Homeინტერვიუინტერვიუ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელ ილია კოკაიასთან

ინტერვიუ საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელ ილია კოკაიასთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

ილია კოკაია – დაიბადა 1956 წლის 3 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

1973 წელს დაამთავრა თბილისის №39 საშუალო სკოლა.

1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით.

1990 წლამდე მუშაობდა „საქენერგოს“ სისტემაში, სადაც მისი ბოლო თანამდებობა ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის ცვლის უფროსობა იყო.  

1990 წლიდან ლითონნაკეთობათა წარმოების და რეალიზაციის ბიზნესშია.

პარალელურად, 1996-2004 წლებში იყო საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) ლიცენზირებული აგენტი.

2003-2007 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი.

2004 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელია.  

2007 წელს პარტნიორებმა და მან შეიძინეს ს/ს „ჭიათურმანგანუმი“ და „ვარციხჰესების კასკადი“ და ზესტაფონის „ფეროსთან“ ერთად შექმნილი ს/ს „ჯორჯიან მანგანეზი“ მართვაში გადასცეს უკრაინულ ჰოლდინგ „პრივატჯგუფს“.  

ჰყავს მეუღლე და სამი ქალიშვილი.

ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.

– ბატონო ილია, ვიცით, რომ ფეხბურთში თქვენი მოსვლა ბიზნესიდან მოხდა. ამდენად, მოდით, იქ თქვენი პირველი ნაბიჯები გაიხსენეთ.

– ბიზნესში 1990 წლიდან ვარ. მის უკეთ საწარმოებლად, 1992 წელს გერმანიაში გადავედი საცხოვრებლად. ჩემი და ჩემი პარტნიორების ძირითადი კლიენტები ჩინეთიდან იყვნენ. იქ ვაწოდებდით მზა ლითონის ნაწარმს უკრაინიდან, რუსეთიდან. შესაბამისად, ამ ქვეყნებში გვქონდა შექმნილი პრაქტიკულად იდენტური სტრუქტურები. 

დავამყარეთ პარტნიორული ურთიერთობები ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანასთანაც, რომელსაც ძირითადად საკუთარი პროდუქციის რეალიზაციაში ვეხმარებოდით. „ფეროსთან“ ასეთმა მჭიდრო კავშირებმა განაპირობა ის, რომ ავსტრიელი პარტნიორები დავაინტერესეთ ამ საწარმოთი და როცა 2003 წლის ოქტომბერში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა აქციათა 51 პროცენტი, იგი ჩვენ შევიძინეთ.

– თუმცა, იქამდე თქვენ პირველი ქართველი გახდით, ვინც საფეხბურთო აგენტის ლიცენზია მიიღო.

– ევროპაში ცხოვრების პერიოდში გავიცანი უფროსი ნოდარ ახალკაცი, რომელთან ურთიერთობამ ფეხბურთში ჩემს მოსვლაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.

ჩემთვის მოულოდნელად, ჟენევაში პირველსავე შეხვედრაზე, ახალკაცმა, რომელიც მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ, ფიფას ლიცენზირებული აგენტობა შემომთავაზა. ამისათვის მხოლოდ ჩემი თანხმობა საკმარისი არ იყო – საჭირო გახლდათ მთელი რიგი პროცედურების გავლა.

იმ მომენტისთვის, მსოფლიოში სულ 13 აგენტი იყო, რომელთაგან 6 გერმანელი, 3 ინგლისელი, დანარჩენი კი ევროპის კიდევ 4 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. 3 თვე დამჭირდა – გასაუბრებები იყო ფიფასა და უეფაში გასავლელი, საგარანტიო თანხის (200 ათასი შვეიცარიული ფრანკი) ანგარიშზე შეტანა და 1996 წელს ფიფას აგენტი გავხდი. მახსოვს, როგორ ამაყობდა ბატონი ნოდარი, რომ საფეხბურთო გრანდებთან ერთად საქართველოსაც ჰყავდა მისი წარმომადგენელი ამ მეტად საპასუხისმგებლო სფეროში.

– გაიხსენეთ, ფიფას აგენტის რანგში გაკეთებული თქვენი პირველი საქმე და აქვე ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც თქვენი უშუალო მონაწილეობით შესრულდა.

– დავიწყოთ იქიდან, რომ იმდენად დამაინტერესა ფეხბურთმა, მსურდა უშუალოდ კლუბებთან მეთანამშრომლა და არა ფეხბურთელებთან. ბევრს დავდიოდი საქართველოს ნაკრებთან ერთად იმ წლებში, როცა ფედერაციის პრეზიდენტი ახალკაცი იყო. მაინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა. მერე მივედი ისეთ კლუბებთან, რომლებსაც ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალი ჰქონდათ. 

– საქართველოში?

– არა. საქართველოში ერთადერთი კლუბი, რომელზეც მაშინ შეიძლებოდა გვეთქვა – შესაბამისი სტრუქტურები აქვსო, თბილისის „დინამო“ იყო. სხვაზე პროფესიულ კლუბს ვერ იტყოდი. თვით ბათუმის „დინამოც“, რომელიც იმ წლებში ევროთასებზე გამოდიოდა, ევროპული გაგებით კლუბად არ იყო ჩამოყალიბებული. ქუთაისის „ტორპედოში“ მაშინ დაიწყეს საკლუბო გაგებით მოქმედება, როცა იქ „სიგმა ბანკი“ მივიდა. მაგ დროს დაიწყეს საკონტრაქტო ურთიერთობები ფეხბურთელებთან, მანამდე არც იქ არსებობდა იურიდიული ბაზისი. აი, როცა იქ ავსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენი ზურაბ ხინიკაძე მივიდა, მან საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები გასწია და „ტორპედოც“ კლუბს დაამსგავსა.

მახსოვს, 1998 წლის 20 მაისი იყო, როცა „ამსტერდამ არენაზე“ გამართულ ჩემპიონთა თასის ფინალში „იუვენტუსი“ და „რეალი“ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაშინ გავიცანი ტირასპოლის „შერიფის“ პრეზიდენტი ვიქტორ გუშანი. მან მთხოვა, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მის კლუბში დავხმარებოდი. 

ჩასვლისთანავე, ყველაზე მეტად მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის საზღვრის მხოლოდ იურიდიულად არსებობამ გამაკვირვა. სამშვიდობოების პოსტი რომ არა, ვერც იფიქრებდი, რომ მოლდოვასა და დნესტრისპირეთს შორის 1992 წელს სისხლისმღვრელი ომი იყო. ვიკითხე და მიპასუხეს – საზღვარი ფეხბურთმა გახსნაო. ჩემპიონატს მოლდოვაში ვთამაშობთ და იძულებული ვართ აქით-იქით თავისუფლად ვიმოძრავოთო. მოკლედ, მოლდოვაში მთავარი ომი ფეხბურთი გახდა.

პირველი ტრანსფერი, რომელიც ყველაზე ხმაურიანი იყო ჩემი აგენტობის პერიოდში, ვაჟა თარხნიშვილის „შერიფში“ გადაყვანა გახლდათ. მე ვფიქრობ, მან ყველაზე მეტად გაამართლა. იგი ახლაც იქ თამაშობს, რამდენიმე წელია უკვე კაპიტანია, დნესტრისპირეთში მონეტაც მოჭრეს მისი გამოსახულებით და მგონი ძეგლსაც უდგამენ.

ქართველებიდან კიდევ დათო მუჯირი იყო – 2 წელი ითამაშა „შერიფში“, იყვნენ ნიგერიელები, რუმინელები. „შერიფთან“ მუშაობისას, 2 რუმინელი ფეხბურთელი დონეცკის „შახტარში“ გადავიყვანე. ცოტა ხანი მომიწია ლვოვის „კარპატთან“, რამდენიმე გერმანულ კლუბთან მუშაობა. თუმცა, ხაზგასმით ვიტყვი, რომ მეტწილად რომელიმე ფეხბურთელის პირადი აგენტი კი არ ვიყავი, ჩემთვის უფრო კლუბებთან თანამშრომლობა იყო საინტერესო. მქონდა ჩემი ბიზნესი და ფეხბურთელების ტრანსფერებიდან შემოსული თანხა ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო სულაც არ იყო. შესაძლოა, ჩამოთვლაც გამიჭირდეს ამა თუ იმ კლუბში მიყვანილი ფეხბურთელების, მაგრამ ამაში კაპიკიც არ ამიღია.

– აგენტობისას, ალბათ სხვა ცნობილ ბიზნესმენებთანაც გექნებოდათ ურთიერთობა.

– მქონდა და არაერთი კლუბის ცნობილ მეპატრონეთა მუშაობაში ძალიან ბევრი ხარვეზი დავინახე. საკმაოდ მდიდარ მეპატრონეებთან მომიწია მუშაობა, დონეცკის „შახტარში“ რინატ ახმეტოვთან, მოსკოვის ცსკა-ში ევგენი გინერთან. მათ სიჭკვიანეში ეჭვი როგორ უნდა შეიტანო კაცმა, მაგრამ მათთან მუშაობისას ვისწავლე, როგორ არ უნდა ვიჩქარო, არ უნდა ჩავერიო მწვრთნელის გადაწყვეტილების მიღებაში. 

ზოგს ჰგონია, როცა ფეხბურთს უყურებ და შეგიძლია რაღაც ნიუანსები ამოიცნო, მწვრთნელზე უკეთ შეძლებ ფეხბურთელისთვის ადგილის შეცვლას, შემადგენლობის დაყენებას და ა.შ. მიმაჩნია, რომ მეპატრონის მხრიდან მწვრთნელის მუშაობაში ჩარევა, საშინელი დანაშაულია. აი, ეს დასკვნა გამოვიტანე, ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებთან ამდენი ხნის თანამშრომლობის შემდეგ.

ერთი შეხედვით, ძალიან ტკბილია ფეხბურთის ზემოდან ყურება, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე ჩავერიო მწვრთნელის საქმიანობაში. შეიძლება სხვა პრეზიდენტზე უკეთ შემიძლია კიდეც შეცვლის გაკეთება, მაგრამ მერწმუნეთ, არასოდეს მიცდია. არ ვიცი ეს საქმე და ვერ დავსჯი ჩემს თავს – მაგის დრო არ მაქვს. მაშინ, უნდა წავიდე, ავიღო შესაბამისი ლიცენზიები, კიდევ უფრო ადრე კი, ფეხბურთი უნდა მეთამაშა, რომ მწვრთნელს, რომელსაც თვეების განმავლობაში ფეხბურთელებთან ერთად ძინავს, ჭამს, ისვენებს და ვარჯიშობს, რამე ვასწავლო.

– კლუბის მეპატრონეობა ბიზნესმა და ზესტაფონის „ფერომ“ გადაგაწყვეტინათ. რამდენად გადამწყვეტი იყო აქ, თქვენი უცხოელი პარტნიორების ნება?

– „ფეროში“ ახალი შემოსული ვიყავით ავსტრიელ ინვესტორებთან ერთად, როცა ერთ-ერთ თათბირზე გვთხოვეს – იქნებ გუნდი გაკეთდეს და რეგიონალურ ლიგაზე (რანგით ყველაზე დაბალი ლიგა საქართველოში) მაინც გავიყვანოთო.

დავფიქრდით, მივედით და ვნახეთ სტადიონი, რომელიც იმ დროისათვის მართლაც მშვენივრად გამოიყურებოდა. შენარჩუნებული იყო კომუნიკაციები, რისთვისაც არაერთხელ გამომითქვამს მადლიერება წინამორბედთა მისამართით.

გუნდს ახალი დაწყებული ჰქონდა არსებობა, როცა გამოჩნდა საშუალება და უმაღლეს ლიგაში წყალტუბოს „სამგურალის“ ადგილი დავიკავეთ. დავფარეთ მისი ვალები და 2004 წლიდან უმაღლეს ლიგაში ვართ.

გითხრათ სიმართლე, მაშინ ასეთი გეგმები ნამდვილად არ გვქონია. 2008 წელს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოვიგეთ, 2011-ში კი საქართველოს ჩემპიონები გავხდით.

რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, ჩვენ ერთად მხოლოდ „ფეროს“ აქციათა საკონტროლო პაკეტს ვაკონტროლებდით. გუნდთან მიმართებაში მათი მონაწილეობა მიზერული იყო – აქ გადამწყვეტი, ჩემი სურვილი და ფინანსები იყო და არის.

– ისე ჩანს, როგორც მენეჯერი იქამდე გაიზარდეთ, ეროვნულ ასპარეზზე მიღწეულ შედეგს ევროპაში წარმატებული გამოსვლისთვის იყენებთ. 

– მე მგონი, ყველა ქართველისთვის ქართული გუნდების წარმატებული გამოსვლაა ერთადერთი საშუალება, რომ საქართველოში ევროპული ფეხბურთი ნახონ. ჩემი მიზანი და ოცნებაა, ჩემპიონთა ლიგის ბანერი ჩამოვიტანო ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მინდა, რომ ეს „ზესტაფონმა“ გააკეთოს პირველმა, მაგრამ მართალი გითხრათ, არანაკლებ გამიხარდება, თუ ამას სხვა ქართული გუნდი გააკეთებს.

– შესაბამისად, თქვენ ყველა ქართული გუნდის გულშემატკივარი გამოდიხართ.

– რა თქმა უნდა. ფედერაციასთან ჩემი კამათი, სხვა საქმეს არც ემსახურება. ერთმა ჟურნალისტმა, ფედერაციის ოპოზიცია ხართო, ასე მითხრა. წარმოუდგენელი რამაა, რომ მე მისი ოპოზიცია ვიყო. ის ჩვენი მმართველი, მაკოორდინირებელი ორგანოა, რომლის კეთილდღეობა, კლუბების კეთილდღეობაა. რა მიმართულებითაც წაიყვანს ფედერაცია საკუთარ მუშაობას, იმ მიმართულებით წავლენ კლუბები. თუ ფედერაციამ ის ხარვეზები არ აღმოფხვრა, რაც მას აქვს, რაც არ უნდა წარმატებული ვიყო, ჩემი საქმიანობა შედეგს არ მოიტანს. აი, ეს მაღელვებს და იმიტომაც ვკამათობთ.

– „ზესტაფონის“ საკლუბო ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა იდეალურისაგან, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ბევრისთვის სამაგალითო ხართ. 

– ჩვენი პრიორიტეტია სავარჯიშო მოედნების, აღდგენითი ცენტრის და იმ ინფრასტრუქტურის გაკეთება, რომელიც ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ბავშვებზე აქცენტის გაკეთების გარეშე, ვერსად ვერ წავალთ. 

ჩვენ სტადიონის შესანიშნავი პროექტი გვაქვს, მაგრამ მისი რეინოვაცია ამ ეტაპზე შევაჩერეთ, რადგან ჯერ გვინდა პირველ რიგში რაც გასაკეთებელია, ის გავაკეთოთ. ესაა საწვრთნელი ბაზა – მზად გვაქვს სამი მოედანი, დაემატება საცხოვრებელი კორპუსი, აღდგენითი ცენტრი და მერე შევუდგებით აკადემიის განვითარებას.

ჩვენ გვაქვს სტადიონი, რომელიც უეფას საკვალიფიკაციო ეტაპების მასპინძლობას შეძლებს. სხვა მხრივ რომ ვიფიქროთ, „ზესტაფონი“ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებს ვერც ჩემპიონთა და ვერც ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მოთხოვნებს. ღმერთმა ქნას და მოვხვდით იქ და „მილანი“ ან „ბარსელონა“ გვყავს სამასპინძლო. როგორ წარმოგიდგენიათ, იტალიელებს რომ 5000 ტიფოზი ჩამოჰყვება, მათი საცხოვრებლად განთავსება?

– გამოდის, ყველა ვარიანტში თბილისში უმასპინძლებთ სახელიან მეტოქეს?

– რატომ, ქუთაისი ხომ უფრო ახლოსაა. მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჯერ იქაც არაა, თუმცა პარლამენტის გადასვლის გამო, პერსპექტივა არსებობს. პირველ რიგში აეროპორტი და მერე სასტუმროებია საჭირო, რომ სტუმარი გუნდი მაინც მიიღო. მე მინიმუმ ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ვერ ავაშენებ. მარტო „ბარსელონას“ გუნდი ჩადის სტუმრად გასამართავ მატჩზე 200 კაცით, „მილანი“ – 150-ით.  

სტადიონის პროექტის რაღაც ნაწილის განხორციელებას ვაპირებთ – 2 ტრიბუნის დამატება გვინდა. თუმცა, ბოლომდე მის რეინოვაციას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს. სამწუხაროდ, უახლოეს 2-3 წელიწადში ლიგის თამაშები რომ ზესტაფონში ვითამაშოთ, ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ.

– საინტერესოა, რამდენია „ზესტაფონის“ ბიუჯეტი?

– ეს აბსოლუტურად გამჭვირვალე ინფორმაციაა. შარშან ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯი 3,2 მილიონი დოლარი იყო, 2011-ში კი 5 მილიონი იქნება. ერთი შემიძლია ვთქვა, წლევანდელი დეფიციტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი. ეს ყველაფერი იმის ხარჯზეა, რომ მოიმატა უეფადან მისაღებმა თანხამ და მან 550 ათასი ევრო შეადგინა.

– არადა, სულ სხვა სურათს მიიღებდით, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რომ მოხვედრილიყავით?

– ჩვენ რომ ავსტრიულ „შტურმს“ გავცდენოდით, გარანტირებულად მიღებული 2,3 მილიონი ევრო გვექნებოდა. თუ ჯგუფში შედიხარ, ეს თანხა სადღაც 8 მილიონამდე მატულობს.

იმის გარდა, რომ ლიგაზე შესვლა მეტ ფულს იძლევა, იქ თამაში სულ სხვა მოთხოვნებს გიყენებს. ფეხბურთელების და მომსახურე პერსონალის ხელფასები გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მე ვერ გავიყვან ლიგაზე სათამაშოდ ფეხბურთელს, რომელსაც 1000 დოლარი ექნება ხელფასი. ჩვენ გათვლა ამაზეც გვაქვს, როგორ უნდა გავუუმჯობესოთ ამ ხალხს პირობები. სწორედ ამას ვეუბნებით ამ ბიჭებს – მოდით, მოხვდით ლიგაზე და ძალიან ბევრ ფულს იშოვით.

– ე.ი. თქვენ ხართ პროფესიონალი მენეჯერი, რომელსაც ქართულ ფეხბურთში ჩადებული ინვესტიციებით ამონაგების მიღების რეალური შანსი აქვს.  

– რამდენადაც არ მაქვს სურვილი ვიყო პროფესიონალი მენეჯერი, იმდენად ვარ. მინდა ვიყო მარტო კლუბის მეპატრონე და საერთოდ არ ვერეოდე მის საქმეებში, ვამტკიცებდე მის ბიუჯეტს და მეტი არაფერი. შემიძლია ვთქვა, რომ 80 პროცენტი კლუბის ამ საქმისა, უკვე შესრულებული მაქვს. კლუბს უკვე სპორტული, ფინანსური მენეჯერიც ჰყავს და იქითკენ მივდივარ, რომ მხოლოდ მეპატრონის ფუნქცია დამრჩეს.

– ს/ს „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანია „პრივატჯგუფის“ საქართველოში შემოყვანის ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ იყავით, ის კი თქვენი კონკურენტი თბილისის „დინამოს“ სპონსორი გახდა.

– „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის მასშტაბის გათვალისწინებით, იგი ყველაზე დიდი მომუშავე საწარმოა საქართველოში. მის მმართველ უკრაინულ კომპანია „პრივატჯგუფს“ საკუთარი ინტერესები გააჩნია. „ზესტაფონი“ ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი აქციონერია და იმიტომაც აწერიათ ფეხბურთელებს მკერდზე „ფერო“. 

უკრაინელებს რაც შეეხებათ, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ. „პრივატჯგუფი“ რამდენიმე საფეხბურთო კლუბს ფლობს უკრაინაში. ერთ-ერთია დნეპროპეტროვსკის „დნიპრო“, მაგრამ ეს ხელს არ უშლით კიევის „დინამოს“ სპონსორები იყვნენ. 

ამდენად, მე არ მიკვირს, რომ ინვესტორმა საქართველოში განთქმული ბრენდი ამოირჩია და თბილისის „დინამოს“ სპონსორი გახდა. მერწმუნეთ, როცა ქართული ფეხბურთის ფლაგმანი „ზესტაფონი“ გახდება, ჩვენსკენ უფრო მეტი სასპონსორო ყურადღება წამოვა.

– თქვენს უახლოეს გეგმებზეც გვითხარით.

– გვსურს გავხდეთ პირველი ქართული გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. ამისთვის, ჩვენს წინ რეიტინგში მყოფ თბილისის „დინამოს“ აუცილებლად უნდა გავუსწროთ.

ფრიდონ კერვალიშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით