მინი-დოსიე
დავით ქობულია დაიბადა 1977 წლის 4 იანვარს, რუსთავში.
განათლება
2001 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1998 წელს პარტნიორთან – ნიკოლოზ შარიქაძესთან ერთად დააფუძნა ინდივიდუალური საწარმო და მას შემდეგ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
2005 წელს პარტნიორთან ერთად დააფუძნა შპს „ფარმაცევტული სახლი“.
2007 წელს პარტნიორთან ერთად დააფუძნა შპს „ფარმაცევტული სახლი +“.
დავით ქობულია დღემდე არის შპს „ფარმაცევტული სახლი +“-ის პარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი.
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
________________________________________________________________________________
– ბატონო დავით, რა განათლება გაქვთ მიღებული და როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესი?
– დავიბადე ქალაქ რუსთავში. 2001 წელს დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტი. პირველი აფთიაქი მეგობართან ერთად რუსთავში მაშინ გავხსენი, როდესაც მეორე კურსზე ვიყავი. აქედან იწყება ჩემი ბიზნეს-საქმიანობა.
ჩვეულებრივი აფთიაქი გავხსენით. რეგისტრაცია გავიარეთ, მეორე ჯგუფის აფთიაქი იყო. ის აფთიაქი დღემდე ფუნქციონირებს. დასაწყისში, ერთი თვის მანძილზე თვითონ ვყიდდი წამალს, შემდეგ ნელ-ნელა თანამშრომელთა რაოდენობაც დავიმატეთ და აფთიაქიც გავაფართოვეთ.
– კომპანიის განვითარება როგორ მოხდა – ის აფთიაქი იგივე სახელით მუშაობს, რაც დაფუძნებისას იყო?
– კურსელებმა ერთად დავაფუძნეთ ფირმა, მაშინ ინდმეწარმის სტატუსით დავარეგისტრირეთ „ნიკოლოზ შარიქაძე“. შემდგომ, „ფარმაცევტული სახლი“, ბოლოს კი „ფარმაცევტული სახლი +“. ასე რომ, სახელი სამჯერ გამოიცვალა, თუმცა დამფუძნებლები ერთი და იგივეა.
– თქვენი კომპანია ახლა რამდენიმე აფთიაქს აერთიანებს?
– ახლა ქსელში 6 აფთიაქია. სამში რემონტი მიმდინარეობს. საცალო გაყიდვის გარდა საბითუმო გაცემასაც ვაწარმოებთ და აქტიურად ვფიქრობთ ქსელის გაფართოებაზე. ამჟამად ორი აფთიაქია რუსთავში, ოთხი თბილისში. აქედან ორს ვარემონტებთ და ალბათ, 1 თვის მანძილზე გაიხსნება. ასევე, ერთ აფთიაქს ვარემონტებთ რუსთავში.
– პირველი აფთიაქი რუსთავში იყო, შემდეგ როგორ განავითარეთ ქსელი?
– მეორე აფთიაქი თბილისში, პეკინის ქუჩაზე გავხსენით. ამის შემდეგ, დიდ დიღომში, მერე მარჯანიშვილზე, შემდეგ ყაზბეგზე და ბოლოს კიდევ ერთი აფთიაქი რუსთავში დავამატეთ.
– თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება საცალო ქსელია?
– საცალო ვაჭრობა ძირითადი სპეციალიზაციაა. ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ. ჯერ გვინდა, რომ იყოს კარგად განვითარებული საცალო ქსელი და მერე გამოჩნდება სხვა მიმართულების დამატებასაც თუ გადავწყვეტთ.
– მედიკამენტები მთლიანად იმპორტით შემოგაქვთ თუ ადგილობრივ პროდუქციასაც ჰყიდით?
– რა თქმა უნდა, ნაწილი შემოგვაქვს, ასევე ქართულ ნაწარმსაც ვყიდით. ბევრ ქართულ წარმოებასთან, მათ შორის „კოლხურ მალამოსთან“ ექსკლუზიური კონტრაქტები გვაქვს. პროდუქციის ნაწილი თვითონ ჩვენც შემოგვაქვს, დანარჩენს ადგილობრივი შემომტანებისგან ვყიდულობთ, ჩვენს შემოტანილს სხვებიც ყიდულობენ თავიანთი საცალო ქსელისთვის და ასე შემდეგ. ასორტიმენტს პარტნიორების დახმარებით ვავსებთ. საქართველოში არცერთი კომპანია არ არსებობს, რომელიც მხოლოდ თავის შემოტანილ მედიკამენტებს ყიდის.
– მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები პატარა კომპანიებთან კეთილსინდისიერად თანამშრომლობენ? წამყვანი სამი კომპანია ფარმაცევტულ ბაზარს ხომ მთლიანად აკონტროლებს?
– კი, მაგრამ რომ გითხრათ, ეს მსხვილი კომპანიები რამე ისეთს აკეთებენ რასაც, მაგალითად, მე იმათ ადგილას არ გავაკეთებდი, ძნელია. ხშირ შემთხვევაში, სხვა იგივე სიტუაციაში შეიძლება უარესადაც მოიქცეს. ზოგადად, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას სხვის წარმატებას აბრალებენ და ამბობენ, რომ ის წარმატებული თრგუნავთ და განვითარებაში ხელს უშლით. ჩვენ ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ურთიერთობები ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენს ბიზნესში ისეთი რამე არ ხდება, რაც სხვა ქვეყნებში, კონკურენტებს შორის არის ხოლმე. კონკურენტები ზოგჯერ ერთმანეთს სასიკვდილოდაც იმეტებენ. თან, ჩვენ კომპანია ისეთი მსხვილი კონკურენტი არ არის, ვინმეს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდეს. ასე რომ, ჩვენ მაგ კუთხით პრობლემები ნამდვილად არ გვაქვს და არც მქონია პრობლემა, რომელიც ვერ მომიგვარებია. რასაკვირველია, ზოგადად პრობლემები არსებობს და დიდის გავლენა ბუნების კანონია: მეტი საშუალებები აქვს, შეუძლია შეგავიწროვოს და ჩაგყლაპოს. მაგრამ, ეს არ ხდება მიზანმიმართულად. ეს უბრალოდ, ბუნების კანონი და ბაზრის წესებია.
– გავრცელებულია მოსაზრება, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს აკონტროლებს სამი მსხვილი კომპანია და ისინი ფაქტობრივად, კონკურენციას კი არ მიმართავენ, არამედ შეთანხმებული ფასებით მაღალ მოგებებს ნახულობენ. თუმცა, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა და ბაზრის დერეგულაციამ, სამი კომპანიის დომინანტური გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა და წამლების გაიაფებას შეუწყო ხელი. თქვენ რომელ მოსაზრებას ეთანხმებით?
– ორივე არგუმენტს შევეხოთ: ფასები დღეს იმდენად შემცირებულია, რომ თვითონ ბიზნესის განვითარება საეჭვო ხდება. დღეს ისეთი სიტუაციაა, ფარმაცევტულ ბიზნესში ფულის ჩადებაზე მეტად მომგებიანი შეიძლება ბანკში დეპოზიტზე ფულის დადება იყოს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ინტერესი არ ექნება ინვესტორს, რომ აფთიაქი გახსნას. დარწმუნებული ვარ, რომ წაგებაზე იმუშავებს. ფასების დაწევამ კლიენტი კი ხელსაყრელ სიტუაციაში ჩააყენა, რადგან იყო შემთხვევები, როცა გარკვეული წამლები არარეალურად ძვირად იყიდებოდა, მაგრამ მეორე უკიდურესობაში გადავედით: ეს ბიზნესი აღარავის აინტერესებს. პატარა კომპანიებს ფაქტობრივად, მოგება აღარ აქვთ, მოგება დარჩა დიდ კომპანიებს; განვითარების საშუალება აქვთ მხოლოდ დიდ კომპანიებს და გამოდის, რომ ამით ისინი დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებენ. შეიძლება ვინმემ აფთიაქი გახსნას, მაგრამ რამდენიმე თვეში თუ არა, ერთ წელიწადში მაინც დაიკეტება. რეალურ ინვესტიციებს ამ ბიზნესში აღარავინ ახორციელებს.
– მთავარი მიზეზი რა არის, რამაც ფასების მკვეთრი შემცირება და ბიზნესის მიმართ ინვესტორების „დაფრთხობა“ გამოიწვია?
– ინვესტორი ყოველთვის პრაგმატულად ფიქრობს, მას უნდა ფულის მოგება. წინა წლებში ისეთი სახელმწიფო რეგულაციები იყო, რომელიც რომ მონოპოლიურ მდგომარეობას უწყობდა ხელს და ბაზარი ხელოვნურად იყო ჩაკეტილი. მე რომ დამჭირვებოდა, ევროპიდან წამალს ვერ შემოვიტანდი. კონტრაქტები მხოლოდ მსხვილ კომპანიებს ჰქონდათ გაფორმებული. იძულებული ვიყავი, მათი შემოტანილი წამლები მეყიდა და მთლიანად მათზე ვიყავი დამოკიდებული.
თუმცა, ძალიან დიდი როლი ითამაშა კანონმდებლობაში ცვლილებებმა. ფიზიკურ პირსაც შეუძლია, ევროპის ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი წამალი, რომელიც იქ იყიდება, რეგისტრაციის გარეშე ჩამოიტანოს საქართველოში. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ჩემი შემოტანილი წამალი იმდენად დაბალ ფასად უნდა გავყიდო, ჩემს საოპერაციო ხარჯებს შეიძლება 1%-ით აღემატებოდეს მისი დარიცხვა. რა გამოდის – დიდ კომპანიას აქვს ქარხნები, აქვს სადაზღვევო კომპანია, აქვს კლინიკა, ჰყავს ექიმი. დანარჩენი საწარმოების მოგებით შეუძლია მედიკამენტების გაყიდვით მიღებული ზარალიც გადაფაროს, ამ დროს კი მედიკამენტების იაფად გაყიდვის გამო ჩემი მოგება გაქრა.
– გამოდის, ცალკე აღებული ფარმაცევტული ბიზნესი შეიძლება წამგებიანი იყოს და მხოლოდ კომპლექსურ ბიზნესში აქვს ინვესტორის მოგების შანსი?
– ის დანარჩენი კომპონენტები გახდა მომგებიანი, რასაც მსხვილი კომპანიები ფლობენ. დღეს აფთიაქს კერძო პირი ვერ გახსნის. თუ გახსნა – ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია არ იცის და რამდენიმე თვეში დაიკეტება.
მედიკამენტებზე ფასები იმდენად დაეცა, რომ საბითუმო და საცალო ფასი თითქმის გათანაბრდა. დიდ აფთიაქებს შეუძლიათ მაქსიმუმ 5%-იან, ან ძალიან იშვიათ შემთხვევაში 10%-იან ფასდაკლებას მიაღწიონ. ამ დროს, მედიკამენტის გაყიდვის დროს ფასში 10% ჩემი საოპერაციო ხარჯია. გამოდის, მათგან ნაყიდ წამალს თუ გავყიდი, გარანტირებულად წამგებიანი იქნება ჩემთვის. როცა თვითონ შემოგვაქვს, მაშინ სხვა სიტუაციაა, მაგრამ ყველა წამლის შემოტანა გამორიცხულია.
ბიზნესი უნდა განვითარებულიყო და კონკურენცია უნდა ყოფილიყო იმ კუთხით, როცა აფთიაქის გახსნის მსურველი ბევრი იქნებოდა. თუ იქნებოდა რეალური კონკურენცია და ბიზნესი მომგებიანი – ინვესტორიც შემოვიდოდა და ბიზნესი ისე განვითარდებოდა.
მოხდა უფრო ხისტი რეგულირება, ვიდრე საჭირო იყო. ფასები იმ დონეზე შემცირდა, რომ დიდი კომპანიები ინარჩუნებენ პოზიციებს და მოგებებს. თუმცა, ახალი კომპანიებისთვის განვითარების ადგილი და წყარო აღარ რჩება.
– თუმცა, თქვენ რასაც ამბობთ, მაგ შემთხვევაში ბევრი კომპანია იქნებოდა ბაზარზე, იქნებოდა მძაფრო კონკურენცია, მაგრამ დღეს არსებულ ფასებთან შედარებით, წამალი გარანტირებულად უფრო ძვირი ეღირებოდა.
– კი, ასე იქნებოდა. უნდა ყოფილიყო სახელმწიფო რეგულაცია, თუმცა, არა იმ დონეზე, რომ ფასების ასე დაცემა მომხდარიყო.
მოსაძებნია უფრო სხვა ტიპის რეგულაციები, რომელიც არც ბიზნესს დააზარალებს და არც წამლის ფასი იქნება არაბუნებრივად მაღალი. იყო შემთხვევები, როცა წამლის შესასყიდი ფასი იყო 3 ლარი და ყიდდნენ 15 ლარად. ძვირიან მედიკამენტებზე კიდევ უარესი სიტუაცია იყო. კლიენტი სერიოზულად ზარალდებოდა და არარეალურად ძვირს იხდიდა.
ადრე კლიენტი ზარალდებოდა, ახლა ბიზნესი ზარალდება. ჩემი აზრით, არსებული სიტუაცია მონოპოლიის გამყარებას უწყობს ხელს. ნებისმიერი სერიოზული ინვესტორი რომ ნახავს, აქ რა სიტუაციაა, მაგალითად, წავა და რუსეთში გახსნის აფთიაქს, სადაც ბაზარიც ძალიან დიდია და წამალიც ძვირი.
– თუმცა, ხშირად გვესმის, რომ საქართველოში წამალი უფრო ძვირია, ვიდრე თუნდაც თქვენს ნახსენებ რუსეთში.
– ეს არის პოპულიზმის კარგი თემა და ამიტომაც ავრცელებენ ასეთ აზრებს. დიდი აფთიაქების თაროებზე, სადაც საკუთარი წარმოების წამლები აქვთ, ფასები ძირითადად უცვლელად დარჩა. მაგრამ, რაც იმპორტირებული მედიკამენტები აქვთ – მათი ფასი მნიშვნელოვნად დაეცა.
– ბაზარზე თქვენი კომპანიის წილი?
– იმდენად მცირეა, რომ არც ვიცი რამდენია, დაახლოებით 1%-ზე ნაკლები.
– თქვენი კომპანიის ზომის ფარმაცევტული კომპანიები ბაზარზე ბევრია?
– კი, არიან, მაგრამ ბაზარს რომ გადახედოთ, ძირითადად ძველი დაფუძნებული კომპანიები შემორჩნენ. შეიძლება, უცხო თვალს მოეჩვენოს, რომ ახალი იხსნება, მაგრამ რეალურად ძველი დამფუძნებლები ხსნიან ახალი დასახელების კომპანიას. თუნდაც, „ფარმადეპო“ და „ნარინჯისფერი აფთიაქიც“ – ეგ არის ძველი დამფუძნებლები, რომლებიც ცდილობენ ახალი სახელით ბაზარზე დამკვიდრებას. „ფარმადეპოს“ „ეიბისი“ ლობირებდა, „ნარინჯისფერ აფთიაქს“ „პეესპე“ – ანუ, ეს არის ძველი ხალხი, რომლებიც ცდილობენ ახალი სახელით ბაზარზე რაღაც პოზიციები მოიპოვონ.
– თქვენი ბიზნენსის ზრდის დინამიკა დაფუძნებიდან დღემდე როგორია?
– რა თქმა უნდა, მატულობს. თავიდან ერთი აფთიაქი გვქონდა და დღეს დაახლოებით 8 მილიონი ლარია წლიური ბრუნვა.
– თანამშრომელთა რაოდენობა როგორ იცვლება?
– თავიდან ვიყავით 5 თანამშრომელი, ახლა თანამშრომელთა რაოდენობა ასია.
– ნაწილობრივ შევეხეთ უკვე ამ თემას, მაგრამ კიდევ ერთხელ, რამდენად მიმზიდველი ან მომგებიანი საქმიანობაა ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში?
– მე ვფიქრობ, რომ ინვესტორისთვის, ვისაც ფული აქვს და ფიქრობს სად ჩადოს ფული, დღეს საქართველოში ფარმაცევტულ ბიზნესში არ ჩადებს. ან, მას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული გათვლები, ქარხანა, ან კომპლექსური ბიზნესი უნდა აწარმოოს. ასეთ შემთხვევაში, ისევ, მახინჯ ფორმამდე მივდივართ, ბაზარს მეოთხე მონოპოლისტი დაემატება და მაგით დამთავრდება.
ის, რომ ევროპული გზით წავიდეთ, საჭიროა არსებობდეს ბევრი მცირე კომპანია და კონკურენცია რეალური იყოს – გადანაწილდეს ყველაზე და არა მხოლოდ 3 მსხვილ მოთამაშეზე. ამას სჭირდება ის, რომ სახელმწიფომ ბოლომდე არ მოკლას მცირე კომპანიები, თუმცა, არც ისე უნდა გააკეთოს, რომ ვიღაცამ მილიარდები იშოვოს.
– ამის რეცეპტი იცით?
– ძალიან რთული საკითხია. მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისეთი ხისტი მიდგომა სჭირდება, როგორიც მოხდა. ალბათ, რაღაც ქვოტები უნდა იყოს დაწესებული, რომელზე ძვირად ან იაფად გაყიდვაც არ შეიძლება. ალბათ, გასათვალისწინებელია, რომ დემპინგიც არ მოხდეს. დიდ კომპანიას თავისუფლად შეუძლია ერთი წლის მანძილზე მოგება მოიკლოს, წამლის ფასები დააგდოს და შედეგად პატარა კომპანია გაკოტრდება.
– თუმცა, ფასების „ზემოდან“ განსაზღვრა კორუფციის და გარიგებების კარგ შანსს ტოვებს.
– რა თქმა უნდა, ამიტომ, რთული თემაა. ასე რომ რეცეპტი დადო – არ გამოვა. თვითონ ამ დარგის მონაწილე ხალხთან ერთად უნდა მოხდეს განხილვა. ამოცანა იყო, რომ სწრაფად მიეღწიათ შედეგისთვის და მედიკამენტები გაეიაფებინათ. არ შეიძლება თქვა, რომ მნიშვნელოვან ამოცანას მივაღწევ მაინცდამაინც 2 თვეში. ამ სისწრაფემ გამოიწვია ის, რომ დაიწია ფასებმა, მაგრამ იმ დონეზე შემცირდა, რომ ძალიან ბევრი პატარა აფთიაქი იხურება.
– ამით მომხმარებელი რამეს წააგებს?
– თუ დაიხურა ყველა პატარა აფთიაქი, ბაზარზე დარჩება მხოლოდ სამი მსხვილი კომპანია. ამის შემდეგ წავა ფასების აწევა. ამხელა ბიზნესია და უცხოური კაპიტალი არ არის საქართველოს ბაზარზე. როგორ შეიძლება, რომ ასეულობით მილიონი დოლარი ტრიალებს და არცერთი უცხოური კომპანია არ ინტერესდება საქართველოში საცალო ან საბითუმო ბაზრით, ან დისტრიბუციით.
– გამოდის, ინვესტორებისთვის ბიზნესის ეს სფერო არ არის საინტერესო, განსხვავებით, იგივე საბანკო ბიზნესისგან.
– ბანკები საკმაოდ დიდ მოგებებზე მუშაობენ. რა თქმა უნდა ინვესტორს აინტერესებს, რომ ფული ჩადოს და მოგება მიიღოს. აქ არავინ ინტერესდება და მიტოვებულია მსხვილი კომპანიების ამარა.
– თუმცა, როგორც თქვით, ამ პირობებშიც თქვენი კომპანია ბოლო წლებში გაიზარდა.
– ადამიანს თუ არ ეზარება, ყოველთვის არსებობს შანსები. არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია და გააჩნია რის მიღწევა გინდა. მინდოდა, 18 წლის განმავლობაში გავმხდარიყავი ერთ-ერთი ლიდერთაგანი. ამ მიზანს ვერ მივაღწიე, მაგრამ არც ბიზნესი გამიჩერებია. ძალიან ბევრი, ჩემთან ერთად ვინც დაიწყო, ან გაკოტრდა, ან სულ სხვა ბიზნესში გადავიდა. მე ვფიქრობ, რომ სირთულეების მიუხედავად, გამოუვალი სიტუაცია არ არის და მაგას დარგის სიყვარული განაპირობებს. თუ შენ ბიზნესს მხოლოდ იმიტომ განაპირობებს, რომ ფული გააკეთო და სფეროს ირჩევ კალკულაციის წესით: აფთიაქი გახსნა თუ სხვა ბიზნესი წამოიწყო – პრაგმატული თვალსაზრისით, იფიქრებ რომ სხვა ბიზნესს შეეჭიდო. თუმცა წინაპირობა ის გახლავთ, რომ მე ამ პროფესიის ვარ და სხვა არაფერის კეთება შემიძლია.
– გამოდის, წინასწარ უნდა იყოს ადამიანი შეგუებული, რომ მსხვილ კომპანიებთან ბრძოლა საკმაოდ რთულია და განსაკუთრებული მუშაობა მოუწევს.
– ჩემს თავსაც ვეუბნები, რომ აფთიაქის კონცეფცია სულ სხვაა. კრიტიკული თვალით ვუყურებ, რატომ უნდა შევიდეს მომხმარებელი „ფარმაცევტულ სახლში“. არსებობს „ავერსი“ და „პეესპე“, ცნობილია, სანდოობა მეტი აქვს, რომ კარგ წამალს გაყიდიან. თუნდაც, სხვაგან იაფი იყოს, მომხმარებელს ურჩევნია გადაიხადოს 5-10%-ით მეტი, შევიდეს ცნობილ ბრენდში და რაღაცა იყიდოს. ამიტომ, სულ ვცდილობ, რომ მეტი გავაკეთო, ჩვენმა ფარმაცევტმა მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე დიდი აფთიაქების ფარმაცევტებმა. ჩვენ იმის ფუფუნება არა გვაქვს, რომ ბრენდის გამო ჩვენთან ვინმე შემოდიოდეს. ამიტომ, კლიენტის მოსაზიდად ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად ერუდირებული, მეტად გულისხმიერი, მეტად პროფესიონალი, ვიდრე კონკურენტია.
ჩვენი სტრატეგია ჯამში საკმაოდ მარტივია და რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი არის ფასები. თუ გრძელვადიან მოგებაზე ფიქრობ, შენ გაინტერესებს კლიენტი ხვალ, ზეგ და ხუთი წლის შემდეგ შენთან მოდიოდეს. სპეციალური პროგრამით ვადევნებთ თვალს ყველა კონკურენტის შესაძლო ფასს მედიკამენტებზე და ყველაზე დაბალ ფასს ვადებთ.
– ასეთ შემთხვევაში წამგებიანი ფასი თუ გამოვიდა თქვენთვის?
– გვაქვს სიტუაციები, როცა რომელიმე მედიკამენტს წამგებიან ფასად ვყიდით. წინასწარ ამას ვერ განსაზღვრავ. თუმცა, სანამ მედიკამენტების შესყიდვას განვახორციელებთ, იგივე ფასების მონიტორინგს ვახდენთ და ვიცით სად ვიყიდოთ, ვის უფრო იაფად აქვს. მსგავსი მეთოდით დიდი ქსელები არ მუშაობენ და ეს უპირატესობა გვაქვს. ჩვენ ახლა ვგეგმავთ, რომ ახალი ბრენდივით შემოვიტანოთ გარანტირებული ფასის ხარისხის ნიშანი. გამოვიტანთ გარანტირებულ ფასს და ვეტყვით კლიენტს – იყიდე ფარმაცევტულ სახლში? თუ სადმე უფრო იაფად ნახავ იგივე მედიკამენტს, დავიბრუნებთ.
სტრატეგიის მეორე ნაწილია ასორტიმენტი. ხშირ შემთხვევაში, როცა შედიხარ რომელიმე ქსელის აფთიაქში, გთავაზობენ თავის შემოტანილ ან თავის ნაწარმ პროდუქციას. ფარმაცევტებს აქვთ დავალება, ბონუსებს იღებენ იმით, რაც მეტს გაყიდიან საკუთარი წარმოების თუ შემოტანილ წამლებს. დღეს, ჩემმა ფარმაცევტებმა ინფორმაციის დონეზეც არ იციან რა არის ჩვენი პოზიციები. ამიტომ, თეორიული შანსიც ესპობა, რომ კლიენტთან მიმართებაში არაობიექტური იყოს.
ამიტომ, საკუთარი წამლების შეთავაზებით აფთიაქები ჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან. ჩვენი მთავარი კონცეფციაა, რომ აფთიაქი – ეს არის მთავარი პროდუქტი და არა ცალკეული მედიკამენტი, რაც მეტ მოგებას ტოვებს. მთელი აფთიაქი მინდა იყოს ის ადგილი, სადაც მომხმარებელს მეტი არჩევანი ექნება და მისთვის მაქსიმალურად სასარგებლო მედიკამენტს შეიძენს. თუმცა, ეს ცოტა გრძელვადიანი ამოცანაა, შედეგი შეიძლება ათი წლის შემდეგ მოიტანოს.
ჩვენ ვამზადებთ ფარმაცევტებს, გვაქვს ტრენინგ-ცენტრი. ფარმაცევტებს ვუხსნით ყველა ნიუანსს ყოველ პრეპარატზე და თვითონ წყვეტენ რა შესთავაზონ მომხმარებელს. ეს ფარმაცევტს აძლევს საშუალებას, იყოს თავისუფალი და იმავდროულად, კლიენტს ასიამოვნოს. ხშირად არის ხოლმე სიტუაცია, როცა ფარმაცევტი დიდი აფთიაქებიდან გარბის და ამბობს – მუშაობა აღარ შემიძლიაო. ზოგჯერ ნაკლებადეფექტიან ან, ძვირიან წამალს უნიშნავენ მეტი მოგების მიღების გამო. ასეთი მუშაობით ფარმაცევტებიც ითრგუნებიან. ამ მხრივ, ჩვენთან სრული თავისუფლება აქვთ. მთავარია, კლიენტი იყოს კმაყოფილი.
ჩვენი სტრატეგიის მესამე ნაწილია ვიზუალური მხარე. ამიტომ, რომ ჩვენი აფთიაქების მსგავსი დიზაინი ქალაქში არცერთ აფთიაქს არა აქვს. ბოლოს გავაკეთეთ ყაზბეგზე, მარჯანიშვილზე და ასევე რუსთავში. საკმაოდ კარგი დიზაინია, არქიტექტორმა კარგად იმუშავა. ახლა, გლდანში ვხსნით აფთიაქს და შიგნით ესკალატორი იქნება. მსგავსი აფთიაქი საქართველოში არც არის, სადაც ესკალატორია, ამდენი პროდუქტის არჩევანია, თან ასეთი დიზაინი და გაფორმებაა.
მოკლედ, ჩვენი სტრატეგიაა გამორჩეული დიზაინი, ასორტიმენტი, ფასი. ცალკე გვაქვს ტრენინგ-ცენტრი. საკმაოდ დიდ თანხებს ვიხდით, რომ კვალიფიციური ფარმაცევტები მოვამზადოთ. თუნდაც დიდი აფთიაქებიდან რომ გადმოდიან ფარმაცევტები, მათი გადამზადება მაინც გვჭირდება.
ვფიქრობთ, რომ ამ ყველაფრით შევქმნათ ალტერნატივა ბაზარზე. დღეს ბაზარზე მხოლოდ ეს ნიშაა დარჩენილი.
– განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც გარკვეული მედიკამენტების გაყიდვა შესაძლებელი გახდა სუპერმერკეტებში თუ ჩვეულებრივ სურსათის მაღაზიებში. ამ შემთხეხაში იყო მოსაზრებები, რომ ეს გამოიწვევდა უხარისხო და ფალსიფიცირებული წამლების, ან სპეციალური პირობების გარეშე შენახული მედიკამენტების გაყიდვას, რაც მომხმარებელს დააზარალებდა. რეალურად შედეგი რა არის?
– ეს არის ფარმაცევტების ლეგენდები. ჯამში, პრობლემა არ არის. მაგ ლოგიკით, აფთიაქშიც შეიძლება უხარისხო მედიკამენტი გაყიდონ. ყურადღებას ამახვილებდნენ, რომ შეიძლება ფარმაცევტის განათლება არ ჰქონდეს წამლის გამყიდველს, არ ჰქონდეს შენახვის საშუალებაო. დაავალდებულებდნენ მაღაზიას და ისეთ ვინმეს გააყიდვინებდა, ვისაც შესაბამისი განათლებაც ექნებოდა და მედიკამენტების შენახვის პირობებსაც დაიცავდა.
თან, შეზღუდვა იყო, რომ მხოლოდ ის წამლები გაიყიდებოდა, რომლებისთვისაც რეცეპტი არ არის საჭირო. საზღვარგარეთ, მარკეტში წამლები იყიდება და ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, წამლის შენახვის პირობები დაცული იყოს. მაგრამ, მოხდა ისე, რომ საქართველოში მარკეტებმა მედიკამენტების განყოფილება ვერ ამუშავეს. მთავარი მიზეზი მომხმარებლის მენტალიტეტია.
თვითონ მარკეტებმაც აგდებულად შეხედეს ამ საკითხს. ზოგმა ნაუცბადევად გააკეთა, ზოგმა პურის სექციასავით მოაწყო, პროფესიონალი არ აიყვანა, გასაყიდად ძალიან მცირე რაოდენობის მედიკამენტები დადო… მარკეტი მიჩვეულია პროდუქტების ყოველკვირეულ ბრუნვას, მაშინ როცა წამალი შეიძლება დადო თვეების მანძილზე და არ გაგეყიდოს. უცხო სპეციფიკა იყო, ცუდად გააკეთეს, შესაბამისად შედეგი არ მოიტანა და ეს თემა ამოიწურა. თუმცა, ასეთ განყოფილებებს უნდა ემუშავა და ეგ იქნებოდა ძალიან კარგი კონკურენცია.
ვერცერთმა მარკეტმა ვერ ამუშავა, ვერც გუდვილში, ვერც სხვაგან – ქართველმა კლიენტმა იქ წამალი არ იყიდა და სიტუაცია არც ამათ შეაფასეს სათანადოდ. არ შეუქმნეს კლიენტს რაღაცა უფრო განსხვავებული პირობები. როგორც ერთი სექცია, ისე მიაფუჩეჩეს.
– თქვენ საცალო ქსელზე ხართ ორიენტირებული, არადა როგორც ვიცი, ადგილობრივი წარმოებებიც საკმაოდ მომრავლდა.
– საკუთარი წარმოება არ მაქვს, არა იმიტომ რომ ან ფინანსურად არ შემიძლია, ან არ ვიცი – ფარმაცევტი ვარ და თავისუფლად შემიძლია ვაწარმოო. მე ვარ ბევრი ქართული წარმოების წამლების ექსკლუზიური წარმომადგენელი. მე რომ საკუთარი წარმოება შევქმნა, ვიქნები ყველას კონკურენტი, მომიწევს ფასების დაწევა და მათთან ბრძოლა. პრაგმატული მისაზრებებიდან გამომდინარე, მეორე გზა ავირჩიე. ვეუბნები წარმოებებს, ვიქნები შენი პარტნიორი, შენ აწარმოვე რაც შეიძლება მეტი, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩემი ბრუნვა იზრდება. ვიქნები შენი პარტნიორი, დისტრიბუციას უზრუნველვყოფ, დაგაფინანსებ, სამაგიეროდ, შენ წყნარად იყავი, აწარმოვე, დანარჩენი დაივიწყე. ბევრი ქარხანა მოდის თანამშრომლობაზე. ამან ის გამოიწვია, რომ ერთ-ერთმა ქარხანამ, წარმოებაში 8 ახალი წამალი დაამატა. ეს ჩემთვისაც კარგია, დამემატა ახალი წამლები და მისთვისაც კარგია.
ასე რომ ყველა მწარმოებელთან ვთანამშრომლობ, ყველას წამლებს ვყიდულობ და არცერთთან პრობლემა არ მაქვს. რასაკვირველია, „ავერსი“ და „პეესპე“ ჩემს დახმარებას არ საჭიროებენ, მათ თავიანთი ბაზარი აქვთ. მაგათ გარდა, არსებობენ სხვა მწარმოებლები, ვისთვისაც ჩემი დახმარება მნიშვნელოვანია.
– ბიზნესის თვალსაზრისით, წარმოება უფრო მომგებიანია თუ საცალო გაყიდვა?
– რა თქმა უნდა, წარმოება უფრო მომზიდველი გახდა, მეტი მოგება რჩება. ლავირების მეტი საშუალებაა და შენ ირჩევ პოზიციას – რა აწარმოო. შეგიძლია, ახალი გამოგონებებია და იმის მიხედვით შექმნა ახალი პრეპარატები.
– მაგ თვალსაზრისით, მედიკამენტების შემოტანაზე სპეციალიზაციაც ხომ შეიძლება?
– შეიძლება, მაგრამ მაგ შემთხვევაში შეიძლება იგივე დასახელების წამალი სხვამაც შემოიტანოს. შემდეგ, მოგიწევს ფასების დაწევა. არადა, დღეს ისეთი მდგომარეობაა ბაზარზე, რომ დარჩენა-არ დარჩენის საკითხები წყდება. ახალი წამლის შექმნის შემთხვევაში, წამალ-ბრენდს ქმნი, რომლის ფასსაც შენ ადებ. თუმცა, ჩემი მთავარი ამოცანაა საცალო ქსელი განვავითარო და არსებულ მწარმოებლებთან ვითანამშრომლო.
– კონკურენცია ფარმაცევტულ ბაზარზე საბაზრო პრინციპებით მიმდინარეობს? ამბობენ, რომ სამი დიდი კომპანია შეთანხმებულად ადგენს ფასებსაც და ბაზრის მდგომარეობასაც ერთად განსაზღვრავენ.
– კონკურენცია ძალიან მძაფრია. რაც შეეხება ფასების შეთანხმებულად დაწესებას – მაგ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. დავუშვათ, მე და თქვენ გვაქვს რაღაც ბიზნესი. ვთქვათ, საცხობი და ხაჭაპურს ვყიდით. ტერიტორიულად ახლოს ვართ, მაგრამ ერთმანეთთან არანაირი კონტაქტი და შეთანხმება არა გვაქვს. ორივე ვყიდით სხვადასხვა ფასად, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ჩვენი ფასები აუცილებლად გათანაბრდება. სანამ გვექნება საშუალება, იქამდეც შევამცირებთ ორივე და რაღაც ფასზე გავჩერდებით. სხვა გამოსავალი არ არსებობს.
მაგრამ, მეორე საკითხია, რომ ფარმაცევტული ბაზრის მოთამაშეებს ერთმანეთთან აქვთ კონტაქტი. სანამ შემოტანა ყველას შეეძლებოდა, დიდ კომპანიებს შეეძლოთ რამე ფასზე შეთანხმებულიყვნენ. მაგრამ, როცა წამლის შემოტანა ყველას შეუძლია, მაშინ უკვე შეთანხმებულ ფასს ვერ დაადებენ.
დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უპრობლემოდ შემოიტანოს ის წამალი, რაც ევროპის აფთიაქებში იყიდება. როცა ელემენტარულად იმის ლაბორატორიული შემოწმების საშუალება არ არსებობდა, აქ ბოლომდე შეესწავლათ მედიკამენტი და თან, გერმანიის ბაზარზე დაშვებულ მედიკამენტს აქ არ უშვებდნენ – ნონსენსი იყო.
ახლა მარტივია – თუ ევროპაში იყიდება, ჩამოგაქვს და აცნობებ სამინისტროს, წარმომავლობის სერტიფიკატი გაქვს და პრობლემა აღარ არის. ბაზრის რეგულირების ასე მოგვარებამ გამორიცხა მხოლოდ 2-3 მსხვილი შემომტანის არსებობა. ყველას შეუძლია წამლის შემოტანა, ფასებიც მცირდება და ქვედა ზღვარზე დგება.
– თქვენი კომპანიის განვითარებისთვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რა არის?
– ადეკვატურ ფასად ფართის მონახვა. საცალო ქსელის განვითარება გვინდა, ფართები კი ძალიან ძვირია ფარმაცევტული ბიზნესის კვალობაზე. სააფთიაქო ბიზნესისთვის იგივე ფასად ფართის ქირაობა, რასაც მაგალითად რესტორანი დაფარავს – თითქმის შეუძლებელია. აფთიაქს რენტაბელობა სხვა ბიზნესებთან შედარებით საკმაოდ დაბალი აქვს და შესაბამისად, უძრავი ქონების ყიდვაც და ქირაობაც, ამ ბიზნესისთვის ძალიან ძვირია. რეგიონებში ფასს კიდევ არაუშავს.
– თქვენ თქვით, რომ კვალიფიციური ფარმაცევტის პოვნა ძალიან ჭირს. თქვენს კომპანიაში როგორ ხდება ახალი კადრების შერჩევა და თვითონ თუ ერევით ამ საკითხში?
– იყო დრო როცა ამ საკითხს მე ვწყვეტდი, ახლა ნაკლებად ვერევი. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურია შექმნილი და ამ საკითხს ის აგვარებს. სანამ სამსახურში ავიყვანთ, არის რამდენიმე ეტაპი. პირველი, ეს არის რეზიუმეების გადარჩევა. თუ „სივი“ არ არის დამაკმაყოფილებელი, კანდიდატურას არც განვიხილავთ. შემდეგ გვაქვს ტესტირება. ვამოწმებთ კანდიდატის პროფესიულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს. ამის შემდეგ არის გასაუბრება „ეიჩართან“ და ტერნინგ-ცენტრის ხელმძღვანელთან. იშვიათად არის შემთხვევა, როცა გასაუბრებას მეც ვესწრები. გადაწყვეტილებას „ეიჩარს“ვანდობ. ამის შემდეგ არის სტაჟირების პერიოდი, შემდეგ გამოსაცდელი ვადა, და მერე უკვე სამსახურში აყვანა.
– დამფუძნებლები რამდენი ხართ და როგორ გაქვთ ფუნქციები გადანაწილებული?
– ორი პარტნიორი ვართ. აღმასრულებელი დირექტორი მე ვარ, პარტნიორი უფრო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ერევა, დანარჩენ სიტუაციას მე ვმართავ.
– ფარმაცევტების შესახებ ვისაუბროთ – რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
– კარგი მდგომარეობა ნამდვილად არ არის. თვითონ ხომ მისწავლია? შეიძლება ძალიან კარგი კადრი მოვიდეს სახელმწიფო უნივერსიტეტდამთავრებული, მაგრამ პრაქტიკული უნარ-ჩვევები თითქმის ნული აქვთ ხოლმე. სხვა ტიპის განათლება აქვს და აქ სხვა სჭირდება. როდესაც გადამზადების ცენტრს ვაკეთებდი, იმისთვის მოვიწვიე ფსიქოლოგები, რომ ტესტების შედგენიოსას გაგვეთვალისწინებინა და ისეთი კადრები შეგვერჩია, ვისაც კარგი საფუძველი აქვს, ანალიზის უნარიც და სწავლებადია. ამით ვარჩევთ ადამიანებს, მერე მიდის გადამზადება და ეს ადამიანი ხდება პროფესიონალი.
ძალიან რთულია კარგი კადრის პოვნა. ბაზარზე არის ხალხის ორი ჯგუფი – ძალიან დიდი მასაა, რომელიც წუწუნებს, რომ კადრები არ არის, ასევე დიდი მასაა, რომელიც ამბობს რომ სამუშაო არ არის. ეს ორი გუნდი – სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთმანეთს არის აცდენილი.
– ფარმაცევტების ანაზღაურება როგორია თქვენთან, იგივე კონკურენტ აფთიაქებთან შედარებით?
– ფარმაცევტებს ჩვენთან უფრო მაღალი ხელფასები აქვთ, ვიდრე „ავერსში“, „პეესპეში“ და „ჯიპისიში“. ვცდილობ, ჩემთან ვინც მუშაობს ისეთი დამოკიდებულება მქონდეს, რომ აქ მუშაობა ეამაყებოდეთ. მეტად ვაფასებ ფარმაცევტებს და ობიექტურად მივანდე იგივე წამლების შეთავაზება, არ ვაძალებ რომელიმე მედიკამენტის გაყიდვას. ამას ფარმაცევტიც გრძნობს და სხვანაირად იქცევა.
– საშუალო ანაზღაურება რამდენია თქვენს ფარმაცევტებთან?
– მინიმუმ 500 ლარი, ზოგს 600 ლარი და მეტიც აქვს.
– თქვენი აფთიაქები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ?
– ახლა დავიწყეთ და ორი აფთიაქი გვაქვს, სადაც მუშაობის 24 საათიანი რეჟიმია. დანარჩენები ჯერ არა. მაგრამ, ახლა რებრენდინგს ვაპირებთ, ჩვენ ვმუშაობთ გლდანის აფთიაქზე. ნელ-ნელა ვვითარდებით და მერე ალბათ, მთლიანად გადავალთ მუშაობის სადღეღამისო რეჟიმზე.
რეალურად, ღამით მუშაობა ფინანსურად წამგებიანია. დავთვალე და დენის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს. თან, ჩვენთან ახალ აფთიაქებში ღია ფორმატებია, სრული კომფორტი აქვს მომხმარებელს, გინდა ღამე იყოს, გინდა დღე. ამიტომ, იძულებული ვართ ღამე დაცვა გვყავდეს, ფარმაცევტიც გვყავდეს და ხარჯი დიდია. თუმცა, ადამიანი, რომელიც ჩვენი კლიენტია, ღამე თუ მოგვაკითხა და აფთიაქი დაკეტილი დახვდა, შეიძლება როგორც კლიენტი, საერთოდ დავკარგოთ. ამიტომ, თუნდაც იმ რამდენიმე კლიენტის გამო, ვინც ღამით მოგვაკითხავს, გადავწყვიტეთ, რომ აფთიაქი სადღეღამისო იყოს.
პრინციპში მხოლოდ რამდენიმე კლიენტზეც არ არის ლაპარაკი – აქ არის მთავარი მოტივი, რომ ვიყოთ სანდო პარტნიორი 24 საათის მანძილზე. ასე რომ, შესაძლოა ფინანსურად პირდაპირ არ არის მომგებიანი, მაგრამ ირიბად მაინც სარგებელს მოიტანს 24 საათიანი რეჟიმი ჩვენს ყველა აფთიაქში.
– ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებისთვის სახელმწიფოსგან დახმარება რაში გამოიხატება?
– ის კანონი, რომელიც წამლის შემოტანის დერეგულაციას გულისხმობდა, ცალსახად კარგი იყო. ამით წამლის შემოტანაზე მონოპოლიების არსებობას წერტილი დაუსვა. მეტი, ხელი არ შეგვიშალონ და ეგ არის.
– აფთიაქების მისამართით, წამლები გააიაფეთო წინა ხელისუფლების დროსაც გვესმოდა და ახლაც. მსგავსი მოწოდებები რამდენად ადასტურებს ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევას?
– თუკი რამე გაიაფდა, გაიაფდა წინა მთავრობის დროს. ახლა მსგავსი ჩარევა ალბათ აღარ მოხერხდება, ვფიქრობ, ახალი მთავრობა უფრო ლიბერალურად განწყობილია ბიზნესის მიმართ. წინა მთავრობამ ხისტი პოლიტიკით შეძლო ფასების მკვეთრი დაწევა. იყო რეალური ზეწოლა ფასების დაკლებაზე. თუმცა, ჩვენთან არასდროს არავინ მოსულა არც ადრე და არც ახლა – ფასები დაწიეო. ჩვენ ხომ ბაზარზე ზემოქმედება არ შეგვიძლია და ამ ჩვენთან თემებზე საუბარი დროის დაკარგვა იქნებოდა.
სახელმწიფოს ინიციატივა იყო ფასების დაწევა. დიდი კომპანიები თავისი სურვილით ასე არ გააიაფებდნენ. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სეგმენტია სოციალური თემა და ამ მასაზე ზრუნვა. ამიტომ, მიზანმიმართულად იმოქმედა, რომ ფასები შემცირებულიყო. კანონმდებლობა შეცვალა, პირადი საუბრებიც არ დაივიწყა. რაც შეეძლო, ყველა ბერკეტი გამოიყენა.
პოლიტიკამ უნდა შექმნას საფუძველი და უნდა მიუშვას ბიზნესმენები თავისუფალ დონეზე. მან უნდა უზრუნველყოს მინიმუმი, რომ დიდმა პატარა არ დაჩაგროს. არ ინდომებს, თორემ რომ მოინდომოს „პეესპემ“ ან „ავერსმა“, ფასებს კიდევ უფრო დაწევს, ან, გვერდზე გამიხსნის რამდენიმე აფთიაქს. ბოლო-ბოლო თუ მიზანი აქვს, იზარალებს და ამ გზით პატარა აფთიაქს გააკოტრებს.
– თუმცა, ამას სახელმწიფოც ალბათ იოლად ვერ დაარეგულირებს.
– რა თქმა უნდა. ხალხს წარმოუდგენია, რომ მთავარია მიზანს მიაღწიო. ეგაა პრობლემა. არ შეიძლება ყველა საშუალებით მიზნის მიღწევა. თუ მიზნის მიღწევაში გაცილებით მეტს დააშავებ, რა გამოვა. და კიდევ, არავინ ეკითხება დარგის სპეციალისტებს. შეიძლება, ჰარვარდიდან ჩამოიყვანო მაგარი მენეჯერი, მაგრამ აქ აფთიაქი ვერ ამუშაოს. იმდენად სპეციფიკური და კონკრეტული სიტუაციაა, რომ აქ არ სჭირდება ჰარვარდი. აქ საჭიროა კონკრეტული ისტორიების ცოდნა და ადგილობრივი მენტალიტეტი. ეს კი წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას მოაქვს.
– თქვენი კომპანიის დაარსებიდან დღემდე, ბიზნესგარემო საქართველოში როგორ იცვლება?
– რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მახსენდება შევარდნაძის დრო. საკმაოდ ბევრი ხელის შემშლელი სიტუაცია იყო. ზოგჯერ, ტრანსპორტირებასაც ვერ ვახორციელებდით. მედიკამენტების გადატანისას პოლიცია გვაჩერებდა და მიდიოდა რა მიგაქვს, რატომ მიგაქვს… სამართლებრივად მაშინაც პატიოსნად ვმუშაობდით და პრობლემა არ გვქონია მაგ კუთხით, მაგრამ შემოვარდნები და მსგავსი რაღაცები მაშინ იყო. თუმცა, გადავიტანეთ ეგ პრობლემები.
სხვა მხრივ, რამე პრობლემა არ გვქონია არც მაშინ არც ახლა. ამბობენ, გაგიმართლათო. მნიშვნელოვანი პრობლემები შევარდნაძის დროსაც არ შეგვქმნია. თუმცა, მაშინ ძალიან პატარა კომპანია ვიყავით და ვის რაში სჭირდებოდა ჩვენთან ჭიდაობა. მთლიანობაში, ბიზნესგარემო რომ უკეთესობისკენ წავიდა, აშკარაა.
– ხშირად გვესმის ხოლმე, რომ საქართველოში მედიკამენტები ბევრად ძვირია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში. ანალოგიური მედიკამენტების ფასები თუ იცით?
– ასე მარტივად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ძვირიაო. ყველაზე სენსიტიური არის თვითონ ბიზნესი. თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ, ვინმე აუცილებლად იპოვნის რაიმე წამალს, რომ სადღაც უფრო იაფია და იქიდან შეიტანს. ჯამში, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ამას ასახავს. დაახლოებით ერთი და იგივე სიტუაციაა. ერთეულებს ვიპოვით, რომელი წამალიც აქ უფრო ძვირია, ვიდრე სომხეთში და იქაც ვნახავთ რამდენიმე წამალს, რომელიც აქ უფრო იაფია. დაახლოებით ერთი და იგივე ფასია, თორემ ერთი ქვეყნიდან მეორეში მოხდებოდა წამლების მასობრივად გადატანა.
აზერბაიჯანში არც აქცევენ ასეთ ყურადღებას წამლის ფასს – როგორც ვიცი, იქ საერთოდ სახელმწიფო უფინანსებს მთლიანად და არც აინტერესებთ ფასი.
– თქვენი კომპანიის გეგმებზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ არ გითქვამთ, რეგიონებში გასვლას თუ გეგმავთ.
– მთავარი გეგმაა საცალო ქსელის განვითარება. გვინდა, რომ ერთეულ სეგმენტში რაღაცას წარმოვადგენდეთ. გვაქვს ამბიცია, რომ უკეთ გავაკეთოთ, ვიდრე სხვა აკეთებს. თბილისი და რუსთავი თითქმის ერთი სპეციფიკაა. რეგიონებშიც გავალთ, უბრალოდ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ.
– თქვენი პირადი გეგმები ისევ ამ ბიზნესს უკავშირდება?
– იმდენად გადაჯაჭვულია ჩემი პირადი გეგმები და საქმიანობა, რომ ესაა ყველაფერი. სხვას არაფერს ვგეგმავ და არც წარმომიდგენია რა შეიძლება გავაკეთო. მეუღლეც ექიმია და სამედიცინო სფეროში საქართველოში „ბაიერის“ წარმომადგენლობაში მუშაობს. ასე რომ, ისიც წამლებშია ჩაბმული.
– თავისუფალი დრო თუ გაქვთ, როგორ ატარებთ?
– თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. თუ გამოძინება მოვახერხე, კაია. დროის ყველაზე კარგი გატარება და დასვენება ჩემს 11 წლის ბავშვთან ერთად ყოფნაა. ერთი დღე მაქვს თავისუფალი, როცა ეს შესაძლებელია. კინოში ან ბოულინგზე დავდივართ და ესაა ყველაზე კარგი განტვირთვა.
ესაუბრა თემურ იობაშვილი

