აშშ-ის მიერ ვენესუელაში ორგანიზებულმა სამხედრო ოპერაციამ რეჟიმის კოლაფსი მაშინვე არ გამოიწვია. თუმცა, მან მთელი ლათინური ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი გაგზავნა – ტრამპის ადმინისტრაცია, ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესაბამისად, ძალის გამოყენებისთვის ყოველთვის მზადაა. ახლა საფრთხე რეგიონში სხვა მემარცხენე და ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობებისთვისაც ჩნდება. მომავალ სავარაუდო სამიზნეებად უნდა მოვიაზროთ კუბა, ნიკარაგუა, მექსიკა და კოლუმბია.
გლობალური პოლიტიკური თუ ეკონომიკური 2026 წელი დაიწყო მოულოდნელი და იმავდროულად, მოსალოდნელი მოვლენით, რომელიც მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის მთელი საგარეო პოლიტიკის მარკერი შეიძლება გახდეს: ვენესუელას მოქმედი, თუმცა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ქვეყნიდან გატაცების საჰაერო სამხედრო ოპერაცია.
მოსალოდნელი იმიტომ, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში კარიბის ზღვაში ამერიკული საზღვაო კონტინგენტის (კოდური სახელწოდებით „სამხრეთის შუბი“) განლაგების მთელი ლოგიკა, ადრე თუ გვიან ძალადობრივ შეტევას გულისხმობდა. ვენესუელა ექვსი თვით ადრე მომზადებულ შესაფერის „საცდელ პოლიგონს“ წარმოადგენდა აშშ-ის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პირველი პრაქტიკული გამოცდისთვის. ეს დოკუმენტი წლის ბოლოს იქნა მიღებული და საკმაოდ გამარტივებული ფორმით, ჯეიმზ მონროს (აშშ-ის პრეზიდენტი 1817-1825 წლებში – ავტ.) დოქტრინის პრინციპებს განასახიერებდა.
ვენესუელას გარშემო არსებული სიტუაცია უკიდურესად რთული უკვე სექტემბრისთვის გახდა. გლობალური მეინსტრიმული მედიის პრიზმით ყველაფერი ნათელი ჩანდა: ვაშინგტონი სისტემატურად ზრდიდა ზეწოლას ვენესუელაზე და კარიბის ზღვაში განლაგებული წყალქვეშა ნავისა და რვა სამხედრო გემის საქმეში ჩართვა იოლად პროგნოზირებადი ჩანდა.
ძალისმიერი ჩარევის მოტივი ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნარკოტიკების გადამზიდავი ვენესუელური გემის განადგურება გამოაცხადა და კოლეგა ნიკოლას მადურო ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულა. პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას, სამხედროები მიზნის მისაღწევად „ყველა რესურსს“ გამოიყენებდნენ. დამკვირვებლები პარალელებს ავლებდნენ 1989 წლის მოვლენებთან, როდესაც ინტერვენციამ პანამის ლიდერი მანუელ ნორიეგა ხელისუფლებას ჩამოაშორა.
ოპერაციის მოულოდნელობა კი, დროის ზუსტი პროგნოზირების შეუძლებლობაში მდგომარეობდა. საბოლოო ჯამში, ის დიდი დახვეწილობით და სიმბოლურადაც კი შეირჩა. ოპერაცია, რომელიც, თეთრი სახლის თქმით, რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, კარაკასისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიდან და მოვლენებიდან მესამე დღეს დაიწყო. 1 იანვარი კუბის რევოლუციის წლისთავია – მნიშვნელოვანი თარიღი ლათინური ამერიკის მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობებისთვის და კერძოდ, ბოლივარიული ვენესუელისთვის. 2 იანვარს მადურომ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართა ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელთან ლათინურ ამერიკაში. იმავე დღეს, ვენესუელას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა აშშ-ის მტრული ქმედებები ირანის წინააღმდეგ, თუმცა იმავდროულად, ვენესუელის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის.
3 იანვარს განხორციელებული სამხედრო ოპერაცია, ვენესუელას ქაოსში ჩაძირვის უშუალო მიზნის გარდა, ასევე ძირს უთხრიდა კარაკასის საგარეო პოლიტიკის ძირითად დღის წესრიგს – კუბას, ჩინეთსა და ირანს; ამავე დროს აშშ-ის ყველა მეზობელმა დაინახა, რომ ტრამპთან თანასწორ პოლიტიკურ დიალოგს ტყუილად ელიან. ვენესუელას შიდა პოლიტიკის შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არაა განსაზღვრული, მაგრამ შესაძლებელია რამდენიმე საყრდენი წერტილის გამოყოფა.
პირველ რიგში, მადუროს გატაცების შემდეგ, ხელისუფლებამ და სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს ფუნქციების შესრულება და სიტუაციაზე კონტროლის შენარჩუნება. მეორეც, ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტად დანიშნა, აშკარად ფლობს მოლაპარაკების ძალას და, ასე თუ ისე, ეს შეერთებული შტატებისთვის მისაღებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ თავიდანვე რადიკალურ მემარჯვენე ოპოზიციას დაეყრდნობოდა, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო წარმოადგენდა. მესამე, აშშ-ის უარი მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლების ხელისუფლებაში დაწინაურებაზე იძლევა იმის დადასტურებას, რომ ვენესუელა სამოქალაქო ომის უფსკრულში არ ჩაეშვება. ამის ალბათობა კი მკვეთრად გაიზრდებოდა, თუ ვენესუელას საზოგადოების პოლიტიკური კრიტერიუმებით პოლარიზება მოხდებოდა.
სანქციებს მიჩვეული ვენესუელას ეკონომიკა
ვენესუელა სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს, სულ მცირე, XXI საუკუნის დასაწყისიდან განიცდის. სხვადასხვა შეფასებით, ინფლაციამ ასობით ათასიდან მილიონ პროცენტამდე მიაღწია. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ორჯერ გატარდა დენომინაცია. აშშ-ის სანქციებმა, რომლებიც ნავთობის სექტორს ეხებოდა, გაამწვავა ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რასაც თან ახლდა „ექსტრემისტული“ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები, სოციალური მედიის დაბლოკვა და მოქალაქეების მასობრივი მიგრაცია დეფიციტისა და მზარდი კრიმინალის ფონზე.
ნიკოლას მადურო აშშ-ის სანქციებს „ეკონომიკურ ომს“ და სისასტიკით ვიეტნამის ომთან გათანაბრებულ „სასაკლაოს“ ადარებდა. „აშშ ლულით საფეთქელთან არ უნდა გვეუბნებოდეს, რა ვაკეთოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ კოლონიად გადავიქცევით“, – აღნიშნავდა იგი.
მან თითქმის 30-მილიონიანი ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობა 2013 წელს დაიკავა და სიმსივნით გარდაცვლილი უგო ჩავესისგან მემკვიდრეობით მიიღო დაღმასვლის პროცესში მყოფი ეკონომიკა. ეკონომიკური სისტემის არაეფექტურობა სახელმწიფოს მიერ რეგულირებულ ფასებში, შერჩევით სუბსიდირებაში და ასობით ნაციონალიზებულ კომპანიაში გამოიხატებოდა. Bloomberg-ის კვლევაში მონაწილე შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Chocolates El Rey-ს ხელმძღვანელის ხორხე რედმონდის თქმით, ჩავესის მმართველობისას (1999-2013) შოკოლადის ექსპორტისთვის მხოლოდ 4 ეტაპის გადალახვა იყო საჭირო; 2021 წელს, როცა ბიუროკრატიის ზეობამ პიკს მიაღწია, პროცესი 90 ეტაპამდე გაფართოვდა და 19 სააგენტოს მოიცავდა.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ამერიკის ოდესღაც უმდიდრესი ვენესუელა ახლა ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყნად იქცა. სხვადასხვა შეფასებით, ბოლო 12 წლის განმავლობაში მისი ეკონომიკა თანამედროვე ისტორიაში რეკორდული 80%-ით შემცირდა. ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას სანიმუშოდ ასახავს დედაქალაქ კარაკასის ცენტრში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში არსებული მდგომარეობა: თითქმის ყველა შუქი გამორთულია, ტუალეტის კარზე წარწერაა „წყალი არ არის“, ცენტრალური ბანკის თანამშრომლებს სამსახურში საკუთარი ტუალეტის ქაღალდი დააქვთ და ელექტროენერგიის გათიშვა ყოველდღიურად ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აქ მოცემულია რამდენიმე რიცხვი, რომელიც აღწერს ვენესუელაში ბოლო წლებში არსებულ ვითარებას:
– ვენესუელას ეკონომიკა ბოლო 9 წლის განმავლობაში 80%-ით შემცირდა;
– ვენესუელელების 90% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს;
– ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 6 მილიონზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა ქვეყანა. ვენესუელას ამჟამინდელი მოსახლეობა დაახლოებით 31,8 მილიონია;
– 2018 წელს ქვეყანაში ინფლაციამ რეკორდულ 130.060%-ს (ცენტრალური ბანკის მონაცემებით) და 1370.000%-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით) მიაღწია;
– ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების 99% დაკარგა. ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ განახორციელა ვალუტის დენომინაცია;
– ნავთობის წარმოება 2013 წლიდან ორზე მეტჯერ შემცირდა – იყო დღიური მოპოვება 2.500 ათასი ბარელი და 2025 წლის ნოემბრის საშუალო დღიური მაჩვენებელი 1.142 ათას ბარელს შეადგენდა. თუმცა, 2020-2021 წლებში დღიური რეკორდული ვარდნა 300- 550 ათასი ბარელის ფარგლებშიც მერყეობდა.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე, 2020 წლიდან ვენესუელაში დანაშაულის მკვეთრი ზრდა მოხდა და მასობრივი საპროტესტო აქციების ტალღამ იმატა. საპასუხოდ, მადუროს რეჟიმმა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა და მედიაზე კონტროლი გაამკაცრა. აქვე გახშირდა ცივილიზებული სამყაროსთვის უცხო უცნაურობები. კერძოდ, ქაღალდის დეფიციტის გამო, 11 გაზეთი დაიხურა, ხოლო ქვეყნის უმსხვილესი გამოცემა El Nacional-ი იძულებული გახდა ტირაჟი მკვეთრად შეემცირებინა.
„დიქტატორს დამიძახებენ, მაგრამ არ მაინტერესებს. წესებს გავამკაცრებ, რათა ბოლო მოვუღო არაჯანსაღ ისტერიასა და პროპაგანდას, რომელიც სიკვდილს აღვივებს“, – აცხადებდა მადურო.
პრეზიდენტი მედიას ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებდა საპროტესტო აქციების გაშუქების და „ანტიღირებულებათა“ ტრანსლირების გამო. მადურომ CNN-ის ჟურნალისტები პირველად ქვეყნიდან 2014 წელს გააძევა. „მათ სურთ მსოფლიოს აჩვენონ, რომ ვენესუელა სამოქალაქო ომშია… საკმარისია ეს საომარი პროპაგანდა… ფაშისტების ჯგუფს სურს, თავიანთი აგრესიით მშვიდობა წაგვართვან“, – ამბობდა იგი.
ვინც რეჟიმს ღიად აკრიტიკებდა, ისინი სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტები ხდებოდნენ. The New York Times-ის ცნობით, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ენრიკე კაპრილესს, მადუროს პოტენციურ მეტოქეს, 15 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება. ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც წაუყენეს ბრალი: 2014 წელს მარია კორინა მაჩადო მადუროს მკვლელობის შეთქმულებაში დაადანაშაულეს (მას 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა), ხოლო მომდევნო წელს კიდევ ერთ ცნობილ პოლიტიკოსს, ლეოპოლდო ლოპესს, მადუროს წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო აქციების ხელმძღვანელობის შემდეგ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული კიდევ ერთი ოპოზიციური ფიგურა, ამჟამად კარაკასის ყოფილი მერი, ანტონიო ლედესმა იყო. ის 2015 წელს დააკავეს, მაგრამ შინაპატიმრობის შემდეგ, ლედესმა კოლუმბიაში გაიქცა, იქიდან კი ესპანეთში. 2019 წელს მთავრობამ ოპოზიციის ლიდერს და ეროვნული ასამბლეის (ადგილობრივი პარლამენტის) თავმჯდომარეს ხუან გუაიდოს, 15 წლით აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება.
ვენესუელაში ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა მკვეთრად მას შემდეგ გაუარესდა, რაც ქვეყანას 2005 წლიდან ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ არასაკმარისი ბრძოლის გამო სანქციები დაუწესდა. 2015 წლიდან ზეწოლა უფრო გაძლიერდა, ძირითადად შეერთებული შტატების მხრიდან. „თეთრმა სახლმა“ ვენესუელას ამერიკის ფინანსურ ბაზრებზე და ცენტრალური ბანკის დოლარსა და საერთაშორისო ტრანზაქციებზე წვდომა დაბლოკა. ვენესუელას ხელმძღვანელობას ადამიანის უფლებების დარღვევაში, არჩევნების გაყალბებაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, კორუფციასა და ვალუტით მანიპულირებაში ადანაშაულებდნენ. სანქციები მადუროს, მის მეუღლეს, ათობით თანამდებობის პირსა და სახელმწიფო კომპანიებს ეხებოდა.
მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა აკრძალა ვენესუელას მთავრობის ვალებთან ტრანზაქციები და სახელმწიფო ნავთობკომპანია Petróleos de Venezuela-სთან (PdVSA) საქმიანი ურთიერთობა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მადურომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უარი თქვეს შედეგების აღიარებაზე (სულ ამ პოზიციას 60 ქვეყანა უჭერდა მხარს).
ვენესუელას ეკონომიკის ნავთობზე დამოკიდებულება
1990-იან წლებში ვენესუელა დღეში 3 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებდა. თუმცა, მოგვიანებით წარმოება მკვეთრად შემცირდა. ქვეყანამ, რომელიც 1970-იან წლებში ლათინურ ამერიკაში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო იყო, 1980-იანი წლებიდან უკუსვლა დაიწყო. ხალხის საპროტესტო გამოსვლებს და პოლიტიკურ კრიზისებს 1990-იანების ბოლოს ხელისუფლებაში უგო ჩავესის არჩევა დაემატა, რამაც ქვეყნის გაღატაკებას ჩაუყარა საფუძველი. უგო ჩავესმა, რომელიც პრეზიდენტი 1998 წელს გახდა და ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება დაიწყო, ნავთობკომპანიების ნაციონალიზაცია მოახდინა. კერძო კომპანიებისთვის ინვესტიციების განხორციელება ძალიან გაძნელდა, რამაც ქვეყანა თითქმის მთლიანად იზოლირებული დატოვა უცხოური კაპიტალისგან. ინვესტორების ქვეყნიდან გაძევებამ დროთა განმავლობაში უკიდურესად გაართულა ნავთობის მოპოვება, რადგან საკუთარი ძალებით ვენესუელას არ შეეძლო ძველი მაჩვენებლების არათუ გაზრდა, არამედ შენარჩუნებაც კი. ხელისუფლებაში ნიკოლას მადუროს მოსვლის შემდეგ, წარმოება სამჯერ და მეტად შემცირდა. თუმცა, მადურომ უარყო, რომ ვენესუელა იზოლირებული იყო და განაცხადა, რომ „ეს შთაბეჭდილება შეიძლებოდა გლობალური მედიაკამპანიის შედეგად შექმნილიყო“.
ნავთობი ვენესუელას მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 90%-ს შეადგენს და წლების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობდა ხელს. თუმცა, 2014-2016 წლებში ნავთობის ფასების ვარდნის გამო (78%-ზე მეტით), ვენესუელას ეკონომიკა 2013 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში 35%-ით შემცირდა.
აშშ-ის მიერ PdVSA-ს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ქვეყნის ნავთობის წარმოება 2020 წელს დღეში 300 ათას ბარელამდე შემცირდა, მაგრამ მომდევნო წელს 560 ათასამდე გაიზარდა. ექსპერტები ამ ზრდას, ძირითადად, ვენესუელასა და ირანს შორის შეთანხმებას მიაწერენ, რომლის მიხედვითაც ვენესუელური მძიმე ნედლი ნავთობი ირანულ კონდენსატში უნდა ჩანაცვლებულიყო, რამაც კარაკასს საშუალება მისცა, საექსპორტო ნავთობი გაეზავებინა. ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ მაშინ აშშ-მა შეცდომა დაუშვა, როდესაც ვენესუელასა და ირანს ერთდროულად გაუმკაცრა სანქციები. ამან ამ ქვეყნებს კიდევ უფრო დაახლოებისკენ უბიძგათ.
2023 წლისთვის მადურო ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, ვენესუელას შეეძლო მნიშვნელოვნად გადაეჭარბებინა ნავთობის წარმოების კრიზისამდე არსებული დონისთვის.
„ჩვენ დავკარგეთ შემოსავლების 99%. მსოფლიოში ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამას. 2014 წელთან მიმართებით მხოლოდ 1%-იანი შემოსავლით, ვენესუელას შეუძლია მიაღწიოს 5 მილიონი ბარელის დღიურ მოპოვებას. ჩვენ გვაქვს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები“, – განუცხადა მადურომ Bloomberg-ს 2023 წლის ზაფხულში და დასძინა, რომ ვენესუელამ 14 თვე წვეთი ნავთობის გაყიდვის გარეშე გაძლო (სამაგიეროდ, ქვეყნიდან გატანილი ასეულობით ტონა ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული მილიარდობით დოლარით საზრდოობდა მადუროს დიქტატურა – ავტ.).
ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის ეს და სხვა გამოსვლები უფრო პროპაგანდისტულ ხრიკებს რომ წააგავდა, დრომაც აჩვენა. მადურომ აშშ-ის მოთმინებიდან გამოყვანით, საფრთხე რეგიონის სხვა ლიდერებსაც შეუქმნა. 3 იანვრის მოვლენების შემდეგ, ვენესუელა რეგიონულ ვაკუუმში აღმოჩნდა: ბოლივარიული ალიანსის (ALBA) ყოფილმა მოკავშირეებმა – ბოლივიამ და ეკვადორმა – პოლიტიკური ვექტორი საპირისპირო მიმართულებით შეცვალეს, ხოლო ბრაზილიის მხრიდან ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგანგებო სამიტის მოწვევის მოკრძალებული მცდელობები და კოლუმბიის მხრიდან ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტის მოწვევის მოწოდება ჯერ კიდევ „ჰაერშია გამოკიდებული“.
რეგიონული შეშფოთება, ჩინეთის გაძევების დასაწყისი და ეკონომიკური პერსპექტივები
ტრამპის ადმინისტრაციის წარმატებულმა „ელვისებურმა“ სამხედრო ოპერაციამ კონტინენტის ერთგვარი მთლიანობა დაარღვია. შეშფოთებულ სახელმწიფოთა რიცხვი დიდი არაა, მაგრამ რიგი ქვეყნების ლიდერებს აშკარად გაუჩნდათ მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიპატიჟებულთა შორის მოხვედრის სურვილი. მაგალითად, კოლუმბიასა და კუბას განსაკუთრებით აწუხებთ საკუთარი უსაფრთხოების საკითხები. შეერთებულმა შტატებმა ადრე მიანიშნა, რომ ამ ქვეყნებში პოლიტიკური რეჟიმები არ აკმაყოფილებენ დემოკრატიულ სტანდარტებს.
რეგიონში არგენტინა იმით გამოირჩევა, რომ აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის ქმედებებს ვენესუელაში. სხვა ქვეყნები ვაშინგტონთან სასარგებლო ორმხრივი ურთიერთობების ესანარჩუნებლად, მომლოდინე რეჟიმში ყოფნას ამჯობინებენ.
ბევრს მიაჩნია, რომ აშშ-ის მთავარი მიზანი რეგიონში ჩინეთის ყოფნის შეზღუდვაა. ვენესუელას პორტების ბლოკადა, პირველ რიგში, ჩინეთის ინტერესებს აზიანებს, რომელმაც ამ ქვეყნისგან ნედლი ნავთობის ექსპორტის ნახევარზე მეტი შეიძინა და ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ჩადებაც მოასწრო. ტრამპის მიერ კარაკასში ახალი ადმინისტრაციისთვის წაყენებული ერთ-ერთი მთავარი პირობაა ჩინეთთან, რუსეთთან, ირანთან და კუბასთან კავშირების გაწყვეტა. ჩინეთმა ვენესუელაში საკუთარი უფლებების იურიდიული მეთოდებით დაცვის სურვილი გამოთქვა.
ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ჩინეთი კონტინენტზე წინ აგრესიულად მიიწევს. ჩინეთის ვაჭრობა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ბოლო 25 წლის განმავლობაში 40 ჯერ გაიზარდა: ლათინური ამერიკის 33 ქვეყნიდან 14-ში ჩინეთის ეკონომიკური გავლენა აღემატება შეერთებული შტატებისას. ინვესტიციების წყალობით, ჩინეთმა რესურსებზე წვდომა მოიპოვა და წარმოდგენილია ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორში, ნავთობიდან და იშვიათი მინერალებიდან დაწყებული, ტრანსპორტითა და ენერგეტიკით გაგრძელებული.
აშშ შიშობს, რომ ჩინეთი მხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობით არ შემოიფარგლება და შესაძლოა ამ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა შექმნას. აშშ პერუში მდებარე ჩანკაის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც 2024 წლის ბოლოს გაიხსნა და ჩინეთში ტვირთების მიწოდების დაჩქარებისთვისაა შექმნილი, პოტენციურ საფრთხედ მიიჩნევს: მისი 17,8 მეტრის სიღრმის ნავმისადგომები შესაფერისია როგორც დიდი კონტეინერმზიდი გემებისთვის, ასევე საზღვაო ხომალდებისთვის. ამასობაში, პატაგონიაში (არგენტინა) მდებარე კოსმოსზე მეთვალყურეობის ჩინური ცენტრი, სავარაუდოდ, აშშ-ის სამხედრო თანამგზავრების სათვალთვალოდ გამოიყენება.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელას ნავთობის უზარმაზარ მარაგებზე დააწესებს კონტროლს და ამერიკულ კომპანიებს მისი დანგრეული ნავთობის ინფრასტრუქტურის აღდგენაში ინვესტიციების ჩადებისკენ მიიზიდავს. ვენესუელას 303 მილიარდი ბარელი ნავთობი აქვს, რაც მსოფლიო მარაგის დაახლოებით მეხუთედია. ტრამპის თქმით, აშშ ამ ეტაპზე ფაქტობრივად გააკონტროლებს ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიას.
მარაგების მიუხედავად, ვენესუელას ფაქტობრივი წარმოება უკიდურესად დაბალია. ის დღეში დაახლოებით 1 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც მსოფლიო წარმოების 1%-ზე ნაკლებია. ეს გამოწვეულია სანქციებითა და მოძველებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ხელუხლებელია. ვენესუელას მილსადენები 50 წლის განმავლობაში არ განახლებულა და პიკური წარმოების დონის დასაბრუნებლად ინფრასტრუქტურის აღდგენის ღირებულება მინიმუმ 60 მილიარდ დოლარს საჭიროებს.
ამერიკული სამხედრო ოპერაციის ეკონომიკური ლოგიკა ვენესუელას ნავთობის ინდუსტრიის თანდათანობითი რეორიენტაციის გარშემოა აგებული. კარაკასისთვის ნავთობის გაყიდვა, გარდა ამერიკული მიმართულებისა, რთული გახდება და მიზანიც, დიდი ალბათობით ეს იყო. ამ ვითარებაში, Chevron-ი და სხვა ამერიკული კომპანიები ქვეყანაში ინვესტიციების მთავარ წყაროდ იქცევიან. წარმოების ზრდა შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება ნელი, ძვირი და წლებზე გადანაწილებული.
ფრიდონ კერვალიშვილი

