მინი დოსიე
მიხეილ ფარულავა დაიბადა 1981 წლის 25 ოქტომბერს ქ. ქუთაისში, სადაც 1999 წელს წმ. ნინოს სახელობის გიმნაზია დაამთავრა.
1998-1999 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ ღია ლიცეუმში, გამოყენებითი ეკონომიკის მიმართულებით.
1999-2004 წლებში სწავლობდა და დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მიენიჭა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სპეციალისტის კვალიფიკაცია.
2003-2004 წლებში პეტერბურგში კომპანია „სიტენის“ საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერი იყო.
2005-2006 წლებში სადისტრიბუციო კომპანია „ორბიტაში“ კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.
2005-2008 წლებში დაუსწრებლად სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ეკონომიკურ ფაკულტეტზე.
2008 წლიდან საკონდიტრო საწარმო „ჯორჯიან ბეიქერსის“ თანადამფუძნებელი და ამავე დროს აღმასრულებელი დირექტორია. კომპანია თვეში რეალიზებას უკეთებს 40 ტონაზე მეტ საკუთარი წარმოების საკონდიტრო პროდუქციას. ასევე „ჯორჯიან ბეიქერსი“ არის კორპორაცია „ორიონის“ (საკონდიტრო საერთაშორისო კორპორაცია) ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.
მიხეილ ფარულავა დაოჯახებულია.
უცხო ენებიდან კარგად იცის რუსული და ინგლისური.
– ბატონო მიხეილ, რომელი წლიდან დაიწყეთ შრომითი საქმიანობა?
– 2003 წლიდან ვმუშაობ. სანკტ-პეტერბურგში სწავლისას 2003/04 სასწავლო წლის ბოლო სემესტრი ძირითადად დიპლომზე მუშაობას ეთმობოდა. იმ პერიოდში ერთ-ერთ ექსპედიტორულ კომპანიაში სტაჟირება გავიარე და ერთი წელი საერთაშორისო გადაზიდვების მენეჯერი ვიყავი. 2005 წლის ბოლოს საქართველოში ჩამოვედი და პირველ ეტაპზე ვცდილობდი, რომ რაიმე სამსახური მეშოვნა. კვების პროდუქტების მსხვილ იმპორტიორ-სადისტრიბუციო კომპანია „ორბიტაში“, სადაც ძირითადად საკონდიტრო და სასურსათო ნაწარმი იყო, შესყიდვების მენეჯერად დავიწყე მუშაობა. 3-4 თვეში დავწინაურდი და კომერციული დირექტორი გავხდი.
– კონდიტერის პროფესიით თქვენი დაინტერესება აქედან იწყება?
– დიახ, ამ პროფესიით ჩემს დაინტერესებას ბიძგი ნამდვილად კომპანია „ორბიტაში“ მუშაობამ მისცა იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ ვიცოდი ზოგადად ნამცხვრების და ე.წ. „პეჩენიების“ შესახებ. სადისტრიბუციო არხები ვიცოდი; ვიცოდი სად, როგორ და რა მოცულობა იყიდებოდა, რა სახეობები იყო პოპულარული. 2007 წლის დასაწყისში ამ კომპანიიდან წამოვედი და მე და ჩემმა პარტნიორმა იგივე პროფილის სადისტრიბუციო კომპანია დავაფუძნეთ, რადგან ამ მიმართულებით ატმოსფეროს კარგად ვიცნობდი. საზღვარგარეთ ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი, კორპორაცია „ორიონი“ ვიპოვეთ. უკვე 3 წელია და მე-4 დაიწყება, მასთან ერთად ვმუშაობთ. ეს სამხრეთ კორეული გიგანტია, „ნესტლეს“ დონის კორპორაცია, რომელსაც მარტო საკონდიტრო ნაწარმის დაახლოებით მილიარდ 200 ათასი დოლარის წლიური გაყიდვები აქვს. ამ კორპორაციას რამდენიმე ფაბრიკა რუსეთშიც აქვს და საკონდიტრო ნაწარმს იქიდან გვიგზავნიან.
– პროდუქციის მოწოდება რუსეთიდან ხდება?
– დიახ, რუსეთიდან შემოგვაქვს აზერბაიჯანის გავლით. 2008 წლის აგვისტოს პერიოდს თუ გამოვრიცხავთ, მოწოდების მხრივ პრობლემა არასდროს გვქონია. ეს პროდუქცია უფრო მაღალხარისხიანი, მაღალფასიან სეგმენტში მომუშავე, „პრემიუმ“ კლასისაა; შესაბამისად, დიდი ბრუნვა არ ჰქონდა. კერძოდ, წლიური ბრუნვა (დღგ-ის ჩათვლით) მილიონ ლარამდე ადიოდა. დაახლოებით 2 წელი ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. რადგან ქსელი აწყობილი გვქონდა, დისტრიბუციის გამოცდილება გვქონდა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი საკუთარი პროდუქტის წარმოება დაგვეწყო. ამისთვის მოვიზიდეთ დამატებითი სახსრები, მათ შორის იყო მონაწილეობა მერიის „იაფი სესხის“ პროგრამაში, საიდანაც დავფინანსდით. როგორც იცით, მერიას „საქართველოს ბანკთან“ აქვს ხელშეკრულება და პროექტს მხოლოდ მას მერე განიხილავს, როცა იქნება ბანკის დასკვნა, რომ ეს პროექტი ფინანსურად გამართლებულია. 4-წლიანი კრედიტი მივიღეთ ორ ტრანშად, სულ 150 ათასი ლარის მოცულობით, ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით (წლიური 10%). სესხის დროზე ადრე დაფარვა თუ დაგვჭირდება, პირგასამტეხლოს არ გადავიხდით და ასევე არა აქვს სესხის დამტკიცების საკომისიო. ანუ ეს სესხი ძალიან კარგი პირობებითაა. ზუსტად ომის პერიოდი დაემთხვა იმ მომენტს, როდესაც სესხი უნდა გაეცათ. პარასკევს, 8 აგვისტოს, შუადღის, ბანკის ოფიცერი დაგვიკავშირდა და გვითხრა: სესხი დამტკიცებულია, შეგვიძლია ხელი მოვაწეროთ და თანხა დღესვე იქნებაო. ვუთხარი, ორშაბათამდე გადავდოთ-მეთქი და მერე ეს ორშაბათი აღარ დადგა, 6 თვით გადაიდო! პარასკევს ღამით უკვე გორის დაბომბვა დაიწყო. ჩვენ სესხი მხოლოდ თებერვალში ავიღეთ. ეს იყო პირველი სტარტაპი, ანუ უკვე არსებული ბიზნესის კი არა, ახალი ბიზნესის შექმნისთვის თანხის გამოყოფა ბანკისგან. 8 აგვისტოს შემდეგ პირველი იყო ჩვენი კომპანია, რომელიც დაფინანსდა.
– ეს თანხა საკმარისი იყო თქვენი კომპანიის შესაქმნელად?
– დანარჩენი თანხა დამფუძნებლებმა შევავსეთ. ფუნქციონირება რომ დავიწყეთ, 15 თანამშრომელი გვყავდა. დღეს ჩვენს კომპანიაში უკვე 60 თანამშრომელი მუშაობს. ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე ყოფილი ქარხანა „ელექტროავტომატის“ ტერიტორიაზე იჯარით გვაქვს ფართი აღებული და დაახლოებით 1000 კვ.მ გვიჭირავს, ის ნაწილი, სადაც ქარხნის კვების ობიექტი იყო. ეს, თუ გადავხედავთ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთი სახის კვების ობიექტები პრიორიტეტულად ამგვარ ადგილებში იხსნება, რადგან ეს ობიექტები შედარებით ნაკლებ დანახარჯებს საჭიროებენ.
– ტექნოლოგია?
– ჩვენ დანადგარები რუსეთში შევიძინეთ და იქიდან გვყავდა ჩამოყვანილი ჯგუფიც, რომელმაც საწარმოო ხაზი დაამონტაჟა. აქ დაახლოებით ორი კვირა იყვნენ და ტექნოლოგიებიც გვასწავლეს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ 100%-დან, რაც მათ გვასწავლეს, 50% ჩვენებურად გადავაკეთეთ, რადგან ქართულ რეალობაზე მოსარგებად ეს აუცილებელი იყო.
– რამდენია კოლექტივის საშუალო ასაკი?
– დაახლოებით, 35-40 წელი.
– თქვენს მიერ წარმოებული პროდუქცია საკონდიტრო სფეროში სიახლეა და თქვენს მიერვე შექმნილი, თუ უკვე არსებულს აწარმოებთ?
– საკონდიტრო სფეროში, ისევე, როგორც ზოგადად კვების მრეწველობის ძალიან ბევრ სფეროში, რაიმე ახლის მოგონება ძალიან რთულია. სიახლე შემოვიტანეთ შეფუთვის სპეციფიკაში. აქაურ სუპერმარკეტებში ვხედავთ, რომ ჩვენი ადგილობრივი კონკურენტების პროდუქცია კილოობით დაფასოებული ან ყუთებში ცელოფანგადაკრული იყიდება. საქართველოში ქართული პროდუქციის პირველი დაბალი შეფუთვა ჩვენ გავაკეთეთ. გვაქვს თანამედროვე (რასაც ევროპულ სტანდარტს უწოდებენ) 220 გრამიდან დაწყებული 480 გრამამდე შეფუთვა. თურქეთიდან და იტალიიდან გვაქვს შემოტანილი შესაფუთი დანადგარები, რომლებიც ისეთ შეფუთვას აკეთებენ, რომლის ანალოგი ქართველ მწარმოებლებს საერთოდ არა აქვთ. ვყიდით როგორც წონით, ისე ამგვარად შეფუთულსაც. ეს შეფუთვა განკუთვნილია სუპერმარკეტებისთვის, სავაჭრო ქსელებისთვის, იმ კლიენტებისთვის, ვინც შტრიხკოდებით მუშაობს და ორგანიზებულ ვაჭრობას ეწევა.
– რამდენი სახეობის პროდუქცია გაქვთ?
– ამ ეტაპზე დაახლოებით 20 დასახელების პროდუქციას ვუშვებთ. ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხაზს, რომლის მეშვეობითაც შაქროვან ნამცხვარს (ე.წ. „სახარნოე პეჩენიეს“) შოკოლადის მინანქარს გავუკეთებთ.
– თქვენს პროდუქციაზე ბაზარზე რამდენად არის მოთხოვნა?
– შაქროვანი ნამცხვრის (ისეთია, „იუბილეინოე“ როგორიც იყო) გაყიდვაში ჩვენ ვართ ლიდერები, ანუ თვეში დაახლოებით 40 ტონა პროდუქციას ვყიდით ამ კონკრეტული სახეობისას.
– იგივე სახეობის რუსულ პროდუქციას კონკურენციას უწევთ?
– კი, ამდენს ვერავინ ყიდის.
– იმიტომ, რომ რუსული ნამცხვარი ვერ შემოდის?
– შემოდის, მაგრამ ფასითაც და შეფუთვითაც მომხმარებლისთვის ჩვენი უფრო მისაღებია.
– ფასები როგორი გაქვთ?
– იგივე იმპორტირებულთან შედარებით დაახლოებით 20%-ით იაფია.
– კრემიან ნამცხვრებსაც ყიდით?
– არა, მხოლოდ მშრალი ნამცხვრები გვაქვს. შარშან კიდევ ჩამოვიტანეთ იტალიური ხაზი. სხვადასხვა ფორმის ფხვიერ ნამცხვრებს (ე.წ. „პესოჩნებს“) ვაკეთებთ. ახლა ჩამოვიტანეთ ეს შოკოლადის ხაზი, რომელიც მინანქარს გაუკეთებს ამ ორივე სახეობის ნამცხვარს („სახარნოე პეჩენიეს“ და „პესოჩნის“). კრემს არ ვუკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა მიმართულება გვაქვს აღებული. ჩვენ ვქმნით კონკრეტულ ბრენდებს, ანუ სახელწოდებებით ნამცხვრებს; ლამაზად, თანამედროვედ ვფუთავთ და დაინტერესებული ვართ ისეთი პროდუქტის შექმნით, რომლის სასიცოცხლო ციკლი 3-დან 6 თვემდეა. კრემიანი ნამცხვრების შემთხვევაში ეს ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. ვინც აკეთებს, თუკი ნამდვილად საერთაშორისო დონის კორპორაცია არ არის, რაღაც დარღვევებით აკეთებს. ადგილზე გაკეთებული კრემიანი ნამცხვრის 90% ვარგისია მხოლოდ ერთი, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში, ვინაიდან კრემს სხვანაირი თვისებები აქვს. ჩვენ ორიენტაცია მშრალ ნამცხვარზე გვაქვს აღებული. მაქსიმუმ, შეიძლება დაემატოს ქიშმიში, ქოქოსის საფანელი და სხვა ამ სახის ინგრედიენტები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თხევადი მასა, რასაც კრემი ჰქვია. შესაბამისად, მე ვეცდები, რომ ეს გავყიდო მაქსიმალურად ბევრი, კარგად „გავაპიარო“ და ბაზრის დიდი წილი ავიღო.
– რა ასაკის მომხმარებლებზეა გათვლილი თქვენი პროდუქცია?
– ასეთ დიფერენცირებას ჩვენ არ ვაკეთებთ. მისი მიღება შეუძლიათ როგორც ბავშვებს დაწყებული 2-3 წლიდან (ანუ როცა უკვე საერთოდ საკონდიტრო ნაწარმი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ შექმნის რაღაც პრობლემას), ისე ზრდასრულ მომხმარებლებს.
– ბავშვისთვის იგივე რუსული „იუბილეინოეს“ მიცემა მგონი 6 თვიდან შეიძლება…
– დიახ, ასეა. ჩვენ მომხმარებელთა ეგ სეგმენტი ძალიან გვაინტერესებს. სწორედ ამიტომ ვქმნით ერთგვაროვან და მაქსიმალურად სტანდარტიზებულ პროდუქტს, რომელიც დამზადებულია სულ ერთი და იგივე ფქვილით, ერთი და იგივე შაქრითა თუ სხვა ინგრედიენტებით.
– რომელი სტანდარტებით ხელმძღვანელობთ?
– მოგეხსენებათ, არ არის სავალდებულო რამე სტანდარტი იყოს. უმრავლესობა სტანდარტებისა საქართველოში დროებითია. სტანდარტი იმ უბრალო მიზეზის გამო ვახსენე, რომ მთელ საქართველოს ვემსახურებით და შესაბამისად, არ შეიძლება ჩვენი შიდა სტანდარტი არ გვქონდეს და პროდუქტი რაღაც გემოვნური თუ სტრუქტურული თვისებებით და იგივე ეკოლოგიური ნიშნებიდან გამომდინარე არ შევამოწმოთ.
– შიდა, ანუ თქვენი საწარმოს სტანდარტს გულისხმობთ?
– დიახ, დავუშვათ, ტენიანობა რამდენი უნდა იყოს, ხელით შეხების შემთხვევაში ნამცხვარი უნდა იფშვნებოდეს თუ არა და სხვა.
– სპეციალური სამსახური გაქვთ?
– არა. გვყავს ტექნოლოგი, წარმოების მენეჯერი, რომელიც ცხობის პროცესში ამ ყველაფერს აკონტროლებს. მიკრობიოლოგიასაც ვამოწმებთ ლაბორატორიებში. არსებობს საერთაშორისო სერტიფიკატების მქონე აკრედიტირებული ლაბორატორიები, სადაც მოწმდება კონკრეტული პარტიები, დაახლოებით 5-დან 10 ტონამდე.
– ბაზარზე როგორი კონკურენციაა?
– კონკურენცია დიდია. ჩვენ ამ ყველაფერს რეკლამის გარეშე, ხარისხზე მაქსიმალური მუშაობით და ქსელში ანუ სავაჭრო ობიექტებთან მაქსიმალური მუშაობით მივაღწიეთ.
– საიდან მოგაქვთ ფქვილი, შაქარი თუ სხვა საჭირო კომპონენტები?
– ამ ყველაფერს საქართველოში ქართული კომპანიებისგან ვყიდულობთ. როგორც ვიცით, ვანილი საქართველოში არ მზადდება, იმპორტირებულია, მაგრამ იგივე ქართული კომპანიები გვაწვდიან. დაახლოებით 15 მომწოდებელი გვყავს, რომელიც ამ ყველაფერს გვაწვდის. მაგრამ ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ რაღაც სპეციფიკური ნედლეული საზღვარგარეთიდან ჩვენ თვითონ შემოგვიტანია.
– თქვენი პროდუქციის ქვეყნის გარეთ გატანას თუ აპირებთ?
– რა თქმა უნდა, ეგ ამბიცია გვაქვს. სტანდარტიზაციასა და ხანგრძლივი ვადით ერთი კონკრეტული პროდუქტის კარგად გაკეთებაზე რომ ვსაუბრობდით, მაგაში ზუსტად ეგ აზრი დევს. საზღვარგარეთიდან აქ ჩამოტანილს რასაც ვხედავთ, ყველაფერი შეფუთულია და შენახვის ხანგრძლივი ვადა აქვს. შესაბამისად, მისი ტრანსპორტირება და ადგილზე ჩატანაც ადვილია. ანუ პროდუქტმა ტრანსპორტირებას ადვილად უნდა გაუძლოს; პროდუქტის სიცოცხლისუნარიანობა ისეთი უნდა იყოს, რომ სანამ ადგილზე ჩავა, მერე ქსელში გავა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იქ დევს, მისი ყველა თვისება შეინარჩუნოს. ჩვენ ამიტომ ვქმნით ასეთ პროდუქტებს, რომ სამომავლოდ ახლო მეზობელ თუ სხვა ქვეყნებში გავიტანოთ.
– ამ ეტაპზე თუ გაქვთ პროდუქტი, რომელიც თქვენი საწარმოს სახეს წარმოადგენს?
– გვაქვს. რამდენიმე ხაზი გვაქვს ამ მიმართულებით. იგივე, ბავშვებისთვის არის თუნდაც „სუპერბეიბი“. მართალია, ხშირად გვსაყვედურობენ, ინგლისური სახელი რატომ ჰქვიაო, მაგრამ ეს გავაკეთეთ ექსპორტის თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ არა ვართ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც ვთქვათ „კრაფტია“ ამერიკაში.
– თქვენს ძველ პარტნიორებთან კავშირი ისევ გაქვთ?
– დიახ, გვაქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენი საკუთარი პროდუქცია გვაქვს, იმ პროდუქციასაც ისევ ისე ვყიდით, როგორც ვყიდდით და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო უკეთესადაც, რადგან დაემატა ისეთი ობიექტები, რომლებიც დავუშვათ პროდუქციის სიძვირის გამო ჩვენთან არ მუშაობდნენ. მაგრამ ახლა რადგან საკუთარი პროდუქცია გვაქვს და შესაბამისად, შედარებით ხელმისაწვდომ ფასშია, უკვე იმ იმპორტირებულზეც გადავრთეთ; ანუ სადაც იყიდება ერთი, იქ აუცილებლად მეორეც იყიდება.
– თქვენი ნაწარმი უფრო ძვირია თუ შემოტანილი?
– შემოტანილია ძვირი, „პრემიუმ“ კლასის. უბრალოდ, ის უფრო რთული პროდუქტია, ვიდრე ჩვენი. იგივე შოკოლადის, ზეფირის და ნამცხვრისგან შედგება, მაშინ როცა ჩვენი არის მშრალი ნამცხვარი და შესაბამისად, შემოტანილი უფრო ძვირია. როგორც გითხარით, ზუსტად იმიტომ ვხვეწავთ ჩვენს პროდუქტს, რომ სამომავლოდ მისი ექსპორტირება მოვახდინოთ. ჩვენი ვარაუდით, მარტის თვეში სტრუქტურულ და ყველანაირ გამართვას მოვრჩებით. ახლა ასორტიმენტი ბოლომდე ჯერ კიდევ არა გვაქვს შეკრული, იმიტომ რომ შოკოლადის ხაზი ახლა მონტაჟდება. რომ დამონტაჟდება, ასორტიმენტებს საბოლოოდ შევკრავთ. დანადგარები თავის დროზე ნაყიდი გვაქვს რესურსით, ანუ რეზერვი აქვს იმისი, რომ საექსპორტო ბაზრების ჩართვა მოვახდინოთ.
– დღეს თქვენი საწარმო რამდენად რენტაბელურია?
– რენტაბელურია. ჩვენი აზრით, წელს სავარაუდოდ, ბრუნვასთან მიმართებაში 5-დან 10%-მდე რენტაბელობით მოგება იქნება.
– საგადასახადო სტრუქტურებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? თქვენი აზრით, ახალი საგდასახადო კოდექსი შეუწყობს ხელს მეწარმეობის და კონკრეტულად, თქვენი ბიზნესის განვითარებას?
– ბოლო პერიოდში საგადასახადო კუთხით განხორციელებულ ცვლილებებსა და რეფორმებთან დაკავშირებით ერთი დეტალი მინდა აღვნიშნო, რაც ელექტრონულ პორტალს და საერთოდ ამ პროცესების ელექტრონიზაციას შეეხება. იგივე ანგარიშ-ფაქტურებს თუ ჩავთვლით, ეს დიდი შეღავათია. ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას ზუსტად ამ ანგარიშ-ფაქტურების ადრესატებამდე მიტანა წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, ეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და სულ რაღაც პრობლემები იყო. დადებითი ცვლილებაა დღგ-ის გადასახადის კვარტალური გადახდები, რადგან არის ხოლმე პრობლემები, რომლებიც მარტო ჩვენს კომპანიას კი არა, ძალიან ბევრს აქვს. საქმე ისაა, რომ ხშირად არის საბრუნავი თანხის უკმარისობა. გიწევს ბანკისადმი მიმართვა ან რაღაც გადახდების დაგვიანება.
საერთოდ, კი საგადასახადო ორგანოებთან პრობლემებს ჯერჯერობით არ წავწყდომივართ და იმედია, არც მომავალში გვექნება. რომ ყოველწლიურად აუდიტს გვიტარებს ერთ-ერთი ცნობილი ქართული აუდიტური კომპანია – შპს აუდიტური კონცერნი „ცოდნისა“.
– ბრუნვის მოცულობის გაზრდას ხომ არ გეგმავთ?
– ვგეგმავთ, რომ ამ წლის ბოლოს წლიური ბრუნვა 2 მილიონს გადასცდება, რაც შეუსრულებადი ნამდვილად არ არის.
– პერსონალის რაოდენობის გაზრდა არ გაქვთ გათვალისწინებული?
– ჯერჯერობით არა. პერსონალი უკვე დაკომპლექტებულია და უახლოეს რამდენიმე თვეს მოვახმართ წარმოებული პროდუქციის რაოდენობის გაზრდას იმ კოლექტივით, რომელიც გვყავს, რადგან იგივე დანადგარებს აქვს იმის რესურსი, რომ 2-ჯერ უფრო მეტი პროდუქტი გამოუშვას. ამიტომ, დაველოდებით მაქსიმალურ წარმადობას და კადრების რაოდენობის ზრდაზე ამის შემდეგ ვიფიქრებთ.
– თქვენი აზრით, ზოგადად, დარგს რა პრობლემები აქვს?
– მიმაჩნია, რომ გამომცხვარი საკონდიტრო წარმოების მიმართულება თვითონ საქართველოშიც ძალიან პერსპექტიულია, რადგან აქ მოხმარების კულტურა მაღალია. შესაბამისად, ამ დარგს აქვს იმის დიდი პოტენციალი, რომ იმპორტი ჩაანაცვლოს. ეს ტენდენციები გამოვლენილია. უბრალოდ, იგივე ინგრედიენტებზე, ნედლეულზე ფასების მკვეთრი ზრდა ზოგ მომენტში ამ დარგის უკუნაბიჯებით სვლას იწვევს, წინგადადგმულ ორ ნაბიჯს ერთი უკანგადადგმული ნაბიჯი მოყვება ხოლმე. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბაზარი გვაქვს ძალიან მცირე და როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები იცვლება, ხშირ შემთხვევაში ჩვენი მსხვილი მიმწოდებლებიც (იგივე შაქრის, ფქვილის, ცხიმების თუ სხვა ნედლეულის) ცდილობენ, რომ თავიანთი პროდუქცია ან გააძვირონ, ან კიდევ ფასი იგივე დატოვონ და ეს პროდუქცია მეორე დღესვე სხვა პროდუქციით ჩაანაცვლონ. ჩვენს შემთხვევაში ეს ჩანაცვლება კატასტროფაა. გვირჩევნია გაგვიძვირონ, ვიდრე შეგვიცვალონ ნედლეული; იმიტომ რომ მერე სტანდარტებს ვეღარ ვიცავთ. ვფიქრობ, თვითონ ბიზნესმენების მენტალობა თუ შეიცვლება და ორიენტირი აღებული ექნებათ არა მხოლოდ იაფზე და რაღაც ფასზე, არამედ გარკვეულ სტანდარტსა და სტაბილურობაზე, მე მგონი ამ დარგს ნამდვილად დიდი პერსპექტივა აქვს და იმპორტს დიდი დოზით ჩაანაცვლებს.
ესაუბრა დალი ჩიკვაიძე

