გასული წლის ნოემბერში ხელისუფლებამ ემიგრანტებს შეუტია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, დროებით ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოაცხადა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, ხოლო ვისაც არჩევნებში ხმის მიცემა სურს, კეთილი ინებოს და არჩევნების დროს საქართველოში ჩამოვიდნენო.
ამ განცხადების პასუხად, ხელისუფლების ოპონენტებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება ემგირანტების გავლენაზე საქართველოს ეკონომიკაზე. მათ მიერ საზღვარგარეთიდან გადმორიცხული თანხები ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს, მშპ-ის 10%-ს უტოლდება და არცთუ მცირე დადებითი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის საქმეში. ამიტომაც, როგორც ემიგრანტები, ასევე ხელისუფლების ოპონენტები ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვას უსამართლობად მიიჩნევენ.
რატომ გადაწყვიტა „ოცნებამ“ ემიგრანტების დასჯა?
17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ გააკეთა განცხადება და გამოაცხადა, რომ თუკი აქამდე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემა შეეძლოთ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, ახლა ეს უფლება შეეზღუდებათ. იმისთვის, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ, ისინი საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ.
„ჩვენ ვხედავთ, რამდენად ძლიერი არის სურვილი ჩვენს არჩევნებში გარე ჩარევისა და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, შეიძლება გახდნენ პოტენციური სამიზნე გავლენისა და ჩარევისა ქართულ არჩევნებში. ამას ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მათ შორის ვხედავთ სხვადასხვა კრიტიკას ამ მხრივ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა ამგვარად კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და საარჩევნო ცვლილებების მიზანიც, ამ „საფრთხის“ განეიტრალებაა.
„თუკი ადამიანს აქვს სურვილი, რომ იყოს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე, თავის მხრივ, როდესაც ადამიანი იმყოფება ქვეყნის გარეთ სხვადასხვა მიზეზის გამო, შეიძლება ადამიანი მოწყვეტილიც იყოს იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მისი მოქალაქეობის ქვეყანაში არის. შეიძლება ორმაგი მოქალაქეობაც ჰქონდეს და პოლიტიკურად აღარ იყოს დაინტერესებული საქართველოსთან დაკავშირებით. ვისაც ინტერესი აქვს და აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გზით, 4 წელიწადში ერთხელ უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში და საქართველოში მისცეს ხმა“, – თქვა პაპუაშვილმა.
აქვე, არჩევნებში ემიგრანტების მიერ დაფიქსირებული შედეგებიც გავიხსენოთ. მაგალითად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს თუ ავიღებთ, ცესკოს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მათ შორის, აშშ-ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%, დიდ ბრიტანეთში – 11.5%, გერმანიაში 5.3%, საბერძნეთში 22.2%, საფრანგეთში – 10.7% და ა.შ.
ემიგრანტების ასეთი პოლიტიკური დამოკიდებულება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი ძალისთვის და ეკონომიკაში მათი დადებითი როლის დაკნინებაც ხელისუფლების პროპაგანდის ნაწილი გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს როდესაც შეახსენეს, ემიგრანტების როლი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა არასწორიაო, „ოცნების“ წარმომადგენლებმა ტყუილზე დაფუძნებული მორიგი პროპაგანდა გააჩაღეს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილების წარდგენისას, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა, რომ ქვეყანა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და მათთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებაზე უნდა მუშაობდეს ხელისუფლება.
„ემიგრანტების მიერ 2024 წელს გადმორიცხული თანხები 10 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის 40%-ია. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა არჩევანის თავისუფლებაა… ბევრ ემიგრანტს უბანზე მისვლის საშუალება არ მიეცათ, იმის მაგივრად რომ ვზრუნავდეთ ქვეყნიდან წასულ ადამიანებზე, რომლებზეც ამ ქვეყნის ეკონომიკის ძალიან დიდი ნაწილი დგას, გაუმარტივდეთ ხმის მიცემა, ამის ნაცვლად ვიღებთ საპირისპირო გადაწყვეტილებას. წლობით ვერ ჩამოდიან ეს ადამიანები ქვეყანაში საკუთარი შვილების სანახავად, იმიტომ რომ მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა ფილფანმა.
ფილფანს „ქართული ოცნების“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გასცა პასუხი. მისი თქმით, ემიგრანტების გადმორიცხული ფული არა ბიუჯეტში, არამედ ოჯახებში ირიცხება.
„2024 წელს გადმოირიცხა 3.3 მლრდ დოლარი ჩვენი ემიგრაციისგან, რაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია თანხაა და ყველა ოჯახი მადლობელია და სწორად უყურებს ამ მნიშვნელოვან შენატანს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ოჯახების კეთილდღეობაში, მაგრამ ეს უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფული ბიუჯეტში ხომ არ ჩარიცხულა, ეს ფული ჩაერიცხათ კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტულ იმ მოქალაქეებს, ვისი ოჯახის წევრებიც უცხოეთში იმყოფებიან. ეს სავსებით გასაგებია ჩვენთვის, რამხელა შრომასთან, რამხელა ენერგიასთან არის დაკავშირებული ის, რომ იქ ნაღვაწის მნიშვნელოვან პროცენტს ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანაში გზავნიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილი და იქვე დასძინა, რომ ემიგრანტებისთვის არჩევნების მონაწილეობის შეზღუდვის გადაწყვეტილება გამართლებულია.
დავით მათიკაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი უკვე მესამედ არის. 2000 წლიდან 2016 წლამდე ბანკი „ქართუს“ თანამშრომელი იყო და სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, ამიტომ, ნაკლებადსავარაუდოა, ვერ ხვდებოდეს, რომ თითქოს საზღვარგარეთიდან მიღებული ფული ქვეყნის ეკონომიკაში არ მონაწილეობს და შესაბამისად, არ ახდენს გავლენას მთლიან ეკონომიკურ პროცესებზე. მის განცხადებას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით. ახლა კი ვნახოთ, როგორია უცხოეთიდან თანხების გადმორიცხვის სტატისტიკა.
რამდენია გადმორიცხული თანხის მოცულობა და რა გავლენა აქვს ეკონომიკაზე?
„ქართულმა ოცნებამ“ რომ საკუთარი მიზნის მისაღწევად – ხელისუფლების პოლიტიკის მოწინააღმდეგე ემიგრანტების საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორება გაამართლოს, ამისთვის ემიგრანტების მხრიდან ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენის გაუბრალოება გადაწყვიტა. თუმცა, ვნახოთ როგორია სტატისტიკა.
2024 წელს საზღვარგარეთიდან ფულადმა გზავნილებმა 3.4 მლრდ დოლარს მიაღწია. თუ არ ჩავთვლით ცალკეულ გამონაკლისებს, გზავნილების მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება. საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 10%-ს შეადგენს მისი ფარდობითი წილი მშპ-სთან მიმართებით (გზავნილები მშპ-ის ფორმირებაში პირდაპირ არ მონაწილეობს, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოხმარებასა და ინვესტიციებზე).
ემიგრანტთა ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა, რადგან მიგრაციული სალდო ყოველწლიურად უარყოფითია, მათი რიცხვი მზარდია. ასევე უცნობია ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ოჯახი იღებს გზავნილებს სისტემატურად. ემიგრანტთა რიცხვისა და გზავნილების მოცულობის გათვალისწინებით, ასეთი ოჯახების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ოჯახების ნაწილისთვის გზავნილები შემოსავლის ძირითადი და ნაწილისთვის ერთადერთი წყაროც არის.
აშშ დოლარში გადაყვანით, 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 9.4 მლრდ-ს შეადგენს, 2025 წლის – 9.8 მლრდ-ს. სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ გზავნილებით არ ივსება, მაგრამ გზავნილებს ბიუჯეტზე მაინც აქვს ირიბი გავლენა. სავაჭრო ობიექტში რაიმეს შეძენისას მომხმარებელი დღგ-ს და ზოგ შემთხვევაში აქციზსაც იხდის.
არის თუ არა მნიშვნელოვანი მოცულობა გადმორიცხული თანხების წილად და რა ფარდობითი წილი აქვს მშპ-ში, ასახულია დიაგრამაზე.
ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს.
2025 წელს, იანვარ-ოქტომბერში, საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი, ქვეყნის მშპ-სთან მიმართებაში თითქმის 10%-ს უტოლდება.
ექსპერტების შეფასებები
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილებაა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკა ალავიძე ბლოგით გამოეხმაურა, საიდანაც რამდენიმე ფრაგმენტს მოვიყვანთ.
“დავაზუსტოთ საბაზისო ტერმინები:
მშპ (GDP) – ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში შექმნილი ყველა პროდუქტისა და მომსახურების ღირებულება.
საქართველოს ნომინალური მშპ 2024: 92 მლრდ ლარი (დაახლოებით, $33.8 მილიარდი)
2025 პროგნოზი: $36.65 მლრდ (ინფლაციით დაუკორექტირებელი, მიმდინარე ფასებით).
რემიტენსები [ფულადი გზავნილები] – ემიგრანტების მიერ ქვეყანაში გამოგზავნილი ფული, რომელიც მშპ-ში სრულად აისახება და ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია.
სახელმწიფო ბიუჯეტი – ქვეყნის მთავარი ფინანსური გეგმა, სადაც გროვდება ფული (გადასახადები და სხვა შემოსავლები) და რაც (უნდა) იხარჯება (იხარჯებოდეს) ქვეყნის კეთილდღეობისთვის (ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, ინფრასტრუქტურა, თავდაცვა და ა.შ.).
ბიუჯეტის მიზანია, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა, ეკონომიკური განვითარება და მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების უზრუნველყოფა”.
როგორც ალავიძე წერს, იმის გასაგებად, რომ გაიგო რომელი ქვეყანა როგორ ცხოვრობს, მისი ბიუჯეტის, შემოსავლების და ხარჯების სტრუქტურა უნდა შეამოწმო.
„რატომ არის ეს განცხადება ეკონომიკურად სახიფათო და დასაგმობი და თქვენი ყურადღების ღირსი?
რემიტენსები არის ეკონომიკის ჟანგბადი, რომლის გარეშე განვითარებადი ან დაბალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკა უბრალოდ ჩაიფერფლება.
სამწუხაროდ, სწორედ ამ ფულზე დგას ათიათასობით ოჯახი, ბიზნესის დიდი ნაწილი და თვითონ სახელმწიფოს ბიუჯეტიც”.
რაც შეეხება მათიკაშვილის განცხადებას, „ეს ფული ბიუჯეტში არ ჩარიცხულაო“, ალავიძე ასე პასუხობს:
„დიახ, პირდაპირ არა, მაგრამ მაინც ჩაირიცხება, პირდაპირ ბიუჯეტში. ზუსტად იქ, სადაც არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები უმოწყალოდ აფათურებენ ხელს.
დიახ, ეს ფული ხაზინაში პირდაპირ არ შედის, მაგრამ მაინც შედის. ეს როგორ? აი ასე, გადასახადების სახით. ზუსტად იმ კანონზომიერებით, როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ: „სიკვდილს და გადასახადებს ვერავინ გაექცევაო“.
ანუ, ეს თანხები ჯეროვნად აისახება ხაზინაში სხვადასხვა გადასახადების სახით, როგორიცაა:
• დღგ;
• აქციზი;
• მოგების და საშემოსავლო გადასახადი;
• საბანკო პროცენტები და სხვა საკომისიოები;
• უძრავი ქონების შეძენა;
• განათლება, როგორც დაწყებითი და საშუალო, ისე უმაღლესი;
• უამრავი სამომხმარებლო დანახარჯი;
• რესტორნები და ჰორეკა, მედიცინა და ა.შ. დაუსრულებლად…
სადაც იხარჯება ემიგრანტის მიერ გამოგზავნილი 1 ლარი, იქიდან მინიმუმ მეოთხედი პირდაპირ ბიუჯეტში მიდის.
დიახ, და ეს ჯადოქრობა არაა, ეს საქართველოში საგადასახადო შემოსავლების წილის „დამსახურებაა“ მშპ-თან მიმართებით, რაც OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მიხედვით, 2023 წელს 24.4%-ს შეადგენდა.
2024 წელსაც ეს ციფრი არ შეცვლილა და 24-25% ფარგლებში მერყეობს.
ანუ, თუ 2024-ში რემიტენსების/ფულადი გზავნილების სახით ქვეყანაში შემოვიდა 3.36 მილიარდი დოლარი, აქედან, დაახლოებით $800 მილიონი პირდაპირ აისახა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების სახით“, – წერს ალავიძე.
როგორც ალავიძე აღნიშნავს, განვითარებად ეკონომიკებში, რემიტენსები არის ეროვნული ვალუტის სტაბილურობის მთავარი ბუფერი. ამ ფულის გარეშე ლარი უბრალოდ ვერ იდგება „ღირსებით, ორ ფეხზე“.
„უნდა გვესმოდეს, რომ ემიგრანტები საკუთარი ოჯახების სპონსორები კი არა, ქვეყნის მფარველი ანგელოზები არიან“, – ამბობს მინისტრის ყოფილი მოადგილე და იქვე აღნიშნავს, რომ მათ მიერ ჩარიცხული თანხები ჯერ მათ ოჯახებს, შემდეგ ეკონომიკას და ბოლოს ბიუჯეტს აძლევს სიცოცხლეს.
ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვასა და მაკრო ეკონომიკაზე მათი „უნებური როლის“ შესახებ ეკონომისტმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.
„ზოგადად, ფულადი გზავნილები, საქართველოს შემოსავლების ერთ-ერთი უდიდესი წყაროა და ტურიზმის შემდეგ მეორე ადგილზეა. წელს 3.5 მილიონ დოლარს მიაღწევს, საიდანაც 99% ქართველი ემიგრანტების გამოგზავნილი თანხებია. ეს არის ასობით ათასი ქართული ოჯახის, ალბათ, ერთადერთი საარსებო წყარო. სწორედ ამ ხალხზე დგას არა მხოლოდ მათი ოჯახები, არამედ ქვეყნის მაკრო ეკონომიკაც. შესაძლოა, ვინც ფულს გზავნის, მაკრო ეკონომიკაზე არც ფიქრობდეს, მაგრამ უნდათ თუ არ უნდათ, ეკონომიკაზე გავლენას მაინც ახდენენ“, – აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
მისივე თქმით, რომ არა ემიგრანტების ფულადი გზავნილები, დღეს 1 დოლარი 2.7 ლარი ვერ ეღირებოდა და შესაძლოა, 4-5 ლარი ან მეტიც ღირდეს.
„იდეალური იქნებოდა, საქართველოში არსებობდეს სამუშაო ადგილები და ამ ხალხს აქედან წასვლა არ სჭირდებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. ქვეყანაში ინვესტიციები შეიძლება შემოდიოდეს, ბევრი რაღაც ხდებოდეს, მაგრამ ამან უბრალო მოქალაქის ოჯახამდე არ მიაღწიოს. ემიგრანტების ეს გზავნილები კი პირდაპირ საშუალო და ღარიბ ოჯახებამდე მიდის“, – განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.
ასეთია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების და მათი მორიგი გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეების პოზიციები. როგორც სხვა უამრავ შემთხვევაში, მმართველმა ძალამ არც ახლა გაითვალისწინა ოპონენტების აზრი. ამიტომაც, თუკი მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილება არ შეიცვალა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, ემიგრაციის უმეტესი ნაწილის არჩევნებიდან “გამოთიშვას” ნიშნავს…
თემურ იობაშვილი

