Homeინტერვიუინტერვიუ იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ დამფუძნებელ და აღმასრულებელ პარტნიორ ვიქტორ ყიფიანთან

ინტერვიუ იურიდიული ფირმის „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ დამფუძნებელ და აღმასრულებელ პარტნიორ ვიქტორ ყიფიანთან

Published on

spot_img

მინი დოსიე

ვიქტორ ყიფიანი დაიბადა 1971 წელს.

1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნის სპეციალობით.


1995-1996 წლებში იყო ბრიტანეთის საბჭოს სტიპენდიანტი და მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2001 წელს კი – ბიზნეს-ადმინისტრირების ფილოსოფიის დოქტორანტურის ხარისხი.

ის აგრეთვე იყო ლონდონის მერის სტიპენდიანტი ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ფარგლებში.
 

სამუშაო გამოცდილება:

1993-1995 წლებში მუშაობდა კონსულტანტად საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ითავსებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციებს, ხოლო 1995-1996 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში, პირველი მდივნის თანამდებობაზე.
 

1996 წლის ნოემბერში პარტნიორებთან ერთად დააფუძნა იურიდიული ფირმა “მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური”.

ვიქტორ ყიფიანი ამჟამად საქმიანობას ეწევა სავაჭრო და სახელშეკრულებო სამართალში, ასევე მუშაობს საბანკო, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციების და საკორპორაციო სამართალში.


უცხო ენებიდან იცის ინგლისური, რუსული, ესპანური.


– ბატონო ვიქტორ, როგორია თქვენი ფირმის დაარსების ისტორია?
 

– კომპანიის დაარსების ისტორია რაიმე განსაკუთრებულ მოვლენას ან ფაქტს არ უკავშირდებოდა. ისე მოხდა, რომ ამ იდეის განხორციელება უცაბედად გადავწყვიტეთ. ეს მოხდა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, 1996 წელს, საქართველო-ინგლისის მატჩის დროს. რამ განაპირობა ამ იდეის წარმოშობა? ალბათ, ბუნებრივად, ფეხბურთისგან დამოუკიდებლად მოვიდა ეს იდეა.

ფირმის დამფუძნებლები ვართ ის ადამიანები, ვისი გვარებიც ფირმის სახელწოდებაშია გატანილი: ირაკლი მგალობლიშვილი, დავით ძიძიგური და მე – ვიქტორ ყიფიანი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ამ ფირმის თანადამფუძნებლები. მოგვიანებით ჩვენ დაგვემატა კიდევ ორი პარტნიორი – არჩილ კბილაშვილი და ვახტანგ შევარდნაძე. ხუთი პარტნიორი ვართ. პარტნიორების გარდა, საერთო ჯამში, ფირმაში ვართ 25 თანამშრომელი. იურიდიული ბიზნესისთვის ალბათ საკმაოდ მსხვილი ფირმაა.

– თქვენი კომპანიის საქმიანობა რა სფეროებს მოიცავს და ასევე, გეოგრაფიული არეალიც სად ვრცელდება?

– ჩვენი კომპანია მომსახურებას უწევს კლიენტებს ადგილობრივი სამართლის საკითხებზე, მაგრამ, ასევე გასცდა ადგილობრივ სამართალს და გარკვეულწილად საერთაშორისო სამართალშიც მოქმედებს. ეს განპირობებულია იმით, რომ დღეს ფირმაში არიან არამარტო საქართველოში ლიცენზირებული ადვოკატები, არამედ არის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც საქართველოს გარეთ ლიცენზირებული ადვოკატები არიან. შესაბამისად, მათ უფლება აქვთ რჩევა მისცენ შესაბამისი იურისდიქციის სამართლის საკითხებში. ეს რასაკვირველია, ჩვენთვის უპირატესობაა. ვერ გეტყვით, ეს გამოგვარჩევს თუ არა სხვა ფირმებისგან, მაგრამ დამატებით შესაძლებლობებს და საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს კლიენტურას უფრო მდიდარი არჩევანი შევთავაზოთ.

ჩვენი სამუშაოს დაახლოებით 90 პროცენტი საზღვარგარეთიდან მოდის. ეს არის მომსახურება, რომელიც არარეზიდენტებს გაეწევათ. რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკა და გადაწყვეტილება ამ მხრივ არ მიგვიღია. უბრალოდ, ასე მოხდა რაღაც ბუნებრივი გარემოებების თანხვედრის გამო.

შესაბამისად, დღეს ძირითადად ორიენტირებული ვართ გარე ბაზარზე, ვიდრე საშინაო ფაქტორზე. ეს განპირობებულია იმით, რომ ძალიან ვრცელი, კარგი და სტაბილური კონტაქტები გვაქვს ჩვენს კოლეგებთან უცხოეთში.

ძირითადად, ეს არის ანგლო-საქსური ფირმები. განსაკუთრებით მცირე ბაზრებისთვის, თანამედროვე იურიდიული პრაქტიკა მეტწილად ისეა მოწყობილი, რომ დამკვეთი იშვიათად გამოდის პირდაპირ კავშირზე. ის ეკითხება წამყვან მრჩეველს. შესაბამისად, გარე მრჩეველი, გამომდინარე მისი გამოცდილებიდან და კონტაქტებიდან ადგილობრივ ბაზარზე, აძლევს რჩევას, რომ უმჯობესია ამა და ამ იურიდიულ ფირმას მიმართოს. შესაბამისად, ასეა სტრუქტურა მოწყობილი, რომ რეკომენდაციები ჩვენი კოლეგების მიერ უშუალოდ კლიენტებს მიეცემა და შემდეგ უკვე ხდება კონტრაქტის გაფორმება და სამუშაოებში ჩართვა.

ამდენად, ურთიერთობების ამ ქსელმა განაპირობა, რომ ძირითადად ორიენტირებული გარე ინვესტიციების შემოდინებაზე და საინვესტიციო პროექტებზე ვართ. ეს თავისთავად, პლუსიც არის და მინუსიც. 2008 წელი სტაბილურად განვვლეთ. 2009 ასევე საკმაოდ სტაბილურად გავიარეთ, მიუხედავად 2008 წლის კატაკლიზმებისა. 2010-ში უკვე სტაგნაცია ვიგრძენით. 2010 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული და დიდი გამოწვევებით სავსე იყო. სამუშაოთა მოცულობა შემცირდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ ფირმა გაჩერდა, მაგრამ შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც ადრე იყო. 2010 წლის ზაფხულიდან უკვე პოზიტიური ტენდენციაა და გრძელდება დღემდე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია იქნება მზარდი და შეუქცევადი.

– თქვენთვის, როგორც პარტნიორისათვის, რამდენად რთული სამართავია თქვენი ფირმა და რა პრობლემებს აწყდებით მართვის პროცესში?

– ეს ტრადიციული პრობლემებია, რაც საერთოდ ქართულ ხასიათს უკავშირდება. იქ სადაც, ქართველთა სიმრავლე შეინიშნება, მართვის პრობლემაც ჩნდება. დაკვირვებული ვარ, რომ თუ უცხოურ კომპანიაზე ვმუშაობთ, უცხოელი მენეჯერი ინიშნება და ასე შემდეგ, რატომღაც უმალვე მოწესრიგებულები ვხდებით; თუ ქართული ცნობიერებით და სისხლით გამორჩეული მართვაა, მაშინ რატომღაც, რბილად რომ ვთქვათ, თავს მეტ თავისუფლებას ვაძლევთ და ხშირად არ გვიყვარს რეგლამენტაციებში, წესებში და სხვადასხვა განაწესებში ჩაჯდომა. ფირმაში 25 კაცამდე ვართ. ეს ბუნებრივია გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს. ყოველი ქართველი ინდივიდია, ჩემი ჩათვლით. ყველანი უცნაურები ვართ. ამ მცირე რაოდენობის ადამიანთა ერთ დინებაში მოქცევა ხშირად ძალიან ძნელიც არის. მეტწილად ეს ორგანიზაციულ საკითხებს, ფირმის კოორდინირებას უკავშირდება. არა მგონია, რომ მარტო ჩვენ ვიყოთ ამ მხრივ გამონაკლისი. ვფიქრობ, სხვაგანაც მსგავსი პრობლემებია. უბრალოდ, ზოგიერთი ამაზე საუბრობს, ზოგიერთი – არა. ჩვენ კი გულწრფელობა თავიდანვე გვახასიათებს.

– რის მიხედვით ხდება საქმეების გადანაწილება – არის თუ არა შიდა კონკურენცია ფირმაში?

– მიუხედავად იმისა, რომ ფირმის მართვაში ხუთივე პარტნიორი თანაბარი ხმის უფლებით სარგებლობს, არის ადმინისტრირების გარკვეული მექანიზმი. ფირმას ჰყავს მმართველი პარტნიორი, რომელიც აწერს ხელს ყოველ კონტრაქტს. ანუ, იურისტები არ არიან თვითშემოქმედებას მიცემული. იურისტებს, რა თქმა უნდა, მაქსიმალური წახალისება აქვთ, რომ კლიენტი მოიყვანონ და ფირმისათვის ახალი საკითხის გენერირება მოახდინონ, მაგრამ ამ საკითხების შეთანხმება ხდება მმართველ პარტნიორთან. უნდა გაირკვეს, ამა თუ იმ კლიენტთან ურთიერთობის დაჭერა ხომ არ ვნებს სხვა კლიენტის ინტერესებს. მმართველი პარტნიორის გარდა ფირმაში არის აღმასრულებელი პარტნიორის პოზიცია – ეს მე გახლავართ. თუ მმართველი პარტნიორის კომპეტენცია მეტ-ნაკლებად შიდა საკითხებზე ვრცელდება, აღმასრულებელი პარტნიორი უფრო გარე კონტაქტებზეა ორიენტირებული, ფირმის მარკეტინგზე, იმ ქსელზე, იმ ურთიერთობებზე, რომელზეც მოგახსენეთ. ასეთი ადმინისტრირების სისტემა, ბუნებრივია, არსებობს და მთლად იმგვარად არ გამოვიდოდა, რომ ადმინისტრირებაში ერთი და იგივე უფლებამოსილება ყველას ჰქონდეს.

რაც შეეხება შიდა კონკურენციას, დაახლოებით წარმომიდგენია ჰიპოთეტურად რაში შეიძლება ეს გამოვლინდეს. თუმცა, ვინაიდან ჩვენ დიდი ორგანიზაცია არ ვართ და ყოველდღიური ურთიერთობები და შიდა კონსულტაციები არის – დღემდე ეს პრობლემა არ გვქონია.

– თქვენთან, იურისტები სპეციალიზაციის მიხედვით იღებენ საქმეებს თუ, მაგალითად, ყველა იურისტი მზად არის ყველა სახის საქმეს მოჰკიდოს ხელი?

_ მოგეხსენებათ, რომ 25-კაციან ორგანიზაციაში ცალკე დეპარტამენტებს და ცალკე მიმართულებებს ვერ შევქმნით. ჩვენთან იურისტები ორ ჯგუფად არიან კონცენტრირებულნი. ისინი, ვინც მეტწილად სასამართლო და საარბიტრაჟო დავებს მისდევენ და ისინი, ვინც კორპორატიულ სამართალის და ტრანზაქციურ საკითხებს ასრულებენ. ხანდახან, ჩვენ ასე ვუწოდებთ – სასამართლო-საარბიტრაჟო დავები და საპროექტო გუნდი. იურიდიული კონსალტინგი პროექტის ჩანასახოვან მდგომარეობაში დამუშავებას, მის გაძღოლას უკავშირდება, ეს ხშირად თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება. საზოგადოებაში ადვოკატზე, იურისტზე ჯერაც ძალიან შეზღუდული წარმოდგენაა. საქართველოში არის 4-5 კომპანია, რომლებიც გასცდნენ იურიდიული მომსახურების ტრადიციულ ფარგლებს და იუ-რიდიულ კონსალტინგთან უფრო მეტად არიან დაკავშირებული. ეს გაცილებით სხვა ფენომენია, ვიდრე ადვოკატი და ადვოკატურა. ეს არ არის მხოლოდ სასამართლოში კლიენტის ინტერესების წარმოდგენა, არამედ უშუალოდ არის პროექტის ბიზნეს-მოდელთან დაკავშირებული სა-მართლებრივი საკითხების შემუშავება და საერთოდ, თანამედროვე სამართლებრივ პრაქტიკაში ეს არის წამყვანი კომპონენტი, შემოსავლების გენერირების მთავარი წყარო. მეტწილად სწორედ აქეთ ვართ მიმართული, სამართლებრივი კონსალტინგისკენ – გრძელ ვადაში პროექტების გაძღოლისკენ, ვიდრე რაღაც ეპიზოდურ ჩართვაზე, სასამართლოში გამოსვლაზე, სარჩელის დაწერაზე. შეიძლება ჩვენი საქმიანობა შეეხებოდეს კომპანიის დაარსებას, ან უკვე მოქმედი კომპანიისთვის დღის წესრიგში დამდგარი რაიმე ცალკეული ბიზნეს-პროექტის კონსალტინგს, რაც მრავალ მიმართულებას უკავშირდება, იქნება ეს ტელეკომუნიკაცია, საბანკო და ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება, სასარგებლო წიაღისეული, ინფრასტრუქტურული პროექტები და ა.შ.

– ბატონო ვიქტორ, საინტერესოა, თქვენს ფირმაში ახალი კადრების შერჩევა როგორ ხდება?

– რამე განსაკუთრებული მექანიზმი არ არსებობს. თან, ბაზარიც არ არის იმდენად მზარდი, რომ ყოველდღიურად ახალი კადრების აყვანის ამოცანის წინაშე ვიდგეთ. ძირითადი ბირთვი კარგა ხნის ჩამოყალიბებულია. ბოლო დროს ვინც დაგვემატა, ზოგი სტაჟიორის სახით, ზოგმა მერე დაიმკვიდრა ადგილი ფირმაში – ეს არის ჩვეულებრივად, ვაკანსიის გამოცხადების გზით, გასაუბრების შედეგად არჩეული კადრი. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ჩვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან მოვაწერეთ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას. კონკრეტული ღონისძიებები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ითვალისწინებს იურიდიული კლინიკასა და მოკლევადიანი სტაჟირების პროგრამებს, დახმარებას იმიტირებული სასამართლო პროცესების ორგანიზებაში, ფაკულტეტის ბიბლიოთეკის გაუმჯობესებისა და გამდიდრების საქმეში წვლილის შეტანას, მხარდაჭერას ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხში. ნახევარ წელიწადში ერთხელ, ყოველ 6-თვიან მონაკვეთში ჩვენ მივიღებთ თითო პრაქტიკანტს თსუ-სგან, მოხდება მასზე დაკვირვება და შესაბამისად, დასკვნების გაკეთება. რაც ეს მოდელი მუშაობს, ჯერ სრული ერთი წელი არ გასულა. ამიტომ, რაიმე დასკვნების გაკეთება ჯერ მიჭირს, მაგრამ, ალბათ სამომავლოდ კადრების აყვანის ერთ-ერთი საშუალება ესეც იქნება.

– როგორია თქვენს ფირმაში პარტნიორებს შორის დამოკიდებულება, რამდენად ხშირია საკამათო სიტუაციები; იოლად თუ თანხმდებით ასეთ შემთხვევებში?

– საკამათო სიტუაციები მინიმუმამდეა დაყვანილი, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ ჭერქვეშ, ერთ სართულზე ვართ და სხვაგან სიარული არ გვჭირდება. არის კომუნიკაციის ათასგვარი საშუალება. თვეში ერთხელ პარტნიორთა კრებაა, სადაც განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს რაც შეეხება ფორმალურ ნაწილს, რაც შეეხება არაფორმალურ ნაწილს, ყველანი ვართ მეგობრები, უმეტესობა _ თანაკურსელები, ერთი-მეორის ნათლიები და ასე შემდეგ. ამიტომ, ესეც განაპირობებს იმას, რომ კონფლიქტების რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

– თუმცა, მეგობრობაზე დაფუძნებულ ფირმებშიც ხდება ხოლმე კონფლიქტები…

– ქართული იურიდიული ფირმების პრაქტიკაში გამოყოფის თუ დაყოფის მაგალითები ძალიან უხვია. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იშვიათი და ჯერჯერობით, ბედნიერი გამონაკლისი ვართ. ვინც სათავეებთან ვიდექით და, შემდეგ დამატებული ახალი პარტნიორები, ჯერჯერობით მშვიდობიანად მოვდივართ და ჩვენს ერთობას დღეის გად-მოსახედიდან არაფერი ემუქრება. ისე, დაზღვეული არავინ არაფრისგან არის და იმის წინასწარმეტყველება, თუ რა მოხდება – რთულია. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ჩვენი ხასიათების და საქმიანი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბება ერთმანეთის გვერდიგვერდ მოხდა. ერთმანეთს მივეჩვიეთ და ერთი მეორეს ვიცნობთ პლუსებით და მინუსებით.

არის ხოლმე კრიზისული სიტუაციები? რასაკვირველია არის, მაგრამ ასევე მივეჩვიეთ არათუ როგორ ავუაროთ გვერდი, არამედ მაქსიმალურად ფრთხილად გადავლახოთ სიტუაცია ისე, რომ ჩვენი ურთიერთობების საფუძვლები არ დავარღვიოთ. ამის ერთ-ერთი წინაპირობა ჩვენი ფირმის დემოკრატიულობაა. დემოკრატიულობა მხოლოდ პარტნიორებს შორის ურთიერთობებში კი არ ვლინდება, არამედ საერთოდ – პარტნიორსა და არაპარტნიორს შორის. ურთიერთობები „უფროს-უმცროსის“ მკაცრ და ხისტ ვერტიკალს არ ეფუძნება. ეს არის პირველ ყოვლისა კოლეგიალურობა, თანაგუნდელობა და ერთმანეთის გვერდში დგომა, იმიტომ, რომ ეს ბიზნესი სხვაგვარ მიდგომას ვერ აიტანს. საერთოდ, კონსალტინგი ძალიან ფაქიზი ორგანიზმია. როგორც ტრადიციულ ბიზნესშია ინვესტორის, დირექტორის, მმართველის, დამქირავებლის და დაქირავებულის ინსტიტუტი – ასეთ პარალელებს აქ ვერ გადმოიტან. აქ ყოველი ადამიანის ღვაწლზე, მის უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული საბოლოო წარმატება. თავისთავად, შედეგისადმი სწრაფვა განაპირობებს იმას, რომ კონფლიქტები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და უნდა იყოს მაქსიმალური შეამხანაგება.

– თქვენი შეფასებით, როგორია სამართლებრივი ბაზა საქართველოში? რამდენად შეესაბამება ქართული კანონმდებ ლობა ცივილიზებულ სამყაროში დამკვიდრებულ თან-ამედროვე სტანდარტებს იგივე იურიდიული თუ ეკონომიკური კუთხით?

– ხშირად ხდება ხოლმე, რომ ისე აკეთებენ კომენტარს საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენი ბაზის შესაბამისობაზე, თითქოს შესწავლილი ჰქონდეთ დეტალურად… მე ამ კუთხით შეფასებას ვერ გავაკეთებ. საერთოდ, ეს ტერმინიც საჩოთიროა – „ცივილიზებული სამყარო“ და „არაცივილიზებული სამყარო“. ვინ არის ცივილიზებული და ვინ არა – ეს კიდევ საკითხავია.

ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ბაზით, აბსოლუტურად არ ვგრძნობ თავს ჩამორჩენილად იგივე ფრანგთან, ჰოლანდიელთან და ინგლისელთან მიმართებაში.

მოდი, სხვაგვარად ვთქვათ – რამდენად ხელს უწყობს ნორმატიულ-სამართლებრივი წყობა ბიზნესის კეთებას? მე მიმაჩნია, რომ ამ მხრივ არც თუ ცუდად გვაქვს საქმე. თუ ტრადიციად იქცა ის, რომ ჩვენ წამდაუწუმ ვწუწუნებდეთ, ეს სხვა საქმეა.

დაბეჯითებით გეტყვით, რა ქვეყნებთანაც ჩვენ შეხება გვქონდა, მათ შორის ევროკავშირის სივრცის ჩათვლით, არცერთი ქვეყნის სამართლებრივი ბაზა არ გამოირჩევა იდეალური წყობით. ყველგან არის ხარვეზები, პრობლემები, პასუხგაუცემელი კითხვები და ამ მხრივ ჩვენ თვითგვემას არ უნდა მივეცეთ. პრაქტიკულ ჭრილში კი, მე მიმაჩნია, რომ თუ კანონმდებლობას ავიღებთ, ყველა ტექნიკური წინაპირობაა იმისა, რომ ბიზნესი ქვეყანაში იყოს წარმატებული, შემოსავალზე ორიენტირებული და მომგებიანი.

– თქვენი შეფასებით, როგორია ტენდენცია ბოლო წლებში – არის თუ არა პროგრესი იმ მხრივ, რომ იურიდიული თვალსაზრისით ბიზნესი იყოს უფრო დაცული, უფრო მარტივად და უფრო ხელსაყრელ პირობებში მოხდეს საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა?

– საგადასახადო კოდექსით არის გარკვეული პრობლემები, არის გარკვეული სიახლეები, რომელთა გამოცდა პრაქტიკაში ჯერ კიდევ უნდა მოხდეს. მაგრამ, თუ ჩვენ საქართველოს შევადარებთ სხვა ქვეყნებს პოსტსაბჭოთა სივრცეში, საგადასახადო კანონმდებლობა ან ნებისმიერი სხვა სფერო რომ ავიღოთ, მიმაჩნია, რომ მაგ თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ დაწინაურებულები ვართ. სხვა საკითხია, რამდენად განუხრელად და რამდენად სწორად ხდება აღსრულება, ადმინისტრირება, ამა თუ იმ ნორმების გამოყენება; არის თუ არა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან უხეში დარღვევა, ან, დავუშვათ, საკითხის იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც ბიზნესს ვნებს… მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ – საკანონმდებლო ბაზა არის და ჩვენ ამ ბაზით ბარე ორს ვჯობივართ. პირდაპირ ვთქვათ როგორ წარმოებს ბიზნესი აზერბაიჯანში, სომხეთში – მე მიმაჩნია, რომ რეგიონში ჩვენ ამ მხრივ გამორჩეულები ვართ. რუსეთში რა ხდება, არ ვიცი იმიტომ, რომ რუს კოლეგებთან ჩვენ კარგა ხანია პროფესიული კონტაქტი არ გვაქვს. ავიღოთ უკრაინა, ბელორუსია, მოლდავეთი. ეს ის ქვეყნებია, სადაც ჩვენ შეხების წერტილები გვქონია. არაფერს ვამბობ ცენტრალურ აზიაზე. მერწმუნეთ, ამ თვალსაზრისით ჩვენ საკმაოდ თვალსაჩინო და დაწინაურებული მდგომარეობა გვიჭირავს. უკეთესი მდგომარეობა მხოლოდ იმას კი არ უკავშირდება, რომ კომპანიას ერთ დღეში დააფუძნებ და ასე შემდეგ… მე ვთვლი, რომ ჩვენი კანონმდებლობა არის ბევრად უფრო ცხადი, ვიდრე მათი; ბევრად უფრო ხელშემწყობი, ბევრად უფრო გამჭვირვალე. სასურველია, რომ მისი აღსრულება ასევე ხდებოდეს განუხრელად, როგორც ის ამას ღაღადებს შავით თეთრზე. აღსრულება სულ სხვა თემაა, რაც უკავშირდება იმას, რომ საკმარისად უნდა იყოს პოლიტიკური ნება, საკმარისად მომზადებული უნდა იყოს თვითონ ბიზნესი, დაფუძნებული უნდა იყოს პროფესიულ მართვაზე, საკმარისად გამჭვირვალე და ა.შ.

– ჩვენთან ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ბრძანებდა, რომ ბოლო პერიოდში სასამართლოს მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ მდგომარეობაზე?

– მე პირიქით მგონია. მე სხვაგვარი ინფორმაცია მაქვს, რასაც ვაკვირდები და მესმის იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩემზე მეტად განსწავლულები და ინფორმირებულები არიან. ამ მხრივ მდგომარეობა არც ისეთია, როგორც ამას პატივცემული თავმჯდომარე ბრძანებს. მეტად სავალალო მდგომარეობაა სისხლის სამართლის საქმეებზე, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა სამოქალაქო საქმეებზე, და განსაკუთრებით, – ადმინისტრაციულ საქმეებზე… ანუ, იქ სადაც სახელმწიფოს ინტერესი არის ამა თუ იმ ხარისხით, მეორე მხარის ოპონენტს დავა უწევს ძალიან რთულ პირობებში.

– გამოდის, როცა ორ კერძო მხარეს შორის მიდის დავა, მაშინ მეტია სასამართლოს ობიექტურობის შანსი?

– მაშინ მეტია ალბათობა, რომ ჩარევა არ იქნება და გაუთვალისწინებელი ზემოქმედება მოსამართლეზე არ მოხდება.

– რამდენად ხშირად გიწევთ სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლო დავა?

– ფირმა აწარმოებს არაერთ სასამართლო, საარბიტრაჟო დავას არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. რიგი სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება – ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამდენად, ამ მხრივ პრაქტიკა, გამოცდილება და ინფორმაცია არა მეორე ხელიდან, არამედ უშუალოდ, საკუთარი გამოცდილებიდან და დაკვირვებიდან გვაქვს. ჩვენ რაზეც გვაქვს პრეტენზია, ეს არის ის, რომ უკეთეს მართლმსაჯულებას ვიმსახურებთ. ქვეყანაში თუ სამართლიანობის უზრუნველყოფის ინსტიტუტი არ მოწესრიგდა, არცერთ სხვა საკითხს, ცვლილებას და კანონს აზრი არ ექნება. თუ ადამიანს გარანტია არ ექნება, რომ სამართლის ძიების შემთხვევაში ის შედეგს მიაღწევს, მაშინ არანაირ რეკლამას არც CNN-ით, არც BBC-ით და ბილბორდებზე მის გადატანას – შედეგი არ მოჰყვება.

– თქვენი შეფასებით, საქართველოში კერძო საკუთრება რამდენად არის დაცული და გარანტირებული?

– ჩვენ კრიტიკულად შევეხეთ სასამართლო ხელისუფლების მდგომარეობას, რომელიც უშუალოდ ამ ინტერესების სადარაჯოზე უნდა იდგეს. ნებისმიერი ინსტიტუტი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ იმყოფება, მათ შორის საკუთრების ინსტიტუტი, შედეგობრივად, ასევე დაზარალებული და შელახულია.

– თქვენი ფირმის იურისტების მიერ წარმოებული საქმეებიდან, რომელია ყველაზე ხმაურიანი და ხომ არ გამოყოფდით რომელიმეს?

– სასამართლო საქმეებზე თუ ვისაუბრებთ, გვერდს ვერ ავუვლით ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელის საქმეს. ჩვენი ფირმა არის ჩართული მათი დაცვის განხორციელებაში. არჩილ კბილაშვილი აწარმოებს ამ დაცვას; საარბიტრაჟო უცხოურ ცენტრებში 2 დავა იხილება; რაც მახსენდება, იყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი; სამხრეთ კავკასიის გაზსადენი – ამ პროექტების დაფინანსების სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში ჩვენ ვიყავით ჩართული. ასევე აშშ-ის ახალი საელჩოს მიწის ნაკვეთის შეძენასთან, თვითონ საელჩოს მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიყავით ჩართული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ… წარსულში არაერთი ხმაურიანი საქმე გვიწარმოებია.

სულ ახლო წარსულში, დონალდ ტრამპის ორგანიზაციას ვუწევდით რჩევას, ჩვენ ვიყავით მისი წარმომადგენელი ქართული სამართლის საკითხებზე ცნობილი თემის ირგლივ. არის ასევე ბევრი სხვა მიმდინარე პროექტი. ევრობანკს ხშირად ვუწევთ კონსულტაციებს. ასევე სხვადასხვა საერთაშორისო თუ გლობალურ საფინანსო ორგანიზაციას. ფირმის დამკვეთებს შორის არის ძალიან მსხვილი მულტინაციონალური კომპანიები, როგორიც არის Nokia Siemens Networks, Knauf, Perdue, JTI, Halliburton, Microsoft, Total და ა.შ.; ჩართული ვართ ფოთის პორტის გაყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებაში – „რაკიას“ ინტერესებს წარმოვადგენთ. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვუწევთ რჩევას… მიჭირს განსაკუთრებულის გამორჩევა. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პოზიციებს დღესდღეობით ვინარჩუნებთ.

– თქვენ თქვით, რომ მრავალ პროექტში ხართ ჩარ¬თული. თქვენი შეფასებით, საქართველოს ბაზარზე, იურიდიულ კომპანიებს შორის თავისუფალი და პატიოსანი კონკურენციაა?

– მიუხედავად ქართული ბაზრის სიმცირისა, მსგავსი პროფილის 6-7 ფირმა აქტიურად საქმიანობს. მე ვთვლი, რომ სივრცე ყოველი მათგანისთვის არის. ბაზარი ჯერჯერობით იტანს ამ რაოდენობას და რაიმე განსაკუთრებული კონკურენცია და შესაბამისად, რომ დისკომფორტი გვექმნებოდეს, ჩვენ ასეთი რამე არ გვიგრძნია. ალბათ, სხვებიც იგივეს ფიქრობენ. მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ადგილი ყველა ჩვენგანისთვის საკმარისადაა.

– იურიდიული ფირმების შერჩევა რამდენად გამჭვირვალედ ტარდება?

– იურიდიული ფირმის აყვანის პროცედურა მაინცდამაინც არ არის მსგავსი ისეთი ტენდერისა, რომელიც ქვეყნის შიგნით ტარდება სხვადასხვა სახის სამუშაოთა ან მომსახურების შესყიდვაზე. ამას ხშირად კლიენტი წყვეტს, გამომდინარე მისი შეხედულებიდან ან ე.წ. გარე მრჩევლის რეკომენდაციიდან. ხშირად, გადაწყვეტილების მიღების მიზეზები ჩვენთვის უცნობი რჩება: რატომ აგვირჩია ჩვენ და არ აირჩია სხვა.

აქ ყურადღება ექცევა ფირმის მიერ განვლილ გზას, გამოცდილებას, კლიენტების პორტფელს, ანალოგიურ საქმეთა წარმოების პრაქტიკას და, ცხადია, ფასს. ამდენად, საერთაშორისო პროექტებზე იურიდიული ფირმების შერჩევა არ ხდება გაზეთ `24 საათში~ განცხადების გამოქვეყნებით ან რაიმე მსგავსით. გადამწყვეტ როლს თამაშობს ინდივიდუალური კონტაქტები, რეკომენდაციები და სხვა მოსაზრებებიც, რომლებიც ხშირად არ ხმოვანდება.

– დღევანდელ ბაზარზე, თუ არის მომგებიანი თქვენი ფირმის მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება?

– ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი სფეროა. თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია. ეს არის ის სფერო, სადაც წარმატება შენს წვლილზე პირდაპირ არის დამოკიდებული. ცხადია, პასუხისმგებლობაც ძალიან მაღალია. კაცი თუ გონებამახვილობით, საქმის სწორი ორგანიზებით გამოირჩევი, თან თუ ქვეყანაც ხელს გიწყობს, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ეს წამოწყება უშედეგო იყოს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, პასუხისმგებლობის წნეხი მაღალია, სტრესული მომენტიც ხშირია. გულწრფელად რომ გითხრათ, იგივე ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე არცერთ ჩვენგანს სპეციალური განათლება მრავალმილიარდიანი პროექტების გაძღოლის არ გვქონია. ამ პროექტზე მუშაობისას ამა თუ იმ საკითხზე ცივ ოფლშიც გავხვეულვარ. განიცდი, ღელავ, გულთან ახლოს მიგაქვს, თან გზადაგზა სულ სიახლეებთან გაქვს შეხება. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენს საქმიანობაში სწავლის პროცესი უწყვეტია. რამდენადაც ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბების სტადიაზეა, იმდენად, ნებისმიერი პროფესია, სექტორი თუ ინდუსტრია, ასევე იქნება ჩამოყალიბება-ზრდის და სწავლის პროცესში.

ნურავინ იტყვის ჩვენს სფეროში, რომ ის აბსოლუტურად ყველა კომპონენტით ყველა საერთაშორისო სტანდარტს პასუხობს. მე ასეთ პასუხს ვერ დავიჯერებ.

– საუბრისას სახელმწიფოს წნეხი ახსენეთ. თქვენი შეფასებით, ეს წნეხი ბოლო წლებში იზრდება თუ მცირდება თქვენი ფირმის მსგავსი კომპანიების საქმიანობისთვის?

– უშუალოდ ჩვენ ამას არ ვგრძნობთ, მაგრამ თუ საუბარია იმ კლიენტებთან მიმართებაში, რომელთაც ჩვენ მომსახურებას ვუწევთ, ამ მხრივ სასურველია მდგომარეობა იყოს შედარებით უკეთესი.

– დასასრულ, თუ გაქვთ თავისუფალი დრო, როგორ ატარებთ მას და რა არის თქვენი ჰობი?

– თავისუფალი დრო აუცილებელია. არ მჯერა ადამიანის, რომელიც 24 საათი საქმეშია ჩართული. ხანდახან რომ შეხვდები შენს კოლეგას და ჰკითხავ, რა ხდება შენსკენ – ისე წარმოაჩენს მდგომარეობას, თითქოს ის სხვა ქვეყანაშია და შენ სხვაგან ხარ. პატივს არ ვცემ სამუშაოზე გადამკვდარ ადამიანს. მე ვთვლი, რომ ეს არის დაავადების ნაირსახეობა. ან ადამიანი დაავადებულია, ან სხვა სახის აშლილობა აქვს, ან უბრალოდ იტყუება. სწორი ორგანიზების და დროის სწორად განაწილების შემთხვევაში ყველაფრის დრო უნდა გრჩებოდეს.

ღმერთმა არ ქნას, რომ სამუშაოს მიჰქონდეს იმდენი დრო, პირადი ცხოვრებისთვის და გართობისთვის, მეგობრებთან დროის სატარებლად, სამოგზაუროდ და სპორტისთვის დრო არ გრჩებოდეს. თუ ადამიანს ამის დრო არ რჩება, გამოდის მას ტყუილად უცხოვრია. მე არ ვაპირებ არანორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვო.

ჩემი ჰობი სპორტია: ცურვა, სირბილი. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარი ჰობი (თუ ეს ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ) არის ურთიერთობები ადამიანებთან, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებში, სხვა კულტურებთან. ასეთი ურთიერთობები ხომ მეტი დაკვირვების და თვალსაწიერის ზრდის კარგ საშუალებას იძლევა.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით