Homeინტერვიუინტერვიუ გამომცემელ ბაკურ სულაკაურთან

ინტერვიუ გამომცემელ ბაკურ სულაკაურთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

ბაკურ სულაკაური – დაიბადა 1964 წლის 30 ივნისს.

1981-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისმექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე.

1986-1994 წლებში იყო მე-6 საშუალო სკოლის მასწავლებელი.

1996-1998 წლებში იყო შპს გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი.

1997-2001 წლებში იყო საქართველოს წიგნის გამომცემელთა დაგამავრცელებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

1999 წელს დააფუძნა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და დღემდემისი დამფუძნებელი და პარტნიორია.

2005-2007 წლებში იყო „ბაკურ სულაკაურის სკოლის“ დირექტორი.

ნაშრომები და პუბლიკაციები

ავგუსტ სტრინდბერგის, ტუვე იანსონის და ასტრიდ ლინდგრენისწიგნების თარგმანები შვედური ენიდან.


თანაავტორია საშუალო სკოლის ამჟამად მოქმედი 8 სახელმძღვანელოსი.


ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო ბაკურ, რა გზა გაიარეთ, სანამ გამომცემლობას დააფუძნებდით?

– დავიბადე 1964 წელს, დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1986 წელს. შემდეგ 8 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სკოლაში მასწავლებლად. მათ შორის, დაწყებითი კლასების მასწავლებლად. პარალელურად ვეწეოდი მთარგმნელობით საქმიანობას. ვთარგმნიდი ინგლისურიდან და შვედურიდან. უნივერსიტეტში პარალელურად ვასწავლიდი რამდენიმე წლის განმავლობაში შვედურს.

პირველი წიგნი გამოვეცი 1995 წელს, სანამ გამომცემლობას ჩამოვაყალიბებდი. ეს იყო პირველი მოსინჯვა. პერიოდულად ვცდილობდი ხოლმე რაღაცეების გამოცემას. პარალელურად უნდა მემუშავა კიდეც, თავი რომ მერჩინა. ამიტომ, წიგნების გამოცემა მაშინ ჩემთვის უფრო ჰობი იყო, ვიდრე საქმე. მაგრამ, ნელ-ნელა გამოცდილება დაგროვდა და 1996 წელს რამდენიმე მეგობართან ერთად შევქმენი გამომცემლობა „დიოგენე“, რომლის დირექტორიც ვიყავი. მაგრამ, შემდეგ გადავწყვიტე საქმიანობა დამოუკიდებლად გამეგრძელებინა და 1999 წელს ჩემი გამომცემლობა ჩამოვაყალიბე.

– გამომცემლობა „დიოგენე“ თავისთვის დატოვეთ,
წამოხვედით და ისე ჩამოაყალიბეთ ახალი გამომცემლობა?

– კი.

– პარტნიორები „დიოგენეში“ კონკურენტებად
იქეცით?

– კი. ფაქტობრივად ასეა. რამდენიმე დამფუძნებელი ვიყავით და ახლა ყველას ცალ-ცალკე გამომცემლობა გვაქვს.

– რა იყო ყველაზე რთული თქვენი გამომცემლო
ბისთვის, სანამ ბიზნესი გამართულ სახეს მიიღებდა?

– თავიდან რამდენიმე სირთულე გვქონდა. პირველი – ის, რომ არსებობდა საბჭოთა მემკვიდრეობა. განსაკუთრებით მენტალური. კერძოდ, რადგან საბჭოთა პერიოდში წიგნს ჰქონდა სიმბოლური ფასი, ბუნებრივია, ადამიანები მოელოდნენ, რომ წიგნი არ შეიძლება ყოფილიყო ძვირი.

– წიგნის გამომცემლობაც არ მიიჩნეოდა ბიზნესად…

– იყო მიჩნეული მხოლოდ და მხოლოდ კულტურის ნაწილად. იმის გამო, რომ გამომცემლობითი საქმიანობა კაპიტალისტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვერ იმკვიდრებდა ადგილს, თუკი ბიზნესად არ გადაიქცეოდა, ისევე, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია. პირველად სწორედ ამ პრობლემის გადალახვა აღმოჩნდა რთული: წიგნს ჩვენ დავადეთ ისეთი ფასი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა დიდი მოგების შოვნა არა, მაგრამ საკუთარი თავის შენახვა და ხარჯების ამოღება მაინც.

ჩვენი მიზანი იყო, რომ წიგნი არ ყოფილიყო დოტაციური. სხვანაირად ვერ განვითარდებოდა. მახსოვს, პირველივე პრეზენტაცია რომ გავაკეთეთ, ერთბაშად ექვსი წიგნი გამოვეცით. სხვადასხვა ჟანრის რომანები იყო. ამ წიგნებს დავადეთ ფასი 3 ლარი. იმ დროისთვის ეს იყო უპრეცედენტოდ მაღალი ფასი. 1999 წელს, რომანის ფასი 3 ლარი – ითვლებოდა სუპერ-ძვირ წიგნად.

– ბაზარზე მაშინდელი გამოცემული სხვა წიგნები თუ
იყო და რა ფასად იყიდებოდა?

– იყო თვითგამოცემები და ასევე დოტაციური გამოცემები, რომლებიც 50 თეთრიდან 1 ლარამდე ღირდა. ზოგიც ლარნახევრამდე… ჩვენ რბილყდიანი გამოცემა გავაკეთეთ და ფასი 3 ლარი დავადეთ. სხვათა შორის, პირველი წიგნი, რომელიც გამოვეცით, იყო აკა მორჩილაძის „გადაფრენა მადათოვზე და უკან“. ეს ნაწარმოები ახლა უკვე კლასიკადაა ქცეული. წიგნი მაშინ ღირდა 3 ლარი. ყველა იძახდა, რომ ეს არის საშინლად ძვირი, ხალხს ყვლეფენ…

– თუმცა, ამ გამოცემამ ალბათ მოიტანა გარკვეული
თანხა, რამაც საქმიანობის გაფართოვების საშუალება მოგცათ…

– კი, უკვე ერთი წლის შემდეგ პირველი ხარისხიანი საბავშვო წიგნი „მხიარული სიტყვები“ გავაკეთეთ. თუ კი მანამდე საბავშვო წიგნები 2-3 ლარი ღირდა, ამ წიგნის ფასი იყო 14 ლარი. ეს წიგნი გაიყიდა. ეს იყო პირველი ხარისხიანი წიგნი, რომელიც საზღვარგარეთ დავბეჭდეთ, გაკეთებული იყო მსოფლიო სტანდარტებით და საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. ხარისხიან პროდუქტში თუ შინაარსიც ხარისხიანია და შეფუთვაც – ადამიანი ადექვატურ ფასს გადაიხდის. ფაქტობრივად, ამან მისცა ბიძგი ბევრ რამეს. როცა ხარისხიანი წიგნი იყო და მას ადექვატური ფასი ჰქონდა, გამოჩნდნენ დისტრიბუტორებიც. მთელი ინფრასტრუქტურა თავისით ჩამოყალიბდა.

– ბიზნესის მხრივ, საკმაოდ რთული სფეროა საგამომცემლო საქმიანობა. თქვენი შეფასებით, წარმატების მისაღწევად რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ბიზნესმენს თუ
მენეჯერს, ვინც საგამომცემლო საქმიანობას ეწევა?

– ჩემი აზრით, სამი კომპონენტია აუცილებელი. პირველი – საქმიანობის რაღაც გამოცდილება უნდა ჰქონდეს, თუნდაც მცირე. წარმატებისთვის რომ მიმეღწია, წიგნის კეთების რამდენიმეწლიანი გამოცდილება დამჭირდა. მეორე ფაქტორი ეს არის ინტუიცია. მესამე – წიგნი უნდა უყვარდეს. თუ წიგნები არ უყვარს, საბოლოოდ დიდ წარმატებას ვერ მიაღწევს.

თუ წიგნს უყურებს როგორც მხოლოდ ფულის შოვნის საშუალებას – შეუძლებელია წარმატებას მიაღწიოს. გამომცემლობა ძალიან სპეციფიკური ბიზნესია. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი. ასევე, ვინც გამომცემლობას უყურებს მხოლოდ როგორც კულტურას – როგორ წესი, ვერაფერს აკეთებენ ხოლმე. საქმიანობას რაღაც დონემდე გააკეთებს და შემდეგ კვდება. ვინც უყურებს როგორც ბიზნესს – ესეც კვდება საბოლოო ჯამში. შეიძლება უცბად ფული იშოვნოს ადამიანმა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატება გამორიცხულია. გამომცემელმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის კულტურის და ბიზნესის თანხვედრა, ასევე საზოგადოებრივ ინტერესს ყოველთვის ანგარიში უნდა გაუწიოს.

– საგამომცემლო ბიზნესი საქართველოში – ქვეყანაში,
სადაც 4-5 მილიონი ადამიანი თუ ცხოვრობს, შეიძლება კი მომგებიან და მიმზიდველ სფეროდ მივიჩნიოთ?

– კი, ნამდვილად. საქართველოში ახლა არის დაახლოებით 20-მდე გამომცემლობა, რომელიც არც ისე პატარა მოგებას ნახულობს.

– ანუ, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში წიგნზე
მოთხოვნილება მაინც არის, მიუხედავად ჩამოყალიბებული სტერეოტიპისა, რომ საქართველოში წიგნს აღარ კითხულობენ?

– წიგნზე მოთხოვნა არსებობს და იზრდება კიდეც. მაგრამ, გააჩნია ვის შევედრებით. ჩვენ თუ შევედრებით დანიას, მაშინ კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ, თუ შევედრებით მაგალითად სომხეთს, თურქეთს, რეგიონის ქვეყნებს, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპას, მაგალითად, სლოვაკეთს, მაშინ უარეს მდგომარეობაში არ ვართ.

– თქვენს დასახელებულ ქვეყნებში უფრო ნაკლებად
უყვართ წიგნი, ვიდრე საქართველოში?

– ასე თქმა არ შეიძლება. გააჩნია ქვეყანას. მაგალითად, საბავშვო წიგნების ტირაჟები რომ ავიღოთ, თურქეთში და საქართველოში თანაბარია. თურქეთი კი დაახლოებით 15-ჯერ არის საქართველოზე დიდი. იგივე პროზის ტირაჟები თურქეთში სულ სამჯერ თუ არის დიდი, ვიდრე საქართველოშია.

– თუმცა, საქართველოში წიგნის ყიდვა ზოგჯერ
მაინცდამაინც მისი წაკითხვის სურვილს არ უკავშირდება ხოლმე.

– ბუნებრივია. ერთია, როცა მშობელი შვილის განათლებაში ინვესტიციას აკეთებს, თუმცა, შეიძლება ამ ბავშვმა ნაყიდი წიგნი არც წაიკითხოს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წიგნი მიაჩნიათ ღირებულ ნივთად და ყიდულობენ იმისთვის, რომ დეკორატიული ფუნქცია შეასრულებინონ. მაგრამ მათ გარდა არსებობენ ადამიანები, რომლებიც წიგნს ყიდულობენ განათლების ან სიამოვნების მისაღებად. ამ ადამიანების რაოდენობა კი ყოველწლიურად მატულობს.

– დღეს რა სახის ლიტერატურაზეა მოთხოვნილება
და რა ტიპის წიგნებს უფრო მეტი მყიდველი ჰყავს საქართველოში?

– ჯერჯერობით ისევ საბავშვო ლიტერატურა მეტად იყიდება: იქნება ეს შემეცნებითი თუ მხატვრული; ილუსტრირებული თუ არაილუსტრირებული. მშობლები ყველაზე დიდი ხალისით ფულს ხარჯავენ შვილის განათლებაში. მათთვის ეს არის ინვესტიცია განათლებაში და ასეთი წიგნები კარგად იყიდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გამომცემლობის სხვა სეგმენტი არ არის მომგებიანი. თუ შევადარებთ უცხოეთის ბაზარს, საქართველოში გამომცემლობისთვის ბევრი სეგმენტი არ არსებობს. ამ დროს, შეიძლება იყოს მომგებიანი. უბრალოდ, გამომცემელთა რაოდენობა ცოტაა დღეისათვის.

– მიგაჩნიათ, რომ საქართველოს ბაზრისთვის გამომ
ცემელთა რაოდენობა ცოტაა?

– გარკვეული სეგმენტებისთვის კი, მაგალითად, სასწავლო ლიტერატურაზე. უბრალო მაგალითია – ლექსიკონები, რომლებზეც არის მოთხოვნა, მაგრამ ლექსიკონი არ არსებობს. ასევე, მსოფლიო კლასიკის თარგმანები ძალიან ცოტაა. ილუსტრირებული შემეცნებითი წიგნები უფროსებისთვის ძალიან ცოტაა, რომელზეც არის მოთხოვნა. პირველად საქართველოში შარშან ჩვენ დავიწყეთ კულინარიული წიგნების გამოშვება. ოღონდ, ეს იყო არა მხოლოდ რეცეპტი, არამედ კარგად გაფორმებული და ილუსტრირებული. წიგნი წარმატებული აღმოჩნდა. აუთვისებელი სეგმენტები არის ძალიან ბევრი. მთავარია, გამომცემელმა იცოდეს, რაზეა მოთხოვნა. ამის კვლევა შეიძლება და ინტუიციაც არსებობს. კარგი წიგნის დაბეჭდვასთან ერთად, მარკეტინგიც პროფესიონალურად უნდა განახორციელოს. თუ პროფესიონალურად არ გააკეთებს – არ გაიყიდება. ეს არის ხოლმე ის, რაც ძირითადად გამომცემლებს ეშლებათ.

– მარკეტინგის კუთხით მოიკოჭლებენ?

– წარმოების კუთხითაც. ის, რომ რაღაცა არ იყიდება, ხანდახან გამომცემლის ბრალია. ან არასწორად შეფუთა, ან ცუდად მიაწოდა, ცუდი დისტრიბუცია გააკეთა… ბევრი კომპონენტია და წარუმატებლობის ერთი მიზეზის დასახელება ძნელია. მაგრამ, თუ ადამიანი სწორად აკეთებს ყველაფერს, თვით ისეთი სეგმენტიც კი, რომელიც საოცრად წამგებიანი იყო მომგებიანი შეიძლება გახდეს, – მაგალითად, თანამედროვე ქართველი ავტორების პროზაული კრებულების გამოცემა, მათი ტირაჟები ყოველწლიურად მატულობს.

– საბავშვო ლიტერატურა ახსენეთ და რაც შეეხება
სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვას, თქვენი გამომცემლობა რა დონეზეა ამ საქმეში ჩართული?

– ყველაზე დიდ გამომცემლობებს შორის, ვინც სასკოლო სახელმძღვანელოებს გამოსცემს – ჩვენ ვართ მეოთხე პოზიციაზე. ოღონდ ჩვენსა და სხვა გამომცემლობებს შორის დიდი სხვაობაა. დიდი გამომცემლობებისთვის, რომლებიც გამოსცემენ სასკოლო სახელმძღვანელოებს, მათთვის სახელმძღვანელოების ბეჭდვა არის მთავარი ბიზნესი. რადგან სასწავლო წიგნები სავალდებულოა, ამ სეგმენტში გარანტირებული ტირაჟები არსებობს.

– ანუ, ასეთ გამომცემლობებს რისკი ნაკლები აქვთ?

– არა, რისკი მაინც არის, იმიტომ, რომ თუ ტირაჟს არასწორად დაგეგმავ – გაკოტრდები. ძალიან ბევრი გამომცემელი ჩავარდნილა მძიმე მდგომარეობაში. ყველაზე რისკიანი ბიზნესი არის სახელმძღვანელოების გამოცემა. აქ მოგების „მარჟა“ არ არის მაღალი. თუ ბევრი დარჩა გაუყიდავი – ზარალი სერიოზულია. ვთქვათ, დაბეჭდა 10 000 ცალი და გაიყიდა 2 500. მთელი თანხა დაკარგულია. ასეთი რაღაცეები ხშირად ხდება. ძალიან ბევრი გამომცემლისთვის, ვინც სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდავს – ეს არის მათთვის მთავარი ბიზნესი. ჩვენ ვართ ერთადერთი გამონაკლისი. სახელმძღვანელოები არის ჩვენი გაყიდვების მესამედზე ცოტა მეტი.

– თქვენ სხვა გამომცემლობების შესახებ საუბრობთ და
საინტერესოა, კონკურენცია გამომცემელ ფირმებს შორის რამდენად ჯანსაღია?

– გააჩნია რომელ სეგმენტში და რომელ სფეროში. ასევე გააჩნია რომელ ქვეყანას შევადარებთ. ზოგადად, საქართველოში კონკურენციაზე ლაპარაკი სასაცილოა, რადგან ბაზარზე ბევრი ნიშაა თავისუფალი და ბევრი გამომცემლობის ადგილია. რაც უფრო მეტი გამომცემელი იქნება, მით უფრო უკეთ განვითარდება თითოეული. ძალიან მიხარია, როცა ახალი გამომცემლობები ჩნდებიან და ხდებიან ჩვენი „კონკურენტები“. ამით, ჩვენი გაყიდვები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. ახალი მოთამაშის შემოსვლა ბაზარზე თითოეულის ხვედრით წილს კი არ ამცირებს, არამედ მთლიან ბაზარს ზრდის.

უფრო მეტიც, როდესაც რომელიმე გამომცემლობა აკეთებს რომელიმე წიგნის რეკლამას, თან კარგ რეკლამას, ჩვენი გაყიდვები იზრდება. მკითხველმა ნახა სულ სხვა წიგნის რეკლამა, მიდის მაღაზიაში ამ წიგნის საყიდლად. ხედავს სხვა წიგნებსაც და იმასაც ყიდულობს. ეს არის ბაზარი, რომელიც არის ზრდადი. ჯერ კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია, სანამ ბაზარი ზრდადია, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია ის წილი შევინარჩუნოთ, რომელიც გვიჭირავს. ჩვენი წილის ზრდას, ბაზრის გაზრდა გვირჩევნია. სიამოვნებით ვარ თანახმა გვქონდეს იგივე წილი რაც დღეს გვაქვს და თუ ბაზარი გაიზრდება – ჩვენი შემოსავლები მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. ამიტომ, ყოველი ახალი გამომცემლობის გამოჩენა ჩემთვის არის ძალიან კარგი.

– საავტორო უფლებების დაცვა და პირატული საქმია
ნობა თქვენს სფეროში – რამდენად ეხება თქვენს გაყიდვებს; საქართველოს ბაზარზე დიდი წილი თუ უჭირავს თუნდაც საავტორო უფლებების დარღვევით მომუშავე ან, საერთოდ დაურეგისტრირებელ და იატაკქვეშეთში მომუშავე გამომცემლობებს?

– საბედნიეროდ, საქართველოში ეს სფერო სხვას სფეროებთან შედარებით უფრო ცივილიზებილია. მთავარი მოთამაშეები ვინც არიან – ისინი ძირითადად იცავენ თამაშის წესებს, ანუ საავტორო უფლებებს. საავტორო უფლებებს არ იცავენ, როგორც წესი, ან არასერიოზული გამომცემლობები, რომლებიც ბაზარზე გავლენას ვერ ახდენენ, ან შეიძლება იყოს სერიოზული გამომცემლობა, მაგრამ იმ სეგმენტში, სადაც არღვევს საავტორო უფლებებს – იქ ვერ ახდენდეს სერიოზულ გავლენას.

ზოგადად, საბედნიეროდ არის რამდენიმე მსხვილი გამომცემლობა, რომელიც ძალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ყველა ცდილობს, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული და იურიდიულად გამართული. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები საერთოდ არ არის. სულ უბრალო მაგალითი რომ ავიღოთ, ახლა ბაზარზე არსებობს წიგნი, რომელსაც არ დავასახელებ და ამ წიგნის საავტორო უფლება ჩვენ ვიყიდეთ ცოტა ხნის წინ. ბაზარზე კი სხვისი გამოცემული ეს წიგნი იყიდება. მე იძულებული ვიქნები ცოტა ხანში შევატყობინო მის გამომცემელს, რომ ეს წიგნი მთლიანად ამოიღოს ბაზრიდან, თორემ სასამართლოს მივმართავ. ბუნებრივია, ასეთი მოლაპარაკება აუცილებლად შედგება. მან გამოუშვა წიგნი ისე, რომ ფული არ გადაიხადა. მე დავბეჭდე იგივე ნაწარმოები, რომელშიც ფული გადავიხადე. უკვე არათანაბარ პირობებში ვართ. ანუ, აქ ლაპარაკია არა იატაკქვეშა საქმიანობაზე, არამედ პირატულ საქმიანობაზე. ძალიან ხშირად, აღმოგვიჩენია, რომ თურმე ძალიან ბევრი დამრღვევი იმიტომ კი არ არღვევს, რომ ფული დაზოგოს, არამედ იმიტომ რომ უბრალოდ წესები არ იცის. ანუ, ბევრმა გამომცემელმა არ იცის, რა არის საავტორო უფლებები და არც ცდილობს გაერკვეს კანონმდებლობაში. ხანდახან არის მათი სიზარმაცის ბრალიც…

– ან, ზოგიერთმა იცის და არც ადარდებს…

– კი, ეგეთებიც არიან.

– აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით უნდა ერეოდეს
სახელმწიფო ამ საკითხის მოგვარებაში? ზოგჯერ გარკვეული ჯგუფებისგან არის მოთხოვნები, რომ სახელმწიფო ჩაერიოს და არ დაუშვას ისეთი წიგნების დაბეჭდვა-გავრცელება, რომელიც მათი თქმით, „საზოგადოების გადაგვარებას“ უწყობს ხელს… სახელმწიფო თუ ერევა საგამომცემლო საქმიანობის დარეგულირებაში?

– აკრძალვის თვალსაზრისით სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და არც ერევა. მაგრამ, სასურველია რაღაც დონეზე საავტორო უფლებების დაცვის კუთხით ჩაერიოს. მაგალითად, როცა საქმე ეხება საავტორო უფლებების დაცვას – რეაგირება უნდა იყოს უფრო მყისიერი.

– დღეს რა მდგომარეობაა, სახელმწიფოს მხრიდან
საავტორო უფლებების კონტროლი მთლიანად მიშვებულია?

– არა, მთლად მიშვებული არ არის. ეს დამოკიდებულია დაზარალებულის მარიფათზე. თუ მე დავზარალდი, იძულებული ვარ მე თვითონ ვიმოქმედო, ვიაქტიურო, მივმართო სასამართლოს, მერე მივმართო აღმასრულებელს… სახელმწიფოს როლიც იქ ჩანს. ბუნებრივია, სასამართლოს სისტემა სახელმწიფოს სტრუქტურაა. თუმცა, ევროპულ ქვეყნებში პირატული საქმიანობა ძალიან სერიოზულ დანაშაულად ითვლება და პოლიციას აქვს მყისიერი რეაგირების უფლება. მაგალითად, დარღვევით გამოცემული ტირაჟის დაპატიმრება ან წიგნების ამოღება. საქართველოში ჩემი დამზარალებელი რომ შევაწუხო და გაყიდვიდან წიგნი ამოვაღებინო – ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდება. ხანდახან, შეიძლება არც მიღირდეს. სახელმწიფო ამ კუთხით უნდა ერეოდეს, რომ კონკურენცია იყოს თანაბარი. დანარჩენი, ის – წიგნი უნდა გამოიცეს თუ არა – ეს უკვე ცენზურაა. რა წიგნი უნდა გამოდიოდეს – ბაზარი თვითონ ძალიან კარგად არეგულირებს. ყველანაირ წიგნს, რაც არ უნდა ცუდი და ამაზრზენი იყოს, არსებობის უფლება აქვს. ვისაც უნდა წაიკითხავს, ვისაც არ უნდა ნუ იყიდის. წიგნი ძალად ვერ გარყვნის ადამიანს…

– სახელმწიფოს დამოკიდებულებას შევეხეთ და საინ
ტერესოა თქვენი შეფასება სახელმწიფოში არსებულ საგადასახადო პოლიტიკასთან დაკავშირებით: რამდენად ლიბერალურია საგადასახადო კანონმდებლობა და ამ პირობებში თუ არის საგამომცემლო ბიზნესის წარმოება მომგებიანი?

– როცა ვუყვებით ხოლმე ჩვენს უცხოელ კოლეგებს – როგორია საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოში, არავის სჯერა, იმდენად შურთ ჩვენი. ცნობილია, რომ მთელ მსოფლიოში საგამომცემლო თვალსაზრისით ყველაზე საუკეთესო კანონმდებლობა საქართველოშია. ყველაზე ლიბერალურია და ყველაზე ადვილი ბიზნესის დასაწყებად, ფულის საშოვნელად და ასე შემდეგ. მაგალითად, არ არის წიგნზე დღგ, მოგების გადასახადი ყველაზე დაბალია. ფაქტობრივად, გადასახადები ძალიან პატარაა. რეალურად არის სულ ორი გადასახადი, რომელიც ამ სფეროს ეხება. ერთი არის მოგების გადასახადი და მეორე – საშემოსავლო გადასახადი.

– პერიოდიკა ჩვეულებრივი საგამომცემლო საქმიანობაა,
თუმცა მიიჩნევა, რომ საქართველოში ჟურნალ-გაზეთების მაღალი ტირაჟით გაყიდვა თითქმის შეუძლებელია და ამიტომ არც უყურებენ როგორც მომგებიან საქმიანობას. თუმცა, იყო დრო, როდესაც არც წიგნის გამოცემა მიიჩნეოდა მომგებიანად… თქვენ თუ აპირებთ მოსინჯოთ პერიოდიკაში ძალები და ამ სახის ბიზნესი წამოიწყოთ?

– ჩემი აზრით, პერიოდიკას იმ სახით, როგორითაც ის დღეს არსებობს – დიდი დღე არ უწერია. პერიოდიკა არის ან ინფორმაცია, ან გართობა. ადამიანები ინფორმაციის ინტერნეტით მიღებას სულ უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას. ბუნებრივია მას შემდეგ, რაც გამოჩნდა ახალი ხელსაწყოები აიფედი, ქინდლი…და ა.შ. ეს ხომ განვითარდება? ხუთი წლის შემდეგ ქაღალდზე ნაბეჭდი პერიოდიკა ნაკლებად იარსებებს. შესაბამისად, არ მაინტერესებს, ისეთ საქმეს მოვკიდო ხელი, რასაც პერსპექტივა არა აქვს. ვგულისხმობ ქაღალდზე ნაბეჭდ პერიოდიკას.

– თუმცა, მიგაჩნიათ რომ ტექნოლოგიების განვითარება
წიგნების გამომცემლობას ხელს არ შეუშლის?

– არ შეუშლის. უფრო მეტიც, ჩვენ, ძალიან მალე, ალბათ დაახლოებით 4 თვეში დავიწყებთ ჩვენი წიგნების ელექტრონული ვერსიების გაყიდვას ინტერნეტით – ონლაინ რეჟიმებში. მაგალითად, ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველს შეეძლება ნებისმიერი წიგნი იყიდოს თავისი აიფედისთვის. გადაიხადოს ბარათით, გადმოტვირთოს ინტერნეტიდან და ისე წაიკითხოს. ანუ, ჩვენ წარმოების და დისტრიბუციის ხარჯებს ვანულებთ. ამ ყველაფრით გამომცემლობა უფრო ხეირობს. კიდევ უფრო კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ზედმეტი რგოლი ამოვარდება გამომცემლობასა და მკითხველს შორის.

– როდესაც თქვენი გამომცემლობა რაიმე წიგნის
გამოცემას აპირებს – ვინ არის ნაწარმოების შემრჩევი: უშუალოდ თქვენ თუ გამომცემლობაში არის რაიმე ჯგუფი, ვინც გადაწყვეტს ამა თუ იმ წიგნის დაბეჭდვას?

– როგორც წესი, გადაწყვეტილებას ჯგუფი იღებს. ძალიან იშვიათად ხდება, როდესაც რომელიმე კონკრეტული წიგნის დაბეჭდვაზე პირადად ვიღებ გადაწყვეტილებას. რასაკვირველია, ამის უფლება მაქვს, დამფუძნებელი ვარ და შემიძლია მოვითხოვო დირექტორისგან, რომ ეს წიგნი გამოვიდეს.

– თუმცა, შეიძლება იმ წიგნის გამოცემა კომერციულად
ძალიან მომგებიანადაც არ გამოიყურებოდეს?

– როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. ვთქვათ, მიმაჩნია, რომ იმდენად მნიშვნელოვანია ამ წიგნის კულტურული ღირებულება, რომ ის უნდა გამოვცეთ. ჩვენი პროდუქციის ალბათ 10-20%-მდე არის არაკომერციული პროდუქტი. ანუ, სხვა წიგნების მოგებით ვაფინანსებთ წამგებიან წიგნებს.

– თქვენი გამომცემლობის მიმართ პრეტენზიის მსგავსი
განცხადებებიც არის ხოლმე – რომ თქვენ ბეჭდავთ ე.წ. ბულვარულ ნაწარმოებებს და თითქმის არ გამოსცემთ კლასიკას…

– ეგ აზრი არსებობს და მეც გამიგია, მაგრამ რას ეყრდნობა, ვერ გავიგე. როდესაც მიკითხავს – აბა დამისახელეთ მაგალითი, ვერ ასახელებენ ხოლმე. როცა ჩვენ ვარჩევთ ნაწარმოებებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გარდა კომერციული თვალსაზრისისა – არის კულტურული ღირებულება. თუ წიგნს მხატვრული ღირებულება ჩვენს მიერ დაწესებულ მინიმუმზე მაღალი არა აქვს – არ გამოვუშვებთ. რომ ვიცოდეთ, რომ ეს წიგნი იქნება სუპერ მომგებიანი, მაგრამ აბსოლუტურად დაბლა იდგება იმ ჩვენს თამასაზე – არ გამოვუშვებთ.

ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ პოეზიის გამოცემა წამგებიანია. პოეზიას ჩვენ საერთოდ არ გამოვცემთ, მაგრამ არა იმის გამო, რომ წამგებიანად მიგვაჩნია. ბოლო წლების ყველაზე მომგებიანი პროექტი, რომელიც სხვა გამომცემლობებმა გააკეთეს – იყო პოეზია. მაგალითად, სულ ბოლოს, გასული თვის ყველაზე კომერციული პროექტი საქართველოში იყო ნიკო გომელაურის ლექსები. ძალიან კარგი კომერციული პროექტი იყო რატი ამაღლობელის ლექსების ბოლო 2 კრებული.

ერთ-ერთი გამომცემლობა არის „ინტელექტი“, რომელსაც აქვს სერია – „100 ლექსი“. ეს არის გაცილებით უფრო კომერციული, ვიდრე პროზის გამოცემა. მაგრამ პოეზია არ არის ჩვენი საქმიანობის სფერო. ვისი სფეროც არის – ის მიხედავს. ჩვენი კონკრეტული პრიორიტეტები ვიცით, რაში გვაქვს გამოცდილება, რაში ვართ კომპეტენტურები და იმას ვაკეთებთ.

ჯერჯერობით არ ვაპირებთ პოეზიის გამოცემას. თუმცა რა მოხდება 5 წლის მერე, არ ვიცი. დრო და დრო ვზრდით ჩვენს პრიორიტეტებს. ადრე თუ იყო მხოლოდ საბავშვო წიგნები და პროზა, ახლა დაემატა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიტერატურა. გადავედით უფროსებისთვის ილუსტრირებულ გამოცემებზე.

– ქართველი ავტორების წიგნებიდან, რომელიც თქვენ
დაბეჭდეთ – ყველაზე კარგად რომელი გაიყიდა?

– დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. გაყიდვა ახლაც გრძელდება. ეს არის ჩვენთვის ყველა დროის ყველაზე კომერციული წიგნი.

– „ჯინსების თაობა“ აკა მორჩილაძის ნაწარმოებებზე
უკეთ გაიყიდა?

– შედარებაც არ შეიძლება.

– შეგიძლიათ უკვე წინასწარ განსაზღვროთ, რა სურს
მკითხველს და ისე დაბეჭდოთ წიგნი, რომელიც დიდ მოგებას მოიტანს?

– წარმატებისთვის რამდენიმე მომენტია, რომელიც თავს იყრის. ერთი კონკრეტული მიზეზით რომ ხდებოდეს, მაშინ ამ მიზეზს ყველა გაიმეორებდა და მიბაძავდა. „ჯინსების თაობის“ წარმატებაში არის რამდენიმე ფაქტორი: ავტორი, თემა, შემდეგ – ამაზე პრომოუშენი იყო მილიარდჯერ. რეკლამა მიდის ლამის ყოველდღე. გადის სპექტაკლი. წიგნი კი სპექტაკლის შემდეგ გამოვიდა.

– თუ გამოსცემთ რუსულ ლიტერატურას ან ხომ
არ მიგაჩნიათ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ბაზარზე რუსული ლიტერატურა არც გაიყიდება?

– ჩვენ გამოვეცით დოვლატოვის „ჩემოდანი“ – ქართული თარგმანით. ახლა გამოვცემთ ერთ რუსულენოვან წიგნს, რომელსაც ჰქვია „დაბადებული საბჭოთა კავშირში“. ავტორია ვასილ ერნუ. წიგნი რუსულადაა დაწერილი. ავტორი დაიბადა, გაიზარდა საბჭოთა კავშირში და აღწერა, რა იყო იმ პერიოდში.

– რასაც ჰქვია რუსული კლასიკა, ასეთ ლიტერატურას
თუ დაბეჭდავთ?

– დოვლატოვი არ არის ცუდი მწერალი და თანამედროვე კლასიკოსადაც მიიჩნევენ. რაც შეეხება სხვა ავტორებს, ისევე როგორც რუსულ კლასიკას – აუცილებლად გავაკეთებთ. ახლა დავიწყეთ ახალი სერიის მომზადება. წელს გამოვა „მსოფლიო კლასიკა“. ამაში შედის ყველა დროის საუკეთესო მწერლების საუკეთესო ნაწარმოებები.

– ბაზარი თუ რეაგირებს პოლიტიკურ მოვლენებზე და
თუნდაც რუსეთის ომის შემდეგ თუ იკარგება ინტერესი რუსული ლიტერატურის მიმართ?

– არა მგონია. თუ ადამიანს ლიტერატურა უყვარს, წაიკითხავს ნებისმიერ მწერალს. აღარ აქვს მნიშვნელობა მწერლის ეროვნებას და იმას, სად ხდება მოქმედება. თუ ღირებულია – ის ღირებულია ყველასთვის. თუ ადამიანი წიგნს მაგ ნიშნით არჩევს, მაშინ მას ლიტერატურა არ უყვარს.

– თქვენი შეფასებით, ქართველი მკითხველი არის კი
ინტელექტუალური მკითხველი?

– უბრალოდ ცოტა გვყავს, მაგრამ არის. რამდენიმე ასეულია ასეთი ადამიანი, მაგრამ ხომ არის?!

– თქვენი გამოცემული წიგნებიდან ერთ-ერთი ყველაზე
წარმატებული „ჰარი პოტერი“ იყო. მსგავსი წარმატება სხვამაც თუ გაიმეორა?

– გარკვეულწილად კი. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ „ჰარი პოტერის“ მხოლოდ პირველი გამოცემა იყო ასეთი წარმატებული. დანარჩენები – არა. ანტირეკლამამ 85%-ით შეამცირა გაყიდვები. ჩვენს საზოგადოებაში ამ ტიპის ანტირეკლამა მკვეთრად ამცირებს გაყიდვებს. პირველი წიგნის ტირაჟი ნებისმიერი ქართველი გამომცემლისთვის საოცნებო იყო. ერთ თვეში 23 ათასი წიგნი გაიყიდა.

– ანუ, საქართველოში ისეთი მკითხველია, ვინც მარტივად რეაგირებს დირექტივებზე?

– ასეა. სინამდვილეში მათ წიგნი კი არ უყვართ, არამედ ზოგისთვის ზოგჯერ მოდაშია რაღაცის წაკითხვა და იმიტომ კითხულობენ. თუ კი ისეთი ვინმე, ვისაც ეს მკითხველი ენდობა, ეტყვის, რომ „ამ წიგნის წაკითხვა არ შეიძლება“ – სიამოვნებით დაუჯერებს. ეზარება კითხვა. ვისაც არ ეზარება, „აკრძალულ ხილს“ გემოს აუცილებლად გაუსინჯავს, მაგრამ თუ ეს მისთვის დამატებითი შრომაა, წიგნს აღარ მიეკარება.

– თქვენი გამოცემული წიგნები წლების წინ აკინძვის
ხარისხში მოიკოჭლებდა ხოლმე. ამჟამად რა მდგომარეობაა?

– ჩვენი წიგნების ხარისხი საქართველოში არის საუკეთესო. 10 წლის წინ იყო ხარვეზები. სამწუხაროდ, 10 წლის წინ სასტამბო საქმე – პოლიგრაფია არ იყო მაღალ დონეზე. ახლა გაცილებით უკეთეს დონეზეა, მაგრამ ჩვენ საქართველოში აღარ ვბეჭდავთ. შეკვეთებს ვაძლევთ შემდეგ ქვეყნებში: თურქეთი, ინდონეზია, ჩინეთი, ინდოეთი, სლოვაკეთი, მალაიზია… უცხოეთში უკეთესი ხარისხია და უფრო იაფი გვიჯდება. თუ კი საქართველოში აღმოჩნდება, რომ იგივე ხარისხია და ბეჭდვაც იგივე ღირს – საქართველოში დავბეჭდავთ. აქ ხარისხს ბევრმა მიაღწია, მაგრამ ჯერ ფასი კვლავ მაღალია. თუმცა რაც უფრო გადის დრო – ჩნდება ისეთი სტამბები, რომელიც უფრო უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტს როგორც ხარისხით, ასევე ფასით. სტამბის სიძვირე საბოლოო ჯამში მისი მენეჯმენტის „დამსახურებაა“. რაც უფრო კარგი მენეჯმენტია სტამბაში, მით უფრო კარგი ხარისხი და ფასი აქვს.

– უახლოეს მომავალში რომელი ახალი ნაწარმოებების
გამოცემას აპირებთ?

– ჩვენ წელიწადში 200-ზე მეტ წიგნს ვუშვებთ. ჩვენ 4-5 ძირითადი მიმართულება გვაქვს, თითოეულ მიმართულებაში გვაქვს პროექტები. ზოგი გამოდის წელს, ზოგი გაისად და ასე შემდეგ. „საქართველოს ატლასის“ შექმნას 4 წელი მოვანდომეთ. ეხლა გამოდის საქართველოს ისტორიაში პირველად – „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვაფინანსებდით მცირე ინსტიტუტს ჩვენს ბაზაზე. 12 ენათმეცნიერი ჩვენი დაფინანსებით მუშაობდა. რასაც ენათმეცნიერებათა ინსტიტუტი აკეთებდა 20 წელი 100 კაცით, ჩვენ გავაკეთეთ 4 წელიწადში 12 კაცით. ხარისხს ნახავთ, რომ ჩვენი გამოცემა ყველაფრით უკეთესი იქნება.

– რაც შეეხება უცხო ავტორებს – ყველას შეუძლია
თქვენთან ითანამშრომლოს?

– ჩვენთან ყოფილა შემთხვევა, ის ნაწარმოები დაგვიბეჭდია, რომელიც მოსულა ელექტრონული ფოსტით და არც გვცოდნია, ვინ არის ავტორი. ასევე რამდენიმე მხატვართან ვთანამშრომლობთ, ვისი ნამუშევრებიც პირველად ინტერნეტით ვნახეთ. მოგვეწონა და გავუფორმეთ კონტრაქტი. ასე რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ისეთი ნაწარმოები (პოეზიას არ გამოვცემთ), რომელიც ჩვენს პრიორიტეტებს შეესაბამება: ან უნდა იყოს საბავშვო, ან პროზაული ნაწარმოები, ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური – თუ მოიტანს, ჩვენ განვიხილავთ. ძალიან მალე, 2 დღეში ვიღებთ გადაწყვეტილებას.

– როდესაც ასე დატვირთულ რეჟიმში გიწევთ ყოფნა,
თავისუფალი დრო თუ გრჩებათ და ჰობი რა გაქვთ? ცხადია, წიგნების კითხვა ალბათ თქვენთვის ჰობი არც იქნება…

– ჰობიც არის, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი სამსახური. მე არა ვარ დაქირავებული თანამშრომელი. ამიტომ, შემიძლია საერთოდ აქ არც ვიარო. ბუნებრივია, წიგნების კითხვა ჩემი ჰობიც არის და ჩემი საქმეც. კიდევ ძველებური ხელნაწერი წიგნები მაინტერესებს. ვკითხულობ წიგნებს, რომელიც ეხება ძველებურ ხელნაწერებს, რომლებშიც აღწერილია ძველი გამოცემები. სიამოვნებით ვნახულობ ხოლმე ასეთ წიგნებს და ვათვალიერებ.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით