია, ამას კი მოსახლეობა არ ყიდულობს. იმის გამო, რომ სხვასავით არ ვბერავთ, ნატურალურია, დანამატების გარეშე, მაგრამ შესახედად არ ვარგა. მხოლოდ 200-300 ცალ რუხ პურს ვაცხობთ. ამ სახეობის პურზე ცოტა მომხმარებელი გვყავს, მაგრამ გვირჩევნია, რომ იყოს ნატურალური და დანამატების გარეშე, რადგან რუხ პურზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგალითად დიაბეტიანები.

– თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პურის ხარისხზე კონტროლი დაწესებული და რამდენად უსაფრთხოა სხვა-დასხვა დანამატებით გამდიდრებული პური ჯანმრთელობისათვის?

– პურის ხარისხზე კონტროლის დაწესება დღეს უკვე აუცილებელია, იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ამ სფეროში უკვე არაჯანსაღი კონკურენციაა, მეორე ის, რომ პური ყოველდღიური მოხმარების საკვები პროდუქტია და მომხმარებელი არ უნდა მოატყუო. ზოგი იმდენად გაჭირვებულია, რომ მას გათვლილი აქვს, რამდენი ხანი ეყოფა ერთი პური, შენ კიდევ მას ატყუებ, წონას სხვას უწერ, უხარისხოს აჭმევ, ისე ბერავ, რომ დაჭრიდან მეორე დღეს უკვე ვეღარ შეჭამს, ეს ყოვლად მიუღებელია. ზოგი პური მჟავდება, საშინელი სუნი ეძლევა, ზოგი კი მართლაც რომ საშინელ საღებავს ხმარობს ფერის მისაცემად, ზოგჯერ თავადაც კი არ იციან, რას ყრიან ცომში.

გამამდიდრებელი რასაც ჰქვია, ჩემი აზრით შეიძლება ადამიანს არაფერ ზიანს არ აყენებდეს, რადგანაც ეს გაყიდვაშია. რკინით გამდიდრებული პური საზიანო ნამდვილად არ არის, ამაში ზედმეტი მინარევი არაფერია. მახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ, საქართველოში საშინელი სტატისტიკა იყო მოსახლეობაში რკინის დეფიციტის მხრივ და სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფქვილი რკინით გამდიდრებულიყო. საცხობებში რკინით გამდიდრებული ფქვილი პირდაპირ წისქვილკომბინატებიდან მოდიოდა, ჩვენ არაფერს ვამატებდით, მხოლოდ შეფუთვაზე ვუთითებდით სპეციალური ლოგოთი, რომ ეს იყო რკინით გამდიდრებული პური, ამას ადამიანისათვის ზიანის მიყენება არ შეუძლია.

რაც შეეხება სხვა დანამატებს, მათში არის ისეთი შემადგენლობა, რომელიც მთლად სასარგებლო არ არის. პურში ძალიან მნიშვნელოვანია საფუარის ოდენობაც. ჩვენ 100 კილო ფქვილში ვუშვრებით 500-600 გრამ საფუარს, ზოგი ტომარაზე ხმარობს კილონახევარს ან ორ კილოს, ზოგჯერ სამსაც. საფუარი ხელოვნურადაა მიღებული და შეიძლება ის უფრო საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის, ვიდრე სხვა სახის დანამატები და ვიტამინები. საქართველოში საცხობების 99%-ში თურქული წარმოების საფუარს ხმარობენ, ჩვენც თურქულ საფუარს ვიყენებთ.

ადრე პურის ცხობას 4-5 საათი უნდოდა, ახლა ყველაფერი დაჩქარებული ტემპითაა, ეს კი ბევრი საფუარით მიიღწევა. ჩვენ ჯერ ვამზადებთ ე.წ. ხაშს, რომელსაც უკვე შემდგომში ცომის გასაფუებლად ვხმარობთ ანუ საფუარი ხაშის მომზადებისას თავის მავნე ძალას კარგავს.

– ალბათ დამერწმუნებით, რომ ნებისმიერი საკვები პროდუქტის წარმოება, უფრო მეტად კი პურის ცხობა, საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. თქვენთან როგორ არის ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებული და რითი ხელმძღვანელობთ, როცა საწარმოში დასასაქმებლად მცხობელს ან ნებისმიერი სხვა პროფესიის თანამშრომელს არჩევთ?

– პირველ რიგში, ადამიანი უნდა იყოს მოწესრიგებული, არ უნდა იყოს ლოთი. ამას ჩვენს წარმოებაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. რაც არ უნდა ძლიერი თანამშრომელი იყოს, თუ შევამჩნიეთ, რომ ის ნასვამია ან უპასუხისმგებლო, იმ წუთში ვათავისუფლებთ და არანაირ გაფრთხილებას არ ვაძლევთ. ახლა ამას როგორ ვაკონტროლებთ: ჯერ ერთი, წარმოებაში გვიყენია ვიდეო კამერები, ყოველ შაბათს სპეციალურად აყვანილი თანამშრომელი კვირის მანძილზე კამერებით დაფიქსირებულ კადრებს ათვალიერებს. რაც შეეხება პასუხისმგებლობის გადანაწილებას, წარმოებას ცხობის პერიოდში ჰყავს მცხობელი ბრიგადირი და ცვლის უფროსი, რომლებიც უშუალოდ პურის ხარისხზე არიან პასუხისმგებელნი.

წარმოებაში არის სამი წარმოების უფროსი, ერთს ეხება მექანიზაცია, მეორეს – პურის ხარისხი, მესამეს – მთლიანად მუშა პროცესების მიმდინარეობა და მომარაგება, დანარჩენ ყველაფერზე პასუხისმგებლები ჩვენ – დირექტორი და დამფუძნებლები ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ორი თათბირი – დილის 10 საათზე და საღამოს 5 საათზე გვაქვს. დილით წარმოების ადმინისტრაციას გვაქვს თათბირი, საღამოს კი ყველას ერთად ვაძლევთ ინსტრუქტაჟს. თუ რამე ხდება, დროის მიუხედავად, პირადად მე მაყენებენ საქმის კურსში.

– როგორ ფიქრობთ, ხართ თუ არა წარმატებული ბიზნესმენი და თუ ხართ, რა არის თქვენი წარმატების მიზეზი?

– მე ჩემს თავს ვთვლი წარმატებულ ბიზნესმენად, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ძალიან რთული პერიოდი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ და არაფერი დავზოგეთ, იმისთვის, რომ შედეგი ყოფილიყო. ყოფილა პერიოდი, როდესაც ჩვენ, ხელმძღვანელობა მივსულვართ და გვითქვამს მაღაზიებში, ჩვენი პური აიღეთო, მაგრამ არ აუღიათ, მე თავად ვარიგებდი მაღაზია-მაღაზია პურს ჩემივე მანქანით, ეს არც მითაკილია, ფიზიკურადაც მიმუშავია ქარხანაში და დღესაც ასეა. მე ვთვლი ჩემს თავს წარმატებულად, რადგან დღეისათვის ჩევნი წარმოება ძალიან გასათვალისწინებელია და ბაზარზე ჩვენი ნიშა ანუ ადგილი გვაქვს დაკავებული.

– თუ გქონიათ შემთხვევა, რის შემდეგაც, ამ საქმიანობისათვის თავის დანებება გიფიქრიათ?

– რა თქმა უნდა, მქონია თავიდან, ალბათ გამოუცდელობიდან გამომდინარე. თავიდან ამ წარმოებაში განუსაზღვრელი შრომა იყო ჩასადები. იყო ელექტროენერგიის პრობლემა, ყოფილა შემთხვევები, როცა გენერატორი გაგვფუჭებია, წაგვიღია, გაგვიკეთებია, მოგვიტანია და ისევ გაფუჭებულა, ამასობაში უშუქობის დროს პური საერთოდ გაგვფუჭებია. არადა, ახალ ქსელში რომ შედიხარ, სტაბილურად ჭირდება პურის მიწოდება. ყოფილა შემთხვევა, როცა მაშინდელ „საქენერგოში“ მივსულვართ ხვეწნა-მუდარით – შუქი მოგვეცითო, სანამ საწარმოში ამოვსულვარ, ისევ წასულა დენი. საცხობში კი შუქი რომ ითიშება, ყველაფერი ირევა და 5-6 საათი ჭირდება ყველაფრის დალაგებას, ზარალზე უკვე აღარაფერს ვამბობ. არ არსებობდა ღამე, რამე ცუდი რომ არ მომხდარიყო. ნამდვილად მქონია მომენტები, როცა მიფიქრია იმაზე, რომ აღარ მინდოდა ამ ბიზნესში ყოფნა.

სტაბილურობის მისაღწევად დიდი შრომა დამჭირდა და ალბათ, ამ საქმეს თავიც იმიტომ არ მივანებე, რომ მენანებოდა ის გახარჯული ენერგია და შრომა. დღეს რომ ვუკვირდები, ვფიქრობ, მადლობა ღმერთს, რომ არ მივატოვე ყველაფერი.

– თქვენს სფეროში კონკურენცია ჯანსაღია თუ არაჯანსაღი?

– ჩვენს სფეროში ბუნებრივია, არაჯანსაღი კონკურენციაც არის და ამის აღმოფხვრა ძალიან ძნელია. დღეს პურის წარმოების წამოწყება ერთ-ერთი იაფფასიანია და მასში დიდი ფულის ჩადება აუცილებელი არ არის. ვიღაც იქირავებს უკვე გაკეთებულ საცხობს და ასეთები არ ილევიან, მთელი წლის განმავლობაში გიწევს ამ მცირე მწარმოებლებთან „ბრძოლა“. ბევრს პურზე ლაბორატორიული დასკვნა საერთოდ არა აქვს გაკეთებული. ჩვენ ყოველ თვე ვაკეთებთ ლაბორატორიულ დასკვნას. საცხობთა უმეტესობა პურში იმდენ საფუარს უშვრება, რომ ის ვიზუალურად უფრო მომხიბვლელი ჩანს, ვიდრე ჩვენი პური. ეს არაჯანსაღი კონკურენციაა და ჩვენს წარმოებაზე ბუნებრივია მოქმედებს.

– შეეხო თუ არა ეკონომიკური კრიზისი თქვენს საწარმოს?

– ჩვენზე ეკონომიკური კრიზისი რაღაც უმნიშვნელოდ კი აისახა, მაგრამ რომ ვთქვათ, პირდაპირ შეგვეხოო, არა.

– როგორ ფიქრობთ,  დღეს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსი ლიბერალურია თუ არა?

– ჩვენი სფეროსთვის და წარმოებისთვის მოქმედი საგადასახადო კოდექსი მისაღებია. არის მასში ცალკეული პუნქტები, რომელიც დასახვეწია, მაგალითად, საცალო ვაჭრობა როცა ხდება, წესით ითხოვენ სალარო აპარატს ანუ ამით აფიქსირებენ, მაღაზიამ რა თანხა მოიგო და დისტრიბუტორმა რა თანხა. ეს არის დასარეგულირებელი, თორემ ისე მთლიანობაში, საგადასახადო კოდექსი ჩვენთვის მისაღებია, არ არის კაბალური, ჩახლართული და გართულებული. პურის სისტემაში რაღაცეები კია დასახვეწი ანუ მეწარმეს ურჩევნია აქედანვე დაიბეგროს, ვიდრე იქ დისტრიბუტორებთან, რადგან ზოგჯერ დისტრიბუტორს 20-30 მაღაზია აქვს და თითოში მხოლოდ სამ ან ხუთ პურს აბარებს, ეს კი ძალიან რთულია, რადგან ამ მოქმედებისთვის ის უამრავ დროს კარგავს.

– თქვენი საწარმოს დასახელება ისეთია, რომ ბუნებრივია ჩნდება კითხვა იმაზე, ხართ თუ არა ქველმოქმედებით დაკავებული?

– ჩვენ, სისტემატურად, ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციას ვატარებთ. სტიქიური უბედურების დროს სვანეთში, ქუთაისში, როდესაც ჩვენთვის არავის არაფერი უთხოვია, ისე გავაგზავნეთ ტვირთი. გასულ წელს აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში დევნილებს დავეხმარეთ, პურს უსასყიდლოდ ვუგზავნიდით, ვეხმარებით ეკლესიებს, ასევე შეჭირვებულ ოჯახებს.

– გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ბევრი პურის საცხობი ჩაერთო ჰუმანიტარულ აქციაში, შიდა ქართლიდან და კოდორის ხეობიდან დევნილებისათვის საწარმოთა ნაწილი პურს უფასოდ აცხობდა, ნაწილი გამომცხვარ პურს უფასოდ არიგებდა. თქვენ თუ იღებდით ამაში მონაწილეობას?

– ჩვენ  ძალიან დიდი ჰუმანიტარული აქცია ჩავატარეთ. 5-6 ათასი პური დავარიგეთ. მას შემდეგ კი რაც დევნილებისათვის სამინისტრომ პური შეგვიკვეთა, ფასდაკლებით ვაძლევდით. აქვე არის სკოლა-ინტერნატი, სადაც დევნილები შეასახლეს და მათაც უსასყიდლოდ ვუგზავნიდით პურს. იმ პერიოდში სულ სხვა რეჟიმში ვმუშაობდით, ღამეები აქ ვიყავით, ომის პერიოდში საშიშროება იყო, ხალხი პანიკაში ჩავარდა, რადგან აქვე – მახათას დასახლებაში რაღაც აფეთქდა და წარმოებაში საშინელება ხდებოდა, ხალხი დაპანიკდა. წარმოიდგინეთ ქარხანა არ გაჩერებულა, პირიქით, გაორმაგებულად მუშაობდა. პრობლემა რომ არ ყოფილიყო, დღე და ღამე ჩვენც აქ ვიყავით თანამშრომლებთან ერთად.

– ბატონო კახა, თქვენი დროის უდიდეს ნაწილს წარმოებაში ატარებთ, როგორ უყურებენ ამას ოჯახის წევრები და ახერხებთ თუ არა საერთოდ დასვენებას?

– ოჯახში მუდმივად ხელს მიწყობდნენ და დღესაც ასეა. ჩემი მეუღლე ნატო გაბუნიაა. გვყავს  ოთხი შვილი – ორი გოგონა და ორი ბიჭი, უფროსი ქალიშვილი მარიამი 17 წლისაა, ვაჟი – გიორგი 15 წლის, ელენე 12-ის და ლუკა – 7 წლის.

დასაწყისში ვერც ოჯახს ვერ ვხედავდი მოუცლელობის გამო და ვერც მეგობრებს, ჩემს სანახავად ყველა აქ ამოდიოდა. ახლა წარმოება ისეა აწყობილი, რომ შემიძლია ერთი ან ორი დღე სამსახურში არ მივიდე, მაგრამ მუდმივად საქმის კურსში ვარ, იმაზე თუ რა ხდება. თავისუფალი დრო, ასე თუ ისე უკვე მაქვს და მას მეგობრებთან ერთად ან ოჯახში ვატარებ. ჩემი ჰობი მუსიკოსებთან ერთად ქეიფია.

ესაუბრა მარიკა ვარდოშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით