საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები
ცვლილება საგადასახადო კოდექსში
– 17.12.2025-ში მიღებული #1296-IVმს-XIმპ კანონის საფუძველზე ცვლილება განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 2 მარტიდან.
შედეგად, 39-ე მუხლის(საგადასახადო საიდუმლოება) მე-2 ნაწილის „ბ1“ ქვეპუნქტი იქნა ამოღებული, რაც გულისხმობდა რომ საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი თუ ექსპერტი ვალდებული იყო დაეცვა გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თუმცა უფლება ჰქონდა ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადაეცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას.
თუმცა დაკორექტირდა „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას, ასევე მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით.
მსგავსად დაკორექტირდა „ს“ ქვეპუნქტიც, შეიძლება გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ციფრული მმართველობის სააგენტოს – ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისთვის.
გადასახადების ადმინისტრირების შესახებ
– ფინანსთა მინისტრის მიერ 09.12.2025 ში მიღებული #317 ბრძანებით „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში შესული ცვლილება ეხება „ინოვაციების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშემწყობი მექანიზმების ასახვას გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადისა და მოგების გადასახადის დეკლარაციებში.
მოგების გადასახადის დეკლარაციას დაემატა ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმა.
401 მუხლს დამატებული 69 პუნქტის მიხედვით:
„69. დეკლარაციის III ნაწილის დანართი 17 წარმოადგენს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილების შემთხვევაში მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხის კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობით შესამცირებელი თანხის გათვალისწინებით, მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხის გაანგარიშების ფორმას და ივსება სვეტების დასახელების შესაბამისად. კერძოდ:
ა) პირველ სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;
ბ) მე-2 სვეტში მიეთითება მათ შორის, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგებიდან მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (თვეში) განაწილებული დივიდენდის ოდენობა, რომელიც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას;
გ) მე-3 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობა, რომლის გაწევის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს შეამციროს მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;
დ) მე-4 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც წინა საანგარიშო პერიოდებში შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა;
ე) მე-5 სვეტში მიეთითება ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების სამმაგი ოდენობიდან ხარჯების ის ოდენობა, რომლითაც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მცირდება მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა (სვ.3-სვ.4);
ვ) მე-6 სვეტში მიეთითება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადით დასაბეგრი განაწილებული მოგების თანხა კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების თანხის შემცირების შემდგომ, რომელიც წარმოადგენს პირველ და მე-2 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა მეტია ან ტოლია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე, ან პირველ და მე-5 სვეტებს შორის სხვაობას, თუ მე-5 სვეტში ასახული თანხის ოდენობა ნაკლებია მე-2 სვეტში ასახულ თანხის ოდენობაზე. აღნიშნული თანხა აისახება დეკლარაციის III ნაწილის 16.1 სტრიქონის მესამე სვეტში“.
– 11.12.2025-ში მიღებული #322 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, რომელიც ეხება თამბაქოს ნაწარმზე საგადასახადო კოდექსში 2025 წლის 26 ნოემბერს განხორციელებულ #1114-IVმს-XIმპ ცვლილებას.
ბრძანების თანახმად, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამს.
2404 11 000 00 კოდში მითითებული კაფსულებისა და მსგავსი სახის პროდუქტებისთვის (თამბაქოს შემცველობით) 20 ცალზე და წვის პროცესის გარეშე აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი ღერებისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთი შეადგენს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამს.
სეს ესნ 2402 20 კოდში მითითებული სიგარეტების, აგრეთვე სეს ესნ 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებული საქონლის მწარმოებელი/ იმპორტიორი უფლებამოსილია, 2026 წლისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნებისათვის, არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მის მიერ წარმოებული თუ იმპორტირებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის შესახებ.
– 30.12.2025-ის #345 ბრძანების მიხედვით, იმპორტირებულ თამბაქოს ნაწარმზე და ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე შემცირდა ნომინალური ღირებულება, კერძოდ:
იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 19,5 დოლარისა ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 12 დოლარისა ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 10 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 19,5 დოლარის ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
– 18.12.2025-ის #328 ბრძანებით ინსტრუქციის 251 მუხლს დაემატა 131 პუნქტი – პიროტექნიკურ ნაწარმზე (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე) ზედნადები ივსება მხოლოდ ელექტრონული ფორმით. ამასთან, სავალდებულოა ზედნადებში პროგრამულად მოინიშნოს ველი – „პიროტექნიკური ნაწარმი“.
დაკორექტირდა 251-ის მე-4 პუნქტი, ზედნადების შევსებისას მე-4 და მე-5 სტრიქონებში იწერება გამყიდველის/გამგზავნის და მყიდველის/მიმღების დასახელება ან სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომერი. პიროტექნიკური ნაწარმის შემთხვევაში (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე), ამავე სტრიქონებში იწერება მხოლოდ შესაბამისი სერტიფიკატის ან რეალიზაციის ლიცენზიის მქონე პირის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი.
მე-13 პუნქტს დამატებული შენიშვნით კი, შეზღუდვა არ ვრცელდება პიროტექნიკურ ნაწარმზე (გარდა F1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელიც არ არის ასაფეთქებელი სახის (მათ შორის, ბენგალური სანთელი, შუშხუნა და სხვა), ასევე, P1 ქვეკატეგორიის ზოგიერთი პიროტექნიკური ნაწარმისა, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ლიცენზიის გარეშე) ზედნადების შევსების შემთხვევაზე.
ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ
– 17.12.2025-ში მიღებული #1288-IVმს-XIმპ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისგან ან შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით თავისუფლდება პირი, რომელმაც დაარღვია დედაქალაქში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობები.
პირი თავისუფლდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დადებული ადმინისტრაციული ჯარიმისგან (მათ შორის, გასამმაგებული ჯარიმისა და გასამმაგებული ჯარიმის გასამმაგებული ოდენობის ჯარიმისგან) ანდა შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან, თუ მან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2025 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინა, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გამოსცა უფლებამოსილმა პირმა და ეს დადგენილება 2025 წლის 1 ნოემბრამდე არ აღსრულებულა.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
– მთავრობის მიერ 25.12.2025-ში მიღებული #587 დადგენილებით დამტკიცდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესი.
ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე.
ბ) რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში.
გ) ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
18 წლამდე ფიზიკური პირისათვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.
სტატუსის მიღებისთვის, ფიზიკურმა პირმა განცხადებით (ელექტრონული ან მატერიალური) უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს. ელექტრონული ფორმით განცხადების რეგისტრაცია შესაძლებელია იუსტიციის სახლიდანაც.
განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შესაძლოა წარდგენა იმ დოკუმენტების ან მასალების, მათ შორის, ფოტოსურათების, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას.
განცხადება უნდა შეიცავდეს:
– იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
– განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
– მოთხოვნას;
– განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
– განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
განცხადების რეგისტრაციიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი ორგანო შეამოწმებს სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციას. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელს განესაზღვრება ვადა (15 დღე) ხარვეზის გამოსასწორებლად.
მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში დოკუმენტაცია გაეგზავნება საბჭოს, რომელიც განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციას გასცემს განცხადების რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში.
საბჭო განცხადების განხილვის შემდეგ, თითოეული ფიზიკური პირის მიმართ ინდივიდუალურად იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას:
– შესაბამისი ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციის წარდგენის შესახებ.
– შესაბამისი ფიზიკური პირისთვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მუნიციპალიტეტის მერისათვის რეკომენდაციის წარდგენის თაობაზე.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ცხოვრების მონიტორინგს გეგმავს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
მონიტორინგი იწყება ადმინისტრაციული ორგანოს/ ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ან თავისი ინიციატივით, წელიწადში ერთხელ მაინც.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პირის ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი) ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების მიზნით, შესაძლებელია მონიტორინგმა:
ა) დაათვალიეროს ფიზიკური პირის (მისი თანხმობის შეთხვევაში) საცხოვრებელი ადგილი;
ბ) გადაამოწმოს ფიზიკური პირის (მისი თანხმობის შემთხვევაში) მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენების, მისი მოვლა-პატრონობის და სხვა ფაქტების ადგილზე დათვალიერებას და შესაბამისი დათვალიერების ოქმის შედგენას;
გ) საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ფიზიკურ პირს შესაბამისი წლის შესაბამის თვეს გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს ფიზიკურ პირს შესაბამისი მოწმეების წარდგენა, რომლებიც დაადასტურებენ, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრებას (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი);
ე) შეარჩიოს სხვა მეთოდები, რომლებიც დაადასტურებენ ფიზიკური პირის კალენდარული წლის განმავლობაში, მაღალმთიან დასახლებაში ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრებას (თუ მაღალმთიანი დასახლება ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს, მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების ვადაა კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 6 თვე ან 6 თვეზე მეტი).
ფიზიკურ პირს სტატუსი უწყდება, თუ:
ა) გარდაიცვალა;
ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა);
გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, თუ ეს იწვევს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის დარღვევას, გარდა იმავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) შესაბამისი მაღალმთიანი დასახლება, რომელშიც იგი მუდმივად ცხოვრობს, ამოღებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან.
ცვლილება „გრანტების შესახებ“ კანონში
– 17.12.2025-ში მიღებული #1291-IVმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა „გრანტების შესახებ“ კანონში, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 2 მარტიდან.
კანონის მიხედვით, გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
სამსახურს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლება აქვს:
ა) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონის 51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის (დარღვევის) თაობაზე.
ბ) გამოჰკითხოს ფიზიკური პირი ამ კანონით დადგენილი წესით.
გ) დაჰკითხოს ფიზიკური პირი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.
ე) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, სახელმწიფო ორგანოები ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აწვდიან.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქმიანობისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.
ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება, წარადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხ პირს ეს უფლებები გამოკითხვის დაწყებამდე უნდა განუმარტოს. ამ მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე.
ამავე კანონის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.
ბიზნესომბუდსმენის აპარატი ლიკვიდირდა
– პარლამენტის მიერ 17.12.2025-ში მიღებული #1278-IVმს-XIმპ კანონის საფუძველზე 2026 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებულ იქნა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და გაუქმდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები.
აღნიშნული თარიღიდან შეწყდა საქართველოს ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილებები, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომლის უფლებამოსილება და შრომითი ურთიერთობა, ასევე აპარატში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის ყველა თანამშრომელს, რომლებსაც 2026 წლის 1 იანვრიდან შეუწყდათ შრომითი ურთიერთობა, 1 თვის განმავლობაში მიიღებენ ერთჯერად კომპენსაციას. თუ პირი 2026 წლის 1 თებერვლამდე პერიოდში არ დაიწყებს ანაზღაურებად საქმიანობას საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ კომპენსაციის ოდენობა გასამმაგდება.
ბიზნესომბუდსმენი კი დაიკავებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობას და განახორციელებს ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილებას.
ცვლილება შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების საფასურებში
– 19.12.2025-ის მთავრობის #557 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემოსავლების სამსახურის მიერ გაწერილ რიგ მომსახურებებზე საფასურის ცვლილებას, კერძოდ, ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის/რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ვეტერინარული სერტიფიკატის, სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის, სურსათის/ცხოველის საკვების ჯანმრთელობის სერტიფიკატის, აგრეთვე ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის/ტრანზიტის ნებართვის გაცემის საფასურებს.
– 2026 წლის იანვრიდან მთავრობის 22.08.2025 ში მიღებული #503 დადგენილებით ძალაში შევიდა ცვლილება ტექნიკური რეგლამენტის − „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემის, წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების წესისა და სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე მთავრობის #286-ში დადგენილებაში, რომლითაც იკრძალება მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტი.
მე-9 მუხლის დამატებული 91 მუხლის თანახმად:
აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ #2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე მომუშავე #9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა).
პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ #9 დანართით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტის (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა) შემთხვევაში, შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნივთიერების ტიპის შესახებ, რომელზეც მუშაობს შესაბამისი მოწყობილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას.
საფინანსო სფეროში შეტანილი ცვლილებები
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 16.12.2025 ში მიღებული #288/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესში“.
ბრძანების მიხედვით, თუ ფიზიკური პირი (გარდა საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისა) არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ანგარიშვალდებულმა პირმა ვერიფიკაცია უნდა განახორციელოს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელსაც აქვს საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ვალიდურობის დადგენის შესაძლებლობა ან ვერიფიკაციის მიზნით შეუძლია გამოიყენოს, სულ მცირე, 1 თეთრის (ეკვივალენტი) ჩარიცხვა კლიენტის სახელზე არსებული სხვა ანგარიშიდან ან სხვა სანდო მეთოდი. 1 თეთრის ჩარიცხვა დაუშვებელია განხორციელდეს მაღალი რისკის იურისდიქციაში/ ოფშორულ ზონაში არსებული ანგარიშიდან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი #1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში). ამ წესის მიზნებისთვის ოფშორული ზონა არის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ქვეყნები/ ტერიტორიები.
დაუშვებელია კლიენტის მიმართ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელება, თუ:
– ფიზიკური პირი არის მაღალი რისკის იურისდიქციის/ოფშორული ზონის მოქალაქე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი #1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში, აგრეთვე, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში ბინადრობის უფლება).
ფიზიკური პირი არის მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად არის ამ წესის დანართი #1-ით გათვალისწინებული ქვეყნების სიაში), რეგისტრაციის ადგილის ანდა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მქონე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეობა ან საქართველოში ბინადრობის უფლება) პირი.
მსგავსი ეხება სხვა პუნქტებსაც, სადაც განსაზღვრული იყო მხოლოდ ის შემთხვევები, თუ ოფშორული ზონა ამავდროულად იყო ევროკავშირის/ შენგენის ზონის წევრი.
ახლა კი ხელმძღვანელობა ხდება დანართი #1-ით.
დანართი #1 წარმოადგენს შემდეგ ქვეყნებს:
1. ავსტრალია
2. ისრაელი
3. ნორვეგია
4. შვეიცარია
5. აშშ
6. კანადა
7. იაპონია
8. სამხრეთ კორეა
9. სინგაპური
10. რუსეთი
11. უკრაინა
12. თურქეთი
13. აზერბაიჯანი
14. სომხეთი
15. დიდი ბრიტანეთი
16. შენგენის ზონის ქვეყნები
17. ევროკავშირის წევრი ქვეყნები
– პარლამენტის მიერ 17.12.2025-ში მიღებული #1317-IVმს-XIმპ კანონით ცვლილება შევიდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში, რომელიც ამოქმედდება 2026 წლის 2 მარტიდან.
ცვლილების თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ინფორმაცია ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის თაობაზე), ასევე სესხის გამცემ სუბიექტთან მსესხებლის შესახებ არსებული ინფორმაცია (ნებისმიერი გარიგების, განხორციელებული ოპერაციის, არსებული დავალიანების ან ნაშთის თაობაზე), შეიძლება მიეცეთ მხოლოდ შესაბამისი გარიგების მხარეებსა და მათ უფლებამოსილ წარმომადგენლებს, ეროვნულ ბანკს, ეროვნულ ბანკთან არსებულ დავების განმხილველ კომისიას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას – სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. სხვა პირებს მომხმარებლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან მომხმარებლის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიეცემათ.
– ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30.12.2025 ის #313/04 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესში“.
ბრძანების თანახმად, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (ემიტენტი და ექვაირერი) ვალდებულია არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის ოპერაციებისთვის ამ წესის მოთხოვნების შესაბამისი მექანიზმების, ასევე ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა უსაფრთხო მოდელის დანერგვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ წესის მიზნების შესრულება, მათ შორის, ელექტრონული კომერციის ოპერაციებთან დაკავშირებული თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკების შემცირება.
საგადახდო მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან ერთობლივად შეიმუშაონ და არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად წარუდგინონ განსაზღვრული მოდელი და წინადადება ელექტრონული კომერციის ოპერაციებისთვის იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული მექანიზმებისა და მოდელის გამოყენებასთან დაკავშირებით.
პროვაიდერი, რომელიც მომხმარებელს საგადახდო მომსახურებას სთავაზობს თავისი ვებგვერდის მეშვეობით, აქვს უფლება მომხმარებელს მისცეს საშუალება თავის ელექტრონულ საფულეს/ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებლის იდენტიფიკატორს მიაბას საგადახდო (საბარათე ან სხვა) ინსტრუმენტი. საგადახდო ინსტრუმენტის მიბმა ხორციელდება საფულის შევსების ან საფულიდან ინსტრუმენტზე თანხის გადატანის მიზნით, ასევე გადახდის ოპერაციის ერთჯერადად განხორციელების მიზნით. გათვალისწინებული საგადახდო ინსტრუმენტის მიბმის ოპერაცია უნდა მოხდეს ემიტენტის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის ან 2027 წლის 1 იანვრამდე ერთჯერადი კოდის გამოყენების საფუძველზე, გარდა უცხო ქვეყნის საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტისა. იდენტიფიცირებული მომხმარებლის შემთხვევაში, საფულის შევსების ან გადახდის ოპერაციის ერთჯერადად შესრულების მიზნით საგადახდო ინსტრუმენტით ოპერაციის ინიციირებისას, ემიტენტის მიერ ძლიერი ავთენტიფიკაციის განხორციელება (ან ერთჯერადი კოდის გენერირება) არ მოითხოვება. ამ შემთხვევებში ელექტრონულ საფულეზე წვდომა ან ვებგვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა უნდა მოხდეს პროვაიდერის მიერ მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის საფუძველზე.
– 29.12.2025-ის #302/04 ბრძანებით ცვლილება შევიდა „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის #35/04 ბრძანებაში.
შედეგად, რისკის დონის შესაბამისად, ასევე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის შესახებ ინფორმაციის განუახლებლობა ან/და ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების, გაგრძელების თაობაზე ნებართვის მიუღებლობა (გარდა პოლიტიკურად აქტიური პირისა) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში
იხილეთ ასევე:
– 01.01.2026-დან ძალაში შევიდა 13.11.2025 ის მთავრობის #503 დადგენილება, „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“. რომლის მიხედვითაც იკრძალება სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
– 22.12.2025-ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის #291/04 ბრძანება, „TIBR ინდექსების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ ამავე პირის 2021 წლის 12 ოქტომბრის #146/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
– 31.12.2025-ის მთავრობის #642 დადგენილება, „ფარმაკოლოგიურ საშუალებათა კლინიკური კვლევის, ფარმაცევტული წარმოების, ავტორიზებული აფთიაქის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტის ან ექსპორტის ნებართვების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ ამავე პირის 2019 წლის 16 ივლისის #335 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
– 30.12.2025-ის ფინანსთა მინისტრის #353 ბრძანება, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“.
მარიამ აფრასიძე

