Homeინტერვიუინტერვიუ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელთან

ინტერვიუ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტ ალექსანდრე რონდელთან

Published on

spot_img

მინი დოსიე

ალექსანდრე რონდელი დაიბადა თბილისში, 1942 წელს.

არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი.


1991-1996 წლებში გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე.


1997-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი.

1976-1977 წლებში სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ).

1991 წელს იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წლებში უილიამს კოლეჯში.


თავისუფლად ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

– ბატონო ალექსანდრე, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დაარსების იდეა საიდან წამოვიდა?

– მსოფლიოში არ არსებობს საზოგადოება, რომელიც არის დემოკრატიული, ან მიიღწვის დემოკრატიულობისკენ და რომელსაც არ აქვს სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები. ბუნებრივია, სამომავლოდ სამოქალაქო საზოგადოებას სულ მეტი ძალა და გავლენა ექნება. საქართველოში ეს ჯერ საკმარისი არ არის, რაც არც არის გასაკვირი, მაგრამ მომავალში ალბათ ასე იქნება.

მე საბჭოთა პროდუქტი ვარ. როგორ წარმოვიდგენდი ჯერ კიდევ ჩემი 50-წლიანი ასაკის პერიოდში, რომ ვიქნებოდი ე.წ. „თინკ-ტანკის“ (think-tank – „აზრების ფაბრიკა“, ანალიტიკური ცენტრი) ხელმძღვანელი. იმდენად ახალი რამეა და ძნელიც, სხვათა შორის. ალღოს როგორ ვუღებ? – ალბათ იმიტომ, რომ კარგი კოლექტივი ვართ. სხვანაირად ძალიან რთული იქნებოდა. ძნელია ფინანსურადაც: ყოველდღე ვიბრძვით, რომ შევინარჩუნოთ და სტატუსი არ გავიფუჭოთ.

გვსურდა ყოფილიყო ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ხელისუფლება როგორც წესი, ჩართულია რუტინაში. იმდენად ჩართულები არიან სხვადასხვა საქმეში, რომ დაგეგმვის და კონცეპტუალური ხედვის საშუალება თითქმის არა აქვთ. სწორედ ამიტომ არის დასავლეთში გამოგონებული „თინკ-ტანკების“ სისტემა, ეს არის კვლევითი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ ხელისუფლებას და საზოგადოებას მიაწოდონ რაღაც კონცეპტუალურად დალაგებული ინფორმაცია, გარკვეული ხედვა, მართავენ საზოგადოებრივ დისკუსია-დებატებს.

– საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საქმიანობა როგორ დაიწყო?

– ეს უნდა დავაბრალოთ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილს. მაშინ ვმუშაობდი უნივერსიტეტში და ამავე დროს ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ცენტრის ხელმძღვანელი. იმ დროს თემურ იაკობაშვილი ასევე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. აზრი გაჩნდა, ხომ არ ვთხოვოთ ვინმეს, რომ რაღაც ანალიტიკური სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაცია გაკეთებულიყო. როდესაც ფონდს ვქმნიდით, მაინც გვეგონა, რომ ეს იქნებოდა ადგილი, სადაც წამყვანი საქმიანობა ანალიტიკური მუშაობა იქნებოდა. ზოგადად, „თინკ-ტანკი“ იდეალურ შემთხვევაში არის ადგილი, სადაც ანალიტიკური მუშაობა ბატონობს. მაგრამ, სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ საქართველოს მსგავსი პოსტსაბჭოთა პატარა ქვეყანა არ არის მზად ასეთი ცენტრი შეინახოს.

