Homeინტერვიუინტერვიუ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან

ინტერვიუ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტ სოსო ფხაკაძესთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე   

სოსო ფხაკაძე „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2000 წელს. მან დააარსა და განავითარა დასავლური ტიპის ავტო-გასამართი სადგურების ქსელი შპს „კანარგო სტანდარტ ოილ პროდუქტის“ ბრენდის ქვეშ, რომელიც რებრენდინგის შემდგომ „ვისოლის“ სახელით დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. დღესდღეობით, “ვისოლი ჯგუფი” უკვე არა მხოლოდ ენერგეტიკის სფეროს, არამედ სამშენებლო, სარეკლამო ბიზნესს და სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების ობიექტების ქსელსაც ავითარებს.

სამუშაო გამოცდილება

სოსო ფხაკაძე გახლდათ საქართველოს ფინანსური ბაზრების ასოციაციის პრეზიდენტი. 1993-2000 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი დილერისა და სავალუტო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.

2008 წელს აირჩიეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. კომპანია „ვისოლის“ პარალელურად სოსო ფხაკაძე სხვადასხვა სექტორში მოღვაწე რამდენიმე ბიზნეს-კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია.

2009 წლიდან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ასოციაცია კერძო სექტორის ინტერესების დამცველ ერთ-ერთ უმსხვილეს არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს საქართველოში.

განათლება

1988-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების და მენეჯმენტის ფაკულტეტი.

1988-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკროეკონომიკის ფაკულტეტი.

1994-1999წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, მიენიჭა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ასევე დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

მოგვიანებით, სოსო ფხაკაძემ აშშ-ში – ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, დიპლომატიის სკოლაში ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო; ასევე ისწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

ბოლოს კი, ისწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ბიზნესის მართვის და ადმინისტრირების ფაკულტეტზე, სადაც მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– ბატონო სოსო, სანამ უშუალოდ თქვენს ბიზნეს-საქმიანობაზე შეგეკითხებით, მოკლედ გვიამბეთ თქვენი განათლების შესახებ.

– 1988 წელს პირველი ექსპერიმენტალური სკოლა დავამტავრე. 1989 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმავე წელს რამდენიმე აქტიურ სტუდენტთან ერთად მაკროეკონომიკის ფაკულტეტი შევქმენით. როდესაც ჩავაბარე, მაშინ თანამედროვე საგნებს არ ასწავლიდნენ. მაშინ ეკონომისტთა ასოციაცია შევქმენით და ახალი საგნები ჩვენ, რამოდენიმე სტუდენტმა მოვიტანეთ. ჩემთან ერთად იყვნენ მიხეილ ჭკუასელი, ვახო ბუცხრიკიძე, პაატა ღაძაძე, ასეთი ჯგუფი გვყავდა – დღეს თითქმის ყველა წარმატებულია. უნივერსიტეტი 1993 წელს დავამთავრე, მაკროეკონომიკის სპეციალობით. პარალელურად ასევე ვსწავლობდი ბიზნესის უმაღლეს სკოლაში. „მაღლივში“ – ეს იყო პირველი ბიზნეს-სკოლა საქართველოში. მაშინვე ვიცოდი, რომ ბიზნესმენი უნდა ვყოფილიყავი. ამის შემდეგ მომიწია ჯორჯთაუნში – ვაშინგტონში სწავლა, მერე ჰარვარდში ვისწავლე. სწავლის სფერო ყოველთვის ეკონომიკა და ფინანსები იყო. შემდეგ ჰარვარდში ხარისხი მომენიჭა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ხარისხი ავიღე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში. იქ იყო ასევე ბიზნესის ფაკულტეტი. ასევე მაქვს იურიდიული განათლება და დიპლომი იურისპრუდენციაში. ძალიან დიდი ნაწილი დავუთმე განათლების მიღებას, რაც საბოლოო ჯამში გამომადგა კიდეც.

– დაარსების დღიდან როგორ მოხვდა ბაზარზე „ვისოლ ჯგუფი“ – რა სიძნელეები შეგხვდათ და როგორ წარიმართა ბიზნესი?

– ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისიდან დავიწყეთ ბიზნეს-აქტივობა. პირველ კურსზე ვიყავი ჩემი პატარა ბიზნეს-საქმიანობა რომ მქონდა. მეგობრებთან ერთად რაღაცები ვიყიდე და გავყიდე… მაშინ იყო კავკასიის ბირჟა, აი, იქ წვრილმანების ყიდვა-გაყიდვაში ორ კაპიკს ვაკეთებდით. მახსოვს, ვიყიდეთ სვიტრები და გავყიდეთ. მერე მოგებიდან ერთი ცალი დავიტოვე, სიმპათიური სვიტრი იყო. დანარჩენი თანხა ისევ საქმეში ჩავდეთ. მერე სხვა სასაქონლო ღირებულების ნივთებზე გადავედით. ფასიან ქაღალდებთან გვქონდა შეხება. იმ დროს ნაშოვნი ის პატარა ფული ისეთი სასიხარულო იყო, რომ დღეს შეიძლება ასჯერ მეტ შემოსავალს არ მოჰქონდეს ის ემოცია.

1996 წელს ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტი დავიწყეთ. მერე უკვე 1999 წელს გადავწყვიტეთ საკუთარი ავტოგასამართი სადგურების ქსელის შექმნა.

დღეს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში ვართ წარმოდგენილი. საკმაოდ დინამიურად განვითარდა ჩვენი ორგანიზაცია. მან საბოლოო ჯამში მიიღო ჯგუფის სახე და დღესდღეობით არსებობს „ვისოლ-ჯუფის“ სახელით. თითოეული ორგანიზაცია, რომლიც ერთიანდება ამ ჯგუფში თავიდანვე იყო რამოდენიმე პრინციპზე აგებული. პირველი – უნდა გვეწარმოებინა აუცილებლად ლეგალური საქმიანობა, ყოველთვის უნდა ანგარიშვალდებული ვყოფილიყავით სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე; მეორე – ყოველთვის ფოკუსირება უნდა გაგვეკეთებინა პროდუქციის ხარისხზე; მესამე – ყურადღება უნდა გაგვემახვილებინა მომსახურების ხარისხზე. ეს გახლავთ ჩვენთან არსებული ღირებულებების ნაწილი. ამ ღირებულებებით ვსაზრდოობდით და მომავალშიც ასე ვაპირებთ ჩვენი ბიზნეს-საქმიანობის გაგრძელებას.

სწორედ, ამ ღირებულებებმა, იმ კოოპერაციულმა ეთიკამ, რომელიც ჯგუფში შეიქმნა, განაპირობა ჩვენი წარმატება. წარმატება ასევე განაპირობა იმან, რომ თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ბევრს შრომობს, გვიყვარს ეს საქმე. ადამიანს თუ რამე არ შეგიყვარდება, იმ საქმეს ვერ მოერევი და წარმატებას ვერ მიაღწევ. თითოეული ჩვენთაგანი მიუხედავად იმისა, ვინ რას ვაკეთებთ, ყველანი შეყვარებული ვართ ჩვენს საქმეზე. საქმის სიყვარული, ერთმანეთის მხარში დგომა და ურთიერთპატივისცემაა `ვისოლის~ თანამშრომლებს შორის ურთიერთობის პრინციპი. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში ძალიან კარგ საშუალებას ქმნის იმისთვის, რომ ახალი კომპანიები შევქმნათ, ახალი ბრენდები ჩამოვაყალიბოთ, შემდეგ ეს ბრენდები გავაცნოთ საზოგადოებას და ამ ბრენდებმა თანდათანობით დაიმკვიდრონ თავი.

– „ვისოლ ჯგუფი“ დღეს რა ბრენდებს და რა საქმიანობებს აერთიანებს?

– „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, რომელიც საწვავის გასამართი სადგურების ქსელია. კომპანია ექსკლუზიურად ახდენს უახლესი ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის „აპის“ იტალიური საწვავის იმპორტსა და რეალიზაციას.

„ეარ ვისოლი“, რომელიც  თანამედროვე ე.წ. ჰიდრანტის სისტემით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის JET A1 და TS1 მარკის ავია საწვავის მიწოდებას საჰაერო ხომალდებისათვის.

„ვისოლ გაზი“, რომელიც ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს სთავაზობს შეკუმშულ ბუნებრივ გაზს მსოფლიოში წამყვანი კომპანია Aspro-ს ტექნიკური აღჭურვილობით.

„ვისოლ ბუნკირება“ ბათუმის, ფოთის და ყულევის პორტში შემავალ გემებს საწვავით გამართვის სერვისს სთავაზობს.

„ვისოლ გაზის სადისტრიბუციო კომპანია“ თელავის რაიონს ბუნებრივ გაზს აწვდის.

„ვისოლ ავტოექსპრესი“ საქართველოს ბაზარზე ერთადერთ ავტომომსახურების ცენტრების ქსელს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები უმაღლესი ხარისხის „ტოტალისა“ და „ფინას“ ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელს „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებს, საბურავებს და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს. 

სამშენებლო კომპანია „დელტა ჰოლდინგი“, რომლის ძირითადი საქმიანობაც „ვისოლ ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურის მშენებლობაა. ყველაზე მსხვილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი პროექტი, რომელიც „დელტა ჰოლდინგმა“ განახორციელა, ცენტრალური მაგისტრალის გორის მონაკვეთზე შექმნილი „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრია. სამშენებლო კომპანიის შექმნილია „ვისოლის“ სპორტული კომპლექსები თბილისსა და რეგიონებში.

სარეკლამო კომპანია „ველაჯიო“ – ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოს სარეკლამო ბაზარზე.

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“;

საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“;

ფიტნეს ცენტრი „ლაგუნა ქუთაისი“.

ასევე, რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უმსხვილეს ამერიკულ კომპანია „ვენდისთან“, რომელიც „მაკდონალდსის“ მსგავსად არის სწრაფი კვების წამყვანი ქსელი აშშ-ში. მივიღეთ ფრანჩიზული უფლება, რომ გავაკეთოთ სწრაფი კვების ობიექტები საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ვენდი“ „ვისოლ ჯგუფთან“ ერთად მომავალი 10 წლის მანძილზე სწრაფი კვების 25 რესტორანს გახსნის. პირველ ეტაპზე „ვენდის“ რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში მოხდება.

– საიდან მოდის ბიზნესის ასე დივერსიფიცირების იდეა – სად საწვავი და სად სხვა საქმიანობები, რომლებსაც ვისოლ ჯგუფი აწარმოებს?

– თუ დააკვირდებით რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი ეს არის დამყარებული ერთ ფილოსოფიაზე. რაც გვესმის – იმას ვაკეთებთ. ეს არის საცალო ქსელების შექმნა და მათი მართვა.

მინდა გითხრათ, რომ „ვენდი“ ეს არის საცალო ქსელი, „ავტოექსპრესი“ არის სერვის-ცენტრები, რომლებიც უკვე „ტოტალის“ ბრენდის ქვეშ მუშაობს და 15 სერვის-ცენტრია; ასევე „სმარტიც“ არის საცალო ქსელი – სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში.

ფიტნეს-კლუბი „ტორპედო ქუთაისის“ ბაზაზე იყო და ჩვენ ავაღორძინეთ. ჩვენ დაკავშირებული ვართ სპორტთან. ჩვენი ფილოსოფიის ნაწილია, ძალიან ახლოს ვიყოთ სპორტთან.

იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ გვქონდა მხოლოდ „ვისოლ პეტროლიუმი“, ამის შემდეგ დავიწყეთ დივერსიფიცირებაზე ფიქრი. საერთოდ, ბიზნესის დივერსიფიკაცია არის ყოველთვის მნიშვნელოვანი. შეიძლება რომელიღაც პერიოდში ერთ კომპანიას გაუჭირდეს, მეორე დაეხმარება და რისკები არის შემცირებული. ამიტომ, როცა რამდენიმე სექტროში ხარ წარმოდგენილი, ყველანაირ კრიზისს გაუძლებ, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. კრიზისული სიტუაციების დროს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელი კარგად მუშაობდა. სუპერმარკეტებიც კარგად მუშაობს და ა. შ.

მაგრამ, ორი სახის დივერსიფიცირება არსებობს: ერთი, რომ აკეთო ბიზნესი ამ ქვეყანაში და კიდევ რომელიმე სხვა ქვეყანა აირჩიო. ასეც იყო ადრე, 90-იან წლებში, როცა ძალიან არასტაბილური გარემო იყო. მას შემდეგ, რაც საქართველოში არის ძალიან სტაბილური და კარგი გარემო, იმისათვის რომ სხვადასხვა პროექტები გააკეთო, ამიტომ ჩვენ უკვე რამდენიმე წელია გადავწყვიტეთ და უცხოეთში ბიზნესს არ ვაკეთებთ. კონცენტრაციას ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში.

– რომელ ქვეყანაში გქონდათ ბიზნესი?

– სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება გვაქვს. მათ შორის რუსეთში. ამჟამად ინვესტიციებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში ვახორციელებთ. ამ ქვეყნის გვჯერა და გვწამს. ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიციების ჩადება გაბედულად შეიძლება. ბიზნესის კუთხით, არსებობს ძალიან დიდი ნიშა ბევრ საქმეში და ამ ნიშას ათვისება სჭირდება.

– თქვენ ბიზნესის რამდენიმე მიმართულება დაასახელეთ, რაც „ვისოლ ჯგუფს“ აქვს. შემოსავლის მხრივ მთავარი ლოკომოტივი კვლავ საწვავის ბიზნესია?

– ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ „სმარტი“, „ვენდი“ – ეს კომპანიები გახდნენ მძლავრი კომპანიები და საბოლოო ჯამში საწვავიდან მიღებული შემოსავალი 50%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს. დღვანდელი მდგომარეობით ისევ დომინანტია „ვისოლ პეტროლიუმი“, მაგრამ მცირდება მისი წილი.

– კიდევ რა სიახლეებს გეგმავს თქვენი ჯგუფი?

– ყველაზე დიდი სიახლე რაც წელს მოხდა, ის იყო რომ საქართველოში შემოვიყვანეთ მულტინაციონალური კომპანია „ვენდი“. ეს იყო ძალიან დიდი ინოვაცია. ვაკეთებთ ავტომატიზაციის პროექტს „ვისოლ პეტროლიუმში“ და ყველა სადგური ავტომატიზირებული იქნება. ანუ, ერთი წერტილიდან იქნება ყველა სადგურის მართვა შესაძლებელი. ასეთი ქსელები სხვათა შორის ევროპაშიც არ არის. ჩვენ თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხარისხიანად. საწვავი უმაღლესი ხარისხის რომ გვქონოდა, იტალიურ „აპის“ დავუკავშირდით. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირება უფრო მეტი გვიჯდება.

– თქვენი შეფასებით, რა არის საჭირო რომ ბიზნეს-გარემო უფრო უკეთესი გახდეს? იქნებ რაიმე საკანონმდებლო ცვლილება მიგაჩნიათ საჭიროდ, ან რაიმე სხვა მომენტს გამოარჩევდით?

– სახელმწიფო ბოლო წლებში ბიზნესის განვითარებას ძალიან უწყობს ხელს. დავიწყოთ საგადასახადო რეფორმით: გადასახადების სახეობები 21-დან შემცირდა 6-მდე. საგადასახადო კანონმდებლობა დახვეწილია და 2010 წლის 1 იანვარს რომ შევიდა ძალაში, ყოველდღიურად კიდევ უფრო იხვეწება. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს შემოსავლების სამსახურთან. შემოსავლების სამსახურს დღეს ძალიან კარგი ხელმძღვანელობა ჰყავს. ისინი მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, რომ ბიზნესი ვაკეთოთ გამჭვირვალედ, ლეგალურად და ამაში ყველანაირად დახმარებას გვიწევენ.

რაც შეეხება საკანონმდებლო საკითხებზე მთავრობასთან მუშაობას – ეს ამოუწურავი თემაა. ჩვენ გვაქვს საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია. ამ ასოციაციაში ვარ ვიცე-პრეზიდენტი. მთავარი არის ის, რომ არის ძალიან დიდი მზაობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან ერთმანეთს ესაუბრონ, დამყარდეს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. ამ კომუნიკაციის ფარგლებში ნებისმიერ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ჩვენს გამოვხატეთ – ხელისუფლებამ მხარი დაგვიჭირა. ჩვენი მხრიდან ინიციატივები კვლავ იქნება, რასაც ალბათ ხელისუფლება გაითვალისწინებს.

თუმცაღა, დღეს ზედმეტია იმაზე საუბარი, საკანონმდებლო ბაზა და კანონმდებლობა არ არის ისეთი სრულყოფილი, რომ ბიზნესი ამის გამო ფერხდება – უბრალოდ არაობიექტურია ამის თქმა. თუ ადამიანს შნო აქვს და შეუძლია წარმატებული ისტორიის შექმნა, ამის საშუალება დღეს საქართველოში ნამდვილად არის. დანარჩენი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის არის აუცილებელი, მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ფინანსური სექტორი, ფინანსური შუამავლების როლი უნდა გაიზარდოს ქვეყანაში. მოხარული ვიქნებით, თუ უფრო მეტი ბანკი შემოვა და უფრო მეტად ჩამოყალიბდება კაპიტალის ბაზარი. ფინანსური შუამავლების როლს დღეს კისრულობენ მხოლოდ და მხოლოდ კომერციული ბანკები. ბიზნენსის განვითარებისთვის კარგია რომ იყვნენ სხვადასხვა სახის ფინანსური შუამავლები, საინვესტიციო ფონდები, სხვადასხვა სახის ფონდები, რომლებიც ბიზნესს დაფინანსების საშუალებას მისცემენ.

– არის მოსაზრება, რომ დღეს, მსხვილი ბიზნესი, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ბევრად ლაღად გრძნობს თავს მცირე და საშუალო ბიზნესთან შედარებით. ეს სხვაობა განსაკუთრებით იგრძნობა ბანკებთან ურთიერთობაში და სესხების აღებისას. ასევე მიანიშნებენ ხოლმე არასამართლიან კონკურენციაზე, რომ მსხვილი ბიზნესი კონკურენციის თვალსაზრისით მცირე და საშუალო ბიზნესს პრობლემებს უქმნის…

– არასამართლიან კონკურენციასთან დაკავშირებით ცოტა გამიჭირდება რაიმეს თქმა. მოდი ასე ვთქვათ, „სმარტი“ ძალიან პატარა კომპანია იყო სულ რაღაც 2 წლის წინ. ჩვენ პატარიდან ვიწყებთ და დიდ კომპანიას ვაყალიბებთ. „ვისოლზე“ აღარ ვილაპარაკოთ, კი, დიდი კომპანიაა მაგრამ, 2 წლის წინ „სმარტი“ იყო 1 მაღაზია, დღეს არის 10 და ხვალ იქნება 50 სავაჭრო ცენტრი. თავიდან ეს ხომ არ ყოფილა მსხვილი ბიზნესი? დავიწყეთ 2 წლის წინ, სულ 2-3 ადამიანი ვიყავით და ახლა „სმარტი“ 450 თანამშრომელს აერთიანებს.

მაგრამ რაც შეეხება შეკითხვის პირველ ნაწილს, რომ ბანკებთან ურთიერთობაში უჭირთ საშუალო და მცირე კომპანიებს – მე გეტყვით, რომ დიდ კომპანიებსაც უჭირთ. საპროცენტო განაკვეთების დაწევის მხრივ სიტუაცია მართლა გამოსასწორებელია. წეღან როგორც ვამბობდი, ყველაზე შემაფერხებელი პრობლემა არის ფინანსური შუამავლების არარსებობა. ამიტომ, ვერ გეტყვით, რომ ჩვენთვის არ არის პრობლემა აქ ფინანსური რესურსის მოზიდვა. ჩვენ ევროპის ბანკები რომ არ გვაფინანსებდნენ, ამ წარმატებას ვერ მივაღწევდით.

– ანუ, ფინანსური რესურსის მოძიება თქვენც გიჭირთ?

– კი, ამას არ უარვყოფ. ყველგან ვამბობ, რომ ფინანსური რესურსის მოძიება ამ ქვეყანაში ჭირს და ძვირიც არის როგორც პატარა, ასევე დიდი კომპანიებისთვის. თუმცა, შევხედოთ სიტუაციას მეორე მხრიდანაც. ბანკებმაც რა ქნან? დეპოზიტების სიმრავლე ამ ქვეყანაში არ არის. რესურსის მოძიება თვითონ ბანკებსაც იაფი არ უჯდებათ. ზოგი აცხადებს 16%-ს წლიურს. ამ პროცენტში რომ ბანკი ფულს ისესხებს, მერე 24-25%-ში ხომ მაინც უნდა გასცეს გადასახადებიც რომ გადაიხადოს… ამ სიტუაციას რაც განმუხტავს ეს არის ახალი ფინანსური შუამავლების გამოჩენა. ჩვენ დიდ ბანკებთან გვაქვს კარგი და ნორმალური ურთიერთობა. მაგრამ ეს რომ არ არის საკმარისი, ორი აზრი არ არსებობს. რაც მეტი ბანკი შემოვა და დაემატება ქვეყანას – ყველასთვის კარგი იქნება. ყველა მოიგებს, მცირე, საშუალო, დიდი ბიზნესიც და მთლიანად საზოგადოებაც.

– „ვისოლ ჯგუფმა“ შეიძინა საფეხბურთო კლუბი „ტორპედო ქუთაისი“. თქვენ ამბობთ ხოლმე, რომ ეს იყო საქველმოქმედო ნაბიჯი. ბიზნესის თვალსაზრისით, „ტორპედოს“ ყიდვით მოგებას საერთოდ არ ელოდებით თუ წლების მერე აპირებთ აქედან მოგების მიღებას?

– ჩვენი ბიზნესგადაწყვეტილება არ იყო, რომ „ტორპედო“ მოგების მიღების მიზნით გვეყიდა. ეს ნაბიჯი კომერციულ პროექტად არასოდეს განგვიხილავს. თუმცა, თუ სწორი მენეჯმენტით შევძლებთ, რომ გარკვეული წლების შემდეგ აქედანაც მივიღებთ მოგებას, ცუდი არ იქნება.

12-14 წელია უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ სპორტთან. არავინ გვავალდებულებდა, მაგრამ რაგბში გვყავდა ერთ-ერთი კლუბი „ყოჩები“. არავინ გვავალდებულებდა, მაგრამ რამდენიმე სპორტული ინფრასტრუქტურა შევქმენით. მე პირადად, ცხოვრებაში არც თამბაქო მომიწევია და დღემდე ყოველდღიურად ვვარჯიშობ. „ვისოლში“ კი ჯანსაღი ცხოვრების წესის კულტივაცია ყოველთვის ხდებოდა. თანამშრომლებიც ხედავენ ქუთაისის „ტორპედოში“ რაც ხდება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ეს არის ღირებულება, რაც „ვისოლ ჯგუფში“ მომუშავე 4000 ადამიანს აერთიანებს.

– რა შეგიძლიათ დამწყებ ბიზნესმენებს ურჩიოთ?

– პირველ რიგში, თუ სტუდენტები არიან, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ. ისწავლონ ის, რაც მათ უყვართ. ზოგადი განათლება კარგია, მაგრამ საბოლოო ჯამში როდესაც ასპარეზზე გადიხარ, ის საგნები უნდა ისწავლო და იმ სპეციალობას დაეუფლო, რომელზეც არჩევანს აკეთებ. ისე არ უნდა მოხდეს ზოგადი განათლება მიიღო და კონკრეტულად არაფერი იცოდე. ერთი რჩევაა, მაქსიმალური დრო დაუთმონ სწავლას და მეორეც, ამ ცოდნის საფუძველზე უნდა რაღაცა ნიშა შეარჩიონ, ბაზრის ანალიზი გააკეთონ და ისე შევიდნენ ამა თუ იმ სფეროში. ბიზნესმენმა უნდა იცოდეს, რომ სექტორი, სადაც შედის – ღირს ინვესტიციების ჩასადებად.

ვაღიაროთ, დღეს იუსტიციის სამინისტრომ ინოვაციური პროექტებით ბევრ ბიზნესს გაასწრო. შეიძლება ბევრს არც ესმოდეს რაზეა საუბარი. არადა, ეს არათუ ხვალინდელი, უკვე დღევანდელი დღეა. ახალგაზრდები უნდა შეეცადონ, რომ გახდნენ ძალიან ინოვატორები. აშშ-ში მაგალითად, „ფეისბუკის“ და „იაჰუს“ შემქმნელები არ იყვნენ გამორჩეული ბიზნესმენები. დაამთავრეს უნივერსიტეტი და შექმნეს პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ღირს მსოფლიოში. ასე რომ, საუბარი იმაზე, თუ მამა ან ვიღაც დამხმარე არ გყავს, ან თუ კაპიტალი არ გაქვს, ვერაფერს ვერ მიაღწევ – არ არის მართალი.

– ბატონო სოსო, ამერიკა მაინც სხვა შესაძლებლობების ქვეყანაა და ალბათ არ ღირს საქართველოსთან შედარება…

– მე როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, 200 დოლარი არ მქონდა, რომ რაღაცა გამეკეთებინა. რასაკვირველია, ამერიკაში სხვა გარემო და სხვა ასპარეზია, დიდია ბაზარი, მაგრამ, როგორ არის, იცით? უნდა მოინდომო. უნდა იყო მიზანდასახული. უნდა დაისახო რეალური მიზნები. ამერიკის უნივერსიტეტებში მასწავლეს, რომ რასაც დაისახავ მიზნად, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, მიზანს უნდა მიაღწიო. უნდა გქონდეს რკინისებური ნებისყოფა. ბიზნესში ძალიან ბევრი პრობლემა მქონია. გარედან რომ ჩანს წარმატებული ბიზნესი, ეგრე მარტივად არ არის საქმე.

– მაშინ, გვიამბეთ ყველაზე მთავარი პრობლემების შესახებ, რაც ბიზნესში შეგხვდათ?

– ბევრი იყო… 90-იან წლებში უამრავი პრობლემა შეგვხვდა. პრობლემები ახლაც არის, 2 წლის წინაც იყო და ყოველთვის იქნება. მაგრამ დღევანდელი პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით, რაც იყო 90-იან წლებში. ომი, კორუფცია, კრიმინალი, კონტრაბანდა. ჩვენ რომ საწვავის ბიზნესს ვაკეთებდით, მაშინ ბაზარზე არსებული საწვავის 70% კონტრაბანდული იყო. ასევე, ბევრი თანამდებობის პირი ამ საქმეში უშუალოდ იყო ჩართული.

– ბატონო სოსო, „ვისოლის“ საწვავის ფასი ხშირად უფრო ძვირია ხოლმე, ვიდრე სხვა გასამართ სადგურებზე…

– მთლად ასეც არ არის. არის პერიოდი როცა ფასი ოდნავ მაღალია, ზოგჯერ იდენტურია. მიუხედავად იმისა, რომ იტალიიდან მოგვაქვს საწვავი, ჩვენი ფასი და სხვების ფასი ერთმანეთს ემთხვევა. შეიძლება, რომელიმე პროდუქტზე სულ 2 თეთრი იყოს განსხვავება. ფასები იდენტური გვაქვს, მაგრამ გვინდა რომ ხარისხით გამორჩეული ვიყოთ.

– დღეს ბაზარზე საკმაოდ გახშირდა მსხვილი კომპანიების კიდევ უფრო გამსხვილება. გასულ წელს საქართველოს ბაზარზე შემოვიდა „გალფი“, რომელმაც რამდენიმე ავტოგასამართი ქსელი შეიძინა. ადრე „ვისოლმაც“ ასევე იყიდა სხვადასხვა ქსელები. დღეს ხომ არ გეგმავთ ბაზრის რომელიმე მოთამაშის შემოერთებას?

– ჩვენ ბოლო 10 წელიწადში ვიყიდეთ 10-ზე მეტი სხვადასხვა კომპანია. დღეს ბაზარზე სულ 5 კომპანიაა დარჩენილი. ამ 5 კომპანიაზე მოდის ბაზრის 100%. მიმაჩნია, რომ 5 კომპანია საქართველოს ბაზრისთვის საკმარისია. თითოეული კომპანია უკვე ჩამოყალიბებულია, აქვს თავისი ბრენდის იმიჯი, ჰყავს თავისი მომხმარებელი. შესაბამისად, ჩვენ არ ვგეგმავთ რომელიმე კომპანიასთან გაერთიანებას.

– რას იტყვით საქართველოს საწვავის ბაზარზე კონკურენციის შესახებ?

– საქართველოს ნავთობსექტორში ძირითადად ტრანსნაციონალური კომპანიებია წარმოდგენილი. ჩვენ ერთადერთი ქართული ბრენდი ვართ სექტორში. საქართველოს ბაზარზე მომუშავე თითოეულ კომპანიას აქვს მარკეტინგული ბიუჯეტი. ისინი ხარჯავენ თანხებს, სხვადასხვა პიარ-აქციებს ახორციელებენ. ბევრ კომპანიას აქვს საკმაოდ სრული ქსელი. არ არის 90-იანი წლები, ან ის რაც ხდებოდა 7-8 წლის წინ. ერთ კომპანიას შეეძლო დაეხარჯა მარკეტინგულ აქციებში ფული და მეორეს იგივე არ შეეძლო და ასე ვთქვათ, ამ მხრივ იჩაგრებოდა. ახლა ყველა მსხვილი კომპანიაა ბაზარზე და ყველას შეუძლია ფულის დახარჯვა.

– ანუ, საწვავის ბაზარზე რეალური კონკურენციაა?

– რასაკვირველია. ამას მგონი ყველა ხედავს. ასე ვთქვათ, ჩვენი სექტორი დაუფასებელი სექტორია. არავის სიამოვნებს საწვავის მაღალი ფასი და მათ შორის მეც არ მომწონს. არ მსიამოვნებს როცა როგორც კომპანიის ხელმძღვანელს, ყოველდღე მეკითხებიან რატომ ძვირდება ბენზინი და ასევე არ მსიამოვნებს როგორც მომხმარებელს. მე რომ ვიყო საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლის ადგილზე – იგივეს ვიტყოდი. არავის ვადანაშაულებ და მე მათი წუხილის მესმის. მაგრამ, ჩვენ რა უნდა ვქნათ? ვყიდულობთ, შემოგვაქვს და ვყიდით. ჩვენ ხომ არ მოვიპოვებთ და არ ვაწარმოებთ?

– არის მოსაზრება, რომ საწვავის შემომტანი კომპანიებისთვის მოგების მარჟა ძალიან მაღალია.

– მოგების მარჟა ნამდვილად არ არის მაღალი. საუბარი შეიძლება იყოს დაახლოებით 12-დან 16%-მდე. ბიზნესის სხვა სფეროებს თუ შევადარებთ, ეს ნამდვილად არ არის მაღალი მარჟა. საწვავის ბიზნესში ყველაფერი არის გამჭვირვალე. ჩვენთან ყოველდღიურად დგინდება ფასი, რაც „პლაცი“-ს სახელით არის ცნობილი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს „პლაცი“ და დაიანგარიშოს რა ჯდება 1 ლიტრი საწვავი. მითები, რომ „ამდენი მოგება რჩებათ“ – ობიექტურ სიტუაციას არ ასახავს. მოგების მაღალი მარჟა რომ იყოს, ამდენ კომპანიას მსგავსი ფასები აქვს და ყველა შეეცდებოდა ფასი დაეგდო.

– იდენტური ფასებიც ხდება ხოლმე ეჭვის საბაბი, რომ შეთანხმებული საფასო პოლიტიკაა კომპანიებს შორის.

– იდენტური ფასები იმიტომ არის, რომ ჩვენ და ჩვენი კონკურენტები საწვავს „პლაცის“ ფასის შესაბამისად ვყიდულობთ. ყველასათვის ერთი ფასია. ამ ციფრს ემატება ტრანსპორტირება, ლოგისტიკა. ასე ხდება საბოლოო ფასის ჩამოყალიბება.

– ამბობენ, აზერბაიჯანული საწვავი უფრო იაფიაო?

– აზერბაიჯანული საწვავიც იგივე ღირს, ფასი იგივე კვოტირებით განისაზღვრება. გინდ აზერბაიჯანში იყიდო, გინდა იტალიაში, მაინც „პლაცის“ კვოტირებით დგინდება ფასი. „პლაცის“ კვოტირება იბეჭდება ყოველდღე და მაგალითად, არის 1000 დოლარი. ჩვენ უფრო ძვირი გვიჯდება, რადგან იტალიიდან შემოგვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. აზერბაიჯანულ საწვავზე შედარებით მაღალი მოგების მარჟა გვაქვს, ვიდრე იტალიურზე. მაგრამ, ჩვენი გადაწყვეტილებაა გვქონდეს როგორც იტალიური, ასევე აზერბაიჯანული საწვავი.

– ფასების შედარება თურქეთთან და რუსეთთან – რატომ არის საწვავი საქართველოსთან შედარებით თურქეთში ბევრად ძვირი, ხოლო რუსეთში იაფი, თუ „პლაცი“ საერთოა?

– საქართველოს ფასებთან შედარებით, თურქეთში საწვავი დაახლოებით 60%-ით ძვირია. რუსეთის ფასები თითქმის ჩვენსას უთანაბრდება, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წარმოების საწვავი აქვთ.

ევროპაში რატომ არის უფრო ძვირი საწვავი, მით უმეტეს, როცა გერმანიაში ქარხანაა, ესპანეთში ქარხანაა – გეტყვით რატომ არის ძვირი: მიზეზი ამ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობაა. გადამწყვეტი ფაქტორია საგადასახადო განაკვეთები. შეიძლება ჩვენი ოპერატორები 5-ჯერ ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე ევროპული გასამართი ქსელების ოპერატორები, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს არის საწვავის სიძვირის გადამწყვეტი ფაქტორი. ყველაზე მეტი საგადასახადო წნეხი თურქეთში მოდის ნავთობპროდუქტებზე. ასეთი გადაწყვეტილებაა ქვეყანაში, რომ უკვე 21 წელია ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტებს ბეგრავენ. ძალიან ხშირად, სარფში გადმოდიან თურქები, ასხამენ საწვავს საქართველოში და გადადიან. მაგრამ, ეს მათი გადასაწყვეტია. საქართველოში არ არის მაღალი საგადასახადო წნეხი და ამიტომ, საქართველოში უფრო იაფია საწვავი, ვიდრე ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში.

– საწვავის ხარისხი საქართველოში: არის ხოლმე მოსაზრებები, რომ ევროპაში უკეთესი ხარისხია, ვიდრე აქ, მიუხედავად იმისა რომ მარკა ერთი და იგივეა მითითებული.

– მსგავსი რამე 90-იან წლებში და საუკუნის დასაწყისში იყო. ახლა ეგრე აღარ არის. რასაც იტალიელი ასხამს იტალიაში, ჩვენ გვაქვს იგივე „აპი“ საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ სხვა კომპანიებშიც ოქტანური რიცხვის პრობლემა არ უნდა იყოს.

– მოცულობაში მოტყუებაც ჩვეულებრივი ამბავი იყო ხოლმე…

– ჩემს კომპანიაზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვსურს ვიყოთ ამ ქვეყნის წესიერი მოქალაქე. შესაბამისად „ვისოლში“ მოტყუება გამორიცხულია.

– რა გამოარჩევს საწვავის ბიზნესს სხვა ბიზნესებისგან და რით არის უფრო მიმზიდველი?

– ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ძალიან კარგად ვიცით და ამიტომ არის გამორჩეული. ზოგადად კი, საინტერესო ბიზნესია. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რომ „სმარტი“ ნაკლებად საინტერესოა, ვიდრე „ვისოლი“. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მშობელს რომ ეკითხებიან რომელი შვილი უფრო გიყვარსო.

– „ვისოლი“ ბენზინგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელს ფლობს საქართველოში, ასევე ამდენი საწარმოები, რომლებიც „ვისოლ ჯგუფში“ შედის – ამდენი ადამიანების და ორგანიზაციების მართვას როგორ ახერხებთ? რთული არ არის მენეჯმენტის კუთხით? თუნდაც, ახალი კადრების შერჩევა როგორ ხდება?

– სანამ ინტერვიუზე შეგხვდებოდით, მანამდე დღის განმავლობაში გავესაუბრე 41 ადამიანს.

– პირადად თქვენ არჩევთ ახალ თანამშრომლებს?

– სხვები არჩევენ, მაგრამ, ვინც წინასწარი შერჩევის ყველა ეტაპს გაივლის, იმათ მე ვესაუბრები. ამის გარდა, დღესაც, მინიმუმ კიდევ ორი თათბირი მაქვს. რომ გითხრათ, მარტივი ცხოვრება მაქვს – ასე არ არის.

– როგორ იწყება თქვენი ჩვეულებრივი დღე?

– ყოველ დილას, 8 საათიდან ვვარჯიშობ. დავრბივარ 4 კილომეტრს და შემდეგ 300 მეტრს ვცურავ. 13 წელი დავდიოდი წყალბურთზე და ნორმალური შედეგებიც მქონდა. 10-ის ნახევარზე უკვე სამსახურში ვარ. ვცდილობ, დილიდან კარგ ხასიათზე ვიყო. მიყვარს ის საქმე, რასაც ყოველდღე ვაკეთებ. ადამიანი, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, ის ხალხი უყვარს, ვისთანაც ერთად მუშაობს, რატომ უნდა იყოს ცუდ ხასიათზე?

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ და რა არის თქვენი ჰობი?

– თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ. ჩემი ჰობი არის კითხვა და თხილამურებით სრიალი. ასევე ძალიან მიყვარს მოგზაურობა.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით