მინი-დოსიე
ნუგზარ დვალი – დაიბადა 1957 წლის 21 თებერვალს ქ. თბილისში. 1974 წელს 102-ე სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა.
სწავლის პარალელურად 1976-1978 წლებში სამუშაო პრაქტიკას გადიოდა ფაკულტეტის საპროექტო ბიუროში.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ 1989 წლამდე იმუშავა „საქსოფლმშენსახპროექტში“, სადაც განვლო გზა რიგითი არქიტექტორიდან №1 არქიტექტურული სახელოსნოს უფროსის მოადგილემდე. 1989-1990 წლებში იყო მთავარი არქიტექტორ-კონსულტანტი მშენებლობის საკითხებში არასამთავრობო ორგანიზაციაში „ექთს-ჯორჯია“ (რომელიც დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ეხმარებოდა), ხოლო 1990-1998 წლებში – „თბილქალაქპროექტში“ პროექტის მთავარი არქიტექტორი და კერძო ფირმა „მნ-პროექტის“ ვიცე-პრეზიდენტი.
1998 წელს დაიწყო და 1999 წლის 25 მაისს დაასრულა საკუთარი არქიტექტორულ-სამშენებლო ფირმის – შპს „ალიონი 99“-ის შექმნა. 2000 წლის 21 იანვრიდან 22 აგვისტომდე სტაჟირება (სპეციალური ბიზნეს-პროგრამა არქიტექტურაში) გაიარა აშშ-ის მისურის უნივერსიტეტში და შემდეგ ისევ თავის ორგანიზაციაში გააგრძელა მუშაობა.
ნუგზარ დვალი არის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი საბჭოთა კავშირის არქიტექტორთა კავშირის წევრი, ასოციაცია „ინჟინრული აზრის“ წევრი, ასოციაცია „ალიონი XXI“-ის გამგეობის თავმჯდომარე. მას მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები: სახელმწიფო პრემია არქიტექტურის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (1984-1986); არქიტექტურული კონკურსის „ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტირება“ პირველი პრიზი, თბილისი; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დიპლომი ბიენალეს მომზადებისა და მაღალ დონეზე ჩატარებაში აქტიური მონაწილეობისათვის, 1988; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის „არქიტექტურული პროექტებისა და რეალიზაციის კონკურსის“ პრემია, 1988; საქართველოს არქიტექტორთა კავშირის დიპლომი წლის საუკეთესო არქიტექტორული პროექტისათვის „სასტუმრო 240 ადგილზე გუდაურში“ (ნომინაცია – მოცულობითი არქიტექტურა), 2009.
მშობლიური ქართულის გარდა იცის რუსული და ინგლისური ენები. ჰყავს მეუღლე, 4 შვილი და 2 შვილიშვილი.
– ბატონო ნუგზარ, რატომ დაარქვით თქვენს ფირმას „ალიონი“?
– ეს სახელი ჩემმა პარტნიორმა „მნ პროექტში“ მალხაზ ლეკვეიშვილმა მოიფიქრა. მაშინ ორი ფირმა შეიქმნა: ერთი იყო საპროექტო, რომელსაც თვითონ მალხაზი ხელმძღვანელობდა და მეორე „ალიონი“. მერე რომ გავიყავით, „ალიონი“ „ალიონად“ დარჩა.
– რა საქმიანობას ეწევა შპს „ალიონი 99“?
– კომპანია მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე შემდეგი მიმართულებებით: არქიტექტურა, მშენებლობა, პროექტების მენეჯმენტი, მშენებლობის ექსპერტიზა. „ალიონი 99“ ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ასოცირებული წევრი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრია. აკეთებს არქიტექტურულ-საპროექტო სამუშაოებს, აწარმოებს მშენებლობას, სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებს. შარშან მივიღეთ ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი ISO 9001:2000 პროექტირებაში, მშენებლობასა და პროექტების მენეჯმენტში. ეს სერტიფიკატი ძალაშია 2010 წლის 16 დეკემბრამდე. წელს ხელმეორედ ვართ წარდგენილი, რომ ახალი ავიღოთ.
– მშენებლობა, პროექტირება და მენეჯმენტი ფართო შინაარსის ცნებებია. თქვენ რომელიმე პროფილი გაქვთ შერჩეული?
– მშენებლობაში არ გვაქვს კონკრეტული პროფილი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენთან, საქართველოში, ყველაფერი შენებადია, ყველაფერი თავიდან სარემონტოა, აღსადგენია; ამიტომ ჩვენ კონკრეტული მიმართულება არ გვაქვს შერჩეული; მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სამშენებლო სექტორში მთელ რიგ საკითხებში ვაკუუმი შეიქმნა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ქართულ-გერმანული ექსპერტიზის ბიურო. ეს ბიურო აფასებს შემკვეთისთვის საინტერესო ძველი და ახალი შენობა-ნაგებობის არსებულ მდგომარეობას, მისი შეკეთების, დანგრევისა თუ შენარჩუნების საჭიროებას, ახალი შენობის ყიდვის შემთხვევაში კი განსაზღვრავს მოსალოდნელი დანახარჯის ოდენობას. „ალიონის“ ექსპერტთა კორპუსი შეისწავლის შენობა-ნაგებობების არსებულ მდგომარეობას და ატარებს თითოეული სამშენებლო ელემენტის ტექნიკურ ანალიზს. გარემონტებული შენობები ხშირად ქმნიან ილუზიას, რომ ისინი კარგ მდგომარეობაშია და რეალური სურათი არ ვიცით. ვთქვათ, შენობა, რომელიც 2 მლნ დოლარი ღირს, ჩვენი შეფასების მერე შესაძლოა დავიყვანოთ მილიონნახევარზე, იმიტომ, რომ ამ შენობას აქვს უამრავი პრობლემა საძირკველში, კედლებში, გადახურვის ფილებში და ასე შემდეგ.
– როდის და რამდენად ხშირად მოგმართავენ, რომ ექსპერტიზა სჭირდებათ?
– ექსპერტიზა სჭირდებათ, როცა ქონების შეძენას აპირებენ. მაგალითად, ბინის ყიდვა გსურთ. თუ ჩვენ მოგვმართავთ, მივდივართ, ვნახულობთ შენობას, ზუსტად დავადგენთ რა მდგომარეობაშია, რა ფიზიკური მონაცემები აქვს (თბოდანაკარგები, სეისმომდგრადობა და ა.შ.).
– ამ შემთხვევაში, რა განსხვავებაა თქვენსა და შემფასებელთა მომსახურებას შორის?
– ქონების შემფასებელი ექსპერტიზას არ აკეთებს. ქონების შეფასება საბანკო სექტორში ხდება რაიონების მიხედვით. მაგალითად, ამბობენ, რომ ამა და ამ რაიონში 1 კვ.მ. ღირს 1000 დოლარი. ეს ყველაფერი ხომ პირობითია! პრაქტიკულად, ისინი რეალურ შეფასებას არ აკეთებენ, შენობის ლიკვიდურობას არ ადგენენ. ისინი აკეთებენ შეფასებას მაკლერების დონეზე და სინამდვილეში შენობას არ სწავლობენ. თუ შემფასებელს უნდა, რომ შეფასების სრული პაკეტი მიიღოს, წესით უნდა მოგვმართოს ჩვენ, ექსპერტიზის ბიუროს. ჩვენ ამ შენობას შევისწავლით და ზუსტად ვეტყვით, რა პრობლემები აქვს შენობას. თანაც, ჩვენ შევიძინეთ აპარატურა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შევისწავლოთ საძირკვლები, დიდი კონსტრუქციები, იგივე თბოდანაკარგები; შევისწავლოთ ტენიანობა და საერთოდ, ყველა პარამეტრი, რაც შენობას სჭირდება იმისათვის, რომ ექსპლუატაციის პერიოდში სრულყოფილი იყოს. ყველა პარამეტრს ჩვენ ვსწავლობთ შესაბამისი აპარატურით, რომელიც გერმანიიდან გვაქვს ჩამოტანილი და იმ შემთხვევაში, თუ რამე განსაკუთრებული შენობაა, რომელსაც ჩვენი ძალებით ვერ მოვერევით, ვიწვევ ჩემს გერმანელ პარტნიორს, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატი აქვს მიღებული.
– „ალიონი 99“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა?
– დიახ, შპს არის. მინდა, რომ საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაცია „ალიონი 99“ ჰოლდინგად გარდავქმნა. მართალია, ჩვენთან ჰოლდინგი საკანონმდებლო ბაზით არ არის უზრუნველყოფილი, მაგრამ სინამდვილეში ჰოლდინგი არის გაერთიანება. მე ვქმნი ფილიალებს, რომლებიც „ალიონის“ ქუდის ქვეშ ერთიანდებიან და ერთ-ერთი პირველი არის ექსპერტიზის ბიურო, რომელზეც უკვე მოგახსენეთ; მეორე არის სერვის-ცენტრი („ალიონი-სერვისი“ დავარქვი). ეს არის საექსპლუატაციო ფირმა, რომლის მომსახურება დაახლოებით ისეთია, ადრე რომ საბინაო-საექსპლუატაციო სამმართველოები ეწეოდნენ. ვთქვათ, სახლში გაყვანილობა დაგეწვათ, ან სველ წერტილში რაღაც პრობლემა შეგექმნათ, ან კარი ჩაგეკეტათ. ჩვენი სერვისიდან ხალხი მოვა, პრობლემას მოგიგვარებთ, შესაბამის ქვითარს გაგიფორმებთ და საგარანტიო წერილსაც დაგიტოვებთ.
– ასეთი მომსახურება მხოლოდ თბილისში გაქვთ თუ ყველგან?
– ჯერ მხოლოდ თბილისში გვაქვს. 3 წლის წინ დავიწყეთ, კლიენტურა გვყავდა, მაგრამ ეტყობა, მაშინ მენეჯმენტში მოვიკოჭლეთ. ეს თემა ახლა ისევ დავძარი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ბევრმა მომმართა. ხალხი ითხოვს ამ სამსახურს. აქამდე მარკეტოლოგს ველოდებოდი, დიდი კვლევის მერე მოვიწვიე და ამ მარკეტოლოგის საშუალებით გავაკეთებ მარკეტინგულ კვლევას. ეს „ალიონის“ ქუდის ქვეშ მეორე სამსახურია.
გარდა ამისა, ახლა ვქმნი მინიწარმოებას, კერძოდ, უხსნადი ყალიბების წარმოებას. უხსნადი ყალიბები თბო-ენერგოეფექტური ბინათმშენებლობისათვის არის იდეალური. დავაპატენტე უკვე, სერტიფიცირებული ტექნოლოგიაა. მიღებული მაქვს ამის სერტიფიკატი.
– ეს თქვენი გამოგონებაა თუ საიდანმე შემოიტანეთ?
– ჩვენ მოვიწვიეთ სპეციალისტი, რომელიც მოსკოვში მუშაობდა და ახლა უკვე ჩვენი გუნდის წევრია; მან ეს ტექნოლოგია შემოგვთავაზა, ჩვენ დავამტკიცეთ, მივიღეთ და უკვე ერთი წელიწადია ამ ტექნოლოგიას ვანვითარებთ. გვაქვს საწარმოო ბაზა დიღომში, სადაც ეს წარმოება შევქმენით; წარმოება გაშვებულია. ამ წარმოებით უკვე ერთი ობიექტი ავაშენეთ ამერიკელთა დაფინანსებით.
– რა ობიექტია?
– საქართველოს პოლიციის აკადემიისთვის სასროლი სტენდი კეთდება, რომელსაც შენობა ამ ტექნოლოგიით გაუკეთდა. ამავე ტექნოლოგიით ვაპირებთ ახლა მონაწილეობა მივიღოთ გერმანულ ტენდერში. ისე, რომ იცოდეთ, 10 წელია აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის კონტრაქტორები ვართ. პირველივე წლიდან, რაც საქართველოსა და ამერიკას შორის დაიდო ხელშეკრულება დახმარების შესახებ, ჩვენ მათი კონტრაქტორები ვართ. სამხედრო ობიექტები შენდება. ეს არის ამერიკის დახმარება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი.
– ბაზების მშენებლობაში მონაწილეობთ?
– დიახ. თუმცა, რასაკვირველია, მარტო ჩვენ არ ვართ. სხვა ქართული კომპანიებიც არიან და მათ შორის ჩვენც. იყო პროექტირებაც, მშენებლობაც და ყველაფერი, თუ რამე ეხება ამ დახმარებას. მაგალითად, აშშ-ის არმიის საინჟინრო კორპუსის დაფინანსებით თავის დროზე მესტიაში გავაკეთეთ აეროდრომი თავისი ასაფრენი ბილიკითა და სადისპეტჩეროთი. პროექტირება და მშენებლობა ჩვენი იყო. ასევე ამერიკელთა დაფინანსებით შევასრულეთ ანაკლიის სარადარე სადგურის პროექტირება-მშენებლობა. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაკვეთით კოდორის ხეობაში, სოფელ აჟარაში, ავაშენეთ კომენდატურა, რომელიც სასაზღვრო ნაწილს ემსახურებოდა. მშენებლობა რომ დავამთავრეთ, მალე ომი დაიწყო.
– კიდევ რა მნიშვნელოვანი ობიექტები გაქვთ აშენებული?
– მაგალითად, შესრულებული გვაქვს რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქცია; გვაქვს გაკეთებული სოლოლაკის რეაბილიტაციის (ქუჩების საინჟინრო კომუნიკაციების, სავალი ნაწილისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის) პროექტი. მე იმის თქმა მინდა, რომ საპროექტო სამუშაოებსაც ვასრულებთ და სამშენებლოსაც.
– რუსთაველის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტიც თქვენი იყო?
– პროექტი არა, მანდ ჩვენი სამშენებლო სამუშაო იყო. უამრავი პროექტი გვაქვს გადაწყვეტილი. თავის დროზე ეუთოს მისიისთვის შატილში ორსართულიანი საოფისე ფართის პროექტიც და რეალიზაციაც ჩვენ გავაკეთეთ. სამწუხაროდ, მერე იქ დაუდევრობით ხანძარი გაჩნდა.
– თქვენ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული პროფილის სამუშაოები ჩამოთვალეთ… რამდენი თანამშრომელი გყავთ?
– ახლა შტატში 50 კაცზე მეტი ვართ, მაგრამ სხვა ხალხს ვქირაობთ. ჩვენ მენეჯმენტს ვეწევით, შემსრულებელიც ვართ. გვყავს ე.წ. „სპეცნაზი“, ჩვენი საკუთარი ჯგუფები (მაგალითად, მშენებელ ინჟინერთა ჯგუფი, მენეჯერების ჯგუფი). გარდა ამისა, ქვეკონტრაქტორები გვყავს, სხვა ჯგუფებს ვქირაობთ.
– შემსრულებლებს?
– შემსრულებლებს, რასაკვირველია. მთლიანად კომპანიას ვქირაობთ. შესაძლოა რომელიმე ცნობილი კომპანია ვიქირავოთ და სამუშაო მას შევასრულებინოთ. მაგრამ მე ვარ კონტრაქტორი. მთავარია, ვინ მართავს კონტრაქტს. ჩვენ ვართ მმართველი, რადგან სამენეჯერო კომპანია ვართ. სინამდვილეში ვასრულებთ კიდევაც, მაგრამ უფრო მენეჯმენტს ვუწევთ. როცა ბევრი ობიექტი გვაქვს, სხვებს უფრო მეტს ვაკონტროლებთ, ვიდრე თვითონ ვასრულებთ.
სხვათა შორის, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ვასწავლოთ კიდეც. ახლა აგვყავს ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გაიარონ პრაქტიკა, რათა კადრები გავზარდოთ.
– საერთოდ, რა სპეციალობის ხალხი გყავთ?
– არქიტექტორები, ინჟინრები (ვთქვათ, სანტექნიკა, ელექტროობა, კონდენცირება, ვენტილაცია…), უშუალოდ ჩემთან რაც შემოდის; მაგრამ არის სპეცსამუშაოები (მაგალითად, შენობის დაცვის სისტემები), რომელსაც ჩვენ ვერ ვწვდებით.
– „სპეცნაზი“ ახსენეთ…
– „სპეცნაზი“ არის ინჟინრების ჯგუფი, რომლებსაც შეუძლიათ მართონ ობიექტები. ეს არის მენეჯერების ჯგუფი, რომლებიც სტაბილურად ჩემთან არიან. მთავარი არის ის მენეჯერი, ვისაც სათავო ოფისთან ექნება ურთიერთობა. ჩვენ პროექტს გავცემთ. სანამ ობიექტზე წავა, ამ პროექტს ხელში იღებს მენეჯერი, რომელთანაც ერთად ჩვენ ვარჩევთ მშენებელს, რომელსაც უკვე პირდაპირ მენეჯერთან ექნება საქმე. მენეჯერი არის პასუხისმგებელი მომარაგებაზე, ხარისხზე, უსაფრთხოებაზე. მან უნდა შეარჩიოს კადრები, ვინც უსაფრთხოებას მიაქცევს ყურადღებას; მან უნდა შეარჩიოს კანდიდატები, ვინც ხარისხზე იქნება პასუხისმგებელი. ხარისხის მენეჯერი და უსაფრთხოების მენეჯერი ყოველთვის ადგილზე უნდა იყვნენ. ვთქვათ, მენეჯერმა გაუწია რეკომენდაცია და მუშაობენ; მაგრამ ზოგჯერ არის სიტუაცია, როდესაც კითხვა უჩნდებათ, პრობლემებია; მაშინ უკვე მიდის ჩვენი ავტორი, ვინც დააპროექტა და ის გაუწევს ზედამხედველობას. ესე იგი, სამმაგი კონტროლია.
წესით ასე უნდა ხდებოდეს, უნდა ხდებოდეს გადამოწმება. ჩვენ უამრავი შეცდომა გვაქვს დაშვებული. წელს პირველი წელია, როდესაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შეცდომები მინიმუმზე დავიყვანოთ. მოგვდის შეცდომები და ამ შეცდომების გამოსწორება ძალიან ძვირი გვიჯდება. კლიენტს არა მარტო ბოდიშს ვუხდი, არამედ ვუნაზღაურებ, ვინაიდან ის არ არის დამნაშავე, რომ მე რაღაც მეშლება. როგორც მე მთხოვს საგარანტიო წერილს დამკვეთი, წესით იმან, ვისაც სამუშაოზე მივიღებ (მშენებელი იქნება თუ მენეჯერი), გადაზღვევის მიზნით უნდა გარკვეული თანხა დამიდოს დეპოზიტზე, ან ფული არ უნდა მივცე ბოლომდე, სანამ ის პერიოდი არ გავა, რასაც საგარანტიო მომსახურება ჰქვია. მე, მაგალითად, ამერიკელებს რომ ვუკეთებ ობიექტს, ერთი წლის განმავლობაში ობიექტის თანხის 5% გაყინული მაქვს. გარდა იმისა, რომ იმ გაყინულ ფულს ვერ ვიყენებ, თან ბანკს პროცენტს ვუხდი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ის ფული ბანკმა მომცა. მოგეხსენებათ, საქართველოში ალბათ ვერცერთი მშენებელი საკუთარი ფულით ვერ ააშენებს. უნდა ბანკებიდან აიღო კრედიტი და ააშენო, რადგან ობიექტი რომ იწყება, ავანსს არავინ იხდის.
– ზოგჯერ იმასაც ამბობენ, საბჭოთა პერიოდში აშენებული საცხოვრებელი კორპუსები გაცილებით უფრო მდგრადია, ვიდრე ახალიო.
– ჩემი მოტივაცია ექსპერტიზის ბიუროს გახსნისა ზუსტად ისაა, რომ არ ვილაპარაკოთ ჭორების დონეზე. მაშინ უკეთესად შენდებოდაო, ეს თეორია მუსირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ასეა. კომუნისტების დროსაც იყო დევიზი „სწრაფად და იაფად“. არ შეიძლება იყოს ჩქარა, იაფად და ხარისხიანი. მაშინაც იყო უხარისხობა. იყო პერიოდი, როცა სახელმწიფო კონტროლი არსებობდა და აქედან გამომდინარე, იმ დონეზე ვერ ბედავდნენ უხარისხოდ აშენებას. მაგრამ კომუნისტური რეჟიმის ბოლო პერიოდში მიუშვეს და საშინელი უხარისხო მშენებლობა იყო. ახლა მშენებლობის მაკონტროლებელი უკვე აღარავინაა და ვინც აშენებს, ამასაც ეჩქარება, იმიტომ, რომ ის ყიდის. აი, ეს არის განსხვავება. კომუნისტების დროს ვინც აშენებდა, არ ყიდდა, მაგრამ ეკონომიას აკეთებდა, მასალებს იპარავდა.
– კადრებთან დაკავშირებით რა მდგომარეობაა?
– ძალიან ცუდი მდგომარეობაა. საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე რაღაც ვაკუუმი გაჩნდა. კადრების გაზრდის პრობლემა შეიქმნა. შესაძლოა თვითონ სასწავლო პროცესია მოძველებული ან ლექტორები იმდენს არ იღებენ, რამდენსაც უნდა უხდიდნენ, რომ დაინტერესებული იყვნენ.
– აღარც მოდაშია ინჟინრობა…
– აღარც მოდაშია. მაგალითად, სანტექნიკის, ელექტროობის, გათბობის, ვენტილაციის სფეროები ჩვენთან შესაძლოა საერთოდ მოკვდეს, გაქრეს, იმიტომ რომ ერთი კარგი მეტლახის დამგებელი უფრო მეტ ფულს აიღებს, ვიდრე ინჟინერი. შესაძლოა კომუნისტების დროსაც ასე იყო, მაგრამ ინჟინერს სახელი მაინც ჰქონდა. ფაქტია, რომ საკვალიფიკაციო პოზიციები უნდა აღსდგეს. ერთადერთი ის ტენდენცია მომეწონა, რომ პროფსასწავლებლების შექმნა დაიწყეს. თეორიულად სწორი მიდგომაა იმიტომ, რომ არ შეიძლება ყველამ უნივერსიტეტი დაამთავროს. ხალხის ნაწილმა, რომელსაც ფიზიკური შრომა სურს, ხელობა უნდა ისწავლოს. მოგეხსენებათ, დღეს უკვე ახალი ტექნოლოგიები შემოდის, რომელსაც თუ არ ვისწავლით, ვერ გამოვიყენებთ. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ და საერთო პროგრესს დავეწიოთ.
– ახალგაზრდებს ვამზადებთო, ბრძანეთ…
– განზრახვა გვაქვს, რომ მოვამზადოთ. მაგრამ ბევრმა ახალგაზრდამ, ვისაც ჩვენთან უმუშავია, მერე თავისი ფირმა გახსნა. საერთოდ ასეა, როცა კარგ წნეხში გაივლის, ის მერე თვითონ მოკიდებს ბიზნესს ხელს. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა საზღვარგარეთ, როცა ადამიანი შენთან გაივლის პრაქტიკას, მერე 3-დან 5 წლამდე უფორმებ კონტრაქტს და იგი ვალდებულია, რომ ეს ფირმა არ მიატოვოს. მე სწორად არ მიმაჩნია, რომ გზა გადავუკეტო ახალგაზრდას, რომელსაც წასვლისა და აფრენის სურვილი აქვს. მე მაქვს ფართი და მინდა, რომ ჩემი კადრები გავზარდო; სისტემატიურად 10-15 სტუდენტს მოვამზადებ; მათ ამაზე ფული არ დაეხარჯებათ. ვინც ჩემთან დარჩება, დარჩეს და ვისაც არ ენდომება, წავიდეს.
მოკლედ, მსოფლიო სამშენებლო ბიზნესსა და პროექტირებაში ძალიან დიდი პროგრესია, რასაც ჩვენ დღევანდელ პირობებში ვერ ვეწევით. ამიტომაც ხშირად შემოჰყავთ უცხოელი მშენებელი თუ არქიტექტორი. იცით რისი მეშინია? თუ ამ პროგრესს არ დავეწევით, ისე მოხდება, რომ საქართველოში ქართველებს სამუშაო არ ექნებათ. როცა იქნება, პოლიტიკური სიტუაცია დაწყნარდება. საქართველო მშენებარეა, გეოპოლიტიკურად განვითარებადია, განვითარებად ქვეყანაში სამუშაო სულ იქნება, მაგრამ იქნება იმათთვის, ვისაც მუშაობა შეუძლია და კვალიფიცირებულია. ისე არ მოხდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სამუშაო არ ჰქონდეს. მაშინ მართლა დავრჩებით მარტო მომსახურე პერსონალად. ეს ასე რომ არ მოხდეს, ამ ხალხმა უნდა ისწავლოს.
ხშირად დამკვეთს ჩვენთვის უთქვამს, მეგონა უცხოელები გაჯობებდნენ, მაგრამ შევცდიო. მე მინდა იმ დონეზე ვისწავლოთ, რომ იგივე ტენდერში მონაწილეობის დროს არავის შეეპაროს ეჭვი, რომ ქართველს მუშაობა შეუძლია.
– ხშირად გიწევთ ტენდერში მონაწილეობა?
– ძირითადად, ტენდერებში ვმონაწილეობთ.
– 2009 წელს კონკურსში გაიმარჯვა თქვენმა პროექტ-წინადადებამ „სასტუმრო 240 ადგილზე გუდაურში“…
– ყოველ წელს საქართველოს არქიტექტორთა კავშირი აცხადებს კონკურსს საუკეთესო არქიტექტორულ პროექტზე სხვადასხვა ნომინაციაში. კონკურსზე მოცულობითი არქიტექტურის ნომინაციაში გავიტანეთ ჩვენი პროექტი და გავიმარჯვეთ. ჩვენ გუდაურში 5 წლის წინ ვიყიდეთ ნაკვეთი და იქ გვაქვს დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი, მომავალში რომ განხორციელდეს 240-ადგილიანი სასტუმრო. მე თვითონ ძალიან მიყვარს სპორტი, თხილამურებზე დგომა და ვცდილობ ხოლმე, ზამთარი არ ჩავაგდო. ამიტომ სასტუმროს თემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ინვესტორებს ვეძებთ, ვინაიდან ინვესტიციის გარეშე ამხელა მასშტაბის ხარჯებს ვერ გავწვდებით. საქართველოში ძნელია, რომ მშენებლებს საკუთარი სახსრები ჰქონდეთ, იმიტომ რომ მთლიანად ბანკებზე ვართ დამოკიდებული.
დეველოპერები აშენებენ და მერე ყიდიან. ჩემი ბიზნესი ეგ არ არის.
ჩვეულებრივად, როცა აკეთებ მშენებლობას, ტენდერებში იღებ მონაწილეობას, ყველგან გჭირდება ბანკიდან გქონდეს გარანტია; ბანკმა უნდა მოგცეს სესხი. ბანკმა რომ სესხი მოგცეს, ქონება უნდა ჩადო ბანკში ან ფული უნდა გქონდეს. ჩვენთან ობიექტები ზოგი მილიონი დოლარი ღირს, ზოგი 500 ათასი. ჩვენი ქონება ბანკში ჩადების დროს 30%-ზე ნაკლებად ფასდება. ამ ქონების დატვირთვით იღებ თანხას: საბალანსო ფინანსებს და საგარანტიო თანხას. ეს ლიმიტი თუ არ გყოფნის, ტენდერზე უარი უნდა თქვა. მაგალითად, თურქული კომპანია რომ ჩამოდის საქართველოში, მას თავისი სახელმწიფო მხარში უდგას და გარანტია რომ დასჭირდეს, ის დაეხმარება. კარგი იქნებოდა, ან ბანკები ასე არ გვზღუდავდნენ და ან ქართულ ორგანიზაციებს სახელმწიფო რაღაცით შემოგვეხიდოს, რომ საერთაშორისო ტენდერებში მივიღოთ მონაწილეობა.
– ანუ თანაბარ პირობებში ვერ არიან უცხოელები და ქართველები?
– უცხოელები ძალიან დიდი მასშტაბით არ არიან შემოსულები, მაგრამ თუ შემოვიდა, იმას მე ვერ მოვუგებ. მე რომ გარანტია მომთხოვოს 5 მილიონზე ორგანიზაციამ ან ტენდერმა, შეკვეთას ხომ ვერ მივიღებ, საიდან მოვიტანო ამხელა გარანტია, მაშინ, როცა თურქი მოვა და დადებს!
ახლა ყველას გვაქვს პრობლემა, ბანკიდან დაწყებული და კერძო პირით დამთავრებული. იმედი მაქვს, რომ გაზაფხულიდან ეს პროცესი დალაგდება, დარეგულირდება. იმ ძველ ნიშამდე რომ მივიდეს, ზაფხულამდე დასჭირდება დრო. ვითომ, ქონება გაიაფდაო და, სინამდვილეში, არაფერი გაიაფებულა! ეს მოხდა სულ რაღაც ნახევარი წლით. პრაქტიკულად, გაძვირებულია პროდუქტი, წამალი, მასალა…
– თქვენ ქვემოიჯარეები აგყავთ ხოლმე. მასალების დატაცება არ ხდება?
– შესაძლოა ჩემი ორგანიზაცია უფრო მეტად ზარალობს, ვიდრე კლიენტი. ჩემს ორგანიზაციაში ზუსტად ახლა მიდის რესტრუქტურიზაცია. სისტემას ოდნავ ვცვლით და სარევიზიო ჯგუფს ვქმნით, ლოჯისტიკის სამსახურს ვაკეთებთ უკეთესს, ვიდრე გვქონდა. აქამდე მქონდა მარტო მომარაგება. ლოჯისტიკა რა არის? მომარაგების, ტრანსპორტის, მექანიზმის, საწყობის კომპლექსური მართვა და ამის გარდა ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეამოწმებს რეალური შესრულების შესაბამისობას დაკვეთასა და განაცხადთან. სხვაგვარად შესაძლოა მოხდეს მასალების დატაცება ან სამუშაოს უხარისხოდ შესრულება. ამიტომ ჩვენგან უნდა წავიდეს ჯგუფი, რომელიც ადგილზე შეისწავლის მდგომარეობას და ამის მერე გადავუხდით დარჩენილ თანხას ან შემდეგ ტრანშს (ჩვენთან გადახდა ხდება რამდენიმე ტრანშად). სანამ არ ჩაიბარებ ობიექტის იმ ნაწილს, რაც წინა ტრანშს შეესაბამება, მომდევნო თანხა არ უნდა გასცე. აქამდე მაინც ვაძლევდით და უამრავი ზარალი ვნახეთ.
– საცხოვრებელ კორპუსებს თუ აშენებთ?
– არ ვაშენებდით, მაგრამ რადგან ზემოთ ნახსენები ტექნოლოგია დავნერგეთ, ახლა ვაპირებთ. საქართველოში მალე დაიწყება პერიფერიული მშენებლობა, ანუ სატელიტური დასახლებები შეიქმნება. უკვე იდეა-ფიქსია ქართველების, რომ აუცილებლად ცენტრში უნდა იცხოვრო. არადა, რატომ უნდა იცხოვრო ამ პირობებში (ვერ სუნთქავ, სახლამდე ვერ მიდიხარ, მანქანას ვერ აჩერებ), როდესაც თბილისის გარშემო მთელი პერიმეტრი ცარიელია?! ჩემი სურვილია და პროექტს ახლა ვაკეთებ, რომ გავაკეთო სატელიტური დასახლება, სადაც იქნება ინდივიდუალური სახლები თავისი ტბით, ბაღით, ინდივიდუალური მომსახურებით, დაცვით. ასეთი პატარა დასახლებები თუ შეიქმნება, ქალაქი განიტვირთება. წესით და რიგით, 20-30-40 კმ-ის მანძილზე უნდა დასახლებები გაკეთდეს და ადამიანებმა იქ იცხოვრონ. პირადად მე მირჩევნია, ასეთი სახლი მქონდეს და იქ ვიცხოვრო, ვიდრე ახლა რომ ვცხოვრობ.
– აქამდე რატომ შეიკავეთ თავი?
– სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, თავს ვიკავებდი, ვინაიდან თანაბარ პირობებში არ ვიყავით სხვა მშენებლებთან, რომლებიც ამით იყვნენ დაკავებული. ყველას ვერ დავაბრალებ, მაგრამ ისე, როგორც შენდებოდა, იმისი თეთრად წარმოჩინება ძალიან წამგებიანი უნდა ყოფილიყო; ვთქვათ, 16-სართულიანი სახლი რომ აგეშენებინა და მთლიანად გაგეკეთებინა ისე, როგორც ეკუთვნის, მაშინ მოგება არ უნდა დაგრჩენოდა.
ასეთი რამ კი მე არ მჭირდება, მაგის არც ნერვები მაქვს და არც სურვილი. ყოველთვის ღიად ვმუშაობ. მირჩევნია, ბიუჯეტთან მართალი ვიყო და წყნარად მეძინოს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ ბინათმშენებლობაში მონაწილეობა არ მიმეღო. მეორე ეტაპზე, როცა წინა პლანზე უკვე დეველოპერები წამოვიდნენ, მომეჩვენა, რომ ფასები ძალიან არაბუნებრივად ავარდა. მე ამ „აფიორაშიც“ არ მივიღე მონაწილეობა.
რამდენიმე იდეა მაქვს და სიტუაცია რომ დაწყნარდება, მათი რეალიზაცია მინდა. მათ შორის, ერთ-ერთი არის პერიფერიული დასახლება; მეორე იდეა ის მაქვს, რომ მინდა ახალგაზრდების დასახლება გავაკეთო.
– ვინ ახალგაზრდების?
– ახალდაქორწინებულებისთვის. პერიფერიული დასახლების პირველი პროექტი-წინადადება 2000 წელს გავაკეთე და ამერიკაში წავიღე. ძალიან მომიწონეს. ეს იყო სატელიტური დასახლება ზაჰესის გვერდით მდებარე მინდორზე. ის გეგმა შენახული მაქვს. საინტერესო გამოდიოდა. 56 სახლი კეთდება, თავისი აუზით, ბაღით…
– რატომ არ განხორციელდა?
– იქიდან ინვესტიცია უნდა წამოსულიყო, რის სანაცვლოდაც სახელმწიფო გარანტიას ითხოვდნენ. მაგრამ შევარდნაძის პერიოდი იყო და მე მაშინ სახელმწიფო გარანტიას საიდან მივცემდი?! ახლა ამის განხორციელება რეალურია. ვიმეორებ, თუ სიტუაცია დარეგულირდება და ბანკები კერძო პირებზე სესხებს გასცემენ არა 37%-ად (რაც ძარცვაა), არამედ ისე, როგორც ცივილურ ქვეყნებშია, მაშინ უკვე ხალხი რეალურად დაიწყებს ბინათმშენებლობას და საცხოვრებელ პირობებს გაიუმჯობესებს. თანაც, მე მინდა ავაშენო ენერგოეფექტური სახლი, რომლის საექსპლუატაციო ხარჯი, ჩვეულებრივ სახლთან შედარებით, 50-60 პროცენტით ნაკლები იქნება. შესაბამის ტექნოლოგიებზე ჩვენ ნაფიქრალი გვაქვს.
– თქვენი ბიზნესი მომგებიანია?
– მე მსხვილ გადამხდელებში ვარ. სახელმწიფოსაც კარგად ვუხდი და ბანკსაც. რასაკვირველია, ამ ბოლო პერიოდმა ცოტა დეპრესიული ფონი შექმნა, დაკვეთები შემცირდა, ხალხი ჩაიკეტა.
– როგორც ვიცით, შარშან საგადასახადომ შეგამოწმათ. თქვენი შეფასებით, რამდენად ობიექტურად ჩატარდა შემოწმება?
– პრინციპში, შემოწმებამ ობიექტურად ჩაიარა. რაღაცა შეცდომები გვქონდა დაშვებული, რაც გავასწორეთ და ჯარიმებიც გადავიხადეთ; რაღაცაში საგადასახადოც ცდებოდა, მაგრამ ჩვენმა მომსახურე აუდიტურმა ფირმამ საჩივარი დაგვაწერინა და უსამართლოდ დარიცხული ჯარიმა მოგვიხსნეს. რაც შეეხება დარღვევებს, რომელთა გამოც დავჯარიმდით, ძირითადად ეს იყო იმ წლებში დაშვებული, როდესაც მასალების შესყიდვა ოფიციალური საბუთებით ძალიან ჭირდა. მასალას ანგარიშ-ფაქტურით ვერ ვყიდულობდით.
– ახლა ახერხებთ ყველაფრის ანგარიშ-ფაქტურით ყიდვას?
– შეიძლება ითქვას, რომ 90 პროცენტს ვახერხებ. რასაც ვერ ვახერხებ, ეს უკვე ჩვენი პრობლემაა. მაშინ ეს უკვე ნაღდი ფულის გაცემა გამოდის, რაც ხელფასად უნდა გავწერო და ზარალია ჩემთვის. მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე მასალების ყიდვა ჩემთვის ზარალიანია.
– დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან ბიზნესმენების დატერორება, მათთვის მნიშვნელოვანი თანხების წართმევა მიმდინარეობს. თქვენ თუ შეუწუხებიხართ ან თქვენი კოლეგებისგან თუ გსმენიათ მსგავსი ფაქტების შესახებ?
– ალბათ, არ უნდა მისცე საფუძველი, რომ ეგ გაგიკეთონ.
– რას გულისხმობთ?
– მაგალითად, ზოგჯერ ჩემთან მოდის დამკვეთი და მეუბნება: მოდით, ამას ნუ გავაფორმებთ, ანგარიშ-ფაქტურებში ეს ვაჩვენოთ და ეს არაო. ასეთი რამ ადრეც იყო, კომუნისტების დროსაც ხდებოდა. როცა ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა, ძალიან გამიხარდა. მე არასდროს არ ვთანხმდები ასეთ რამეს. ზოგი თანახმაა შავი სამუშაო გააკეთოს ისე, რომ არ დაფიქსირდეს. რასაკვირველია, ამას როგორც კი იგებს ის, ვისაც ხელეწიფება, მოგადგება და გეტყვის: ეგრე არ არის, რომ თან იპარავ და თან კარგ ბიჭს თამაშობო! არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა ვიღაცას კიდევაც ატერორებენ. მე პირადად ვერავინ შემაწუხებს, არ მივცემ მაგის საშუალებას და უფლებას, იმიტომ რომ არაფერს ვაშავებ.
– თქვენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად ითვლებით?
– არა, არც ერთ ხელისუფლებასთან არ ვყოფილვარ ახლოს. ბიზნესმენმა ბიზნესი უნდა აკეთო. მე ვარ იმისთვის, რომ ხალხი დავასაქმო, რომ ხალხს არ გაუჭირდეს ჩემს გარშემო, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისწავლოს. ვიმეორებ, ჩემი სურვილია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ გაიქცნენ აქედან კვიპროსზე, თურქეთში, ესპანეთში, იტალიასა თუ სხვაგან.
– არ გაგჩენიათ პოლიტიკაში წასვლის სურვილი, რათა იგივე ბიზნესს გარემო გაუუმჯობესოთ? „მრეწველები“ ხომ იყვნენ პარლამენტში…
– ერთადერთი, რაშიც შეიძლება მივიღო მონაწილეობა, ის იქნება, რომ პარლამენტში მყოფ ხალხს მივაწოდო ინფორმაცია არა მარტო ჩემზე, არამედ საქართველოში არსებულ საერთო პრობლემაზე. ეს კი იმ შემთხვევაში შემეძლება, პარლამენტში თუ მოვნახავ იმ ხალხს, ვისთანაც მიმესვლება და ვინც ჩემს სიტყვას ანგარიშს გაუწევს.
– დღეს რა იდეას შესთავაზებდით პარლამენტს?
– მაგალითად, ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ენერგოეფექტური პროგრამა განხორციელდეს. მიმაჩნია, რომ საქართველოში საერთოდ სამშენებლო აუდიტი უნდა გაკეთდეს და უნდა შევისწავლოთ ყველა შენობები, რომელიც არსებობს. უნდა გაკეთდეს დარაიონება, რაიონების მიხედვით უნდა ვიცოდეთ, რას ვფლობთ და რა მდგომარეობაშია.
– ბატონო ნუგზარ, ჩვენს ჟურნალებს იცნობთ?
– დიახ, ვიცნობ. ნამდვილად საინტერესო ჟურნალებია. ძალიან მომწონს, რომ იბეჭდება ხოლმე იმ ადამიანების ისტორია, ვინც თითქმის არაფრიდან საკუთარი ბიზნესი ააწყო, გამდიდრდა და მერე ქველმოქმედებას ეწეოდა. ეს ძალიან საინტერესო რუბრიკაა და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე.
– ჩვენი საუბრის დასასრულ, რაიმეს დამატებით თქმა ხომ არ გსურთ?
– ჩემი სურვილია, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ სიცოცხლე მას შემდეგაც გააგრძელოს, როცა მე აღარ ვიქნები და ორგანიზაცია მარტო ჩემს სიცოცხლესთან არ იყოს მიბმული. მინდა, რომ საკუთარი ტრადიციების მქონე ორგანიზაცია იყოს, მისი ისტორია შეიქმნას. მე ახლა სულ ვაფიქსირებ ფოტომასალითაც, ვიზუალითაც, ვიდეომასალითაც ვქმნი ისტორიას, რათა ფოტო და ვიდეო მასალა დარჩეს მას, ვინც ამ ორგანიზაციას გააგრძელებს (ჩემი შვილები იქნებიან თუ ჩემი თანამშრომლების შვილები) და დარჩეს ჩემს ქვეყანას, რომ ფირმამ, რომელმაც ნულიდან დაიწყო, რაღაცას მიაღწია. ვიმედოვნებ, ჩვენი ორგანიზაცია მივა იქამდე, რომ მისი პატარა ისტორია სხვისთვისაც კარგი მაგალითი იყოს – იცოდეს, რომ რაც მე შემეშალა, ის არ გააკეთოს და რაც კარგი გავაკეთე, გაითვალისწინოს.
ესაუბრა დალი ჩიკვაიძე

