Homeინტერვიუინტერვიუ შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“-ს გენერალურ დირექტორ ლევან გეგენავასთან

ინტერვიუ შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“-ს გენერალურ დირექტორ ლევან გეგენავასთან

Published on

spot_img

მინი-დოსიე

ლევან გეგენავა დაიბადა 1979 წლის 22 აპრილს.

2000 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი. იურიდიული ფაკულტეტი, არის სამართალმცოდნე.

სამუშაო გამოცდილება

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო კომისიაში.

2003-2005 წლებში იმუშავა ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ დავალებათა სამმართველოში.

2005-2008 წლებში მონაწილეობას ღებულობდა ოჯახის ბიზნესში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

2008-2010 წლებში მუშაობდა „მათე მოტორსში“ იურისტად და შემდგომ დირექტორად.

2010 წლიდან არის შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვას“ გენერალური დირექტორი.

ჰყავს მეუღლე – სოფია ადამია, პროფესიით სტომატოლოგი, შვილი – დავით გეგენავა, მოსწავლე.

უცხო ენებიდან იცის ინგლისური, გერმანული, რუსული.

– როდის ჩამოყალიბდა შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“ და რა გახდა ამ კომპანიის შემქმნის მიზეზი?

– კომპანია „ქარვა“ ჩამოყალიბდა 2005 წელს. ეს იყო პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ზეთის წარმოება დაიწყო. ბაზარზე არავინ იყო ისეთი, რომელიც შეძლებდა ამ სფეროში ეწარმოებინა ქართული პროდუქტი. ჩვენმა კომპანიამ ეს შეძლო და შექმნის დღიდან ქართველ მომხმარებელში დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. „ქარვა“ ქართული კომპანიაა, რომელსაც ჰყავს ქართველი დამფუძნებლები და უცხოელი პარტნიორი – ინვესტორი, რომელიც გვაფინანსებს, რომ წარმოება უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს. ჩვენი პროდუქცია იძლევა იმის წინაპირობას, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი, ნატურალური, უმაღლესი ხარისხის, სასარგებლო თვისებების მქონე პროდუქტი. „ქარვა“ თავიდან ბოლომდე 100%-ით ქართული პროდუქტია.

– თუმცა, კუსტარული წარმოება „ქარვას“ შექმნამდე არსებობდა.

– რა თქმა უნდა, კუსტარული წარმოება დიდი ხანია არსებობს. კახეთში, თითქმის ყველა გლეხს აქვს ტრადიცია, რომ ზეთი გამოხადოს და სახლში საკუთარი, კახური წესით დაწურული ზეთი ჰქონდეს. მაგრამ, ის არ არის ისეთი ხარისხიანი და გაფილტრული პროდუქტი, რომ შეიძლებოდეს სავაჭრო ქსელებში გატანა და გაყიდვა. ქარხნული წესით დამზადებისას სანიტარული ნორმები დაცულია; ყველა პროცესი კონტროლდება მზომი ხელსაწყოებით; ლაბორატორიულად მოწმდება როგორც ნედლეულის, ასევე მიღებული პროდუქტის მჟავიანობა და არსებობს კიდევ ბევრი სხვა ნიუანსი, რაც კუსტარულად დამზადებული ზეთისგან გამოარჩევს ქარხნული წესით წარმოებულ „ქარვას“.

– თქვენ თქვით, რომ მთლიანად ქართულ პროდუქციას აწარმოებთ. ეს ნიშნავს რომ მზესუმზირის, მაგალითად უკრაინიდან შემოტანაზეც უარს ამბობთ?

– უარს ვამბობთ იმიტომ, რომ ჩვენი პროდუქტი სახელზეა ორიენტირებული. ქართველმა მომხმარებელმა კარგად იცის, რომ კომპანია „ქარვა“ ფლობს მიწებს, ხნავს, თესავს, ახორციელებს საქართველოში მოწეული ნედლეულის შესყიდვას, აწარმოებს ქართულ პროდუქტს – იმიჯის შელახვა და სხვა ქვეყნიდან ნედლეულის შემოტანა ჩვენ სწორად არ მიგვაჩნია. გარდა ამისა, ქართულ მიწაზე მიღებული მზესუმზირა გამორჩეულია. მისგან მიღებული  ზეთი შეიცავს ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. კარგი პროდუქტია ხანდაზმულებისთვის და ბავშვებისთვისაც.

– დავუშვათ, თუ სტიქიის გამო კახეთში მოსავალი განადგურდა, „ქარვა“ მუშაობას გააჩერებს?

– კომპანია სარეზერვო მარაგებიდან შეეცდება შეინარჩუნოს წარმოება.

– სულ რამდენი სახეობის ზეთს აწარმოებთ?

– მას შემდეგ, რაც ეს კომპანია შეიქმნა, აწარმოებდა ორი სახეობის ზეთს. ქარხნის რეორგანიზაციის გამო წარმოება დროებით შეჩერებული იყო. დღეს ვაწარმოებთ არარაფინირებულ სუფთა კახურ ზეთს – „ქარვას“. ძალიან მალე დავიწყებთ რაფინირებულ-დეზოდორირებული ზეთის წარმოებას. ეს ნიშნავს, რომ ზეთს გაუკეთდება დეზოდორაცია და მივიღებთ უსუნო, უფერო ოქროსფერ, შესაწვავად გამოსადეგ ზეთს. არარაფინირებული ზეთი, რომელსაც დღემდე ვაწარმოებთ ძირითადად მხოლოდ სასალათედ გამოიყენება.

– წარმოების მასშტაბები როგორია – რა წარმადობა აქვს თქვენს კომპანიას?

– დღეს იწარმოება მხოლოდ არარაფინირებული ზეთი. თვეში დაახლოებით 5-6 ტონა, მოთხოვნის მიხედვით. პროდუქტი არის სპეციფიკური, მომხმარებელიც ნაკლები რაოდენობით იყენებს, მაგარამ თავად პროდუქტი ხარისხით დაწარმომავლობით უკონკურენტოა.

– გარდა ზეთის წარმოებისა, სხვა საქმიანობებიც თუ გაქვთ ან სამომავლოდ ხომ არ აპირებთ?

– ჩვენი კომპანიის არეალი მხოლოდ მზეზუმზირის ზეთის წარმოება არ არის. ჩვენ მიწები გვაქვს როგორც კახეთში – შირაქში, ასევე ქვემო ქართლში – დმანისის რაიონში, სადაც წელს პირველი, ექსპერიმენტული მოსავლის მოლოდინში ვართ. თუ გაამართლა, მომავალ წელს ამ რეგიონსაც აუცილებლად უფრო დიდი მასშტაბით ჩავრთავთ მზესუმზირის წარმოებაში. შეუძლებელი არის მიწის ერთსა და იმავე ფართობზე ყოველწლიურად მზესუმზირის დათესვა. აუცილებლად სჭირდება მას სხვა მარცვლოვანი კულტურით ჩანაცვლება. ერთსა და იმავე ნაკვეთზე მხოლოდ მესამე წელს შეიძლება დაითესოს მზესუმზირა. დანარჩენ დროს ითესება სიმინდი, ხორბალი, ქერი და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტი უკვე იწარმოება.

რაც შეეხება გეგმებს, გარდა იმისა, რომ კომპანიას ერთი ქარხანა აქვს დედოფლისწყაროში, ვაპირებთ ქარხნების დამატებას. მარნეულში, სამრეწველო ზონაში შეძენილი გვაქვს ქარხნის შენობა, რომლისთვისაც ამჟამად დანადგარების შესყიდვის პროცესი მიმდინარეობს. ასევე ხობში, სამეგრელოს რეგიონში უკვე ჩამოვაყალიბეთ ახალი კომპანია და იქ იქნება პირველი, ქართული სიმინდის ზეთის წარმოება.

სიმინდის ზეთის წარმოება მზესუმზირის ზეთის წარმოებასთან შედარებით სპეციფიკური საქმეა. მის მიღებას სჭირდება რამდენიმე წარმოების ერთმანეთთან გადაბმა. კომბინირებულად ხდება ამ პროდუქტის მიღება. საბოლოო ჯამში, შესაძლებელი ხდება უკვე დაახლოებით 50-მდე სხვადასხვა პროდუქტის მიღება, რისი განხორციელებაც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს უახლოეს მომავალში.

– კონკრეტულად რა პროდუქტების წარმოებას აპირებთ?

– ზეთი იქნება მთავარი პროდუქტი, როგორც მზესუმზირის აგრეთვე სიმინდის. დაგეგმილი გვაქვს დავიწყოთ პირველი ქართული ჰალვის წარმოება, მარცვლოვანი კულტურებისაგან დავნერგოთ მეფრინველეობისათვის და მეცხოველეობისათვის აუცილებელი კომბინირებული საკვების წარმოება, ხოლო, როგორც ზემოთ ავღნიშნე სიმინდისგან დაახლოებით 50-მდე პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი, რასაც კომპანია მომავალში ბაზრის კარნახით ამოირჩევს საწარმოებლად.

უკვე არსებობს პროექტი, ხობში განხორციელდა ინვესტირება, რითაც მომავალი ქარხნის სამშენებლო დანადგარებზეც და მიწების შესყიდვაზეც დაწყებულია მუშაობა.

– მიწის რა ფართობი გაქვთ საკუთრებაში?

– ამ ეტაპზე 600 ჰექტარამდე გვაქვს. ეს არ არის მცირე ფართობი, მაგრამ ასეთი წარმოებისთვის არის ზღვაში წვეთი. ეგ არის ჩვენთვის მთავარი პრობლემა – მიწების ნაკლებობა.

– გლეხებისგან თუ ყიდულობთ მზესუმზირას?

– აუცილებლად. ჩვენ ვეხმარებით კახელ გლეხებს. მათ არა აქვთ საფიქრალი სად წაიღონ  მზესუმზირა. „ქარვა“ ამაში ეხმარება. მხოლოდ საკუთარი ნედლეულით ვერ მივიღებთ იმ მოცულობის პროდუქტს, რომ ბაზარი დავაკმაყოფილოთ.

– რაც შეეხება კახეთში მზესუმზირის ნათესებს – ფართობი მატულობს თუ კლებულობს ბოლო პერიოდში?

– როდესაც ქარხანა მთელი დატვირთვით მუშაობს და ნედლეული სჭირდება – გლეხებიც ცდილობენ კარგი ჯიშები დათესონ და კარგი მოსავალი მოიყვანონ. რაც წარმოება განვაახლეთ შემიძლია გითხრათ, რომ მზესუმზირის ნათესების ფართობმა იმატა.

– ახალი კადრების შერჩევის პრინციპი როგორია თქვენს კომპანიაში?

– ახალი კადრების შერჩევით დაკავებულია ჩვენი „ეიჩ არი“. თუკი ჩნდება ვაკანსია, აუცილებლად ქვეყნდება სხვადასხვა საიტზე. შემდეგ ხდება კონკურსის წესით შერჩევა. შეხვედრა პიროვნებებთან, ან ტესტირების ჩატარება. გააჩნია სფეროს – რაზეც ვაკანსიაა გამოცხადებული.

– ხშირ შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილებას ახალი კადრის აყვანაზე მაინც დირექტორი იღებს ხოლმე. თქვენთანაც ასეა?

– დიახ ასეა. „ეიჩ არისგან“ ხდება პიროვნების არჩევა. თუ კანდიდატები აკმაყოფილებენ წამოყენებულ მოთხოვნებს და რამდენიმე ასეთი ადამიანი შეირჩა, მაშინ გადამწყვეტ როლს კვალიფიკაცია თამაშობს. ახალ კადრს მიეცემა გამოსაცდელი ვადა, თუ ამ ვადას კარგად გაართმევს თავს – მას ვამტკიცებთ ჩვენ.

– ბიზნესის თვალსაზრისით რამდენად მიმზიდველი საქმიანობაა საქართველოს მასშტაბებში ზეთის წარმოება?

– ჩვენს გარდა საქართველოში ქართული ნედლეულით ქარხნული წესით ზეთი არ იწარმოება. რადგან უკონკურენტო ვართ და 100%-ით ქართულ ზეთს ვაწარმოებთ, ჩვენთვის ზეთის წარმოება ნამდვილად მიმზიდველია.

რაც საქართველოში ზეთი იყიდება, კახეთში კუსტარულად დამზადებულის გარდა, ყველა საზღვარგარეთიდანაა შემოტანილი, მხოლოდ წარწერაა ქართული „ჩამოსხმულია საქართველოში“.

– შემოტანილია მზესუმზირა თუ მზა ზეთი?

– შემოდის ძირითადად მზა პროდუქცია. შემოიტანენ, აქ დააფასოვებენ და ასე ეძლევა პროდუქტს საბოლოო სახე. 99% ქართულ ბაზარზე ასეთი წესით დამზადებული ზეთი იყიდება. ქართული პროდუქცია არის მხოლოდ „ქარვა“ და კახური ზეთი.

როდესაც კომპანია „ქარვა“ აწარმოებდა რაფინირებულ ზეთს, უპრეცედენტო რეალიზაცია გვქონდა. ზეთზე იმხელა მოთხოვნა იყო, რომ სადისტრიბუციო სამსახურის მანქანები ღამეებს ათენებდნენ, რათა სწრაფად დატვირთულიყვნენ და მომხმარებლამდე პროდუქცია დროულად მიეტანათ.

იგივეს უახლოეს მომავალში გავიმეორებთ და შევეცდებით არ შევწყვიტოთ. ერთი დიდი პრობლემა, რაც კომპანიას ჰქონდა მიწების უქონლობა იყო. ამ საქმეში დღეს მთავრობა გვეხმარება – როგორც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „გუბერნიები“ იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ქარხნები გვაქვს.

– ამ მომენტისთვის ქარხანა ერთი გაქვთ?

– ერთი მოქმედი, რომელიც აწარმოებს ზეთს. დანარჩენი არის მშენებარე: ერთი ხობში და ერთი მარნეულში. ასევე თბილისშიც ვგეგმავთ დამატებით ახალი ქარხნის გამართვას. ხობის ქარხანა ჩვენი ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს ქარხანა ძალიან დიდი დამსაქმებელი გახდება რეგიონში.

– დღევანდელი მდგომარეობით, რა უფრო მომგებიანია – ზეთის შემოტანა და გაყიდვა თუ ადგილზე წარმოება?

– ნებისმიერი ბიზნესი მომგებიანია, თუ სწორი მიმართულებით წაიყვან საქმეს. ვინაიდან ქართული პროდუქტის წარმოება ჩვენი კომპანიის ძირითადი მიზანია, მიუხედავად იმისა, ტოვებს თუ არა უცხოეთიდან შემოტანილი ნედლეული გაცილებით მეტ მოგებას ნაკლები დანახარჯებით, მაინც უპრიანია ეს საქმე ვაკეთოთ. რა თქმა უნდა, არის რისკი, რომ მოსავალი არ მოვა, ცუდი ამინდი იქნება, კლიმატი არ შეგვიწყობს ხელს, მაგრამ მაინც ქართული პროდუქტის წარმოება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

შემოტანა და გაყიდვა არ არის წამგებიანი იმიტომ, რომ ძირითადად იმპორტირებულია ისეთი ნედლეული, რომლის 100%-იანი წარმომავლობა დაუდგენელია: რა ზეთია, რა შემცველობა აქვს. ზოგჯერ პალმისა და სოიოს ზეთი და საღდება როგორც მზესუმზირის ზეთი, რაც ხშირ შემთხვევაში იმპორტიორმაც არ იცის.

– როგორია კონკურენცია ბაზარზე და ძირითადი მოთამაშეები ვინ არიან ზეთის გაყიდვაში?

– დღესდღეობით „ქარვა“ რა სახის ზეთსაც აწარმოებს, ფაქტობრივად კონკურენტი არა ჰყავს.

– არარაფინირებული ზეთი არ შემოაქვთ?

– შემოაქვთ, მაგრამ ჩვენი ზეთისაგან ის ბევრად განსხვავდება. აქვს სხვანაირი სიბლანტე და თვისებები… როგორც ირკვევა, მომხმარებელი საქართველოში ანიჭებს უპირატესობას კახური წესით წარმოებული ქართული არარაფინირებული ზეთის გამოყენებას, ვიდრე იმპორტირებული გაურკვეველი შემცველობის ზეთისას, მსგავი პროდუქტების იმპორტიც ნაკლები ხდება.

– თქვენი პროდუქცია ექსპორტზე გაგაქვთ?

– კომპანიას აქვს შემოთავაზება რამოდენიმე უცხოელი ბიზნესმენისაგან ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტის ექსპორტთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით არ გაგვაქვს.

– ის ზეთები, რაც იყიდება საქართველოში: მაგალითად, „მზიური“, „ბარაქა“, „ქარვა“ და ასე შემდეგ, გაყიდული პროდუქციის მოცულობის მიხედვით ვის რა წილი უჭირავს ბაზარზე?

– ძალიან დიდი წილი უჭირავს ყველა სხვა ზეთს „ქარვასთან“ შედარებით. „ქარვა“ აწარმოებს 5-6 ტონას თვეში, იმისთვის, რომ არარაფინირებული ზეთი თბილისის ბაზარზე და თბილისის შემოგარენში გაიტანოს. ჩვენ წარმოება სულ ცოტა ხნის წინ განვაახლეთ და  ამიტომ დიდი მასშტაბით გასვლას და მთელი საქართველოს ბაზრის დატვირთვას ჩვენი პროდუქტით ახლო ხანებში ვგეგმავთ. „ჩვენი სუფრა“, „ბარაქა“, „მზიური“ – ამ ზეთებს ქართული დასახელება აქვთ, თორემ ქართული პროდუქცია ნამდვილად არ არის. ნედლეულის ხარისხი განსაზღვრავს პროდუქტის ხარისხს. ზეთი „ქარვა“ გარდა იმისა, რომ ქართული ნედლეულით არის დამზადებული, იმავდროულად არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ჩვენს ზეთში ერთი ქიმიური მინარევიც კი არ ურევია.

– თქვენი კომპანიის განვითარების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რა არის?

– სათანადო რაოდენობის მიწების უქონლობა, სხვა ხელისშემშლელი ფაქტორი დღესდღეობით „ქარვას“ არ გააჩნია. კომპანია ყველანაირად მზად არის რომ აწარმოოს ძალიან დიდი მასშტაბის ქართული პროდუქტი. მიწა კი უმეტესად ისეთ ხალხს აქვს გადანაწილებული, რომლებიც ვერ ან არ იყენებენ, ძირითადად საზღვარგარეთ არიან წასულები და აქირავებენ. ჩვენ იძულებული ვართ ვიქირაოთ ეს მიწები და ამიტომ  პროდუქტის თვითღირებულება გვიძვირდება. მთავრობა შეძლებისდაგვარად გვეხმარება მიწების შესყიდვაში.

– დახმარება რაში გამოიხატება, მაგალითად, იაფ კრედიტებს იღებთ თუ დახმარების რამე სხვა საშუალებაა?

– არანაირი კრედიტი ჩვენ მთავრობის ხელშეწყობით არ მიგვიღია, რადგან ამის აუცილებლობა ჯერჯერობით არ დამდგარა და, თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული თემა დადებითად გადაწყდება. გყვავს პარტნიორი კომპანია, რომელიც გვაფინანსებს და მათგან გვაქვს კრედიტი აღებული. სახელმწიფო ჩვენ იმ თვალსაზრისით გვეხმარება, რომ მოვიძიოთ მიწები, რომელიც ვარგისი იქნება მზესუმზირის მისაღებად. მთავარია, შემოთავაზებული მიწის ხარისხი ნედლეულის წარმოებისთვის იყოს დამაკმაყოფილებელი – ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას მის შესყიდვაში.

– ეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების შესყიდვას ეხება თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებსაც ყიდულობთ?

– მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწების შესყიდვას ეხება. კერძო საკუთრებაში არსებული მიწები ძალიან გაძვირებულია. თვითონ მეპატრონემ, რომელმაც გაიარა მიწის საკუთრებაში მოქცევის პროცედურები, იაფად არ ყიდის. სახელმწიფო გვეხმარება მის ბაზაზე დარჩენილი ვარგისი მიწების მოძიებაში.

– კომპანიის დაარსებიდან დღემდე – თქვენი საქმიანობისთვის ბიზნეს-გარემო უმჯობესდება თუ უარესდება?

– კომპანია „ქარვასთვის“ ბიზნეს-გარემო საკმაოდ პოზიტიურად ვითარდება. გვაქვს მიზანი, რომ გავხდეთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანია, სადაც მუშაობის სურვილი ექნება ნებისმიერ სერიოზულ პიროვნებას. უკვე გადაწყვეტილია შემოვიტანოთ და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გავაფართოვოთ პროდუქციის სახეობები. არ შევჩერდებით მხოლოდ ზეთზე და არ იქნება მხოლოდ მარცვლოვანი კულტურები. დღევანდელი სახელმწიფოს ბიზნეს-გარემო ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. ბევრი შეღავათები დაწესდა სოფლის მეურნეობის დარგში.

– საგადასახადო კანონმდებლობაში რა დადებითი ან უარყოფით მხარეს გამოარჩევდით?

– მისასალმებელია, რომ პირველად პროდუქციაზე საშეღავათო ნულოვანი დაბეგვრა შევიდა ძალაში, მნიშვნელოვანი მინუსია სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის საწვავის აღრიცხვა. ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ქრონომეტრაჟის მიხედვით ხდება საწვავის ჩამოწერა. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლებში ძირითადად არის ძველი ტექნიკა, რომლებსაც არც სპიდომეტრი აქვთ და ხშირ შემთხვევაში ტექნიკური მახასიათებლებიც უცნობია, თუ რამდენ საწვავს მოიხმარს – რთულია აღრიცხვა, ხარჯების დასაბუთება გართულებულია.

მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: ჩნდება საშუალება, რომ დაინტერესებულმა კომპანიებმა შეიძინონ ეს ახალი ტრაქტორები და სოფლის მეურნეობისათვის სხვა აუცილებელი ტექნიკა.

– არსებობს მოსაზრება, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი საშუალება უცხოური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დაწესებაა, თუმცა იმავდროულად ეს პროდუქციის გაძვირების წინაპირობაცაა. თქვენი პოზიცია როგორია ამ შემთხვევაში?

– პირველ რიგში, როდესაც ქვეყანა დგამს ნაბიჯებს, რომ გაძლიერდეს, ეკონომიკა ჰქონდეს მყარი და არ იყოს დამოკიდებული ზოგიერთ ქვეყანაზე, ადგილობრივ წარმოებას სტიმული უნდა მიეცეს. ყველა დაუმუშავებელი მიწა უნდა იყოს დატვირთული. ისეთი ქვეყნებისგან უნდა ავიღოთ მაგალითი, რომლებმაც მცირე ვადებში განავითარეს საკუთარი ეკონომიკა წარმოების სიძლიერით და ხარისხით.

მთავარია, იმპორტირებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი მოხდეს. თუ შემოტანილი პროდუქცია ხარისხით მაღალია, შესაბამისი ღირებულებაც ექნება და კონკურენციაც იარსებებს. დღეს ჩვენ  გვიწევს კონკურენცია ისეთ იაფფასიან პროდუქციასთან, რომელიც ხარისხობრივად ჩვენს პროდუქციასთან ვერ მოდის. თუ შემოტანილ პროდუქციის ხარისხზე კონტროლი განხორციელდება, შეიქმნება ჯანსაღი ეკონომიკური გარემო.

– მზესუმზირის ზეთის ფასის ცვლილება – ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ამ პროდუქციაზე ფასი შეუსაბამოდ ძვირდება…

– ამ ეტაპზე მზესუმზირის ზეთის ფასი ნორმის ფარგლებშია. ძირითადად, ზეთის ფასს განაპირობებს მსოფლიო ბაზარი. მთავარი მოთამაშე ამ სფეროში ჩვენი რეგიონისთვის არიან უკრაინა და რუსეთი. თუკი უკრაინაში და რუსეთში დიდი მოსავალი მოვიდა, ფასი ეცემა. თუკი მწირია მოსავალი – ფასი მნიშვნელოვნად იმატებს. როდესაც რუსეთში დიდი ფართობები დაიწვა და მოსავალი განადგურდა, უკრაინამ საკმაოდ მოითბო ხელი და ზეთის ფასები გაასამმაგა, ხოლო როგორც წესი, ის რაც ძვირდება პირვანდელ ფასს არასდროს უბრუნდება. უკრაინაშიც და რუსეთშიც არის რამდენიმე დიდი მოთამაშე, რომლებსაც საშუალება აქვთ ფასები ათამაშონ. მათ ასობით ათასი ტონა მზა პროდუქტი აქვთ და შეუძლიათ კონკრეტულ ქვეყანაში ფასი დააგდონ, სხვაგან გაზარდონ და ასე შემდეგ. წელს, ზაფხულის მიწურულს ფასები შედარებით დაეცა. ფაქტობრივად, ყველა იმპორტიორმა ზეთის ფასი ძალიან შეამცირა.

– საშუალო ფასი რა არის 1 ლიტრ მზესუმზირის ზეთზე?

– 3,40 ლარია რაფინირებულ, დეზოდორირებულ ზეთზე.

– რაც შეეხება „ქარვას“ ზეთს?

– თვითღირებულებიდან გამომდინარე, ვინაიდან საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, 4 ლარის ფარგლებშია.

– ბოლო დროს თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად ამ სფეროში ფულის ჩადებაა აუცილებელი. დასახელებული თანხა კი მილიარდს აჭარბებს. თქვენი აზრით, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკას რამდენად წაადგება დიდი თანხების გამოყოფა?

– სოფლის მეურნეობაში ნებისმიერი თანხის ჩადება გამართლებულია. სარწყავი სისტემა ფაქტობრივად გასამართია. ამ მხრივ რასაც სახელმწიფო აკეთებს, მისასალმებელია. ხელმისაწვდომია ტექნიკით სარგებლობა, რომ გლეხს არ უჭირდეს მოხვნა-დათესვა, არ ფიქრობდეს კომბაინის გრაფიკში ჩასმით როგორმე მოასწროს მოსავლის აღება, მოსავალიც დაგეგმილად აიღოს. მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, ისეთი კულტურების განვითარება, რომელიც დღემდე საქართველოში არ ყოფილა დანერგილი, მაგრამ მსოფლიოში დიდი პოპულარობა ჰპოვა და ჩვენი კლიმატი იძლევა ამ კულტურების მოყვანის საშუალებას. რა თქმა უნდა, მივესალმები მილიარდების ჩადებას სოფლის მეურნეობაში, რაც ისევ და ისევ გონივრული და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნისთვის.

იმავდროულად, სახელმწიფომ ჯერ იმის წინაპირობა უნდა შექმნას, რომ ადამიანი რომელიც მოიწევს მოსავალს, მისი რეალიზაციის საშუალება ჰქონდეს. ამის შემდეგ გლეხი თვითონ ჩათვლის საჭიროდ, საქმიანობის გასაფართოებლად სესხის აღება უღირს თუ არა. როდესაც გლეხი ხედავს, რომ მისი შრომა რეალურად ფასდება და ნებისმიერი მოცულობით მოწეული მოსავლის დაბინავება-რეალიზაცია უპრობლემოდ შეიძლება, ის დაფიქრდება კიდეც დამატებით სესხის აღებაზე.

– თქვენ, სანამ „ქარვას“ ჩაუდგებოდით სათავეში, მანამდე იყავით პარლამენტში, ასევე სხვადასხვა პოზიციაზეც იმუშავეთ. თქვენი მომავლის გეგმები რამდენად უკავშირდება ბიზნესს, თუ, დღეს როგორც მოდური გახდა, პოლიტიკაში აპირებთ წასვლას?

– ჩემი პირადი მომავლის გეგმები ქართულ ეკონომიკას უკავშირდება, მხარი ავუბი და მინდა რომ მეტად გავაძლიერო. რა საქმესაც ვაკეთებ, მინდა ის მაქსიმუმამდე მივიყვანო, რასაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა დასჭირდება. ყველა ეს მიზანი რაც გვაქვს, განხორციელებადია. მთავარია სწორი დაგეგმვა, სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა და შემდეგ მათი შესრულება დაგეგმილი ვადების მიხედვით. გეგმაში მაქვს, რომ ვიყო ისევ ქართული პროდუქციის წარმოების საქმეში.

მირჩევნია ვაწარმოოთ ქართული პროდუქტი, გავამრავალფეროვნოთ ჩვენი წარმოებული პროდუქცია, დავასაქმო ხალხი და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართულ ეკონომიკაში.

– თავისუფალი დროს როგორ ატარებთ და რა არის თქვენი ჰობი?

– როგორც თითქმის ყველა ქართველ მამაკაცი – ვნადირობ და ვთევზაობ და ვცდილობ შვილსაც შევაყვარო ეს საქმე. ასევე მიყვარს ავტოსპორტი. თავისუფალ დროს გულმოდგინედ ვეცნობი პერიოდიკას და პროფესიულ სფეროში გატარებულ სიახლეებს. ასევე, მხატვრული ლიტერატურიდან რაიმე გამორჩეული თუ მოვიძიე, აუცილებლად ვკითხულობ.

ესაუბრა თემურ იობაშვილი

ბოლო ამბები

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21-24 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

სამსახურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის აუდიტორთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტი მიზნად ისახავდა ორ უწყებას შორის პროფესიული თანამშრომლობის გაძლიერებასა და აუდიტის ხარისხის ზედამხედველობის, მარეგულირებელი ჩარჩოსა და საზედამხედველო მეთოდოლოგიების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაცვლას...

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი საქართველოში – 2026 წლის ოქტომბერი

2026 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.04 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.5 პროცენტიანი მატება...

გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 ნოემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა...

ინტერვიუები

ინტერვიუ სს „სილქ ბანკის“ გენერალურ დირექტორ ალექსი ხოროშვილთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის აგვისტოს №8(320)-ში

ინტერვიუ კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ ერეკლე პირველთან

ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალ „აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები“-ს 2026 წლის ივლისის №7(319)-ში

ყველა ინტერვიუ

აქ შეგიძლიათ ნახოთ ინტერვიუების ჩამონათვალი ანბანის მიხედვით