ანალიტიკური ცენტრი თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დამოკიდებულები არიან დონორების ფულზე. ჩვენ გვეგონა, რაც საქართველოში კარგი „ტვინია“, ყველას მოვიწვევთ, დავსხდებით და კვლევებს დავწერთ. აღმოჩნდა, რომ ამაში ფულის გადასახდელად არავინ არ არის მზად. ეს არის ძალიან ცუდი. არც კერძო სექტორი და არც სახელმწიფო სექტორი კაპიკ ფულს არ მოგცემს, რომ შენ მათთვის ანალიტიკური მასალა მოამზადო. ბოლო-ბოლო რომელიმე მინისტრი დაგირეკავს და გკითხავს, ან დაგიძახებს უფრო მაღალი დონის ხალხი, დაგელაპარაკებიან. ჩვენ ვმონაწილეობდით ძალიან სერიოზული დოკუმენტების მომზადებაზე. ჩვენი ფონდი იყო ადგილი, სადაც შეიკრიბა უამრავი დამოუკიდებელი ექსპერტი და რამდენიმე თვე ვწერდით დოკუმენტებს ერთი ან მეორე უწყებისთვის. ისე, უბრალოდ. არავითარი კაპიკი არ აგვიღია. პატრიოტული მოტივის ხარჯზე. რატომ? იმიტომ, რომ საჭირო იყო. ეს არ არის ნორმა, მაგრამ რას ვიზამთ.

სახელმწიფოსგან თუ რაიმეში ფული ავიღეთ, მაშინვე კრიტიკის ქარ-ცეცხლში ვხვდებით. მაგრამ, მე თუ ფულს ავიღებ, გადამიხდიან კონკრეტულ პროდუქტში. დამიკვეთეს და დავწერე. როგორც წესი, სახელმწიფო ბევრს არ იხდის. უკეთესია კერძო დონორი. მაგრამ, საქართველოში კერძო მეწარმეებს და დონორებს არ სურთ რაიმე კვლევის დაკვეთა.

ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთი რამ – საქართველოს არ ჰყავს თანამედროვე ელიტა, ვინც არის მაღალი დონის და მზად არის ცვლილებების მისაღებად, აქვს დამოუკიდებელი აზროვნება და ზნეობრივად მაღალ დონეზე დგას, თან არის ორგანიზებული პოლიტიკური ძალა – ეგეთი რამე ჩვენთან არ არის.

ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაიწყო მოულოდნელად. აღმოჩნდა, რომ ამოცანები ძალიან რთული იყო, სახელმწიფო ჩაეფლო კორუფციის ჭაობში. ჩვენ არშემდგარი სახელმწიფო ვიყავით. ამ ფონზე აღმოჩნდა, რომ ხალხის გაწვრთნაზე არის მოთხოვნილება. ჩვენი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ეს არის. დავინახეთ, რომ ხალხი მოწოდებულია ცვლილებებს შეეგუონ. ახალი ადგილი და ახალი იდენტურობა ნახონ საზოგადოებაში. ჩვენი წამყვანი საქმიანობა არის ანალიტიკოსების მომზადება, სახელმწიფო მოხელეების გადამზადება. ჩვენ ვართ ამაყნი იმით, რომ წვლილი შეგვაქვს თანამედროვე ერის მშენებლობაში.

ვმუშაობთ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან. 20-25-კაციან ჯგუფებს ვიღებთ, რომლებსაც ვატყობთ, რომ ინტეგრირება სურთ. ისე მოხდა, რომ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, მთელი ეს ბრძოლა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის აღმოჩნდა მხოლოდ ქართული პროექტი. თავის დროზე მაშინდელმა ლიდერებმა არ მიხედეს ამ საკითხს, რომ ეს ხალხი ასევე ყოფილიყო პროცესებში ჩართული, მათ კი ეს მოვლენები მიიღეს როგორც მხოლოდ ქართული პროექტი, რომელიც მათთვის განკუთვნილი არ იყო.

ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს დიდი პრობლემაა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათთან ვიმუშაოთ, ვაჩვენოთ რას ვაკეთებთ, რა სურს საქართველოს, დამატებით რაღაც ინფორმაციას ვაძლევთ, ვასწავლით, როგორ წერონ ანალიტიკური დოკუმენტები. უფრო მეტად მიდიან სახელმწიფო სამსახურში და მეტად ინტეგრირებულნი ხდებიან. ეს ადამიანები თავიანთი თემის ლიდერები უნდა გახდნენ. როდესაც თემის ლიდერი განვითარებულია, იმ თემთან საუბარი იოლია – ერთ ენაზე ვლაპარაკობთ. ამ მხრივ, ესეც არის ჩვენი ნიშა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების არასამხედრო ასპექტები. ეს არის სახელმწიფო მართვა, ეკონომიკური უსაფრთხოება, ნაციონალიზმი და ეთნიკური პრობლემები – არასამხედრო ასპექტები – ყველაფერი ეროვნული უსაფრთხოებაა.

– დონორებიდან ვისთან თანამშრომლობს თქვენი ფონდი?

– ჩვენ ვცდილობთ, პროექტები ვთხოვოთ სხვადასხვა სახელმწიფოთა მთავრობებს. მაგალითად, კანადის ხელისუფლებას. ზოგადად, ყველა ხელისუფლებას აქვს საერთაშორისო დახმარების სააგენტო, მათ შორის შვეციას, შვეიცარიას, შეერთებულ შტატებს, ფინეთს…

– რატომ არიან დაინტერესებული სხვა ქვეყნების მთავრობები ჩვენთან პროექტების განხორციელებით?

– მათ აქვთ გარკვეული თანხა გათვალისწინებული. ჩამოდიან და ამბობენ, რომ „ჩვენ გვაქვს თანხა დემოკრატიის განვითარებაზე“. რომელი პროექტიც მოეწონებათ, იმაში იხდიან ფულს. ეს ძალიან კარგია. იმ მომენტში ვინც მუშაობს, ანაზღაურებას მიიღებს, მაგრამ ინსტიტუციური განვითარებისთვის ფულის გადახდა არავის სურს.

მთავრობამ დააარსა ფონდი, რომელიც არასამთავრობოებს ეხმარება, ეს არის ძალიან კარგი ამბავი. ევროპაში რომ წახვიდეთ, ნახავთ, რომ არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია გერმანიაში, განსაკუთრებით კი ჰოლანდიაში, რომ 20-დან 60%-მდე დაფინანსება მთავრობიდან ან მუნიციპალიტეტიდან არ ჰქონდეს. ორგანიზაციებს მინიმუმს აძლევენ, რომ თავი შეინახონ. მე ზოგჯერ მაქვს ვითარება, თანამშრომლისთვის ხელფასის მიცემა არ შემიძლია.

– კონფლიქტს არ ქმნის სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობოების დაფინანსება?

– იმ ქვეყნებში არ ქმნის. იმიტომ, რომ ისინი დაფინანსებას მოჭრილად ღებულობენ. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ, რომ თავი შეინახონ. მაგალითად, გვყავს კარგი სპეციალისტი, ბუღალტერი და წავიდა. მეორე მსგავს სპეციალისტს იოლად ვერ მოვიყვანთ. ან, კაცი რომელიც აქ დიდი ხანია მუშაობს და ყველა პროექტი იცის – სხვა გადაიბირებს და წავა. წლებით აწყობილი საქმე რომ ინგრევა – არ არის კარგი. საბოლოო ჯამში არასამთავრობოები საზოგადოებას და სახელმწიფოს ეხმარებიან განვითარებაში.

– საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს სხვადასხვა გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა მიღებული…

– გადავხედეთ და დავინახეთ, რომ სახელმწიფო აპარატის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენთან ერთ-ერთ პროგრამაში მაინც მონაწილეობდა და რაღაცა ცოდნა ჩვენგან წაიღო. რომ ვეკითხებით, ყოველთვის არიან კმაყოფილები. მეორე წელია პარტიებთან დავიწყეთ მუშაობა. ჩვენთან პარტიული კულტურა ძალიან დაბალია. გნებავთ ოპოზიციაში და გნებავთ წამყვან პარტიაში. ეს არ არის ნამდვილი პარტიები. ჩვენ გვინდა, რომ ნამდვილი, ევროპული ტიპის პარტიები ჩამოყალიბდეს. ამის გარეშე არც დემოკრატია იქნება და არც საპარლამენტო რესპუბლიკა. გავუგზავნეთ წერილი პარტიებს. თითქმის ყველა მათგანმა რამდენიმე კაცი წარმოადგინა, ახალგაზრდა, პერსპექტიული. ვასწავლით ზოგად მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ჭირდებათ, იგივე პოლიტიკური სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ასევე, პარტიის წარმომადგენელს შესაბამისი ცოდნა და მოქნილობა რომ ჰქონდეს. არ არის ადვილი სამუშაო, მაგრამ საინტერესოა. ყველა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ერთად სხედან. თავიდან საქმე ცოტა რთულად მიდის ხოლმე, მგლებივით უყურებენ ერთმანეთს, მერე კი ერთმანეთთან ურთიერთობას ეჩვევიან და მეგობრობენ კიდეც. ეს კარგია პოლიტიკური კულტურისთვის.

მოკლედ, ძალიან ბევრ პროგრამაში ვმონაწილეობთ. ერთ-ერთი პროგრამის მიხედვით, ქართული ენის შესწავლაშიც კი ვეხმარებით ჯავახეთში. ამისთვის ერთ-ერთმა უცხოურმა მთავრობამ გაიღო ფული.

– თქვენი ფონდი სულ რამდენ ადამიანს აერთიანებს, ვინც მუდმივად არის აქ დასაქმებული?

– ყველა, ტექნიკური მუშაკიან-დამლაგებლიანად, სულ 23 ადამიანია. აქტიური მუშაკები ვართ 5-6 თანამშრომელი. ითვლება, რომ დიდი ფონდია, მაგრამ სინამდვილეში ცოტანი ვართ.

– ფონდის საქმიანობაში, ამოქმედებიდან დღემდე მის საქმიანობაში რა მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა?

– რეალურად, ჩვენი ფონდი ამუშავდა 2000 წლიდან, როცა პირველი პროექტი გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, ძალიან გაიზარდა სამუშაოს მოცულობა. ერთდროულად რამდენიმე პროექტს ვაკეთებთ. პირველი იყო ამერიკულ „თინკ-ტანკთან“ ერთად ანალიტიკოსების მომზადება. ეს პროექტი 5 წელიწადს გრძელდებოდა. ვინც კი გაიარა, ყველა ამბობს, რომ აქ ძალიან ბევრი ისწავლა. ბევრი მათგანი დღეს მინისტრის მოადგილეა, არის მინისტრიც…

– სახელმწიფო მოხელეების მომზადებას სხვა ინსტიტუტებიც ახორციელებენ. მაგალითად, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტი GIPA (Georgian Institute of Public Affairs) ახორციელებს. გამოდის, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გარკვეულწილად კონკურენციაც არის?

– შეიძლება რაღაც იყოს. ჩვენი პრინციპია ვაკეთოთ ის, რაც ვიცით. თუ მოდის დონორი, ვეუბნებით რაშიც „ჯიპაა“ უკეთესი, იმ საქმისთვის „ჯიპას“ მიმართოს. გარკვეული კონკურენცია არის, მაგრამ სწორად უნდა მოიქცე, დონორი არ უნდა მოატყუო და შენთან მოვა.

დონორთან ჩვენ არასოდეს ვაკრიტიკებთ სხვა ჩვენს მსგავს ორგანიზაციას. ვამბობთ, ჩვენ რა ვიცით უკეთ, მაგრამ, რაც მიგვაჩნია რომ სხვა უკეთესია, იმასაც ვამბობთ. რაღაცა ნიშაა და ყველას თავისი ნიშა გვაქვს. სამწუხაროა, რომ პოლიტიზაციამ ასეთ „თინკ-ტანკებს“ თავისი კვალი დააჩნია. ზოგი მათგანი იკვეხნის, რომ არის აშკარად პრო-რომელიღაც ძალა. ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს გახდეს სტაბილური… სამოქალაქო სექტორში უფრო მეტს ვაკეთებთ. ვმუშაობთ მედიასთან.

ამჟამადაც გვაქვს ორი პროგრამა. ჟურნალისტებს ვასწავლით არა ჟურნალისტიკას, არამედ იმ სფეროებს, რაც მათთვის არის საინტერესო. ასობით ადამიანმა გაიარა ჩვენი პროგრამები და უმეტესწილად გვეუბნებიან, რომ ვინც კურსები გაიარა, კმაყოფილია. ამის დამსახურება ის არის, რომ ჩვენ არ „ვახალტურებთ“. რომ „ვახალტურებდეთ“ – ამას დონორიც დაინახავდა და მსმენელიც.

– თქვენი ფონდი სხვადასხვა კვლევებს ატარებს და საქმის კურსშია. თქვენი შეფასებით, რა სიტუაციაა საქართველოში ბიზნეს-გარემოს მხრივ?

– ფაქტია, რომ ბიზნეს-გარემო უმჯობესდება. მაგრამ, ქვეყანა ვალში ცხოვრობს. როგორ შეიძლება ქვეყანა ვალში ცხოვრობდეს და ვთქვათ, რომ ქვეყანაში კარგი ეკონომიკაა? საბჭოთა კავშირის რაღაც ნამცეცი – საქართველო დარჩა და ფეხზე დგება თავიდან. ქვეყანა ვალებშია, ჩვენი საზოგადოება კიდევ არ არის ის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ფეხზე მალე წამოდგომა. არც შრომითი ეთიკაა საკმარისი. ბევრი საბჭოთა კავშირში ჩარჩა, პარაზიტული ცხოვრების მომხრეც ბევრია. ჩვენ დაგვიტოვა საბჭოთა კავშირმა უუნარობა ყველაფერში. საზოგადოებას შეუძლია თუ არა, რაიმე პროდუქტის წარმოება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს? ნაკლებად. ამიტომაც ვალი გვაქვს დიდი და თან გვინდა კარგად ცხოვრება. სანამ არ ვისწავლით და არ გავალთ საერთაშორისო ბაზარზე – ასე ვიქნებით. ყველა პოსტსაბჭოური რესპუბლიკა ასეა. საბჭოთა კავშირმა ყველა დაკოდა.

მაგალითად, საპონსაც კი უფრო უკეთესს აკეთებენ სხვა ქვეყნები. იმიტომ რომ იქ იაფი უჯდებათ და იქ დამზადებულის შემოტანა უფრო მომგებიანია, ვიდრე აქ წარმოება. ამის შეცვლა მალე არ მოხდება. მაღაზიაში შევდივარ და ერთი ქალი მეუბნება – „მიშას უთხარით ქარხნები გახსნას“. იმას ჰგონია, პრეზიდენტმა დაკეტა ქარხნები. ეს ქალი არის კლასიკური საბჭოთა პროდუქტი. პროტესტს აცხადებს, არის გაჭირვებული და გაუბედურებული. მაგრამ ვისი ბრალია? ლენინის და სტალინის, და მთელი ამ ყველაფრის, რასაც ეს ხალხი ტაშს უკრავდა. ამ მდგომარეობიდან გამოსვლა არის ძალიან ძნელი. ჩვენი ფონდი სწორედ ამ მიმარულებით მუშაობს, რომ ხალხს განათლება მივცეთ, ეს სიტუაცია გამოვასწოროთ.

შარშან პრეზიდენტთან შეიქმნა ფონდი, რომელიც დაეხმარება აქაურ არასამთავრობოებს და ეს არის ძალიან კარგი, ამ საქმეში მამლის პირველი ყივილია. იმიტომ, რომ თუ უცხოელი დონორი წავა, მაშინ აქაური არასამთავრობო ორგანიზაცია აქაური დაფინანსების წყალობით მაინც გადარჩება. სხვა შემთხვევაში, თუ არასამთავრობოები არ იარსებებენ, სამოქალაქო საზოგადოებაც არ იარსებებს. მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაეხმაროს.

– არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ხომ შეიძლება იგივე „მეხუთე კოლონა“ აამოქმედოს უცხო ქვეყანამ?

– გეთანხმებით, სამწუხაროდ, ამის ალბათობაც არის.

– ბატონო ალექსანდრე, საკმაოდ დაკავებული რეჟიმი გაქვთ და თუ ნახულობთ თავისუფალ დროს, ასევე რას აპირებთ მომავალში?

– ორ უნივერსიტეტში ვასწავლი. სად მაქვს თავისუფალი დრო? ჯანმრთელობაზეც მთლად კარგად არ მაქვს საქმე. რას ვაპირებთ? ჩვენ გვინდა ლიდერების გაზრდა. გვსურს ნორმალური პროგრამა გავაკეთოთ. ჩვენი სახელმწიფო მოხელეების გადამზადებაზეც უცხოელები ხარჯავენ ფულს. კანადის საერთაშორისო სააგენტომ გამოყო ფული ამისთვის. შვეციის მთავრობამ გამოყო ფული და ვწვრთნით მოხელეებს, მოლაპარაკება როგორ უნდა გამართონ, როგორ უნდა დაწერონ დოკუმენტები. ეს ყველაფერი მხოლოდ უცხოური ფულით ხდება, სამწუხაროდ.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით